მიჩვეული ვართ, რომ ყველაფერს უნდა დაარქვან „რუსული“, იმას, რაც სინამდვილეში საქართველოს ინტერესებს ემსახურება - ეს არის ფსევდოლიბერალების ხელწერა, მათი დღის წესრიგი, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნულით მან „ხალხის ძალის“ განცხადება შეაფასა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ყველაფერს, რაც საქართველოს ხელისუფლებას და მის საქმიანობას უკავშირდება, ქართველი ლიბერალები - „ნაციონალები“ და მათი პატრონები უაპელაციოდ პრორუსულს და რუსულს არქმევენ“.
„რაც შეეხება ერთგვარ კლიშეს - „რუსულს“, ამაში უნდა დავეთანხმო. მიჩვეული ვართ, რომ ყველაფერს უნდა დაარქვან „რუსული“, იმას, რაც სინამდვილეში საქართველოს, ქართულ ინტერესებს ემსახურება. ეს არის ფსევდოლიბერალების ხელწერა, მათი დღის წესრიგი, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერა, ეს არასწორია და მიზანმიმართული მცდელობაა, რომ პოლარიზაცია გააღვივონ ამ ქვეყანაში. კეთილი ინებონ და სწორად შეაფასონ ის მოვლენები, რომელიც წარიმართება ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია სპეცსამსახურების სახელმძღვანელოების მიხედვით მოქმედებს.
"ყველაფრისთვის „რუსულის“ დაძახება იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ყველაფერ ქართულს უპირისპირდება. რაც მართლა ქართულს გამოხატავს - „რუსულს“ უწოდებენ. მათ შორის საპატრიარქო, ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც ხელისუფლების საქმიანობას უკავშირდება, ბიძინა ივანიშვილს და მის საქმიანობას, ყველაფერი რუსულია მათთვის. რატომ? - მათთვის რუსული ქართული საქმის კეთების სინონიმია. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. ეს არის რუსული სტილის „რბილი ძალის“ გამოყენების მაგალითი. ერთ-ერთ დიპლომატს უყვარს თქმა: "კგბ"-ს სახელმძღვანელოში წერია ასეთი რაღაცები“. ზუსტად ასეთი რამ არის ის, რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს. ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოების მიხედვით მოქმედება, რასაც ოპოზიცია აკეთებს. სწორედ ამ სახელმძღვანელოების მიხედვით უწოდებენ ყველაფერ ქართულს „რუსულს“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველაფერს, რაც საქართველოს ხელისუფლებას და მის საქმიანობას უკავშირდება, ქართველი ლიბერალები - „ნაციონალები“ და მათი პატრონები უაპელაციოდ პრორუსულს და რუსულს არქმევენ. მათივე თქმით, ყველაფერი ქართულისთვის რუსულის დარქმევა ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი მარტივი მანიპულაციაა, ამ ყველაფრის მიზანი კი საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებაა, რაც აუცილებლად ქვეყანაში რუსული ტანკების შემოსვლით დასრულდება.