ჩვენმა საზოგადოებამ ერთი დასკვნა ალბათ უკვე გამოიტანა, რომ საქართველოს გაუმართლა, რადგან მისი ისტორიის ამ ეტაპზე "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, "ქართულმა ოცნებამ" არ დაუშვა არც არეულობა, არც ომი და არც ეკონომიკური კრიზისი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი გაერთიანება იქნება, მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს - "არჩევანი პატრიოტულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ "ქართულ ოცნებასა" და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებისთვისაც საქართველო არანაირი ღირებულება არ არის".
"ზოგადად ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ბოლო ერთმა წელმა, რაც რუსეთის აგრესიული ომი დაიწყო, თუმცა ალბათ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი საკმაოდ კრისტალიზირდა და ფაქტობრივად, ვნახეთ ერთ მხარეს როგორ შეიკრიბნენ ის პოლიტიკური ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, რომლებსაც აერთიანებს ერთი პრინციპი - მათთვის ამოსავალი არის არა საქართველოს ეროვნული ინტერესები, არამედ სხვა ქვეყნის და სხვა ლიდერების მოწოდებები. ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე, რომ ქართველი პოლიტიკოსები დღეს უყურებენ არა ქართველ ხალხს, ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს და მოქმედებენ არა ქართველი ხალხის ინტერესებით, არამედ სხვა ხალხების ინტერესებით. ამიტომ მე 2024 წლის არჩევნებს ასე ვხედავ და რაც უფრო მეტი ასეთი გაერთიანება იქნება, მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს. არჩევანი იქნება პატრიოტულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ "ქართულ ოცნებასა" და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლისთვისაც საქართველო არ არის არანაირი ღირებულება. მათ ერთი გრამი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი რომ ჰქონოდათ, დღეს საქართველო იქნებოდა არეულობაში.
ოპოზიცია მოითხოვდა, რომ საქართველოს სამხედროები გაეგზავნა ომში, მოხალისეების სახით, მოითხოვდა იმას, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, სამხედრო დახმარება გაგვეგზავნა უკრაინისთვის და შემდეგ უარყოფდა, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ ეს ყველა ნაბიჯი იყო ომში ჩართვისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ ერთი დასკვნა ალბათ უკვე გამოიტანა, რომ საქართველოს გაუმართლა, რადგან მისი ისტორიის ამ ეტაპზე "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, "ქართულმა ოცნებამ" არ დაუშვა არც არეულობა, არც ომი და არც ეკონომიკური კრიზისი", - განაცხადა პაპუაშვილმა.