ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2023

დიდი გადაჯგუფების დასაწყისი და სავარაუდო ალიანსები - დამთავრდა თუ არა „პიროვნებების ერა“ ქართულ პოლიტიკაში

საქართველოში დღეში საშუალოდ 40-45 რუსული კომპანია რეგისტრირდება - ეკონომიკური ექსპანსია და მისი სავარაუდო პოლიტიკური შედეგები

***

დიდი გადაჯგუფების დასაწყისი და სავარაუდო ალიანსები - დამთავრდა თუ არა „პიროვნებების ერა“ ქართულ პოლიტიკაში

“ქართულ პოლიტიკაში დიდი გადაჯგუფება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებას დაიწყო. ჯერჯერობით სრული სურათი, რომელი პარტია ვისთან აპირებს ალიანს, არ გვაქვს, მაგრამ უკვე გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, გარკვეული კონტურები იკვეთება”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დიდი გადაჯგუფების დასაწყისი და სავარაუდო ალიანსები - დამთავრდა თუ არა „პიროვნებების ერა“ ქართულ პოლიტიკაში

„რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ, დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი „ნაციონალების“ გარშემო შემოკრებას შეეცდება. ასევე შესაძლოა გიორგი გახარიას და მისი პარტიის ირგვლივ ყოფილი „ოცნების“ წევრები და მაღალჩინოსნები ვიხილოთ. „ლელო“ კი სხვა პატარა პარტიების გამსხვილებასა და დამოუკიდებელ მოთამაშედ პოზიციონირებას ეცდება. ამის პარალელურად კი, მათი აზრით, პოლიტიკურ ველზე შესაძლოა ახალი მოთამაშეებიც გამოჩდნენ. მაგალითად, ანალიტიკოსთა ვარაუდით, „ხალხის ძალა“ არჩევნების წინ „ოცნებისგან“ დისტანცირებას შეეცდება და არაა გამრიცხული ახალ პოლიტიკურ პარტიად მოგვევლინოს. ასევე შესაძლებელია, რომ გამოჩნდეს კოსერვატების ახალი ფრთა, რომელბიც პოლიტიკურ ველზე ამ ნიშას დაკავებას შეეცდებიან. ამის პარალელურად კი ქართულ პოლიტიკაში არის გარკვეულწილად იმის მცდელობა, რომ პოლიტიკოსები და პარტიები ერთი ადამიანის გარშემო არ გაერთიანდნენ და „ერთი პიროვნების ერა“ დაასრულონ. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქართულ პოლიტიკაში მსგავსი რამ გამორიცხულია, რადგან მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გაქრობა და ორივე პარტიის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ დაშლა ერთი იქნება. ამ პარტიებს ელექტორატი სწორედ რომ სააკაშვილის და ივანიშვილის წყალობით ჰყავთ. „როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფლანგზე 3-4 დიდი ბლოკი იქნება, მაგრამ ერთი, მთავარი ბლოკი, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას გააერთიანებს, შეიძლება გახდეს გამარჯვების საწინდარი. მარტო მოთამაშე პარტიები შეგვიძლია განვიხილოთ ისე, რომ ისინი საკუთარ ჭიას ახარებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა“, - აღნიშნავს გამოცემა.

„მისი თქმით, ინდივიდუალური მოთამაშეების ერა დამთავრდა და პარტია, რომელიც არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობას გადაწყვეტს, უპასუხისმგებლოა. „დღეს მხოლოდ ორ პარტიას შეუძლია, რომ ბარიერი დამოუკიდებლად გადალახოს. დანარჩენი პარტიები მსხვილ ბლოკებში უნდა გაერთიანდნენ. ერთ ბლოკს უკვე ვხედავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. საჭიროა მეორე, მთავარი ბლოკი შეიქმნას, სადაც ძირითადი პარტიები მოიყრიან თავს და მთელი ოპოზიციური ენერგია წავა ამ მიმართულებით. „შესაძლებელია სხვაც გაჩნდეს - 2-3 ოპოზიციური ბლოკი, მაგრამ ფაქტია, რომ ინდივიდუალური მოთამაშეების ერა დამთავრდა. არჩევნებში მონაწილეობის ფორმალურად მიღება ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ეს ხელისუფლება შესაცვლელია, ნიშნავს იმას, რომ დააზიანო ოპოზიცია და სხვის წისქვილზე დაასხა წყალი. ყველა უნდა გაერთიანდეს. როგორ სახეს მიიღებს ეს, ამას დრო გვაჩვენებს. ჯერ დიდი დროა და ფაციფუცში რაღაც კამპანიების წამოწყება მაინცდამაინც საჭირო არაა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკაში პიროვნებების ერა არ და ვერ დასრულდება, რადგან ამის თავისი მიზეზი აქვს. მისივე აზრით, ეს ერა რომ დასრულდეს, მაშინ, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ქართული ოცნება“ უნდა დაიშალოს. ორივე მათგანს კი ცალ-ცალკე, როგორც პარტიას, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის გარეშე არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. „ძალიან კარგია ეს მცდელობა რომ არის, მაგრამ რეალობა ჩვენს ქვეყანაში ხომ სრულიად სხვაა. რომ არა მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, არცერთი პარტია დღეს პოლიტიკურ ველზე არ იქნებოდა. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, რომლის მცდელობაც ძალიან უსუსურად გამოიყურება. ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა ძირითადად ლიდერებზეა დამოკიდებული და არა კონკრეტულ პარტიებზე, მათ პროგრამებზე და ა.შ. პირიქით, თავად პარტიების რეიტინგი არის პიროვნებებზე დამოკიდებული. „ნაციოანლურ მოძრაობაში“ და თუნდაც „ოცნებაში“ ცალკეული პიროვნებები ავიღოთ, რელურად ვის რა რეიტინგი აქვს? ნუ „ოცნებაში“ კიდევ შეიძლება კალაძეზე და სხვა ლიდერების რეიტინგზე ვისაუბროთ, მაგრამ „ნაციონალების“ მდგომარეობა ხომ უფრო რთულადაა. ამიტომ ამაზე საუბრი ძალინ დიდი გულუბრყვილობა მგონია“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ლიდერომანიის დასრულება საქართველოში არარეალურია და ამას თავისი მიზეზები აქვს. „ხალხის სურვილი რაც არის, სწორედ ისეთია იმ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაც. სურს ლიდერი? - ასეთი ლიდერს ბადებს. არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკა, საქართველოში მითუმეტეს. ჩვენს ხალხს ყოველთვის უყვარდა და უყვარს ლიდერების შექმნა. ჩვენი პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ლიდერომანია უნდა დასრულდეს, ტყუიან, რადგან ლიდერობა თავადაც კარგად უნდათ და ვხედავთ, რომ პატარა პარტიებიც კი ლიდერებზე დგას. მაშინ „ლელო“ ხაზარაძის გარეშე იყოს, აბა, თუკი ორი დღე მაინც იარსებებს. „ჩვენთან პოლიტიკა და პარტიები ლიდერებზე დას. პარტიული ცოხვრებაც კი არ იციან პოლიტიკოსებმა რეალურად რა არის. ამიტომ ამ ილუზიციის შექმნა არაფერში სჭირდებათ. მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა დიდი პარტიები მაინც შემქნეს, რომლებსაც დღემდე აქვთ მხარდაჭერა და ამათმა რა შექმნეს, ეს მაინტერესებს“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

რაც შეეხება პარტიების გადაჯგუფებას და იმას, თუ ვინ ვისთან შესაძლოა ალიანსში ვიხილოთ, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ალბათ ეს პროცესი შემოდგომაზე, ოქტომბერში უკვე დასრულდება. მისი აზრით, კარგია ის, რომ გაერთიანების ასეთი მცდელობა უკვე დაიწყო. „რასაც თვალს ვადევნებთ, რაღაცა კონტურები უკვე იკვეთება. რთულია წინასწარ პროგნოზირება, ვინ ვისთან იქნება, თუმცა ფაქტია, რომ „ნაციოანლური მოძრაობა“ პარტიიდან წასულების შემოერთებას ცდილობს. ვინ წავა ენმ-ში ვაშაძის გარდა? დიდი ალბათობით ზურაბ ჯაფარიძეც ამას იზამს. ენმ ამით ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ოპოზიციის გაერთიანებას ახერხებს და ის მარტო არ არის, ისევ მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს და ა.შ. თუმცა, დიდი ალბათობით, მათ ნიკა მელია გამოეყოფათ, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. ალბათ ისიც ეცდება, რომ მის გარშემო მცირე პარტიები შემოიკრიბოს და გააერთიანებს ყოფილ „ნაციონალებს“, რომლებმაც პარტია დატოვეს. „არ ვიცი „ლელო“ და მელია როგორ ითანამშრომლებენ, მაგრამ არც ამ მცდელობას გამოვრიცხავ. რაც შეეხება „ლელოს“ და მათ ამბიციებს, რომ პარტიებს აქეთ მათთან ალიანს მოუწოდებენ, ცოტა უხერხულია, რადგან მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ და ვის სთავაზობენ გაერთიანებას? მათ ადგილას ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი. „რაც შეეხება „ოცნების“ ყოფილ წვერებს და მაღალჩინსონებს, აქაც გასაგებია მათი მცდელობა და ის, რომ რაღაც ალიანსის შექნა უნდათ, მაგრამ რადგან ცნობილი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხის მხარდაჭერა გაქვს. თუკი გიორგი გახარიას გარშემო გაერთიანებას გადაწყვეტენ, აქაც პრობლემა ისაა, თუ გახარიას ეს ხალხი რაში სჭირდება. პარტიის ლიდერი თავად არის და სხვა ლიდერები რად უნდა?! გამოვა თავკომბალა პარტია, სადაც ყველა გენერალია და ჯარისკაცი, რომელიც ხალხთან უნდა მუშაობდეს, არავინ აღარ დარჩებათ. ლიდერების პარტია, რომელსაც რეიტინგი არა აქვს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. მისივე თქმით, იგივე პრობლემა შეიძლება „ნაციონალებთანაც“ გაჩნდეს. ძაბირაძე ამბობს, რომ ენმ-ში ვაშაძის დაბრუნება ცოტა გაუგებარია, მაგრამ, დიდი ალბათობით, ის დასვლეთთან კომუნიკაციისთვის სჭირდებათ. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ „ერთპროცენტიანმა პარტიამ“ საპარლამენტო მანდატები მოითხოვა, მაშინ ენმ-ს საარჩევნო სიაში ვიღაცეები უნდა ჩააჩოჩონ, ეს კი პარტიაში შიდა დაპირისპირების ახალ კერებს გააჩენს. რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ჩქარობს და მოვლენებს წინ უსწრებს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი სახეები და პარტიები ვიხილოთ. ამიტომ სჯობს ჯერ დაიცადონ და მოვლენების განვითარებას დაელოდონ. „დალაგებას და ჩახუტებას დიდი დრო არ უნდა და მე ვფიქრობ, ეს სიჩქარეს მათ პირიქით დააზიანებს. საერთოდ, გონიერი პარტიები ბოლომდე იცდიან ხოლმე. უყურებენ რა გადაადგილებები მოხდება პოლიტიკურ ველზე და ნაბიჯს მერე დგამენ. ამიტომ პირველი ვინც გადახტება, მისი განზრახვა მეტოქისთვის უკვე ცნობილი ხდება. შესაბამისად, საპასუხო ნაბიჯების გადადგმაც მარტივია. „ხაბეიშვილი და ვაშაძე, კი, ბატონო, ჩაეხუტნენ ერთმანეთს და მერე რა? სამაგიეროდ სხვა პარტიებს აქვთ ფიქრის საშუალება, თუ რა კომბინაციით იმოქმედონ. ასევე ხელისუფლებასაც, რომელიც მათ ტაქტიკას მათსავე საწინააღმდეგოდ იყენებს. ამიტომ ქართული პოლიტიკური სპექტრი თუკი გონივრულად მოიქცევა, სჯობს დაიცადონ და ნახონ ქართულ პოლიტიკაში კიდევ ვინ შემოვა. არსებობს გარკვეული გეგმები კოსნერვატიულ ფლანგზე და ვნახოთ, შესაძლოა ახალი სახეები ვიხილოთ. ამ ფონზე შესაძლოა „ოცნებას“ „ხალხის ძალის“ სახით გამოეყონ. ამიტომ რა აჩქარებს ამ ხალხს, ვერ გავიგე“, - ამბობს საყვარელიძე“, - წერს სტატიის ავტორი.

საქართველოში დღეში საშუალოდ 40-45 რუსული კომპანია რეგისტრირდება - ეკონომიკური ექსპანსია და მისი სავარაუდო პოლიტიკური შედეგები

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო, შეძლებს თუ არა რუსეთი ეკონომიკური ბერკეტების მოპოვებას საქართველოზე და რა მექანიზმებით უნდა ავირიდოთ მოსალოდნელი პრობლემები? „რეზონანსი" ანალიტიკოსებს ესაუბრა“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველოში დღეში საშუალოდ 40-45 რუსული კომპანია რეგისტრირდება - ეკონომიკური ექსპანსია და მისი სავარაუდო პოლიტიკური შედეგები

„საერთაშორისო გამჭვირვალობის" ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მონაცემებს 3-ჯერ აღემატება. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს „ქართული ოცნების" პოლიტიკის ნაწილია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისათვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. „შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ეს არის, სამწუხაროდ, ბუნებრივი. ჩვენ რატომღაც გვაქვს განცდა რომ „ქართული ოცნება" არის ნორმალური მმართველი ძალა და ჩვენ მას რაღაცა უნდა შევახსენოთ, ვუკარნახოთ და რეკომენდაცია გავუწიოთ და როგორც კეთილშობილი ძალა „ქართული ოცნება" აუცილებლად ამას, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს, თუმცა ეს ასე არაა. „ქართულმა ოცნებამ" ზუსტად იცის რას აკეთებს. სახელმწიფო მისთვის არის დაახლოებით ისე, როგორც ჩვენ ვგულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს ფეხბურთში - გვიხარია როდესაც მოიგებენ; რომ წააგებენ, გული გვწყდება, მაგრამ ქვეყანა არ იქცევა, სახლში წავალთ და დავიძინებთ გაბრაზებულები. არსებითად არაფერი არ იცვლება. მათთვის სახელმწიფო არის ნაკრების დონეზე: თუ მოიგებს - კარგია, თუ წააგებს - ჯანდაბამდეც გზა ჰქონია. ამიტომ მათ აწყობთ რუსული ბიზნესის განვითარება საქრთველოში, იმიტომ, რომ ეს ხელს უწყობს მათი ხელისუფლების შენარჩუნებას. მათთვის კომფორტულია რასაც აკეთებს რუსული ბიზნესი დღეს საქართველოში, მაგრამ სახელმწიფოსთვის ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ ეს რუსული ბიზნესი მერე ძვირად დაგვიჯენს ყველაფერს. „აი, მე სომხეთთან მაქვს მუდმივი კონტაქტები. როდესაც ანტირუსულად განწყობილი სომხები ამბობენ, რომ უნდა ჩაეხსნან რუსეთს, მეორე წინადადებაში ამბობენ, რომ მთელი სომხეთის ეკონომიკა დამოკიდებულია რუსეთზე და, შესაბამისად, შეუძლებელია რუსეთს ჩავეხსნათო. „რუსეთისთვის ეკონომიკა, ბიზნესი და ვაჭრობა არ ნიშნავს მხოლოდ ვაჭრობას, ეს პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდება, როდესაც დასრულდება საომარი მოქმედებები. აღმოჩნდება, რომ საქართველო ისევ დარჩება რუსეთის გავლენების ქვეშ. უკრაინაში დამარცხებით რომ ავტომატურად რუსეთი მარცხდება საქართველოში - ასე არაა. მას კიდევ ექნება სურვილი, რომ შეინარჩუნოს გავლენები საქართველოზე და ამისთვის აქვს ისეთი მშვენიერი ბერკეტი, როგორიცაა „ქართული ოცნება", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა“, - აღნიშნავს გამაოცემა.

„ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში ხელისუფლების ჩარევა გაუმართლებელი იქნება და პრობლემის მოგვეარება მხოლოდ სამოქალაქო აქტივობითაა შესაძლებელი. „ამ პროცესმა შეიძლება ისეთი სახე მიიღოს, რაზედაც დღეს არ გვიფიქრია. მაგალითად, თავის დროზე ბევრი ჩინელი შემოვიდა საქართველოში. თუ გახსოვთ მაღაზიები იყო ყოველ მეორე ქუჩაზე გახსნილი. მერე გაქრნენ ეს მაღაზიები, იმიტომ, რომ მომგებიანი არ იყო, არავინ არ შედიოდა. ანალოგიურად ნებისმიერ ბიზნეს შეიძლება ხელისუფლებამ ხელი არ ახლოს, მაგრამ მოსახლეობას ხომ აქვს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ ბიზნესის მიმართ. „ჩვენ სულ ვიძახით, რომ სომხეთი მონოეთნიკური ქვეყანაა, იქ ლამის მხოლოდ სომხები ცხოვრობენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სომხეთის ხელისუფლებას რაიმე შემზღუდველი კანონი აქვს, არამედ იმიტომ, რომ უთქვამთ ჩემთვის ქართველ ბიზნესმენებს, რომ აი, გვინდოდა სომხეთში კომპანიის დაარსება, ფეხის მოკიდება და ისეთი პირობები შეგვიქმნა უკვე თვითონ იქაურმა მოსახლეობამ, ჩინოვნიკებმა და ბაზარმა, რომ მოგვიწია წამოსვლა. „აი, ასეთი მექანიზმები არსებობს და ამ მექანიზმების ამუშავება მეჩვენება რეალური და საჭირო. იმიტომ, რომ თუ ხელისუფლებამ დაიწყო რუსული ბიზნესის შეზღუდვა, ხვალ რუსეთი რა ჭკუაზე დადგება და მოგთხოვს თუ არა პასუხს ჩემი მოქალაქეები რატომ შეზღუდეო, კაციშვილმა არ იცის“, - დასძენს გამოცემა.

„არასამთავრობოებს აღნიშნული პროცესის წინააღმდეგ შეუძლიათ კლიმატის შექმნა პიარ აქტივობით. მათ უფრო აქვთ ხელი გახსნილი. მოწოდება გააკეთონ, რომ არავინ არ შევიდეს ამ კომპანიებში. მათ მიერ გაცემული ინსტრუქცია უნდა მიიღონ მომხმარებლებმა და ა.შ., რაც მეტნაკლებად დაიცავს უკვე სახელმწიფოში სიტუაციას, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკად კი არ შეფასდეს, არამედ შეფასდეს მოქალაქეების პოზიციად და ამიტომ არ გაჩნდეს აგრესია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ. „სამწუხარო ის არის, რომ ეს ტენდენცია და საფრთხე ახლა გაახსენდა ქართულ საზოგადოებას. ანალოგიური საფრთხე გაქვს თურქეთის მხრიდან, ირანის მხრიდან, არაბების მხრიდან. ერთხანს ბათუმში თურქულის გარდა სხვას ვერ გაიგებდით. ახლა რუსები არიან. ასე რომ, სულ იქნება ეს თემა და ეს არ არის მხოლოდ რუსული თემა. რუსების მოჭარბება ახლა ამ ზოგადი ტენდენციის ერთერთი გამოვლინებაა", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!