ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2023

ვახტანგ ძაბირაძე - “დიახ, ყველას გვაქვს კითხვები და გვჭირდება პასუხები...”

შოვის ტრაგედია - კითხვები, პასუხები და პოლიტიკური სპეკულაციები

მამუკა არეშიძე - “ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს”

უკრაინელები ხერსონთან პლაცდარმს ქმნიან, რუსები კი „მეორე ბახმუტს“ აანონსებენ - ბოლო ცნობები ფრონტიდან

მამუკა მამულაშვილი - “ქართული ლეგიონისთვის” მნიშვნელოვანია საქართველოში არ გადმოიწიოს ფრონტის ხაზმა და ქვეყანა გათავისუფლდეს რუსული გავლენისგან” -

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “დიახ, ყველას გვაქვს კითხვები და გვჭირდება პასუხები...”

“დიდი ტრაგედია დატრიალდა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. სტიქიური უბედურების მასშტაბი იმხელაა, ბუნებრივია ამან საზოგადოებაში დიდი და მძიმე რეზონანსი გამოიწვია. დიახ, ყველას გვაქვს კითხვები და საჭიროა გაეცეს პასუხი. სამწუხაროდ, მომხდარს უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, იქნებ მომავალში მსგავსი ტრაგედიების პრევენცია მაინც მოხერხდეს მომხდარის გაანალიზებითა და სწორი დასკვნების გამოტანით. საქართველოში, როგორც წესი, ნებისმიერ პროცესში იწყებენ ხოლმე გარკვეული ჯგუფები საკუთარი ინტერესების ძებნას, მათგან ზოგს პოლიტიკური ინტერესი აქვს, ზოგს კარიერული, ზოგს პირადი მიზანი ამოძრავებს და თავის გამოჩენას ცდილობს, დამეთანხმებით, ამგვარი უბედურებისას მსგავსი რამ ნამდვილად ამორალურია, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა, სამწუხაროდ”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიახ, ყველას გვაქვს კითხვები და გვჭირდება პასუხები...”.

“თუმცა მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ამ ტრაგედიაში ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ დატრიალდა. გვახსოვს 2014 წელს დევდორაკის ხეობაში გლაციალურ-ღვარცოფული მოვლენა, რა დროსაც მყინვარწვერის კალთას დიდი მოცულობის ყინული მოსწყდა და ჩაიხერგა მდინარე დევდორაკ-ამალის ხეობაში, დაიღუპნენ ადამიანები; 2015 წელს დიდი მსხვერპლი მოჰყვა ვერეს ხეობაში სტიქიას და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, მთელი გაზაფხულის განმავლობაში გვესმოდა რიკოთზე არსებული პრობლემების თაობაზე... მოკლედ, ჩვენი საზოგადოების მთავარი წუხილი და ინტერესი ის არის, თუ რა გველის ხვალ-ზეგ, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი ტრაგედიები, მთავარი კითხვაც - შეიძლებოდა თუ არა შოვში სტიქიისას ამხელა მსხვერპლის თავიდან აცილება, სწორედ საზოგადოების ხვალინდელი დღის შიშისგან მომდინარეობს. კითხვას, მომავალში როგორ უნდა შევძლოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პასუხს ვერავინ გასცემს, თუ არ იქნა შესწავლილი მომხდარი ტრაგედიები, თუ არ გავარკვიეთ, ზუსტად რა და როგორ მოხდა. აქედან გამომდინარე, არ მესმის, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა რატომ არის პრობლემა?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ერთ მომენტსაც მინდა გავუსვა ხაზი - ჩვენ რომ ამგვარ ტრაგედიამდე მივედით, ეს არ შეიძლება მხოლოდ ხელისუფლებას დაჰბრალდეს. უნდა გადავხედოთ, რა ხდებოდა წარსულში, წინა ხელისუფლების დროს ვინ რას აკეთებდა. დიახ, დღეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მომხდარზე ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ კითხვებს ვერც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გაექცევიან. ამიტომ ერთმანეთის დადანაშაულებას, სჯობს პოლიტიკური ინტერესების მიღმა იფიქრონ და იზრუნონ, ხვალ რა არის გასაკეთებელი, რათა მსგავსი ტრაგედიები არ დაგვატყდეს თავს. საჭიროა გაანალიზდეს ვითარება, გამოვლინდეს შეცდომები და დაიგეგმოს და გამოინახოს მსგავსი უბედურებების პრევენციის გზები. ჩემი აზრით, პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამის განხილვა უფრო მეტად მისცემს საშუალებას საზოგადოებასაც ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე მეტად გაამახვილოს ყურადღება. ეს მოგვცემს საშუალებას არა მარტო ამ ტრაგედიაზე დასაფიქრებლად, არამედ სხვა შემთხვევებზეც. მაგალითად, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული, რა მოხდა ამ რამდენიმე თვის წინ, როდესაც რიონმა ახალაშენებული ხიდი წაიღო? დღემდე ვერსად ვნახე დასაბუთებული ახსნა, ვერც ის გავარკვიე, დაისაჯა თუ არა ვინმე ამის გამო...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვინ აშენებს და ვინ უწევს ზედამხედველობას ამ ახალ პროექტებს ისედაც რთული რელიეფის ქვეყანაში?.. რა ელის რიკოთზე მიმდინარე მშენებლობას, რა გამძლეობის იქნება იქ მშენებარე ხიდები და გვირაბები? ამ ყველაფერზე საზოგადოებას სჭირდება პასუხები და ჩვენც ამ პასუხების მოთხოვნით არ უნდა დავიღალოთ. ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები პოლიტიკური გარჩევის თემა ხდება, მაგრამ ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთნაირად იქცევიან. რა გამართლება აქვს ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს, რომ არ სურს კომისიის შექმნა. რატომ არ უნდა, ეს ხომ იმავე წუთში აჩენს კითხვებს, რომ რაღაც ისე ვერ არის, რომ რაღაც აშინებს ხელისუფლებას. სხვა შემთხვევაში რა პრობლემა უნდა იყოს კომისიის შექმნა, ვერ გამიგია. ოპოზიცია პოლიტიკურად ბევრად უკეთესად გამოიყენებს იმას, რომ ხელისუფლება უარს ამბობს კომისიის შექმნაზე, ვიდრე უშუალოდ კომისიაში მუშაობას”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა შეიგნონ, რომ კომისიის მუშაობის შედეგი უნდა იყოს ამ თვალსაზრისით არსებულ სისტემაში თეთრი ლაქების გამოვლენა და აღმოფხვრა, იქნება ეს ხარვეზები სახელისუფლებო ვერტიკალში თუ ტექნიკურ-ფინანსურ სტრუქტურებში, თან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კლიმატი მთელ მსოფლიოში იცვლება და იცვლება საქართველოშიც, ხვალ-ზეგ უფრო უარესს უნდა ველოდოთ. თუ დღეს არ დავიწყეთ ამაზე ფიქრი (მთელ საზოგადოებას ვგულისხმობ და არამარტო ხელისუფლებას და ოპოზიციას), კიდევ უარეს დღეში აღმოვჩნდებით. კარგი იქნებოდა, ასეთი ტრაგედიების დროს მაინც ივიწყებდნენ პოლიტიკურ ინტერესებს, მაგრამ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ცდილობს ეს ამბავი პოლიტიკურად გამოიყენოს”, - ამბობს ვახტაბგ ძაბირაძე.

“რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან არის მთავარი კითხვა, რატომ არ შეიქმნა მონიტორინგის სისტემები, მით უფრო, თუ დაპირებაც გაცემული იყო, მაგრამ მე “ნაციონალურ მოძრაობასთანაც” მაქვს კითხვა - მათ რა გააკეთეს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ? მაგალითად, ყველას გვახსოვს რიკოთის ტრაგედია, რომელიც სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა. გვიპასუხონ, ამის მერე რა გააკეთეს უსაფრთხოებისთვის? ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, მაგრამ ეს ისეთი თემაა, რომელიც ფართო სპექტრით ითხოვს გააზრებას და გაანალიზებას. როცა ვლაპარაკობთ უსაფრთხოების სისტემებზე, არავის არაფერი გაუკეთებია, მათ შორის არც “ნაციონალურ მოძრაობას”, ბოლოს და ბოლოს, სწორედ მაგათი ხელისუფლების დროს გაუქმდა გეოლოგიური სამსახური, თუმცა ეს “ქართულ ოცნებას” სულაც არ ამართლებს”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“არ ვიცი, გახარიას ჯგუფი უჭერს თუ არა კომისიის შექმნას მხარს, მესმის, რომ შეიძლება გახარიასთანაც იყოს კითხვები, მაგრამ ეს ის თემაა, რომელზეც აუცილებლად უნდა დაისვას კითხვები და პასუხიც გაეცეს. აბსოლუტურად ვეთანხმები “ლელოს” განცხადებას რიკოთის უღელტეხილზე. არ ვიცით, იქ რა მოხდება ხვალ-ზეგ. ისევ რიონში ახალაშენებული ხიდის ჩანგრევა უნდა გავიხსენო. ხომ ფაქტია, რომ აშენდა არასწორად, არაპროფესიონალურად. რატომ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ იგივე არ განმეორდება რიკოთზე? ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა გავიაზროთ. თუ ადამიანს ეს პრობლემები მართლა აწუხებს და ამ უბედურებაში პოლიტიკურ სარგებელს არ ეძებს, მაშინ შეუძლებელია ის კომისიის შექმნას ეწინააღმდეგებოდეს. კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები. ჩვენ გვჭირდება პასუხები ამ საქმის პროფესიონალებისგან, რასაც უნდა მოჰყვეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსშიც, იქნება ეს დაუდევრობა გულგრილობის მუხლი თუ ფულის კეთების მიზნით გარკვეულ საკითხებზე თვალის დახუჭვა. მიმაჩნია, რომ ამგვარ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ უნდა ჰქონდეთ. მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ ძალიან მეეჭვება სხვაგვარად ამ პრობლემებს რაიმე ეშველოს”, - დაასკვნის ექსპერტი.

“რიკოთი ისეთი საკითხია, როდესაც, უკაცრავად პასუხია და, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა ფარატინა განცხადებებს ნამდვილად ვერ ვენდობით. მათი დაჟინებული მტკიცება, პირადად მე უფრო მეტ ეჭვს მიღვივებს. რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს ხელისუფლებამ, მოსახლეობის უმრავლესობას ტრაგედიები ახსოვს, მათ შორის ამ გაზაფხულზე რიკოთზე შექმნილი პრობლემები და ითხოვს საფუძვლიანი ექსპერტიზის ჩატარებას. მეც მივაქციე ყურადღება, როგორ გამოლაგდნენ მინისტრები და გვიმტკიცებდნენ რაღაცას, არ გვჯერა, ბატონო, თქვენი, ისევე როგორც არ გვჯერა ოპოზიციის წარმომადგენლების, რომლებიც ამ განცხადებებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო აკეთებენ და არა იმიტომ, უსაფრთხოებაზე რეალურად შესტკივათ გული. ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება”, დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “გაირკვა, რომ მარიკა ვერულაშვილის კომპანია”ნიუ სითი დეველოპმენტმა” “ლაგუნა ვერეს” გარდა, მიმდებარე ტერიტორიაც შეისყიდა, სადაც ცათამბჯენებისა და იპოდრომის ნაწილის მშენებლობა იგეგმება...” - პასუხობს:

“ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე “ქართული ოცნების” ელიტა, როდესაც საქმე შეეხება ბიზნესს და დიდი ფულის შოვნას, მშვენივრად პოულობენ საერთო ენას. ლაპარაკია განსაკუთრებით ისეთ ბიზნესზე, რომელიც არა მარტო მომგებიანია, არამედ სავსეა შავი ხვრელებითაც... ცათამბჯენების აშენებაზე ინფორმაციამ ჩვენს საზოგადოებაში სამართლიანად გამოიწვია მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. თუ მართლა ააშენეს ეს ცათამბჯენები, ნამდვილი კატასტროფა იქნება - გმირთა მოედანზე მანქანით გავლა, უკვე ისედაც შეუძლებელია. ვერ გამოვრიცხავთ რაიმე თამაშთანაც გვქონდეს საქმე, რათა “ქართუმ”, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მმართველ პარტიას, არჩევნების წინ ამ ცათამბჯენების გამო საზოგადოების გულისწყრომა აიცილოს თავიდან. ვინ რას თამაშობს და რა გარიგებებია, ჯობს იმ ხალხს ჰკითხოთ, ვინც ამ საქმეებშია ჩახედული. ვიმეორებ, ერთი რამ ცხადია, როცა საქმე შეეხება ფულს, ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს თანამშრომლობის პრობლემა არა აქვთ. მხოლოდ ჩვენ გვაჩვენებენ თავს, თითქოს ერთმანეთის მტრები არიან...”.

შოვის ტრაგედია - კითხვები, პასუხები და პოლიტიკური სპეკულაციები

“ერთ კვირაზე მეტი გავიდა, რაც შოვში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და კვლავ ისმება კითხვები - შესაძლებელი იყო თუ არა ამ სტიქიის თავიდან აცილება. ადგილზე დაახლოებით, 2 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მიწის მასაა ჩამოშლილი. ამ ეტაპზე 24 ადამინის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო 9 დაკარგულს კვლავ ეძებენ. 112-ში კურორტიდან დახმარების ზარი 3 აგვისტოს შუადღის საათებში შევიდა. დამსვენებლები შველას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ კურორტს თავს წარმოუდგენლად დიდი სტიქია დაატყდა და ისინი რამდენიმე მეტრიან ტალახში გადარჩენას ცდილობდნენ. საბოლოო ჯამში კი ვერტფრენის საშუალებით გადარჩენილების ევაკუაცია მოხდა, ხოლო დაღუპულების სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ბევრი ექსპერტული მოსაზრების და დასკვნების გაკეთების პარალელურად კი კეთდება პოლიტიკური განცხადებები და ბრალდებები ხელისუფლების მისამართით. რა მოხდა შოვში, რატომ განვითარდა სტიქიური პროცესები ასე სწრაფად და შესძლებელი იყო თუ არა ამხელა დანაკარგის თავიდან აცილება?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შოვის ტრაგედია - კითხვები, პასუხები და პოლიტიკური სპეკულაციები.

“დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მასშტაბის სტიქია საქართველოს არ ახსოვს. ის ხუთმა თანმხვედრმა პროცესმა გამოიწვია. ხოლო მისი პროგნოზირება ძალიან რთული იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შოვის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებამ უკვე უარით უპასუხა. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღება საგამოძიებო კომისიის შექმნის გარეშეც შეუძლია. მათი ინიციატივა კი ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება. სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე 54 კილომეტრის პერიმეტრზე მიმდინარეობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც. ამ ჟამად სტიქიის ზონაში 9 დაკარგულს ეძებენ. გაფართოვდა სამძებრო სამაშველო ოპერაციის არეალი. ტერიტორია ამბროლაურის აეროპორტამდე გაიზარდა. ნაპოვნია 24 ცხედარი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, 4-ზე კი დნმ-ის პასუხებს ელოდებიან. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სტიქიის ზონაში უკვე კვირაზე მეტია აქტიურად არიან ჩართულები ძებნა-შველის სამუშაოებში. მე-3 ქვეითი ბრიგადის, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, სამძებრო სამუშაოებს ათ ლოკაციაზე განაგრძობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამხედროები გაშლილები არიან კოტეჯების ტერიტორიასა და მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და მაშველები ძებნა-შველის სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკისა და საშუალებების მხარდაჭერით ასრულებენ. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მეხანძრე-მაშველები, ჯარისკაცები. სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან წითელი ჯვრის წარმომადგენლები და მოხალისეები. მდინარე ბუბის კალაპოტში, ქვათაცვენის გამო სამუშაოები რამდენიმე საათით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება განახლდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს რაჭის გუბერნატორმა მიაწოდა. ადგილზე არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უკვე გაეცნენ. გეოლოგები განმარტავენ, რომ მასშტაბური სტიქიების შემდეგ ეს ბუნებრივი მოვლენაა და საფრთხეს არ წარმოადგენს”, - განაგრძობს გამოცემა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. “ სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას” გაწეული სამუშაოსთვის. “მოქალაქეების ნაწილი თვითნებურად ცდილობდა მოძრაობებს. „წითელი ჯვრის“ საშუალებით ეს საკითხი დარეგულირდა და ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები ლოჯისტიკური კუთხით გვეხმარებიან როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს”, - თქვა მღებრიშვილმა. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ორგანიზაციის „საქართველო მწვანეები - დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ შოვის ტრაგედია ერთდროულად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ გამოიწვია - ეს იყო ღვარცოფი, რომელიც კლდე-ზვავის, მყინვარის მოწყვეტის, ეროზიული პროცესის და მეტეოროლოგიური პროცესის, ანუ წვიმის შედეგად განვითარდა. მისი პროგნოზირება რთულია, თუმცა შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა მსხვერპლი იმაზე ნაკლები ყოფილიყო”, - დასძენს გამოცემა.

“სამწუხაროდ, მოვლენები, რომელიც რაჭაში განვითარდა, ერთდროულად 5 ფაქტორის დამთხვევის შედეგია. ასეთ დროს ძალიან ძნელია განსაზღვრო, რომელი იყო პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. ჩვენ შეგვიძლია დასკვნების გმოტანა მხოლოდ თვითმხილველების ნაამბობიდან და ასევე იმ ჩამოტანილი მასალიდან, რაც სტიქიის დროს მთიდან იქნა ჩამოშლილი. გადარჩენილები ყვებიან, რომ ტალახს წარმოუდგენელი სიცივე მოჰყვებოდა. ეს კი ნიშნავს, რომ მყინვარმა წამოიღო წყალი, რომელიც მის ქვეშ იყო დაგუბებული. სიცივე აქედან მოდის და ასევე იმ მოწყვეტილი და დამდნარი მყინვარიდან, რომელმაც შემდეგ ამხელა მასა ჩამოიტანა... ყველა შენაკადი, რეომელიც მდინარე ბუბაში მიედინება, უკვე ადიდებული იყო და ამხელა ნალექი იმიტომ იყო წამოსული. რაც შეეხება დასკვნაში მოცემულ 8-დან 10 წუთამდე პროცესების განვითარებას, კი, ბატონო, ასეთი სისწრაფით მოვლენები ნამდვილად განვითარდებოდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ჩხობაძე.

“მუდმივად ისმის კითხვები იმის შესახებ, მოასწრებდა თუ არა ამ დროის განმავლობაში ადამიანი გაქცევას და თავის შველას. კი, ბატონო, მოასწრებდა და ვნახეთ - რამდენი ადამიანი გადარჩა, რომელსაც გაუმართლა და სწორი მიმართულებით გაიქცა. აქ ამაზეა საუბარი, რომ თუკი ადამიანმა იცის საით უნდა გაიქცეს, ასეთ შემთხვევაში გადარჩებოდა. ხოლო თუ მას არ აქვს შესაბამისი ინსტრუქტაჟი - ეს საფრთხე საიდან მოდის, საით არის გაქცევა უსაფრთხო და თუ ვინმე არ ყვირის “გაიქეცით აქეთ” ან “იქით”, უცებ შეიძლება ადამიანი გაშეშდეს და სწორედ ეს წამებია გადამწყვეტი. „ამიტომ, თუ ასეთ ტურისტულ ადგილას იქნებოდა ევაკუაციის სისტემა და შეტყობინების სენსორები, რომლითაც იქ მყოფი ადამიანები რამდენიმე წამს მოიგებდნენ და მიხვდებოდნენ, რომ საფრთხე უახლოვდებოდათ, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა პორეცესები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ასეთი რამის პროგნოზირება ძალიან რთულია”, - დაასკვნის ნინო ჩხობაძე.

“მისივე თქმით, გაფრთხილების მოწყობილობა საქართველოს ყველა მდინარეზე არ გვაქვს დაყენებული. ეს მხოლოდ ორ ადგილას - დევდორაკის და ვერეს ხეობაზე გვაქვს. ჩხობაძე ამბობს, რომ შეტყობინების სისტემის არსებობა ყველა მსგავს კურორტზეა აუცილებელია, თუმცა ეს საკმაოდ ძვირია. ამიტომ მხოლოდ საკურორტო ადგილებში მაინც უნდა იდგეს, რომ მსგავსი უბედურება თავიდან ავიცილოთ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა. მისივე თქმით, ყველა სპეციალისტი ერთხმად ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, ხოლო ოპოზიცია, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. მისივე თქმით, ოპოზიცია ახლა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ჩაებღაუჭა და იქიდან რაღაცის გამოდნობას ცდდილობს. საყვარელიძის აზრით. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამაზე დათანხმდება, რადგან საზოგადოებამ დაინახოს, რომ მართალები არიან”, - წერს სტატიის ავტორი.

“სამწუხაროდ, შოვის ტრაგედია არის შემთხვევა, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო. კი, ბატონო, მიდის დავა იმაზე, რომ თუკი იქნებოდა შეტყობინების სისტემები დამონტაჟებული, ასეთ შემთხვევაში მსხვერპლი ნაკლები შესაძლებელია ყოფილიყო, მაგრამ ეს სისტემა სტიქიას ხომ ვერ აგვაცილებდა თავიდან?! ამიტომ ოპოზიცია ცდილობს რაღაც ისეთ თემებს ჩაეჭიდოს, რომელზეც საზოგადოებას მძაფრი რეაქცია აქვს და ამით პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას. რაჭის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობენ. არადა ხელისუფლება ყველა მიმართულებით გამჭვირვალეა. ოპოზიციას თავისუფლად შეუძლია ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოს - გამოითხოვოს დოკუმენტები, მოახდინოს მოკვლევა და ა.შ. “ნაციონალურ მოძრაობას” და “ლელოსაც”, რომელიც ენმ-ს ეჯიბრება რადიკალური განცხადებებით, თავისი ინტერესი აქვთ და ეს ახალი არ არის. ეს პარტიები მუდმივად ცდილობენ, რომ ხალხისთვის სენსიტიური თემებით პოლიტიკური სპეკულაციები გამართონ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

მამუკა არეშიძე - “ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს”

“ქვეყანაში დღეს არსებული ძალიან რთული და საშიში ვითარება უნდა გაითვალისწინოს როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ და პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ. სულ ცოტა ხნის წინ ქეთი დუმბაძეს გაუვრცელეს ამბავი, თითქოს მისი ბაბუა შულავერის კომისიის წევრი იყო. ჯერ ერთი, ტყუილია, მისი ბაბუა ისეთივე მსხვერპლი იყო, როგორიც ბევრი სხვა იმ ავადსახსენებელ ეპოქაში. თუმცა დავუშვათ, ეს სიმართლეა, ძებნა რომ დავიწყოთ, იცით, რამდენის ბაბუა აღმოჩნდება ბოლშევიკური მთავრობის, მათ შორის შულავერის კომიტეტის წევრი? პირდაპირ გეუბნებით, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს! ამ ამბავზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მიხვდეთ, თუ რაოდენ საშიშ, შეუქცევად პროცესში ვართ შესული. როდესაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება და მეორე მხრივ კი თავად საზოგადოების ნაწილი ისე მწვავედ არის დაპირისპირებული ერთმანეთთან, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების დროსაც კი ვერ ახერხებენ კონსოლიდაციას. ხელისუფლება კრიტიკას იმსახურებს იმის გამო, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მინიმუმამდე დაიყვანა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს”.

“ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნაპრალი დიდი ხანია გაჩნდა და უბედურება ის არის, რომ ეს ნაპრალი არ მცირდება, პირიქით. დღეს ხალხს მარჩიელობა უწევს იმის თაობაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. შესაბამისად, საქმეში ჩაუხედავ პირებს საშუალება ეძლევათ საკუთარი ვერსიები გაავრცელონ სოციალური ქსელების საშუალებით. სწორედ ამის შედეგი იყო ისეთი შეთქმულების თეორიების გავრცელება, როგორიც არის ის, რომ თითქოს რუსმა დივერსანტებმა 2008 წლის 8 აგვისტოს აღსანიშნავად შოვის ტერიტორია დანაღმეს და ა.შ. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ სოციალური ქსელი ეფექტურად უნდა გამოიყენოს საზოგადოების ინფორმირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმართლესაც აღარავინ დაგიჯერებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“არადა, ხელისუფლება თავად უნდა იყოს დაინტერესებული საგამოძიებო კომისიის შექმნით, საპარლამენტო იქნება ის თუ სისხლისსამართლებრივი. ეს არის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს პარლამენტში მსჯელობის საგანი. ამ საკითხზე რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ღვარცოფი წამოვიდა და მორჩა, დამთავრდა... ყველამ იცოდა, რომ იქ კოტეჯები იდგა, მშენებლობა არ შეიძლებოდა, ამის შესახებ მოსახლეობა ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა. სოციალურ ქსელში იმის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა, თუ როგორ ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეები მთავრობის წარმომადგენლების დარწმუნებას, რომ იქ შენობების აგება არ შეიძლებოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გარდა ამისა, მე, როგორც გეოლოგის შვილს, ძალიან კარგად მახსოვს, რომ ყოველ ზაფხულს ტარდებოდა გეოლოგიური სამუშაოები და გეოლოგები ახალ-ახალ კვლევებს ატარებდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დინამიკის შესახებ. გადავხედე მასალებს და ვნახე, რომ არსებობს 2021 წელს დაწერილი დასკვნა, სადაც წერია, რომ შოვის ზონა ღვარცოფის საფრთხის შემცველია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მაინც გაეთვალისწინებინათ, რომ კომუნისტების დროს, როდესაც გეოლოგიური სამსახური ძალიან ძლიერი იყო, შენობები ააშენეს მდინარის კალაპოტიდან მოშორებით, შემაღლებულ ადგილებზე. ხომ ნახეთ, რომ იმ პერიოდის ყველა შენობა გადარჩა?!” - განმარტავს ექსპერტი.

“საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა სულ ცოტა ხნის წინ ისაუბრა, თუ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე სინამდვილეში. არადა, რამდენიმე თვეა, რაც ამ საკითხზე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსია “სეირნობს”. ხალხმა იცის ამ პროექტის შესახებ? იცის ის, რომ რიკოთი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი არტერიაა, რომ ამ გზის მშენებლობაზე იხარჯება უზარმაზარი თანხები როგორც ჩვენი ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ინსტიტუციებიდან და ამ გზას აშენებს საეჭვო რეპუტაციის ჩინური კომპანია. არავინ არაფერი იცის იმის შესახებ, რომ ამ პროექტის მონიტორინგზე ძალიან სერიოზული დასავლელი ჯგუფები მუშაობენ... ხალხმა ორჯერ თუ სამჯერ საკუთარი თვალით იხილა მშენებლობის დროს ჩამოწოლილი უზარმაზარი მეწყერი. ამიტომ მათ აქვთ უფლება ეჭვი შეიტანონ ამა თუ იმ ჩინოვნიკის ნათქვამში”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“ხალხმა არ იცის, რომ შუახევის ჰესზე ორჯერ ძალიან საშიში ვითარება შეიქმნა. ეს ჰესი ძალიან საეჭვო კომპანიამ ფართხაფურთხით ააშენა. შედეგიც შესაბამისია. ააშენა ფსევდონორვეგიულმა კომპანიამ, რადგან კომპანია ნორვეგიაშია გაფორმებული, მაგრამ ჩვეულებრივი სახლის ერთ-ერთ ბინაში... ერთხელ ექსპლუატაციაში მიღების დროს ჩამოიშალა ჰესის გვირაბი, ამ ცოტა ხნის წინ კი - მეორედ. ზოგი არაკეთილსინდისიერი მუშაკი სახელმწიფოს ატყუებს და ფულის მოპარვის ან დაზოგვის მიზნით, საქმეში საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს რთავს... 2024 წლის არჩევნებზე ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს, იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” მთავარი კონკურენტია პოლიტიკური ძალა, რომელმაც ზუსტად ის სამსახურები გაანადგურა, რომლებსაც მსგავსი პროცესების მართვის პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული. მაგალითად, გეოლოგიური სამსახურის მოსპობა სააკაშვილისა და მერაბიშვილის დამსახურებაა”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “გასაგებია, რომ “ნაციონალებმა” გაანადგურეს, მაგრამ ახალი სამსახურების შექმნა რატომ ვერ მოხერხდა?” - პასუხობს:

“იმიტომ, რომ გეოლოგიის დარგში ახალი თაობის მოსვლის პროცესი შეჩერდა. საჭიროების შემთხვევაში კი ჩამოჰყავთ უცხოეთიდან სპეციალისტები, რომლებიც ზოგჯერ სულაც არ აღმოჩნდებიან ისეთი მაღალი დონის, როგორის მოლოდინიც აქვთ, მაგრამ აქ კიდევ სხვა პრობლემაა. გეოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდე იმ ბუნების სპეციფიკას, რომელსაც იკვლევ. მარტო გეოლოგიაშიც არ არის საქმე, მთელი რიგი მონათესავე დარგებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს განვითარებული ისეთი რელიეფის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ახლა ხელისუფლებას იმაზე უნდა ველაპარაკოთ, რომ გეოლოგიური და სხვა შესაბამისი სამსახურებისა თუ ინსტიტუციების მუშაობას დროულად ჩაუყაროს საფუძველი და არა იმაზე, თუ რატომ ჩავიდა პრემიერი მეორე დილით შოვში”.

“რაც შეეხება აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე ხელისუფლების კრიტიკულ განცხადებებს, მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ომი სააკაშვილს არ დაუწყია, მაგრამ სააკაშვილმა იცოდა, რომ რუსეთი პროვოკაციას გეგმავდა. საკუთარი თვალით ვნახე ჯავაში, როგორ ემზადებოდნენ ომისთვის. ჩამოვედი და ყველაფერი ვუამბე შესაბამის სამსახურებს. თქვენ იცით, რომ “ნაციონალები” აფხაზეთში შეჭრას აპირებდნენ?! შეიჭრებოდნენ კიდეც, რომ არა სააკაშვილის წინააღმდეგობა... მე იმის თქმა მინდა, რომ “ნაციონალებმა” შეგნებულად გაყვეს თავი რუსულ პროვოკაციაში. ძალიან რთული მოსასმენია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების უტიფარი განცხადებები ყოველი წლის 8 აგვისტოს. არ მიკვირს “ქართული ოცნების” საპასუხო რეაქცია “ნაციონალური მოძრაობის” უტიფრობაზე, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ასე გაგრძელებაც აღარ შეიძლება. უნდა დამთავრდეს ამაზე საუბარი”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ოცნების” ლიდერებმა იმიტომ დაიწყეს ისევ საუბარი, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს, რომ თუ ვერ მივიღებთ, ეს ევროკავშირის არაობიექტურობის დამადასტურებელი იქნება, რადგან ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში სულ ორი თემაა _ კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილის მდგომარეობა. ასე თუ ისე, დასრულდა შოვის ტრაგედიაზე საუბარი და პოლიტიკოსებს ახალი თემა დასჭირდათ სალაპარაკოდ. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მსოფლიო ლიდერებს როგორც დასჭირდებათ, ყველაფერი ისე იქნება. ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერებმა პირდაპირ თქვეს, რომ სხვა გამოსავალი არ არის, გარდა იმისა, რომ უკრაინა უნდა შეურიგდეს ტერიტორიების დროებით დაკარგვას, სამაგიეროდ, უპირობოდ მიიღებენ ევროკავშირში”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ბედი იმის მიხედვით გადაწყდება, როგორც დასავლური კონიუნქტურა გადაწყვეტს. უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს რეგიონში მთავარი აქტორი რუსეთი კი აღარ არის, არამედ ჩინეთი და თურქეთია, თურქეთი, რომელიც ძალიან არასანდო მოთამაშეა, და ჩინეთი, რომელთანაც ომი არა აქვს დასავლეთს.... დღეს ამერიკაში გააფთრებული ბრძოლაა იმისთვის, რომ რუსეთი არ დაიშალოს. რუსეთის დაშლა ამერიკისთვის კატასტროფის ტოლფასია. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ ნედლეულს, რომელსაც დღესაც იღებს რუსეთიდან, ამერიკა ვეღარ მიიღებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაში აწყობს ამერიკას, რუსეთი დაიშალოს და შორეული აღმოსავლეთი მთლიანად ჩინეთმა წაიღოს? ხომ გახსოვთ, ჯორჯ ბუშმა ზვიად გამსახურდიაზე რომ თქვა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო. გამსახურდიას საბჭოთა კავშირის დაშლა უნდოდა, ამერიკას - არა, იმიტომ რომ ქაოსის ეშინოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართლაც შეიქნა ქაოსი. ახლაც ასეთი სიტუაციაა, ლამაზი სიტყვების უკან საკმაოდ მკაცრი რეალობა იმალება”, - დასძენს არეშიძე.

უკრაინელები ხერსონთან პლაცდარმს ქმნიან, რუსები კი „მეორე ბახმუტს“ აანონსებენ - ბოლო ცნობები ფრონტიდან

“ფრონტზე შესაძლოა მალე დიდი ცვლილებები ვიხილოთ. უკრაინელი მებრძოლები დნეპრის ფორსირებისთვის ემზადებიან, ხერსონთან მდინარის მარცხენა სანაპიროზე პოზიციები დაიკავეს და პლაცდარმის შესაქმნელად მოქმედებებს აგრძელებენ. ამის პარალელურად რუსები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით ძალების თავმოყრას ცდილობენ და აანონსებენ, რომ ამ ქალაქისათვის ბრძოლა იქნება ამ ომის ისეთივე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როგორიც იყო ბრძოლა მარიუპოლისა და ბახმუტისათვის. თუმცა, ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ ეს, სავარაუდოდ, რუსების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებული სატყუარაა, რომლის მიზანიც არის ამ მიმართულებაზე უკრაინელების ყურადღების გადატანა, რადგანაც უკრაინის არმიის ძირითადი ძალები ამჟამად სამხრეთის ფრონზეა მობილიზებული, მელიტოპოლი-ბერდიანსკის მხარეს გაჭრას ცდილობენ და აზოვის ზღვის სანაპირომდე 80-100 კმ აშორებთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინელები ხერსონთან პლაცდარმს ქმნიან, რუსები კი „მეორე ბახმუტს“ აანონსებენ - ბოლო ცნობები ფრონტიდან.

“მეორეს მხრივ კი, კუპიანსკი მთელს ფრონტზე ერთადერთი ადგილია, სადაც რუსებს გარკვეული წინსვლა აქვთ და შესაძლოა სწორედ ამ ქალაქზე ყურადღების გამახვილებით ცდილობენ სხვა მიმართულებებზე თავისი ჩავარდნის გადაფარვას. ანალიტიკოსებს ასევე საეჭვოდ მიაჩნიათ რუსი სამხედრო მიმომხილველების ინფორმაცია, რომ კუპიანსკის 30%-ს უკვე რუსული არმია აკონტროლებს, თუმცა დასძენენ, რომ უკრაინისთვის ამ ქალაქის დაცემა ძალიან მტკივნეული იქნება და მისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლონ, როგორც ეს ბახმუტში გააკეთეს. რაც შეხება ხერსონთან უკრაინელების წარმატებას და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე “კაზაკთა ბანაკების” პუნქტის დაკავებას, სამხედრო ანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა, თუმცა პლაცდარმის შექმნისთვის საკმარისი არაა. 12 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე ორჯერ მიიტანეს იერიში. მედიის ცნობით, ხიდის მიდამოებში არანაკლებ რვა აფეთქება მოხდა. ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების განცხადებით, ქერჩის სრუტეზე თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აცხადებს, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის მარცხენა სანაპიროზე პოზიციები დაიკავეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე არიან გამაგრებული, განსხვავებით წინა შემთხვევებისგან, რომლებსაც ანალიტიკოსები რეიდებს უწოდებდნენ. რუსმა სამხედრო კორესპონდენტებმა დაადასტურეს, რომ უკრაინული სადაზვერვო ჯგუფები აგრძელებენ ამ ტერიტორიაზე მოქმედებებს, თუმცა თავად დასახლება ჯერ კიდევ ოკუპირებულია, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, ომის შემსწავლელ ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ, ჯერჯერობით, შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ჯგუფები აგრძელებენ ოპერირებას ანტონოვის ხიდისა და ქალაქ ჰოლა-პრისტანის მიდამოებში. აგრეთვე, რეიდებს ახორციელებენ მდინარე დნეპრზე. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა და ტერიტორიის დაკავება პირველი პლიუსია. ახლა საქმე ამ პოზიციის შენარჩუნებაზეა და იმაზე, რომ პლაცდარმის შესაქმნელად არეალი გააფართოვონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს პატარა სპეცოპერაცია 25 ივლისს განხორციელდა, როცა უკრაინის სპეცდანიშნულების ძალებმა კატარღებით დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა მოახერხეს იმ მომენტში, როცა უკრაინის არტილერია მოწინააღმდეგის პოზიციას ბომბავდა. ეს შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც აღიარა და ამას დასავლეთშიც გამოეხმაურნენ, თუმცა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ამისგან აჟიოტაჟის შექმა საჭირო არააო და მართალიცაა. მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ სანაპიროზე გადასვლა რთული საქმე და პირველი პლიუსია, მაგრამ იქ ეს პოზიცია უნდა შეინარჩუნონ, ჯერ ყველაფერი წინაა. უკრაინელები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ისედაც იმყოფებიან - ხერსონის მოპირდაპირე მხარეს, ანტონოვის ხიდთან, რომელიც რუსებმა უკანდახევისას ააფეთქეს, თუმცა ბოლოს უკრაინელებმა ხიდის მარცხენა სათავეში გადასვლა და ნანგრევებში თავის შეფარება მოახერხეს. პლაცდარმის შექმნა ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ ასეთი პატარ-პატარა წინსვლებით შესაძლოა შეიქმნას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც ბოლო ორი დღეა ხდება - უკრაინელებმა ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან ერთი სოფელი აიღეს და ლაპარაკია, რომ ამით მათ შესაძლოა რუსების პირველი თავდაცვითი ზღუდე გაარღვიონ და საკმაოდ კარგად მოწყობილ თავდაცვაში ნაპრალი გააჩინონ. ეს თუ მოახერხეს, ამ ომში რაღაცას შეცვლის”, - მიიჩნევს ალადაშვილი. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ დნეპრი დატოტვილი მდინარეა და მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმის შესაქმნელად “კაზაკთა ბანაკების” პუნქტის გარდა, უკრაინელებს მდინარის კიდევ ერთი ტოტი აქვთ გადასალახი. ეს კი საშუალებას მისცემთ, რომ პლაცდარმი შექმნან და ყირიმზე გასვლა შეძლონ”, - დასძენს გამოცემა.

“უკრაინელები ამ მიმართულებაზე ნამდვილად წინ მიიწევენ. პუნქტი „კაზაკთა ბანაკები" დაიკავეს, მაგრამ დნეპრი დატოტვილია და ეს ადგილი კუნძულივითაა. კიდევ ერთი ტოტი აქვთ გადასალახი, რომ მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი შექმნან და ამით წინ წავიდნენ. მაგრამ, ჩემი აზრით, ჯერ პლაცდარმი შექმნილი არ აქვთ. ეს რუსებისთვის ძალიან დიდი დარტყმაა, რადგან სამხრეთ სანაპიროზე გასვლა ნიშნავს, რომ ყირიმი დაუცველია. რუსებს ამ მიმართულებაზე საკმარისი ხალხი არ ჰყავთ, სხვაგან გადაისროლეს და იძულებული იყვნენ აქეთკენ არტილერია და ცოტა ძალები დაეტოვენინათ. თუ უკრაინელები სამხრეთ სანაპიროზე გადავლენ, ტერიტორიები დაუცველია და აქ კონტრშეტევის წამოწყება უკრაინისთვის გაცილებით ეფექტური იქნება”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

რაც შეეხება კუპიანსკის მიმართულებას, რუსი სამხედრო მიმომხილველები წერენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ახალი მასშტაბური ეპიზოდი იწყება, ისეთივე, როგორიც, მაგალითად, მარიუპოლისთვის, ან ბახმუტისთვის ბრძოლა იყო. მათი თქმით, ამჯერად ამას ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში ვიხილავთ, სადაც, როგორც თავად ამბობენ, გარკვეული წარმატება აქვთ და ქალაქის 30%-საც აკონტროლებენ. ირაკლი ალადაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთი კუპიანსკში უკრაინის ყურადრების გადატანას ცდილობს, იმ დროს, როცა უკრაინელების კონცენტრაცია სამხრეთისკენაა მიმართული. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ რუსებს კუპიანსკის მიმართულებაზე იმდენი ძალები არ ჰყავთ მობილიზებული, რომ მარიუპოლის ან ბახმუტის სცენარი განმეორდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა მამულაშვილი - “ქართული ლეგიონისთვის” მნიშვნელოვანია საქართველოში არ გადმოიწიოს ფრონტის ხაზმა და ქვეყანა გათავისუფლდეს რუსული გავლენისგან”

“ცოტა ხნის წინ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართული ეროვნული ლეგიონის 70-ზე მეტ მებრძოლს უკრაინის მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრა. პასუხისმგებლობა დააკისრეს საქართველოს მოქალაქე უშანგი მამულაშვილსაც, რომელიც მედიასივრცეში მამუკა მამულაშვილის სახელით არის ცნობილი. თავად მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ უკვე რვაჯერ აღძრეს მასზე სისხლის სამართლის საქმე, ფულადი ჯილდოებიც არაერთხელ დააწესეს მისი ლიკვიდაციისთვის. `არც მაგათი აღძრული სისხლის სამართლის საქმე მაღელვებს და არც მაგათი გამოგზავნილი მკვლელები. რუსები ძალიან მალე დამარცხდებიან და თავად მოუწევთ სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგომა", - ამბობს მამულაშვილი. რა აძლევს რუსების მალე დამარცხების იმედს "ქართული ლეგიონის" მეთაურს, როგორ აფასებს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას და რა გეგმები აქვს, ამის შესახებ ინტერვიუში შეიტყობთ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ამ ომში უკრაინელების შემდეგ ყველაზე ბევრი ქართველი იბრძვის”.

“რუსული საგამოძიებო სამსახური და სასამართლო არ არის ჩვენი შფოთვის საგანი, ჩვენ ახლა ძალიან განვიცდით იმას, რაც საქართველოში ხდება. იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება რუს აგენტურას და “ტურისტებს” უშვებს საქართველოში, მათი შვილები, მამები და ძმები საქართველოს საუკეთესო ჯარისკაცებს ესვრიან. სულ ახლახან დაჭრეს ჩვენი ბიჭები... “ქართული ლეგიონი” რომ მუდმივად ყურადღების ცენტრშია როგორც დასავლურ, ასევე რუსულ მედიაში ეს განპირობებულია ორი ფაქტორით - ჩვენს წინააღმდეგ აქტიურად მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები. ჩვენს გასაშავებლად დოკუმენტური ფილმებიც აქვთ გადაღებული. მეორე მხრივ, საერთაშორისო მასმედიაც ინტერესდება, თუ რატომ არის მაინცდამაინც “ქართულ ლეგიონზე” ასეთი შეტევა. პასუხი ასეთია - ჩვენ ვართ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინულ არმიაში. ჩვენთან ანუ ქართველებთან ერთად სხვა ეროვნების მებრძოლებიც არიან: ამერიკელები, ინგლისელები, მექსიკელები, თუმცა ყველაზე მეტი მაინც ქართველია. დღეისათვის |”ქართული ლეგიონის” პირადი შემადგენლობა ორი ათას კაცამდეა. ამ ომში უკრაინელების შემდეგ ყველაზე ბევრი ქართველი იბრძვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა მამულაშვილი.

“ქართული ლეგიონი” პირველი ინტეგრირდა უკრაინულ არმიაში. ჩვენ 2016 წელს ოფიციალურად გავხდით უკრაინული შეიარაღებული ძალების კონტრაქტორები და დღეს სპეციალური დანაყოფი ვართ. ჩვენი მიმართულებაა განსაკუთრებით რთული სპეცოპერაციები, რუსი ტერორისტების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სამეთაურო შტაბების განადგურება. ამიტომაც საუკეთესოდ მომზადებული ჯარისკაცები გვყავს. ჩვენ ყურადღებას ვიქცევთ პროფესიონალიზმითა და განადგურებული მტრის სტატისტიკით. ჩვენ იმისთვის არ ვაკეთებთ რამეს, რომ მედიის ყურადღება მივიქციოთ და არც იმისთვის, რომ ჩვენ შესახებ ფილმები გადაიღონ. ჯარისკაცები ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხანგრძლივი პროცესია გასავლელი იმისთვის, რომ “ქართული ლეგიონის” წევრი გახდე. ინტენსიური გადარჩევა მიმდინარეობს... ჩვენთვის ადამიანების სიცოცხლეა პრიორიტეტი. არაპროფესიონალი ადამიანი საფრთხეა არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ თანამებრძოლებისთვის. ათასგვარ ჭორს ავრცელებენ, მაგრამ ჩვენ არ ვრეაგირებთ, ვიცით, რომ მიზანმიმართული პროვოკაციებია... უკრაინული კონტრშეტევა არც ჩავარდა, არც გაჭიანურდა და არც გადაიდო. ის ნელი ტემპით, მაგრამ სრული სვლით მიმდინარეობს. რატომ? იმიტომ, რომ რუსებისგან განსხვავებით უკრაინის ხელისუფლება საკუთარ ჯარისკაცებს უფრთხილდება. მაინტერესებს, რას გულისხმობენ ანალიტიკოსები, როდესაც გაჭიანურებულ კონტრშეტევაზე ლაპარაკობენ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალების თანაფარდობაც ხომ უნდა გაითვალისწინონ? მიუხედავად იმისა, რომ საარტილერიო ჭურვი რუსებს ბევრად მეტი აქვთ, უკრაინული ჯარი წინ მიიწევს” - მიიჩნევს “ქართული ლეგიონის” მეთაური.

“ბევრი რამ დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც ამუნიციას გვაწვდიან. უკრაინელებს იმაზე მეტი საარტილერიო ჭურვის გამოყენებამ მოუწიათ, ვიდრე კონტრშეტევის დაწყებისას ვარაუდობდნენ. შესაბამისად, სხვადასხვა სპეციფიკის შეიარაღების დეფიციტია. უკრაინას არც იმის ფუფუნება აქვს, რომ დანაღმულ ველებზე ატაროს მებრძოლები. ყველაზე მეტად ახლა დანაღმული ველები გვაფერხებს. თუკი რაიმე ნაღმი აწარმოეს რუსებმა, საბჭოთა პერიოდიდან ბოლო დრომდე, ყველაფერი მიწაში ჩადეს. ამიტომ იძულებული ვართ, განსაკუთრებულად ფრთხილად ვიმოქმედოთ. შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინას კონტრშეტევისთვის ჯერ თავისი რესურსების მხოლოდ 20-30% აქვს გამოყენებული. ეს არ იქნება მრავალწლიანი ომი. ასეთი შენელებული ტემპითაც კი უკრაინა ერთ წელიწადში გაათავისუფლებს რუსებისგან ტერიტორიებს. მეტსაც გეტყვით, რუსეთი მანამდე დაიწყებს შიგნიდან დაშლას, ვიდრე უკრაინა დეოკუპაციას დაასრულებს”, - დაასკვნის მამუკა მამულაშვილი.

“პუტინმა რუსული არმია უკრაინაში დამარხა და ახლა მისი ნარჩენებით ცდილობს ძალაუფლების გახანგრძლივებას. უკრაინა კი ყოველდღიურად უახლესი ტექნოლოგიებითა და იარაღით მარაგდება. ადრე უფრო რთული იყო მათთან გამკლავება. ბოლოდროინდელ შეტაკებებში მათი არაპროფესიონალიზმი და გამოუცდელობა იგრძნობა. სხვათა შორის, ძალიან ადვილი სამიზნეები არიან. უკრაინული დრონების მოსკოვზე თავდასხმამ აშკარა გახადა, რომ მოსკოვი დაუცველია ისეთი პრიმიტიული დრონებისგანაც კი, რომელსაც უკრაინა უშვებდა. ეს გადაკეთებული სამოქალაქო დრონებია. უკრაინული დრონების არმია ძალიან მალე გაიზრდება, შესაბამისად, კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება... რუსებს აღარ გაუვათ ბირთვული შანტაჟი. ადრე გასდიოდათ, რადგან ევროპელ პოლიტიკოსებს უჭირდათ თამამი ნაბიჯების გადადგმა. დიახ, ეშინოდათ რუსეთის, მაგრამ ეს შიში უკრაინამ გააქარწყლა”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “უკრაინელებმა თქვენ ეროვნული გმირის წოდებით დაგაჯილდოეს. თქვენგან საინტერესო იქნება მოსმენა, თუ რა შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლებისადმი უკრაინის ხელისუფლების მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულების მიზეზი...”, - პასუხობს:

“საქართველოს ხელისუფლების ანტიუკრაინული განწყობა. უკრაინის ხელისუფლებისა და საზოგადოებისათვის ძალიან რთულია იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პირები აკეთებენ... მაგალითად, ასეთია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა ისჯება ნატოში გაწევრების სურვილის გამო. “ქართულ ოცნებას” რომ ჰკითხოთ, ომი რუსეთმა კი არა, უკრაინამ დაიწყო...”

“უკრაინაში საქართველოს კი მეგობარ ქვეყნად მიიჩნევდნენ და ჩვენგან მეტს ელოდნენ. მე არ ვიცი, დიპლომატიურად რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ელჩის გაწვევა, მაგრამ ვიცი, რომ უკრაინელ პოლიტიკოსებს ძალიან სწყინთ, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის სასარგებლოდ აკეთებენ. გამოსავალი ისაა, რომ უკრაინამ უნდა დაამარცხოს რუსეთი, რის შემდეგ კრემლს ვეღარ ექნება გავლენა საქართველოზე. ჩვენ აქ სწორედ ამისთვის ვიბრძვით. “ქართული ლეგიონისთვის” მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ გადმოიწიოს ფრონტის ხაზმა და საქართველო გათავისუფლდეს რუსული გავლენისგან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია საერთოდ არ არის ქვეყანაში. შეიძლება თითო-ოროლა რაღაცას აკეთებს, მაგრამ... ომის შემდეგ რა იქნება არ ვიცი. ბევრი რამ იმაზეც არის დამოკიდებული, საქართველოს ხელისუფლება რა გზით აირჩევს დეოკუპაციას”, - დასძენს მამუკა მამულაშვილი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო