სალომე ზურაბიშვილზე ახლა მართლაც უსინდისობაა თქვა, რომ საქართველოს „რიგითი მოქალაქე“ ჩავიდა გერმანიაში - საგარეო კურსზე პოლიტიკურად საუბრის უფლება აქვს, ის არის საქართველოს პრეზიდენტი, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტს და ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების გამოხმაურებას.
მისი თქმით, პრეზიდენტს სრული უფლება აქვს საქართველოს საგარეო კურსზე ისაუბროს.
„ბატონ გურამ მაჭარაშვილს შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ, ეს „რიგითი მოქალაქე“ რომ ჩადის გერმანიაში და გერმანიის კანცლერი ხვდება, მაშინ ასეთი რიგითი მოქალაქე როგორ არის? კი, მას არ აქვს იურიდიული უფლება ილაპარაკოს მთავრობის სახელით, მაგრამ მისთვის არავის აუკრძალავს ილაპარაკოს საქართველოს პრეზიდენტის სახელით. კი, კონსტიტუციით საგარეო საკითხებში მას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება მინიჭებული, მაგრამ ახლა, მართლაც უსინდისობაა თქვა, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქე ჩავიდა გერმანიაში. საქმე იმაშია, რომ სალომე ზურაბიშვილი შეეცდება და ალბათ, მისი ძირითადი მიზანი ესაა, დაარწმუნოს ჩვენი პარტნიორები, რომ მიუხედავად იმისა, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და რამდენად შესრულდა 12 პუნქტი, მოგვცენ კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის სურვილი და კარგი იქნება, თუ ჩვენი პარტნიორები ქართველი ხალხის სურვილს აღასრულებენ და ყურადღებას აღარ მიაქცევენ, რამდენად ზუსტად არის შესრულებული 12 რეკომენდაცია. ცხადია, „ქართული ოცნება“ მუდამ ილაპარაკებს იმაზე, რომ 12 პუნქტი შესრულდა, მაგრამ ახლა ჩვენმა პარტნიორებმა მშვენივრად იციან, რა სრულდება და რა - არა. ბოლოსდაბოლოს, მათ უნდა შეაფასონ რა შესრულდა და რამდენად სწორად და არა გურამ მაჭარაშვილმა და უმრავლესობის რომელიმე წევრმა ან გნებავთ, საქართველოს მთავრობამ მთლიანობაში.
სალომე ზურაბიშვილს აქვს უფლება ილაპარაკოს, როგორც პრეზიდენტმა. შეხვედრები ხდება საქართველოს პრეზიდენტთან და არა, საქართველოს რიგით მოქალაქესთან. თუმცა, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, აქ, რა თქმა უნდა, უფრო პოლიტიკური მხარეა და არა, სამართლებრივი ანუ თუ სამართლებრივად მივუდგებით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება ილაპარაკოს საქართველოს საგარეო კურსზე, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტიკურად საუბრის უფლება აქვს, ის არის საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა ძაბირაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.
„საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა.