ვთავაზობ მოძალადე და ყველაფრის მკადრებელ პაპუაშვილსაც კი, შემოგვიერთდეს, წამოვიდეს შოვში, ამჯერად, ბახილების გარეშე. ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც რაჭაში მომხდარ სტიქიური უბედურების გამოძიების მიზნით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან მიმართებით ოპოზიციის კონსოლიდაცია აუცილებელია. დეპუტატმა, მათ შორის მიმართა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მომენტში, უდავოდ გამოჩნდება, რეალურად რა სურს გიორგი გახარიას - დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.
„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოაჩინა საკუთარი რეალური სახე, როდესაც ჩვენი ინიციატივის პასუხად, რომ შოვის ტრაგედიის გარშემო შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მაშინ, როდესაც ნულოვანი ნდობაა საგამოძიებო უწყებების მიმართ, მათი პასუხი იყო ცინიკური სიცილი, ცინიკური ტაში და პირდაპირი სიტყვებით, ბიუროს სხდომაზე გინება. ეს არის რუსული ოცნების რეალური სახე, რომელიც გამოაჩინეს, მათ შორის შოვის ტრაგედიის შემდეგ პირველივე დღეებში, როდესაც დაზარალებულებს აგრესიულად თავს ესხმოდნენ. ჩვენ მათ შევთავაზეთ საჯარო დისკუსია და არა ფორსირებული კენჭისყრა კომისიის ჩაგდების მიზნით, მაგრამ მათ, როგორც წარსულში სხვა საგამოძიებო კომისიების განხილვისას, კვლავ პროცედურული ომის და ასე დანაშაულის დაფარვის გზა აირჩიეს. ჩვენი მიზანი არ არის პროცედურული ომი, ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა და საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება სწორედ სიმართლის დადგენის მიზნით. ამავდროულად, გახარიას საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“დამატებით დროს ითხოვს, როგორც მათი გუშინდელი კომენტარებიდან ჩანდა, გადაწყვეტილების მიღებისთვის ინტერპელაციის პროცედურამდე, რომელიც თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს. მათი რიტორიკა და ბევრი სხვა პოლიტიკური სვლა აწმყოსა, თუ წარსულში ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციას აუცილებლად უნდა კონსოლიდაცია. ამიტომ, დაველოდოთ ამ ოპოზიციურ ფრაქციას, გადავდოთ საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ, ეს არის ოქტომბრის პირველი კვირა და ყველა ვმობილიზდეთ იმისთვის, რომ ერთიანი ძალებით შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ამ მომენტში უდავოდ გამოჩნდება, რეალურად რა სურს გახარიას - დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა „ოცნებასთან“ ერთად. მანამდე კი, შევხვდებით ექსპერტებს, ინტერპელაციის პროცედურაზე მოვუსმენთ ვახტანგ გომელაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და ჩავალთ შოვში, სადაც ვთავაზობ, შემომიერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი, თუ ერთეული პოლიტიკოსი. მეტიც, ვთავაზობ მოძალადე და ყველაფრის მკადრებელ პაპუაშვილსაც კი, შემოგვიერთდეს და წამოვიდეს შოვში და ამჯერად, ბახილების გარეშე. ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა. ჩვენ, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით ამ სიმართლისთვის ვიბრძოლებთ“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.