ილია დარჩიაშვილმა საპატიო სტუმრის სტატუსით უნგრელ დიპლომატებს მიმართა

უნგრეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა. ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც უნგრელ დიპლომატებს სიტყვით მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, გაიცვალა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად დგამს.

„ევროპისკენ საქართველოს სწრაფვა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის. ეს ხანგრძლივი, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული პროცესია. საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებს, რადგან განაგრძოს გზა გაწევრიანების მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად. დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები წელს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. ჩვენ ვაფასებთ უნგრეთისა და პირადად მინისტრის აქტიურ მხარდაჭერას, რაც, ამ გადამწყვეტ პერიოდში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

„უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის შემდგომ პროგრესს ამ გზაზე. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული რეფორმები ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროკავშირისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგო რესურსებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიცირების თვალსაზრისით, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე პარტნიორობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ჩვენ ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

„მინისტრებმა, როგორც ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე ამბასადორიალის ფარგლებში, საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით მაღალი შეფასება მისცეს, ასევე მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, სექტორული, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას. მიმოხილული იქნა ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

პიტერ სიიარტომ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ბუდაპეშტში სტუმრობისთვის. თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო კოორდინაციით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყნებს შორის კავშირების გასაღრმავებლად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო