ქართული პრესის მიმოხილვა 11.09.2023

სანდრო თვალჭრელიძე - “კლიმატის ცვლილება რეალობაა, მას ვერსად გავექცევით, მაგრამ”...

რას იზამს ნატო, თუკი რუსებმა უკრაინული ხორბლით დატვირთულ გემებს დაარტყეს - ახალი გამწვავება შავ ზღვაზე და უკრაინელთა წინსვლა დონეცკში

ვახტანგ ძაბირაძე - “ღმერთმა ნუ ქნას, კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ”

ახალი კრიზისი ენმ-ში - მოჰყვება თუ არა ახალციხის პრეცედენტს დომინოს ეფექტი

გია ხუხაშვილი - “ნაცმოძრაობა” გახლეჩილია და ამის გაფორმება ტექნიკური საკითხია”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “კლიმატის ცვლილება რეალობაა, მას ვერსად გავექცევით, მაგრამ”...

“უპირველესად დავიწყებ სამძიმრით, ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების ტკივილს. რაც შეეხება კლიმატის ცვლილებებს, ეს რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით, მაგრამ ეს არ ხდება ადამიანის ბუნებაზე გავლენით. რა თქმა უნდა, ამაში აქვს ადამიანის მოქმედებასაც თავისი როლი, მაგრამ ასეთი კატასტროფული მოვლენები დედამიწის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა. ერთ-ერთი პირველი მოხდა მილიარდ შვიდასი მილიონის წინ, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში პირველად გაჩნდა ჟანგბადი, დედამიწაზე ნიადაგის შრე წარმოიშვა, რაც ასევე დაჟანგვის პროცესებით იყო განპირობებული. გეოლოგიური მოვლენების გამო უამრავი ძირფესვიანი ცვლილება მოხდა დედამიწაზე ისე, რომ მაშინ ადამიანს ბუნებაზე ზეგავლენის არავითარი საშუალება არ ჰქონდა. გამყინვარების დროს, რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა ადამიანს ბუნებაზე?!\ მაშ, რასთან გვაქვს ამჟამად საქმე?” - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კლიმატის ცვლილება რეალობაა, მას ვერსად გავექცევით, მაგრამ”...

“2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მოხდა ერთ-ერთი უძლიერესი მიწისძვრა, ამან გამოიწვია უდიდესი ტალღები ინდონეზიის სანაპიროზე, რამაც 230 000 კაცი შეიწირა, ზოგი ინფორმაციით 300 000-ც კი. მაშინ დაიწყო დედამიწის წარმოსახვითი ღერძის გადახრა და საბოლოოდ 22 მილიმეტრით ანუ სულ რაღაც 2 სანტიმეტრით გადაიხარა, რაც თითქოს არაფერია, მაგრამ ამან განაპირობა ის, რომ პასატები აიწია 10 გრადუსით ჩრდილოეთით და დაიწყო კლიმატის შესამჩნევი ცვლილებები - ფაქტობრივად, თითქმის ყველა სეზონმა გადაიწია ერთი თვით. დედამიწა ასეთ უწონასწორო პირობებს ვერ ეგუება და ახლა სწორედ დედამიწისა და ახალი პირობების ერთმანეთთან შეგუება მიმდინარეობს. რასაკვირველია, ასეთი ცვლილებები გეოდინამიკურ პროცესებს ააქტიურებს. რა თქმა უნდა, ამას ადამიანიც უწყობს ხელს გაუაზრებელი მოქმედებით, მაგრამ ამ პროცესში ადამიანური ფაქტორი მაინც მთავარი არ არის. ადამიანმა ეს ყველაფერი უნდა გაიაზროს და შეიმუშაოს შემარბილებელ-პრევენციული პოლიტიკა, რაზეც მე დიდი ხანია ვლაპარაკობ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ბატონ ღარიბაშვილს, როდესაც ის პირველ ჯერზე იყო პრემიერი, დევდორაკის ღვარცოფის შემდგომ წერილი მივწერე, რომელშიც ვუხსნიდი, რომ საქართველო პრევენციულ-შემარბილებელი ღონისძიებებით ჩამორჩება თანამედროვე მიდგომებს და სულ სხვა მეთოდები გვაქვს დასანერგი-მეთქი, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. ახლა მაინც დავიწყოთ სასწრაფოდ მუშაობა და ჩვენც შევუერთდეთ ცივილიზებულ სამყაროს. ასეთი ბუნებრივი მოვლენები არ ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში? რა თქმა უნდა, ხდება, მაგრამ ისინი ტორნადოს, მეწყრის, ღვარცოფისა და ა.შ. თაობაზე საკმაოდ ადრე ახერხებენ მოსახლეობის გაფრთხილებას და ზომების მიღებას. ამაზე პასუხისმგებელია აშშ-ის გეოლოგიური სამსახური, რომელსაც ნასა-სთან ერთად შემუშავებული აქვს კოსმოსური მონიტორინგის სპეციალური პროგრამა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ისინი ახერხებენ ადამიანური მსხვერპლის მაქსიმალურად შემცირებას. ეს დურბინდით დაკვირვებას არ მოაქვს, ამისთვის შესაბამისი პროგრამა დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად აკვირდება სახიფათო უბნებს, მცირე ცვლილებასაც აფიქსირებს და როგორც კი ჩნდება ხიფათი, იძლევა ნიშანს. ამ ყველაფერს აკვირდებიან ოპერატორები მონიტორებზე, სწრაფად მუშავდება მიღებული ინფორმაცია, იგეგმება სასწრაფო ღონისძიებები და იწყება მუშაობა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ დაახლოებით 7500 სახიფათო ადგილია. ამ რაოდენობის ადგილის მონიტორინგი შეუძლებელია ადამიანური რესურსით, ყოველ წამს მოსულ ამდენ ინფორმაციას ადამიანი, უბრალოდ, ვერ დაამუშავებს. ამისთვის არის საჭირო სპეციალური პროგრამა. სწორედ ეს პროგრამაა პრობლემის გადაწყვეტის გასაღები - ის უნდა ვიყიდოთ, სპეციალისტებს კი ტრენინგები ჩავუტაროთ. შესაძენია შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკაც, რაც არც ისე ძვირია, ყოველ შემთხვევაში, ამის დანერგვის შემდეგ შეუდარებლად ნაკლებ ზიანს მივიღებთ - დაახლოებით 90%-ით ნაკლები ადამიანი დაგვეღუპება. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ სრულად მსხვერპლის აცილება შეუძლებელია, მაგრამ ახალი მეთოდების დანერგვა მაქსიმალურად შეამცირებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ხანდახან საკუთარი თავის მეშინია, მაგრამ, ფაქტია, ერთ-ერთ ინტერვიუში შოვის ტრაგედიაზე საუბრისას ვთქვი, რომ ამგვარი სტიქიური მოვლენები გურიაშიც მოსალოდნელია-მეთქი. სამწუხაროდ, ჩემი ნათქვამი ახდა. მონიტორინგის სისტემის დანერგვა აუცილებელია, რაც გვიან გავაკეთებთ ამას, მით მეტი იქნება მსხვერპლი. ჩვენში სიხარბე ისევ ჯაბნის ჭკუას. ხომ გახსოვთ 2016 წლის ვერეს ტრაგედია? მას შემდეგ სულ ვიმეორებ, რომ მდინარის კალაპოტში მშენებლობა არ შეიძლება! მაგრამ ესმის ვინმეს? გაიარეთ დღეს ვერეს ხეობაში და ნახავთ, რომ ისევ კალაპოტშია აშენებული ახალი სახლები. როგორ გაიცა ამაზე ნებართვები, ვინ გასცა? ეს დანაშაულია, რადგან რამდენიმე წლის შემდგომ იგივე შეიძლება განმეორდეს და დაიღუპოს ხალხი. ქვეყანაში, მათ შორის მთავრობაშიც, პროფესიონალიზმის დიდი პრობლემაა, ბევრი რამ არ იციან”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“ძალიან დიდი დანაშაული იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სახელმწიფო გეოლოგიური სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის, მოსპობა. ბოლოს, როდესაც ამ სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი, იქ 700 კაცი მუშაობდა, მერე ნელ-ნელა შეამცირეს, ახლა სადღაც 20 კაცი მუშაობს, მათი უმეტესობა უვიცია, თავის დღეში არ ყოფილან გეოლოგიურ ექსპედიციაშიც კი. შეიძლება გეოლოგიურ სამსახურში ორი გეოლოგი მუშაობდეს, დანარჩენები კი იურისტები იყვნენ?.. ამგვარი მოქმედებით თავს ვიღუპავთ. ბოლოს და ბოლოს, მოვახერხეთ, რომ გეოლოგიურად ყველაზე კარგად შესწავლილი ადგილიდან სიერა-ლეონეს დონეზე დავედით”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათ არ ევალებათ გეოლოგიური პროცესების შესწავლა და სტრატეგიის განსაზღვრა, ეს მთავრობის საქმეა. პოლიტიკოსებმა შეიძლება პროგრამა შეიმუშაონ, რომლის ერთი ნაწილიც იქნება გეოსტრატეგიული უსაფრთხოება და როცა ხელისუფლებაში მოვლენ, მაშინ განახორციელონ. კარგად იცით, როგორ ვერ ვიტან ჩვენს პოლიტიკოსებს, მაგრამ მათი საქმე არ არის მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, ეს მთავრობის ამოცანაა! მკითხეთ, რატომ არ არის ჩვენში მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკური დებატებიო. იმიტომ, რომ ამისთვის კომპეტენცია არ ჰყოფნით! პოლიტიკური კინკლაობა ყველა ქვეყანაშია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია სიცხარე და პოლიტიკური ეთიკა, რაც საზოგადოების განათლებისა და სამოქალაქო განვითარების დონეზეა დამოკიდებული”, - განმარტავს ექსპერტი.

“უდიდესი პრობლემაა, რომ ჩვენი არც ერთი მთავრობა პროფესიონალებით არ ყოფილა დაკომპლექტებული. ჩვენში ხელისუფლების, მეტიც, მინისტრის შეცვლაც კი ნიშნავს, რომ სამსახურებიდან უნდა დაითხოვონ ადამიანები და თავისი კადრები მოიყვანონ, დიდწილად უვიცები, რომელთა შერჩევაც, ძირითადად, საარჩევნო პროცესში ოპონენტის ლანძღვისა და ყვირილის ხარისხით ხდება. ჩვენ უნდა შევქმნათ ე.წ. თეთრი საყელოების კლასი, ანუ კლასი, რომელიც შეკრებს პროფესიონალებს, რომლებიც ყველა ხელისუფლების პირობებში ორიენტირებული იქნებიან საქმეზე, შეინარჩუნებენ სამსახურს და არ აჰყვებიან პოლიტიკურ დაკვეთას. ამას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. უნდა შეიქმნას სახელმწიფო მართვის ერთიანი სისტემა, რომელსაც უნდა ჰქონდეს სტრატეგია და ტაქტიკა”, - თვლის თვალჭრელიძე.

“რაც შეეხება ბორელის ვიზიტს, ვფიქრობ, ევროკავშირმა, საზოგადოდ, დასავლეთმა, შეცდომა დაუშვა, რომლის გამოსწორებასაც ახლა ცდილობენ. მათ ეგონათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში მოხერხდებოდა ხელისუფლების შეცვლა, თუმცა დღეს ეს უკვე საეჭვოდ ჩანს. მათ ვერ გათვალეს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს ძალა, რომელსაც შეუძლია “ქართული ოცნების” შეცვლა, რომლის მთავარ ოპონენტად დღემდე რჩება რევანშისტული “ნაციონალური მოძრაობა”. ამბობენ, რომ დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემაა ჩრდილოვანი მმართველი ბიძინა ივანიშვილი. დავუშვათ გაიმარჯვა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. თქვენი აზრით, მის დღევანდელ თავმჯდომარეს შესწევს ქვეყნის მართვის ძალა და უნარი? დარწმუნებული ვარ, არა. შესაბამისად, კვლავ არაფორმალური მმართველობა გაგრძელდება, თუმცა ამჯერად არაფორმალურ მმართველად ციხიდან გამოსული სააკაშვილი მოგვევლინება. მოკლედ, შორს რომ არ წავიდეთ, მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად არ მოგვცა ევროკავშირის წევრობის სტატუსი. ამით მართლაც უბიძგა “ქართულ ოცნებას” რუსეთისკენ”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“სხვათა შორის, მათი რიტორიკა ამ გადაწყვეტილების მერე მნიშვნელოვნად შეიცვალა. სწორედ ამის მერე შექმნეს ის ოდიოზური პარტია “ხალხის ძალა”. თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რეალურად სურთ ცვლილებები, უნდა მოახერხონ და გააჩინონ საქართველოში არჩევანის შესაძლებლობა. ხომ ნახეთ ბოლო გამოკითხვები? ამომრჩევლის ძალიან მაღალ პროცენტს არც “ქართული ოცნების” ატანა აქვს და არც “ნაციონალური მოძრაობის”, მაგრამ არ ჩანს ძალა, რომელიც შეძლებს ამ ხმების თავის ყულაბაში მობილიზებას. ვფიქრობ, ევროპელები ნელ-ნელა ხვდებიან, რა ვითარებაც არის ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ბორელის განცხადებებისა, საქართველოს მაინც მისცემენ სტატუსს”, - ვარაუდობს ექსპერტი და შეკითზვაზე - “როგორ ფიქრობთ, იმპიჩმენტის პროცედურაზე? შეიძლება “ქართული ოცნების” ხელისუფლება ცდილობდეს ზურაბიშვილზე ზეწოლას, რათა მან საკუთარი სურვილით დატოვოს პოსტი?” - პასუხობს:

სალომე ზურაბიშვილი ძალიან კარგი, ხისტი დიპლომატია, მაგრამ სიხისტე პოლიტიკაში სულ უშლის ხელს. გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე საფრანგეთის მთავრობას ეჩხუბა, მერე კონფლიქტით წამოვიდა სააკაშვილის ხელისუფლებიდან, შემდგომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი და ბოლო ხანს ამ ხელისუფლებასთან სულ პრობლემები აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ბრალია, მაგრამ არც მთლად უბრალოა. მოკლედ, თავისი სიხისტის გამო პრეზიდენტს პოლიტიკური დასაყრდენი არ ჰყავს. შეიძლება ითქვას, როგორც პოლიტიკური ფიგურა ჰაერშია გამოკიდებული და თავის ჭიას ახარებს. მან პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა დაკარგა - “ქართული ოცნება” აბრალებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს და ამის გამო აგინებს. არადა, თავის მხრივ “ნაციონალური მოძრაობა” აგინებს, სააკაშვილს რატომ არ იწყალებსო”...

“მის ადგილას მეც წავიდოდი ევროპულ ტურნეში, ოღონდ შვებულებას ავიღებდი და ისე. როგორც ამბობს, მან ამ ვიზიტებისთვის თავად გასწია ხარჯი, მაგრამ გამოიყენა პრეზიდენტის დრო. ვფიქრობ, ამისგანაც უნდა დაეზღვია თავი, რათა წამოსაძახებელი არაფერი ჰქონოდა. სხვა შემთხვევაში, მან მართლაც დაარღვია კონსტიტუცია, რადგან უცხოური ვიზიტებისთვის მართლაც სჭირდება მთავრობის თანხმობა. არ მისცეს თანხმობა იმიტომ, რომ ერთმანეთს უდგანან კრიჭაში - ეს არის მხოლოდ პირადი შუღლით გამოწვეული, ძველბიჭურად რომ ვთქვათ, “აბაროტს უღებენ” და სახელმწიფო ინტერესები სულ არ ახსოვთ. ჩვენში ხომ სახელმწიფო აზროვნება არ არსებობს, ყველა თავის თავზე ფიქრობს. რაც შეეხება გადადგომას, არ ვიცი, შეიძლება ცდილობდნენ კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გადადგება”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

რას იზამს ნატო, თუკი რუსებმა უკრაინული ხორბლით დატვირთულ გემებს დაარტყეს - ახალი გამწვავება შავ ზღვაზე და უკრაინელთა წინსვლა დონეცკში

“უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება, რის გამოც შავ ზღვაზე ვითარება შეიძლება უკიდურესად დაიძაბოს. კიევმა ანკარას ოფიციალური წინადადება წარუდგინა, რომ მარცვლეულის დერეფანი რუსეთის გარეშე გახსნას. რუსები საჰაერო დარტყმებით ცდილობენ მდინარე დუნაის გასწვრივ უკრინელთა საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ამის საპასუხოდ აშშ-და რუმინეთი წვრთნებს იწყებენ. ბრიტანული საბრძოლო ავიაცია კი შავი ზღვის თავზე პატრულირებს და შეეცდება ჰაერიდან დაიცვას უკრაინული ხორბლით დატვირთული გემები რუსებისაგან. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ ყველაფერს უკვე უშუალოდ ნატო-სა და რუსეთს შორის სამხედრო შეტაკებები მოჰყვეს, ანალიტიკოსებს ამაზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი “რეზონანსთან” ამბობენ, შესაძლოა ანკარა კიევის წინადადებას დათანხმდეს, თუმცა აღსრულება ძნელი იქნება, რადგან სატვირთო გემებზე რუსული იერიში ახლა ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას იზამს ნატო, თუკი რუსებმა უკრაინული ხორბლით დატვირთულ გემებს დაარტყეს - ახალი გამწვავება შავ ზღვაზე და უკრაინელთა წინსვლა დონეცკში.

“რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას, ანალიტიკოსთა შეფასებით, მთავარი სიახლე დონეცკის ოლქშია, სადაც უკრაინელებს გარკვეული წინსვლა აქვთ და დონეცკის აეროპორტს 4 კილომეტრზე მიუახლოვდნენ. ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ბოლო დღეებში დონეცკის ოლქში ავდიივკისკენ სიტუაცია უკრაინელების სასარგებლოდ შეიცვალა, ისინი დონეცკის აეროპორტს უახლოვდებიან და 4 კმ-ია დარჩენილი. მისი თქმით, აქტიურობაა ზაპოროჟიესა და ბახმუტისკენაც. “უკრაინელები დონეცკის ოლქში ბახმუტის ფრონტს აწვებიან. ამ ბოლო ხანებში ავდიივკას მიმართულებით სიტუაცია უკრაინელების სასარგებლოდ შეიცვალა, ამ ლოკაციიდან დონეცკის აეროპორტის მიმართულებით ჯერ მხოლოდ ერთ კილომეტრიანი წაწევა იყო და აეროპორტის საზღვართან 4 კმ კიდევ აშორებთ, რაც ძალიან კარგი მოვლენაა”, - ამბობს კობერიძე, რომლის აზრით, “დონეცკის აეროპორტთან ნებისმიერი მიახლოება ადგილობრივი რუსი სეპარატისტებისათვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დარტყმაა, რადგან სწორედ ამ აეროპორტისათვის ბრძოლა იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული 2014-2015 წლებში და რუსებმა მის დასაკავებლად ასობით გამოცდილი სამხედრო და ოთხი თვე დაკარგეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვერ ვიტყვით, რომ რობოტინეს მიმართულებით აქტიურობამ იკლო. პირიქით, ორივე მხარეს დამატებითი ძალები ჰყავს შეყვანილი, მაგრამ ჯერჯერობით სრული მასშტაბის გარღვევა არ მომხდარა. ბახმუტში ცოტა უკეთესი მდგომარეობაა იმ გაგებით, რომ რუსები კლიშიივკასა და ავდიივკას შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ. რუსების უკან დახევის რამდენიმე საინტერესო კადრი იყო გავრცელებული და აღმოჩნდა, რომ უკრაინულმა არტილერიამ რუსული გამსვლელი კოლონები ზუსტად დაბომბა და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა განადგურდა. მოგვიანებით კლიშიივკას მიმართულებით რუსული ძალების შეტევის მცდელობა იყო, მაგრამ ჩავარდა. რამდენიმე დღეში უკეთ გაირკვევა, თუ კლიშიივკაში რა მოხდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ფრონტზე არაფერი შეცვლილა. “ფრონტზე დიდად არაფერი შეცვლილა, უკრაინას სამხრეთით ტაქტიკური წარმატება აქვს, ბახმუტის სამხრეთით შეტევას ავითარებენ, ამის კონპენსირებისთვის კი რუსები უკრაინის ტერიტორიებს ბომბავებ. უკრაინელები ისევ ცდილობენ, რომ სამხრეთში რუსების თვდაცვითი ხაზი გაარღვიონ. ამინდები უარესდება და ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე მიღწეული წარმატება მალე უნდა განავითარონ, თუ ასე გაგრძელდა, ალბათ ფრონტზე მნიშვნელოვან გარდამტეხ გარღვევას მომავალ გაზაფხულამდე ვერ ვიხილავთ”, - თვლის ვახტანგ მაისაია.... “მარცვლეულის შეთანხმებიდან” რუსეთმა გასვლის შესახებ ივლისში გამოაცხადა. თუმცა, მას შემდეგ უკრაინიდან ხორბლის გატანა მაინც ხერხდებოდა. 10 აგვისტოს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის დროებითი მარშრუტები შეიქმნა. მას შემდეგ “შავი ზღვის მარცვლეულის დროებითი დერეფანი” ოთხმა გემმა გაიარა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მარცვლეულის შეთანხმების” აღდგენის ბოლო მცდელობა 4 სექტემბერს იყო, როდესაც სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეიზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა უშედეგოდ. ორი დღის წინ კი თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ უკრაინამ თურქეთს ოფიციალური წინადადება წარუდგინა, რომელიც შავ ზღვაში “მარცვლეულის დერეფნის” რუსეთის მონაწილეობის გარეშე გახსნას ითვალისწინებს. მისი თქმით, სატვირთო გემები უკვე შეზღუდვების გარეშე დაცურავენ რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში. უკრაინა კი მოელის, რომ ანკარასა და კიევს ამ საკითხზე უახლოეს დღეებში კომუნიკაცია ექნებათ, ან საკითხი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განიხილება, რათა გაირკვეს, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინ. ამის პარალელურად ბოლო დღეებში რუსები მდინარე დუნაიზე უკრაინულ პორტებს ბომბავენ, რათა მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შეაფერხონ. ამის საპასუხოდ აშშ და რუმინეთი, უკრაინასთან ერთად, შავ ზღვასა და მდინარე დუნაის დელტაში სამხედრო სწავლებას ჩაატარებენ. წვრთნები სახელწოდებით “სი ბრიზი” 11-დან 15 სექტემბრამდე გაიმართება”, - დასძენს გამოცემა.

“მასში ასევე მიიღებენ მონაწილეობას სამხედროები საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და თურქეთიდან. კერძოდ, სპეციალისტები, მათ შორის მყვინთავ-გამნაღმველები გაივლიან წვრთნებს ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაში. წვრთნების მიზანს საზღვაო ნაღმების წინააღმდეგ კონტრმოქმედების დამუშავება წარმოადგენს. ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” კი წერს, რომ ბრიტანული საბრძოლო თვითმფრინავები შავი ზღვის თავზე პატრულირებენ და უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს რუსეთის მხრიდან თავდასხმისგან იცავენ. გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ ამ პროცესის აღსრულება ძნელად წარმოსადგენია, რადგან რუსეთი ხორბლით დატვირთულ საექსპორტო გემებზე იერიშს მიიტანს. ვახტანგ მაისაია კი თვლის, რომ შესაძლოა თურქეთი უკრაინას დათანხმდეს და რუსეთის გარეშე “მარცვლეულის დერეფანი” გაიხსნას”, - წერს სტატიის ავტორი.

“ძალიან რთული სათქმელია რუსეთის გარეშე უკრაინული ხორბლის გატანის აღსრულება როგორ მოხდება, რადგან რუსებმა დაახლოებით იციან, თუ უკრაინული ხორბალი როგორ და სად გადაადგილდება. ახლა იმაზეა საუბარი, რუსეთი შეწყვეტს თუ არა იერიშებს კონკრეტულად ხორბლის ექსპორტის პერიოდში. თუ არ შეწყვიტა, ამ შემთხვევაში თურქეთი ან რუმინეთი რას გააკეთებს, სამწუხაროდ, მნიშვნელობა აღარ აქვს, თუკი, მაგალითად, იგივე რუმინეთმა დუნაის პორტების თავზე ათკილომეტრიანი არასაფრენი ზონა არ დააწესა და მათი ჩამოყრა არ მოახერხა, რაც ჰიპოთეტურად შესაძლებელია, რადგან ნატოს უწერია, რომ უსაფრთხოების ზოლი მისი საზღვრიდან ათ კილომეტრის მანძილზეა. მაგრამ ამ ეტაპზე ესეც ნაკლებად სავარაუდოა რამდენად მოხდება. თურქეთი ამბობდა, რომ “სვიფტ”-ში გავუცვალოთო. ამას რუსეთიც ითხოვდა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სანქციების დიდი ნაწილი რუსეთს უბრალოდ უნდა მოეხსნას, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ამ პროცესის აღსრულება ძალიან რთულად მეჩვენება. რუსეთი ამ გემებს მაინც დაბომბავს. სახმელეთო დერეფანზეა საუბარი და ამასაც ბომბავენ. ერდოღანი სოჭში იყო ჩასული და ისეთი პირობა მისცა, რომ თითქოს რუსულ ინტერესსაც გაითვალისწინებდა. თუმცა, რაღაც მხრივ ესეც პრობლემა იქნება, თუკი ერდოღანმა პუტინი “გადააგდო”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე.

“რუსეთის წინადადებაა, რომ ხორბლის ჰაბი თურქეთი იყოს, საიდანაც რუსული ხორბალი და შეზღუდულად უკრაინულიც გავა. თუმცა ამ საკითხზე თურქეთის, კატარის და რუსეთის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უშედეგოდ დამთავრდა. რუსებს თავისი პირობა აქვთ - რომ რუსული ბანკების მიმართ ეკონომიკური სანქციები შეწყდეს. განსაკუთრებით საუბარია რუსულ “როსსელხოზბანკზე”, რომ იგი “სვიფტ”-ის სისტემას შეუერთდეს. თურქეთის პრეზიდენტი “დიდი ოცეულის” სამიტზე ამას გარკვეულწილად ლობირებდა კიდეც, რათა ხორბლის შეთანხმება გაგრძელებულიყო. რუსეთი ახლა მსოფლიოს აშანტაჟებს. თუ უკრაინამ თურქეთს წინადადება წარუდგინა, არ გამოვრიცხავ, რომ მარცვლეულის დერეფანი რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაიხსნას, მაგრამ უკვე რუსეთის მიერ საზღვაო ბლოკადის საკითხი დგება. რუსეთი, რა თქმა უნდა, ხორბლით დატვირთულ გემებზე იერიშს მიიტანს, ან შეეცდება დააკავოს. დასავლურმა ავიაციამ შესაძლოა მონიტორინგი განახორციელოს, მაგრამ ვერ ჩაერევა. დასავლეთი რამდენად დაუშვებს, რომ რუსეთის ბანკებზე სანქციები მოიხსნას და “სვიფტ”-ის სისტემას შეუერთდეს, არ ვიცი. შესაძლოა, გაეროს ეგიდით, გარკვეულის სახით და გარკვეული პერიოდით ეს დაუშვან”, - ვარაუდობს ვახტანგ მაისაია.

ვახტანგ ძაბირაძე - “ღმერთმა ნუ ქნას, კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ”

“ოპოზიცია მუდმივად გვაშინებდა, თუ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს არ შეასრულებს, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ და ამის გამო ხელისუფლებას თუ არ შევცვლით, ჩვენი ევროპული პერსპექტივა სამუდამოდ ჩაიკეტებაო. ბორელმა კი გვითხრა, რომ ასე არ იქნება. სინამდვილეში, ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს, იმისდა მიუხედავად, შევასრულებთ თუ არა რეკომენდაციებს და მოგვანიჭებენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვინდა ევროკავშირში შესვლა, მაგრამ რას ვიზამთ, “ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ღმერთმა ნუ ქნას, კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ”.

“არ არის სწორი იმის თქმა, მე გავატარე რეფორმები, შენ ან ამას აღიარებ, ან ჩემს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებაზე აგებ პასუხსო - ბორელს დიდი გამოცდილება აქვს, ცოტა ემოციური კაცი რომ ყოფილიყო, გვეტყოდა, კისერიც გიტეხიათო! მმართველ გუნდს კი სურს ევროკავშირში საკუთარი პირობებით შევიდეს, მაგრამ არ გამოვა ასე. ჩემი აზრით, ბორელის მიმართვა ზეპარტიული იყო. მან გასაგებად გვითხრა, ევროკავშირს საქართველო აინტერესებს და თქვენც თუ გაინტერესებთ ევროკავშირი, ყველაფერი რიგზე ყოფილაო. ამასთან, გასაგებად განმარტა, თქვენს შიდა საქმეებში არ ვერევით და თავად უნდა განსაზღვროთ, რა და როგორ გინდათო. ბორელი ვერ მოგვცემს ჩვენი ქვეყნის დალაგების რეცეპტს. ყველაზე მთავარია, ცრუმოლოდინი არ შექმნას. ოპოზიციურმა ძალებმა უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ერთპარტიული მმართველობა დაასრულონ. “ოცნებას” რეალურად ჰყავს ამომრჩეველი და დარჩება კიდეც პოლიტიკაში. ეს არ არის პრობლემა, მთავარია, ერთპარტიული მმართველობა დასრულდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ერთპარტიული მმართველი ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც არის, მაგრამ ზოგან კონგრესი აბალანსებს, ზოგან სასამართლო და ა.შ. ჩვენი პრობლემა ის არის, როდესაც პოლიტიკური ძალა ოპოზიციაშია, მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობაზე, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოვა, მაშინვე იცვლის აზრს... ღმერთმა ნუ ქნას, კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, ხალხი ამას გააპროტესტებს, თუმცა რევოლუცია არ იქნება. ოპოზიცია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს უკეთესად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკას შეეშვას. კარგი იქნება, ამას ჟურნალისტებიც თუ გაითვალისწინებენ. ოპოზიციურ მედიაში ზოგჯერ ისეთ აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ ხელისუფლებას, საბოლოოდ სწორედ მათ წისქვილზე ასხამენ წყალს და საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ნაცმოძრაობაში” მართლაც ძალიან რთული ვითარებაა. ასე რომ იქნებოდა, ეს ჯერ კიდევ მაშინ ვივარაუდე, როდესაც პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც შლეიფად დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი მოჰყვა. ახლა გიგი უგულავა გამოგვეცხადა და “გაგვახარა”, მე 2021 წელს დავბრუნდი “ნაცმოძრაობაში” და არსად წასვლას არ ვაპირებო. ამ პარტიაში ყველა ის პირი წამოვიდა წინა პლანზე, ვის მიმართაც საზოგადოება ნეგატიურად არის განწყობილი. პარტიაში სიტუაცია გაართულა იმანაც, რომ ხაბეიშვილმა პარტიულ ვერტიკალში მელიას ხალხი საკუთარი გუნდით ჩაანაცვლა. ამან შეუძლებელი გახადა ორივე ლიდერის დარჩენა პარტიაში. დღეს მელიასა და მის გუნდს დეკორაციული ფუნქცია აქვს. არადა, სააკაშვილი პარტიის ერთიანობის შენარჩუნებაზე საუბრობს. ფაქტია, რაღაც ისევ უნდა შეიცვალოს, ცვლილებას კი ისევ დიდი ამბები მოჰყვება”- მიიჩნევს ექსპერტი.

“ვინც “ნაცმოძრაობაში” ერთიანობას შეინარჩუნებს შეიძლება იყოს ნიკა გვარამია. მოდი, სიმართლე ვთქვათ, თუ გვარამიას პოლიტიკაში წასვლა სურს, არჩევანი არა აქვს - ის ახალ პარტიას ვერ შექმნის. სხვათა შორის, მელიაც არჩევანის წინაშე დგას, მას ახალ ვადამდელ არჩევნებში აღარავინ გაამარჯვებინებს. თუ პოლიტიკაში ლიდერის სტატუსით დარჩენა სურს, “ნაცმოძრაობა” უნდა დატოვოს და ახალი პარტია შექმნას. თუ შიდაპარტიულ არჩევნებში მის მხარდაჭერას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავს. კიდევ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას - სააკაშვილმა, როდესაც “ნაცმოძრაობაში” ერთიანობის შენარჩუნებაზე საუბრობდა, ასეთი რამ თქვა, ვინც ბოკერიას გზას დაადგება, განულდებაო. “ევროპულ საქართველოს” სერიოზული შეცდომები რომ არ დაეშვა (ვგულისხმობ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში თავიდან ფეხებამდე გადაშვებას და ჰელსინსკიში სააკაშვილთან შესახვედრად უგულავას გაშვებას) საინტერესო პერსპექტივა ჰქონდა. ბოკერია განულდა იმიტომ, რომ შეცდომები დაუშვა. მელიაც განულდება, თუ ბოკერიას მსგავს შეცდომას დაუშვებს, მაგრამ თუ მოქმედების სწორ სტრატეგიას აირჩევს, პირიქით, თავს გადაირჩენს”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

“ მართალია, გვარამიას ხშირად გაურბის სიტყვა, მაგრამ დღეის მდგომარეობით “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობის პოსტისთვის ყველაზე შესაფერისი ნიკა გვარამიაა, იმიტომ, რომ ხაბეიშვილი ორად გაყოფილი ელექტორატის გაერთიანებას ვეღარ შეძლებს, აღარც მელიას აქვს უკან დაბრუნების რესურსი, სააკაშვილი კი პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდებს... ისე, შეიძლება სააკაშვილი “ნაცმოძრაობისთვის” ყველაზე დიდ საფრთხედ იქცეს - მან ყველაფერი სცადა იმისათვის, რომ ციხისთვის თავი დაეღწია - ხან ქართულ პოლიტიკაზე თქვა უარი, ხან უკრაინელად გამოაცხადა თავი, ხან იშიმშილა და ა.შ. ისე ძალიან უნდა ციხიდან გამოსვლა, რომ არ გამოვრიცხავ, გათავისუფლების სანაცვლოდ ხელისუფლებას გაურიგდეს. რა შეიძლება გახდეს გარიგების საგანი ამის თქმა ჯერ მიჭირს, მაგრამ სააკაშვილი გარიგებაზე უარს არ იტყვის”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “კი მაგრამ “ქართულ ოცნებას” რაში შეიძლება დასჭირდეს სააკაშვილთან გარიგება?” - პასუხობს:

“ამ ეტაპზე არც არაფერში, მაგრამ არჩევნების მოახლოებისას შეიძლება დასჭირდეს. ეს სექტემბრის ბოლოს გამოიკვეთება. თუ გახსოვთ, ადრე გითხარით, რომ ხელისუფლება სააკაშვილს მანამდე არ გაათავისუფლებს, ვიდრე თავად არ დასჭირდება-მეთქი. ჰოდა, შეიძლება ეს მომენტი წინასაარჩევნოდ დადგეს”.

“მანამდე მას ზურაბიშვილი არ შეიწყალებს - მივყვეთ მოვლენების თანამიმდევრობას. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ოპოზიციას თემა არა აქვს, არადა, აგერ იყო, ზურაბიშვილის საკითხი და შეეძლო მხარდაჭერა უფრო აქტიურად გამოეცხადებინა მისთვის. როდესაც ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, ოპოზიციას კონსტიტუციის დარღვევაში იქით კი არ უნდა დაედანაშაულებინა ხელისუფლება და ის კი არ უნდა ეთქვა, “ქართული ოცნება” ხელს უშლის ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის გზაზე რუსეთის სასარგებლოდო, იმაზე უნდა მოეხდინა აპელირება, რომ ზურაბიშვილს არ დაურღვევია კონსტიტუცია... ოპოზიციას უკეთ უნდა გამოეყენებინა ის თემა, რომ `ოცნების~ წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტს ჰქონდა კერძო, ძალიან მაღალი დონის ვიზიტები. მას პირადად შეხვდნენ გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები. ეს ხუმრობა არ არის. ამასთან, იმის დასტურია, რომ ეს ქვეყნები საქართველოს ევროინტეგრაციით ძალიან არიან დაინტერესებული. ფაქტია, ხელისუფლებას ეშინია, ზურაბიშვილმა ხვალ-ზეგ პოლიტიკაში დარჩენა რომ მოინდომოს, შეიძლება გახდეს მესამე ძალის ლიდერი, რომელსაც დასავლეთის სრული მხარდაჭერა ექნება”, - დაასკვნის ძაბირაძე.

ახალი კრიზისი ენმ-ში - მოჰყვება თუ არა ახალციხის პრეცედენტს დომინოს ეფექტი

“ენმ-ში მორიგი განხეთქილებაა, ამჯერად რეგიონალურ დონეზე. თუმცა, გამორიცხული არაა ახლო მომავალში ამ განხეთქილების მასშტაბი გაიზარდოს. შეძლებს თუ არა პარტია ერთიანობის შენარჩუნებას, ან ხომ არ დადგება დღის წესრიგში თავმჯდომარის კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები? ანალიტიკოსთან მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ახალციხის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” 6-ვე წევრმა პარტია დატოვა. ამის შესახებ მათ საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს. მიზეზი აქაც პარტიის ახალ მენეჯმენტს უკავშირდება - ლევან ხაბეიშვილს ისევ შიდაპარტიულ რეპრესიებში ადანაშაულებენ. ენმ-ს აწ უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ხაბეიშვილის ბორდის წევრებს ახალციხის რაიონულ ორგანიზაცისთან ნულოვანი კომუნიკაცია ჰქონდათ. მეტიც, არასასურველ თანაპარტიელებს არც ერთ საჯარო ღონისძიებაზე პარტიის სახელით არ ეპატიჟებოდნენ. ამბობენ, რომ მიზეზი ნიკა მელიას მხარდაჭერაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი კრიზისი ენმ-ში - მოჰყვება თუ არა ახალციხის პრეცედენტს დომინოს ეფექტი და სადამდე მიიყვანს ეს პარტიას.

“ახალციხის ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ენმ-ის წევრებს შორის პროტესტი სხვა რაიონებშიც არსებობს და გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს დღეებში მსგავის ფაქტი სხვაგანაც მოხდეს. “ჩვენი გუნდის სახელით მინდა გავაკეთო შემდეგი განცხადება. მოგეხსენებათ, 7 თვის წინ “ნაციონალურ მოძრაობაში” ჩატარდა თავმჯდომარის არჩევნები, რის შედეგადაც გახორციელდა მენჯმენტის ცვლილება. ამ 7 თვის განმავლობაში ახალციხეში არსებულ ენმ-ის ფრაქციასთან არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა ახალი მენჯმენტისგან ჩვენი განსხვავებული პოზიციების გამო. მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ ენმ და გადავიდეთ დამოუკიდებელ დეპუტატებად, სადაც ასევე გავაგრძელენბთ ჩვენი მხარდამჭერების და ამომრჩევლების ნებას, პროდასავლური საქართელოს შენების კურსით”, - განაცხადა შაბთს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ახალციხის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წარმომადგენელმა დავით ახალკაცმა. “ეს არის დესტრუქცია” - ასე პასუხობს ლევან ხაბეიშვილის გუნდი ახალციხელ თანამებრძოლებს, რომლებმაც პარტია დემარშით დატოვეს. პარტიის ახალი მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ ხაბეიშვილს ბრძოლა უსაფუძლოდ გამოუცხადეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც პერიოდულად, სხვადასხვა ინტენსივობით ტოვებს პარტიას და ემიჯნება პარტიას. ეს არის დესტრუქციული ქმედებები. ჩვენ ყველანაირ ლეგიტიმურ პროცესში ჩართვის საშუალება მივეცით, თუმცა ასეთი სურვილი აქვთ, რომ პერიოდულად გაემიჯნონ პარტიას და შექმნან ე.წ. ნიუსი. ამ დროს მე მათ მოვუწოდებდი, გაითვალისწინონ პუტინის პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მოწოდება, გაასწორონ სამიზნე და იბძროლონ რუსული რეჟმის წინააღმდეგ”, - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი ირაკლი ფავლენიშვილი. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არ დაიშლება, თუმცა უნდა ველოდოთ შიდაპარტიულ საკადრო გადაადგილებებს, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება მტკივნეულად იყოს აღქმული”, - განაგრძობს გამოცემა.

“მთავარი მიზეზი, როგორც ასახელებენ, არის დაპირისპირება ხაბეიშვილის გუნდთან. ანუ რას ნიშნავს ეს? ხომ იცით როგორც არის ქართულ რეალობაში - ეს ეხება სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ პარტიებს და ასევე კერძო სექტორსაც - როდესაც ახალი ადამიანი, ახალი მენეჯმენტი მოდის, მას სურს ე.წ. თავისი ხალხით ჩაანაცვლოს ძველები”, - ამბობს ნიკა ჩიტაძე. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი არსებულ ვითარებაზე, ამბობს რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ყოველივე ასუსტებს, თუმცა ვადამდელი პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნა მხოლოდ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”, - დასძენს გამოცემა.

“ვფიქრობ, ეს ჯერჯერობით პროცესის მხოლოდ დასაწყისია და ალბათ უნდა დავაკვირდეთ სადამდე გაგრძელდება ეს პროცესი. თავად ენმ-ს რეგიონული ორგანიზაციებიდან წევრების გასვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რაღაც კონკრეტული შედეგის დადგომას. თუ მოხდა ისე, რომ მსგავსი პროცესები დაიწყო, მაგალითად, სხვა რეგიონულ ორგანიზაციებში, სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში და თუ ეს გაფორმდა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებად მელიას და მისი დაჯგუფების გარშემო, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ამას რაღაც პოლიტიკური შედეგი მოჰყვება. თუ ახლა ისინი უბრალოდ წავიდნენ და დამოუკიდებელი დეპუტატების სახელით გააგრძელეს საქმიანობა და მიატანეს თავად თვითმმართველობის არჩევნებამდე და ამის იქით საქმე არ წავიდა, მაშინ ამას არავითარი სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა და ეფექტი არ ექნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ დინამიკაში არის დაკვირვება საჭირო, თუ ექნება ამას განმეორებითი ხასიათი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“რა თქმა უნდა. თუნდაც ის, რომ ახალციხის საკრებულოში ენმ-ს ფაქტობრივად წარმომადგენლობა აღარ ჰყავს, ეს დანაკარგია პარტიისათვის და ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებლობა აწევს ახალ მენეჯმენტს. თუ ეს პროცესი გაგრძელდა და კიდევ სხვა მუნიციპალიტეტებში მოხდა ენმ-ს ფრაქციის დაშლა, რა თქმა უნდა, სრული უფლება ექნება მელიას და მის ირგვლივ შემოკრებილ ხალხს, რომ პასუხიმგებლობა დააკისროს ახალ მენეჯმენტს და პარტიის ახალ თავმჯდომარეს, რადგან ეს იწვევს პარტიის დასუსტებას არჩევნებია წინ. დაინიშნება თუ არა პარტიაში თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნები, მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ენმ ისეთი პარტიაა, რომ ყველაფერს წყვეტს მიხეილ სააკაშვილი. თუ მიხელ სააკაშვილმა გასცა განკარგულება ვადამდელ არჩევნებზე, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. თუ არადა არაფერიც არ მოხდება”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

გია ხუხაშვილი - “ნაცმოძრაობა” გახლეჩილია და ამის გაფორმება ტექნიკური საკითხია”

“ნაცმოძრაობაში” კრიზისი დიდწილად განპირობებულია მუდმივი მოლოდინითა და მერე იმედგაცრუებით. ამას დაემატა სააკაშვილის პატიმრობა, მასთან დაკავშირებითაც იქმნებოდა ზემოლოდინი და ამაშიც იმედი გაუცრუვდათ. მაგრამ რაც ამ პარტიაში თავმჯდომარის არჩევნებზე მოხდა და შეუქცევადი ხასიათი შესძინა პარტიის დაშლას, იყო შეტაკება პარტიის ემოციურ და პოლიტიკურ რაციოს შორის. კარგად ვიცით, რომ ეს პარტია უფრო რელიგიური მიმდინარეობის ორგანიზაციაა და არა პოლიტიკური. აქ ბელადის რწმენაზეა აშენებული ბევრი რამ, თუნდაც მიშა სააკაშვილის სიყვარულზე. ეს კი ცხადია, უპირისპირდება პოლიტიკურ რაციოს და მოხდა კონფლიქტი, რადგან პოლიტიკურ რაციოს, რომელიც პარტიის მენეჯმენტში იყო, ემოციური ნაწილი ადანაშაულებს იმაში, რომ მიშა ციხიდან ვერ გამოიყვანეს, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ, რომ ყოველდღე რევოლუციას არ აწყობენ და ა.შ.” - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნაცმოძრაობა” გახლეჩილია და ამის გაფორმება ტექნიკური საკითხია”.

“ამ კონფლიქტის ნიადაგზე კი, რადგან ემოცია უფრო ძლიერია, ვიდრე რაციო, პარტიის თავმჯდომარე გახდა პირი, რომელსაც არანაირი შესაბამისი თვისებები არა აქვს. ამან კი უკვე შეუქცევადი ხასიათი შესძინა ყველაფერს და დღეს პარტია, ფაქტობრივად, დაშლილია. არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ გამთლიანება მოხდება. პარტია უკვე გახლეჩილია და ამის გაფორმება წმინდა ტექნიკური საკითხია. უკვე არის ისეთი მძიმე პრობლემები, რომელთა გადალახვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამის გადალახვა არც მიშა სააკაშვილს შეუძლია, მათ შორის თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ამ ვითარებიდან გამოსავალს ვხედავდი, რომ პარტია ჩაებარებინათ ნიკა გვარამიას და სოფო ჯაფარიძეს. სოფო ჯაფარიძე საღად მოაზროვნე ადამიანია, ნიკა გვარამიამ კი გარკვეული კაპიტალი დააგროვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპატიმრო დატოვა და რაც მთავარია, აქვს კომუნიკაციის საშუალება ორივე დაპირისპირებულ მხარესთან, რადგან ხიდები არა აქვს დამწვარი. ამ ორ ადამიანს ტანდემში თეორიული შანსი ჰქონდა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს თუ ვერ შეარიგებდნენ, პოლიტიკური მორიგება მაინც მომხდარიყო და პარტიული მონოლითი შეენარჩუნებინათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მაგრამ აქაც იმავე სისტემურ პრობლემას ვაწყდებით - მიშა სააკაშვილის ბუნებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი შეუძლებელია, რადგან მისთვის ნიკა გვარამია არაკომფორტულია. იმ ტიპის ლიდერები, როგორიც სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილია, თავის ორბიტაზე ვერ იტანენ ავტორიტეტებს, ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი აქვთ, შეუძლიათ ეკამათონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ან კიდევ უარესი, საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ შეუთანხმებლად”, - განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ის, რაც ხდება ახლა “ნაცმოძრაობაში”, დანარჩენ ოპოზიციას რამე შანსს აძლევს თუ პირიქით, პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს?” - პასუხობს:

“მგონი, შანსს აძლევს, რადგან ეს ორპოლუსიანობა დიდი მანკიერებაა. “ოცნება” ყველას, ვინც აკრიტიკებს, “ნაცს” ეძახის, ისევე როგორც “ნაცმოძრაობა”თუ გააკრიტიკე, “ქოცი” ხარ. მათ შექმნეს ეს ორპოლუსიანი სიმბიოზი და ცდილობენ პოლიტიკურ და საინფორმაციო სივრცეში ახალი არავინ შეუშვან - ეს ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ბაზარზე ელექტორალური თვალსაზრისით უზარმაზარი მოთხოვნაა”...

“ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამომრჩევლის ნახევარზე მეტს არ უნდა არც ერთი და არც მეორე. ეს ორი პარტია ამიტომ ცდილობს შეუქმნას ადამიანებს განცდა, თითქოს მათ გარდა არავინ და არაფერი არ არსებობს და სამყაროს მხოლოდ ისინი ავსებენ და მოქმედებენ მხოლოდ ამ მეთოდებით - ან თავისკენ ქაჩავენ, ან მეორე ბანაკში ყოფნას აბრალებენ. ამ მეთოდებით ცდილობენ ჩაახშონ ალტერნატიული შეთავაზება და ელექტორატიც ამიტომ არის დაბნეული. “ოცნებას” საზოგადოებაში მხარდაჭერა არა აქვს, მაგრამ რადგან ოპოზიცია უფრო სუსტია, ხელისუფლება ინარჩუნებს ძალაუფლებას. ეს ორპოლუსიანობა საბოლოოდ ხელისუფლებაზე მუშაობს, მაგრამ ამ თამაშიდან “ნაცმოძრაობასაც” აქვს ბონუსი, ამით ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. ასე რომ, ეს არის სიმბიოზი, ორ ხელში ერთგვარი შულერული თამაში, რომელიც კეტავს პოლიტიკურ ველს და არ აძლევს გამოსავალს” , - დასძენს გია ხუხაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო