რომან გოცირიძე - აშკარაა, რომ პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი ოპოზიციის მხრიდან ვერ დაიძვრება, 50 ხელმოწერა ვერ შეგროვდება - „ლელოც“ დაგვეთანხმა, რომ ხელმოწერები არ დაიწყება

აშკარაა, რომ პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი ოპოზიციის მხრიდან ვერ დაიძვრება - 50 ხელმოწერა ვერ შეგროვდება, „ლელოც“ დაგვეთანხმა, რომ ხელმოწერები არ დაიწყება, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ „ლელოს“ ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც მან განმარტა, ოპოზიციამ პრემიერის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით მტკიცებულებებზე საუბარი უნდა დაიწყოს. ამასთან, დასძენს, რომ მომავალში, როდესაც დამნაშავეების გამჟღავნების საკითხი დადგება, მარტო ღარიბაშვილი არ იქნება დამნაშავე, დამნაშავე იქნება ის სამართალდამცავი ორგანო, ვინც სწორი რეაგირება არ გააკეთა.

„გუშინ იმპიჩმენტის საკითხი გავიარეთ, მათ შორის „ლელოსთან“ - სალომე სამადაშვილთან და დავით უსუფაშვილთან ვისაუბრეთ. ეს ხელმოწერები არ იქნება, ვინაიდან, აშკარაა, რომ პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი ოპოზიციის მხრიდან ვერ დაიძვრება. პარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების უმეტესობას ეს არ უნდა. არ უნდა „გირჩს“, გახარიას პარტიას, ასევე ალეკო ელისაშვილის, არც „რესპუბლიკელებს“ სურს, არც თეონა აქუბარდიას უნდა. როდესაც 15-16 დეპუტატს არ უნდა, ეს ნიშნავს, რომ 50 ხელმოწერა ვერ შეგროვდება. „ლელოც“ დაგვეთანხმა, რომ ხელმოწერები არ დაიწყება. ჩვენ უნდა დავიწყოთ მტკიცებულებებზე საუბარი, იგივე თუნდაც, საიდან ეს ფული, რომელი ანგარიშიდან, მართლა გადაირიცხა თუ არა, როგორ აკეთებენ ჩაფარცხვას და ასე შემდეგ. მე იმ ადამიანებსაც ვემხრობი, რომლებსაც მიუხედავად უშედეგობისა, მაინც უნდათ, რომ მიმართონ პროკურატურას და გამოძიებას. არ დაიწყებენ გამოძიებას? - გამოდის, რომ თავად აფარებენ ხელს. მომავალში დამნაშავეების გამჟღავნების საკითხი დადგება. ამ შემთხვევაში, მარტო ღარიბაშვილი არ იქნება დამნაშავე, დამნაშავე იქნება ის სამართალდამცავი ორგანო, ვინც სწორი რეაგირება არ გააკეთა ამ ფაქტზე“,- აღნიშნა გოცირიძემ.

გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის მიმართ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესზეც ისაუბრა. გოცირიძის თქმით, დღევანდელი პოლიტიკური ატმოსფერო და თუნდაც ძველ შეცდომებზე რეაგირება, მას 100%-იან გარანტიას აძლევს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციიდან 10 ხმას ვერ მოაგროვებს. როგორც მან განმარტა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ივანიშვილის ხუშტურების იმპულსური რეაგირების შედეგია იმპიჩმენტის დაწყება.

„უკრაინის ომმა პრეზიდენტს საბოლოოდ აუხილა თვალები, თუ ვისთან ჰქონდა საქმე, ვინ არის ივანიშვილი, რა რეჟიმია, რას ემსახურება. ივანიშვილი აშკარად დაადგა ღალატის გზას და პრორუსულ გზას, ემიგრანტის შვილია და მთელი თავისი ცხოვრება მის ოჯახში დამოუკიდებლობაზე იყო საუბარი. პრიმიტიული პოლიტიკანობაა ის, თუ რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ორი და ხუთი წლის წინ. ამ მომენტში, მისი პოზიცია სწორია და ემთხვევა ოპოზიციის პოზიციას, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას ოპოზიცია ისევე, როგორც პრეზიდენტი. თუ ეს ძალისხმევა გაერთიანდება, კარგია. კონსულტაციები ამას ითვალისწინებს. პრეზიდენტს ოპოზიციისგან აინტერესებდა, როგორი მხარდაჭერა ექნებოდა მის ამ ნაბიჯებს - ოპოზიცია მხარს უჭერს. [ვინმე ხომ არ უჭერს ოპოზიციიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს], აღნიშნულ თემაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ შეიძლება ისიც აინტერესებდა, თუ არსებობს რისკები, რომ 10 ხმა მოაგროვოს ხელისუფლებამ. ეს საკითხი არ იყო დასმული, მაგრამ შესაძლოა, ქვეტექსტებში იგრძნობოდა. იმდენი ფული აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ 10 დეპუტატის მოსყიდვა არ იქნება მისთვის [პრობლემა]. ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი, მაგრამ, შესაძლოა, აღელვებდეს იმპიჩმენტის საკითხი. ვხედავთ, რა მოხდა მოსამართლეების საკითხზე, როდესაც ოპოზიციის ხმებით „ქართულმა ოცნებამ“ კლანის წევრი მოსამართლეები გაიყვანა. არავინ არაფრისგან არის დაზღვეული, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური ატმოსფერო, თუნდაც ძველ შეცდომებზე რეაგირება, მე 100%-იან გარანტიას მაძლევს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციიდან 10 ხმას ვერ მოაგროვებს, რომ იმპიჩმენტი გამოუცხადონ პრეზიდენტს. საკითხავია, როგორ იქცევა სალომე ზურაბიშვილი მას შემდეგ, როდესაც იმპიჩმენტი ვერ შედგება. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ემთხვევა ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებას.

ძალიან ცუდი დამთხვევაა, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კენჭისყრის ფონზე ევროკავშირი იხილავდეს და წერდეს საქართველოს მზადყოფნას გაწევრიანების კუთხით.

ვინაიდან პაუზას არ აკეთებენ, თუნდაც 1 თვის განმავლობაში, ამას ივანიშვილი წყვეტს. ივანიშვილის ხუშტურები, მისი იმპულსური რეაგირებაა, ალბათ, დაურეკა ღარიბაშვილს და კობახიძეს: „დასაჯეთ ეს ქალი, ჩემი ხელით მოყვანილია, არ გახსოვთ პირველ ტურში წააგო, ჩვენ დავსვით ეს უმადური“. მეორე მხრივ, სტრატეგიული ხაზი იქნებოდა, რომ არ უნდა გავუშვათ ხელიდან ევროკავშირის და დასავლეთის ლანძღვა. იმპიჩმენტი ლანძღვის კიდევ ერთი ფორმაა“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა