ბაჩო დოლიძე - პარტიის ახალი მენეჯმენტი უნდა ხვდებოდეს ამომრჩეველს და არა ვიღაც ფულის ტომრებს - წარმოუდგენელია ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა მხოლოდ ფულით, არსებული რეჟიმის კეზერაშვილის მმართველობით ჩანაცვლების იდეის მომწიფება შეძლონ

კონსულტაციებს უნდა მართავდე ქართველ ხალხთან. [„ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტი] უნდა ხვდებოდეს ქართველ ამომრჩეველს და არა ვიღაც ფულის ტომრებს, ვისაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფულია საჭირო იმისთვის, რომ ბიძინა დაამარცხონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ პარტიის იმ წარმომადგენელთა ქმედებების შეფასებისას განაცხადა, რომლებიც კვიპროსში, დავით კეზერაშვილსა და არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებს შეხვდნენ.

როგორც ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში აღნიშნა, წარმოუდგენელია ისეთი კონსულტანტების არსებობა და წარმოუდგენელია, რომ ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებს იმდენი ფული ჰქონდეთ, რომ ქართულ საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი რეჟიმის კეზერაშვილი-მერაბიშვილის მმართველობით ჩანაცვლების იდეის მომწიფება შეძლონ.

ბიძინა ივანიშვილს ებრძვი იმ იარაღით, რომელიც ყველაზე თანამედროვე აქვს თვითონ. ბიძინას ხომ ფულით ვერ მოუგებ, გამორიცხულია! ამიტომ უნდა მოუგო ჩვენი საზოგადოების განწყობით. სრული უპერსპექტივობაა ქვეყანაში და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი და იარაღი ბიძინასთან ბრძოლის. როდესაც შენი საზოგადოების მხრიდან ამხელა დაკვეთაა, რომ არ უნდა არავის ამ რუსულ გუბერნიაში ცხოვრება, რატომ მახვევ თავს ამ რუსულ პოლიტიკას? რამდენჯერაც ეს რუსული ვექტორი გაავლეს, იმდენი აქცია, დაპირისპირება და უკურეაქცია გამოიწვია საზოგადოების მხრიდან. როდესაც 90% მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად პროდასავლური უნდა იყოს ჩვენი ხაზი, ეს არის მთავარი იარაღი და არა ვიღაც კონსულტანტები თუ ბიძინას კარზე ბიზნესმენები.

იმდენად დიდია დაკვეთა საზოგადოების მხრიდან, რომ ეს ხელისუფლება უნდა იყოს შეცვლილი, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ ცვლილება უნდათ, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავენ ეს ადამიანები. ალტერნატივას ეძებენ, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ პოულობენ, ვერ სთავაზობენ, ვერც შენ სთავაზობ, სამწუხაროდ, ამ მოცემულობაში. რას ეუბნები, რომ არ მინდა ივანიშვილი და აგერ, კეზერაშვილსა და მერაბიშვილს მოგიყვან ? ვინ წამოვა მაგაზე?! რა კონსულტანტი უნდა გყავდეს ასეთი ან რა ფული უნდა ჰქონდეს ბიძინას კარზე მყოფ ბიზნესმენს, რომ ეს აზრი ასე მასიურად შეუცვალო ამ ხალხს?!“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კითხვაზე, თუ ამდენი რამე არის კრიტიკის საგანი მისი მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“, რატომ არ ტოვებს ის პარტიას, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება რომ იყოს, ხვალვე შექმნიდა ახალ პარტიას.

„ეს არ არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, გუნდური თამაშია, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ხვალვე გავაკეთებდი ახალ პოლიტიკურ პარტიას. გვყავს ადამიანები, ვისთანაც გვჭირდება კომუნიკაცია, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია. ეს არის პროცესი, სადაც მნიშვნელოვანია გუნდური გადაწყვეტილება იქნას მიღებული და არა ინდივიდუალური, თორემ ინდივიდუალურ გადაწყვეტილების დროც დადგება და არ გავურბივარ ამას“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

რაც შეეხება იმას, დაიწყება თუ არა აქციები იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი კვლავ გადაწყვეტს საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭოს, დოლიძემ აღნიშნა, რომ უკმაყოფილება იქნება თუმცა ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ მივა რაიმე სახის გადატრიალებამდე.

„ერთ წელიწადში როცა შენ გაქვს არჩევნები და ამავე დროს რაღაც გადატრიალებაზე ლაპარაკობ, ეს არის სრული აბსურდი. ძალიან რთულია ამ პირობებში მიიღოს კანდიდატის სტატუსი სახელმწიფომ, როდესაც ვხედავთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არის თავიდან ბოლომდე პრორუსული და ჩვენ კანდიდატის სტატუსს ევროპა გვაძლევს, რუსეთი კი არაა. ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს დასავლეთი ჩვენთან მიმართებით- თუ გაითვალისწინეს, რომ ქართველი ხალხის ფაქტორი აბსოლუტურად სხვა არის, განწყობა სულ სხვა არის და ეს არის დროებითი ხელისუფლება, რომელიც ვიცით, რომ ერთ წელიწადში უნდა გადავირჩიოთ და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გადავირჩევთ, მაგრამ მანამდე მისასვლელი გზა ურთულესია. კანდიდატის სტატუსი ამ პოლიტიკურ პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. პროტესტიც იქნება და უკმაყოფილებაც იქნება, მაგრამ ეს რომ რაღაც გადატრიალებამდე მივიდეს, ზღაპარია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
ახალი დოკუმენტური ფილმი „32 წუთი“ და წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გზა მსოფლიო არენაზე