ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2023

ვახტანგ ძაბირაძე - “ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების არა სრულად შეცვლა, არამედ კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება”

პესიმისტური სიგნალები კიევიდან - შევიდა თუ არა ომი ჩიხში და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები

თენგიზ ფხალაძე - “როგორ იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი”

ომი საარჩევნო სიაში მოსახვედრად - სააკაშვილის განცხადებამ ოპოზიციაში დაბნეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია

კორნელი კაკაჩია - “არ გვაქვს იმის ფუფუნება, ფეხები ვაბაკუნოთ, სტატუსი ახლა არ მოგვცენ, რათა “ოცნებამ” საარჩევნოდ არ გამოიყენოსო”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების არა სრულად შეცვლა, არამედ კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება”

“ხელისუფლების მტკიცებას, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს სტატუსს, ნამდვილად არა აქვს საფუძვლად ის, რომ ქვეყანამ დავალება, რომელიც ევროკომისიისგან მიიღო, პირნათლად შეასრულა. საქმე ისაა, რომ თავიდანვე, ანუ როცა საქართველოს პირველ ჯერზე უარი ეთქვა სტატუსზე, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, ახლაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით მოუწევთ ევროპელებს დასკვნების გაკეთება. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ცხადი გახდა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი. რა თქმა უნდა, სტატუსს მოგვცემენ გარკვეული დათქმებით. ჩვენს ხელისუფლებას არავინ ეტყვის, კარგი ბიჭები ხართ და იმიტომაც გაძლევთ სტატუსსო. გარდა გეოპოლიტიკური ვითარებისა, ევროპელები ხედავენ იმასაც, თუ რამდენად ძლიერია დასავლური კურსის მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში. მარტის აქციებმა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის სულისკვეთება ყველას კარგად დაანახა“, - აცხადებს ექსპერტი ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გადადგება თუ არა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან საპარლამენტო არჩევნების წინ?!

“გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველოსთვის სტატუსზე კვლავ უარის თქმას რუსეთი აღიქვამს როგორც საკუთარ წარმატებას და შეეცდება უფრო მეტად მოაქციოს ჩვენი ქვეყანა თავის გავლენაში. ამ ყველაფერს ხედავენ ჩვენი პარტნიორები, გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მიიღებენ. ხელისუფლებაც ხედავს ამ ყველაფერს და დაბეჯითებით იმიტომაც აცხადებს, სტატუსს მივიღებთო, თან ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს მათ დაიმსახურეს, რადგან თითქოს შეასრულეს ევროკომისიის რეკომენდაციები. მოკლედ, ყველანაირად შეეცდებიან, ეს საკუთარ წარმატებად გაასაღონ. არადა, სტატუსს თუ მართლაც მოგვცემენ, მოგვცემენ დიდწილად იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან მძლავრი პროდასავლური განწყობა, ამასთანავე, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება. ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიცია ტყუის, როდესაც ამბობს, სტატუსს მისცემენ ხალხს და არა ხელისუფლებასო. “ქართული ოცნება” ამტკიცებს, ჩვენ და ხალხი რამ გაგვყო, ჩვენ ვართ ამ ხალხის არჩეულიო, რაც ასე არ არის...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თუ გავიხსენებთ 2020 წელს, როდესაც არჩევნები გაიმართა, “ქართული ოცნების” დასავლეთისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვა იყო, რაც მკვეთრად 2022 წლის თებერვლიდან შეიცვალა, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ომის დაწყების პირველივე დღეებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში გააკეთა განცხადება, რომელიც შეიძლება ითქვას, რუსეთის მხარდამჭერი უფრო იყო. გახსოვთ, ალბათ, თქვა, ომი უკრაინაშია და ჩვენ ჩვენი საქმეები გვაქვსო. ამის მერე ხელისუფლებამ სრულიად გაუგებარი პოლიტიკის გატარება დაიწყო - ვითომ ბალანსის დაცვას ცდილობდნენ, თუმცა ამით აშკარად აქეზებდნენ პრორუსულ ძალებს და უპირისპირდებოდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ასე რომ, ხელისუფლება დაშორდა ხალხს, იმ ამომრჩეველს, რომელმაც 2020 წელს მხარი დაუჭირა და დღეს გვაქვს სრულიად სხვა რეალობა. ხელისუფლება აღარ გამოხატავს უმრავლესობის ინტერესებს, რასაც მოწმობს ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მეც დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვფიქრობ, ხელისუფლება კარგად ხვდება, თუ როგორ დაშორდა ხალხს, თუმცა იმედოვნებს, რომ ძალოვან უწყებებზე დაყრდნობითა და სახელისუფლებო პროპაგანდით შეძლებს საზოგადოების უკმაყოფილო ნაწილის დაშოშმინებასა და მოთოკვას. ერთხანს მეც ვფიქრობდი, რომ სტატუსზე უარის შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლები იქნებოდა, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და, იმ მასშტაბის და იმგვარი არ იქნება, რომ ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას. თუმცა თვითონ “ქართულ ოცნებაში” აშკარად ეშინოდათ ამის, მაგალითად, მდინარაძის განცხადებაც ნამდვილად ამას აჩვენებს. არა მგონია, რომ ეს ამ ეტაპზე იმდენად კრიტიკულ ზღვარზე იყოს, რომ მასშტაბურ პროტესტად იქცეს.... ე.წ. კარვების კანონის მიღება იყო იმის ნიშანი, რომ ეშინოდათ ხალხის პროტესტის. როცა ნახეს, რომ ჯერ მსგავსი არაფერი ემუქრებათ და სტატუსსაც მივიღებთ, გადადეს ვეტოს დაძლევა და ამით თავისი შიში გულწრფელად აღიარეს. თუმცა ამ კანონს მაინც მიიღებენ, ანუ ვეტოს დაძლევენ, იმიტომ, რომ არჩევნების შემდგომ ჩვენს ქვეყანაში რა პროცესები განვითარდება, არავინ იცის... სიმშვიდე რომ არ იქნება, უკვე ჩანს” - ამტკიცებს ექსპერტი.

“ჩვენში, ყველა ხელისუფლების პირობებში, ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა კორუფცია იყო. შეიძლება ითქვას, დღეს ამან პიკს მიაღწია. მართალია, საყოველთაო კორუფცია ჯერ არ არის, თუმცა ამის ნიშნებიც უკვე ჩანს, სამაგიეროდ, ელიტური კორუფცია სულ უფრო მასშტაბური ხდება... ყოვლად შეურაცხმყოფელია ის დამოკიდებულება, რასაც პარლამენტის ტრიბუნიდან ვისმენთ, როდესაც, ერთი მხრივ, პარლამენტი სიძულვილის ენის შეზღუდვაზე საკანონმდებლო ცვლილებებს იღებს, მეორე მხრივ კი უმრავლესობის დეპუტატები შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და ისეთი სიძულვილით მოიხსენიებენ ოპონენტ კოლეგებს, გაოგნებული ვრჩებით. ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც სურს, სხვისი აზრის გაუთვალისწინებლად... ყველაფერი ჯამურად ძალიან უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე. მოსახლეობაში ნეგატიური განწყობა ნელ-ნელა ძლიერდება და სოციალური ინიციატივები ამას ვერ გააქარწყლებს. დარწმუნებული ვარ, საარჩევნოდ ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტი მნიშვნელოვნად გადახალისდება. ვფიქრობ, შეიცვლება ღარიბაშვილიც და ამაზე ივანიშვილი უკვე ფიქრობს. მაგრამ კადრების შეცვლა ვერაფერს შეცვლის, მთელი პოლიტიკური სისტემა და სქემა, მთელი მიდგომებია შესაცვლელი”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი საყოველთაო კორუფცია სააკაშვილის დროს ელიტურად იქცა, ივანიშვილის ხელისუფლებამ კი ის მემკვიდრეობად მიიღო, შეითვისა და კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. ეს ყველაფერი ქვეყანაში ქმნის უსამართლობის განცდას, რაც მზარდია. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა უარყოფითი მუხტის დაგროვება, არ ვიცი, გაზაფხულზე რა პროცესები დაიწყება. ერთად­ერთი, რაზეც დღეს ხელისუფლება დგას, არის სუსტი ოპოზიცია და “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ისეთივე მიუღებელია საზოგადოების 2/3-ისთვის, როგორც “ქართული ოცნება”. ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს ერთი რამ - არსებული პოლიტიკური ვითარება შეიძლება გამწვავდეს და “ქართულ ოცნებას” შეექმნას პრობლემები, მაგრამ ამით ოპოზიციაში ძალთა განლაგება არსებითად ვერ შეიცვლება. როგორც არ უნდა დაიყოს “ნაციონალური მოძრაობა”, ის აუცილებლად გადალახავს 5%-იან ბარიერს, ისევე როგორც “ქართული ოცნება”. დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრში ახლა იმაზე უნდა იფიქრონ, როგორმე მოახერხონ სხვა ძალებმაც ბარიერის ისე გადალახვა, რომ დღის წესრიგში დადგეს კოალიციური მთავრობის შექმნა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“საზოგადოებაც უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების არა სრულად შეცვლა, არამედ კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება, რათა ქვეყანაში დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა, რასაც კომუნისტებიდან მოყოლებული ვერაფრით დავუსვით წერტილი. ამას კი ყოველთვის მოჰყვება როგორც ავტორიტარული, ისე კორუფციული პროცესები. ერთპარტიული მართვა ნიშნავს იმას, რომ ფერხდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ოპოზიციას ამის ელექტორალური რესურსი ნამდვილად აქვს, მაგრამ ამას ათვისება სჭირდება. ქართველი საზოგადოება მიჩვეულია, რომ მოდის ხოლმე ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინას სრულად ანაცვლებს - დღეს ეს ვეღარ მოხდება. ამას სჭირდება ახალი ლიდერი, ისეთი, როგორიც თავის დროზე სააკაშვილი იყო, შემდეგ - ივანიშვილი... ასეთი ლიდერი არათუ ჰორიზონტზე არ ჩანს, სფეროც კი არ არის, საიდანაც შეიძლება მისი აღმოცენება ვივარაუდოთ. დღეს ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანაა ერთპარტიული მმართველობის დასრულება. თუ ჩვენ ამას გავაცნობიერებთ, ძალიან კარგი იქნება. თუ კვლავ დავრჩებით ორპოლუსიან გარემოში, ეს როცა იქნება, დასრულდება, მაგრამ შეიძლება დასრულდეს სამოქალაქო დაპირისპირებით, რაც ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეული იქნება...” - განმარტავს ექსპერტი.

“რაც შეეხება სააკაშვილს, მან ციხიდან თავის დახსნის ყველა გზა მოსინჯა, მაგრამ არაფერმა უშველა, არც შიმშილმა, არც ავადმყოფობამ, არც ევროპარლამენტარების განცხადებებმა... ახლა ცდილობს ისევ იაქტიუროს და პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას, მაგრამ არც ამ მიმართულებით უნდა ჰქონდეს დიდი წარმატების იმედი. ის ციხეში დარჩება მანამ, სანამ მისი გათავისუფლება “ქართულ ოცნებას” არ დასჭირდება... რაც შეეხება მის განცხადებას, მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ პირებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრებიო, ჩემი აზრით, ვინც არ უნდა შეიყვანონ სიაში, არაფერს შეცვლის, “ნაციონალური მოძრაობა” მიიღებს იმ მხარდაჭერას, რაც სტაბილურად აქვს ბოლო წლებში. მას ამომრჩევლის გაზრდის რესურსი აღარ აქვს, მით უფრო, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ აქტიურად გამოჩნდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი თუ კეზერაშვილი...” - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “გია ხუხაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი გახდება ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ორთქლმავალი...” - პასუხობს:

“არ ვიცი, ბატონი გია ამ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში რას გულისხმობს, მაგრამ თუ ასეთი რამ მართლაც შეიქმნება, ეს უნდა მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე. მართალი ხართ, ზურაბიშვილის რეიტინგი ბოლო დროს გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ მან სწორი პოზიცია დაიჭირა უკრაინასთან, დასავლეთთან თუ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. მას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ თუ გარკვეულ ძალებს შეკრებს, გადალახოს 5%-იანი ბარიერი, რაც ნამდვილად კარგი იქნება, თუმცა მოუწევს გადადგეს პრეზიდენტობიდან, მაგრამ ამისთვის უნდა შეირჩეს ოპტიმალურად მნიშვნელოვანი დრო და სწორი არგუმენტები. ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს მის დისკრედიტირებას, მაგრამ ჯერ ვერაფერს ახერხებს, პირიქით, მისი კრიტიკა პრეზიდენტის რეიტინგს ზრდის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვერაფერს გამოვრიცხავთ, არჩევნების წინ შესაძლოა მართლაც მეტად საინტერესო კონფიგურაცია მივიღოთ”.

პესიმისტური სიგნალები კიევიდან - შევიდა თუ არა ომი ჩიხში და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები

“ბოლო დროს როგორც დასავლეთში, ისე უკრაინაში სულ უფრო ხშირად კეთდება პესიმისტური განცხადებები ომის მიმდინარეობასა და უკრაინის პერსპექტივასთან დაკავშირებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადების შემდეგ ეს ტენდენცია უფრო თვალსაჩინო გახდა. დასავლური მედია იმასაც კი წერს, რომ აშშ და ევროკავშირი უკრაინასთან უკვე იმას განიხილავენ, თუ რამდენად მიზანშეწონილია სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება რუსეთთან და რისი დათმობა მოუწევს ამ შეთხვევაში ოფიციალურ კიევს. ამის პარალელურად კი ფრონტზე სამბრძოლო მოქმედების ინტენსივობა თანდათან იკლებს და და მხარეები ძირითადად საჰაერო იერიშებით შემოიფარგლებიან. სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს პესიმიზმი რამდენიმე გარემოებითაა განპირობებული. პირველი ისაა, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს უპირატესობა აქვს, ამისთვის კი თავის ბერკეტებს იყენებს როგორც პოლიტიკური, ისე მედიაზე გავლენის თვალსაზრისით. მეორეს მხრივ კი, ანალიტიკოსების აზრით, პრობლემა შეიარაღების მხრივ მართლაც არსებობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პესიმისტური სიგნალები კიევიდან - შევიდა თუ არა ომი ჩიხში და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

“რაც შეეხება “ეკონომისტში” გამოქვეყნებულ ზალუჟნის წერილს, სადაც იგი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება ჩიხში შევიდა, ამავე სტატიაში აღნიშნა, რომ ოკუპანტებთან ბრძოლაში ”ღრმა გარღვევა არ მოხდება” და უკრაინას გამარჯვებისთვის უახლესი სამხედრო ტექნოლოგიები სჭირდება. ზალუჟნი დასძენს, რომ იმის იმედი, რომ რუსეთს საკუთარი ჯარისკაცების სისხლის დაღვრა შეაჩერებდა, შეცდომა იყო. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამხედრო და პოლიტიკიურ წრეებში. სამხედრო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ქართველები ანალიტიკოსებიც, მიიჩნევენ, რომ ჩიხში არა ომი, არამედ უკრაინელთა კონტრშეტევა შევიდა, რომელზეც პოლიტიკურად დიდ იმედებს ამყარებდნენ, მათ შორის დასავლეთშიც, რაც, ანალიტიკოსების თქმით, დიდი შეცდომა იყო, რადგან რუსეთთან ომი უფრო ხანგრძლივ დროსა და გამოფიტვაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. ამასობაში კი, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, საბრძოლო მოქმედებები ძირითადად დრონებისა და რაკეტების დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა უშუალოდ ფრონტზე კვლავ რჩება ცხელი წერტილები - ავდეევკასთან რუსები უტევენ, ხოლო ზაპოროჟიეში, ხერსონსა და ბახმუტში უკრაინას აქვს ტაქტიკური უპირატესობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის თქმით, ზალუჟნის წერილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც ადასტურებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას. ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანალიტიკოსებმა კი მისი შეფასებისას განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი უფრო ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ ომი “თანდათანობით გადადის პოზიციურ ფორმატში”. მათი თქმით, ამ სიტუაციის მოსაგვარებლად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საჰაერო უპირატესობა სჭირდებათ, რომ რუსეთის თავდაცვითი ზღუდეები ღრმად გაირღვეს. აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინის დახმარევის გამოყოფას აშშ-დან გარკვეული წინაღობები შეექმნა. გასულ კვირას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი, სადაც უკრაინა ნახსენები არაა. საუბარი იყო იმაზეც, რომ დიდი ალბათობით პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს უკრაინის გარეშე ისრაელის დახმარების კანონპროექტს, თუმცა დემოკრატები აცხადებენ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს სენატში არ განიხილავენ. ამჯერად აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადასცემით შემოიფარგლა”, - განაგრძობს გამოცემა.

“პესიმიზმის კიდევ ერთი ნიშანი “ენბისის” მიერ გავრცელებული ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან კონსულტაციები დაიწყეს. როგორც მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, საუბარია იმაზე, თუ რაზე შეიძლება მოუწიოს უარის თქმა უკრაინას სამშიდობო შეთანხმების მისაღწევად. ერთ-ერთი ასეთი დელიკატური განხილვა გასულ თვეს “რამშტაინის” ფორმატში გამართული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისას შედგა. ანონიმური წყაროს თქმით, ეს დისკუსიები დაიწყო ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნების შეშფოთების ფონზე, რომ ომი ჩიხში შევიდა. თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საჯარო განცხადებებში რუსეთთან მოლაპარაკებას გამორიცხავს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მასზე არავინ ახორციელებს ზეწოლას, როგორც ეს იყო საომარი მოქმედებების დასაწყისში”, - დასძენს გამოცემა.

“უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალესეი არესტოვიჩი კი პრეზიდენტ ზელენსკის დაუპირისპირდა და აკრიტიკებს იმაზე, რომ ტყუილი იყო საუბრები “სწრაფ გამარჯვებაზე” და უკრაინას ომის მოგების შანსი არც არასდროს ჰქონია. 1-ლ ნოემბერს მან პოლიტიკური პროგრამა გამოაქვეყნა და არ მალავს, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს. “ჩვენს სწრაფ და ლამაზ გამარჯვებაში რიგითი მოქალაქის დარწმუნებაზე პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი პირადად მე მეკისრება. იმ დროს შევქმენი ილუზია, რათა გადავრჩენილიყავით. დღეს კი (ამ ილუზიას) ვანგრევ, რათა გადავრჩეთ”, - წერს “ტელეგრამზე” არესტოვიჩი. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა ჯერ არ ჩანს და დიდი ალბათობით, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს, რისთვისაც შეიარაღებაა საჭირო. ხოლო სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ომის გაგრძელებასთან დაკავშირებული პესიმიზმი რამდენიმე მიზეზს უკავშირდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩიხში ომი არ შესულა, ჩიხში კონტრშეტევა შევიდა, რომელზეც პოლიტიკურად დიდი გათვლა ჰქონდათ და იმედები დაამყარეს, რაც დიდი შეცდომა იყო. ასეთი სწრაფი კონტრშეტევით რუსეთის უკან დახევა მალე ვერ მოხერხდებოდა. თავიდანვე ჩანდა, რომ ეს გრძელვადიანი ომი იყო და გრძელვადიანი გამოფიტვის სტრატეგიით გაკეთდებოდა აქცენტი გამარჯვებაზე. ახლა რასაც ჩვენ ვუყურებთ, უკრაინას არჩევანი აქვს, რომ მაღალი ინტენსივების კონფლიქტი, ანუ ბრძოლა გააგრძელოს. ამისთვის მას შეიარაღება და სხვა საშუალებები სჭირდება, რომელიც ძალიან მწირია, რაოდენობის მხრივ ძალიან გაჭირდა. რაც შეეხება მოლაპარაკებების შესაძლო დაწყებას, ჯერ ამის წინაპირობა არ ჩანს. ჩემი აზრით, კონფლიქტის გაგრძელება აუცილებელია, თუმცა აშშ-ში დახმარების თვალსაზრისით ძალიან ტოქსიკური პოლიტიკაა, ეს კი ამ პროცესს სერიოზულად ვნებს. ომის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინას ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდიონოს. ომის შეწყვეტის შემთხვევაში კი ხელში შერჩება გაყინული კონფლიქტი და ეს კი პირველ რიგში უკრაინისთვის კარგს არაფერს მოასწავებს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“ამ პესიმიზმს რამდენიმე მიზეზი აქვს. საერთაშორისო მედიაში გარკვეული პუბლიკაციები კრემლის კარგად ორგანიზებული ოპერაციაა. მაგალითად, „თაიმი" წერს ვინმე შუსტერზე დაყრდნობით, რომ თითქოს უკრაინა ომს აგებს. არის მეორე ვარიანტი - ზალუჟნის განცხადება. ის საკმაოდ ძლიერი ლიდერია და უკრაინაში აზრი ორად გაიყო. ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს განცახდება არ უნდა გაეკეთებინა, მეორე ნაწილმა კი თქვა, რომ ეს აუცილებელი იყო, რასაც ვეთანხმები. ზალუჟნიმ რეალისტური სურათი დადო - რომ ეს ომი ყოველგვარი ილუზიების გარეშე უნდა შეფასდეს. თუმცა მისი განცხადებისგან ისიც ჩანდა, რომ ეს ომი გრძელვადიანი იქნება, რასაც მეც ვამბობდი, ეს სკეპტიკური კი არა რეალური ვარაუდებია. მან ფაქტიურად თქვა, რომ ამ გრძელვადიანი ომის პირობებში უკრაინას აქვს შანსი, რომ გამარჯვებული გამოვიდეს - ესაა ზალუჟნის მთავარი ფაბულა. მესამე მიზეზი ისაა, რომ 2024 წელს უკრაინას არჩევნები უწევს. მგონია, რომ მაინც ჩატარდება, რადგან ზელენსკის ხელისუფლება ცდილობს, რომ დემოკრატიული პრინციპები შეინარჩუნოს. ზელენსკის კონკურენტი ეყოლება არესტოვიჩის სახით. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ამ კამპანიაში ზალუჟნიც ჩაერთოს და ერთ-ერთ კანდიდატად ვიხილოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“არესტოვიჩი ზელენსკის ღიად გადაუდგა და აკრიტიკებს. მისი განცხადებების სულისკვეთება იქითკენაა მიმართული, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს. იგი ამას რამდენიმე ხნის წინ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მის უკან ვინ დგას, უცნობია. რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირს ვერ ვიეჭვებ, რადგან ეს ისეთი პიროვნება არაა, თუმცა არ გამოვრიცხავ მოლაპარაკებები და პაუზა იმისთვის უნდოდეს, რომ არჩევნები ჩატარდეს. მას უკრაინის მოსახლეობაში გარკვეული მხარდაჭერა აქვს, განსაკუთრებით რუსულენოვან ელექტორატში. „ჰუმანიტარულ საკითხზე რუსეთ-უკრაინის მოლაპარეკებები ისედაც მიდის, თუმცა პოლიტიკურ ნაწილშიც რომ დაიწყოს, ამას არ გამოვრიცხავ. ორივე მხარეს სჭირდება ტაიმ-აუტი, რუსეთს უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე უკრაინას, რადგან ჯერჯერობით გაურკვეველია პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს თუ არა საშუალებას კენჭი იყაროს, თუ პოლიტიკური მემკვიდრე ეყოლება. ორივე მხარეს ესმის, რომ ტაიმ-აუტის აღება აუცილებელია. ორივე ქვეყანაში არჩევნები უწევს, რომელმაც შესაძლოა ორივე მხარეს ვითარება ფუნდამენტურად შეცვალოს. შესაძლოა ამის გათვალისწინებით მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიონ საომარი მოქმედებების დროებით შეჩერების შესახებ, შემდგომი გაგრძელების თვალსაზრისით, რადგან უკრაინული მხარე დათმობას არ აპირებს. რუსეთის მოტივაცია გაურკვეველია, თუმცა ისინიც არ მგონია გაჩერდნენ”, - თვლის მაისაია.

თენგიზ ფხალაძე - “როგორ იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი”

“დაპირისპირება მწვავდება და ისრაელზე თავდასხმამ ეს ძალიან გამოკვეთა, უფრო მწვავე ფაზაში გადავიდა. ეს არის ცივილიზებული სამყაროს ბრძოლა ავტორიტარიზმთან, ტერორიზმსა და იმ ბევრ სხვა პრობლემასთან, რაც ჯერ კიდევ აქვს XXI საუკუნის მსოფლიოს. ეს არის ახალი გეოპოლიტიკური, ახალი მსოფლიო წესრიგის ძიება. უსაფრთხოების ის არქიტექტურა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ერთხანს თავის როლს ასრულებდა, მაგრამ XXI საუკუნემ ნათლად დაგვანახა, რომ ის აღარ შეესაბამება მისთვის წაყენებულ მოთხოვნებსა და ფუნქციებს როგორც ევროპული, ასევე გლობალური მასშტაბით. ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არიან ეუთო და გაერო, ვეღარ ახდენენ კონფლიქტების პრევენციას, ვეღარ აღკვეთენ და ამის მაგალითია სამხედრო დაპირისპირება უკრაინასა თუ ისრაელში, ადრე კი საქართველოში”, - აცხადებს ექსპერტი, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორ იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი.

“მაქსიმუმი, რასაც ეს ორგანიზაციები ახერხებდნენ, იყო კონფლიქტების გაყინვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტას, პირიქით, რიგ შემთხვევაში ეს უფრო ამძიმებდა რეალობას და კონფლიქტები უფრო მწვავედ და უფრო მასშტაბიანად განახლდება ხოლმე. ამ ორგანიზაციების გვერდის ავლით იწყება ახალი კონფლიქტები და მთავრდება ძველი. ამის მაგალითია ყარაბაღი, სადაც კარგად გამოჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციების უუნარ­ობა. სამაგიეროდ, აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო ალიანსმა გაცილებით ეფექტურად იმუშავა. აზერბაიჯანი სწორედ თურქეთთან პარტნიორობამ მიიყვანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ცხადია, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას და ამიტომაც მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ძიება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ - ერთი მხრივ, არის რეტროგრადული იმპერია, რუსეთი, რომელიც ცდილობს სხვებისთვის ტერიტორიების წართმევას, ე.წ. მართვადი კონფლიქტებით გავლენის ზონების გაფართოებასა და შენარჩუნებას, და მეორე მხრივ, არის მოვლენა, რომლის აღკვეთა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ - ეს არის ტერორიზმი, რომლის გამოვლინება ამჟამად არის “ჰამასი” და ის, რაც დღეს ხდება ისრაელში. ამ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროს ლიდერობას, ერთიანობას და ურყევ ნებას, რომ ის არასოდეს შეურიგდება ტერორიზმს, ტერიტორიების წართმევას, ანექსიებს, ოკუპაციებს, მართვად კონფლიქტებს, არ დაუშვებს კონფლიქტების გეოგრაფიის გაფართოება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ერთიანობაზეა ლაპარაკი მხოლოდ განცხადებების დონეზე არ უნდა დარჩეს, უნდა გამოიხატოს ქმედებებში... საერთაშორისო ორგანიზაციების უუნარობამ სამყარო გადააჩვია კრიზისებზე ეფექტიან რეაგირებას. ამისთვის ქვეყნები დიდ ფულს იხდიდნენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მაგრამ უცბად აღმოჩნდა, რომ კრიზისზე რეაგირების ის მექანიზმები აღარ ვარგა, ახლის მოფიქრებასა და ძველის ჩანაცვლებას კი დრო სჭირდება. დღეს ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, აჩვენებენ თავიანთ ლიდერობას. საინტერესო იყო “ჰესბოლას” ლიდერის გამოსვლა, რომელმაც მიუხედავად მოლოდინისა, რომ გამოაცხადებდა ომში ჩაბმას, ეს არ გააკეთა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ “ჰესბოლა” კონფლიქტში რაიმე ფორმით არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ აშკარა კონფრონტაციაზე წასვლა, რაც მოსალოდნელი იყო, ვერ გარისკა. ეს იმის შედეგია, რაც ბოლო პერიოდში გააკეთა შტატებმა”, - ამბობს ექსპერტი.

“საერთაშორისო ორგანიზაციების რეორგანიზებაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, მათ შორის თუნდაც გაეროს რეფორმისთვის, მაგრამ მიაჩნდათ, რომ უნდა მომხდარიყო მოდერნიზება უკვე არსებული საფუძვლების, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ისინიც შერყეულია. გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი შემთხვევით ხომ არ გაჩენილა? ეს არის 5 ძლიერი სახელმწიფო, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ ვეტოს უფლება აქვთ, დიდი პასუხისმგებლობაც აკისრიათ. არავინ ელოდა, რომ ამხელა პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა, რუსეთი, წითელ ხაზებს გადაკვეთდა. ეს არ იყო მხოლოდ შეჭრა უკრაინაში, ეს არის ბირთვული შეთანხმებების ხელშეკრულებებიდან, ბირთვულ გამოცდებზე მორატორიუმიდან გამოსვლა - ანუ შეირყა საფუძვლები, რაზეც ეს სისტემა იდგა. ეს გაცილებით ღრმა პრობლემაა... ამიტომ პატარა ქვეყნები მარტო არ უნდა დარჩნენ: დღეს, როდესაც უსაფრთხოების საერთაშორისო არქიტექტურა არ მუშაობს, პატარა ქვეყანა პირველად ხდება დარტყმის ობიექტი, მას დიდი ქვეყანა გადაყლაპავს”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.

“ამიტომ პატარა ქვეყანა უნდა ეცადოს, რომ არ დარჩეს ალიანსის ბორტს მიღმა და იყოს იქ, სადაც მისი უფლებები, იდენტობა იქნება დაცული და მიუხედავად იმისა, რომ ის პატარა ქვეყანაა, არ დაკარგავს თავის უნიკალურობას, ხმის უფლებას, არ იქნება სხვისი პოლიტიკის ნაწილი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. თუკი რამემ აჩვენა მდგრადობა ამ კრიზისების მიმართ, ეს ევროკავშირი და ნატოა, მიუხედავად არსებული უამრავი პრობლემისა, რომელიც ორივეს აქვს. ორივემ აჩვენა, რომ შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისს. ევროკავშირმა კრიზისს ერთიანობით და გაფართოების ახალი შესაძლებლობებით უპასუხა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ნატომაც ნათლად დააფიქსირა, რომ მისი კარი ღიაა ახალი ქვეყნებისთვის. ძალიან კარგია ისიც, რომ ალიანსი არ აპირებს მხოლოდ რეაგირების რეჟიმში ყოფნას და ის უფრო აქტიურად იმოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონის სამიტი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დღეს ნატოს დღის წესრიგში დგას თავდაცვისუნარიანობის ფინანსირების გაზრდა. სახელმწიფოები უკვე 2%-ზე კი არა, 4-5% ლაპარაკობენ (იგულისხმება ქვეყნის მიერ ბიუჯეტიდან თავდაცვისთვის გამოყოფილი წილი). ეს არის ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ.”, - თვლის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

“დღეს ნატოს დღის წესრიგში დგას თავდაცვისუნარიანობის ფინანსირების გაზრდა. არის ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უკრაინას ნატო იცავს - ეს არის დაცულობა მე-5 მუხლის გარეშე. კერძოდ, ვგულისხმობ შეიარაღების, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, საფრთხეების შეფასებაში დახმარებას, ტექნოლოგიურ, მეთოდოლოგიურ დახმარებას, დაფინანსებას და ა.შ. უკრაინა სწორედ იმის მაგალითია, როგორ შეიძლება ნატომ მე-5 მუხლის გარეშე დაიცვას არაწევრი სახელმწიფო. ხოლო უკრაინის სასწაფოდ ალიანსში გაწევრიანებას ნატო ვერ მოახერხებდა, რადგან მოწვევა რომც გამოაცხადოს, ამას სჭირდება ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტის მიერ რატიფიცირება - ანუ პროცედურულად შეუძლებელია...” - განმარტავს თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “საქართველოს ვაშინგტონის სამიტზე რა შანსი აქვს?” - პასუხობს:

“ძალიან სერიოზული. აშშ-მა კიდევ ერთხელ გაააქტიურა დისკუსიები შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. სენატში აქტიურად განიხილებოდა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო პორტის გადმოტანის, როგორც პოტენციური საფრთხის საკითხი. ამიტომაც საქართველოს, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან სერიოზული შანსი... ის , რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები დგანან თბილისიდან 40 კილომეტრში არა მგონია, ეს დაუძლეველი არგუმენტი იყოს, მით უმეტეს, პოლიტიკურ დონეზე გაწევრებაზე ფუნდამენტური დისკუსია არ ყოფილა, იყო მხოლოდ მაპ-ის მოცემა-არმოცემაზე. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველომ დღეს უპირველესად უნდა იხელმძღვანელოს იმ რეალობით, რაც შეიქმნა მადრიდის სამიტის შემდეგ, ხოლო მადრიდის სამიტმა გვაჩვენა, რომ ქვეყნები შეიძლება მაპ-ის გარეშეც იქნენ მიწვეული ალიანსში და ამის მაგალითია ფინეთი და შვედეთი. უნდა შევეცადოთ, რომ ეს პრეცედენტი გამოვიყენოთ, გამოვიყენოთ ის, რომ გააქტიურდა დისკუსიები შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და მოვითხოვოთ დაცულობის მეტი გარანტია. თუ ეს ორი, პოლიტიკური და პრაქტიკული კომპონენტი, შევაერთეთ და დავამატეთ აქტიური კომუნიკაცია ყველა წევრ სახელმწიფოსთან, მაშინ ჩვენი შანსი ერთი-ორად იზრდება”.

ომი საარჩევნო სიაში მოსახვედრად - სააკაშვილის განცხადებამ ოპოზიციაში დაბნეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია

“ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებისადმი მიმართვაში წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სია ახალი სახეებისგან უნდა შედგებოდეს - ისეთი ადამიანებისაგან, ვინც პარლამენტის წევრი არასოდეს ყოფილა. ამ განცხადებამ უკვე გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა და უკმაყოფილება ოპოზიციაში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა ენმ-ში ისედაც არსებული კონფრონტაციის პირობებში, კიდევ უფრო ძლიერ შიდაპარტიულ რყევებს გამოიწვევს. “მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები. ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით”, - წერს სააკაშვილი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე. ამ მოსაზრებას ოპოზიციაში უკვე მოჰყვა გარკვეული უკმაყოფილება და ნეგატიური პროგნოზები. მაგალითად, ენმ-ის ყოფილი წევრი დაპარლამენტარი რომან გოცირიძე მიიჩნევს, ენმ-ის საარჩევნო სიის მხოლოდ ახალი სახეებით დაკომპლექტება არასოდეს მოხდება და თუ მაინც მოხდა, ამის შედეგად ენმ დაიშლება. მისივე თქმით, თავის დროზე, ენმ-ის საარჩევნო სიის შედგენისას ზოგმა სიაში ადგილები იყიდა, ნაწილი კი სხვადასხვა გავლენებით ჩაეწერა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ომი საარჩევნო სიაში მოსახვედრად - სააკაშვილის განცხადებამ ოპოზიციაში დაბნეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია.

“სწორედ იმიტომ არ ვარ იმ ფრაქციაში, სადაც 36 კაცი შემოვიდა და 20 უკვე არ არის. ეს მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” არ ეხება”, - აღნიშნა გოცირიძემ. კითხვაზე, თუ ვინ გაყიდა ადგილები “ნაციონალური მოძრაობის” სიაში, გოცირიძემ განაცხადა: “ყველაზე დელიკატურად გაგცემთ პასუხს - პარტიას საარჩევნო ფული ხომ სჭირდება? თუმცა, ასე ლამაზადაც არ იყო საქმე... ნიკა მელია არ იყო პარტიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე იყო და გრიგოლ ვაშაძეს არავინ ეკითხებოდა სიის შედგენას. ეს ისტორია გადავშალოთ”. “ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელი მურმან დუმბაძე კი ექსპრეზიდენტის იდეას ნეგატიურად აფასებს და მას დისკრიმინაციულად მიიჩნევს. “მაჟორიტარული არჩევნები აღარ გვაქვს. თუ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები და პარტიული სიები დაიწერება, ეს სიები იქნება დედაქალაქის სიები - კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი, დედაქალაქში ვინც ცხოვრობს, რუსთაველის ქუჩაზე, ის ხალხი ჩაეწერება პარტიულ სიებში. ვინ ჩაწერს ზესტაფონიდან, სამეგრელოდან და დედოფლისწყაროდან ხალხს ამ სიებში? არავინ”, - განაცხადა დუმბაძემ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, ამბობს რომ მთავარია საარჩევნო სიაში იყვნენ კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოლებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩემი აზრით, მთავარი ის არ არის, ადამიანი იყო თუ არა პარლამენტში. მნიშვნელოვანია რამდენად გააჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვის პროცესში და იყოს ხელისუფლებაში იმისთვის, რომ პარლამენტში ეწეოდეს საკანონმდებლო საქმიანობას და არა იმიტომ, რომ ერქვას პარლამენტის წევრი და ჰქონდეს სტატუსი. ამიტომ მე ასე მგონია, რომ წინაპირობა უნდა იყოს ის, გამოცდილება აქვს თუ არა, ან, თუ პარლამენტის წევრი არ ყოფილა, აქვს თუ არა შესაბამისი ინტელექტი და ცოდნა, რომ იყოს ხელისუფლებაში საქართველოს საკეთილდღეოდ და არა პირადი კეთილდღეობის მიზნით. ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, ადამიანს უნდა გააჩნდეს კომპეტენცია. ჯერჯერობით საარჩევნო სიაში ადგილების ყიდვაზე ლაპარაკი ზედმეტია. რაღაც ინფორმაცია უნდა არსებობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ასე ვიცი, რომ მსგავს პრეცენდენტს ახლა “ნაციონალურ მოძრაობაში” ადგილი არ აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობა გადაწყვეტს ვინ შეიძლება ჩაჯდეს სიაში და ვინ - არა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“საბედნიეროდ, ყველა რეგიონში არის ბევრი ნიჭიერი ადამიანი, სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი. ასე რომ, 2024 წელს რადგან პროპორციული არჩევნები ტარდება, ამ შემთხვევაში უნდა იყოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმომაგენლები საარჩევნო სიაში. მთავარია კომპეტენცია და არა რომელი რეგიონის წარმომადგენელია ვინმე. თუმცა, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის 30% თბილისში ცხოვრობს, შეიძლება უფრო მეტი თბილისელი იყოს საარჩევნო სიაში”, - დასძენს ჩიტაძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ თანაპარტიელების მიმართ სააკაშვილის მორიგ გზავნილს ენმ-ში რყევები მოჰყვება, რადგან სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ენმ-ში ყველა უნდა შეიცვალოს ანუ თვითონ უნდა დარჩეს პარტიის ლიდერად და პირველ პირად და დანარჩენი, მეორე ეშელონი, უნდა შეცვალოს სრულიად. “ენმ”-ში ბრძოლა იწყება მანდატებისთვის პარტიის შიგნით - გოცირიძისა და დუმბაძის განცხადებები სწორედ ამას უკავშირდება. მათ, რადგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლები არიან, ღიად თქვეს ეს, ოღონდ პარტიის შიგნით ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი არ იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“სააკაშვილის განცხადება პარტიაში კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას გამოიწვევს. თუ ენმ-ის დღევანდელი საპარლამენტო ჯგუფი საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება, სააკაშვილი რომ იქნება ლიდერი, ეს რას შეცვლის მათთვის? აბსოლუტურად არაფერს. ერთი შეხედვით თითქოს სააკაშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ენმ ახლა სხვა არის, სხვაგვარად ვფიქრობთ, შეცდომები გავითვალისწინეთ - ეს ქვეტექსტი დევს, მაგრამ თუ თვითონ რჩება “ენმ”-ს ლიდერად, თუ კეზერაშვილი და მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდებიან, მაშინ როგორ შეიცვალა ვითარება? ამიტომ ეს განცხადება პარტიის შიგნით უფრო მეტ დაძაბულობასა და გარკვეულ რყევებს გამოიწვევს, ვიდრე კონსოლიდაციას. გოცირიძე, რა თქმა უნდა, ადრე წავიდა “ნაციონალური მოძრაობიდან”, მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილი აირჩიეს და მისთვის დღეს რა ხდება ენმ-ში, დიდად პრობლემური არ არის. რაც შეეხება დუმბაძეს და მის რეგიონალიზმს, ალბათ ის ფიქრობდა, რომ ენმ-ის სიით შეეძლო მოხვედრილიყო ახალ პარლამენტში, ამის იმედი ჰქონდა და თუ ახლა იქ ახალი სახეები უნდა იყვნენ, მაშინ დუმბაძე ახალი სახე ნამდვილად არაა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

კორნელი კაკაჩია - “არ გვაქვს იმის ფუფუნება, ფეხები ვაბაკუნოთ, სტატუსი ახლა არ მოგვცენ, რათა “ოცნებამ” საარჩევნოდ არ გამოიყენოსო”

“ სტატუსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა არ ასცდეს სტრატეგიულ გეზს, რომელიც ბოლო პერიოდში ცოტა აგვერია. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველო არ არის არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის, არც დსთ-ს და საერთოდ, წლების განმავლობაში გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის ბნელ გვირაბში პატარა შუქის გამოჩენას ნიშნავს. ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა და სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახდეს. ეს რუსეთისთვის სიგნალია, რომ თავის სივრცეში საქართველოს შეთრევისთვის სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება. თუ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვება სტრუქტურული ფონდებიდან დაფინანსება.­ გაჩნდება რეფორმების გატარების მეტი მოთხოვნა და ეს ყველაფერი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. მთავარი კი მაინც ის იქნება, რომ ბოლო პერიოდში გაჩენილი იზოლირებულობის განცდა შეიცვლება, არ ამოვვარდებით საერთო პანევროპული სტრატეგიული საუბრებიდან”, - აცხადებს ექსპერტი, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რას მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის სტატუსი.

“რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, საქართველო ნამდვილად არ არის სხვა ქვეყნებზე უარესი და ამას ყველა აღიარებს. თუმცა მხოლოდ ტექნიკური პარამეტრები არ არის გადამწყვეტი: საჭიროა ქვეყნის თავსებადობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ჩვენი პოზიცია, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებული; საჭირო რეფორმებისთვის ქვეყნის მზაობა და ა.შ. ამის თაობაზე კი ბოლო წლების განმავლობაში ბევრი შეკითხვა გაჩნდა. ბოლო შეფასებით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 იყო შესრულებული. რაც დაგვრჩება შესასრულებელი, სავარაუდოდ, იმაზე კიდევ დაგვემატება რამდენიმე. ამიტომაც სტატუსის მონიჭების შესახებ გადაწყვეტილება უფრო გეოპოლიტიკური ტიპის იქნება. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ბევრ ქვეყანას, თუნდაც ბოსნიას, მსგავს სიტუაციაში მისცეს სტატუსი, დოკუმენტში პირდაპირ ჩაწერეს, რომ მისცეს ბოსნიელ ხალხს სწორედ სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელისუფლებასთანაც ბევრი პრეტენზია ჰქონდათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, რა მნიშვნელობა აქვს სტატუსს, თუ რეფორმებს არ გავატარებთო? თუ ამოვარდები ასოცირებული ტრიოს ფორმატიდან, ჩამოშორდები ევროსტრუქტურებს და ფაქტობრივად, გარიყული და იზოლირებული იქნები, არა მგონია, ამან ან ჩვენ გვარგოს, ან ევროკავშირს, რომელსაც თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს. მე მესმის, რომ ზოგიერთი­ პოლიტიკოსი თუ პარტია ფიქრობს, რომ სტატუსს თუ ვერ მივიღებთ, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ფაქტორი შემდეგი არჩევნებისთვის, მაგრამ ცდებიან. უბედურება ისაა, რომ არ შეიძლება პოლიტიკური პარტიები მხოლოდ იმაზე იყვნენ დამოკიდებული, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, ხალხი გაბრაზდებაო. არჩევნების დროს საგარეო პოლიტიკა კი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანის უფლებები და ა.შ., რაც ძალიან კარგად ჩანს სოციოლოგიურ კვლევებში. აქეთ უნდა იყოს მიმართული პარტიების ყურადღება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, სტატუსის მიღებამ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენას შეუწყოს ხელი, მაგრამ არ უნდა დავაკნინოთ ქართველი ამომრჩევლის კრიტიკული აზროვნების უნარი, რადგან არაერთხელ გვინახავს, რომ კრიტიკულ მომენტში სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ამიტომაც კრიტიკას ვერ უძლებს მოსაზრება, რომ “ქართული ოცნების” შეცვლა შეუძლებელი იქნება. პოლიტიკური პარტია არჩევნებისთვის მხოლოდ სტატუსის იმედზე რომ ხარ, ამომრჩევლებთან სიარული არ გინდა და მხოლოდ ბრიუსელში დადიხარ, საბოლოოდ ბრიუსელი მოგცემს ხმას? თუ ახლა არ მივიღეთ სტატუსი და ოპოზიციამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, მერე რას ვშვრებით? მომავალ წელს ევროპარლამენტის არჩევნებია, სადაც ვინ გაიმარჯვებს და თანაც რა განწყობა იქნება გაფართოების მიმართ, არავინ იცის და მერე უკვე აზერბაიჯანსა და სომხეთს უნდა დაელოდო. როდის გაიხსნება ფანჯარა, ამის იმედზე ჩემი მტერი იყოს. ამას სჯობს რაღაც დათქმებით მოგვცენ სტატუსი, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში. თორემ მეც ვიცი, რომ ამ პირობების შემსრულებელი ეს ხელისუფლება არ არის, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ვისაც სტატუსი მისცეს, პრობლემები მათაც აქვთ”, - განმარტავს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი.

“უკრაინაშიც ძალიან დიდი პრობლემებია და ამაზე დასავლური მედია ლამის ყოველდღე წერს. არც მოლდოვაშია კარგი მდგომარეობა, მაგრამ იმათ ხელისუფლება ჰყავთ შედარებით ნორმალური. ან ბალკანეთის ქვეყნებს რომ მისცეს კანდიდატის სტატუსი, ყველა სანიმუშოდ ასრულებდა ამ ვალდებულებებს? ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მოწყვლადი, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ხომ გახსოვთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა რომ თქვა, მოლდოვა და უკრაინა ტერიტორიულად ევროპააო. ასე რომ, გეოგრაფია არ არის ჩვენს სასარგებლოდ. სად გვაქვს იმის ფუფუნება, ფეხები ვაბაკუნოთ, ახლა არ მოგვცენ, რათა “ოცნებამ” საარჩევნოდ არ გამოიყენოსო. რუსეთის ფაქტორი კვლავაც მნიშვნელოვანია, რადგან ახლაც კი პრობლემებია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების გამო, ვგულისხმობ ფრენების აღდგენას, ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულებაც ბევრ შეკითხვას ბადებს ევროპელ პარტნიორებში. თუ სტატუსი არ მოგვცეს, ეს ავტორიტარული ტენდენციები უფრო გაძლიერდება და ამას ევროკავშირშიც ხედავენ. ამიტომ არა მგონია, მათ ინტერესებშიც იყოს, რომ საქართველო კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს”, - დააკვნის კორნელი კაკაჩია.

“პირიქით, ევროკავშირი ცდილობს, მიუხედავად ამ პრობლემებისა, დაგვეხმაროს. თუ გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო წლებში კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საუბარია მილიონობით ევროზე, რასაც ქვეყნის ეკონომიკას, სოციალური ცხოვრების სტაბილიზაციას ახმარენ. ამ დახმარებას ჩვენ ახლაც ვიღებთ, მაგრამ უფრო მეტი იქნება, რადგან ევროკავშირის მიზანია, მოამზადოს ქვეყანა წევრობისთვის, ამას კი სჭირდება როგორც ევროკავშირის, ასევე თავად ქვეყნის ინვესტიციები. სტატუსის მიღების აბსოლუტური გარანტია არ არსებობს. მთავარია, რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი - მიიღებს ე.წ. ბოსნიური სცენარით თუ პირდაპირ მოგვცემენ. ცხადია, ევროკავშირსაც არ სურს კოზირი მისცეს ხელისუფლებას არჩევნების წინ და რამდენად კრეატიულ ფორმულას შემოგვთავაზებს, ვნახოთ”, - დასძენს კაკაჩია.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს