ზურაბ ბატიაშვილი - სომხეთი რუსეთიდან გარბის და  ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ევროპასთან დაახლოების ერთ-ერთ ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ - ამას, ალბათ, ევროპული პერსპექტივა, მერე კანდიდატის სტატუსიც მოჰყვება

ღიად რჩება მთავარი კითხვა, იქნება თუ არა მეორე დიდი ფრონტი, ჩრდილოეთი მაქვს მხედველობაში, „ჰამასის“ დასრულების შემდეგ, ჩაატარებენ თუ არა ოპერაციას „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ - ისრაელს გრძელვადიანად სჭირდება მშვიდობა და სანამ „ჰეზბოლა“ და „ჰამასი“ იარსებებს, ისრაელი მშვიდად ვერ ამოისუნთქებს, - ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ჰამასი-ისრაელის ომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „სახმელეთო ოპერაციას შუა გზაზე არავინ მიატოვებს და ბოლომდე მიიყვანენ“.

„მეორე საკითხია, რა იქნება ამის შემდეგ, ანუ რა იქნება „ჰამასის“ განადგურების შემდეგ. რამდენიმე ვერსიაა, თუ ვის შეიძლება გადასცეს სამართავად ღაზას სექტორი. ეს ადვილი საქმე არ იქნება, მაგრამ ისევ ისრაელს ესეც მოსაგვარებელი იქნება. ისევ ღიად რჩება მთავარი კითხვა, იქნება თუ არა მეორე დიდი ფრონტი, ჩრდილოეთი მაქვს მხედველობაში - „ჰამასის“ დასრულების შემდეგ, ჩაატარებენ თუ არა ოპერაციას „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ისრაელის ხელმძღვანელობა მიიღებს. ახლა ისრაელს დაახლოებით, ნახევარ მილიონამდე რეზერვისტი ჰყავს მობილიზებული და ისინი მოწყვეტილნი არიან სამსახურს. ეკონომიკა დიდწილად, ასე ვთქვათ, განიცდის ამას, რომ მუშახელი მოაკლდა. რადგან ასე ძალიან მობილიზებულია, არის ასეთი კითხვა, ბარემ ხომ არ დავასრულოთ ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ქვეყანას გრძელვადიანად სჭირდება მშვიდობა და სანამ „ჰეზბოლა“ და „ჰამასი“ იარსებებს, ისრაელი მშვიდად ვერ ამოისუნთქებს“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

მისივე განმარტებით, „ტერორისტები უნდა განადგურდნენ და სხვა გამოსავალი იქ არ არსებობს. ეს თუ შეარჩინეს და ბოლომდე არ მიიყვანეს, ყოველ ჯერზე იქნება გამეორების მცდელობა“.

მან ასევე რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დახმარების პროცესში უნგრეთი დესტრუქციულ როლს ასრულებს, იქცევა, როგორც მეხუთე კოლონა და მასში რუსეთის პირდაპირი კვალი და ხაზი შეინიშნება“.

„ერთია, ევროკავშირის საერთო დახმარება და არის კიდევ ცალკეული ქვეყნების. მაგალითად, გერმანიამ ეს დახმარება გააორმაგა და აქედან შეიძლება იყოს ერთგვარი კომპენსაცია. მაგრამ მეორე მხრივ, უნგრეთი დესტრუქციულ როლს ასრულებს ამ ყველაფერში და იქცევა, როგორც მეხუთე კოლონა, რუსეთის პირდაპირი კვალი და ხაზი შეინიშნება ამაში. ეს არაერთხელ ვნახეთ. შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს, რომ უნგრეთი თუ სრულად არა, დროებით გარიყული აღმოჩნდეს ევროპული საკითხებიდან. ჩვენ ამისი პრეცედენტი გვქონდა ავსტრიაში, როდესაც ერთი პერიოდი, როდესაც ნეონაცისტები აირჩიეს ხელისუფლებაში, დროებით ხმის მიცემის საშუალება ევროკავშირში შეუჩერეს“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ამასთან, ბატიაშვილმა სომხეთში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და კითხვაზე, ჩანს თუ არა, რომ სომხეთი ისწრაფვის ევროკავშირისკენ, მან აღნიშნა, რომ „სომხეთი რუსეთიდან გარბის“ და მისი მოქალაქეების ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპაში, მასთან დაახლოების ერთ-ერთ ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ.

„რუსეთი თავისი მეთოდებით, რომლებიც ძალიან მოძველდა, მე-16, მე-17 საუკუნის მეთოდებით 21-ე საუკუნეში მოქმედებას ცდილობს, რომელიც კონტრპროდუქტიულია და ყველა გარბის რუსეთიდან. მათ შორის, სომხეთიც, რომელიც თავის დროზე, რუსეთზე ძალიან იყო ჩამოკიდებული და ფაქტობრივად, ყველა საგარეო გადაწყვეტილებაზე ჭკუას მას ეკითხებოდა. ახლა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პროცესიდან სომხეთიც გარბის და ვიზალიბერალიზაციაც დასავლეთთან დაახლოების, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ისე უნდა განვიხილოთ. ჩვენ გვახსოვს საქართველოს შემთხვევაში როგორ კარგად იმუშავა ამან. უფრო მეტი ახალგაზრდა წავიდა იქ სასწავლებლად, უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდა, უფრო მეტმა ადამიანმა ნახა და სასაცილოდ აღარ ჰყოფნის ის მითები, რომლებიც დასავლეთთან დაკავშირებით იქმნება, იგივე რუსეთში და მერე აქ, სოციალურ ქსელებში ხდება გენერირება. მსგავსი სიტუაციაა ახლა სომხეთშიც. ისინი ამ გზის დასაწყისში არიან, ჩვენ ცოტა წინ ვართ, მაგრამ. სომხეთის ეკონომიკა, ჯერჯერობით, რუსეთზეა ჩამოკიდებული, იქ რუსული სამხედრო ბაზა ისევ არსებობს, ისევ რუსული ნაწილები დგანან. იგივე, სომხეთ-თურქეთის საზღვართან და სომხეთ-ირანის საზღვართან.

[რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან სომხეთისა და საქართველოს ერთ პაკეტში მოქცევას], ეს ძნელი იქნება, იმიტომ, რომ ძალიან შორ-შორს არის ორი ქვეყანა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ კიდევ წლები დაგვჭირდეს დალოდება და გაიყინოს ჩვენი პროცესი. მაშინ, ჩვენი პროცესი უნდა გაიყინოს და ამის სურვილი არც ერთ ჩვენგანს არ აქვს“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში