საერთოდ, მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რომ უკმაყოფილო იყოს სახელისუფლებო სტრუქტურების მიმართ, - მავნებლობის ეს დონე კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ პოლიტიკური ძალის ხასიათს, შინაარსსა და პათოსს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებაზე კითხვას უპასუხა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ხაზარაძემ არც ინვესტორი მოიყვანა, ამერიკული კომპანიის სახელიც შირმად გამოიყენა და „მთავრობის გარდა, აღნიშნულ პროექტში ერთი ცენტიც არავის ჩაუდია“.
„მამუკა ხაზარაძე მილიარდ ნახევარს ითხოვს საქართველოსგან, რომ აუნაზღაურონ მას იმ დანაკლისისთვის თუ ზარალისთვის, რომელიც ანაკლიის პროექტის მისი ხელმძღვანელობის შეჩერებამ გამოიწვია. რეალურად, იგი სახელისუფლებო სისტემას სთხოვდა, გარანტია მიეცა მისთვის, რომ თუ ტვირთებით ვერ უზრუნველყოფდა პორტს, სახელმწიფოს უნდა გადაეხადა მილიონობით დოლარი. არც ინვესტორი მოიყვანა და ამერიკული კომპანიის სახელიც შირმად ჰქონდა გამოყენებული, ერთი ცენტიც არავის ჩაუდია ამ პროექტში მთავრობის გარდა. 42-ჯერ თუ 43-ჯერ შეცვალეს კონტრაქტის პირობები კვლავ მამუკა ხაზარაძისთვის საშუალების მისაცემად, რომ პროექტი განევითარებინა. საერთოდ, მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი, რომ უკმაყოფილო იყოს სახელისუფლებო სტრუქტურების მიმართ, არ გააჩნია. მავნებლობის ეს დონე, რომელსაც გინდა პოლიტიკურად, გინდა სამართლებრივად მიჰყვება თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, საჩივრის შეტანას ვგულისხმობ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ პოლიტიკური ძალის ხასიათს, შინაარსსა და პათოსს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
გარდა ამისა, ვოლსკი გამოეხმაურა საკითხს, რომ პარლამენტის ბიურომ „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს - „საქართველოს დაცვის აქტი“ მსვლელობა არ მისცა. მისი თქმით, რეზოლუციაში თვითგვემის საკითხი აშკარად ჩანს.
„რისკების შეფასებაა მთავარი, მაგრამ ამ შემთხვევაში საბიუჯეტო კომიტეტმა თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ როდესაც რეზოლუციას თუ კანონპროექტს წარმოადგენ, იქ არის სპეციალური განყოფილება, სადაც უნდა ჩაწერო, იწვევს თუ არა ეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას. სადაც გიწერია, რომ არ იწვევს, ეს არასწორია, რადგან ნებისმიერი მოქმედება, რომელიც პირდაპირ არის სანქციების რეჟიმში შესვლა, გამოიწვევს სერიოზულ ეკონომიკურ დარტყმას საქართველოზე და ეს იქნება გაცილებით დიდი, ვიდრე ჩვენ შეიძლება დავაკლოთ რუსეთის ფედერაციას. ასე რომ, თვითგვემის საკითხი ამ რეზოლუციაში აშკარად ჩანს - ეს ერთი, მაგრამ საბიუჯეტო კომიტეტს პოლიტიკასთან საქმე არ აქვს. იგი ითხოვს იმ სექტორის პროფესიონალურად შევსებას, რომელიც ითხოვს თავის მხრივ იმას, რომ ჩაწერილი იყოს ზარალის ან მოგების ეკონომიკური გაანგარიშება. „ლელოს“ პოზიცია, რომ „ეს კანონი ხომ არ არის, რეზოლუციაა“, უსაფუძვლო და უარგუმენტოა. არ შეიძლება რეზოლუციის საფუძველზე გაგრძელდეს საკანონმდებლო პროცესი, მიღებულ იქნეს კანონები, თუ თავიდანვე არ იქნება ამ კანონების მიმართ გარკვეული პოზიცია მათ შორის საბიუჯეტო ნაწილში. ასე რომ, ეს წმინდა პროცედურული ნაწილია.
რა თქმა უნდა, პატარა ქვეყნისთვის რისკი არსებობს. რისკია ომი, რომელიც ჩვენს გარშემო მიმდინარეობს; ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესი; უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიით გამოწვეული უშველებელი დაპირისპირების ტალღა. ყველაფერი რისკია და ვცდილობთ, ამ რისკებს თავი ავარიდოთ. არ გამოვა ისე, რომ საქართველომ, მცირე სამხედრო რესურსების ქვეყანამ, სტაბილურობის შენარჩუნება დათმოს იმის გამო, რომ „ლელოს“ პრეტენზია აქვს, რომ თურმე მისი პოლიტიკური ხედვა, მსოფლმხედველობა უფრო უკეთესია ვიდრე მმართველი პარტიის. ვფიქრობ, მაინც დიდი დოზაა პოლიტიკური სპეკულაციის, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს უკავშირდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ", რომელიც პირდაპირ რუსულ დავალებას ასრულებს, მოკლა ქვეყნისთვის, ხალხისვე უმნიშვნელოვანესი პროექტი და ანაკლიაში არაფერი ხდება“.
რაც შეეხება „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს - პარლამენტის ბიურომ მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა „საქართველოს დაცვის აქტი“. ბიურომ რეზოლუციის პროექტის ინიციატორებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება საბიუჯეტო ოფისის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა წარადგინა. როგორც გვიდიანმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტში მოსალოდნელი ფინანსური გავლენები მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო და ის წინააღმდეგობაში მოდიოდა საბიუჯეტო სისტემის უნივერსალურობის პრინციპთან.