საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია - „სვანური კოშკების საიდუმლოება - პასიური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია - „სვანური კოშკების საიდუმლოება - პასიური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო ლექციაზე მოხსენებით ფაკულტეტის პროფესორი ნანი მეფარიშვილი და აკადემიური დოქტორი ხათუნა სიჭინავა წარდგნენ და სტუდენტებს, კვლევასთან ერთად, მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა გააცნეს.

როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, გლობალური დათბობის ტენდენციის გამო, სულ უფრო აქტუალური ხდება ადგილობრივი ბუნებრივი სამშენებლო მასალებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება და უძველესი უნიკალური საცხოვრებელი შენობების სამეცნიერო დონეზე შესწავლა იმ მიზნით, რომ კვლევების შედეგების დანერგვა-გაზიარება თანამედროვე მშენებლობის პროცესში მოხდეს. გამომსვლელების თქმით, აღნიშნულის საუკეთესო მაგალითი სვანური კოშკებია.

„დღეისათვის, გლობალური დათბობის მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, სულ უფრო აქტიურად ხდება უძველესი საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობისას გამოყენებული პასიური გათბობისა და გაგრილების სისტემების შესწავლა. ეს მეთოდები გვხვდება სხვადასხვა ძველი ცივილიზაციების საცხოვრებელ შენობებში, რაც ზოგ შემთხვევაში, სრულიად უნიკალურია და მხოლოდ ადგილობრივი არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი. ამ მხრივ კვლევებისთვის ძალიან საინტერესოა სვანეთი - ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი მხარე, რომელსაც უნიკალურობას უნარჩუნებს იდუმალებით მოცული, კირით მყარად ნაგები კოშკები. სვანური საცხოვრებლის მშენებლობაში გამოიყენებოდა რიყის ქვა და ლოდები. პირველი კოშკი მე-8-9 საუკუნეში გვხვდება, ბოლო კოშკი კი მე-18 საუკუნეში აშენდა. უშგულში დაცულია საერთო-სათავდაცვო დანიშნულების კოშკებიც, რომლებიც თამარ მეფის სახელს უკავშირდება. სოფელი ჩაჟაში კი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საუკეთესო ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. სვანური კოშკი, როგორც უძველესი საინჟინრო ნაგებობა, მრავალმხრივ საინტერესოა, თუმცა ასევე, საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს. კოშკი თავისი უსაძირკვლო კონსტრუქციით იდეალურად შეეფერება სეისმურად აქტიურ რეგიონს, ხოლო განლაგება ფერდობის მიმართ ისეა გათვლილი, რომ ზვავებისა და მეწყრებისგან იცავს ძირითად საცხოვრებელს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ნაგებობას აქვს სითბოს შესანახი კამერა - ეს კოშკის დაგმანული პირველი სართულია, აქვს კარგი თბოიზოლაცია და შესანიშნავად მოწყობილი სავენტილაციო სისტემა - დეფლეტორით, რომელიც ბოლო სართულზეა მოწყობილი და თვალსაჩინოდ ჩანს გადახურვის პრინციპში. ჩვენი კვლევის მიზანია საფუძვლიანად შევისწავლოთ და ამოვხსნათ სვანური საცხოვრებლის საიდუმლო, რომელიც კოშკთან ერთად, თანამედროვე ენერგოპასიური შენობებისთვის დამახასიათებელი პრინციპების გათვალისწინებით შექმნილი ნაგებობაა“, - აღნიშნა პროფესორმა ნანი მეფარიშვილმა.

საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მომავალმა ინჟინრებმა მკვლევრებს არაერთი შეკითხვა დაუსვეს და იმ შესაძლებლობით დაინტერესდნენ, რაც უძველესი ენერგოპასიური მშენებლობისა და „ხალხური არქიტექტურის“ მიღწევების თანამედროვე მშენებლობაში გამოყენებას უკავშირდება.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი