2023 წელს წელს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად დაუცველი, მოწყვლადი არიან ბავშვები, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, ბულინგს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ამ მიმართულებით განათლების სამინისტრომ უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას.
„2023 წელს არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობაც მოხდა, ეს სტატისტიკა სამწუხაროდ, მზარდია. სახელმწიფომ ეფექტური მექანიზმები უნდა გაატაროს, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა დაუპირისპირდეს ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკას, ამ ადამიანებმა ერთის მხრივ, თავი დაცულად უნდა იგრძნონ, მეორეს მხრივ, სახელმწიფომ იმის გარანტია მისცეს, რომ მათი ინტერესები ეფექტურად იქნება დაცული. პრობლემაა ის, რომ გოგონები ამის შესახებ არ საუბრობენ, ეს იმ სოციუმში დახურულია, როცა ტრაგედია ხდება, მაშინ ვიგებთ, რომ იქ ნიშნობა იყო ჩატარებული, მისი ნების საწინააღმდეგოდ იყო გათხოვილი და ა.შ. ვფიქრობ, როგორც კანონმდებლობა, ისე ცნობიერების ამაღლებაა ის ორი მიმართულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა გააქტიუროს, მეტი რესურსი ჩადოს. განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ”, - განაცხადა იოსელიანმა.
როგორც ის განმარტავს, ბავშვთა დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებები არ არსებობს და ისინი ძრითადად, მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.
„ასე კლასიკური გაგებით ბავშვთა სახლები ანუ დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებები აღარ არსებობს, ეს იყო ადრე. ბავშვები მინდობით აღზრდაში არიან. ნინოწმინდის თავშესაფრის შემდეგ, ერთი დაწესებულება იყო დარჩენილი და ისიც დაიხურა. ნინოწმინდიდან ბავშვები მინდობით აღზრდაში არიან გაყვანილი. თუმცა, იქ რჩებიან, ბავშვები, ვისაც ამის სურვილი აქვს. თავშესაფრის სახელით აღარ ფუნქციონირებს.
ბუნებრივია, ყველა დაწესებულებას ვამოწმებთ, სადაც დახურულ სივრცეში იმყოფებიან არასრულწლოვნები. მათ შორის, არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ისინი მოვინახულე. ვერ ვიტყვი რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო სენსიტიური არ არის, არ მქონია შემთხვევა არასრულწლოვანთან დაკავშირებით რამე ტიპის რეკომენდაცია, ან წინადადება მქონოდა და იგნორირება გაეკეთებინოთ. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, სისტემური პრობლემაა, როცა ნაადრევ ქორწინებაზე ვსაუბრობთ, ინდივიდუალურ შემთხვევებს შეიძლება ეფექტურად უპასუხო, მაგრამ ეს ვერ გადაწყვეტს იმ პრობლემას, რაც ამ მიმართულებით არსებობს. ეს კონკრეტულად ერთ თემს ეხება, სადაც ეს კულტურული ინსტიტუტია ჩამოყალიბებული. ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ პრევენციული მექანიზმები გაატაროს, იმისთვის, რომ არასრულწლოვნებისთვის ქორწინების იძულება არ მოხდეს.
სკოლებიდან ხშირად მოდიან აქ ბავშვები, ვხვდები, ვუსმენ ხოლმე. ბევრმა მათგანმა ბულინგის არსებობის პრობლემა დაასახელა. ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი - ჩაგვრა, ბულინგი მთელ მსოფლიოშია, თუმცა, ამას ეფექტური პასუხი სჭირდება, თუნდაც, განათლების სისტემიდან, რომ გარემო იმდაგვარად იყოს ორგანიზებული, რომ ასეთი დამოკიდებულება ბავშვებს შორის არ არსებობდეს. რა თქმა უნდა, ბულინგის პასუხიც ადეკვატური უნდა იყოს სოციალური მუშაკების, მშობლების, ადმინისტრაციის ჩართულობით. სოციალურმა ქსელმა ბულინგის შესაძლებლობა კიდევ უფრო გააფართოვა, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები ამას უჩივიან, რომ ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში ხდება და არა სკოლის ტერიტორიაზე. მშობლები უნდა მონაწილეობდნენ როგორც სკოლის პოლიტიკის განსაზღვრაში, ასევე თავიანთი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ცალკე პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საჭირო გარემოს შექმნაც, რათა მათ ის სტანდარტი ჰქონდეთ, რაც შშმ ბავშვებისთვისაა განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში. ამ მიმართულებით ბევრი რეკომენდაცია და წინადადება გვაქვს მომზადებული. ასევე, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზეც, რამდენად მისადაგებულია ინფრასტრუქტურა იმ საჭიროებებზე, სადაც ბავშვები, ხანდაზმულები, თუ შშმ პირები იმყოფებიან. არის დაწესებულებები, სადაც მისადაგების გონივრული სტანდარტი არსებობს და არის დაწესებულებები, სადაც ასეთი სტანდარტი დაცული არ არის. აუცილებელია, სახელმწიფომ ამ სტანდარტის დაცვისთვის კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. ჩვენ ბუნებრივია, ყველა ჯერზე ამაზე დამატებით აქცენტს ვაკეთებთ, შესაბამის უწყებებს მივმართავთ, რომ ეს სტანდარტი იყოს დაცული. მაგალითად, ქუჩაშიც ნახავთ, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო არ არის, ტრანსპორტიდან დაწყებული, გადასასვლელებით დამთავრებული, მათ საჭიროებებს მისადაგებული არ არის, შუქნიშნებიც ხშირ შემთხვევაში, გახმოვანებული არ არის და ა.შ. შშმ პირები მხოლოდ ეტლით მოსარგებლეები არ არიან, არიან სხვა შეზღუდვის მქონე ადამიანები, რომელთა გარემოც, მაქსიმალურად ადაპტირებული უნდა იყოს. ხშირად, მათ გარეთ ვერ ვხედავთ იმის გამო, რომ გარემო მათზე არ არის ადაპტირებული და მათი გადაადგილება უსაფრთხო არაა”, - აცხადებს იოსელიანი.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.