ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. მთავარია სტატუსი მივიღეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ამ წელს მოხდა. ეს წელი იყო ხიფათებითა და გამოწვევებით სავსე, რასაც ჩვენ თავი ავარიდეთ, რისთვისაც დიდი მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელიც არ წამოეგო ოპოზიციის წარმოებულ მანიპულაციურ დასკვნებს, პროპაგანდას და დეზინფორმაციას, არ დაუჯერა მავნებლობას, რომელსაც ის სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სეფაშვილმა წლის შედეგების შეჯამებისას გამჭვირვალობის შესახებ „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონი ახსენა, რომლის შესახებაც, მისი თქმით, აქტიური მსჯელობა, თითქმის, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ წარმოდგენილი პროექტი მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციისათვის და მის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით დაიწყო ბრძოლა.
„წლის დასაწყისში წარმოდგენილი ამერიკული კანონი, რომელიც პარლამენტში ორ ვარიანტად დავაინიცირეთ (პირველი FARA-ს პირდაპირი თარგმანი და მეორე შედარებით რბილი, რომელიც გამჭვირვალობასა და რეესტრის შექმნას ითვალისწინებდა) იმდენად არ მოეწონათ და იმდენად საშიში აღმოჩნდა მათთვის (საკუთარი ფინანსური წყაროების წარმოჩენა), რომ საწინააღმდეგო კამპანიისთვის ფაქტობრივად ჩაიდო უამრავი რესურსი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ატარებდნენ უზარმაზარ კამპანიას და რაც ნიშანდობლივი იყო, ხალხს მოუწოდებდნენ არ წაეკითხათ კანონი, რადგან მისი წაკითხვის შემდეგ ყველაფერი აშკარა გახდებოდა.
თუმცა, მოსახლეობამ ნათლად დაინახა და ეს იყო ერთგვარი გარდამტეხი მოვლენა საზოგადოებისთვის იმის, თუ როგორ შეიყვანა დასავლეთმა დეზინფორმაციით შეცდომაში, არაფერს ვამბობ ქვეყნის შიდა აქტორებზე, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავებულები მავნებლობით. ახლა, ყველაფერი ამის დადებით შედეგებზე თუ ვიმსჯელებთ, კანონის არმიღებამ გაცილებით მეტი შედეგი მოიტანა, ვიდრე მიღება მოიტანდა. წარმოიდგინეთ, რომ ეს კანონი მიგვეღო, ისე, როგორც სხვა კანონები, საქართველოში, დაახლოებით 1 %-ს ეცოდინებოდა მის შესახებ. ყველაფერი ჩაივლიდა ჩვეულებრივ - შეიქმნა რაღაც რეესტრი და მორჩა. მაგრამ იმან, რომ ასეთი ამბავი ატეხეს, შეიძინა საყოველთაო ცნობადობა და სხვათა შორის, ამ კანონის წყალობით „ხალხის ძალის" ცნობადობაც გაიზარდა როგორც ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით.
გარდამტეხი, რაც ამ კანონმა მოიტანა, ერთი, რომ მის შესახებ ყველამ გაიგო, საზოგადოება არსს ჩასწვდა და მისი მიზანი რაც იყო შესრულდა - ყველა ინტერესდება ფინანსური წყაროების წარმომავლობით და ძალიან იოლია იმის გაშიფვრა ვინ დგას და რა ინტერესებია ამ ყველაფრის უკან.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი - საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწიფულობა გაიზარდა, როდესაც ხალხმა დაინახა როგორ მოატყუეს ახალგაზრდები, რაც მთავარია, წინა ხაზზე გაუშვეს, სადაც დანაშაულები ხდებოდა, როდესაც უბიძგებდნენ მათ სხვისი ქონების განადგურებისკენ, პარლამენტის შენობის და პოლიციელების ცოცხლად დაწვისკენ.
პოლიტიკურ განსწავლულობას ხალხის და კანონის არმიღებით დამდგარ შედეგს, რაც გამოიხატა ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით ცნობიერების ამაღლებაში და ამას მოჰვა ისიც, რომ ევროკავშირიც გეგმავს ანალოგიური კანონის მიღებას. ადრე თუ გვიან, ჩვენც მოგვიწევს ამ კანონის მიღება," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ხალხის ძალა“ ავრცელებს.