სანდრო თვალჭრელიძე - “ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მცირე საფრთხეებიც კი გაენეიტრალებინა”
ვახტანგ ძაბირაძე - “ვინ ვისთან, ანუ წინასაარჩევნო გადაჯგუფება იწყება?”
მამუკა არეშიძე - “აპარტეიდი“ აფხაზებისთვის?!”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მცირე საფრთხეებიც კი გაენეიტრალებინა”
“2023 წელი საკმაოდ საინტერესო და რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვისაც და მსოფლიოსთვისაც. მინდა თქვენი გაზეთის რედაქციასა და მკითხველს, მთელ ქვეყანასა და მსოფლიოს ვუსურვო, რომ 2024 წელი იყოს გაცილებით ბედნიერი, წარმატებული და მშვიდობიანი. რაც შეეხება 2023 წლის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ბოლო აკორდს - ივანიშვილის მესამედ დაბრუნებას, თუ გადახედავთ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის წლებს, ის ყოველთვის ბრუნდებოდა პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ, როდესაც მნიშვნელოვან რისკებს ხედავდა. ივანიშვილს ჰგონია, რომ ის არის არჩევნების მოგების გარანტი. ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, ის არის გაცილებით უკეთესი ორგანიზატორი, ვიდრე სხვა რომელიმე ლიდერი ამ გუნდში. ვფიქრობ, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის ისევ ჩრდილში გადავა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მცირე საფრთხეებიც კი გაენეიტრალებინა”.
“ვერ ვიტყვი, რომ მისი ეს ნაბიჯი განაპირობა მისი პარტიის მომავალ არჩევნებში დამარცხების საფრთხემ, მაგრამ რაღაც პროცესებმა, როგორც ჩანს, შეაშფოთა და გადაწყვიტა მცირე საფრთხეებიც კი გაენეიტრალებინა. ვფიქრობ, მიიჩნევს, რომ პარტიაში კონსოლიდაცია არ არის ისეთი, როგორიც საჭიროა წინასაარჩევნოდ, და ამასთანავე, ფიქრობს, რომ პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს არა აქვს საკმარისი ორგანიზატორული შესაძლებლობები, და ამაში ნამდვილად არ ცდება. მართლაც ასეა. ივანიშვილმა აღიარა, რომ მიუხედავად პოლიტიკიდან წასვლისა, აქამდეც მნიშვნელოვნად მონაწილეობდა პარტიის ცხოვრებასა და ქვეყნის მართვაში, მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, თურმე 2-3 კაცს აძლევდა რჩევებს. ასე არ არის ნამდვილად - ბიძინა ივანიშვილი დიდწილად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, ოღონდ ფარდის მიღმა, ახლა მან ეს ფარდა გადასწია. სულ ეს არის. ვფიქრობ, “ქართული ოცნების” პოლიტიკაში დიდად არაფერი შეიცვლება - ის დირექტივები, რომელთაც ივანიშვილი კულუარებიდან გასცემდა და ხელისუფლება ასრულებდა, ახლა უკვე ღიად გაიცემა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ის რაციონალური ადამიანია, კარგი ტაქტიკოსი, ყოველთვის მოქმედებს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. დიდი იმპერატივები მის დაბრუნებაში, ჩემი აზრით, არ უნდა ვეძებოთ. მას უნდა გუნდის კონსოლიდაცია, არჩევნების მოგება და შემდეგ კიდევ 4 წელი წყნარად ცხოვრება. ვფიქრობ, მისი დაბრუნება დიდად არაფერს შეცვლის ოპოზიციისთვისაც. მისი ამოცანები იგივეა, უბრალოდ, ამ ამოცანების გადაჭრის შესაძლებლობებს მასში ჯერ ვერ ვხედავ. ოპოზიციას არა აქვს ახალი სტრატეგიის შემუშავების თავი, არა აქვს ამის ინტელექტუალური პოტენციალი. რასაც ამბობდნენ ბოლო ხანს, იმავეს გააგრძელებენ. ალბათ, ახლა დაამატებენ, რუსეთის ჯაშუში ისევ დაბრუნდა პოლიტიკაში, რათა საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოსო. მათგან დიდ გამჭრიახობას არ ველი”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“აქამდე სულ იყო ლაპარაკი არაფორმალურ მმართველობაზე, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ისმოდა კითხვები. მისი პოლიტიკაში დაბრუნება ამ თემასა და კითხვებს მოხსნის. რაც შეეხება მისი სანქცირების საკითხს, სანქცირებული სულაც არ არის. შვეიცარიულ ბანკში შექმნილ პრობლემებს გულისხმობს, Credit Suisse-ი რომ არ უბრუნებს სრულად ვალს. არადა, გაკოტრდა ეს ბანკი. მსგავსი რამ, ალბათ, შვეიცარიაში 200 წელიწადია არ მომხდარა. ეტყობა, ამას უწოდებს სანქციებს. მარტში საბოლოოდ გამოჩნდება მისი დაბრუნების მიზანიც და შედეგიც. ხელისუფლებაში რადიკალური ცვლილებების წინაპირობებს ამჟამად ვერ ვხედავ. ვფიქრობ, პარტიაში დაიწყება სტრუქტურული გადაადგილებები, მაგრამ მთავარი ხაზი იგივე დარჩება. რეალურად ის პოლიტიკიდან ისე შორს არ წასულა, რომ მისმა დაბრუნებამ არსებითად შეცვალოს რამე”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვამბობდი, რომ სტატუსს მივიღებდით. თავის დროზე უარის თქმა ერთგვარი სასჯელი იყო იმის გამო, რომ “ქართული ოცნება” გამოვიდა ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან. ევროპას თუ არ სურდა საქართველოს დაკარგვა და საბოლოოდ რუსეთის კალათაში გადაგდება, სტატუსი აუცილებლად უნდა მოეცა. ეს ევროპისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახლდათ, რადგან კარგავდა უმნიშვნელოვანეს პარტნიორსა და საყრდენს ჩვენს რეგიონში. გავა დრო, შეიცვლება ხელისუფლება, შეიცვლება პოლიტიკური ვითარება და საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ან შეიძლება უფრო ადრეც, გახდება ევროკავშირის წევრი. ამის გარანტიას მაძლევს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი და ასევე ევროკავშირის ნება. როცა მოსახლეობის სურვილზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ შარშანდელი მარტის მოვლენები, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ როგორც კი დაინახა, რომ ქვეყნის ევროპულ გზას რეალური საფრთხე შეიძლება დამუქრებოდა, გამოხატა საკუთარი ნება და ეს მასშტაბურად აჩვენა ქვეყნის ხელისუფლებასაც და ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.
“ჩვენ ვნახეთ ქუჩაში გასული ახალი თაობა, რაც ერთგვარად იყო უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციის გაგრძელება. ეს მოდის გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან. ობიექტურად რომ ვთქვათ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გამოკლებით, საქართველოში ყველაზე ძლიერად არის განვითარებული სამოქალაქო თვითშეგნება. აქ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაიზარდა ორი ახალი თაობა. შესაბამისად, ყველა მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს და არ დაკარგოს კონტაქტი საზოგადოებასთან. ამბობდნენ, რომ თითქოს მარტის აქციები მართული იყო, და ახსენებდნენ ოპოზიციას, ეს მტკნარი სიცრუეა - რამაც მარტში მოქალაქეები ქუჩაში გაიყვანა, იყო ქვეცნობიერად ჩვენში ჩადებული კოდი... ის, რომ ახალი თაობა იზრდება და ქვეყნის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს, ძალიან კარგია, თუმცა აუცილებელია ახალგაზრდა ლიდერებმა დროზე ადრე არ მიიჩნიონ თავი პოლიტიკურ ლიდერებად. საჭიროა განათლების და გამოცდილების დაგროვება. მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს, არ მეშინია არც პრორუსული, არც ექსტრემისტული და არც არანაირი მთავრობის, საქართველოს მოსახლეობა თავის ღირსებას ყოველთვის დაიცავს”, - ამტკიცებს რესპონდენტი.
“რაც შეეხება გასული წლის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მთავარი გზავნილებს - “ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა” და "პრორუსული მთავრობა უნდა შეიცვალოს" - ორივე გზავნილი მცდარია. იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს, აუცილებელია ორ მხარეს შორის მოლაპარაკება და შეთანხმება. რუსეთი ორ ფრონტზე ვერ იბრძოლებს, შესაბამისად, კრემლის საქართველოსადმი ბოლოდროინდელი დამოკიდებულება ფიქციაა, დროებითი მოვლენა. საკმარისია რუსეთმა უკრაინაში ომი მოიგოს, რაც სრულიად დარწმუნებული ვარ, არ მოხდება, ის საქართველოს მოადგება. პუტინს აქვს იდეფიქსი - აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ამიტომაც ჩვენი თავისუფლების ფრონტის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის. ხოლო რამდენად “რუსული ოცნება” გვყავს ხელისუფლებაში, ჩემი აზრით, არავითარი “რუსული ოცნება” არ არის - ესენი პრაგმატიკოსები არიან. საკმარისია რუსეთი დამარცხდეს ან პუტინი მოკვდეს, მათი პოზიცია მყისიერად შეიცვლება.... ამგვარმა დაპირისპირებამ ქვეყანას მოუტანა უზარმაზარი რღვევა ქართველი საზოგადოების ორ ფრთას შორის. თუ ეს არ ამოივსო მესამე ძალით, განწირული ვიქნებით პოლარიზაციისა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებისთვის კარგა ხნის განმავლობაში”- განმარტავს ექსპერტი.
“უმნიშვნელოვანესია მესამე ძალის ჩამოყალიბება. ჩემი აზრით, “ლელო” მიხვდა ამას, მაგრამ გვიან, ნდობის პოტენციალი ამ პარტიამ უკვე დაკარგა. ვერ ვხედავ, ვინ შეიძლება ეს უზარმაზარი ნაპრალი ამოავსოს. შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ მას სჭირდება პარტიული ხისტი მენეჯმენტი და ფინანსური რესურსი, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არა აქვს. საუბედუროდ, ასეთ უალტერნატივო არჩევანის წინაშე დავდგებით, ალბათ, არჩევნების წინ და ელექტორატის დიდი ნაწილი ისევ იმაზე დაფიქრდება, ღირს თუ არა წასვლა არჩევნებზე, რაც ძალიან ცუდი იქნება”, - დასძენს სანდრო თვალძრელიძე და შეკითხვაზე - “ნიკა მელიას ჯგუფმა ხანგრძლივი შიდაპარტიული დაპირისპირების შემდეგ დატოვა პარტია. როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ის არ გამორიცხავს მელიასთან ერთობას. მეტიც, თქვა, რომ არჩევნებზე შესაძლოა ახალი სახელითაც კი წარდგნენ...” - პასუხობს:
“ლელომ” აღარ იცის, რა ქნას. რაში სჭირდება ხაზარაძეს ეს ერთობა, არ მესმის. ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ დისტანცირებულია “ქართული ოცნებისგანაც” და “ნაციონალური მოძრაობისგანაც”, თან აპირებს ამ უკანასკნელის ყოფილ თავმჯდომარესთან გაერთიანებას. მელია კომპრომეტირებული ფიგურაა. ნიკა მელიას ექსტრემისტული ბუნება არავის დავიწყებია. კი ცდილობს გაეხვიოს ცხვრის ქურქში, მაგრამ ყველას ყველაფერი გვახსოვს. ჩემი აზრით, “ლელო” შეცდომას შეცდომაზე უშვებს. “ნაციონალურ მოძრაობაში" კი ისევ ლიდერშიფის გამო გაიყო პარტია და არა რაიმე მნიშვნელოვანი საკითხების გამო. იმის მაგივრად, გააძლიერონ ოპოზიცია, ასუსტებენ. ძალაუფლებისკენ ლტოლვა გახდა დაშლის მიზეზი. ყველაფერი უცებ, ისევ ერთ დღეში უნდათ. ეს არის იმის მიზეზი, რაც დატრიალდა "ნაცმოძრაობაში". თუ რაღაც კრიტიკული არ მოხდა, რაც მესამე ძალის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ისევ “ქართული ოცნება” მოიგებს არჩევნებს. ეს ივანიშვილის დაბრუნების გარეშეც მოხდებოდა, თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ბოლო წლის განმავლობაში. რეალურად "ქართულ ოცნებას" კონკურენტი არა ჰყავს. გახარიაც უკვე ვერ შეავსებს ამ ნიშას - ჩემთვის სრულიად გაუგებარია მისი პასიურობა”...
ვახტანგ ძაბირაძე - “ვინ ვისთან, ანუ წინასაარჩევნო გადაჯგუფება იწყება?”
“შეიძლება ითქვას, ევროპელმა პარტნიორებმა კანდიდატის სტატუსი ავანსად მოგვცეს. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ჩვენ როგორ გამოვიყენებთ საჩუქარს. ძალიან რთული და მნიშვნელოვანი წელი მოდის, არჩევნებია არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს მოკავშირეებსა და ჩვენს მტერთანაც. 2024 წელს საერთაშორისო ვითარება მეტისმეტად დაძაბული იქნება. პოზიციები გამოიკვეთება რუსეთ-უკრაინის ომშიც. არ ვიცი, რა მოხდება შტატებში, მაგრამ ვიცი, რომ რუსეთში ისევ პუტინი “გაიმარჯვებს”. ასეთ მოცემულობაში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების უპირველესი ამოცანა სიმშვიდის შენარჩუნება უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უსამართლობაზე თვალი დავხუჭოთ. წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსი მინიმალურია. ერთადერთი, რაც დამაიმედებელია, ოპოზიციაში დაწყებული მოძრაობებია. ოპოზიციამ დაიწყო ისეთ თემებზე საუბარი, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური საკითხები, რასაც აქამდე ერიდებოდა”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ ვისთან, ანუ წინასაარჩევნო გადაჯგუფება იწყება?
“ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ოპოზიციურ ველზე შეიქმნას რამდენიმე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. თუ გამსხვილებაზე დაწყებულ საუბარს შედეგი მოჰყვება, ხომ კარგი, თუ არადა, არა მგონია, ასეთმა დაშლილმა ოპოზიციამ "ოცნების" დამარცხება შეძლოს. დამარცხებაში ვგულისხმობ იმას, რომ ”ოცნებას” 76 მანდატის აღების შესაძლებლობა არ მიეცემა. თუ “ლელო” და ნიკა მელიას ახალი პარტია გაერთიანდებიან, მათ 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული ექნებათ, თუმცა ბარიერის დაძლევა არ ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” უმრავლესობას დაკარგავს. გაერთიანებისკენ სვლა ნებისმიერ ვარიანტში სწორი ნაბიჯია, მაგრამ, “ლელოსა” და ნიკა მელიას პარტიის გაერთიანება ვერ წარმომიდგენია. მელიამ ძირითადი ელექტორატი “ნაცმოძრაობიდან” უნდა წამოიყვანოს. ხაზარაძის ელექტორატი “ნაცმოძრაობის" ელექტორატი არ არის და ამ ორი პარტიის თავსებადობაც ამიტომაც არის სათუო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ორივე ლიდერს აქვს სუსტი წერტილი, რომელსაც “ოცნება” კარგად გამოიყენებს. არ არის გამორიცხული, მელიას ფაქტორმა მხოლოდ “ნაცმოძრაობიდან” წამოსული ხალხის კი არა, ჯაფარიძის “გირჩისა” და ხოშტარიას პარტიის კონსოლიდირებასაც შეუწყოს ხელი. ხაბეიშვილის “ნაცმოძრაობას” 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი მაინც დარჩება. გახარია არავისთან არ აპირებს გაერთიანებას. ვფიქრობ, წვრილი პარტიების გაერთიანებისთვის ყველაზე მეტად “ლელომ” უნდა იაქტიუროს. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ანა დოლიძის პარტია, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში ახალშექმნილი პარტიის კვალობაზე კარგი შედეგი მიიღო. სავსებით შესაძლებელია შეიქმნას “არანაციონალური”, “არაქოცური” წარმოშობის პოლიტიკური ჯგუფი”ლელოს” ირგვლივ ან “ლელოსთან” ერთად. თუ ასეთი კონფიგურაცია დალაგდა, რასაც გამჭვირვალე, კარგი პროგრამაც დაემატება, “ოცნების” არჩევნებში დამარცხება რეალური იქნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ დღევანდელი მონაცემების მიხედვით, მას მაღალი რეიტინგი აქვს საიმისოდ, რომ “არანაცური” და “არაქოცური” წარმოშობის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერი გახდეს და წარმატებაც მოიპოვოს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ივანიშვილმა თქვა და მეც ვეთანხმები, რომ დაბრუნების არანაირი აუცილებლობა არ იყო, დღეს ოპოზიციის რეიტინგი ძალიან დაბალია და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. მაშ, რატომ დაბრუნდა? იმის თქმა, რომ ოპოზიცია ვერ აკონტროლებს ხელისუფლებას და უკონკურენტოდ დარჩენილმა მმართველმა გუნდმა შეცდომები არ დაუშვას, მე უნდა დავაზღვიოო, ძალიან არასერიოზულია! კორუფციაზე იყო მინიშნება, ისიც გაიხსენა, რომ ვიღაცები ადრე პარტიის წართმევას უპირებდნენ... ბევრ რამეზე მიანიშნა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ის თქვა, რომ არ მოსწონს ხელისუფლების ქმედებები და ახლა პირადად უნდა გააკონტროლოს ვითარება”, - თვლის ექსპერტი.
“არა მგონია, ივანიშვილის დაბრუნებამ ძალთა თანაფარდობა შეცვალოს პოლიტიკურ ველზე, ან ოპოზიციას შეუცვალოს გეგმები. მესამედ მოვიდა პოლიტიკაში, ასეთი ქმედებით ამომრჩევლისთვის მიზიდულობის ძალას კარგავს, პოლიტიკურ კაპიტალს ანიავებს. ივანიშვილს რამის შეცვლა რომ უნდოდეს, პოლიტიკაში დაბრუნების გარეშეც შეცვლიდა. სერიოზულად არც არავის მიგვიღია მისი განცხადება, რომ პოლიტიკიდან წავიდა”, - დასძენს ვახტაბ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ივანიშვილის მეორედ მოსვლას იმდროინდელი პრემიერის, კვირიკაშვილის პოსტი შეეწირა, ახლა ამბობს, პრემიერი აღარ შეიცვლება”, - პასუხობს:
“ის პოლიტიკაში მოსვლის გარეშეც მოახერხებდა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ნებისმიერი პოლიტიკური პირის გადაყენებას. მისი გავლენა პარტიაში ახლა გაცილებით ძლიერია. ამიტომ ძალიან უცნაურია მისი დაბრუნება. ორი ვერსია რჩება - მას ან შეეშინდა, რომ “ოცნება” რეიტინგს დაკარგავდა და თავი დაიზღვია, ან არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელისგულზე არ ჩანს და კულუარული მოქმედებების საფუძველია. მართლა საინტერესოა, რეალურად რა მიზანს ემსახურება პოლიტიკაში მისი დაბრუნება, ვის წინაშე იღებს პასუხისმგებლობას - “ოცნების” ამომრჩევლის, მთელი ქართველი ხალხის, თუ კიდევ სხვა ძალების თუ სუბიექტების? მრჩება განცდა, რომ ვიღაცებს ამშვიდებს. არ მჯერა, რომ სიტუაცია გაექცა ხელიდან და ახლა კონტროლის აღსადგენად ბრუნდება პოლიტიკაში. ვნახავთ, მალე გაიხსნება კარტები. ”ქართულ ოცნებას” რომ დამრიგებელი სჭირდებოდა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ეს დამრიგებელი ჩრდილში იდგება თუ სამზეოზე გამოვა”...
მამუკა არეშიძე - “აპარტეიდი“ აფხაზებისთვის?!”
“ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე ბევრი იქნება ლაპარაკი და მეტი არაფერი. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა წელიწად-ნახევრის წინ, ახლა მხოლოდ რატიფიცირება მოხდა და ამ ერთი წლის განმავლობაში, როცა ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და ხელისუფლება გააფთრებულები ებრძოდნენ ერთმანეთს, თავად ხალხი პროცესში მაინცდამაინც არ მონაწილეობდა, რადგან ბიჭვინთის აგარაკი წლების განმავლობაში ისედაც რუსეთს ექვემდებარებოდა, მხოლოდ მიზერულ საიჯარო ფულს იხდიდა. გარდა ამისა, აფხაზმა საზოგადოებამ მაინცდამაინც კარგად ვერ გაიგო, რისთვის იბრძვის ოპოზიცია: კამერების წინ ამბობდნენ, რომ ეს ანექსიაა, რომ რუსეთი ხვალ სხვა რამეებსაც მოითხოვს, პარალელურად, ხელისუფლებასთან თუ რუს პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე, სულ სხვა რამეს ლაპარაკობდნენ. კერძოდ, ობიექტის გადაცემის წინააღმდეგნი კი არა, გადაცემის არასწორი ფორმითა და მისი გასაიდუმლოების გამო არიან უკმაყოფილო”, - აცხადებს კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აპარტეიდი“ აფხაზებისთვის?!”
“სხვათა შორის, ეს საკითხი ასე არ გამწვავდებოდა, რომ არა აპარტ-ოტელების საქმე. ბიჭვინთის აგარაკის საკითხს მოჰყვა ის, რომ რუსულმა მხარემ 30 000 კვმ ელიტური ბინების მშენებლობის სურვილი გამოთქვა, რომელსაც შემდეგ რუსეთის მოქალაქეები შეიძენდნენ და ამ თემას უფრო მწვავე პროტესტი მოჰყვა იმის გამო, რომ მშენებლობები აფხაზებით მკვიდრად დასახლებულ მიწებზე იქნება. აპარტამენტების საკითხის გამო ომი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა აფხაზი საზოგადოება კვლავ აპათიურია, რადგან ხელისუფლებები კი იცვლებიან, მაგრამ სიტუაცია უცვლელი რჩება. ხედავენ, რომ რუსეთმა შეცვალა თამაშის წესები, ტრანშების გადარიცხვის დროს აფხაზებს აწუწუნებს, მაისში გადასარიცხს მეორე წელს ურიცხავს. გარდა ამისა, წელს დენის გადასახადიც მოითხოვა, აფხაზებს 900 მლნ რუბლი აქვთ სასწრაფოდ საშოვნი დეფიციტის დასაფარად. რუსეთის შანტაჟს მიეჩვია აფხაზი საზოგადოება, ხედავს, რასაც მოინდომებს, იმას აკეთებს, თუმცა რუსეთის იქით სხვა გამოსავალიც არა აქვთ. ამიტომაც ვერ ხედავენ მასობრივი პროტესტის აზრს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“პრინციპში, რუსეთის დამოკიდებულება, აფხაზებზე წნეხი მაფიქრებინებს, ბიჭვინთის აგარაკი არ იქნება ერთადერთი ობიექტი, რომელიც რუსეთმა მოითხოვა. აპარტ-ოტელების საკითხი აუცილებლად გააქტიურდება. ბიჭვინთა რუსეთისთვის სულაც არ იყო ისეთი მნიშვნელობის, როგორიცაა აპარტ-ოტელების საკითხი. ბიჭვინთა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მეორე და მთავარი იქნება აპარტ-ოტელების საკითხი. აფხაზები ცდილობენ არ შეიმჩნიონ, მაგრამ უკვე ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსსაც ვერ აკონტროლებენ. რუსები მატერიალური კულტურის ძეგლების საკითხშიც კი არიან ჩარეული. მთელი აფხაზეთი ხომ ამაყობს, რომ ბაგრატ მესამე აფხაზი მეფეა, რადგან ის ლეონის შთამომავალი იყო, ამ დროს კი რუსებმა სწორედ აფხაზი მეფის ფრესკა გადაღებეს... დიდი ვნებათაღელვა იქნება, თუმცა აფხაზები ყველაფერზე მხოლოდ სიტყვიერად ებრძვიან რუსებს, თორემ მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლიათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“აპარტ-ოტელებთან დაკავშირებულია კიდევ ერთი საკითხი. აფხაზებს ჰგონიათ, ამ ამბავში ქართველები არიან ჩართული. ოპოზიციონერი ნატალია სმირი გაუთავებლად იმას ამბობს, რომ გაგრა მოსკოველმა ქართველებმა შეისყიდეს, თანაც გულისხმობს, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აფხაზები ფიქრობენ, მოსკოვმა თუ ყარაბაღი დათმო, შესაძლოა დათმოს აფხაზეთიც. ეს ყველაფერი არასერიოზულია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთში უფრო გამკაცრდა. როგორც ჩანს, ჭკუა ისწავლეს და მოჰბეზრდათ იმ ხალხის გამოკვება, ვინც მუდმივად ჯიბრში უდგას. პრაქტიკულად, მიუსერას აგარაკიც რუსეთისაა. უბრალოდ, დე ფაქტო ხელისუფლებამ იმას მიაღწია, რომ როდესაც აფხაზეთში საპატიო სტუმარი ჩამოდის, რუსული მხარე უფლებას აძლევს მიუსერის აგარაკზე უმასპინძლონ”, - განმარტავს ექსპერტი და შეკითხვაზე - “აფხაზებსა და რუსებს კიდევ რამდენიმე სადავო საკითხი აქვთ. მაგალითად, სოფელი აიბღა რუსეთის საზღვართან, ასევე კოდორის ხეობა, სადაც რუსეთს გზის გაყვანა სურდა და აფხაზებმა არ დაანებეს. ამ საკითხებზეც მოსალოდნელია კრემლის გააქტიურება?" - პასუხობს:
“აიბღა ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როცა ექსტრემალური ვითარებაა. კოდორის ხეობაზე გზის გაყვანაც რუსეთისთვის უფრო სასპეკულაციო თემაა, "მგელი მოდის" მსგავსად. გზის გაყვანის იდეა არსებობს, მაგრამ აფხაზებმა სასწრაფოდ ნაკრძალად გამოაცხადეს ხეობა. თუმცა, თუ რუსეთს ძალიან მოუნდა ეს გზა, ან სხვა რამე და აფხაზები ხელის შეშლას დააპირებენ, მაშინ სოხუმის აეროპორტი არ აშენდება, პენსიები არ დარიგდება და ა.შ. აფხაზები მხოლოდ სიტყვიერად ებრძვიან რუსებს, თორემ მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლიათ. როდესაც აფხაზებს უჭირთ, მაგალითად, როდესაც ზამთარში დენი იშვიათად მიეწოდებათ და რუსეთიდან ელიან ელექტროენერგიას, ან როცა ტრანშები არ ირიცხება, ხელფასები და პენსიები უგვიანდებათ, მაშინ ჩუმად არიან. ზაფხულის ტურისტული სეზონის შემდეგ, როცა ეკონომიკურად ცოტათი კარგად გრძნობენ თავს, მაშინ უფრო ხმამაღლა იციან ლაპარაკი. ვითარება არ შეიცვლება, აფხაზების რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი ძალიან მაღალია. შეუძლიათ ქუჩაში გამოვიდნენ და იყვირონ, მაგრამ იციან, რომ სიტუაციას ვერ შეცვლიან და მორჩა. რუსების იქით გზა არა აქვთ”.