კორნელი კაკაჩია - “ივანიშვილმა უნდა შეცვალოს “ოცნების” ხისტი და არაპოპულარული ლიდერები, სხვა გამოსავალი მმართველ პარტიას არა აქვს”
რას უნდა ველოდოთ 2024-ში - წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები და მათი გავლენა საქართველოზე
გიორგი გობრონიძე - ხაფანგი თუ დიალოგი?! - რა შეიცვლება თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებში 2024 წელს?!
“უკმაყოფილების ქარიშხალი” - აფხაზეთის სომხური დიასპორა დე ფაქტო ხელისუფლების დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს
“სამშვიდობო საფრთხე” და “აპოკალიფსი” დომინოს პრინციპით, რომელიც მსოფლიოს ემუქრება
* * *
კორნელი კაკაჩია - “ივანიშვილმა უნდა შეცვალოს “ოცნების” ხისტი და არაპოპულარული ლიდერები, სხვა გამოსავალი მმართველ პარტიას არა აქვს”
“ალბათ, პაპუაშვილმა არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა კორუფციაზე ისაუბრა. რადგან თავად ისაუბრა ელიტურ კორუფციაზე, ეს ნიშნავს, რომ მართლაც სერიოზული რისკებია. ივანიშვილი, ალბათ, უფრო ხშირად გამოჩნდება საზოგადოების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან ბევრი განცხადება გააკეთა, მაინც ბუნდოვანია მისი პოლიტიკაში დაბრუნების რეალური მიზეზი. ერთი სავარაუდო ფაქტორი შეძლება 2024 წლის არჩევნები იყოს. მართალია, სხვადასხვა კვლევით “ქართულ ოცნებას” სხვა პარტიებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ ეს მაინც არ არის გამარჯვების გარანტია და მმართველი გუნდისთვის მაინც მნიშვნელოვანია ივანიშვილის პირადი გავლენა და რეიტინგი... ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ივანიშვილის განცხადება, რომ `ქართულ ოცნებაში~ კორუფციის რისკებია, რაც ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების აზრს ელიტური კორუფციის შესახებ”, - აცხადებს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს მმართველ პარტიაში?!
“ფაქტია, რომ ივანიშვილმა დაინახა, ერთი პარტიის ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნამ ქვეყანა სერიოზული რისკებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა. არ გამოვა, ხალხმა ის დაიჯეროს, რასაც “ოცნება” “გადმოაგდებს”. ხალხს ვერც იმას მიჰყიდიან, რომ “ოცნება” არჩევნების მოგებაში დარწმუნებულია. პირიქით, პაპუაშვილისა და სხვა ლიდერების ასეთი განცხადებები უფრო მეტ ეჭვს აჩენს. რას უშვრებიან იმას, რომ ხალხი გადაიღალა “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობით? რაც არ უნდა უარყონ, სინამდვილეში ხომ ყველამ ვიცით, საზოგადოებაში უმძიმესი განწყობებია, უმძიმესი სოციალური ვითარებაა, ათასობით ქართველი ყოველთვიურად გადის ქვეყნიდან. ეს აუცილებლად აისახება არჩევნებზე და ეს იცის მმართველმა გუნდმა. მე არ ვამბობ, რომ “ქართული ოცნება” ბარიერს ვერ გადალახავს, რა თქმა უნდა, გადალახავს და ხელისუფლებასაც შეინარჩუნებს, მაგრამ ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის შესაძლებლობა აღარ ექნება. შეგახსენებთ, რომ ბოლო არჩევნებში “ოცნებას” ყოველთვის უჭირდა პირველი ტურის მოგება და უმთავრესად მეორე ტურში ახერხებდა ფინანსების, ასევე ადმინისტრაციული და სხვა რესურსის მობილიზებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“მოგვწონს თუ არა, ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ დასძლევს ცდუნებას, მიეყიდოს მმართველ პარტიას. წარმოიდგინეთ, რომ ივანიშვილი მართლა აღარ დაინტერესდეს არჩევნებით, ერთ დღეში შეწყვეტს პარტია “ქართული ოცნება” არსებობას. არსებული სისტემა თავად ივანიშვილმა ჩამოაყალიბა “ქართუ ბანკის” საშუალებით. თუ წარსულს გადავხედავთ, ივანიშვილი კორუფციის გამო არავის სჯის, თუ, რა თქმა უნდა, პირადად მას არ დაუპირისპირდებიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახლანდელი “ქართული ოცნება” შედგება ძალზე ხისტი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხალხის სიმპათიით არ სარგებლობენ. ეს ის ხალხია, რომელიც პოლარიზაციას უწყობს ხელს, რომელმაც “აგენტების შესახებ” კანონის შემოტანა სცადა და საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, გულისწყრომა დაიმსახურეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“შესაბამისად, მათი პოზიციები მნიშვნელოვნად არის შერყეული როგორც მედიაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში. “ოცნების” დღევანდელ ლიდერებს აღარ აქვთ კონსტრუქციულობაზე საუბრის რესურსი. ლოგიკურია, ბიძინა ივანიშვილმა იფიქროს, რომ ასეთი დისკრედიტირებული პოლიტიკოსებით არჩევნების ერთპიროვნულად მოგების შანსი არ ექნება. ამიტომ შეიძლება მალე ლიდერების შეცვლის მოწმენი გავხდეთ. ივანიშვილმა ნამდვილად თქვა, რომ პრემიერი არ შეიცვლება მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლა არ შეცვლის. მას ბევრი რამ უთქვამს, მაგრამ მერე აზრი შეუცვლია. მე მხოლოდ ღარიბაშვილს არ ვგულისხმობ, არც სხვა ლიდერები აკლებდნენ ხელს... ყველა ლოგიკით უნდა შეცვალოს ხისტი და არაპოპულარული ლიდერები, მმართველ პარტიას სხვა გამოსავალი არა აქვს. სწორედ ამ ცვლილებების პროცესში სჭირდება პარტიას ივანიშვილის ფიგურა, რათა გუნდი არ დაიშალოს. იქიდან გამომდინარე, რომ “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციას ივანიშვილი აძლევს და მის გარეშე პარტია არაფერს არ წარმოადგენს, ახალი პირების გამოჩენამდე ივანიშვილი იაქტიურებს”, - დაასკვნის “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელი.
“ძნელი სათქმელია, ვინ შეიძლება იყვნენ ახალი ლიდერები. ალბათ, გახსოვთ, ადრე როგორი პრემიერი და მინისტრები გვყავდა - არსაიდან მოსულები, სტაჟიორებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე პრემიერებსა და მინისტრებს. ალბათ, ახლაც ასე იქნება... სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იძლევა იმის განცდას, რომ მოახერხებს “ქართული ოცნების” დაბალანსებას, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში, მით უმეტეს, “ქართული ოცნება” მზად არ არის ხელისუფლების ოპოზიციასთან გასაყოფად. ოპოზიცია იმდენად არის ჩაფლული საკუთარ პრობლემებში, რომ არ ვიცი, მოახერხებენ კი წინასაარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვას, თუნდაც მიუმხრობელი ამომრჩევლის გულის მოგებას. ოპოზიცია რომ ამომრჩეველთა ბაზის გაფართოებას ვერ ახერხებს, ეს იმით კი არ არის განპირობებული, რომ მმართველი გუნდი ძლიერია და სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ამომრჩეველზე ზეგავლენას, ეს განპირობებულია იმით, რომ თავად ოპოზიციური პარტიებიც ვერ მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა”, - მიიჩნევს კორნელი კაკაჩია და შეკითხვაზე - “რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, შეიძლება თუ არა გამოსავალი იყოს გადაჯგუფებები, რაც დაიწყო ოპოზიციურ ველზე?”, - პასუხობს:
“არა მგონია, გაერთიანება ან გადაჯგუფებები გამოსავალი იყოს. ჩემი აზრით, ოპოზიციურმა პარტიებმა იმისთვის უნდა იმუშაონ, რომ პოლიტიკურ კლუბებს არ ჰგავდნენ და მართლა პოლიტიკურ პარტიებად შედგნენ. ამისთვის ამომრჩეველთან რაც შეიძლება მეტი უნდა იმუშაონ. არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე კი არ უნდა დაიწყონ კარდაკარ სიარული და ამომრჩეველთან ხელის ერთ ჩამორთმევას კი არ უნდა დასჯერდნენ, არაერთი შეხვედრა უნდა გამართონ, ხალხს კარგად უნდა მოუსმინონ, გაიგონ, როგორია მათი ინტერესები, რა სჭირდებათ და ამის შემდეგ ხალხის ინტერესებს მოარგონ თავიანთი პოლიტიკური პლატფორმა. დღეს ყველაფერი პირიქით არის - პოლიტიკოსი ლიდერები აქეთ მოძღვრავენ ამომრჩეველს და ცდილობენ თავიანთ პლატფორმას მოარგონ ხალხის ინტერესები”.
“ოპოზიციისთვის ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ზოგისთვის გამოწვევაა, ზოგისთვის - ახალი შესაძლებლობები. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ დაალაგებს საკუთარ სტრატეგიას, ვინ შეაფასებს ვითარებას ობიექტურად, ვინ გამოიტანს წარსულიდან სწორ დასკვნებს და ვინ როგორ გათვლის სამოქმედო გეგმას. წინ ნამდვილად საინტერესო პროცესი გველის. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ძნელი სათქმელია, როგორ შეიძლება გამოიყენოს არსებული მოცემულობა პოლიტიკაში დასარჩენად. შეიძლება ჯერ თავადაც არ გადაუწყვეტია. ალბათ, მომენტს დაელოდება. არ არის გამორიცხული, მარგველაშვილის მსგავსად, განზე გადგომა არჩიოს”, - დასძენს კორნელი კაკაჩია.
რას უნდა ველოდოთ 2024-ში - წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები და მათი გავლენა საქართველოზე
“რა იქნება 2024 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს მასშტაბით? “რეზონანსთან” ამ თემაზე საუბრისას ანალიტიკოსები რამდენიმე საერთოეროვნულ და ასევე გლობალურ საკითხს გამოყოფენ, რომლებიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. ასევე აკეთებენ პროგნოზებს, თუ კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ 2024 წლისაგან. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში წლის მთავარ მოვლენად ანალიტიკოსები საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევენ. მათი ვარაუდით, წინაასაარჩევნო კამპანია დაძაბულად ჩაივლის და ამასთან, უნდა ველოდოთ გადაჯგუფებებს როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში. მათივე შეფასებით, ასევე ისტორიული მოვლენა იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შესაძლო დაწყება. რაც შეეხება გლობალურ მოვლენებს, პირველ რიგში ეს იქნება უკრაინა-რუსეთის ომი, რომელიც შესაძლოა წელსვე დასრულდეს. დღევანდელი გადასახედიდან ომის შედეგების პროგნოზირება რთულია, თუმცა ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს შედეგები მნიშნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ზოგადად მსოფლიოზე, ასევე კონკრეტულად საქართველოზეც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას უნდა ველოდოთ 2024-ში - წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები და მათი გავლენა საქართველოზე.
“წლის სხვა საერთაშორისო მოვლენებიდან ასევე ცალკე აღსანიშნავია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპარლამენტის არჩევნები. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსათვის 2024 წლის მთავარი მოვლენა საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს. მისივე პროგნოზით, ეს წელი პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური იქნება და ბევრ ცვლილებებსაც ვიხილავთ როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციურ ფლანგზე. “რა თქმა უნდა, ეს წელი ყველაზე მნიშვნელოვანი იმით არის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, ოპოზიციურ და სახელისუფლეებო ფლანგზე გარკვეული ცვლილებები და გადაჯგუფება იქნება. მით უმეტეს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა. ვფიქრობ, “ოცნების” ზოგიერთი ლიდერი შეიძლება სხვა, ახალმა მოთამაშეებმა ჩაანაცვლონ. ასევე ველი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სიახლეები იქნება”, თვლის საყვარელიზე, რომლის აზრით, “ალბათ მოხდება გადაჯგუფება და ბევრ საინტერესო სიუპრიზთან გვექნება საქმე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს წელი ასევე საინტერესოა იმითაც, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ჩვენ მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამიტომ საინტერესო წელი გვექნება”, - თვლის საყვარელიძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ 2024 წელი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება, თუმცა მნიშვნელოვანი. მისი აზრით, ამ წელს თუ პოლიტიკურ ასპარეზზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდა, “ოცნებას” კვლავ შანსი აქვს, რომ ხელისუფლება ერთპიროვნულად შეინარჩუნოს. ამიტომ მას იმედი აქვს, რომ ოპოზიციაში გადალაგება დაიწყება და ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესი იქნება. “რა თქმა უნდა, ეს წელი იმით არის მნიშვნელოვნი, რომ საპარლამენტო არჩევნები გვაქვს და პოლიტიკურ ცხოვრებაში წესით დიდი ცვლილებები უნდა მოხდეს. ვფიქრობ, ძალიან მძიმე წელი იქნება, რადგანაც წინასაარჩევნო პროცესი ყოველთვის ასეთი რთულია. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის აზრით, “სავარაუდოდ, ამის ერთ-ერთი მიზეზი თავის დაზღვევაა იმისგან, რომ თუკი ოპოზიციურ ფლანგზე გარკვეული გადაჯგუფება მოხდება, ან ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან”, - განაგრძობს გამოცემა.
“რა თქმა უნდა, იქნება დაპირისპირებება როგორც პროპაგანდის კუთხით, ასევე ფიზიკური ანგარიშსწორებით დამთავრებული. ამიტომ ვამბობ, რომ მძიმე წელი გველის. ივანიშვილს 2012 წელს საზოგადოებაზე რა გავლენა და ავტორიტეტიც ჰქონდა, ახლა იმის ნახევარიც არ აქვს. ამიტომ ელექტრატის მხრივ არ მგონია “ოცნებისთვის” 2024 წელს რამე მნიშველოვნად შეიცვალოს. თუმცა ალბათ უფრო შიდა პოლიტიკური გარჩევები ექნებათ და რაღაც ცვლილებები გუნდის შიგნითაც მოხდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე. რაც შეეხება 2024 წლის გლობალური მნიშვნელობის მოვლენებს, საყვარელიძე ისევ უკრაინა-რუსეთის ომს ასახელებს. ასევე საპრეზიდენტო არჩევნებს აშშ-ში და ევროპარლამენტის არჩევნებს, სადაც კორუფციის და კორუფციულმა სკანდალებმა ძალიან მძიმე სახე მიიღო. ის ვრაუდობს, რომ ამ მხრივაც ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი. ასევე ვახტანგ ძაბირაძეც მიიჩნევს, რომ 2024 წლის მთავარი მოვლენა უკრაინა-რუსეთის ომი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპარლამენტის არჩევნები იქნება”, - დასძენს გამოცემა.
“ეს წელი მსოფლიოს მასშტაბითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან, პირველ რიგში, რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხშია შესული და უკრაინის კონტრშეტევამ არ მოიტანა ის ეფექტი, როგორი ანონსიც იყო. ამიტომ დასავლეთში ბევრი რამის გადახედვა და შეცვლა მოუწევთ. ეს ომი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მით უმეტეს, რომ მის ბედზე პირდაპირ გავლენას ახდენს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები. მიმაჩნია, რომ თუკი აშშ-ის ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, ან რესპუბლიკელების რომელიმე სხვა ლიდერი, უკრაინის ომის დაფინანსება გადაიხედება. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ომის დაფინანსების მხრივ შეიცვლება, თუმცა უკრაინის აღდგენა და იმ დანგრეული ქალაქების ისევ აშენებას ძალიან დიდი თანხა სჭირდება და ამაში ალბათ უკრაინა მხარდაჭერას ყველას მხრივ ისევ მიიღებს. ამიტომ მსოფლიოშიც ძალიან დიდი ცვლილებები იქნება და ეს წელი ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებს“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“კვლავ ვფიქრობ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 2024 წელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რომელიც ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რას გადაწყვეტს დასავლეთი უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით. კვლავ გაგრძელდება თუ არა უკრაინის დახმარება იმ ფორმით, რაც აქამდე იყო. ვიცით, რომ ამერიკაში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიციებია. ამიტომაც ბევრი რამ ამერიკის სპრეზიდენტო არჩევნებზეც იქნება დამოკიდებული. თუ ხელისუფლებაში ტრამპი დაბრუნდა, რომელიც ომის ერთ დღეში დასრულების პირობას დებს, მაშინ სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იქნება. თუ ბაიდენი დარჩა ისევ, ან მისი პარტიის რომელიმე წევრი, იგივე პოლიტიკა და უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება. თუმცა რაღაც ცვლილება აუცილებლად იქნება. ამ ფორმით ომის დიდხანს გაგრძელება მგონია, რომ შეუძლებელი იქნება. რაღაც გარდატეხა უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ უკრაინას ისეთ მოლაპარაკებაზე მოუწიოს წასვლა, რაც მისთვის რადიკალურად მიუღებელი იქნება”, - განმარტავს ვახტანგ ძაბირაძე.
გიორგი გობრონიძე - ხაფანგი თუ დიალოგი?! - რა შეიცვლება თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებში 2024 წელს?!
“ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გააქტიურების ყველაზე რეალური მიზეზი 2024 წლის არჩევნებია. ვფიქრობ, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ პოზიციონირებას ივანიშვილის პერსონის გამოყენებით გეგმავს. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ დამფუძნებლის ფაქტორი კარგი იქნება ელექტორატის მობილიზაციისათვის. რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, მნიშვნელოვანია არა პერსონალიები, არამედ ამ ორი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. მე არა მგონია, რუსეთის ეროვნული ინტერესები გადაიხედოს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში რომელიმე პოლიტიკური ფიგურა გააქტიურდა. შესაბამისად, ცვლილებებს არ ველი. საქართველო-რუსეთის ურთიერთობას განსაზღვრავს რუსეთის დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ. ეს დამოკიდებულება კი არ იცვლება - ჩვენ კრემლი ისევ ტერიტორიულ დანაკარგად მიგვიჩნევს და არა სუვერენულ მეზობელ ქვეყნად”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხაფანგი თუ დიალოგი?! / რა შეიცვლება თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებში 2024 წელს?!
“ხომ ხედავთ, რა ხდება აფხაზეთსა და ცხინვალში - იქ არსებული ვითარება უკვე გასცდა ოკუპაციის საზღვრებს და ანექსიის სახე მიიღო... ბიჭვინთის აგარაკები, ოჩამჩირეში საზღვაო და საჰაერო ბაზების მშენებლობა, სოხუმის აეროპორტის საკითხი მიუთითებს, რომ რუსეთს არ გადაუხედავს თავისი ინტერესებისთვის წამითაც კი და მიუხედავად უკრაინასთან ომისა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაინც განაგრძობს საფორტიფიკაციო მშენებლობებს. ამ ტიპის სამხედრო ნაგებობების აშენება პირდაპირ რისკებს უქმნის საქართველოს. რაც შეეხება იმედიან განცხადებებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ, ძალიან მარტივად არის საქმე - 30 წელია საქართველოს ყველა ხელისუფლება იმედიანად ლაპარაკობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე, მაგრამ ჯერ არავის არაფერი გაუკეთებია. ამიტომ კარგი იქნება, როდესაც პოლიტიკოსი ლიდერები ამ საკითხზე ისაუბრებენ, განცხადებაში უფრო მეტი კონკრეტიკა შეიტანონ და გვითხრან, როგორ წარმოუდგენიათ დეოკუპაციისთვის მუშაობა, ან როგორ წარმოუდგენიათ და როგორ აფასებენ რუსეთთან კომუნიკაციას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“ოპოზიციასთანაც მაქვს კითხვა - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, საქართველომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგასო. ნეტავ კონკრეტულად რას გულისხმობდნენ ქმედით ნაბიჯებში? განცხადების გაკეთება ნამდვილად არის ნაბიჯი, მაგრამ არა ქმედითი. ქმედითია ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს გავლენა კონკრეტულ ვითარებაზე. ასევე საინტერესოა, რას გულისხმობენ ოპოზიციონერები, როდესაც სახელმწიფო ძალის პოზიციონირებაზე საუბრობენ. სახელმწიფოს ძალა იზომება იმისდა მიხედვით, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია რეგიონში, სამეზობლოში მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს სამეზობლოში კი არა, აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე პროცესებზე არ შეუძლია გავლენის მოხდენა. კარგი იქნება, თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პოპულისტურ განცხადებებს თავს დაანებებენ და კონკრეტულ გეგმებსა და ხედვებზე ისაუბრებენ”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“საზოგადოდ, კონფლიქტების მოგვარებისთვის ყველაზე კარგი გზა თანამშრომლობაა, ერთმანეთთან კომპრომისები, მაგრამ მე მაინტერესებს, ამით რას მივიღებთ ჩვენ - გალში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა გაუმჯობესდება, დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა გაუადვილდებათ, ორმაგ პასპორტებს აიღებენ თუ რა მოხდება? აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი დანამატ ფულს რომ გააკეთებს, ჩვენ ამით რა შედეგზე გავალთ? ამ ხალხის რიტორიკა ისევ მტრული და კონფორმისტულია. იგივე ითქმის ცხინვალზეც! ამ ცოტა ხნის წინ შემოგვითვალა ალან გაგლოევმა, 2008 წლის აგვისტოს გაკვეთილები კარგად გაიხსენეთო. საერთოდ, რა ეკონომიკურ ურთიერთობებზე უნდა ველაპარაკოთ ხალხს, რომლებსაც ქართველების სიცოცხლე არაფრად არ მიაჩნიათ. კრემლში ჩვენთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე რომ ფიქრობდეს ვინმე, ჩვენ ტატუნაშვილს, გინტურს, ოთხოზორიასა და კიდევ ბევრ ქართველს სეპარატისტები ვერ მოგვიკლავდნენ. წარმოუდგენელია ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბარი იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც ქართველების აპარტეიდს ახორციელებენ. სრული აბსურდია!” - დაასკვნის გიორგი გობრონიძე და შეკითხვაზე - “დღეს ძალიან ბევრი აკრიტიკებს ხელისუფლებას იმის გამო, რომ არ შევუერთდით რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს...” - პასუხობს:
“როგორ შეგვიძლია სხვაგვარად მოვიქცეთ, როდესაც ჩვენი ეკონომიკა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. შევუერთდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და, დავდგებოდით პურის რიგში. ხელისუფლებამ იმაზე უნდა იფიქროს, როგორ მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რომ რუსეთზე დამოკიდებული არ ვიყოთ. აკეთებს ამისთვის რამეს? არა! ისევე როგორც არ აკეთებდა ამას წინა ხელისუფლება”.
“უკმაყოფილების ქარიშხალი” - აფხაზეთის სომხური დიასპორა დე ფაქტო ხელისუფლების დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს
“ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გასული წლის ბოლო დღეებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ სომხური დიასპორისა სხვა ეთნიკური ჯგუფების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ეხება “ბიუჯეტიდან” მხოლოდ ეთნიკურად აფხაზი ახალშობილებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების დაწესებას. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი დისკრიმინაცია აფხაზეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას გაამწვავებს. დე ფაქტო ხელისუფლებამ “დემოგრაფიის განვითარების” მიზნობრივ უწყებათაშორის პროგრამაში 29 დეკემბერს შეიტანა ცვლილება, რომელიც 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს შემდეგს: პირველი, მეორე და მესამე შვილის დაბადებისას ოჯახი “ხელისუფლებისგან” საჩუქრად იღებს 100 ათას რუბლს (დაახლოებით 3 ათასი ლარი), მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე კი - 200 ათას რუბლს (დაახლოებით 6 ათასი ლარი). უკმაყოფილება კი იმან გამოიწვია, რომ ეს მხოლოდ აფხაზურ ოჯახებს ეხება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უკმაყოფილების ქარიშხალი” - აფხაზეთის სომხური დიასპორა დე ფაქტო ხელისუფლების დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
“როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისგან ამ ფაქტის გამო დიდი უკმაყოფილება ნამდვილად არის, თუმცა სერიოზული დაპირისპირების ნიშნები ჯერჯერობით არაა და არც ამის მოლოდინია, რადგან მათ უკვე წლებია გათავისებული აქვთ, რომ “ისინი მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან”. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა კარგი მომენტია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს ინიციატივა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური წარმომავლობის ახალდაბადებული ბავშვი დააფინანსოს. ამას დიდი ფინანსური რესურსი არ დასჭირდება, სამაგიეროდ კი გამოჩნდება, როგორ სახელმწიფოს სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს. როგორც გამოცემა “გოლოს აბხაზიი” (“აფხაზეთის ხმა”) წერს, ამან უკვე გამოიწვია “უკმაყოფილების ქარიშხალი” სოციალურ ქსელებში. “ტელეგრამ” არხებზე მწვავე დისკუსიაც მიდის სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის აფხაზეთის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი აფხაზებსა და სომხებს შორის. წერენ, რომ მხოლოდ აფხაზი ახალშობილების დაფინანსება “ბიუჯეტიდან”, რომელიც ყველა ეროვნების მოქალაქეების გადასახადებით ივსება, აშკარად დისკრიმინაციულია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ის, რომ აფხაზეთში ეთნოკრატიაა, ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, რადგან კონსტიტუციაში პირდაპირ უწერიათ, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი შეიძლება მხოლოდ ეთნიკური აფხაზი იყოს და ვერასდროს ვერ გახდება სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი. აფხაზეთში აფხაზები უმცირესობაში არიან, ეთნიკური სომხების, ქართველებისა და რუსების ჯამი აფხაზების რაოდენობას ორჯერ აღემატება. თუმცა, ამის მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტს რომ შევხედოთ, აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური აფხაზები არიან და ეს ეთნოკრატიის მშვენიერი მაგალითია. ამ ფონზე ეს სიტუაცია მოსალოდნელიც იყო, რაც მსოფლიოს უფრო მეტად აჩვენებს, თუ როგორ საზოგადოებას სურს, რომ ისინი დამოუკიდებლად აღიარონ, რომელიც ასე მკაფიოდ გამოკვეთილი ეთნიკური სეგრეგაციის ნიშნებს ატარებს. აფხაზების შემდეგ ყველაზე უფრო აქტიური ეთნიკური ჯგუფი მაინც სომხები არიან. მათ გარკვეული განცხადებებიც გააკეთეს, რომ ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტიულებაა, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე საზოგადოების ინტერესების კონსოლიდაციას ხელს არ უწყობს და საზოგადოების ფრაგმენტაციას ახდენს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“საერთო განწყობა ასეთია, ყველამ იცის, რომ ეს ასეა და ამის გამო არ მგონია დაპირისპირება იყოს, რადგან ყველამ იცის - ეთნიკურმა ქართველებმაც, ეთნიკურმა სომხებმაც და სხვებმაც - რომ ისინი აფხაზეთში მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან. ეს ფაქტი კი ამის მორიგი მტკიცებულებაა - აფხაზებმა ის კი არ გააკეთეს, რომ ვითარება დაბალანსებისა და თანასწორობისკენ შეეცვალათ, პირიქით, უთანასწორობა კიდევ მეტად გააღრმავეს... საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თავად განახორციელოს მსგავსი პროგრამები ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის. აფხაზეთში ძალიან ცოტა ადამიანი იბადება, რაც თავისთავად პრობლემაა. ჩემი აზრით, ახლა კარგი მომენტია, საქართველოს უნდა შესწევდეს უნარი და გამოაცხადოს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა ახალდაბადებულ ბავშვს აფინასებს. ამას დიდი ფინანსური დატვირთვა არ ექნება, სამაგიეროდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ ჯგუფებს ვაჩვენებთ თუ როგორ სახელმწიფოს ვთავაზობთ. ანუ ყოველ ადამიანს, რომელსაც ექნება აფხაზეთის პასპორტი და პლუს მოიტანს მტკიცებულებას, რომ მას შვილი შეეძინა, საქართველო მათ გარკვეულ დახმარებას მისცემს - ამას თუ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებდა, კარგი იქნებოდა...”, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.
“სამშვიდობო საფრთხე” და “აპოკალიფსი” დომინოს პრინციპით, რომელიც მსოფლიოს ემუქრება
“ვისაც რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება სურს, შეუძლებელია გული არ მოუკვდეს დასავლური პრესის კითხვისას - სამწუხაროდ, სანუგეშო აღარაფერი იწერება. დასავლური მედიები ერთმანეთის მიყოლებით წერენ, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, კიევმა რუსეთს დე ფაქტო დაუთმოს უკვე ოკუპირებული ტერიტორიები და მასთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გააფორმოს, იმ პირობით, რომ დასავლეთი უზრუნველყოფს დანარჩენი უკრაინის უსაფრთხოებას. ასევე, დეტალურად გაანალიზდა უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლის მიზეზები. მეტიც, ელიან რუსეთის მძლავრ შეტევას. ითქვა ისიც, რომ სანქციებმა შედეგი არ მოიტანა - რუსეთის ეკონომიკა არათუ ჩამოიქცა, არამედ გაძლიერდა. მოკლედ, ძალიან ბევრი რამ ითქვა და დაიწერა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “სამშვიდობო საფრთხე” და “აპოკალიფსი” დომინოს პრინციპით, რომელიც მსოფლიოს ემუქრება.
“გასაგებია, რომ გეოპოლიტიკაში პრინციპები შეიძლება შეიცვალოს ისე, როგორც მსხვილ მოთამაშეებს აწყობთ. თუმცა, ალბათ, ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვარი. 2008 წლამდე მსოფლიოში პოლიტიკით მეტ-ნაკლებად დაინტერესებული ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიოს პოლიტიკური რუკა არ შეიცვლებოდა, მაგრამ მოხდა საქართველოს ამბავი, როდესაც რუსეთი არა მარტო თავს დაესხა სუვერენულ ქვეყანას, არამედ მისი ორი რეგიონი დამოუკიდებლადაც აღიარა. თუმცა ამ გადასახედიდან ჩანს - დასავლეთში საქართველოსთვის ტერიტორიების წართმევა ჩაითვალა როგორც რაღაც ცალკეული, ერთიანი ციკლიდან ამოვარდნილი მოვლენა - ანუ ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ტრაგედია ტენდენცია კი არა, გამონაკლისი იყო. რეალურად კი 2008 წელს რუსეთს შერჩა საქართველოზე თავდასხმა, მისი რეგიონების ოკუპაცია, ქართველების ეთნოწმენდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების განთავსება ანუ საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვა და მსოფლიო წესრიგისთვის დარტყმის მიყენება. აგვისტოს ომის შემდგომ ვაშინგტონმა პუტინთან გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო, ევროპა კი უფრო და უფრო შეჯდა გაზისა და ნავთობის რუსულ ნემსზე” - აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები (რომლებიც რეალურად არ არსებობდა) რა მოსატანია იმ გარანტიებთან, უკრაინას რომ იცავდა. დიახ, 2014 წლამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც, წესით, უდარდელად უნდა ეცხოვრა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ უკრაინას დარჩა ბირთვული იარაღი. დასავლეთის ზეწოლით კიევმა ბირთვული არსენალი მოსკოვს დაუთმო (რაზეც დღემდე თავში ხელს ირტყამენ უკრაინის პატრიოტები), სამაგიეროდ, გაფორმდა ბუდაპეშტის მემორანდუმი. ამ დოკუმენტის მიხედვით აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი პასუხისმგებლობას იღებდნენ უკრაინის უსაფრთხოებაზე და რაც მთავარია, მისი საზღვრების ურღვეობაზე. მემორანდუმში პირდაპირ იყო ჩაწერილი, რომ რუსეთს უნდა დაეცვა უკრაინა, თუ მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრებოდა. თუმცა შემდეგ იყო 2014 წლის ღირსების რევოლუცია და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტების წახალისება, მათთვის მხარდაჭერა ცოცხალი ძალითა და მძიმე ტექნიკით და ა.შ.” - განაგრძობს გამოცემა.
“ანუ რუსეთმა 2008 წლის შემდეგ უკვე მეორედ გათელა ფეხქვეშ საერთაშორისო სამართალიც და ბუდაპეშტის მემორანდუმიც თავზე გადაახია ვაშინგტონსა და ლონდონს (კიევზე აღარაფერს ვიტყვით). და რა მოხდა? პუტინს მეორედაც შერჩა! რუსეთ-ევროკავშირის ვაჭრობაც გაიზარდა და 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატიც გაიმართა რუსეთში, რაც ამ ქვეყნისა და პირადად პუტინისთვის უზარმაზარი რეკლამა იყო. როდესაც ორჯერ შეგრჩება, დარწმუნებული ხარ, რომ მესამეჯერაც შეგრჩება და მეოთხეჯერაც - შეიძლება პუტინს მესამეჯერაც შერჩენოდა, 2022 წლის თებერვალ-მარტში კიევი რომ აეღო. საბედნიეროდ, ვერ აიღო. შესაბამისად, იბადება კითხვა - სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება პუტინთან იქნება თუ არა იმის დამამტკიცებელი, რომ რუსეთის დიქტატორმა ნაწილობრივ მაინც მიაღწია მიზანს და კიდევ ერთხელ შერჩა?” - დასძენს გამოცემა.
“დასავლელი ექსპერტების ნაწილი აპელირებს იმით, რომ ომმა რუსეთიც მძიმე დღეში ჩააგდო - გულისხმობენ ცოცხალი ძალის დანაკარგებს და არა ეკონომიკურ ციფრებს. სამასი ათასი კაცი რომ დაღუპვოდა, ეს კატასტროფული შედეგი იქნებოდა იმავე აშშ-სთვის და საზოგადოებრივი აზრი აიძულებდა ხელისუფლებას, ეფიქრა გრძელვადიანი მშვიდობისთვის. თუმცა ჩვენ საქმე გვაქვს რუსეთთან - კუბოების ზიდვას ვეღარ აუდიან, მაგრამ არაფერი ხდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ისეა დაზომბირებული, რომ ისევ პუტინს შესტირის. გარდა ამისა, კრემლის დიქტატორმა ჭკუა იხმარა - დაღუპულის ოჯახი რუსეთში დიდ კომპენსაციას იღებს, ისეთს, რომ ღარიბ-ღატაკი რეგიონების მოსახლეობა სიცოცხლეში ვერ გამოიმუშავებდა და არცთუ ცუდად გრძნობენ თავს. თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ოთხი მილიონი რუსიც რომ დაიღუპოს უკრაინის ომში, არც არაფერი არ მოხდება. თუ დასავლეთი დაიყოლიებს ზელენსკის და რუსეთთან გააფორმებინებენ სამშვიდობო ხელშეკრულებას სქემით “ოკუპირებული ტერიტორიები დე ფაქტო პუტინს, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ”, ეს მშვიდობის გარანტია კი არა, უფრო დიდი კატასტროფის დასაწყისი იქნება”, - წერს სტატიიის ავტორი.
“რას გამოიწვევს მსოფლიოში ზემოხსენებული შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება კიევსა და მოსკოვს შორის? პირველ რიგში, ალბათ, უკრაინელებისთვის ზელენსკი დასრულდება როგორც ლიდერი და როგორც პრეზიდენტი. დიახ, ეს ქვეყანა დაიღალა ომით, მაგრამ იმის თქმა, რომ მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინელები თავიანთ მიწას მშვიდად შეელევიან, არ შეიძლება. დღეს უკრაინის პოლიტიკაში ორი ყველაზე მაღალრეიტინგული ფიგურაა - ვოლოდიმირ ზელენსკი და ვალერი ზალუჟნი. თუ ზელენსკი სამშვიდობო ხელშეკრულებას გადაჰყვა, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის პოსტზე მას შეცვლის ზალუჟნი, რომელსაც რუსებთან საუბარი მხოლოდ “ჰაიმარსებით” უყვარს. ეს მოვლენების განვითარების ყველაზე კარგ ვარიანტში, თორემ წამგებიანმა მშვიდობამ შესაძლოა უკრაინის საზოგადოებაში ურთიერთბრალდებები და განტევების ვაცის ძიება ისე გაამწვავოს, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადაჩეხოს”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.
“თუ ჩაითვალა, რომ პუტინს მესამედაც შერჩა, ეს იქნება მძლავრი სიგნალი ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მის სუსტ მეზობელს ძალიან ბევრი მიწა აქვს და ცოტა უნდა “მოუჭრას”. თავს წამოყოფენ “მინიპუტინები” აზიით დაწყებული და სამხრეთ ამერიკით დამთავრებული და ამ ხანძარს ვერანაირი დიპლომატია ვერ ჩააქრობს. პირიქით, თავად პუტინი ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ ცეცხლის კერები უფრო გაღვივდეს. საერთაშორისო სამართლის ნაცვლად იბატონებს პრინციპი - “რასაც წაართმევ, შენია”. რაც შეეხება თავად პუტინს, ის არ შეეშვება არც უკრაინას და არც პოსტსაბჭოთა სივრცეს (საქართველოსაც). სამშვიდობო ხელშეკრულებას ამოსუნთქვისა და გაძლიერებისთვის გამოიყენებს... დასავლეთს მაინც მოუწევს მისი შეჩერება, უფრო დიდ ფასად. მსგავსი დიქტატორები არ ჩერდებიან და ამის მაგალითია ჰიტლერი. მაშინაც ეგონათ, რომ ფიურერი ჩეხოსლოვაკიის ნაწილით დაკმაყოფილდებოდა და ევროპელმა “მშვიდობის მტრედებმა” ეს ქვეყანა აიძულეს, რომ ნაცისტური გერმანიის მოთხოვნებს დასთანხმებოდა. არადა, მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის არმია ბრძოლისუნარიანობითა და ტექნიკური აღჭურვილობით მაინცდამაინც არ ჩამოუვარდებოდა და ზოგიერთ სახეობაში აღემატებოდა ვერმახტს..”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“პუტინს რომ ვერანაირი ხელშეკრულება და ცოცხალი ძალის დანაკარგი ვერ შეაჩერებს, ამაზე კამათიც არ ღირს. მას წელში გადატეხს სამხედრო მარცხი და რეალური ეკონომიკური სანქციები. სამხედრო მარცხისთვის საჭიროა უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღისა და რაკეტების დიდი რაოდენობით მიწოდება, ხოლო სანქციებისთვის ზეწოლის გაძლიერება ქვეყნებზე, რომელთა დახმარებით პუტინი ახერხებს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას... ნებისმიერ დასავლელ ექსპერტთან უკრაინისთვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდების საკითხზე საუბარი მთავრდება თემით - კი მაგრამ, პუტინმა რომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს? რა თქმა უნდა, ეს რისკი არის. თუმცა ბირთვული იარაღი მარტო პუტინს არა აქვს და რუსებმაც ძალიან კარგად იციან, რომ თუ კრემლში ვინმეს წითელი ღილაკისკენ წაუცდება ხელი, რუსეთიც აღიგვება პირისაგან მიწისა. სხვათა შორის, 90-იან წლებში, როდესაც რუსეთი ნამდვილად იყო დაშლის პირას, დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა მისი ერთიანობის შენარჩუნებისთვის - თუ რუსეთი ჩამოიშლებოდა, როგორ უნდა ეკონტროლებინათ პატარ-პატარა “სამეფოებში” თუ რესპუბლიკებში მიმოფანტული ბირთვული იარაღი. საინტერესოა, ეს დასავლელი ლიდერები (ვინც ცოცხალია) თუ უსვამენ კითხვას საკუთარ თავს - რა ჯობდა, თუნდაც პატარ-პატარა პრობლემატური “სამეფოების” კონტროლი თუ პუტინის რუსეთთან ურთიერთობა?!” - დასძენს სტატიის ავტორი.