ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ გამოჩენისთვის, სიტყვას - „დაბრუნება“ არ გამოვიყენებ, არც ჩვენი გუნდი იყენებს ამ ტერმინს, მარტივი მიზეზის გამო, რომ დაბრუნდე, წასული უნდა იყო , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ბუჩუკურის მოსაზრებით, ივანიშვილს რომ საკუთარი გადაწყვეტილება არ უხაროდა, მისივე სიტყვით გამოსვლაში კარგად ჩანდა.
„ივანიშვილმა თავის სიტყვაში თქვა, რომ არსად იყო წასული და კონსულტაციებს მართავდა გუნდთან. მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას არწმუნებდა, არანაირი შეხება არ მაქვს, მაქსიმუმ დღესასწაულები მივულოცოთო. ბიძინამ „ჩაუშვა“, რომ მთლად ასე არ ყოფილა საქმე.
რეალურად, მიზეზი, რატომ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება, არ არის ერთი, ეს არის სხვადასხვა გარემოების ერთობლიობა. ივანიშვილს რომ ეს გადაწყვეტილება არ უხაროდა, მის სიტყვით გამოსვლაში კარგად ჩანდა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
დეპუტატმა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის ერთობლიობაა.
„კულისებიდან გამოსვლის რამდენიმე მიზეზია: პირველი არის ის, რომ იმ ბიჭებს, ვინც მას ჰყავს დარჩენილი, არ ენდობა. არ ენდობა იმ თვალსაზრისით, რომ არ სჯერა მათი ეფექტურობის 2024 წლის არჩევნებში, რომ ისეთ შედეგს დადებენ, რომელიც მას უნდა და წარმოუდგენია.
მეორე მიზეზი, შავი ფულის როლზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ძალიან დიდ შავ ფულზეა საუბარი. მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორ იქნება ეს ფული წარმართული იმ ადამიანების მიერ, რომელთა მიმართ ნდობის და ეფექტურობის არ სჯერა ივანიშვილს.
არ შეიძლება არ ვახსენოთ სანქციები. ერთ-ერთი ფაქტორი სანქციების შიშიც არის. ივანიშვილმა დაინახა, რომ არაფორმალურობა არ არის დამცავი ფაქტორი. როდესაც სასამართლო „კლანი“ დასანქცირდა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან, იქიდან ერთ-ერთი მოსამართლე მოქმედი არ იყო ე.ი. არაფორმალურობა დაცვის გარანტია არ არის.
ამასთან, როგორც „ოცნებას“ ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“ ისტორიულად ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს, ესეც ერთ-ერთი მიზეზია“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
ბუჩუკურმა კომენტარი გააკეთა ივანიშვილის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
ბუჩუკურის თქმით, ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარია „მიხედავს“.
„კონკრეტულად, სიტყვა „ღალატზე“, მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ - ბიძინა ივანიშვილს გახარია მიხედავს. მე პირველ რიგში ვარ მოქალაქე და ამ განცხადებას [ღალატის შესახებ] ვისმენ ადამიანისგან, რომელმაც 2021 წელის 12 იანვარს, ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს, რადგან „მე ჩემი საქმე შევასრულე” და „ყველაფერს ძალიან კარგად ვტოვებ“, „თუ ჩემი დაბრუნება კიდევ გახდა საჭირო, ე.ი. ცუდი მენეჯერი ვყოფილვარო“ - ამ სიტყვების პატრონის სიტყვებს ფასი აქვს, თუ არა ეს საზოგადოებამ კარგად იცის“, - განაცხადა ბუჩუკურმა.