ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად სამთავრობო გეგმა უნდა იყოს მოქნილი და არ უნდა იყოს საბოლოო ვარიანტი, ცვლილებები უნდა შევიდეს, სხვანაირად ის არ იქნება საკმარისი, რათა 9 ნაბიჯი გადაიდგას - საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ნაბიჯები, რასაც ევროკავშირი ელის, ნაწილობრივაა ასახული და საერთოდაა იგნორირებული საარჩევნო რეფორმის საკითხი, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა შესავსებია და „ის უფრო ამბიციური უნდა გახდეს“. ნატროშვილის შეფასებითვე, ეს უნდა მოხდეს არა ერთპიროვნულად, მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ, არამედ „მასში ჩართულები უნდა იყვნენ სხვადასხვა ჯგუფები - პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები“.
„ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ ყველა ნაბიჯი, რაც ქვეყნის მხრიდან გადაიდგმება, საზოგადოებაში კონსენსუსის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. კონსენსუსი როგორ მიიღწევა - მასში ჩართული უნდა იყვნენ ძირითადი მოთამაშეები. ძირითად მოთამაშეებში იგულისხმებიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე სამოქალაქო საზოგადოება. მათთან კონსულტაციის შედეგად უნდა შემუშავდეს ის ნაბიჯები, გეგმები, რომელიც ევროინტეგრაციას დაეხმარება. ეს, ნებისმიერი კარგი პრაქტიკის თანახმად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. ეს საკითხი ხომ მთელ საზოგადოებას ეხება. ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ მმართველი პარტიისთვის, არამედ მთლიანად, ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის. აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ ყველამ იგრძნოს საკუთარი როლი ამ პროცესში, აუცილებელია, საზოგადოებასთან მმართველმა გუნდმა გარკვეული კონსულტაციები აწარმოოს, რათა ქვეყანას შეთანხმებული პოზიცია ჰქონდეს და ეს არ იყოს მხოლოდ ერთი პარტიის პოზიცია. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ასეთი გეგმების შემუშავებაში ფართო ჯგუფები იყვნენ ჩართულები. საინტერესოა ასევე ის, რომ როდესაც მთავრობამ, ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ ეს გეგმა დაამტკიცა, ერთი თვის განმავლობაში არ იყო გასაჯაროებული, რას შეიცავდა ეს გეგმა. მათ, როგორც ვიცით, გაუგზავნეს ევროკომისიას, თუმცა იქიდან რა პასუხი მიიღეს, არც ამაზე გვაქვს ინფორმაცია. საბოლოოდ 25 დეკემბერს გასაჯაროვდა ეს სამოქმედო გეგმა და ჩვენი აზრით, მას აქვს თავისი შინაარსობრივი პრობლემები“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
გარდა ამისა, ნატროშვილის თქმით, სამთავრობო გეგმაში არის საკითხები, მათ შორის საარჩევნო, სადაც ცვლილებისთვის სივრცე, ფაქტობრივად, დახურულია.
„გეგმაში არის რაღაც პუნქტები, სადაც უფრო ღიადაა დარჩენილი საკითხები და წერია, რომ შეიქმნება გარკვეული ფორმატები და მომავალში გაიწერება, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ამ მიმართულებით, თუმცა არის საკითხები, სადაც ფაქტობრივად დახურულია სივრცე, მაგალითად, საარჩევნო საკითხები. ამ პუნქტის შესრულების კუთხით ჩამოთვლილ ნაბიჯებში ვხედავთ სამ ნაბიჯს, რაც გეგმაშია გაწერილი: მოიწვიონ საერთაშორისო დამკვირვებლები თებერვალში - ეუთო/ოდირია ნახსენები. ეს ცალსახად კარგია; ხელისუფლება ითანამშრომლებს ყველა მხარესთან და სპეციალური ფორმატები შეიქმნება - ესეც, როგორც წესი, ყველა არჩევნების წინ ხდება ხოლმე; საუბარია ასევე, ორ საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებაზე, რაც 15 დეკემბერს უკვე მიიღეს მესამე მოსმენით, რომ აიკრძალა იურიდიული პირების მხრიდან პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობა და პარტიების ყოველწლიური ხარჯების ზედა ზღვარი ოდნავ შემცირდა.
იქ ფაქტობრივად არ წერია, რომ სხვა ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მაგალითად ცესკო-სთან დაკავშირებით არ წერია, რას აპირებენ მომავალ წელს, მაშინ როდესაც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნეს დასკვნა ცესკო-ს დაკომპლექტებაზე. ეს კრიტიკული დასკვნა იყო. პირველი მოსმენითაა პარლამენტში მიღებული ცვლილებებია, რომელიც გულისხმობს საარჩევნო ადმინისტრაციის კოსმეტიკურ ცვლილებს, კერძოდ, ცესკოს დაკომპლექტებაში და ეს არაა ნახსენები ამ გეგმაში“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.