საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, ახალი წლიდან 2024 წლის კალენდრით ვცხოვრობთ, მაგრამ აქტუალურ განხილვად თემად რჩება გასული წლის ბოლოს წინა დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება.
დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლეთს ივანიშვილის „პოლიტიკაში დაბრუნებაზე“ ნეგატიური რეაქცია არ ჰქონია, რაც ივანიშვილისთვის უფრო პოზიტიური რამაა, ვიდრე ნეგატიური.
მეტიც, ისინი თვლიან, რომ შესაძლოა, ივანიშვილმა „დაბრუნების“ გადაწყვეტილება, დასავლეთში გადაწყვეტილების მიმღებებთან შეთანხმებით მიიღო.
დამკვირვებელთა მეორე ნაწილი თვლის, რომ „დასავლეთი აკვირდება ივანიშვილის მორიგ პოლიტიკურ „ტრიუკს“, უახლოესი 2-3 თვე სავსებით საკმარისი იქნება, რომ მათ საბოლოო დასკვნები გააკეთონ“.
დამკვირვებელთა მესამე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თავად ივანიშვილი ელოდება დასავლეთისგან მასთან კომუნიკაციას, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გახმაურდა ელჩ დეგნანის მიერ ივანიშვილისთვის გაკეთებული შეთავაზება დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, მცირეა შანსი, დასავლელი პარტნიორებმა მასთან ახლო ურთიერთობების გზა აირჩიონ.
თუმცა, მათივე მტკიცებით, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლელ პარტნიორებს ურჩევნიათ იმათთან ჰქონდეთ კავშირი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, გამორიცხული არაფერია.
როგორც ვხედავთ, ვერსიები ბევრია და ძნელია იმის თქმა, ამ ვერსიებიდან რომელია მართებული.
თუ დავუშვებთ, რომ ივანიშვილის დაბრუნება დასავლეთში გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებთან შეთანხმებულია, სავარაუდოდ, რა შეიძლება ყოფილიყო „შეთანხმების თემა და საგანი“?
რა შეიძლება მოჰყვეს მმართველი გუნდისთვის ივანიშვილის დაბრუნებას? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ივანიშვილმა მთავრობასა და მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებები განახორციელოს?
- როცა ბატონი ივანიშვილი მეორედ წავიდა პოლიტიკიდან, თუ მეხსიერება არ მატყუებს, მან თქვა, რომ ღმერთმა დაიფაროს, უკან დაბრუნება მომიწიოსო. მე ვიცნობ მას და ვიცი, რამდენად არ უყვარს პოლიტიკაში და საერთოდ, საჯარო სივრცეში ყოფნა.
„ოცნების“ ლიდერებისგან განსხვავებით, მას, ან გავლენების მოსაპოვებლად, ან თავის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ანდაც საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად თანამდებობა არ ჭირდებოდა. ამ ვითარებაში ელემენტარული ლოგიკა გვკარნახობს, ივანიშვილი კმაყოფილი რომ ყოფილიყო იმით, თუ როგორ მართავდა მის მიერ დატოვებული გუნდი ქვეყანას, ბუნებრივია, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. რაღაც ძალიან სერიოზული საფრთხე უნდა დაენახა, რადგან პოლიტიკაში მობრუნება გადაწყვიტა, თანაც, ასეთი უცნაური ფორმით.
ელემენტარული ლოგიკა გვკარნახობს, ივანიშვილი კმაყოფილი რომ ყოფილიყო იმით, თუ როგორ მართავდა მის მიერ დატოვებული გუნდი ქვეყანას, ბუნებრივია, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. რაღაც ძალიან სერიოზული საფრთხე უნდა დაენახა, რადგან პოლიტიკაში მობრუნება გადაწყვიტა, თანაც, ასეთი უცნაური ფორმით
რა არის ეს საფრთხე ან საფრთხეები? მხოლოდ ის, რაც მან 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობის საჯარო ნაწილზე საზოგადოების გასაგონად თქვა, თუ კიდევ სხვა რამ, რაც საზოგადოებამ არ იცის? ძნელი სათქმელია.
თუ 30 დეკემბერს გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, ივანიშვილმა ისეთი ბრალდებები გააჟღერა მმართველი გუნდის მიმართ, რომ ნაწილი რადიკალურ ოპოზიციასაც კი არ უთქვამს ამ ფორმით. კორუფცია, ძალაუფლების თავში ავარდნა, ხელისუფლებით ტკბობა, დამანგრეველი შიდა დაპირისპირების საფრთხე.
როცა პოლიტიკაში ივანიშვილის უცნაური ფორმით დაბრუნებაზე ვამბობ, პირველ რიგში, ვგულისხმობ მის ახალ სტატუსს პარტიაში. ყველგან, სადაც საპატიო თავმჯდომარის პოსტი არსებობს, ის, უბრალოდ, ცერემონიალური, ანდა ნომინალური პოსტია. ამ შემთხვევაში კი საპატიო თავმჯდომარემ მიიღო პარტიიდან პრემიერმინისტრის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება.
ყველგან, სადაც საპატიო თავმჯდომარის პოსტი არსებობს, ის, უბრალოდ, ცერემონიალური, ანდა ნომინალური პოსტია. ამ შემთხვევაში კი საპატიო თავმჯდომარემ მიიღო პარტიიდან პრემიერმინისტრის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება
ამ ნაბიჯით ივანიშვილმა იურიდიულად ყველას ჩამოართვა უფლება, მის გარეშე წარადგინოს პრემიერის კანდიდატურა, „ოცნებიდან“ პრემიერმინისტრის წარდგენა მხოლოდ მას შეუძლია.
შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ ნაბიჯით მან თავი დაიზღვია, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ოცნების“ შიგნით მოძლიერებულმა რომელიმე გუნდმა მისთვის არასასურველი კანდიდატი არ გაიყვანოს მთავრობის მეთაურის პოსტზე.
ერთი შეხედვით, იმ პრეტენზიებიდან გამომდინარე, რომლებიც ივანიშვილმა 30 დეკემბერს მმართველ გუნდს, ფაქტობრივად, წაუყენა, თითქოს უნდა ველოდეთ გარკვეულ, ან შეიძლება რევოლუციურ ცვლილებს სახელისუფლო კადრებში.
ფაქტია, რომ „ოცნების“ ლიდერი აღარ ანდობს მის მიერ დატოვებულ ფიგურებს „სამთავრობო ავტომობილის“ მართვის საჭეს და აფიქსირებს, რომ მძღოლის შერჩევის პროცესში ის უკვე არა კულუარულად, არამედ საჯაროდ ჩაერევა, თანაც, გამოსვლის ტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება, ბევრს პასუხიც მოსთხოვოს.
ფაქტია, რომ „ოცნების“ ლიდერი აღარ ანდობს მის მიერ დატოვებულ ფიგურებს „სამთავრობო ავტომობილის“ მართვის საჭეს და აფიქსირებს, რომ მძღოლის შერჩევის პროცესში ის უკვე არა კულუარულად, არამედ საჯაროდ ჩაერევა, თანაც, გამოსვლის ტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება, ბევრს პასუხიც მოსთხოვოს
თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ივანიშვილის პარტიაში დაბრუნება მისი მხრიდან პრევენციული ნაბიჯი იყოს, რომლითაც მან გააფრთხილა პარტიის ხელმძღვანელობა, რომ არ დაუშვებს „ქართულ ოცნებაში“ უმართავ პროცესებს.
ინფორმაციის არარსებობის პირობებში, 30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დატრიალებული ამბებიდან ასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება მხოლოდ ერთი რამ ითქვას, რომ ის უკმაყოფილოა მისი გუნდის მუშაობით და მის ლიდერებს აღარ ანდობს პარტიის თუ ქვეყნის მართვას დამოუკიდებლობის თუნდაც იმ ხარისხით, რაც მანამდე ჰქონდათ.
- საქართველო ახლა ევროკავშირის წევრობის სტატუსი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად წლის ბოლოსთვის რეკომენდაციების ნაწილის მაინც შესრულება აქტუალურ თემად რჩება.
ივანიშვილის „დაბრუნება“ ევროპულ გზაზე შემდგარი საქართველოს სვლას დააჩქარებს, თუ პირიქით?
- ივანიშვილის ნაბიჯი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ საპატიო თავმჯდომარის, ანუ პარტიის ერთადერთი მორალური და პოლიტიკური ლიდერის პოსტიდან, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის თაობაზე ის ხდება უპირობო პასუხისმგებელი. ეს მოსპობს ყოველგვარ ორაზროვნებას „ოცნების“ პოლიტიკის მიმართ.
უკვე ფორმალურადაც ივანიშვილი იქნება პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ საგარეო კურსზე და დასავლეთისთვისაც ეს სასურველი სცენარი უნდა იყოს. მათ ყოველთვის ურჩევნიათ ოფიციალურად ესაუბრონ რეალურ მმართველს, მას შეუთანხმდნენ და შედეგებზე მასვე მოსთხოვონ პასუხი.
უკვე ფორმალურადაც ივანიშვილი იქნება პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ საგარეო კურსზე და დასავლეთისთვისაც ეს სასურველი სცენარი უნდა იყოს. მათ ყოველთვის ურჩევნიათ ოფიციალურად ესაუბრონ რეალურ მმართველს, მას შეუთანხმდნენ და შედეგებზე მასვე მოსთხოვონ პასუხი
მათი გადასახედიდან, ასე უფრო პროდუქტიული და ეფექტურია პოლიტიკური კომუნიკაცია, ვიდრე ურთიერთობა ისეთ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და უფრო პოლიტიკური ფოსტალიონების როლს ასრულებენ.
მაპატიეთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კუკუდამალობანას უკვე ვერავინ ითამაშებს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავიდან ვეღარ აირიდებს.
ივანიშვილი „პუტინის აგენტია, მის დავალებებს ასრულებს“, „რუსის მონაა“, მე ამ პროპაგანდისტული ნარატივების არ მწამს. ეს რომ ასე ყოფილიყო, მარტივად იქნებოდა საქმე, საქართველო არ გახდებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. რაც არ უნდა გეზიზღებოდეს ივანიშვილი, იმდენს მაინც უნდა ხვდებოდე, რომ მას ჭკუა ჰყოფნის, საკუთარ ფეხში არ გაისროლოს, საკუთარი შვილების, რომლებიც უცხოეთში ცხოვრებენ, მომავალს და კეთილდღეობას არ ესროლოს. მისი, მისი ოჯახის და მისი შვილების, მთელი მათი ბიზნესები დასავლეთშია.
ივანიშვილი „პუტინის აგენტია, მის დავალებებს ასრულებს“, „რუსის მონაა“, მე ამ პროპაგანდისტული ნარატივების არ მწამს... რაც არ უნდა გეზიზღებოდეს ივანიშვილი, იმდენს მაინც უნდა ხვდებოდე, რომ მას ჭკუა ჰყოფნის, საკუთარ ფეხში არ გაისროლოს, საკუთარი შვილების, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, მომავალს და კეთილდღეობას არ ესროლოს. მისი, მისი ოჯახის და მისი შვილების, მთელი მათი ბიზნესები დასავლეთშია
ივანიშვილის ბიზნესსტრუქტურა იმ გლობალური კაპიტალის სამყაროს ნაწილია, რომელიც აშშ-ს და ევროპის გარეშე, უბრალოდ, ვერ იარსებებს. ესაა რეალობა. ვისაც ამის დანახვა სურს. ივანიშვილი არ არის მარტივი ფიგურა, იქნება კიდევ პრობლემები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროპულ კურსს არ და ვერ გადაუხვევს.
- მოგეხსენებათ, 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო წელი ახალი დაწყებულია, 2023 წელსაც კარგად ჩანდა, რომ 2024 წელი ბევრი თვალსაზრისით იქნებოდა რთული და მძიმე როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
თქვენთან დაკავშირებამდე „ინტერპრესნიუსთან“ 2023 წლის თქვენს ინტერვიუებს გადავხედე. ერთ-ერთ მათგანში, კერძოდ, სექტემბრის ინტერვიუში თქვენ ამბობთ - თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს.
როგორც ამბობენ ხოლმე, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ, ოპოზიციურ სპექტრში ხელშესახები ცვლილებები და რეალურ ვითარებას მორგებული გადადგმული ნაბიჯები არ გვინახავს.
საარჩევნო წელს თქვენ როგორ შეაფასებდით ოპოზიციური სპექტრის „საარჩევნო ფორმაში“ ყოფნა-არყოფნას?
- ჩემი აზრით, ჯერ-ჯერობით, ოპოზიციის ფორმირების პროცესი დასრულებული არ არის. ალბათ, გაზაფხულისთვის კიდევ მოხდება გარკვეული გადაჯგუფებები, გამსხვილებები. წესით, ამას გვკარნახობს არსებული ვითარება და ელემენტარული ლოგიკა, იმიტომ, რომ, დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციური პარტიების უდიდეს ნაწილს დამოუკიდებლად პარლამენტში მოხვედრის არანაირი შანსი არ აქვს.
ზოგიერთი კი, „ლელო“, ზურა ჯაფარიძის „გირჩი“, დღევანდელი მონაცემებით, პარლამენტს გარეთ დარჩენის ძალიან დიდი რისკის ქვეშ იქნებიან. გასაგებია, რომ პარლამენტში ნებისმიერ შემთხვევაში იქნება „ნაციონალური მოძრობა“ დიდი ალბათობით, გახარიას პარტია, მაგრამ, თუ ოპოზიციას ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება მართლა სურს, სერიოზულად აქვს შესაცვლელი საკუთარი მოქმედების სტრატეგია.
ივანიშვილის ბიზნესსტრუქტურა იმ გლობალური კაპიტალის სამყაროს ნაწილია, რომელიც აშშ-ს და ევროპის გარეშე, უბრალოდ, ვერ იარსებებს, ივანიშვილი არ არის მარტივი ფიგურა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროპულ კურსს არ და ვერ გადაუხვევს.
ის, რომ ყველა გამოკითხვით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკით უკმაყოფილოთა რაოდენობა მნიშვნელოვნად, ფაქტობრივად, ჯერადობით აღემატება ოპოზიციური პარტიების მომხრეთა ჯამს, ეს უბრალოდ ოპოზიციის ტაქტიკის სიმცდარეზე და მათი ლიდერების ავტორიტეტის ნაკლებობაზე მიუთითებს.
რადიკალურად ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმების მოპოვებისთვის გაჯიბრებაში გართულ ოპოზიციურ პარტიებს გვერდზე დარჩათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების საქმეში „ოქროს ხმის“ მქონე ზომიერი ამომრჩეველი. ეს ხალხი დაუფარავი აპათიით უყურებს ურთიერთლანძღვით, მჭახე, არაფრისმთქმელი და პოპულისტური ლოზუნგებით მათი გულის მოგების ნებისმიერ მცდელობას.
ფაქტია, რომ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც დღეს საზოგადოებას სთავაზობს ოპოზიციონერ ლიდერთა უმრავლესობა და მათი ოპოზიციური არხები, არ პასუხობს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნებს. ამაზე მიუთითებს არა მარტო ოპოზიციური პარტიების, არამედ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების დაბალი რეიტინგებიც.
თუ ოპოზიციას ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება მართლა სურს, სერიოზულად აქვს შესაცვლელი საკუთარი მოქმედების სტრატეგია
ოპოზიციის ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურად შეაფასებენ მათი ლიდერები საკუთარ მდგომარეობას, რამდენად სწრაფად გამოვლენ ამ ურთიერთლანძღვის რეჟიმიდან და რამდენად მოახერხებენ, შესთავაზონ საზოგადოებას პოზიტიური დღის წესრიგი, საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა წინ.
- თავდაცვის ექს-მინისტრი, მოძრაობა „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელის განცხადებით, - „მადლობელი ვარ, რომ ივანიშვილი გამოვიდა სცენაზე, ასეთ საახალწლო საჩუქარს ვერაფერს გააკეთებდა. ახლა ოპოზიცია უნდა დაჯდეს საჭესთან და მანქანის მართვა დაიწყოს, ხოლო „ქართული ოცნება“ მდევრის როლში იყოს.
გასაგებია, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში მაინც საახალწლო განწყობებია, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი ხდება. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, იყო მოლოდინი, რომ იქნებოდა მეტი დიალოგი და დისკუსია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ერთ საჯარო სივრცეში.
ოპოზიციურმა ლიდერებმა კი დაიწყეს არა სახელისუფლო ტელევიზიებში აქტუალურ თემებზე მსჯელობა, მაგრამ, რასაც ვხედავთ, ისინი კვლავ მონოლოგის რეჟიმში არიან. ასეა, რადგან ხელისუფლება მათთან პოლემიკაში არ შედის. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ რეალურად, პოლიტიკური პროცესი სატელევიზიო ეთერებით შემოიფარგლება. არადა, კანდიდატის სტატუსი გვავალდებულებს უმნიშვნელოვანეს თემებზე საზოგადოებაში მეტ-ნაკლები კონსენსუსი იყოს.
გაქვთ იმედი, რომ საარჩევნო წელს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კვალიფიციური დისკუსიის მომსწრენი ვიქნებით?
- ძალიან მოკლე პასუხია - არა. იმიტომ, რომ კვალიფიციურ დისკუსიას კვალიფიციური პოლიტიკოსები ჭირდება, ამისი კი სასტიკი დეფიციტია პოლიტიკურ სპექტრში, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.
სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკოსად ყოფნისათვის საკმარისია უნარი სწრაფად და ხმამაღლა ლაპარაკობდე, ოპონენტს სიტყვას აწყვეტინებდე, თუკი ხანდახან მოსწრებული, ჟურნალისტისთვის ან მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი ფრაზის თქმა გეხერხება, ე.ი. კიდევ უფრო მაგარი პოლიტიკოსი ხარ.
ფაქტია, რომ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც დღეს საზოგადოებას სთავაზობს ოპოზიციონერ ლიდერთა უმრავლესობა და მათი ოპოზიციური არხები, არ პასუხობს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნებს. ამაზე მიუთითებს არა მარტო ოპოზიციური პარტიების, არამედ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების დაბალი რეიტინგებიც
ათწლეულების განმავლობაში ჩვენმა მედიამ და პოლიტიკოსებმა ასეთ „დისკუსიას“ შეაჩვიეს მაყურებელი, ასე ჩამოაყალიბა მისი გემოვნება. შესაბამისად, მედია ვეღარ აჩენს მოთხოვნას კვალიფიციურ დისკუსიაზე, ამას, კვალიფიციურ პოლიტიკოსებთან ერთად, სხვა ტიპის კვალიფიციური ჟურნალისტიკა ჭირდება და არა ისეთი, რომელიც, იაფფასიანი შოუების დადგმით, რეიტინგების მოპოვებაზეა ორიენტირებული, გადაცემის დროს ურთიერთდაპირისპირებით, ხმამაღალი ყვირილითა და ლანძღვა-გინებით.
როცა თავისი შინაარსით „ყვითელ“ შოუებს აქვთ ჩანაცვლებული კვალიფიციური დისკუსია, შესაბამისად, პოლიტიკის ნაცვლად ვიღებთ იმ ცირკს, რაშიც ვიმყოფებით და ისეთ სახელმწიფოს, როგორშიც ვცხოვრობთ.
როცა თავისი შინაარსით „ყვითელ“ შოუებს აქვთ ჩანაცვლებული კვალიფიციური დისკუსია, შესაბამისად, პოლიტიკის ნაცვლად ვიღებთ იმ ცირკს, რაშიც ვიმყოფებით და ისეთ სახელმწიფოს, როგორშიც ვცხოვრობთ
- „სამართლებრივად, პოლიტიკურად და ადამიანურად მართალი ვარ“- განაცხადა ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, გასული წლის 30 დეკემბერს „პოლიტიკაში დაბრუნებული“ ივანიშვილის დებატებში გამოიწვია.
გამოწვევის ადრესატს მისთვის პასუხი არ გაუცია, მაგრამ, მმართველი გუნდის კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, რომლებსაც გახარია „მშიშარა პატარა ბიჭებს“ უწოდებს, როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მეტად ყოფილ თანაგუნდელს ერჩის.
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო წელს ყველაზე მეტად ექს-პრემიერ გიორგი გახარიასა და მის გუნდს ერჩის?
- ჩემი აზრით, აქ მარტივადაა საქმე. წლების განმავლობაში ხელისუფლების პროპაგანდისტულმა მანქანამ, ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილის სისულელის გამოყენებით, მოახერხა ამომრჩეველში იმ აზრის დანერგვა, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტებია.
იმ პირობებში, როცა ყველა გამოკითხვა აჩვენებდა, რომ საზოგადოების ნახევარზე მეტისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მხარდამჭერების ხელისუფლებაში დაბრუნება, „შუა უნდა გაიკრიფოს“ პრინციპის პოლიტიკურ ცხოვრებაში გატარების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ყოველთვის ფავორიტი იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილში.
ამიტომ, ხელისუფლება მშვიდად იყო მანამდე, სანამ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, თავის მყვირალა მესიჯებით და ფსევდო რადიკალური ქმედებებით, მიჰყვებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკას და შესაბამისად, მხოლოდ რადიკალი „ანტი ოცნებისტების“ ხმებზე ნადირობდა.
არ არის გამორიცხული, რომ გახარიას პოლიტიკური სტრატეგიის წარმატებამ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დარჩენის პერსპექტივა. რამდენად ეფექტური იქნება, რამდენად ეყოფა ფინანსური და ინტელექტუალური რესურსები გახარიას გუნდს ამ კურსის გასაგრძელებლად, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ ამ ეტაპზე ის იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან ძირითადი დარტყმის ობიექტი
ასეთი სტრატეგიით ოპოზიციური პარტიები იბრძოდნენ მხოლოდ იმ ამომრჩევლების ხმებისთვის, ვისთვისაც „ქართული ოცნება“ კატეგორიულად იყო მიუღებელი. შესაბამისად, წვრილი ოპოზიციური პარტიები ხმებს უფრო მეტად ართმევდნენ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“.
ამ „გენიალური“ ტაქტიკიდან გამომდინარე, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მმართველობის მიმართ საზოგადოების უმრავლესობის უკმაყოფილებისა, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ ახერხებდა ზომიერად განწყობილი ელექტორატის მომხრობას და ჯამში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი არ იზრდებოდა. ის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკით უკმაყოფილოთა რაოდენობას, რაც აწყობდა მმართველ ძალას.
გახარიას პიარი და სტრატეგია ყოველთვის აგებული იყო ამ ორი პოლუსისგან თანაბრად დისტანცირებულ პოზიციონირებაზე. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ გახარიამ შეძლო სააკაშვილის მოწინააღმდეგე ელექტორატის გარკვეული ნაწილის თავის მხარეზე გადაყვანა და ე.წ. შუაშისტების ნაწილის მიმხრობა, რაც აუცილებელია ე.წ. მესამე ძალის ფორმირებისთვის.
ფაქტობრივად, გახარიამ გააკეთა ის, რაც, იდეაში, „ლელოს“ უნდა ეკეთებინა პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან. გახარიას მხარდამჭერთა ზრდა უკვე გარკვეულ საფრთხეს უქმნის ხელისუფლების მთავარ ლამის ერთადერთ პიარსტრატეგიის დამაჯერებლობას, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მარცხი გარდაუვალად ნიშნავს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საფრთხის შემცველი სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნებას.
ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ გახარიას პოლიტიკური სტრატეგიის წარმატებამ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დარჩენის პერსპექტივა. რამდენად ეფექტური იქნება, რამდენად ეყოფა ფინანსური და ინტელექტუალური რესურსები გახარიას გუნდს ამ კურსის გასაგრძელებლად, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ ამ ეტაპზე ის იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან ძირითადი დარტყმის ობიექტი.
- სამების ტაძარში მატრონასა და სტალინის გამოსახულებით ხატის გამოჩენაზე რამდენიმე დღეა მსჯელობს საზოგადოება.
ამ თემაზე საპატრიარქოს განცხადებამაც აშკარად დააბნია ეკლესიის მრევლიც და ამხ. სტალინისა და სსრკ-ს ლატენტური გულშემატკივრებიც.
როგორც ჩანს, საპატრიარქოშიც კარგად იციან, რომ წმინდანად აღიარებულ მატრონას სტალინი არ შეხვედრია და ასე შემდეგ.
თუ ასეა, გაუგებარი, რატომ „იჩუქა“ საპატრიარქომ ხატი და სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მომხდარი?
- ჩემი აზრით, ხატზე, რომელზეც სტალინია დახატული, მასზე რომელი წმინდანიც არ უნდა გამოსახო, ყველა ნორმალური ქართველისთვის ის ყოველთვის იქნება ტირანის, ღვთის მგმობელის, ეკლესიების მნგრეველის, საკუთარი სამშობლოს დაპყრობის მთავარი ორგანიზატორის სურათი, დაკიდებული ქვეყნის მთავარ ტაძარში! უმრავლესობა სწორედ ამ ფაქტს ვაპროტესტებდით და არა რომელიმე წმინდანის ხატის შეტანას სამებაში.
ეს კარგად ესმოდა ყველას და ძალიან უსუსური იყო ფსევდორელიგიური კონტრარგუმენტები, რომ, თურმე, რა მოხდა მერე, წმინდა გიორგის ზოგიერთ ხატზე გველეშაპია გამოსახული, ზოგიერთზე - ქრისტიანთა მდევნელი დიოკლიტიანე და ა.შ.
წმინდა გიორგის ხატები ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა, სადაც ნაჩვენებია, წმინდა გიორგი როგორ მუსრავს ბოროტებასა და ქრისტიანობის მტრებს.
სინოდი სწორად მოიქცა, როცა განმარტა, რომ სტალინის და წმინდა მატრონას შეხვედრა ლეგენდაა და კანონიკურად ის ხატზე, როგორც ისტორიული ფაქტი ვერ გამოისახებოდა
თავიანთი დატვირთვით, წმინდა გიორგის ხატებს საერთო არაფერი არ აქვთ სამების ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატთან, ჯიბეში ხელჩაყოფილი სტალინის სურათით.
სინოდი სწორად მოიქცა, როცა განმარტა, რომ სტალინის და წმინდა მატრონას შეხვედრა ლეგენდაა და კანონიკურად ის ხატზე, როგორც ისტორიული ფაქტი ვერ გამოისახებოდა.
კარგი იქნება, თუკი ზოგიერთი სასულიერო პირი სწორ დასკვნებს გამოიტანს ამ ისტორიიდან და მართლა ურწმუნოს და ეკლესიების მნგრეველის სურათის ეკლესიაში დაკიდების გამო აბსოლუტურად სამართლიანად აღშფოთებულ ადამიანებს ეკლესიის მტრებად არ გამოაცხადებს
მე კი უბრალოდ ვისურვებდი, რომ საპატრიარქოს ეს ყველაფერი თავიდანვე განემარტა ხატის შემქმნელ-შემომწირველებისთვის, თან ისიც მიეყოლებინა, რომ საკუთარი სამშობლოს დაპყრობის, მორწმუნეების დევნის, ეკლესიების ნგრევისა და სასულიერო პირების რეპრესიების ინიციატორის გამოსახულების ადგილი არ არის ქართულ ტაძარში. ამოდენა ვნებათაღელვაც ამ ამბავს არ მოჰყვებოდა.
ამასთან, კარგი იქნება, თუკი ზოგიერთი სასულიერო პირი სწორ დასკვნებს გამოიტანს ამ ისტორიიდან და მართლა ურწმუნოს და ეკლესიების მნგრეველის სურათის ეკლესიაში დაკიდების გამო აბსოლუტურად სამართლიანად აღშფოთებულ ადამიანებს ეკლესიის მტრებად არ გამოაცხადებს.
მგონი, ასე უკეთესი იქნება ყველა ჩვენგანისთვის - ეკლესიისთვისაც, მრევლისთვისაც და ათეისტისთვისაც. არ სჭირდება ამ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად დაყოფა და დაპირისპირება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი