საარჩევნო ტექნოლოგიები, ბუნებრივია, კარგია, თუმცა ის არ უნდა განვაცალკეოთ იმ გარემოებისგან და ფაქტორისგან, რომ ამ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებაზე პასუხისმგებელი საარჩევნო ადმინისტრაცია მიკერძოებული, სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია და იმართება „ქართული ოცნების“ ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით სიორიძე გუშინდელ შეხვედრაზე, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელობასა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის გაიმართა, დაპირისპირების მიზეზებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ცხარე კამათის მიზეზი, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციაში, კონკრეტულად, ქვედა დონის კომისიებში ნეპოტიზმის მაგალითებიც გახდა.
„ერთ-ერთი საკითხი გახლდათ საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრობლემა, თვითონ ლეგიტიმაციის კრიზისი, მათ შორის, თავმჯდომარის გახანგრძლივებული უფლებამოსილება. აქ აღინიშნა რომ დიახ, საარჩევნო ტექნოლოგიები, ბუნებრივია, კარგია, თუმცა ის არ უნდა განვაცალკეოთ იმ გარემოებისგან და ფაქტორისგან, რომ ამ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებაზე პასუხისმგებელი საარჩევნო ადმინისტრაცია არის მიკერძოებული, სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი, იმართება „ქართული ოცნების“ ინტერესების შესაბამისად. საარჩევნო ადმინისტრაციაში, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების საკითხზე, აქ საუბარია ქვედა დონის კომისიებში ნეპოტიზმის საკითხზე და იმ მონოლითზე, რომელზეც ვსაუბრობდი. ამან გამოიწვია ცხარე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება“, - განაცხადა სიორიძემ.
გიორგი სიორიძემ, ასევე, ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომელიც საზოგადოების მხრიდან ცესკოს მიმართ უნდობლობას იწვევს და აღნიშნა, რომ ამის ერთ-ერთი ფაქტორია, რომ ცესკო ყოველთვის იყო პასუხისმგებელი ბევრ დარღვევაზე და ძალიან ბევრი დარღვევით ჩატარებულ არჩევნებზე.
„ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი არის ისტორიული მიზეზი დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, პრაქტიკულად, გვაქვს არჩევნების ცუდი გამოცდილება 90-იანი წლების, 2000-იანი წლების, მომდევნო წლებისაც და ბუნებრივია, საზოგადოებაში არსებობს კოლექტიური შიში და წინასწარი უნდობლობაც კი. ცესკო ყოველთვის იყო პასუხისმგებელი ბევრ დარღვევაზე და ძალიან ბევრი დარღვევით ჩატარებულ არჩევნებზე - ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი.
მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ზედაპირზე ძალიან კარგად ჩანს. „ქართულ ოცნებას“ არ გამოუჩენია ნება არცერთ ეტაპზე, ბოლო წლებს ვგულისხმობ, რომ გამოენახა საერთო ენა ოპოზიციასთან, შეერჩია კონსენსუსური კანდიდატები, რომელთან მიმართაც ოპოზიციურ სპექტრსაც ექნებოდა ნდობა, იქნებოდნენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატები, რაც აისახება საზოგადოების განწყობაზეც. ჩვენ კვლევებიც რომ ვნახოთ, სხვადასხვა კვლევაში, სხვადასხვა რიცხვია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის თვალსაზრისით, დაახლოებით ეს არის 50%-ზე ნაკლები. სულ რომ 52 პროცენტიც იყოს,თუ ცესკოს მიმართ ყოველ მეორე მოქალაქეს ნდობა არ აქვს, ეს ნიშნავს რომ არის სერიოზული პრობლემა“, - აღნიშნა სიორიძემ.
გარდა ამისა, გიორგი სიორიძემ ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის პოზიციაზეც ისაუბრა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს და რომელიც ამჟამად მას უკავია და როგორც აღნიშნა, ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის შექმნის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ თუ ცესკოს ადმინისტრაციას თავმჯდომარე არ ეყოლებოდა, მის ადგილს სწორედ ოპოზიციონერი მოადგილე დაიკავებდა.
„მიზანი იყო, რომ რომ არ შექმნილიყო კრიზისი, რაზეც აპელირებენ. შემდეგ წესი შეცვალეს [„ქართულმა ოცნებამ“], რომ ცესკოს თავმჯდომარე თუ არ აირჩა, მაშინ მოქმედ თავმჯდომარეს უხანგრძლივდება ვადა მომდევნოს არჩევამდე. მათ მომდევნოს არჩევა გაწელეს უკვე ორი წელია, რაც არის არაკონსტიტუციური ნორმა. ეს რომ ჩაწერეს, ისინი აპელირებდნენ, რომ თუ ცესკოს თავმჯდომარე ვერ ავირჩიეთ, მეთაურის გარეშე ვერ დავტოვებთ საარჩევნო ადმინისტრაციასო, მაშინ, როდესაც ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის თანამდებობა სწორედ ამიტომ იყო შემოღებული, რომ თუ არ არის ცესკოს თავმჯდომარე, ის უნდა ასრულებდეს მის მოვალეობას“, - აღნიშნა სიორიძემ. კითხვაზე, ახლა ის უნდა ასრულებდეს თუ არა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ „დიახ, ასე იყო შარლ მიშელის სულისკვეთება და ასე წერია ჯერ კიდევ კოდექსში, რომ თუ თავმჯდომარე არ არის, მის მოვალეობას, პირველ რიგში, ოპოზიციონერი მოადგილე ასრულებს.“