ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2024

გია ხუხაშვილი - “სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” თურქმენიზაციის პროცესშია”

რას შეიცავს და ვისი ავტორობით შეიქმნა ინდექსი, რომელიც საქართველოში დიდ პოლიტიკურ ვნებათაღელვას იწვევს

ლაშა ძებისაშვილი - “თუ უკრაინა დამარცხდა, შემდეგი საქართველო, მოლდოვა და ყაზახეთი იქნებიან”

9 რეკომენდაციის შესრულებაზე ერთობლივი მუშაობა იწყება - რას აპირებს ოპოზიცია და როგორ იქნება აღქმული მისი ბოიკოტი

მამუკა არეშიძე - “რუსეთი ყველაფერს გააკეთებს კავკასიის შესანარჩუნებლად”

* * *

გია ხუხაშვილი - “სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” თურქმენიზაციის პროცესშია”

“შეიძლება საინტერესო გადაჯგუფება მართლაც მოხდეს, შეიქმნას ერთიანი ბირთვიც, მაგრამ მთავარი ეს არ არის. პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ხალხთან, ფაქტობრივად, ხიდი აქვს ჩაკეტილი, როგორ გავა არჩევნებზე, ერთად თუ ცალ-ცალკე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. შესაძლოა ერთიანობას ჰქონდეს რაღაც ეფექტი, მაგრამ არა სერიოზული შედეგის მომტანი. ბოლოს ჩატარებულ ყველა კვლევაში ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალის მხარდაჭერა სუსტდება, მაგრამ სუსტდება ოპოზიციის მხარდაჭერაც. ამომრჩევლის 40-დან 60%-მდე ამბობს, რომ არა აქვთ ღირსეული მომავლის არჩევანი. შესაბამისად, ამ ამომრჩევლისთვის პარტიები, რომლებიც მათ არ მოსწონთ, ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, მნიშვნელობა არ ექნება, ვიდრე ისინი არ მივლენ ამ ამომრჩეველთან და არ დაარწმუნებენ, რომ მათ შეუძლიათ ქვეყნის უკეთესად მართვა, ვიდრე არსებულ ხელისუფლებას”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სამწუხაროდ, პროცესები მთელ მსოფლიოში ძალიან რთულდება”.

“ასე რომ, მთავარი პრობლემა არის არა ალიანსები და ბლოკები, არამედ ამომრჩეველთან მუშაობა, ინტერაქციული კავშირი. ტელეეთერებიდან სიბრძნეების ფრქვევა არ კმარა. ოპოზიცია ჯერ ბევრს არაფერს აკეთებს. იმუქრებიან, რომ აი, ხვალ გავლენ ხალხთან, მაგრამ აგერ ჯერ საახალწლო ზეიმები ვერ მოითავეს, მერე წვიმები დაიწყება და ახლა ეს შეუშლით ხელს, მერე ზაფხული დადგება და დასვენება დასჭირდებათ, სიცხეში ხომ არ იმუშავებენ და ამასობაში დადგება შემოდგომაც და საარჩევნო დღეც... იმედია, ეს ყველაზე უარესი სცენარი არ გამართლდება და დაიწყებენ მუშაობას ამომრჩეველთან. კი ბატონო, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ პარტიების დაჯგუფებაზე რაღაც სინერგიის გასაჩენად, მაგრამ იმისთვის, რომ პარტიების გაერთიანება წარმატებული იყოს, მათ ჯერ დამოუკიდებლად უნდა ჰქონდეთ წონა. რამდენი ერთკაციანი პარტია ვიცით, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე სხვადასხვა პარტიას ეტმასნებიან და პარაზიტობის ხარჯზე ახერხებენ არსებობას. მათ არც პარტიული სტრუქტურა აქვთ, არც იდეოლოგია, ძირითადად, წარმოადგენენ თითო კაცს, რომლებიც ამა თუ იმ ძალას ეტმასნებიან და ახერხებენ საპარლამენტო მანდატის ჯიბეში ჩადებას. ამგვარ გაერთიანებებს შეიძლება პოლიტიკური ალიანსი ან ბლოკი ვუწოდოთ?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მოკლედ, საჭიროა ამომრჩეველს გაუჩნდეს პოლიტიკური ძალების ნდობა. ამ ბოლო წლების განმავლობაში “ქართული ოცნება” ასე წარმოადგენდა საკუთარ პოზიციას - კი ბატონო, ჩვენ შეიძლება ცუდი ბიჭები ვართ, მაგრამ სხვები ჩვენზე უარესები არიანო და სამწუხაროდ, მოახერხეს მთელი პოლიტიკური ელიტის კომპრომეტაცია. ოპოზიციამ ამას სერიოზული ვერაფერი დაუპირისპირა. დღეს ამომრჩეველში ღრმავდება ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ამოცანაც - თუ ადამიანს აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის და სხვა გზა არა აქვს, ის ერთჯერადად ადვილად იყიდება. ბუნებრივია, ასეთ ნეგატიური არჩევანისას იგებს ის, ვისაც მეტი რესურსი აქვს. ბევრად მეტი რესურსი კი ხელისუფლებას აქვს და იღებს კიდეც შედეგს. რადგან ოპოზიცია ხელისუფლებას რესურსებით ვერ უპირისპირდება, მისთვის უმნიშვნელოვანესია პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, იმ პრობლემებზე ფოკუსირება, რაც აწუხებს ხალხს. ოპოზიციამ თუ მოახერხა მოქალაქეების დარწმუნება, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათი პრობლემები უკეთესად გადაწყდება, მაშინ წარმატების იმედიც უნდა ჰქონდეს. ჯერ ამას ოპოზიციაში არავინ აკეთებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხელისუფლებას ახლა ყველაზე მეტად მესამე პოლიტიკური ცენტრის გაჩენის ეშინია, ამიტომაც არის, რომ ისტერიკულად ყველას “ნაცს” ეძახის. “ნაციონალური მოძრაობის” დასუსტება ყველაზე მეტად სწორედ “ქართულ ოცნებაში” ეწყინათ. საქმე ისაა, რომ ივანიშვილს საარჩევნო პროცესში უყვარს სურათის გამარტივება - ე.წ. შუის გაკრეფა. მან უნდა გაატაროს ფრონტის ხაზი და შავ-თეთრად წარმოაჩინოს გარემო, სადაც თვითონ კეთილი ძალაა, დანარჩენი ყველა კი ბოროტი, რომლებსაც ერთ გემზე შესხამს და ჩაძირავს. მან არ იცის გაშლილი ფრონტით მუშაობა. შესაბამისად, ყველას “ნაციონალებს” ეძახიან. განსაკუთრებით კომიკურია, როდესაც მათ ყოფილ პრემიერს გახარიასა და ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეძახიან “ნაცს”. წარმოიდგინეთ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები, რომლებიც გადასკუპდნენ “ქართულ ოცნებაში”, გახარიას ეძახიან “ნაცს”... ეს ტექნოლოგია მათ კარგად იციან. შეეცდებიან საარჩევნოდ ისევ მიშას ფაქტორის აქტუალიზებას, მეტად გამოყენებას და ამ ძველ სცენარში ყველაფრის ჩატოვებას”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების ინდივიდუალური კომპრომეტაციაც ხდება. სახელისუფლებო პროპაგანდა ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ასეთია თამაშის წესები. ამიტომ, როდესაც იცი, როგორ იქცევა ოპონენტი, შენც უნდა იპოვო ამის საპირწონე რაღაც, რითაც დაუპირისპირდები. მუდმივად მდევრისა და თავის მართლების პოზიციაში არ უნდა იყო. ოპოზიციამ თვითონ უნდა შექმნას დღის წესრიგი, რასაც ჯერ ვერ აკეთებენ. დღის წესრიგს ისევ “ქართული ოცნება” აყალიბებს. ერთ ამბავს გავიხსენებ - რამდენიმე დღის წინ “ლელოს” ოფისი ალყაში ჰყავდათ მოქცეული სახელისუფლებო ჟურნალისტებს, ამბობდნენ, ჩამოყვანილი ჰყავთ ვიღაც ამერიკელი კონსულტანტი, რომელიც 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” უწევდა კონსულტაციასო. კაცი მას მერე აღარც ყოფილა საქართველოში... ამაზე ატეხეს ერთი ამბავი და მხოლოდ იმიტომ, რომ “ნაცებთან” დააკავშირონ “ლელო”. ამას ადეკვატური პასუხები უნდა გაეცეს... ან შენ უნდა შექმნა შენი დღის წესრიგი და ხელისუფლება ჩააყენო თავდაცვაში. გასაგებია, ოპოზიციას ნაკლები რესურსი აქვს, მაგრამ ამ დროს გჭირდება სწორედ მეტი კრეატივი და მეტი მუშაობა”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც იმედიანად ვარ. მესამე ძალის მოთხოვნა საარჩევნო ბაზარზე დეფიციტურია, ამომრჩეველი ეძებს ღირსეულ არჩევანს. მას აღარ სურს წარსულსა და აწმყოს, ანუ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის არჩევა. როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში ამგვარ პროცესს ახასიათებს კანონზომიერება - როდესაც ჩნდება მოთხოვნა, ადრე თუ გვიან, მიწოდებაც გაჩნდება. ჯობს, ეს დროულად მოხდეს. ჯერ არ ჩანს, მაგრამ შანსი იმისა, რომ არჩევნებამდე რაღაც სიურპრიზები იქნება, არის. საქართველოში, როგორც წესი, პროცესები სწრაფად ვითარდება. ვფიქრობ, მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსი ჯერ კიდევ აქვთ “ლელოსა” და გახარიას პარტიას. ასევე მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რაც სერიოზულ ძალად შეიძლება იქცევს, თუ სწორად წავიდა პროცესი. ვფიქრობ, ნიკა მელიას პარტია არ იქნება ხელწამოსაკრავი ძალა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი პოლიტიკური ელიტის მთავარი პრობლემა ხალხთან კომუნიკაციაა. მელიას კი აქვს ამისთვის საჭირო უნარები. მას შეუძლია მართლაც სოფელ-სოფელ იაროს, ხალხს ელაპარაკოს, განსხვავებული აზრიც მოისმინოს, თანაუგრძნოს მათ... მოკლედ, შეუძლია დინამიკური კამპანიის წარმოება, რასაც სხვა პარტიები ვერ ახერხებენ”, - თვლის რესპონდენტი.

“ვიღაცები კი ჩადიან რეგიონებში, მაგრამ იქ ვიღაც პროვოკატორი გამოჩნდება, ესენიც დამფრთხალები უკან ბრუნდებიან და ამით მთავრდება ყველაფერი. ჩვენ 2012 წელს ქვებსაც გვესროდნენ და საშინელ დახვედრასაც გვიწყობდნენ რეგიონებში, მაგრამ ჩვენ მაინც მივდიოდით. პოლიტიკა მკაცრი საქმეა... რაც შეეხება გვარამიას, როგორც ვიცი, ის მელიასთან ერთად იქნება. ამ ყველაფერმა “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატი რა პროპორციით გაყო, ჩემთვის რთული სათქმელია. საერთოდ, რატომ გაიყო “ნაციონალური მოძრაობა~”? ეს იყო რაციოსა და ემოციის დატაკება - ანუ პარტიაში არსებობს სააკაშვილის, როგორც ბელადის რწმენა და მხარდამჭერთა ემოციური ნაწილი მზად არის ყველაფერზე თვალი დახუჭოს და ხაბეიშვილი - ეს აბსოლუტური პაროდია აიტანოს თავმჯდომარედ, რადგან ასეთია უზენაესის ნება... და იყო ნაწილი, რომელიც გაცილებით რაციონალურად ფიქრობდა... როგორი იყო ამ დაპირისპირებისას პროპორცია, ეს შემდგომ კვლევებში გამოჩნდება. გარდა ამისა, მელიას შეუძლია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვაც. ამომრჩეველი ელოდება ლიდერებს უბანში, რაიონში, სოფელში და მელია, ჩემი აზრით, ამას გააკეთებს და ბევრი ადამიანის გულსაც მოიგებს. შეიძლება ისეთი სურათიც კი მივიღოთ, რაც ძალიან გაგვაკვირვებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” თურქმენიზაციის პროცესშია. ეს არ არის პარტია კლასიკური გაგებით. ეს არის სახელისუფლებო პარტია, რომელიც როგორც კი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მაშინვე გაქრება, როგორც გაქრა “მოქალაქეთა კავშირი”. ეს არ არის ფასეულობათა სისტემის ირგვლივ შეკრებილ ადამიანთა კავშირი, დაჯგუფება, რომლის წევრებიც საკუთარი ინტერესების იქით არ იყურებიან. შესაბამისად, ისინი მხოლოდ აბსოლუტურ ძალაუფლებას განიხილავენ - ეს არის მათი სამიზნე. მათ არა აქვთ იმის ფუფუნება, რომ ერთი პროცენტიც კი დათმონ. რომ დათმონ, ამან შეიძლება პარტიას ისეთი ბზარი გაუჩინოს, მთელი კონსტრუქცია დაეშალოთ. ასე რომ, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული 2024 წლის შედეგი, მათ შორის იმაზეც, როგორი იქნება საერთაშორისო ვითარება, რა მოხდება რუსეთ-უკრაინის ომში და ა.შ. დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “სხვათა შორის, ამჟამად მიმდინარეობს ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნა...” - პასუხობს:

“სამწუხაროდ, პროცესები მთელ მსოფლიოში ძალიან რთულდება. ღმერთმა არ ქნას ნატოსა და რუსეთის დაპირისპირება, რადგან ეს მსოფლიო ომს ნიშნავს. ვფიქრობ, ეს უფრო პროქსიომები იქნება, რაც ასევე ძალიან სახიფათოა, რადგან საბოლოოდ პირდაპირ შეტაკებამდეც შეიძლება მივიდეს საქმე. ჩვენ უკრაინის ომს ვადევნებთ თვალს, თუმცა ისრაელშიც ვხედავთ, რა ხდება, ძალიან საშიში ვითარებაა და ირიბად იქაც იკვეთება ნატოსა და რუსეთის დაპირისპირების ნიშნები. მოკლედ, სახიფათო ვითარებაა... იმედია, ეყოფა ყველას გონიერება და სამყაროს კატასტროფის პირას არ მიიყვანენ”...

რას შეიცავს და ვისი ავტორობით შეიქმნა ინდექსი, რომელიც საქართველოში დიდ პოლიტიკურ ვნებათაღელვას იწვევს

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (CSF) 2023 წლის განახლებული ინდექსის მიხედვით, საქართველო რეფორმების პროგრესის კუთხით, მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება. განხილულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შედეგები და ქვეყნების მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი, რომელიც შედგენილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მმართველი კომიტეტის მიერ, ალექსანდრ საბუს რედაქტორობით. ამავე კვლევაზე დაყრდნობით, გამოცემა “პოლიტიკომ” სტატია გამოქვეყნა სათაურით “საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება”, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა იმ ქართველი ექსპერტების მისამართით, ვინც კითხვარი შეავსო. “როდესაც საქართველოს შეფასება ხდება საერთაშორისო ავტორიტარული ორგანიზების მხრიდან, საქართველო არის უპირობო ლიდერი, მაგრამ, როგორც კი შეფასებაში ერთვება ქართველი “ენჯეო”, მაშინვე საქართველო ბულინგის ობიექტი ხდება”, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ექსპერტებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სფეროების მიხედვით კითხვარები მიიღეს და მერე შევსებული პლატფორმის სამდივნოს გადაეგზავნა და ესაა სამოქალაქო საზოგადოების შეფასება და არა ევროკავშირის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას შეიცავს და ვისი ავტორობით შეიქმნა ინდექსი, რომელიც საქართველოში დიდ პოლიტიკურ ვნებათაღელვას იწვევს.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ეს ფორუმი ყოველწლიურად აკეთებს ამ ექვსი ქვეყნის შეფასებას, წელსაც ჩვეულებრივად 2022-23 წლის შეჯამება გააკეთეს, მათ თავიანთი მეთოდოლოგია აქვთ. მე არ ვიცოდი სხვა ექსპერტები ვინ იყვნენ. პრესაში რომ დაწერეს, მერე გავიგე, ისევე, როგორც მათ არ იცოდნენ. ყველას თავისი სფეროები ჰქონდა და ამ სფეროების მიხედვით კითხვარები გაეგზავნათ, ექსპერტები ამ კითხვარებს პასუხობენ და უგზავნიან და მერე ამას ორაგნიზაცია აჯამებს. ყველა სფეროს თავისი კურატორი ჰყავს, მე კანონის უზენაესობაზე ვერ დავწერდი, ჩემი იყო დემოკრატიზაციის თემა. დანარჩენებს არ ვიცი, რა გაეზავნა, ზოგი ისეთი გვარია, საერთოდ ვერ ვიცანი. “ქართული ოცნება” ამის პოლიტიზირებას ახდენს, თორემ ეს სამოქალაქო საზოგადოების შეფასებაა, ევროკავშირის კი არა, ან მთავობის. მთელი ამ ინდექსის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებების მიხედვით გააკეთოს ექვსივე ქვეყანაში შეფასება. სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებები არც ერთ ქვეყანაში არავის არ მოსწონს, მათ შორის არც აშშ-ში, არც ბრიტანეთში და არსად, მაგრამ ესაა მათი შეხედულებები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“მე რომ მკითხო, მეორე და მესამე ადგილი ჩვენთვის ძაან ახლოსაა იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსის ყდასაც რომ შევხედოთ, პირველივე სურათით ჩანს, რომელი ქვეყნის ხალხია გამოსული ევროკავშირის დროშით (გარეკანზე თბილისის მარტის პროტესტის ფოტოა გამოსახული). ხელისუფება რომ ამბობს, თითქოს გაუკვირდა ეს შეფასება, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც შარშან ხდებოდა, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას სხვანაირი შეხედულებები როგორ ექნებოდა, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როცა “აგენტების კანონზე” მთელი ხალხი გამოვიდა. სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას რანაირი შეფასება უნდა გაეკეთებინა, ვინც ამაში იყო ჩართული?! ერთადერთი, სადაც ექსპერტების სახელს არ წერენ, ეს აზერბაიჯანია. მე მგონი ცოტა ხანში ქართველებსაც მოუწევთ ასე, ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ საკითხმა. რაც ამ ინდექსში წერია, მთლიანად ემთხვევა ევროკავშირის რეკომენდაციებს. ხელისუფლებაც აღიარებს, რომ 12 დან 3 შევასრულეთ და 9 პუნქტი რომ გვაქვს შესასრულებელი, ამაზე მუშაობენ ახლა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პრობლემა იმაშია, რომ ეს ინდექსი თავიდან ბოლომდე არავის არ წაუკითხავს, იქ კარგიც წერია, მათ შორის იმაზე, რომ 3 რეკომენდაცია შევასრულეთ, მხარეები მხოლოდ იმ ნაწილებს კითხულობენ, რაც თავად აინტერესებთ. თან ეს მთელი ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმების ერთობაა და თუ რამე აინტერესებთ, თვითონ იმ სამდივნოს უნდა მიმართონ”, - განმარტავს კორნელი კაკაჩია... როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, არაერთ შეფასებაშია აღნიშნული, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რეგიონში და ქვეყანა წინ უსწრებს ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. “იმის მოფიქრება, რომ საქართველო ვიღაცას ჩამორჩება, ემსახურება ერთადერთ გეგმას, რომ ოპოზიციას რაღაც ხელჩასაჭიდი ჰქონდეს, რომ თავიანთი პარტიული ტელევიზიების წინ დადგნენ და ქვეყნის საზიანო კამპანია აწარმოონ. მიზანია, ოპოზიციას ანკესი მიეცეს კონკრეტულ თემებზე სალაპარაკოდ, რომ ანკესს წამოეგოს მათი პარტიული ტელევიზია და ეს გააშუქონ ისე, თურმე ქვეყანამ უკან როგორ დაიხია, რაც არის ნონსენსი”, - განაცხადა ოხანაშვილმა, რომლის თქმით, “ეს ორგანიზაციები ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაში არიან ჩართული და ეს გულდასაწყვეტია, რადგან როგორ შეიძლება, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდე?!” - აღნიშნავს გამოცემა.

“ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინასთან ევროპის აღმისავლეთ სამეზობლოს ყოფს - ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება. ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას”, - ნათქვამია “პოლიტიკოს” სტატიაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლდოვაში საჯარო მმართველობა გაიზარდა, “პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში” ვითარება დაღმავალია”, - წერს “პოლიტიკო”. “დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები სწავლობენ ერთმანეთისგან. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არსებობს სწავლის მრუდი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ”, - აცხადებს „პოლიტიკოსთან" აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრი ალექსანდრა საბუ”, - განაგრძობს გამოცემა.

“საბუს თქმით, “საქართველომ 2023 წლის მარტში სცადა პუტინის სტილის “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის მიღება, რასაც შიდა პროტესტი მოჰყვა”. მისივე განცხადებით, “ეს კანონი რუსული კანონის იყო ერთგვარი ასლი იყო, ზოგიერთი ადგილობრივი ელემენტით, მაგრამ მსგავსება აშკარა იყო”. “პოლიტიკო” წერს, რომ საქართველოშ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და პოლიტიკის კონვერგენციაში - რაც ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას, ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 ინდექსში. “ძირითადად ყველა სფეროში იყო შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ის კანდიდატის სტატუსით დააჯილდოვა”, - აღნიშნა საბუმ. “პოლიტიკო” აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, “მოლდოვა და უკრაინა სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც ბრიუსელი გაწევრიანების გზის გასაგრძელებლად მათგან მოელის, მაშინ, როცა საქართველო ამ გზას ნელ-ნელა შორდება”, - დასძენს გამოცემა.

“პოლიტიკოს" მიერ აღწერილი მძიმე რეალობიდან ერთადერთი გამოსავალი შემდეგ არჩევნებზე სახელისუფლებო ცვლილებებია”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა. მისივე თქმით, სტატიაში არსებულ ძალიან ნეგატიურ და სამწუხარო შეფასებებს საფუძვლად საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები უდევს, რომელიც დღესაც გრძელდება. „ესენია: ე.წ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა, რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული ქმედება გახლდათ, ასევე ძალიან სერიოზული ანტიდასავლური კამპანია, უკრაინის მიმართ არსებული დამოკიდებულება და სხვა ბევრი რამ. მათ შორის, ყველაზე პუტინისტური ხაზია ქვეყანაში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრება”, - განაცხადა გიგი წერეთელმა., რომლის თქმით, “ამ ყველაფრიდან ერთადერთი საშველი და გამოსავალი შემდეგ არჩევნებზე სახელისუფლებო ცვლილებებია", - წერს სტატიის ავტორი.

ლაშა ძებისაშვილი - “თუ უკრაინა დამარცხდა, შემდეგი საქართველო, მოლდოვა და ყაზახეთი იქნებიან”

“2024 წელი არჩევნების წელიწადია ბევრ ქვეყანაში და არ ვიცით, როგორი ძალები მოვლენ აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, მათ შორის ევროპარლამენტში - მოვლენ თუ არა უფრო ანტიევროპული ძალები, როგორიც, მაგალითად, საფრანგეთში მარი ლეპენია, გერმანიაში ალტერნატიული ძალა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს უნგრეთთან, რუსეთთან... დღეს პრაქტიკულად, სამხედრო-სამრეწველო­ კომპლექსს ეწირება რუსეთის ეკონომიკა და რუსეთს გაუჭირდება იმ შედეგების მიღება, რასაც მოელოდა - ანუ უკრაინის დამორჩილება. ეკონომიკური სტაგნაციის, სამხედრო მრეწველობის შემცირებისა და ომის მიმართ რუსეთის მოსახლეობის სულ უფრო კრიტიკული განწყობის ფონზე, ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება­ პროგნოზი, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ქვეყნებს, ეს ასე მარტივი არ არის”, - აცხადებს ექსპერტი, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ უკრაინა დამარცხდა, შემდეგი საქართველო, მოლდოვა და ყაზახეთი იქნებიან”.

“ერთია, როცა თავს ესხმის ნატოს არაწევრ ქვეყანას, რომელიც არ სარგებლობს კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიით, და მეორე, როცა რუსეთი გადაწყვეტილებას იღებს თავს დაესხას ალიანსს, რომლის სამხედრო, ეკონომიკური, ადამიანური და სხვა რესურსი რამდენჯერმე აღემატება რუსეთისას. პუტინი ჯერ დაელოდება, რა პროცესები წავა ევროკავშირში, გაიმარჯვებენ თუ არა ულტრარადიკალი, ანტიევროპული ძალები, რაც ევროკავშირის დაშლას დაუდებს სათავეს. ევროკავშირისა და ნატოს დანაწევრებისა და ერთიანობის მოსპობის პროცესი პირდაპირი ნავთის გადასხმაა რუსეთის ცეცხლზე უკრაინაში. ამ შემთხვევაში რუსეთი ბოლომდე მიაწვება უკრაინას და შეეცდება მთელ ქვეყანაზე კონტროლი დაამყაროს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ უკრაინის დამორჩილებით რუსეთი ძალიან დიდ და უმთავრეს ნაბიჯს გადადგამს ყოფილი ე.წ. რუსული იმპერიული სივრცის აღდგენისთვის. უკრაინის შემდგომ მოდის გაცილებით სუსტი ქვეყნები - ყაზახეთი, საქართველო და მოლდოვა. იოლი წარმოსადგენია, რა ბედი ელის ნატოს ყველაზე სუსტ ქვეყნებს ბალტიისპირეთით დაწყებული. ეს განვითარდება იმ პროცესების პარალელურად, რაც შეიძლება დასავლეთში განვითარდეს. მაგალითად, გაიმარჯვებენ თუ არა პროტრამპისტული ან ტრამპისმაგვარი ძალები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილი.

“ტრამპი არ მალავს თავის დამოკიდებულებას ომისადმი. რეალურად, მას წარმოდგენაც არა აქვს იმ საფრთხეზე, რასაც წარმოადგენს რუსეთი მთელი ევროპული სივრცისთვის. ტრამპი მაინცდამაინც კარგი თვალით არ უყურებს ევროკავშირს, არაერთხელ უთქვამს, რომ მას განიხილავს როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, დაიმუქრა კიდეც, რომ აშშ-ს ნატოდან გამოიყვანს... არადა, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა დიდწილად დამოკიდებულია სწორედ აშშ-ის ქმედუნარიანობაზე. ის, როგორც წესი, აქტიურად ეხმარება ახალ დემოკრატიებსა და იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირება. მაგრამ თუ ამ ქვეყნების მთავარი დამხმარე მხოლოდ თავისი საქმეებით დაკავდა, იზოლაციონიზმის მესამე ტალღაში გადავარდა, ეს ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც იყო მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დამდეგს, როცა ძლიერი რეგიონული ქვეყნები, როგორიცაა პირობითად, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი და ა.შ., შეეცდებიან საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას სხვა ქვეყნების ხარჯზე...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს ძალიან ძვირად დაუჯდება აშშ-საც, რადგან სტაბილურობა და დოვლათი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ათწლეულების განმავლობაში თანამიმდევრულად ააშენა და რაზეც არის დამყარებული მისი კეთილდღეობა, სწორედ გლობალური ალიანსებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის წყალობით მოიპოვა. როგორც კი ამერიკა თვითიზოლირებას მოახდენს, ეს მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც... დასავლეთი ეს ბოლო ორი ათწლეული თვითილუზიაში, თავისივე შექმნილ ვირტუალურ სამყაროში იყო. საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ რუსეთი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ერთი, რაც დასავლეთის სტრატეგიულ და ინტელექტუალურ უუნარობაზე მეტყველებს, ისიც არის, რომ განჭვრიტოს, სად არის რეალური საფრთხე. ამას დაემატა ეკონომიკური თანამშრომლობის მთელი­ რიგი მექანიზმები, რაც განსაკუთრებით გერმანიას და სხვა მრავალ ქვეყანას ჰქონდა რუსეთთან”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ერთი სიტყვით, შეიქმნა ილუზორული სამყარო, თითქოს რუსეთი მათთვის დიდი საფრთხე არ არის და თუ რამე ექსტრაორდინარული მოხდა, მაგალითად, როგორიც იყო 2008 წელს საქართველოში, შემდგომ კი, 2014 წელს, უკრაინაში სამხედრო აგრესია, ეს დასავლეთმა ერთჯერად გამოხდომებად ჩათვალა, რაზეც, მისი აზრით, მაინცდამაინც დიდი რეაგირება არ იყო საჭირო. ეს დიდი შეცდომა იყო. ეს კი არა, დასავლეთს 2022 წლის აგრესიის დროსაც ძალიან გაუჭირდა სწრაფად გააზრება, რომ უკრაინის სამხედრო დამარცხება სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნიდა მასვე და ომიდან მხოლოდ მეექვსე თვეს დაიწყო თანდათანობით უკრაინის დახმარება (ჯერ კიდევ შეზღუდულია დახმარება უკრაინისთვის). ჩვენ გვინდა ისეთი ელიტა, რომელიც დაემსგავსებოდა, მაგალითად, რეიგანის, თუნდაც ჩერჩილის, გერმანიაში კონრად ადენაუერის პერიოდის მმართველობას. ელიტამ კარგად დაინახა საფრთხე და სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღო. ჩერჩილის მკაფიო მიზანი იყო ჰიტლერის დამარცხება, რეიგანის - სსრკ-ის დამარცხება, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ. დღეს არ არსებობს ევროპაში ის ინტელექტუალურად განვითარებული პოლიტიკური ელიტა, რომელსაც აქვს უნარი, ნება და შესაძლებლობა, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, ერთი მხრივ, თავისი ინტერესების დასაცავად, მეორე მხრივ კი გლობალურად, იმ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად რაც ისევ და ისევ დასავლეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”, - დაასკვნის ლაშა ძებისაშვილი.

“ძალიან მარტივი განტოლებაა - პოსტსაბჭოთა სივრცის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ევროპული უსაფრთხოების ნაწილი და თუ ევროპა ფეხზე დაიკიდებს პოსტსაბჭოთა სივრცის უსაფრთხოებას, ამ ძალაუფლებისა და უსაფრთხოების ვაკუუმს დაიკავებს რუსეთი. ამით ის უფრო გაძლიერდება და მისი შემდგომი სამიზნე უკვე ევროპული სივრცე იქნება. არ არის გამორიცხული, რუსეთი კიდევ უფრო გააქტიურდეს პოსტსაბჭოური სივრცის მიმართ. მართალია, რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და ადამიანურ დიდ რესურსს ჭამს, მაგრამ ის რეგიონში ჯერ მაინც ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია და ისეთი მცირე რესურსებისა და პოლიტიკურად არამდგრადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმარისი რესურსი მას ყოველთვის ექნება. “თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის” მნიშვნელოვანი ფორმულაა და, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ეს ცოტა უკუღმართად აქვს გაგებული”, - თვლის რესპონდენტი.

“არგაღიზიანების პოლიტიკა გარკვეულწილად სწორია - როცა გამძვინვარებული დათვი შენს მეზობლად ყველას ტორავს, იქით არ უნდა ჩაუხტე, რომ შენც დაგტოროს, მაგრამ სანამ ეს დათვი სხვებითაა დაკავებული, მაქსიმალურად უნდა შეეცადო უსაფრთხოების გარანტიები შეიქმნა და თვითონაც შეიძინო შეიარაღება, ხოლო იმ მომენტისთვის, როცა დათვი შენკენ შემოტრიალდება, მას, როგორც მინიმუმ, შენზე წამოსვლის მადა უნდა დაეკარგოს. ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პროვოკაციული განცხადებებით არ გავაღიზიანოთ და ამასობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, უნდა ვმოქმედებდეთ ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში სხვადასხვა ქვეყანასთან, რათა მოვიპოვოთ გარანტიები­ იმისა, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დაგვეხმარებიან... ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები გლობალურ მოთამაშეებში - აშშ-სა და ევროკავშირში. განსაკუთრებით, გლობალური პროცესებიდან აშშ-ის განდგომა ავტომატურად გამოიწვევს ახალი ცხელი კერების გაჩენას. არადა, ამერიკა ამ კონფლიქტების და ახალი კერების გაჩენის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორია. როგორც კი შემაკავებელი ფაქტორი ქრება, რეგიონული ძალები და სახელმწიფოები დაუკრეფავში გადადიან და თავიანთი ინტერესების სამხედრო გზით გატარებას იწყებენ”, - განმარტავს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.

“ცხელი კერები, რა თქმა უნდა, გაჩნდება, უპირველესად ახლო აღმოსავლეთში. ირანი ცხელ ფაზაში შევა, იმიტომ, რომ უკვე არის “ჰამასის”, “ჰესბოლასა” და სხვათა კონფლიქტები. ამ ორგანიზაციებს მჭიდრო კავშირი აქვთ ირანთან. აშკარაა დინამიკა და ამ კერების ჩაქრობა ირანის საკითხის მოგვარების გარეშე შეუძლებელია. ამას ემატება ჩინეთის თემაც - მის ეკონომიკას კარგი დღე არ უჩანს, უფრო და უფრო შედის სტაგნაციაში. იმისათვის, რომ ეკონომიკურ პრობლემებს გაუმკლავდე, საჭიროა თავისუფალი საზოგადოება, კაპიტალიზმის მართვა კომუნისტური წესებით წარმოუდგენელია. ამიტომაც მეპარება ეჭვი, რომ 2024-25 წლებში ჩინეთმა ეკონომიკური კრიზისის დაძლევა შეძლოს. ჩინეთში ეკონომიკური კრიზისი შესაძლოა პოლიტიკურშიც გადაიზარდოს და ამის თავიდან ასაცილებლად არ გამოვრიცხავ, სამხედრო კონფრონტაციაც ვიხილოთ, კერძოდ, ტაივანთან. ჩემი აზრით, 2024 კონფლიქტების გაღვივების ცხელი წელი იქნება. აქამდე დასავლეთს ეგონა, რომ კრიზისებს­ თვალის დახუჭვით მოაგვარებდა, პირიქით კი მოხდა­ და ახლა მათი მოგვარება დასავლეთს გაცილებით ძვირი დაუჯდება”, - დასძენს ლაშა ძებისაშვილი.

9 რეკომენდაციის შესრულებაზე ერთობლივი მუშაობა იწყება - რას აპირებს ოპოზიცია და როგორ იქნება აღქმული მისი ბოიკოტი

“მოახერხებს თუ არა მმართველი პარტია და ოპოზიცია ევრორეკომენდაციებზე ერთობლივად მუშაობს, ამ დრომდე ისევ გაურკვეველია. ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი ორშაბათს, 29 იანვარს, პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სამუშაო შეხვედრას გაიმართავს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შეხვედრა სამუშაო ფორმატის მორიგი რაუნდია ცხრა პრიორიტეტზე დისკუსიისთვის. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ერთობლივ მუშაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ნაწილს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ჩაერთვებიან თუ არა ამ სამუშაო ჯგუფში. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუკი ოპოზიცია ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ ეს ხელისუფლებისთვის, წინასაარჩევნოდ საუკეთესო საჩუქარი იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 9 რეკომენდაციის შესრულებაზე ერთობლივი მუშაობა იწყება - რას აპირებს ოპოზიცია და როგორ იქნება აღქმული მისი ბოიკოტი.

“ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ “საქართველოსთვის” და “გირჩი” აცხადებენ დარწმუნებით, რომ ორშაბათის შეხვედრას დაესწრებიან. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ აპირებს რეალურად 9 რეკომენდაციის შესრულებას და სამუშაო ჯგუფის შექმნა მხოლოდ ფარსია. ენმ-ში ორშაბათის შეხვედრას ფარსს უწოდებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ “თუ საჭიროა”, მას მაინც დაესწრებიან. “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” არ აპირებს ამ 9 რეკომენდაციის შესრულებას. “მთავარი საკითხი არის ის, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს 9 რეკომენდაცია, რათა შევძლოთ დავიწყოთ მოლაპარაკებები წევრობაზე. ამიტომ, ამ 9 რეკომენდაციის შესრულება არის ამოსავალი წერტილი და არა ფორმატი, დრო და მისამართი, სადაც შეიძლება ჩატარდეს ეს შეხვედრები. შესაბამისად, “ლელოს” პოზიცია იყო და რჩება იგივე, რომ “ქართული ოცნება” არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გაატარებს ამ 9 რეფორმას”, - აცხადებს ნაცვლიშვილი. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, წინასწარ ცნობილია, რომ შეხვედრას დაესწრებიან ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” და “გირჩის” წარმომადგენლები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ შეხვედრაზე “ამბის გასაგებად” მივლენ. “29 იანვარის შეხვედრაზე მივდივართ დასაკვირვებლად, რათა ამბავი გავიგოთ და შევძლოთ ამ ამბის მოყოლა როგორც ჩვენი მხარდამჭერებისთვის, ასევე მედიისთვის. დიდი მოლოდინი არ გვაქვს, გაცნობითი და მოთელვითი შეხვედრა გვგონია. რამე სერიოზულს თუ იტყვიან, არ დაგიმალავთ, გეტყვით ნამდვილად”, - განაცხადა ხვიჩიამ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ თუ ადრე ოპოზიცია უარს ამბობდა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, ახლა მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებასთან” ერთად იმსჯელონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“მეჩვენება, რომ სამი კატეგორია იქნება ოპოზიციის მხრიდან. ამაში ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც შეიძლება იყვნენ პრაქტიკულად გაიგივებული ოპოზიციასთან, მათი ფორმალური სტატუსის მიუხედავად. ოპოზიციის ერთი ნაწილი ალბათ იქნება გულწრფელად მონდომებული. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით, ეს იქნება ყველაზე მცირე ნაწილი. იქნებიან ოპოზიციონერები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავენ მონაწილეობას და იქნებიან ოპოზიციონერები, რომლებისთვისაც ექნებათ ერთადერთი მიზანი - რეალურად ხელი შეუშალონ, არ უგულშემატკივრონ ქვეყნის წინსვლას ამ მიმართულებით, ფორმალურად კი ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს პოზიტიურ წვლილს შეიტანენ ამ პროცესში. ღმერთმა ქნას, მეშლებოდეს და ყველა იყოს კონსტრუქციულად განწყობილი. რაც შეეხება შეთავაზებას, ეს ყველაფერი გამოჩნდება შეხვედრაზე” - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ. ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ოპოზიცია კვლავ იგივეს იმეორებს 9 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რასაც კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე 12-პუნქტიანი გეგმის სამუშაო ჯგუფის იგნორით აკეთებდა”, - დასძენს გამოცემა.

“ველი, რომ ოპოზიციის რადიაკლური ნაწილი, რომლებიც “ნაციონალების” დღის წესრიგით მოქმედებენ, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებენ და არ ჩაერთვებიან. ალბათ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება, როგორც ეს წინაზე 12 პუნქტის შესრულებისას იყო. გვახსოვს სტატუსის მიღებამდე რასაც კადრულობდნენ, როგორ ცდილობდნენ ქვეყნის იმიჯის დაზიანებას. დადიოდნენ ბრიუსელში და ევროპარლამენტარებს სთხოვდნენ - სტატუსი არ მოგვცეთ, ჩვენ დავზიანდებითო. მერე ცდილობდნენ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას, თითქოს ის პოლიტიკური პატიმარი იყო და სტატუსის მიღება მის თავისუფლებაზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. ახლაც ასე იზამენ. ათას მიზეზს მოიგონებენ იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები არ დაიწყოს. ოპოზიცია იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, რომ ხალხი აღარც ამჩნევს. “ლელო” ვითომ მესამე ძალაა და ათას სისულელეებს ლაპარაკობენ. ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც მანამდე იყო და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებას დაიწყებს. “ოცნება” რუდუნებით, ფრთხილად და არანაირი ასკინკილით, მყარად წინ მიიწევს ევროპისკენ, ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის ნებაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ თუკი ოპოზიცია 9 რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. ამას კი ხელისუფლება კიდევ ერთ გამარჯვებად მიიწერს დ წინასაარჩვენოდ ოპოზიციას ძალიან დააზიანებს. “თუკი ოპოზიცია სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს პოლიტიკურად კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება და “ოცნება” ამას კიდევ ერთ გამარჯვებად მიიწერს. ხელისუფლება შეეცდება ეს მონათლოს, როგორც ობსტრუქცია ოპოზიციის მხრიდან. ეს ოპოზიციის ძალიან დიდი შეცდომა იქნება, რომელსაც ხელისუფლებას წინასაარჩვენოდ საჩუქრის სახით მიართმევენ”, - მიიჩნევს ძაბირაძე, რომლის თქმით, “ოცნება“ ისევ იტყვის, რომ ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს და საკუთარი ინტერესების გამო ქვეყანას ხელს უშლიან”, - წერს სტატიის ავტორი.

“არ ვიცი ვინ აპირებს და ვინ არა ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას, მაგრამ ყველა რომ უნდა ჩაერთოს, ეს ვიცი. სხვაგვარად ოპოზიცია თვითდაზიანებას მიიყენებს. რა პოლიტიკური კაპიტალი ექნებათ, თუკი სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე კიდევ უარს იტყვიან?! შარლ მიშელის დოკუმენტიდან მოყოლებული დღემდე, ხელისუფლება ყველაფერში ახერხებს, რომ უკეთესი პოლიტიკური პოზიციონირება ჰქონდეს. პირიქით, ოპოზიციას აბრალებს აქეთ ყველაფერს და ამის საბაბს თავად ოპოზიცია აძლევს. ხელისუფლებამ შეძლო და მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს წარმოაჩინა, როგორც საკუთარი წარმატება. ოპოზიციას კი მთელი დღის წესრიგი წყალში ჩაუვარდა. ოპოზიცია თუ არ შევა ამ სამუშაო ჯგუფში, 2024 წლის არჩევნებსითვის ელექტორატთან რაზე უნდა ისაუბრონ, არ ვიცი. ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

მამუკა არეშიძე - “რუსეთი ყველაფერს გააკეთებს კავკასიის შესანარჩუნებლად”

“პოლიტიკაში “სხვისი ჭირის” პრინციპი მუშაობს. სომხეთი და აზერბაიჯანი იმდენად არიან დაპირისპირებული, რომ საქართველოს განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭება არა მარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დასავლელი პარტნიორებისთვისაც. ჩვენ ადრე მხოლოდ აზერბაიჯანთან გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობა, დღეს სომხეთთანაც გავაფორმეთ. სხვათა შორის, საქართველოში ადრეც არ ამუშავდებოდა ბევრი მაგისტრალური პროექტი, რეგიონში ყარაბაღის ომი რომ არ ყოფილიყო. სამწუხაროდ, ახლაც იგივე ხდება... შეიძლება ითქვას, დღეს კავკასიაში მჩქეფარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესია, რომელსაც ერთი შეხედვით სარგებელი მოაქვს რეგიონის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის.­ თუმცა არა მგონია­, ეს ხანგრძლივი პროცესი იყოს. მნიშვნელოვანია, საქართველომ სწორად გათვალოს, როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი, რათა დროულად გადაერთოს საერთაშორისო დღის წესრიგზე”, - აცხადებს კავკასიის სპეციალისტი და უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი ყველაფერს გააკეთებს კავკასიის შესანარჩუნებლად”.

“ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ასეთ პერიოდებში მსხვილი მოთამაშეები რეგიონში მანამდე ინარჩუნებენ მშვიდობას, სადამდეც სჭირდებათ. როგორც კი რომელიმე მსხვილ მოთამაშეს ვითარების შეცვლა დასჭირდება, აუცილებლად აამღვრევს წყალს იმ რეგიონში, სადაც არასტაბილური ვითარებაა, და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ერთია სარგებლის მიღება და სწორად გამოყენება და მეორე - მიღებული სარგებლის შენარჩუნება და შერგება.... მძიმე მდგომარეობაა დასავლეთის ყველა წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ არმიებში. ბევრად უკეთესი მდგომარეობაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, პოლონეთში. ნატოს წევრი ქვეყნები დაეჩვივნენ ამერიკის ხარჯზე ყოფნას. ამერიკის გაღებულ ფულად სახსრებს კი არა, შეერთებული შტატების სიძლიერის იმედად ცხოვრებას ვგულისხმობ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის მაღალი ხარისხი იმით არის განპირობებული, რომ მათ იციან, ვისთან აქვთ საქმე. დასავლეთის ქვეყნებს კი ან დაავიწყდათ რუსეთის რაობა, ან არ სურთ ახსოვდეთ. გერმანია ახლა კი ცდილობს სწრაფი ტემპით გადააწყოს თავდაცვის ძალები თუ სამხედრო მრეწველობა, მაგრამ მცირე დროში ამის გაკეთება ორმაგ და სამმაგ ხარჯთან არის დაკავშირებული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ამ ყველაფერს ემატება სოციალური საკითხებიც, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტას, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა მოჰყვა. მაგალითად, გერმანიის მოსახლეობა მიჩვეული იყო იაფ ენერგორესურსებს. სწორედ იაფი გაზი იყო გერმანიის ეკონომიკის საფუძველი, დღეს კი ასე აღარ არის. ამიტომაც არის გერმანულ პოლიტიკურ ელიტაში გაუთავებელი ჭიდაობა, ამიტომ ჩნდება დასავლურ მედიაში კრიტიკული წერილები და ამიტომ ითრევს ფეხს დასავლეთის პოლიტიკური ლიდერების ნაწილი უკრაინისთვის დახმარების გაზრდაში. ასეთი ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ ახლა უკან დახევა ძალიან მძიმედ მიუბრუნდებათ. პოლიტიკურ ელიტაში ძალიან იგრძნობა “ომით მობეზრება”. კიდევ კარგი, ეს ხალხი გლობალურად ვერ ცვლის პოლიტიკურ ამინდს. დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური პლატფორმის შემქმნელი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ამ ომში არ გაიმარჯვოს. როგორც წესი, ისინი პოლიტიკოსები არ არიან, არამედ ფინანსური წრეები, რომლებისთვისაც ძალიან მომგებიანია ომი და მეორე - ის პირები, ვისაც სჭირდებათ უზარმაზარი რესურსების მფლობელი რუსეთის დასუსტება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. უბრალოდ, ეს ჯერ კიდევ არ იგრძნობა მოსკოვსა და პეტერბურგში. კრემლი ყველაფერს აკეთებს ანტურაჟის შესანარჩუნებლად, მაგრამ დანარჩენ რუსეთში როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და მორალურად უმძიმესი ვითარებაა. სხვადასხვაგვარი განწყობაა, მაგალითად, პეტერბურგსა და ციმბირში. შორეულ აღმოსავლეთში ისეთი ანტიჩინური განწყობაა, რომ მეტი არ შეიძლება. განწყობებს რომ თავი დავანებოთ, ზამთრის დასაწყისია და ახლაც გრძელდება კატასტროფები ენერგომომარაგებაში. ბევრ ქალაქში არა აქვთ გათბობა და ელექტროენერგია, მათ შორის არიან მოსკოვის ოლქის ქალაქებიც. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ უცებ გამოვიდა მწყობრიდან კომუნალური მომსახურების ყველა სამსახური. მთელ რუსეთში უცებ შეიქმნა რთული მდგომარეობა სურსათით მომარაგებაშიც. ხალხმა უცებ იგრძნო, რა მოსდევს ომსა და დუმილს. შეიძლება მითხრათ, რომ რუსი ხალხი მხარს უჭერს პუტინს და მართალიც იქნებით. რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა და შექმნა დასავლეთისგან მტრის ხატი. რუსებს აქვთ განწყობა, რომ მთელი მსოფლიო მათ უპირისპირდება. დიახ, რუსი ხალხი მხარს უჭერს პუტინს უკრაინასთან ომში, მაგრამ დროდადრო მაინც აპროტესტებენ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას”, - განმარტავს ექსპერტი.

“თუ დასავლეთში ორმაგ თამაშებს თავს არ დაანებებენ, რუსეთი კიდევ დიდხანს გაუძლებს. გასაგებია, რომ რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესდა, მაგრამ იმ სანქციებში ძალიან ბევრი შავი ხვრელია, რომლითაც თავად დასავლეთის წარმომადგენლები, ხშირად ხელისუფლებებიც კი სარგებლობენ. ვითომ არ იცის ჰოლანდიის მთავრობამ, როგორ იტვირთება რუსული ნავთობის ტანკერები და სხვა ქვეყნის პროდუქტად საღდება? ლატვიისა და ლიეტუვის მთავრობებმა არ იციან, მათი ქვეყნები რუსეთთან რომ ვაჭრობენ? ისიც ხომ გაირკვა, რომ ირანული უპილოტო დრონები 80%-ით ამერიკული წარმოების ნაწილებისგან არის აწყობილი. არადა, ამერიკას ირანიც დასანქცირებული ჰყავს და რუსეთიც. ამერიკელებმა ორჯერ დაარღვიეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსულ ნავთობში 60 დოლარზე მეტის გადახდა არ შეიძლებოდა - ერთხელ 74 დოლარი გადაიხადეს, მეორედ კი 76. ორივეჯერ უზარმაზარი პარტია იყო. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა ნავთობის გაყიდვით ომის მერე უფრო მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე ომამდე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკრაინაში ორი ქარხნის ხელმძღვანელობა დააპატიმრეს იმის გამო, რომ რუსეთის სამოქალაქო ავიაციას მარაგნაწილებს აწვდიდნენ”, - ამტკიცებს მამუკა არეშიძე.

“ომის პარალელურად კავკასიაში განსაკუთრებულს არაფერს ველი. პუტინი კავკასიაში მაინც იმას აკეთებს, რაც სურს. თუ ვინმეს ჰგონია, ყარაბაღის საკითხი რუსეთისგან დამოუკიდებლად გადაწყდა, ძალიან ცდება. ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მაინც ახერხებს გავლენის შენარჩუნებას - ეს კარგად ჩანს თუნდაც აფხაზეთში. ერთი მხრივ, კრემლი თითქოს საქართველოსთან ურთიერთობაში ცდილობს განსხვავებული ფორმატის შექმნას, მეორე მხრივ კი აფხაზეთის გამალებულ ანექსიას ეწევა. შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს და იკითხოს, აქამდე არ იყო აფხაზეთი ანექსირებულიო? საქმე ის არის, ახლა ქართველების კი არა, აფხაზების ანექსიაა დაწყებული. პრაქტიკულად რუსეთი აფხაზებს სხვადასხვა ფორმით ყიდულობს და თან სჯის კიდეც. ახლა კი მიხვდნენ აფხაზები ყველაფერს, მაგრამ რუსეთს უკვე ისე აქვს ეკონომიკური მარყუჟი მოჭერილი, გამოსავალს ვეღარ ხედავენ. ჩვენი პრობლემა მანამდე არ მოგვარდება, ვიდრე რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება. რუსეთმა ეს ომი არ უნდა მოიგოს! კატასტროფა მერე იქნება, თუ იქნება!” - დაასკვნის არეშიძე და შეკითხვაზე - “კავკასია და საქართველო, ალბათ, ვერც უკრაინაში დამარცხებულ რუსეთს დააღწევს საბოლოოდ თავს”- პასუხობს:

“ამას მაშინ გავიგებთ, როდესაც ომი დასრულდება, ხელშეკრულებას ხელი მოეწერება და გაირკვევა, რისი თავი დარჩება რუსეთს. აი, მეც მაშინ შევძლებ პასუხის გაცემას, მანამდე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ის კი ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებს კავკასიის შესანარჩუნებლად. რუსები კავკასიას იმპერიის გვირგვინად მიიჩნევენ... არასოდეს დამავიწყდება რუსეთის ფედერაციის დღევანდელი საბჭოს თავმჯდომარის, ქალბატონ მატვიენკოს­ 90-იანი წლების ბოლოს­ ერთ შეკრებაზე ნათქვამი, ვორონეჟს დავთმობთ, მაგრამ არა კავკასიასო! საბჭოთა კავშირის 1982 წლის გენშტაბის გეგმაში ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა კავკასიას ენიჭებოდა. ზუსტად იყო გაწერილი, ნატოსთან ომის შემთხვევაში როგორ უნდა აგებულიყო თავდაცვის ზღუდეები საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასევე კავკასიის ქედზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა სიმაღლე დაეკავებინა საქართველოსა და რუსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, კავკასიის ქედის გასწვრივ საქართველოს ტერიტორიის 40-კილომეტრიანი მონაკვეთი მათთვის თავდაცვის ზღუდედ მოიაზრება”.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა