რამაზ საყვარელიძე -  „ოცნებას“ პოლიტიკური იმუნიტეტი გამოუმუშავდა, რომელიც კარნახობს, რომ ბრმად არ გაიზიაროს უცხოელთა რეკომენდაცია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, პარლამენტმა 84 ხმით მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძისა და მის მიერ დასამტკიცებლად პარლამენტისთვის წარდგენილი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებას.

პრაქტიკულად ძველი შემადგენლობით ახალი მთავრობის დამტკიცებას წინ უძღოდა პარლამენტში მინისტრების მოსმენები კომიტეტებში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლა პარლამენტში და საკმაოდ კრიტიკული, მაგრამ აშკარად საქმიანი დებატები ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

მოდით, საუბარი პარლამენტში გამართული მოვლენების, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლისა და შემდგომ გამართული დებატების შესახებ თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარებით დავიწყოთ.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში პრემიერობის კანდიდატისა და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებულმა პროცესმა?

- დებატების მონაწილეებსაც და მსმენელებსაც სულ გვახსოვდა, რომ წარმოდგენილი კაბინეტი მხოლოდ არჩევნებამდე იარსებებს, აღინიშნა კიდეც ეს. აქედან გამომდინარე მინისტრების სამომავლო გეგმების სერიოზულად შეფასება შეუძლებელია. მხოლოდ თავდაცვაში შეიცვალა მინისტრი, მაგრამ ისიც დარჩება თუ არა წლის ბოლომდე ამ თანამდებობაზე, უცნობია. სერიოზულ სამთავრობო შეთავაზებას, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ წარმოადგენს გამარჯვებული ჯგუფი.

რჩება შთაბეჭდილება, რომ საერთოდ ფრთხილი ნაბიჯებით მიდის „ოცნება“ საშემოდგომო კაბინეტისკენ. პრემიერი შეცვალეს, რათა მასთან ერთად მომზადდეს შემდგომი ნაბიჯები. ამიტომ მინისტრების შეცვლას არ ჩქარობენ, შემოდგომამდე დრო აქვთ და მას, ალბათ, სრულად გამოიყენებენ. მინისტრების შერჩევაში სიფრთხილე ცუდი არაა, „თავი არ გვტკივაო“, მაგრამ სიფრთხილე არც უშეცდომობის გარანტია არაა. ვნახოთ. მთავრობის კაბინეტის რეალური შეცვლის განცდა მე არა მაქვს, საშემოდგომოდ გადავდე.

მთავრობის კაბინეტის რეალური შეცვლის განცდა მე არა მაქვს, საშემოდგომოდ გადავდე

რაც შეეხება დებატებს, იგი ბევრი რამით იყო საინტერესო, უპირველეს ყოვლისა, პოლარიზაციის, უფრო ზუსტად - აგრესიული ინტონაციის შემცირებით ორივე მხრიდან.

შინაარსობრივადაც მრავალფეროვანი იყო დებატები, და რაც მთავარია, უმრავლეს პრობლემაზე მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია. ორივე მხარის მიერ აქტუალურად აღიარებულ პრობლემათა შორის გამოსაყოფია დემოგრაფიის პრობლემა, რომელსაც დაეთმო დიდი ადგილი.

თუ მეხსიერება არ მღალატობს, ადრინდელ პოლიტიკურ დაპირისპირებებში ამხელა აქცენტი დემოგრაფიაზე არც იყო. თანაც, ახლანდელი მსჯელობა გონიერ კალაპოტში მოექცა, აღინიშნა, რომ ეკონომიკური ბერკეტები უნდა ამოქმედდეს, მაგრამ საკმარისი არაა. აგერ, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში დემოგრაფიის საკითხს ვერ ერევიან. საკითხის ამგვარი დაყენება, ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის საყურადღებოა.

რაც შეეხება დებატებს, იგი ბევრი რამით იყო საინტერესო, უპირველეს ყოვლისა, პოლარიზაციის, უფრო ზუსტად - აგრესიული ინტონაციის შემცირებით ორივე მხრიდან

ფსიქოლოგობას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ დემოგრაფიის პრობლემაში ფსიქოლოგიური ფაქტორები არის გასათვალისწინებელი. ევროპელი ფსიქოლოგიურად დაპროგრამირებულია იმაზე, რომ ქალი გათანაბრებულია კაცთან ცხოვრების წესის არჩევაში. აზიელის ფსიქოლოგიური პროგრამა მკვეთრად განასხვავებს გენდერულ როლებს, რაც გულისხმობს, რომ ქალი უნდა უვლიდეს ოჯახს და აჩენდეს შვილებს.

ამ ფსიქოლოგიური პროგრამებით ყალიბდება დემოგრაფიული სურათი ევროპასა და აზიაში. თავის მხრივ, ფსიქოლოგიური პროგრამები იდეოლოგიებით ყალიბდება - ევროპაში ადამიანის უფლებათა პრიმატის იდეოლოგიით, აზიაში - აღმოსავლური ტრადიციების და რელიგიების პრიმატის იდეოლოგიით. რადგან ამ იდეოლოგიების შეთავსებაში დევს ევროპელთა დემოგრაფიის გასაღები, საინტერესო ხდება ქართული სინამდვილე, სადაც ევროპულ ღირებულებებისკენ სწრაფვა ერწყმის ეროვნული და რელიგიური ღირებულებების ერთგულებას.

ჩვენთან ზოგს ეს ღირებულებები შეუთავსებლად მიაჩნია, არადა, როგორც ჩანს, თავსებადია. კარგა ხნის წინ პატრიარქმა თავისი ავტორიტეტი შედეგიანად გამოიყენა დემოგრაფიაზე ზემოქმედებისთვის, მაგრამ დღეს მეტი ძალისხმევაა საჭირო.

საჭიროა ეკონომიკური, პოლიტიკური და რელიგიური ფაქტორების ინტეგრაცია დემოგრაფიის პრობლემის მეტ-ნაკლები მოგვარებისთვის. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ამ მწვავე და რთულ პრობლემასთან პოლიტიკოსების საქმიანი დამოკიდებულება, რაც დავინახეთ იმ დებატებში.

დემოგრაფიის საკითხზე კი საქართველოს წამმზომი უკვე ჩართული აქვს

უამრავი აქტუალური საკითხი იყო განხილული, მაგრამ მე ეს ერთი გამოვყავი, როგორც ყველაზე კომპლექსური და მიტოვებული. გამოვყავი იმიტომაც, რომ ყველა სხვა საკითხის გადავადება შეიძლება. დემოგრაფიის საკითხზე კი საქართველოს წამმზომი უკვე ჩართული აქვს.

- აწ უკვე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას ბევრ რამეზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის კორუფციაზე.

მან თქვა - „შეურიგებელი ვარ კორუფციის მიმართ“. თუმცა, უკავშირდებოდა თუ არა ღარიბაშვილის პრემიერობიდან წასვლა კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მან ამ ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა.

სხვათა შორის, ქვეყანაში კორუფციის გამო უკმაყოფილება მესამედ პოლიტიკაში მობრუნებისას გაკეთებულ განცხადებაში არც ბიძინა ივანიშვილს დაუმალავს.

რადგან კორუფციის თემა თავად პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გახადა აქტუალური, კითხვას ასე დავსვამ - გაქვთ მოლოდინი, რომ პრემიერ კობახიძის მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ხელშესახებ ნაბიჯებს გადადგამს?

- ნამდვილად მაქვს იმედი მარტივი მიზეზით - ვიცნობ ირაკლი კობახიძის მამას და დედას, კრისტალურ და კეთილშობილ პიროვნებებს. თავად ირაკლი კობახიძისთვისაც კორუფცია არავის დაუბრალებია, მტრებსაც კი. სახელმწიფოს მასშტაბის კორუფციას მოერევა თუ არა კობახიძე - საკითხავია. ოღონდ, დარწმუნებული ვარ, რომ ეცდება.

კორუფციას მორევა საეჭვოა, რადგან იგი მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მათ შორის - იმათი, ვინც კორუფციაზე გვითითებს როგორც უცხოეთიდან, ისე ოპოზიციური პარტიებიდან.

წამყვანი ოპოზიციური პარტიის დღევანდელი შემოსავლებიც, ალბათ, ადრინდელი კორუფციიდან მოდის. მოკლედ, კორუფცია უკვდავია ისევე, როგორც ავადმყოფობა, დანაშაული, ომი თუ ცხოვრების თანმხლები სხვა ათასი უბედურება. მათი განადგურება შეუძლებელია, მაგრამ მათ მუდმივად უნდა ებრძოლოს ადამიანი, რომ ცხოვრება შესაძლებელი იყოს. ისე, ესეც კომპლექსური პრობლემაა, რომელიც, ქაჯეთის ციხესავით, სხვადასხვა მხრიდან ერთდროულ შეტევას ითხოვს. აქ ისევ გამოვყოფდი იდეოლოგიის საჭიროებას.

ვიცნობ ირაკლი კობახიძის მამას და დედას, კრისტალურ და კეთილშობილ პიროვნებებს. თავად ირაკლი კობახიძისთვისაც კორუფცია არავის დაუბრალებია, მტრებსაც კი. სახელმწიფოს მასშტაბის კორუფციას მოერევა თუ არა კობახიძე - საკითხავია. ოღონდ, დარწმუნებული ვარ, რომ ეცდება

იმ აზრის დამკვიდრების საჭიროებას, რომ კორუფცია დაუშვებელია, რომ საჭიროა ადამიანების დაპროგრამება პატიოსნებაზე, დაპროგრამება იმაზე, რომ ბედნიერებაა საკუთარი პატიოსნების განცდა, სხვა ადამიანებზე და ქვეყანაზე ზრუნვა.

სულიერი ღირებულებების დამკვიდრებისთვისაც ერთობლივი და რთული სამუშაოს ჩატარებაა აუცილებელი. ღირებულებათა დამკვიდრების, ანუ იდეოლოგიის საჭიროებას ისევ ვუსვამ ხაზს, რადგან მასზე არავინ ზრუნავს, ასეთ მწვავე დებატებშიც კი ღირებულებების დამკვიდრებაზე ლაპარაკი არ ყოფილა - პოლიტიკოსები ვერ ხედავენ სულიერი ღირებულებების დეფიციტის პრობლემას, თუმცა ამ პრობლემის არსებობა ყველაზე მეტად მათი დაუდევრობის შედეგია.

- ამ პროცესში დიდი ადგილი დაეთმო ცესკოს ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის 6 რეკომენდაციიდან არც ერთის შეუსრულებლობას.

ოპოზიციიდან ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას, ასევე იმას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს არა პრეზიდენტმა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა, რის გამოც, ვენეციის კომისიის აზრით, ცესკოსადმი ნდობა დაბალია. მოქმედი თავმჯდომარე ამ თანამდებობაზე დროებით იქნა დანიშნული და ასე შემდეგ.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე თქვა, რომ ისინი არ შეესაბამება ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციას, მეტიც, ამ საკითხების გადაწყვეტა საქართველოს „სუვერენული დემოკრატიის“ უფლებაა.

ფაქტობრივად, ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირის 9 პუნქტიდან მეოთხე პუნქტის შესრულებაზე და მეორე წაკითხვით უკვე მიიღო კანონის თავისი ვარიანტი. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ საკითხზე პრემიერის პოზიციას იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელს ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია შეუსრულებელი გვექნება?

- ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს დასავლეთის რეკომენდაციებს და დასავლეთი დაგვსჯისო. ვარაუდია, რომ მიდიოდნენ კიდეც ოპოზიციის წარმომადგენლები დასავლეთის პოლიტიკოსებთან თხოვნით „დაგვსაჯეთ და არ მოგვცეთ კანდიდატობაო“.

კოჰაბიტაციის თემაში, მეორე ფრონტის თემაში, სააკაშვილის ავადმყოფობის თემაში, მოსამართლეთა თემაში, ივანიშვილის სანქცირების თემაში დასავლეთს ხშირად იყენებდა ოპოზიცია, რადგან დასავლეთი ვერ ან არ ხვდებოდა, რომ იდგა ოპოზიციის მხარეს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში.

ამიტომ „ოცნებას“ პოლიტიკური იმუნიტეტი გამოუმუშავდა, რომელიც ჰკარნახობს, რომ ბრმად არ გაიზიაროს უცხოელთა რეკომენდაცია. თანაც, დასავლეთში მცხოვრები არათუ უცხოელები, ქართველებიც კი ავლენენ ხოლმე ქართულ რეალობის უცოდინარობას.

„ოცნებას“ პოლიტიკური იმუნიტეტი გამოუმუშავდა, რომელიც ჰკარნახობს, რომ ბრმად არ გაიზიაროს უცხოთა რეკომენდაცია. თანაც, დასავლეთში მცხოვრები არათუ უცხოელები, ქართველებიც კი ავლენენ ხოლმე ქართულ რეალობის უცოდინარობას

მაგალითად, დასავლეთში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა გაიზრდება, თუ ოპოზიცია მეტად იქნება ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციაში... საეჭვოა, რომ 2%-იანი ოპოზიციის ჩართვა ნდობას მატებდეს კომისიას, მაგრამ მაინც არ იქნებოდა ზედმეტი, რომ არა სხვა ფაქტორები.

თუ ოპოზიცია საქართველოს კანდიდატობის ჩაშლას ცდილობდა თავისი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, იგივე ოპოზიცია არჩევნების გამრუდებას არ ეცდება პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე?

დასავლეთის რეკომენდაციებმა დადებითი ნაყოფი რომ გამოიღოს, პარტიებს უნდა ჰქონდეთ თანამშრომლობის ისეთივე პოლიტიკური კულტურა, როგორიც დასავლეთშია.

დასავლეთში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა გაიზრდება, თუ ოპოზიცია მეტად იქნება ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციაში... საეჭვოა, რომ 2%-იანი ოპოზიციის ჩართვა ნდობას მატებდეს კომისიას, მაგრამ მაინც არ იქნებოდა ზედმეტი, რომ არა სხვა ფაქტორები

ქვეყნები მენტალიტეტით რომ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამის გაგება დასავლეთს ყოველთვის უჭირდა, რითაც ხშირად სარგებლობდნენ ხეირის მაძიებლები. სხვათა შორის, აღწერილმა დებატებმა გამიჩინა იმედი, რომ თანამშრომლობის კულტურა შეიძლება დამკვიდრდეს ჩვენთან. ეს რომ მოხდება, მერე ბუნებრივად გატარდება დასავლეთის რეკომენდაციები.

- პრემიერის გამოსვლაში თვალშისაცემი იყო ექსპრემიერ გახარიასა და მის პარტიაზე საუბარი და მსჯელობა.

თუ მანამდე მმართველი გუნდის მთავარი სამიზნე „ნაცმოძრაობა“ იყო, ახლა ექსპრემიერ გიორგი გახარია და მისი პარტია „საქართველოსთვისაა“.

იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი გუნდის რიტორიკა „ნაციონალების“ მიმართ, აშკარად შერბილებულია, დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ თავისტკივილი ახლა არა დაქუცმაცების გზაზე მყოფი „ნაცმოძრაობაა“, არამედ გახარიას პარტია.

თქვენ რას დაუკავშირებდით პრემიერისა და მმართველი გუნდის გააქტიურებას გახარიასა და მისი გუნდის მიმართ?

- ვთვლი, რომ სწორედ დაინახეთ ეს საინტერესო ტენდენცია. შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს ის, რომ გახარიას პარტია „ქოცებს“ ართმევს ამომრჩეველს, ეს ყველაზე მეტად სავარაუდოა.

ისიც შესაძლებელია, რომ პოლიტიკურ ძალთა ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბების პროცესს ვუყურებთ ახლა, სადაც პოლარიზაცია მინიმუმამდე იქნება დასული.

თუ გახარიას კრიტიკით „ქართული ოცნება“ პოლარიზაციის შემცირების ცდილობს, წინასაარჩევნო პერიოდში მოეშვება აგრესიულ პარტიებს, არ გააღიზიანებს მათ და გადაინაცვლებს იმათზე, ვისაც აგრესიული რეაქცია ნაკლებად ახასიათებს.

თუ გახარიას კრიტიკით „ქართული ოცნება“ პოლარიზაციის შემცირების ცდილობს, წინასაარჩევნო პერიოდში მოეშვება აგრესიულ პარტიებს, არ გააღიზიანებს მათ და გადაინაცვლებს იმათზე, ვისაც აგრესიული რეაქცია ნაკლებად ახასიათებს

- პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გახარიაზე საუბარს მოაყოლა იმაზე მსჯელობა, რომ 60%-იან მმართველ პარტიას არაფერში სჭირდება 2%-იან პარტიებთან დებატებში მონაწილეობა.

გასაგებია, რომ „ქართულ ოცნება“ სხვა პარტიებთან შედარებით აშკარად უკეთეს საარჩევნო ფორმაშია, მაგრამ ოპონენტებთან დებატებზე უარის თქმა, ცხადია რომ არც დეპოლარიზაციას და საარჩევნო პროცესს არ წაადგება.

როცა საარჩევნო წელს მმართველი გუნდი უარს ამბობს გახარიასთან დებატებზე, თუნდაც იმის გამო, რომ საარჩევნო წელია, მან პოლიტიკურ ოპონენტებს ის მაინც უნდა უთხრას რა ფორმატში აპირებს მათთან კონკურენციას.

თუ საარჩევნო პროცესი იმ რეჟიმში დარჩა, რაც ახლაა, მხედველობაში მაქვს ის, რომ ე.წ. სახელისუფლებო არხებზე ოპოზიციას არ იწვევენ, ხოლო ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებში ხელისუფლების წარმომადგენლები არ დადიან, ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში პოლარიზაცია კიდევ უფრო მაღალი იქნება.

თუ ხელისუფლებას მშვიდ გარემოში, დემოკრატიულად და სამართლიანად სურს არჩევნების ჩატარება, ძნელი დასაჯერებელია მას არ ესმოდეს, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უკიდურესი პოლარიზაცია მას არ უნდა აწყობდეს და ამ მიმართულებით მკაფიო ნაბიჯებია გადასადგმელი.

გაქვთ განცდა, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ დეპოლარიზაციის სასარგებლოდ ნაბიჯებს გადადგამს?

- უკვე მოგახსენეთ, რომ მაქვს დეპოლარიზაციისკენ მოძრაობის განცდა, ოღონდ არა მარტო მმართველი გუნდის მხრიდან. შეგახსენებთ იმ სხდომას, ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი დადებითად და კონსტრუქციულად თვლიდა წინა დღის შეხვედრას პრემიერ კობახიძესთან, ბევრი კომპლიმენტი თქვეს. ამდენად, ორივე მხარე ცდილობდა კონსტრუქციულობას, თუმცა გამონაკლისი შემთხვევები, ბუნებრივია, იყო.

რაც შეეხება დებატებზე უარის თქმას. რა თქმა უნდა, მაღალი რეიტინგი არ ამართლებს დებატებზე უარს. მეორეს მხრივ, დაბალი რეიტინგის მქონეთათვის უფრო მომგებიანია მაღალი რეიტინგიანთან დაჭიდება, ვიდრე - პირიქით. კობახიძის პასუხი პოლიტიკურად ხარვეზიანი იყო, მაგრამ შეიძლება იმის გაგება, რომ არ უნდოდა „ოცნებას“ დებატები.

რა თქმა უნდა, მაღალი რეიტინგი არ ამართლებს დებატებზე უარს. მეორეს მხრივ, დაბალი რეიტინგის მქონეთათვის უფრო მომგებიანია მაღალი რეიტინგიანთან დაჭიდება, ვიდრე - პირიქით. კობახიძის პასუხი პოლიტიკურად ხარვეზიანი იყო, მაგრამ შეიძლება იმის გაგება, რომ არ უნდოდა „ოცნებას“ დებატები

თანაც, მიმაჩნია, რომ სწორი იყო უარი დებატებზე - პარტიებს პროგრამები არ დაუდევთ და რაზე უნდა იდებატონ ახლა? მხოლოდ წარსულზე იკამათებენ და ეს ისევ დაპირისპირების გამწვავებას, პოლარიზაციას გამოიწვევდა. საერთოდ, დებატებში უდროოდ გამოწვევა საქართველოში ხშირია და დუელში გამოწვევას წააგავს, რაც ღიმილის მომგვრელია

- მმართველი გუნდი კარგა ხანია ცდილობს მთელ ოპოზიციას „ნაციონალებად“ ან რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებდა.

ახლა როცა ცხადი გახდა, რომ ყველას „ნაციონალებად“ მოხსენიებას აზრი არ აქვს, რადგან „ნაციონალების“ ფრთის ქვეშ გაერთიანებას არავინ აპირებს, ხელისუფლება ცდილობს დანარჩენი ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან გააიგივოს.

მეტიც, ლამის ყოველ დღე მოუწოდებს მათ გაერთიანდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ და არჩევნებზე ერთად გამოვიდნენ. მანამდე კი პრეზიდენტმა თამამდებოდა დატოვოს.

ამ თვალსაზრისით უცნაურადაც კი ჩანს ციხეში მჯდომი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გააქტიურება. მხედველობაში მაქვს ის, რომ იგი ოპოზიციას მოუწოდებს იფიქრონ პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატზე. როგორც ჩანს, აქ ირიბად ზურაბიშვილის კანდიდატურა მოიაზრება.

ამ თემაზე დიდი პოლიტიკური გამოცდილების ქართული პოლიტიკის ვეტერანმა, რომელიც კვალიფიციურობის გამო ახლაც მწყობრშია, დავით ბერძენიშვილმა ასეთი მოსაზრება გამოთქვა - „ოპოზიციურმა ძალებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატად შეიძლება დაასახელონ სალომე ზურაბიშვილი“.

ყველაფერ ამას კი ის უძღოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ უარი თქვა პრეზიდენტის ინიციატივაზე მონაწილეობა მიიღოს მის მიერ შეთავაზებულ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ მუშაობაში.

თქვენი დაკვირვებით, რატომ ეძახის ახლა მმართველი გუნდი „ნაცმოძრაობას“ კონსტრუქციულ ოპოზიციას? სავარაუდოდ, რას უკავშირდება ზურაბიშვილთან ოპოზიციის ლიდერების ცალ-ცალკე ვალსისა და თუ ხორუმის ცეკვის მცდელობა?

- ხშირად აყენებენ საკითხს - ოპოზიციიდან ხომ არ სურს ზურაბიშვილს ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა და ამიტომ ხომ არ აქვს ოპოზიციონერების რიტორიკა და მათთან ხორუმიო?

პრეზიდენტის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით ჩემთვის უფრო დამაჯერებელია ის ვერსია, რომ სალომე ზურაბიშვილი დასავლეთისკენ მიიწევს და ცდილობს ის თქვას, რაც უცხოელი პოლიტიკოსების თვალში მომგებიანი იქნება

გამორიცხული კი არაფერია, მაგრამ, როგორც წესი, პოლიტიკაში ეკედლებიან ან ძლიერ ფიგურას, ან ვინც უყვართ. ოპოზიცია ძლიერი არაა. ვერც მათ სიყვარულს დავაბრალებ ზურაბიშვილს. გაუგებარია, რისთვის უნდა დადგეს ზურაბიშვილი ოპოზიციის გვერდით. სულ დიდი - მიიღოს პარლამენტის მანდატი, რაც პრეზიდენტობის შემდეგ აღარ უნდა იყოს მისთვის დიდად მომხიბვლელი.

პრეზიდენტის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით ჩემთვის უფრო დამაჯერებელია ის ვერსია, რომ სალომე ზურაბიშვილი დასავლეთისკენ მიიწევს და ცდილობს ის თქვას, რაც უცხოელი პოლიტიკოსების თვალში მომგებიანი იქნება.

- მოდით ისევ ახალ პრემიერსა და მთავრობის სამომავლო გეგმებს დავუბრუნდეთ.

ამ თემაზე გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განიცხადა - არ ვფიქრობ, რომ კობახიძის გაპრემიერების შემდეგ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო“.

ალექსანდრე თვალჭრელიძემ კი ასეთი მოსაზრება გამოთქვა - ვშიშობ, რომ საზოგადოებაში არაპოპულარული პოლიტიკური ფიგურის პირველ პლანზე წამოწევა, კობახიძისთვის სტრატეგიულად პოლიტიკური ჰარაკირია

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ღარიბაშვილის წასვლა და პრემიერად კობახიძის დანიშვნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

რადგან ქვეყანას ახალი პრემიერი და მთავრობის განახლებული შემადგენლობა ჰყავს, კითხვას ასე დავსვამდი - თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ქვეყნის ახალი პრემიერისა და მთავრობის განახლებული შემადგენლობის საქმიანობასთან დაკავშირებით?

- დავუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე - ეს 8 თვიანი მთავრობაა. ამ მთავრობას აქვს ერთი ფუნქცია - შექმნას პირობები საშემოდგომო მინისტრების მშვიდად შერჩევისთვის, ცვლილებათა ტაიმ-აუტის პირობები.

კარგად მომზადება რომ კარგია, ეს ცნობილია. ესე იგი, კარგია, რომ უმრავლესობაში ახლა ემზადებიან არჩევნებისა და გრძელვადიანი კაბინეტისთვის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო