ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება, გარყვნილი და სხვა სახის სექსუალური ქმედება - ბავშვთა მიმართ ჩადენილი მსგავსი სახის დანაშაულები ქვეყანაში იზრდება. სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა მსხვერპლის ახლობლები, ხშირ შემთხვევაში კი, ოჯახის წევრები არიან.

რატომ მალავენ ხშირად ბავშვები მათ მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მოძალადე, რა ასაკიდან უნდა იცოდნენ ბავშვებმა აღნიშნული დანაშაულის შესახებ და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს უკვე მომხდარი ფაქტის გადატანაში, ამ და სხვა შეკითხვებს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ფსიქოლოგი მაია ცირამუა პასუხობს.

- ბოლო პერიოდში, ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები გახშირებულია. მსგავსი ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშებშიც არაერთხელ მოხვედრილა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა შეიძლება იყოს გაზრდილი დანაშაულის მიზეზი?

- მე მაინც განცდა მაქვს, რომ უფრო გამოვლენის მაჩვენებელი გაიზარდა. გარკვეული ფაქტორები ხელშემწყობია იმისა, რომ ძალადობრივმა დანაშაულებმა მოიმატოს და ზოგადად, ჩვენს კონტექსტს - კულტურულს, პოლიტიკურს, სოციალურს თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, ეს ყველაფერი გავლენას ახდენდეს. თუმცა, ეს მაინც იმასთანაა კავშირში, რომ ადამიანებმა, მშობლებმა ამოცნობა ისწავლეს, თვითონ სოციალური სისტემა უფრო მოქნილი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში - რეაგირება. ჩემი აზრით, ეს მეტწილად გამოვლენის მაჩვენებელთანაა კავშირში, ეს გაიზარდა და ადამიანებმა დაიწყეს ამაზე საუბარი. ჩემი პრაქტიკაც შემიძლია მოვიშველიო. მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციაში ხშირად ხვდებიან ქალები, რომელთაც ბევრი წლის წინ, ბავშვობაში ჰქონდათ შემთხვევა და საუბარი ვერ გაბედეს. ახლა რომ ეკითხები, დღეს რატომ გადაწყვიტეო, პასუხობენ, რომ ახლა მიეცათ ძალა.

- როგორც თავად ახსენეთ, ყველაზე პრობლემური ალბათ, მაინც დანაშაულის გამოვლენაა. ხშირად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები აღნიშნულის შესახებ წლების განმავლობაში არ საუბრობენ. თუ შეგიძლიათ, გვითხარით, რატომ?

- ზოგადად, ძალადობის მსხვერპლის ერთ-ერთი მახასიათებელი თვისება სწორედ ისაა, რომ ვერ ლაპარაკობს. ბავშვის შემთხვევაში, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმეა. რა ამძიმებს? ის, რომ ბავშვი ზოგჯერ ვერც კი ხვდება, რა ხდება მის თავს, ვერც კი აცნობიერებს, რა არის ეს, ან ჰგონია, რომ ეს ნორმალურია. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა ბავშვს უთქვამს, როცა ჩემს კლასელს მოვუყევი, რას მიკეთებდა, პირობითად, ბიძა, მამა, ან მეზობელი და კლასელს მწვავე რეაქცია ჰქონდა, მითხრა, ასეთ რაღაცას არავინ მიკეთებსო, მაშინ მივხვდი, რომ ჩემს თავს ცუდი რაღაც ხდებოდაო. ეს ერთი ფაქტორია, როცა ბავშვი იმდენად პატარაა, რომ ამას ვერ აცნობიერებს, მეორე ფაქტორია ის, რომ ხშირად, მოძალადე თავისი სტრატეგიით ბავშვს ეუბნება - „შენ მაინც არავინ დაგიჯერებს“, „ეს ჩვენი საიდუმლოა“ - ბავშვებს კიდევ უყვართ, როცა საიდუმლო აქვთ, ან პირდაპირ ემუქრება - „ამის შესახებ იტყვი და დედას მოგიკლავო“. მაგალითად, ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როცა მოძალადე მსხვერპლს ეუბნებოდა, თუკი, ამას იტყვი - „მე დამიჭერენ, დედა თავს მოიკლავს და შენ ბავშვთა სახლში წაგიყვანენო“. ეს რა თქმა უნდა, ბავშვს აშინებს. ასევე, მსხვერპლებს აქვთ განცდა - „მე მაინც არ დამიჯერებენო“, რაშიც ბავშვი სრულიად მართალია, რადგან ხშირ შემთხვევაში, ბავშვს მართლაც არავინ უჯერებს, როცა მეორე მხარეს ზრდასრულია, ძალიან ხშირად, საკმაოდ გავლენიანი ფიგურაც კი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე, სტატუსს, ან სოციალურ მდგომარეობას, ყველგან ვხვდებით სექსუალურ მოძალადეს, ყველა სოციალურ ჯგუფში - ეს შეიძლება იყოს თანამდებობის პირი, აკადემიური წრეში მომუშავე ადამიანი და ა.შ.

- ანუ მსგავსი დანაშაულები მხოლოდ დაბალ სოციალურ ფენებში არ ხდება?

- ეს არის მითი, რადგან ამ დანაშაულს ყველგან ვხვდებით. მაგალითად, მასწავლებელი ხშირად არის პირი, რომელიც ბავშვს სექსუალურად ავიწროებს, ძალადობს, ან გარყვნილ ქმედებას ეწევა - „ვის უფრო დაუჯერებენ, შენ თუ - მე“ და ბავშვიც ფიქრობს, რომ მას არ დაუჯერებენ. ეს მართალია, ბავშვის არ სჯერათ ხოლმე. მსხვერპლის კლინიკური მახასიათებელია სირცხვილის და დანაშაულის განცდა. თითქოს, ეს აბსურდულია, რატომ უნდა ჰქონდეს მსხვერპლს დანაშაულის განცდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, თავი იმაში მიაჩნიათ დამნაშავედ, რაც მათ საერთოდ არ ეხებათ, რადგან ეს მოძალადის აქტია.

- ძირითადად, ბავშვები მათ თავს განხორციელებული დანაშაულის შესახებ მოძალადის მხრიდან მუქარის რეალურად განხორციელების შიშით და სირცხვილის შეგრძნების გამო ვერ ამხელენ?

- ასე ვერ ვიტყვით, ყველა ფაქტორი თავის წილ როლს თამაშობს იმაში, რომ ბავშვი ამის შესახებ არ საუბრობდეს. მაინც კლინიკურად ეს ორი ფაქტორია საინტერესო - მსხვერპლის მახასიათებელი - ბრალეულობისა და სირცხვილის განცდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, როცა ბავშვი ამაზე იწყებს საუბარს, ძალიან მნიშვნელოვანია, შენ რა რეაქცია გექნება თუკი იჭერ პოზიციას და ბავშვს ადანაშაულებ, აქამდე რატომ არ მითხარიო, შეიძლება ბავშვმა საუბარი შეწყვიტოს. იქ, სადაც საზოგადოების ცნობიერება, ცოდნა ამ საკითხებზე მაღალია, ბავშვს არ ეშინია იმის, რომ მას ბრალს აქეთ დასდებენ. ასეთ დროს უფრო დაძლევადია სირცხვილის და ბრალეულობის განცდა, უფრო ნაკლებ შიშთანაა ეს დაკავშირებული. ეს არის დანაშაული, სადაც მსხვერპლი ხშირად ერთადერთი მოწმეა ხოლმე. ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი საზოგადოება, ისეთი მართლმსაჯულება, სადაც მტკიცების ტვირთი მსხვერპლზე იქნება, სამართლებრივად მტკიცების ტვირთი მოძალადეზე მოდის, მაგრამ საზოგადოება მტკიცების ტვირთს მსხვერპლს ადებს, რაც არასწორია. ესეც ერთ ერთი ფაქტორია, თუ რატომ შეიძლება მსხვერპლმა არ ილაპარაკოს.

- მოძალადეს უმეტესწილად, საკუთარი ქმედებები კარგად აქვს შენიღბული. როგორ უნდა მიხვდეს ოჯახის წევრი, როცა ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა, ან შევიწროება ხორციელდება?

- ამ ნიშნებს ბავშვის მდგომარეობაც და მოძალადის ქცევაც იძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა იცოდეს, როგორ შეიძლება იქცეოდეს მოძალადე. მაგალითად, როცა ვიღაც, ვის ფუნქციებშიც ეს არ შედის, აბსოლუტურად უსასყიდლოდ რაღაც მომსახურებას გთავაზობს, მაგალითად, მე წავიყვან და გაგისეირნებ ბავშვსო, ან ბავშვს იტოვებს, ბავშვთან დაახლოებას ცდილობს, დიდ დროს ატარებს მასთან, მისი სხეულებრივი განვითარებით ინტერესდება, ამაზე აქცენტს აკეთებს, მშობელმა ყოველთვის უნდა დასვას კითხვა, თუ რატომ უნდა ამ ადამიანს რაღაცის გაკეთება, რატომ არის ეს ადამიანი ასეთი კეთილი მისი შვილის მიმართ, რა ინტერესი აქვს?

- თუ ეს ოჯახის წევრია, მაშინაც?

- თუ ეს თვალშისაცემად გამოიყურება, ამას ყურადღების მიქცევა უნდა. მაგალითად, გოგონას მამა გარკვეული ასაკიდან არ უნდა აბანავებდეს. ინცესტის შემთხვევები კიდევ ცალკე სპეციფიკური საკითხია. ძალიან ხშირად, მოძალადე შენი ახლობელია, მაგრამ ის უფრო დაახლოებას ცდილობს. აუხსნელი საჩუქრებით, რომელიც შეიძლება ბავშვს ჰქონდეს, მშობელი უნდა დაინტერესდეს - საიდან, რატომ აქვს და ვინ აჩუქა? განსაკუთრებით, მოზარდობის ასაკში ხდება ეს, შეიძლება ძვირფასი ნივთები, საჩუქრებიც კი გაუჩნდეს ბავშვს, მშობელი ამის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესით უნდა იყოს. ბევრი შემთხვევა მახსენდება, როცა მაგალითად, ოჯახის ახლობელი ოჯახს სთავაზობდა, მე წავიყვან შენს შვილს ჩემთან სოფელში, დავასვენებო. კითხვა უნდა გაგიჩნდეს, რატომ აკეთებს ის ამ სიკეთეს? იმას არ ვამბობ, რომ ყველას ეჭვის თვალით ვუყუროთ, მაგრამ კითხვის ნიშანი უნდა გაჩნდეს. ასეთი საკითხების მიმართ მშობელი ძალიან მგრძნობიარე უნდა იყოს.

- იმ შემთხვევაში, თუკი არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის, შევიწროების, გარყვნილი ქმედების მსხვერპლია და ამაზე არ საუბრობს, მის ქცევებში, რა ცვლილებები შეიძლება შენიშნოს მშობელმა?

- აუცილებლად იცვლება ბავშვის ქცევა. ბავშვი აუცილებლად გარკვეულ მინიშნებას იძლევა ამაზე, ეს შეიძლება იყოს ვერბალური, არავერბალური. ბავშვის ქცევაში, ემოციურ მდგომარეობაში ცვლილებებზე მშობელმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს. ხშირად, მოძალადე შესაძლოა, მამინაცვალი იყოს. ყოველთვის გვრჩება განცდა, თითქოს, დედა ხვდებოდა, მაგრამ ვერ უშვებდა ამ ფაქტს. იქ, სადაც ოდნავ მაინც რაღაც ეჭვი ჩნდება, რაღაც ისეთია, შენს შინაგან ხმას უნდა მოუსმინო, ან თუ ბავშვმა რაღაც გითხრა, არ უნდა უთხრა - „რა სისულელეს ლაპარაკობო“, უნდა მოუსმინო, ეს შეიძლება შენთვის მართლა შოკისმომგვრელი, თავზარდამცემი ამბავი იყოს, მაგრამ თუ გინდა, ეს ბავშვი ამ უბედურებისგან დაიცვა, აუცილებლად უნდა მოუსმინო.

ძალიან ხშირად, როცა მოძალადე სტუმრად მოდის, ბავშვის ქცევა რადიკალურად იცვლება. შეიძლება ბავშვი აჟიტირებული გახდეს, შეიძლება ანერვიულებული იყოს, შეიძლება თავს არიდებდეს იმ ადამიანს ანუ ერთ-ერთი მარკერი ბავშვის ქცევის ცვლილებაა. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა მოძალადე ოჯახს ხშირად სტუმრობდა იმისთვის, რომ ბავშვი მისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მოდიოდა ნობათით, საჩუქრებით და ა.შ. ბავშვს პროტესტი ჰქონდა და ტემპერატურა უწევდა. ეს იყო მინიშნება. რადიკალური ქცევები არ არის აუცილებელი მაინც და მაინც სექსუალურ ძალადობას უკავშირდებოდეს, მაგრამ ბავშვის ქცევის ცვლილებას, განსაკუთრებული შიშის გამოვლენას განსაკუთრებული ტიპის ადამიანების მიმართ, ბავშვის გაფანტულობას, ხშირად გაღიზიანებულობას, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ.

არის ნიშნები, რომელსაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება - ადრეულ ასაკში მასტურბაციას - როცა ბავშვი არ იმალება, საჯარო სივრცეში აკეთებს ამას, საკუთარ გენიტალიებს ეხება, როცა მისი ქცევა ასაკისათვის შეუსაბამოდ სექსუალიზებული ხდება, როცა ის ზედმეტ ინტერესს იჩენს სექსის მიმართ, ან ისეთი რამ იცის, რაც ამ ასაკის ბავშვმა არ უნდა იცოდეს.

- როგორ უნდა იმოქმედოს თავად ბავშვმა, როცა მის მიმართ რამე ფორმით სექსუალური შევიწროება ხორციელდება და როგორ უნდა იმოქმედოს ოჯახმა, როცა მისთვის ამის შესახებ ხდება ცნობილი?

- ბავშვებს ძალიან ხშირად, იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე, ძალადობაზე საუბარი და გამხელა ეშინიათ. მათ შემიძლია ვუთხრა, ჩვენი კოდექსი იმის საშუალებას იძლევა, რომ ბავშვს თავისი ადვოკატი ჰყავდეს. ასევე შეუძლიათ, ცხელ ხაზზე - 111 დარეკონ, შეუძლიათ სახალხო დამცველს მიმართონ, ბავშვის უფლებათა ცენტრი ცალკე აქვთ და ამ საქმეებზე ძალიან კარგად, სწორად რეაგირებენ, ასევე არის ანონიმური შეტყობინებაც, შეუძლიათ დარეკვა და თქმა, რომ ანონიმურად უნდათ დარჩენა. ბავშვებს ინფორმირება, ეს ცოდნა ძალიან დაეხმარებათ.

მსხვერპლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დროული მიმართვა, თუმცა, გასაგებია, რომ მას ეს ბევრი მიზეზის გამო არ შეუძლია, ამის გამო არ შეიძლება მსხვერპლს პასუხი მოვთხოვოთ და მათ სიმართლეში ეჭვი შევიტანოთ.

არის შემთხვევები, როცა 10-15 წლის შემდეგ, მსხვერპლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამართლის პოვნა, რაც მის რეაბილიტაციას ძალიან ეხმარება, თუმცა, წლების შემდეგ უკვე შეიძლება ხანდაზმულობის ვადაც გასული იყოს და მთელი ცხოვრება ეს დარჩეს ამბად.

- ყველაზე ხშირად, რა ასაკის ბავშვები ხდებიან სექსუალური დანაშაულის მსხვერპლები და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უფრო მეტად, ბავშვები ოჯახის წევრების მხრიდან განიცდიან შევიწროებას?

- სტატისტიკურად, რისკ ჯგუფს წარმოადგენს და ყველაზე მეტი შემთხვევა 6-დან 11-წლამდე ასაკის ბავშვებშია.

- მათ შორის, ბიჭებშიც?

- დიახ, თანაბრად არის ბიჭებში და გოგოებში. ადამიანს, რომელიც ბავშვს ირჩევს თავის სექსუალურ ობიექტად - თუ პედოფილიაზეა საუბარი, მისთვის ბავშვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მას ბავშვი აინტერესებს, სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თანაბარი რისკის ქვეშ არიან ბიჭებიც და გოგოებიც. შემთხვევების 75% ახლობელ ადამიანებზე მოდის, ეს არის ან ოჯახის წევრი, ან მეზობელი. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა მოძალადე უცხოა, მაგალითად, განსაკუთრებულად საშიში მოძალადე ჩასაფრებულია, ბავშვთან დაახლოებას ცდილობს სპორტულ მოედანზე, სკოლაში, სპორტდარბაზში, ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც შენი ახლობელი არ არის, მაგრამ შეეცადოს, გაგიტყუოს, გაგიტაცოს. ასეთი შემთხვევები მკვლელობითაც მთავრდება, ასეთებიც არიან, მაგრამ პროცენტულად, ყველაზე მეტი ახლობლების მხრიდანაა.

- სად ხდება ყველაზე მეტი სექსუალური დანაშაული - სახლში, თუ ოჯახს მიღმა?

- პაციენტების გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, შესაძლოა, სახლში დედა, გვერდით ჭურჭელს რეცხავდეს და მოძალადემ მოახერხოს გარყვნილი ქმედება, ბავშვს შეეხოს. ერთ-ერთი მსხვერპლი ასეთ ისტორიას ჰყვებოდა, ის ადამიანი მოვიდოდა, უცებ შემეხებოდა, შებრუნდებოდა და ისე მიდიოდა, თითქოს, ეს არ ყოფილაო. ერთ-ერთი მსხვერპლი ჰყვებოდა, ოჯახის წევრები გვერდით ოთახში იყვნენ და მან ეს მაინც მოახერხაო. ძალიან ხშირად, აბაზანაშიც უვარდებიან, თუ დაწესებულებაზე ვსაუბრობთ, საშიშია სკოლაში ჩაბნელებული დერეფანი, საპირფარეშო, რადგან გვქონია შემთხვევა, როცა მოძალადე იქ ჩაუსაფრდა ბავშვებს. ტრანსპორტშიც არის სექსუალური შევიწროების შემთხვევები, ძალიან ბევრ ბავშვს ხმის ამოღების ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ იქ მყოფი ხალხი მას არ დაიცვას. ბევრჯერ უთქვამთ, ხმა ვერ ამოვიღე, რადგან შემეშინდა რომ ჩამოვიდოდი, არ ჩამომყოლოდა და სახლში მისვლამდე რამე არ დაეშავებინაო.

- გარყვნილი ქმედების განხორციელებაც არც თუ ისე იშვიათი დანაშაულია. რა ასაკიდან უნდა მოხდეს ბავშვის მსგავს საკითხებზე ინფორმირება, რა უნდა ვასწავლოთ და რაზე უნდა ვესაუბროთ?

- ბავშვებში გარყვნილი ქმედება უფრო გავრცელებულია, ვიდრე გაუპატიურება, რადგან მოძალადე ამაზეც ფიქრობს, რომ კვალი არ დატოვოს. შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ბავშვთან შეხება, ისე განახორციელოს გარყვნილი ქმედება.

რაც შეეხება კითხავს, როდიდან უნდა დავიწყოთ საუბარი - 3 წლიდან, როცა ბავშვი უკვე ნელ-ნელა იწყებს გარეთ გასვლას. მთავარი მესიჯი უნდა იყოს ეს - ადგილები, რომელთაც ჩვენი საცვლებით ვიფარავთ, ინტიმურია და იქ შეხების უფლება არავის აქვს. მათ შორის, არც მამას, არც ექიმს. უნდა ვუთხრათ, რომ თუ იმ ადგილას რამე აწუხებს, ექიმთან მეც ვიქნები, მაგრამ თუ ყელი გტკივა, ექიმთან მიდიხარ და ის სხვა ადგილზე გეხება, ეს არ შეიძლება. უნდა ავუხსნათ, რომ ეს მისი პირადი სივრცეა, სადაც შეხების უფლება არც მოფერებით, არც ჩქმეტით, არც ისე, არავის აქვს. უნდა ვუთხრათ ასევე, რომ თუ ამდაგვარი რამ მოხდება, ამაში ის არ იქნება დამნაშავე - მოდი და მითხარი, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ დაგეხმარო - ეს არის ის ჯადოსნური სიტყვები, რაც ყველა მშობელმა უნდა უთხრას ბავშვს იმისათვის, რომ მან უსაფრთხოების ზომები იცოდეს.

- დაბოლოს, არის თუ არა კანონმდებლობაში ხარვეზები, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა საქმეებზე ბავშვზე მორგებული მიდგომები არსებობს თუ არა?

- მთავარია, რომ პროცესში ბავშვი არ დაზიანდეს... არასწორ მიდგომებს ვაწყდებით, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლების გადამზადება ხდება.. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო დაინტერესებულია, მაგრამ ეს მასშტაბური არ არის და მაინც ვხვდებით შემთხვევებს, როცა ბავშვი არაერთხელაა გამოკითხული, ან ბავშვი შეფასების მომენტშია დაზიანებული. მაგალითად, ასეთი პრაქტიკაც ყოფილა, რომ ბავშვი გარყვნილ ქმედებაზე საუბრობს და სამედიცინო ექსპერტიზაა დანიშნული, აპკს უმოწმებენ. ბავშვი არ საუბრობს გაუპატიურებაზე, საერთოდ რა შუაშია აპკის მთლიანობის დადგენა? შეიძლება აპკი არც დაირღვეს და გაუპატიურება იყოს. მესმის, რომ გამოძიებას მტკიცებულებები სჭირდება, მაგრამ ამ გზით წასვლა მსხვერპლისთვის დამაზიანებელია. შესაძლოა, სამართლებრივად ეს ასეა დარეგულირებული, მაგრამ როცა ბავშვს ეხება საქმე, გამომძიებელმა არ უნდა იკითხოს და საერთოდ, ასეთი აზრი არც უნდა გაუჩნდეს, უნდოდა თუ არა მას ეს ურთიერთობა. ბავშვის ნება აქ არაფერ შუაშია, პირიქით, ბავშვი, მოზარდი შეიძლება იყოს ისეთ მდგომარეობაში, როცა მისით მანიპულირება ძალიან იოლია დაინტერესებული პირის მხრიდან. ამიტომ, 16 წელს მიუღწეველ პირთან ვინმემ, ეს იქნება ადვოკატი, მოსამართლე, თუ გამომძიებელი, არ უნდა დასვას კითხვა - უნდოდა თუ არა ეს, ან მისი ნებით წავიდა თუ არა. ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა და ბავშვისთვის დამაზიანებელია.

ეკა ლემონჯავა

ინტერპრესნიუსი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო