2023 წლის ბოლო სამ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 9.5 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღო - მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ კი 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც ორგანიზაციას პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური მონაცემები აქვს წარმოდგენილი.
ინფორმაციის თანახმად, გასული წლის ბოლო კვარტალში მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 5-ჯერ მეტია, ვიდრე წინა სამ კვარტალში ჯამურად მიღებული და 13-ჯერ მეტი, ვიდრე ყველა სხვა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება ჯამურად.
სხვა ძირითადი მიგნებები კი ასეთია:
„2023 წლის მე-4 კვარტალში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 9,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 93%-ია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში 700,000 ლარამდე ღირებულების შემოწირულება მიიღო; „ქართულმა ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულება 13-ჯერ მეტია ვიდრე სხვა ყველა პარტიის ერთად აღებული; „ქართულ ოცნებას“ 284-მა პირმა შესწირა თანხა, სხვა ყველა პარტიას ჯამურად - 130-მა.
დონორებთან დაკავშირებული კომპანიების შესყიდვებში და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა - მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო, ამავე კომპანიებს 2013 წლიდან 1.7 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული; „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 24-მა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 616 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2013 წლიდან კი ამავე კომპანიებს 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული; ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები სამ კომპანიას ჰქონდა მიღებული ჯამური ღირებულებით 15,000 ლარი; „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებული 26 კომპანიას სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში 2017-2021 წლებში ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2022 წლებში რთვლის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ხუთ კომპანიას - 18 მილიონ ლარამდე“, - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე საუბარია, სავარაუდოდ, მესამე პირების მეშვეობით განხორციელებული შემოწირულებებზეც და აღნიშნულია, რომ „მსხვილი ბიზნეს ჯგუფების დირექტორებისა და პარტნიორების გარდა, ხშირად მმართველი პარტიის დონორები კომპანიებში ისეთ პოზიციებზე დასაქმებული პირები არიან, როგორებიცაა ფინანსური ოფიცერი, გეოლოგი, მექანიკოსი, საამქროს უფროსი და ა.შ. და „ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი ფიქტიური დონორები არიან, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, რაც კანონდარღვევაა“.
„ასეთი პრაქტიკა გამოიკვეთა RMG ჯგუფთან, „ანაგი“ ჯგუფთან, „ალიანსი“ ჯგუფთან, „ნექსთი“ ჯგუფში დასაქმებულ დონორებთან დაკავშირებით; ფიქტიური შემოწირულების ეჭვს აჩენს აგრეთვე დროის მცირე ინტერვალში ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწირულებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა შპს „ლილო-მოლთან“ დაკავშირებით, როდესაც კომპანიის წვრილმა მეწილეებმა ერთსა და იმავე დღეს მსხვილი თანხები შესწირეს მმართველ პარტიას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარტიებზე ზედამხედველობის საკითხთან მიმართებით კი დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ, 2023 წლის მე-4 კვარტალში, კანონიერების შემოწმების მიზნით შემოსავლების სამსახურიდან 350 პირის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, რომლებიც 11 სხვადასხვა პარტიის შემომწირველები იყვნენ - ფიზიკური პირებიდან 175 „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო ხოლო 175 - სხვა პარტიების.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით აიკრძალა იურიდიული პირების მიერ პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელება; აგრეთვე, შემცირდა პარტიების მიერ წლის განმავლობაში გაღებული ხარჯების ზედა ზღვარი. ცვლილებები მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და ვერ აღმოფხვრის მმართველ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის არსებულ დიდ ფინანსურ უთანასწორობას.