„სასამართლოს გუშაგი“ იმ მოსამართლეების სიას აქვეყნებს, რომელთაც, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კეთილსინდისიერების შემოწმება შეეხებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საუბარია დაახლოებით 60 პირის კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რომელსაც სასამართლო სისტემაში წამყვანი პოზიციები უკავია.
„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია 2023 წლის 14 დეკემბრიდან, რაც საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს მიმდინარე წელს განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით.
სასამართლო რეფორმა
ევროკავშირი საქართველოს წინაშე აყენებს პირობას, რომ სასამართლო სისტემაში გაატაროს საფუძვლიანი რეფორმა, შესაბამისად, ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი, მეექვსე ნაწილი (ნაბიჯი) მართლმსაჯულებას ეხება, რომლის თანახმად საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა:
დაასრულოს და განახორციელოს ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, უზრუნველყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი.
ევროკავშირის შეფასებით, 2022 წლამდე სასამართლო რეფორმების ზედიზედ ოთხმა ტალღამ გააუმჯობესა სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზა და მართლმსაჯულების სისტემის საერთო შესაძლებლობები და ორგანიზაციული მხარე. გარდა ამისა, 2022 წელს პარლამენტმა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო, თუმცა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევებს სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში კეთილსინდისიერების გაძლიერების თვალსაზრისით. საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც შეეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა, მიუკერძოებლობას, სასამართლოს მიმართ ნდობას, ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმისა და კეთილსინდისიერებას.
ევროკავშირის პირობების თანახმად, აღნიშნული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, რომელზეც ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის ოქტომბრის დასკვნაშიც იყო საუბარი, საჭიროა კეთილსინდისიერების შემოწმება უფრო საფუძვლიანად და სისტემატურად, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე (European Commission, Staff Working Document, Georgia 2023 Report, SWD(2023) 697, 08.11.2023, p.20- 21, para. 2.2.1).
კერძოდ, შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ლიდერულ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.
იგულისხმება ყველა წამყვან პოზიციაზე მყოფი პირის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმება.
გარდა ამისა, შეიქმნას სისტემა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების მიზნით, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები საზედამხედველო და საკონსულტაციო მანდატით.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ რამდენიმე ათეული მოსამართლე და არა ყველა მათგანი.
ევროკავშირის მე-6 პირობიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან:
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ხოლო ეკა გასიტაშვილს - 2025 წლის ივლისში. ევროკავშირის შეფასებებისა და პირობების შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას მხოლოდ უვადოდ არჩეული მოსამართლეები დაექვემდებარებიან:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები
ევროკავშირის პირობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ექვემდებარებიან კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს. ვინაიდან ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ლევან მიქაბერიძე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარებიან, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა სიაში არ ვუთითებთ მათ გვარებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები
ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არამოსამართლე წევრს, თამარ ღვამიჩავას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში ეწურება, შესაბამისად, შემოწმება უნდა გავრცელდეს მომავალში დასანიშნ კანდიდატზე.
კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმება უნდა გავრცელდეს პარლამენტის მიერ არჩეულ არამოსამართლე წევრებზე:
სასამართლოების თავმჯდომარეები
ორ სასამართლოს - ცაგერის რაიონული სასამართლოს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე არ ჰყავს.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოების კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები კონკრეტულად არ არის ნახსენები ევროკავშირის პირობებში, თუმცა აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებარონ სასამართლო სისტემაში წამყვან პოზიციებზე მყოფი პირები. ამის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებიც უნდა დაექვემდებარონ კეთილსინდისიერების შემოწმებას.
ვინაიდან ზოგიერთი კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე საბჭოს წევრია და ზოგიერთ სასამართლოში კოლეგიას/პალატას არ ჰყავს თავმჯდომარე, ასეთ შემთხვევაში, ამ ეტაპის მონაცემებით, საჭირო იქნება მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება:
ამდენად, კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება საქართველოს არა ყველა მოსამართლე, არამედ დაახლოებით 60 პირი, რომლებსაც უკავიათ წამყვანი პოზიციები სასამართლო სისტემაში, შესაბამისად წინამდებარე (სავარაუდო) სია სწორედ ამ პრინციპით იქნა შედგენილი“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.