ქართული პრესის მიმოხილვა 11.03.2024

გია ხუხაშვილი - პოლიტიკოსების “აღიარებითი ჩვენება”, ვისკენ გადაიხრება სალომე ზურაბიშვილი და რჩევა ოპოზიციას

“ომი და მშვიდობა” “სოციალური პრობლემების” წინააღმდეგ - ვინ რა თემით იწყებს წინასაარჩევნო ბრძოლას

ვახტანგ ხმალაძე - “ქართულ ოცნებას”, არ აწყობს არჩევნების სანდოობის ხარისხი დაბალი იყოს, მაგრამ უკვე ეჭვები ჩნდება...

რუსეთი „ანტიდასავლურ ღერძს“ ქმნის, საფრანგეთი კი უკრაინაში ჯარის შეყვანის მომხრეთა ალიანსს - მივდივართ თუ არა გლობალური ომისკენ

ირაკლი მელაშვილი - „სანამ საზოგადოების თავზე სააკაშვილი დამოკლეს მახვილივით კიდია, “ოცნებას” ხელისუფლებაში დარჩენის დიდი შანსი აქვს“

* * *

გია ხუხაშვილი - პოლიტიკოსების “აღიარებითი ჩვენება”, ვისკენ გადაიხრება სალომე ზურაბიშვილი და რჩევა ოპოზიციას

“უპირველესად გეტყვით, რომ პოლიტიკური დებატები და კონფლიქტი ცესკოს საკითხზე, ფაქტობრივად, როგორც ხელისუფლების, ასევე გარკვეულწილად ოპოზიციის აღიარებითი ჩვენებაა. ეს ცხადყოფს, რომ ობიექტურად კი არ გაიმართება არჩევნები, არამედ მისი შედეგი სუბიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, თუ ვინ იქნება კომისიის თავმჯდომარე. ამას რომ ასეთი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ეს უკვე თავისთავად მანკიერებაა. ამით ორივე მხარე აღიარებს, რომ თავმჯდომარეს შეუძლია არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოახდინოს, რაც უნდა, ის ციფრები დაწეროს. ფაქტობრივად, ამ კონფლიქტის ლოგიკა სწორედ ეს არის. თუ ჩვენთან საარჩევნო კომისია დამოუკიდებელია და ობიექტურად ითვლიან საარჩევნო ხმებს, აბა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნებიან მისი თავმჯდომარე და წევრები? ვიმეორებ, რადგან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ასე პრინციპულად მიიჩნევენ ამ ცვლილებებს, ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია არჩევნების ბედის გადაწყვეტა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პოლიტიკოსების “აღიარებითი ჩვენება”, ვისკენ გადაიხრება სალომე ზურაბიშვილი და რჩევა ოპოზიციას.

“განსაკუთრებით შორს წავიდა ხელისუფლება, მთელი შეთქმულების თეორია შექმნა ამაზე. ლამის ის თქვეს, ტერაქტი იყო დაგეგმილი კომისიის თავმჯდომარეზეო. მერე კალანდარიშვილმაც გაიმეორა ეს ბოდვა, წარმოუდგენელ ისტორიას მოჰყვა. აი, ეს არის მანკიერება! სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება ნეიტრალური საარჩევნო კომისია, რომელშიც პარტიული მომენტი გამოირიცხება, ანუ პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი კომისია გვჭირდება. არსებულ სისტემაში ეს შეუძლებელია და ეს კონფლიქტიც სწორედ ამას ადასტურებს. როგორ შეიძლება დამოუკიდებელი კომისიის ფორმირება? ვფიქრობ, ამაზე საღი აზრი სწორედ პრეზიდენტს აქვს. ზურაბიშვილი დღეს აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, “ქოცები” “ნაცს” ეძახიან, “ნაცები” კი “ქოცს”, ის პოლიტიკურად ნეიტრალურია, ანუ არც “ნაცია” და არც “ქოცი”... ამიტომაც მიმაჩნია, რომ მისი მოტივირებული შენიშვნები სწორია. რადგან ხელისუფლება იმისთვის იბრძვის, რომ მაინცდამაინც მათი დანიშნული პირი გახდეს თავმჯდომარე, არჩევნების ლეგიტიმურობა წინასწარვე საეჭვოა, რაზეც ხალხს რეაქცია ექნება როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთაც. ამ პროცესს კიდევ ერთი უარყოფითი მხარე აქვს - ეს არის ხელისუფლების მიერ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იგნორირება და ეს პრობლემას ქმნის ჩვენი ევროინტეგრაციისთვისაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როდესაც ვენეციის კომისია გაძლევს რეკომენდაციას, ეს ნიშნავს, რომ სივრცეში, საითაც მივისწრაფვით, აქვთ თავისი თამაშის წესები და გვეუბნებიან, რომ თუ გვინდა გავხდეთ ამ სივრცის ნაწილი, ეს წესები უნდა გავიზიაროთ. ჩვენი ხელისუფლება კი ამაზე დაახლოებით ასე პასუხობს, მე მინდა ევროკავშირის წევრობა, მაგრამ თქვენი საქმე არ არის როგორ მოვიქცევიო. ეს უტიფარი, თავხედური პოზიციაა... ევროკავშირს ერთი ტროის ცხენი უკვე ჰყავს ორბანის სახით, მეორე რაღად უნდა? თავსატეხი რატომ უნდა გაიორმაგოს? ამავე ჭრილშია განსახილველი სამოქალაქო სექტორზე ბოლოდროინდელი შეტევები, “გლობალურ ომის პარტიაზე” საუბრების ისევ განახლება, იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე ევროპა გარყვნილების ბუდეა, რასაც აქ არ დაუშვებენ. ეს აირჩიეს თავიანთი კამპანიის მთავარ ხაზად. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ევროპელები ჩვენ არაფერს გვაძალებენ, მათ სურთ ვიყოთ ევროპაში, რა თქმა უნდა, არა ჩვენი ლამაზი თვალების გამო, მათაც თავიანთი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი და საზღვარიც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ესენი ევროპას ფეხებს უბაკუნებენ, აკრიტიკებენ, ყველაფერზე უტევენ და ოკუპანტ ქვეყანას, რომელიც კვლავაც მცოცავი ოკუპაციით არის დაკავებული, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებს და კლავს, ენის მოჩლექით ელაპარაკებიან, მიგრაციულ ექსპანსიაზე თვალს ხუჭავენ. ოკუპანტებს ფული ჩემოდნებით დააქვთ და კაცმა არ იცის, რას და ვის ყიდულობენ. სახელისუფლებო პროპაგანდის დიდი ნაწილიც რუსულ გზავნილებს ავრცელებს და ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს აჩენს. საბოლოოდ გამოდის, რომ ჩვენს ხელისუფლებას სურს ქვეყანა მართოს რუსული მოდელით, მაგრამ ამის პარალელურად თვითონ ანგარიშები ჰქონდეთ ევროპულ ბანკებში, მათი შვილები სწავლობდნენ ევროპაში, პირადი კეთილდღეობა იპოვონ დასავლეთში, საქართველოში კი თავისუფლება ისე შეზღუდონ, როგორც რუსეთში... მოკლედ, ცდილობენ თავით ერთგან იყვნენ, ტანით კი მეორეგან. ეს კი არ გამოვა, უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, ყველგან ვერ იქნებიან. ორბანი რომ ვაჭრობს ევროკავშირთან, იმას თავი ქუდში აქვს, ევროკავშირის წევრია, ჩვენ რისი იმედი გვაქვს, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ორბანივით იქცევა?” - ამბობს ექსპერტი.

“აი, ახლა დაბრუნდნენ გავრილოვის ორგანიზაციაში. მხედველობაში მაქვს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა და ეს გამოაცხადეს დიდ მიღწევად. არადა, ეს რუსული ორგანიზაციაა, რომელიც ზატულინს დამკვირვებლად გზავნის ბელარუსში, ჩვენთან კიდევ გამოდის ქადაგიშვილი და გვიცხადებს, რომ ეს თურმე დიდი წარმატება ყოფილა. ჩვენ მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ და, რა თქმა უნდა, ჩვენს სარწმუნოებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არა ამგვარ ფსევდომართლმადიდებლურ ორგანიზაციებს, რომელთაც ისევ რუსეთისკენ მივყავართ”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ხელისუფლება დიდი აჟიოტაჟით გამოეხმაურა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას... რატომ ვერ მოხერხდა ამ წლების განმავლობაში შექმნილიყო ისეთი სამართლებრივი საფუძველი, რომ ადეიშვილს ასე მარტივად არ შეეძლოს მიმოსვლა ქვეყნიდან ქვეყანაში?” - პასუხობს:

“იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეს სტატუს-კვო ურჩევნია, აქ ადეიშვილი არაფერში სჭირდება. სამაგიეროდ, აგერ შორიდან ემუქრებიან და ისევ ჩვენს დასავლელ პარტნიორს ლანძღავენ. მათ ადეიშვილი პროპაგანდისთვის სჭირდებათ, ისევე, როგორც სჭირდებოდათ უცხოეთში მყოფი მიშა, რათა მგელი მოდისო ეძახათ და ხალხი შეეშინებინათ. მერე შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ კარგა ხანს კი იხეირეს ამის ძახილით. თავის დროზე ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ საკმარისი საერთაშორისო სტანდარტის მტკიცებულებები წარედგინათ და ადეიშვილი დღემდე წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, ეს შეგნებულად არ გააკეთეს, შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის აცხადებენ მონსტრად. დაკავებული კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებებიც კი არ წარუდგინეს საფრანგეთს და ის გაათავისუფლეს... ახლა კი დგას “ქართული ოცნება” და დღედაღამ ლანძღავს, დამნაშავედ აცხადებს”.

“პირადად ჩემთვის ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, ადეიშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ხომ არ გველაპარაკა მასთან და ჩვენს ხელისუფლებაშიც ხომ არ მოგვეწვიაო. მე და რამდენიმე კაცი წავედით სასტიკი წინააღმდეგი, რადგან დამნაშავედ მიგვაჩნდა. ჩვენ რომ დავთანხმებოდით, ადეიშვილი დღეს შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ყოფილიყო. ბიძინას ხომ ეს პოლიტიკა ჰქონდა, მზად იყო ნებისმიერი ნაძირალა ჩაეხუტებინა გულში, ვინც კი მიშას შეაგინებდა და ბიძინას ერთგულებას შეჰფიცებდა. დიდი ბოდიში, მაგრამ ადეიშვილს კი აცხადებენ დამნაშავედ, მაგრამ ადეიშვილის ბარტყები, მთელი მისი შექმნილი სისტემა, კოლექტიურ მურუსიძეს რომ ვუწოდებთ, მისი გამოზრდილი მოსამართლეებით და პროკურორებით, ახლა ამ ხელისუფლების ბურჯი არ არის? ისინი მართავენ დღეს სისტემას... რაც შეეხება არჩევნებს, ოპოზიცია კი არის სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ არც ხელისუფლებას აქვს კარგი პოზიციები. კი, ოპოზიციას არა აქვს მხარდაჭერა, მაგრამ არც ხელისუფლების მხარდაჭერაა დიდი. ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არა აქვს მომავლის არჩევანი, ანუ არჩევანი კვლავაც ცუდსა და უარესს შორის უწევთ. ელექტორატის 40%-ზე მეტს “ნაცქოცური” სიმბიოზის მიღმა სურს არჩევანის გაკეთება, შესაბამისად, ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებს ეძებს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ალტერნატიულ ცენტრებს შანსი ძალიან დიდი აქვთ, მაგრამ ელექტორატის განწყობების კაპიტალიზაციისთვის ოპოზიციურ ძალებს სჭირდებათ მუშაობა, რაზეც ისინი უარს აცხადებენ, ფაქტობრივად, არ მუშაობენ. ეს პარტიები იქცნენ ერთგვარ ვირტუალურ პარტიებად, რომელთა ლიდერებსაც მიაჩნიათ, რომ “ტიკ-ტოკში” აქტიურობა წარმატებისთვის საკმარისია. არადა, ამომრჩეველი პირდაპირ დიალოგს ითხოვს. ამას სჭირდება სოფელ-სოფელ სიარული და ხალხთან კომუნიკაცია. სხვანაირად არაფერი გამოვა. თუ ეს მოცემულობა დარჩა, ხელისუფლება ისევ გაათამაშებს ორპოლუსიანობის კოზირს, ანუ ამომრჩეველს დატოვებს ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ. ამომრჩეველსაც სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ ან შინ დარჩეს, ან ერთჯერადად მიეყიდოს იმას, ვისაც მეტი რესურსი აქვს, ასეთი კი ხელისუფლებაა. ხალხთან კომუნიკაციით ყველაზე მეტად ნიკა მელია გამოირჩევა. ის ერთადერთია ამ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომელსაც ეს უნარი აქვს. მან ეს აჩვენა წინა არჩევნებზეც - მას ხალხთან კომუნიკაცია და დინამიკის აკრეფა შეუძლია. ვნახოთ, ამჯერად როგორ გამოიყენებს. მოკლედ, ერთი რჩევა მაქვს ოპოზიციისთვის - რკინის ქალამნები ჩაიცვით და ფეხით მოიარეთ თქვენი სამშობლო:, - დასძენს გია ხუხაშვილი.

“ომი და მშვიდობა” “სოციალური პრობლემების” წინააღმდეგ - ვინ რა თემით იწყებს წინასაარჩევნო ბრძოლას

“ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ რიტორიკა შეცვალა და აქცენტი სოციალურ პრობლემებზე გადააქვს. მმართველმა პარტიამ კი თავის წინასაარჩევნო პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ისევ “ომისა და მშვიდობის” თემის წამოწევა დაიწყო. როგორც ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, ოპოზიცია როგორც იქნა მიხვდა, რომ ზოგადი დაპირებებით ელექტორატის გაზრდას ვერ მოახერხებენ და მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ “ოცნება” შესაცვლელია და ის პრორუსული ხელისუფლებაა, პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ იძლევა. რაც შეეხება მმართველი პარტიის მხრიდან იმაზე საუბარს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ჩნდება ქვეყნის ომში ჩათრევის რეალური საფრთხე, ანალიტიკოსების ამ სტრატეგიასაც გამართლებულად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, უკრაინის ომისა ამასთან დაკავშირებით საქართველოს წინაში ახალი გამოწვევების გაჩენის თემა ოპოზიციამ მთლიანად ხელისუფლებას დაუთმო და ამით მნიშვნელოვანი კოზირიც ჩაუგდო ხელში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ომი და მშვიდობა” “სოციალური პრობლემების” წინააღმდეგ - ვინ რა თემით იწყებს წინასაარჩევნო ბრძოლას.

“ბოლო დღეებში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტსა და მედიკამენტებზე არსებული ფასების შესწავლითა და იმაზე საუბრითაა დაკავებული, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უმძიმესია. ის ამის დასამტკიცებლად ბაზარში და მაღაზიებში დადის. ასევე თურქეთში იმყოფებოდა, რათა საქართველოში არსებული ფასები თურქეთისას შეედარებინა. “ივანიშვილმა ხალხს ცხოვრება გაუძვირა და საქართველოს მოქალაქე ამას ყოველდღიურად გრძნობს”, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ასევე პარტია “ლელოს” მთავარი დაპირებაა. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, “ლელო” პენსიონერებს პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას ჰპირდება. მათი თქმით, დღევანდელი პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2024 წლის ბიუჯეტით, 70 წლამდე პირთა პენსია 315 ლარით განისაზღვრება, მაღალმთიან დასახლებებში - 380 ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 415 ლარი იქნება, მაღალმთიან დასახლებებში - თითქმის 500 ლარი. “ლელო” კი პენსიების დიფერენცირებას არ ემხრობა და მიიჩნევს, რომ ყველა პენსიონერისთვის შესაძლებელია 1000-ლარიანი პენსიის უზრუნველყოფა”,- აღნიშნავს გამოცემა.

“ექსპრემიერ გიორგი გახარია უფრო შიდაპოლიტიკურ განწყობებზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ მისი მიზანია “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში ჯამურად ხმათა 50% ვერ მიიღონ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა რეალური არჩევანი ამ ორი რადიკალური ძალის მიღმაა. ამასთან, ექსპრემიერის პარტიას სახელი ოფიციალურად შეეცვალა და იგი არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოვა სახელით “გახარია საქართველოსთვის”. მმართველი გუნდი კი წინასაარჩევნო კამპანიაში კვლავ დაიწყო ომის და მშვიდობის თემის წამოწევა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რისკები, რაც უსაფრთხოებასა, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას და “მეორე ფრონტის” გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა”. “არავის მივცემთ საშუალებას, ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება ჩვენს პარტიას მობილიზაცია. ამ მიზანს ემსახურება რეგიონებში ჩემი სიარული”, - თქვა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ამომრჩევლებთან და პარტიის აქტივთან ზუგდიდში სწორედ ამ თემებზე ისაუბრა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ოპოზიციამ გარკვეულწილად გაითვალისწინა ექსპერტების რჩევები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგად საკითხებზე საუბარს სჯობდა მოსახლეობის კონკრეტულ პრობლემებზე გაეკეთებინათ აქცენტი. ოპოზიცია მიხვდა, რომ მხოლოდ ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბარი და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე აღარ აინტერესებს. “ოპოზიციაში სიტუაციის გაანალიზების შემდეგ გადაწყვიტეს ყურადღება სოციალურ თემებზე გაემახვილებინათ. ეს სტრატეგია გარკვეულ წილად გამართლებულიც არის, რადგან მოსახლეობას პოლიტიკოსმა უნდა აუხსნას, თუკი ხელისუფლებაში მოვა, როგორ მოუგვარებს იმ პორბლემებს, რომელიც მას აწუხებს. ამას ემსახურება სწორედ “ნაციონალების” შეცვლილი რიტორიკა, ლევან ხაბეიშვილის ვიზიტები ბაზრებსა და თურქეთში, სადაც ფასებს ადარებს”, - ამბობს ანჯაფარიძე. მისივე აზრით, ხელისუფლებას შეუძლია ეს საკითხიც გამოაცალოს ოპოზიციას ხელიდან, რადგან სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ბერკეტები ნამდვილად მის ხელთ არის”, - დასძენს გამოცემა.

“ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამ გამოწვევაზე პასუხის გაცემა მოუწევს, თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. მაგალითად, ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პრემიერობის პირობებში ბენზინის აქციზის აწევა, რომელმაც მისი გაძვირება გამოიწვია და ამან უკვე სხვა პროდუქტების გაძვირებას შეუწყო ხელი. არის რიგი საკითხები, რომლებსაც ადრე ყურადღება არ ექცეოდა და ახლა მოუწევთ ამის აღიარება. თუნდაც ის, რომ, მაგალითად, წლის ბოლოს ბიუჯეტში აუთვისებელი თანხების დიდი რაოდენობა რჩება, რომელიც სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მოხმარებოდა. თუ მმართველი პარტია ყურებს გამოიფერთხავს და საქმეს აქტიურად შეუდგება, მას შეუძლია პასუხი იპოვოს იმ კრიტიკაზე და ბრალდებებზე, რომელსაც ოპოზიცია უყენებს|”, - ამტკიცებს ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ყველა წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც ოპოზიცია და ხელისუფლება იძლევა, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. მისივე აზრით, ოპოზიციის მხრიდან აქცენტის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე გადატანა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად დამაჯერებელია მათი დაპირებები საზოგადოებისათვის”,- წერს სტატიის ავტორი.

“გასაგებია, რომ ეკონომიკური და სოციალური ფონი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმეა და ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ, მაგრამ განა ახლა მოსახლეობა ვერ ხვდება, რომ ამას პარტიები წანასაარჩევნოდ ჰპირდებიან და რომ მოვლენ ხელისუფლებაში, მერე კაცმა არ იცის რა იქნება? მაინც და მაინც არჩევნები უნდა იყოს, რომ გაახსენდეთ ხალხის პრობლემები? გასაგებია ოპოზიციის ტაქტიკა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მათი დღის წესრიგი შეიცვალა, მაგრამ მოდი აბა, მოსახლეობაში ვიკითხოთ, თუ სჯერათ “ნაციონალური მოძრაობის” დაპირების და თუ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ის ამ პრობლემებს მოაგვარებს. მათი ბაქიბუქი იმაზე, რომ წარსულში ქვეყანა ფეხზე დააყენეს, არ არის სწორი. საქმე ისაა, რომ მაშინ იყო ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია. კი, ბატონო, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ეს დასრულდა და ბიუჯეტში დაიწყეს ფულის მიტანა, თუმცა გაჩდნენ ხელისუფლებაში მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბიზნესის და ბიზნესმენების დარეკეტება თავად დაიწყეს. აბა, კეზერაშვილი როგორ გამდიდრდა? ჰოდა, ეს ყველაფერი ხალხმა კარგად იცის და მათ მიმართ ნდობა ნაკლები აქვთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

გიორგი გახარიას არ აქვს გარანტირებული 5%-იანი ბარიერის გადალახვა, ასევე არც “ლელოს”, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს. ამიტომ გახარია როგორ აპირებს “ოცნების” ან კიდევ “ნაციონალების” მარტო დამარცხებას, არ ვიცი. რაც შეეხება “ლელოს” დანაპირებ ათასლარიან პენსიას, ესეც ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ამ პარტიის ხელმძღვანელობის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს. რაც შეეხება ხელისუფლების “ომის და მშვიდობის” თემას, კი, ბატონო, ეს “ოცნების” კოზირია, რადგან ეს ოპოზიციამ მმართველ გუნდს დაუთმო. იმდენად არასწორი კამპანია წარმართეს უკრაინის ომის მერე, რომ ეს ჯოკერი ხელისუფლების ხელშია. ამიტომ ოპოზიციის მხრიდან წინასწარ რაიმე იმედების დამყარება ამ სოციალური თემატიკის სტრატეგიაზე პოლიტიკური შეცდომაა. ვნახოთ ასპარეზზე მინიმუმ კიდევ ერთი პარტია უნდა გამოჩნდეს მელია-გვარამიას სახით და მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ნამდვილად შეუძლიათ”, - ამტკიცებს ვახტანგ ძაბირაძე.

ვახტანგ ხმალაძე - “ქართულ ოცნებას”, არ აწყობს არჩევნების სანდოობის ხარისხი დაბალი იყოს, მაგრამ უკვე ეჭვები ჩნდება...

“საარჩევნო ადმინისტრაცია ისეა აწყობილი, როგორი თანაფარდობაც არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისეთივე გამოდის საოლქო და საუბნო კომისიებშიც. ვითარება არ შეცვალა არც იმან, როდესაც შემოღებულ იქნა ე.წ. პროფესიული წევრების დანიშვნა კომისიის წევრებად - ანუ ვისაც ჩაბარებული აქვს საარჩევნო მოხელის საკვალიფიკაციო გამოცდა და ცენტრალურ კომისიაში ნიშნავს პარლამენტი, საოლქოში ნიშნავს ცენტრალური კომისია, ხოლო საუბნოში - საოლქო კომისია. ეს მოდელი, ერთი შეხედვით, არ არის ცუდი, რადგან ეს პირები პოლიტიკურად ნეიტრალურები უნდა იყვნენ და შესაბამისად, მიუკერძოებლები, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ გამოვიდა, რადგან პარლამენტში ყოველთვის იყო ერთპარტიული უმრავლესობა. ეს უმრავლესობა ნიშნავდა ცენტრალურ კომისიაში ე.წ. პროფესიულ წევრებს და მათ მიუკერძოებლობაში ყოველთვის შეგვეძლო ეჭვის შეტანა - ცხადია, ვისაც ჰქონდა ცენტრალურ კომისიაში უპირატესობა, ის ახერხებდა ქვედა დონეებზე სასურველი წევრების დანიშვნას. ამგვარად, ვიღებდით საარჩევნო ადმინისტრაციას, სადაც ყველა დონეზე ყველა საარჩევნო კომისიაში უმრავლესობა მმართველ პარტიას ჰქონდა”,- აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორ ჩატარდება არჩევნები?!

“ამიტომაც ასეთი კომისიების სანდოობა იმთავითვე დაბალია. ამან გამოიწვია ის, რომ პარლამენტის ბოლო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიები არ შედიოდნენ პარლამენტში, რამაც შექმნა კრიზისი და გვახსოვს შარლ მიშელის ჩამოსვლა და მისი მონაწილეობით შეთანხმების მიღება, რომელიც შემდეგ არ შესრულდა. სხვათა შორის, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ორიოდე თვეში საარჩევნო კომისიების ფორმირების წესში შევიდა ცვლილება, რომელიც შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” გააუქმა. ე.წ. პროფესიული წევრების, რომელთაც პარლამენტი ირჩევდა, სანდოობის ხარისხი უფრო მაღალი რომ ყოფილიყო, კანონში ჩაიწერა, რომ ამ წევრებს პარლამენტს წარუდგენს პრეზიდენტი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში, წესით, პოლიტიკურად მიუკერძოებელი უნდა იყოს. ეს წევრები უნდა არჩეულიყვნენ კვალიფიციური უმრავლესობით - ანუ პარლამენტი ვერ აირჩევდა, თუკი ოპოზიციის ნაწილი მაინც არ დაუჭერდა მხარს. იმ შემთხვევაში კი, თუკი ვერ აირჩევდა კვალიფიციური უმრავლესობით, მაშინ ცესკოს წევრებსა და თავმჯდომარეს აირჩევდა ჩვეულებრივი უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, ოღონდ არა 5 წლის ვადით, არამედ 6 თვის ვადით და ერთი და იგივე პირი ორზე მეტად ვერ იქნებოდა წარდგენილი”,- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“ამან კი იმ წელს ის გამოიწვია, რომ პრეზიდენტმა წარადგინა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, რომლის მიმართაც ოპოზიციას არ ჰქონდა ნდობა და ორჯერ ჩააგდო. შემდეგს კი, ვინც წარადგინეს, უკვე მმართველმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი. ამის მერე “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილება, სადაც ჩაიწერა, თუკი თავმჯდომარე ვერ აირჩევა დადგენილ ვადაში, მაშინ მოქმედ თავმჯდომარეს უგრძელდება უფლებამოსილების ვადა, ვიდრე ახალი არ იქნება­ არჩეული, რაც არსებითად ეწინააღმდეგებოდა მიშელის შეთანხმებას. ობიექტურადაც ასეთი ცვლილება ყოვლად მიუღებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ თუკი მმართველ პარტიას ხელს აძლევს არსებული თავმჯდომარე, ნებისმიერ სხვა კანდიდატურას ჩააგდებს და არსებულს უსასრულოდ გაუგრძელებს ვადას. ცხადია, ეს არასწორი ცვლილებაა და ამიტომაც მკაცრად გააკრიტიკეს როგორც ჩვენთან, ასევე ვენეციის კომისიამ. მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მმართველმა პარტიამ მაინც მიიღო და ამ ცვლილებით პრეზიდენტი ფაქტობრივად ჩამოაშორეს ცენტრალური კომისიის ფორმირებაში მონაწილეობას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კონსტიტუციაში ასეთი რამ წერია: “პრეზიდენტი ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და წევრების თანამდებობაზე განმწესებაში”. ეს მონაწილეობა რაში გამოიხატება, კონსტიტუციაში არ წერია, ამით ისარგებლეს და პრეზიდენტის მონაწილეობა დატოვეს ასე - ამ ახალმიღებული კანონით, რომელსაც ახლა ვეტო ადევს, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე და, თუკი ეს პირები პარლამენტმა არ აირჩია, მაშინ კანდიდატებს უკვე პრეზიდენტი წარადგენს. ეს ჩანაწერი რომ წმინდა წყლის ფორმალობაა, ის მეტყველებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობისა და პარტიის მმართველი საბჭოს წევრია და ძნელი წარმოსადგენია, მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს უმრავლესობამ. გამოდის, ცენტრალურ კომისიაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლობა უკვე 2/3-საც კი აღწევს და ასეთივე უმრავლესობა ექნება ქვედა დონეებზეც. ასეთი წესით ფორმირებული კომისიების სანდოობის ხარისხი ვერ იქნება მაღალი. ეს კი ძალიან ცუდია, რადგან ამ კომისიამ იდეალურადაც რომ იმუშაოს, მისი დადგენილი შედეგების სანდოობის ხარისხი ძალიან დაბალი იქნება და წესიერად ჩატარებული არჩევნების შემთხვევაშიც კი, “ოცნებამ” თუ მოიგო, ოპოზიციას ექნება რეალური საფუძველი, არ ენდოს ამგვარად ჩამოყალიბებული კომისიების დადგენილ შედეგს”,- მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი.

“მოგეხსენებათ, ოპოზიციას საარჩევნო კომისიებში მოადგილე აღარ ეყოლება. ეს იმით ახსნეს, თავმჯდომარეზე თავდასხმა მოხდებაო, რაც აშკარად თეთრი ძაფით იყო ნაკერი. წარმოვიდგინოთ, რომ თავმჯდომარე რაღაც მიზეზებით ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ვთქვათ, ავად გახდა, მაშინ მისი მოვალეობა მოადგილეს უნდა შეესრულებინა. ხელისუფლებას ამაზე თავისი არგუმენტი აქვს, თუკი ის ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება, ყველაფერს დაარღვევს და ფაქტობრივად გადატრიალებას მოახდენსო. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამას ასეთივე წარმატებით გააკეთებს მმართველი პარტიის არჩეული კომისიის თავმჯდომარეც. თუ ერთზე ვამბობთ, შეიძლება უკანონობა ჩაიდინოსო, ასეთივე უკანონობის ჩადენა შეუძლია სხვასაც. ევროკომისიამაც მიმართა პარლამენტს, რომ ვიდრე ვეტოს დაძლევას დაიწყებენ, ვენეციის კომისიის მოსაზრება გაითვალისწინონ, მაგრამ ეჭვი მეპარება, “ქართულმა ოცნებამ” ყური დაუგდოს და დაძლევენ კიდეც ვეტოს, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის”, - დაასკვნის ვახტანგ ხმალაძე.

“პაპუაშვილმა რომ თქვა, ჯერ თავის ქვეყნებში დაადგინონ გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების საჭიროება და მერე ჩვენ გვითხრანო. მინდა მას ერთი შეკითხვა დავუსვა: იმ ქვეყნებში არჩევნებში ისეთი დარღვევები ხდება, როგორიც ჩვენთან და იმ ქვეყნებში მთელი სახელმწიფო ხელისუფლება ისეთივე ერთ პარტიაზე და ერთ პირზეა აწყობილი, როგორც ჩვენთან? ვენეციის კომისია სწორედაც რომ ითვალისწინებს საქართველოში არსებულ ვითარებას და იმისათვის, რომ პარლამენტს ენდობოდეს საზოგადოება, სთავაზობს მოდელს, რაც დაფუძნებული იქნება უმრავლესობისა და ოპოზიციის შეთანხმებაზე. “ქართულ ოცნებას” კი სურს დაგვარწმუნოს, რომ ჩვენთან კლასიკური დემოკრატიაა... “ქართულ ოცნებას”, არ აწყობს არჩევნების სანდოობის ხარისხი დაბალი იყოს, მაგრამ უკვე ეჭვები ჩნდება - კი გვეუბნებიან, 60%-იანი მხარდაჭერა გვაქვსო, მაგრამ იციან, რომ მხარდაჭერა გაცილებით ნაკლებია და დაბალი შედეგის მიღების შემთხვევაში ეცდებიან უკანონო მანიპულაციებით სასურველი შედეგები მიიღონ. ან მართლაც დარწმუნებული არიან, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ ოქტომბერში რა იქნება, არავინ იცის. მოკლედ, თავის დაზღვევის მომენტია”, - ამბობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებას, ჯერ ერთი, ელექტრონული არჩევნები უბნების 90%-ში გაიმართება, დარჩენილ 10%-ში კი შეიძლება ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ადრე ხდებოდა. მეორე - ელექტრონული არჩევნების დროსაც ჩნდება ბათილი ბიულეტენები, ანუ ისეთი ბიულეტენები, სადაც მანქანამ ვერ გაარკვია, ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა. კანონის თანახმად, ამ ბიულეტენების საბოლოო ბედს საუბნო კომისია გადაწყვეტს და მისი გადაწყვეტილებები შეიძლება მიკერძოებული იყოს. სხვათა შორის, ასეთი ბიულეტენების რაოდენობა არც ისე მცირეა. თეორიულად არ არის გამორიცხული, ბიულეტენების ხელით გადათვლის დროს უკანონობა არ მოხდეს, თუმცა, თუ ხელით გადათვლილის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება მანქანით დათვლილისგან, ეს დიდი სკანდალის საფუძველი იქნება და მეეჭვება, ასეთ რისკზე წავიდნენ. სერიოზული პრობლემაა იმ ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის შეუძლებლობაც, რომლებიც საქართველოში არ არიან. მათი რაოდენობა კი მილიონამდეა... მოკლედ, ელექტრონული არჩევნები მხოლოდ ნაწილობრივ აუმჯობესებს მდგომარეობას. თუ მაღალი იქნება ამომრჩევლის აქტიურობა, შეამცირებს ე.წ. კარუსელების ეფექტსაც. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება არჩევნებში დამკვირვებლების პროფესიონალიზმსა და აქტიურობას”, - განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.

რუსეთი „ანტიდასავლურ ღერძს“ ქმნის, საფრანგეთი კი უკრაინაში ჯარის შეყვანის მომხრეთა ალიანსს - მივდივართ თუ არა გლობალური ომისკენ

“რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა “ანტიდასავლურ ღერძს” ქმნიან - დასავლური მედია ამაზე უკვე ღიად წერს. მეორეს მხრივ კი, საფრანგეთის ინიციატივაა ისეთი ქვეყნების ალიანსი შექმნა, რომლებიც მზად არიან უკრაინაში ჯარები განათავსონ. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს მოვლენები გლობალური სამხედრო დაპირისპირების წინაპირობა აღმოჩნდეს. ფრონტის ხაზზე კი ვითარება თითქმის უცვლელია, თუმცა რუსების მთავარი დაწოლა მაინც დონეცკისკენ აქვს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ აქტიური ბრძოლები სლავიანსკი-კრამატორკსისკენაა. “რუსეთს ის გეგმა აქვს, რომ 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩაატაროს. რუსები ცდილობენ დონეცკის ოლქი მთლიანად მოაქციონ ოკუპაციაში და ოპერატიულ სივრცეზე გავიდნენ, რომ ამით ხარკოვისა და ლუგანსკის მიმართულებაზე შექმნან პლაცდარმი”, - განაცხადა მაისაიამ. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინის ფრონტზე ცხელი ზონა მაინც აღმოსავლეთია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთი „ანტიდასავლურ ღერძს“ ქმნის, საფრანგეთი კი უკრაინაში ჯარის შეყვანის მომხრეთა ალიანსს - მივდივართ თუ არა გლობალური ომისკენ.

“ცხელი წერტილები ყველგანაა, თუმცა დაწოლის მხარე აღმოსავლეთია. ალბათ რუსები კიდევ რომელიმე ქალაქის მიმართ ისეთივე შეტევას შეეცდებიან, როგორიც ავდეევკას გარშემო ვნახეთ. ბევრი ქალაქი შეიძლება განიხილებოდეს, რომელი შეიძლება იყოს ეს, მაგრამ პრინცილუპად ეს ომის ბედს მაინც ვერ გადაწყვეტს. სხვადასხვა მიმართულებებზე არის შეტევის მცდელობა. პატარა ქალაქებთან - ლიმანი, კუპიანსკი, სვიატოვო, კრემინას მიმართულებაზე დიდი ხანია რუსები რაღაცის შექმნას ცდილობენ. ძნელია იმის თქმა, თუ სადამდე ეყოფა რუსეთს იმის რესურსი, რომ საკუთარი ჯარისკაცების მასიური დაღუპვის ხარჯზე, წინ წაიწიოს და მიწასთან გასწორებული ქალაქები დაკავოს. ალბათ ასეთი სცენარი იქნება - რუსეთი შეედება კიდევ ერთი ავდეევკის ზომის პატარა ქალაქი დაიკავოს და ამით გარკვეული წარმატება წარმოსახოს, მაგრამ რეალურად ამით გარღვევას ვერ მოახდენს, დღეს ამის შესაძლებლობა არც რუსეთს და არც უკრაინას არ აქვთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“ბრიტანული “სანდი თაიმსი” წერს, რომ მოსკოვი პრაქტიკულად “ანტიდასავლურ ღერძს ქმნის”, რომელშიც მოიაზრებიან რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. თავის შეიარაღებაში წარმოქმნილ დეფიციტს რუსეთის არმია სწორედ ამ ქვეყნებიდან მიღებული საბრძოლო მასალით ავსებს. ამავე წყაროს შეფასებით, სწორედ “სანქციების გვერდის ავლით ურთიერთდახმარება არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ღერძს”. ამის პარალელურად, საფრანგეთის გარშემო იწყება იმ ქვეყნების ერთგვარი კოალიციის ფორმირება, რომლებიც წინააღმდეგი არ არიან უკრაინაში თავისი სამხედრო ნაწილები გაგზავნონ. პირველ რიგში საუბარია პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე. დასავლური მედიის ცნობით, 8 მარტს პარიზში გამართული შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იყო. ცოტა ხნის წინ, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლური ჯარების განთავსება არ გამორიცხა, თუმცა თქვა, რომ ამაზე კონსენსუსი ჯერ არ იყო. მაკრონის აზრზეა პოლონეთიც. ეს განცხადება ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობისა და ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის კრიტიკის ობიექტი გახდა. ნატოს ქვეყნების ლიდერებმა მათ შორის გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადეს, რომ სიტუაციის ესკალაციის საფრთხის გამო, ალიანსის ქვეყნები უკრაინაში ჯარის შეყვანას არ განიხილავდნენ, თუმცა მაკრონმა არც ამის შემდეგ დაიხია უკან და განაცხადა, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები კარგად “მოზომილი და გააზრებული” იყო”,- აღნიშნავს გამოცემა.

“საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე შაბათს პარიზში შეხვდა ბალტიელ და უკრაინელ კოლეგებს, რათა მხარი დაუჭიროს იდეას, რომ უცხოელ ჯარისკაცებს შეეძლოთ დაეხმარონ კიევს. რუსეთმა არ უნდა გვიკარნახოს, როგორ უნდა დავეხმაროთ უკრაინას შემდეგ თვეებსა თუ წლებში. ყველაფერი ჩვენს შორის უნდა გადავწყვიტოთ. უკრაინას არ უთხოვია ჩვენთვის ჯარისკაცების გაგზავნა. უკრაინა მოცემულ მომენტში გვთხოვს საბრძოლო მასალის გაგზავნას. შემდეგ თვეებში არაფერს არ გამოვრიცხავთ”, - თქვა სეჟურნემ. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საკუთარ “ტვიტერზე” უწყების ლიდერის რადოსლავ სიკორსკის სიტყვებს ციტირებს, რომ უკრაინაში ნატოს ძალები “არ არის წარმოუდგენელი” იდეა. “ნატოს ძალების ყოფნა უკრაინაში არ არის წარმოუდგენელი. მე ვაფასებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რადგან, მისი მეშვეობით, პუტინს უნდა ეშინოდეს და არა ჩვენ პუტინის”, - აცხადებს სიკორსკი. ვახტანგ მაისაიას აზრით, ეს ფაქტიურად გლობალური ომისკენ გადადგმული ნაბიჯებია, თუმცა მკვეთრი ამის კონტურები ჯერ არ ისახება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს ფაქტიურად გლობალური ომისკენ სიტუაციის განვითარებას ნიშნავს. ახალი ალიანსების შექმნა უკრაონის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას კიდევ უფრო გაზრდის. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ევრაზიული სამხედრო ბლოკი იქნება მობილიზებული, ვიდრე მაკრონის ინიციატივით შექმნილი ალიანსი. მაკრონს ალბათ იმის იმედი აქვს, რომ უკრაინაში დასავლურ ჯარს შეიყვანს და ამაზე თავად დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებები როგორ დასრულდება, ჯერ არავინ იცის. რუსეთი-ირანი-ჩრდილოეთ კორეა ევრაზიული ეკონომიკურ-სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია პირდაპირ ნატოს წინააღმდეგ. რუსეთს ამ ალიანსის გაფართოვების იდეა აქვს, რომელიც შესაძლოა უკრაინის კონტაქსტშიც გამოიყენოს. აქ უკვე ბელარუსის საკითხიც დგება, რომელიც შესაძლოა ამას შეუერთდეს. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ომში ეს ალიანსი ერთად მოქმედებდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ჯერ მხოლოდ ის ჩანს, რომ საფრანგეთს ალიანსის იდეა აქვს, თუმცა უცნობია ბრიტანეთი ამაზე რა აზრისაა, რადგან მასაც ჰქონდა ფაქტიურად არაფორმალური ალიანსი პოლონეთთან და უკრაინასთან. როგორც ჩანს, მაკრონს ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში ახალი იდეა აქვს. ჯერჯერობით ის მკვეთრი ტენდენციები არ იკვეთება, რომ მესამე მსოფლიო ომისკენ მივდივართ. დასავლეთის სახელწიფოებს ეს სცენარი ნამდვილად არ აწყობთ. საფრანგეთს კი თავისი ინტერესები აქვს, რადგან რუსეთმა ის ფაქტიურად თავის სტრატეგიული გავლენის ზონიდან გააძევა”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი გამორიცხავს, რომ სიტუაცია მსოფლიო ომამდე მივიდეს, რადგან რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება ატომურ ომს ნიშნავს და ამას ყველა აცნობიერებს”,- დასენს გამოცემა.

“რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია ალიანსში არიან, აქ ახალი არაფერია. რაც შეეხება უკრაინაში დასავლეთის ჯარების განთავსებას - დიახ, ალბათ საწვრთნელი, გარკვეული გამოცდილების გაზიარების, ტექნიკური სპეციალისტების მისია გამორიცხული არაა. რეალობა ისაა, რომ ევროპას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ უკრაინა ამ ომში დამარცხდეს. ეს ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მაკრონის განცხადება სწორედ ამას მიანიშნებს, რომ მზად არიან უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგან უკრაინის დასახმარებლად, თუ ეს საჭირო იქნება. ეს მესიჯი პირველ რიგში რუსებისთვისაა, რათა მიხვდეს, რომ სადღაც უნდა გაჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა უფრო მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს. გლობალურ ომად თუ ვიგულისხმებთ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებას, მაშინ ატომურ ომზე ვსაუბრობთ და ამაზე რამის თქმა ძნელია. რუსეთს ატომური იარაღის გარეშეც 24 საათში დაიპყრობენ, მათი საქმე ისე ცუდადაა და დასავლეთის რესურსი იმდენად აღემატება რუსეთისას. მაგრამ რუსებს ატომური იარაღი აქვთ და რუსეთზე თავდასხმის სცენარი ფაქტიურად უნდა გამოვრიცხოთ. ახლა მთავარი მიზეზი და მიზანი რუსეთის უკრაინაში დამარცხებაა, რაც ახლა დასავლეთს უდგას. დახმარებას რამდენად მოუმატებენ, ეს სანახავია. ჯერჯერობით ამ მხრივ არც ისე კარგი სურათია”, - ამტკიცებს ლაშა ბერიძე.

ირაკლი მელაშვილი - “სანამ საზოგადოების თავზე სააკაშვილი დამოკლეს მახვილივით კიდია, “ოცნებას” ხელისუფლებაში დარჩენის დიდი შანსი აქვს”

“2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნება” გამოკვეთილი ფავორიტია იმ გაუგებრობების გამო, რაშიც ოპოზიციაა. ოპოზიციის ამოცანაა მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულ უმრავლესობას არ მიაღწიოს, გამარჯვებაზე არც ერთი არ ფიქრობს, თუმცა ისიც სათუოა, მოახერხებს თუ არა 50 მანდატის მოპოვებას - ერთ ფლანგზეა განლაგებული ერთი და იმავე იდეოლოგიის რამდენიმე პარტია და ერთმანეთისთვის ელექტორატის წართმევით არიან დაკავებული. ბოლო დროს შექმნილი ოპოზიციური ჯგუფები მმართველ პარტიას კი არა, “ნაცმოძრაობას” ართმევენ ხმებს. ერთადერთი პარტია, რომელიც სერიოზულად მუშაობს და პრობლემებს უქმნის “ქართულ ოცნებას”, გახარიას პარტიაა. დანარჩენები “ნაცმოძრაობის” ველზე ბალახობენ. გახარია ცდილობს მიიმხროს ის ამომრჩეველი, რომელიც არც “ოცნების” მხარესაა და არც “ნაცმოძრაობის”, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სანამ საზოგადოების თავზე სააკაშვილი დამოკლეს მახვილივით კიდია, “ოცნებას” ხელისუფლებაში დარჩენის დიდი შანსი აქვს”.

“შესაბამისად, გახარია ცდილობს დააფიქსიროს პოზიცია, რომ არც ერთის მხარესაა და არც მეორის. არჩევნების შემდეგ კი, როდესაც მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება, გახარია იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ გადანაწილდება ხმები პარლამენტში. ანა დოლიძესა და ალეკო ელისაშვილს 5%-იანი ბარიერის გადასალახავად რესურსი არა აქვთ. ამომრჩეველი კი ყოველთვის ცდილობს იმ პარტიას დაუჭიროს მხარი, რომელიც მის ხმას არ დაკარგავს. “ლელოს” დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ისეთი რიტორიკა, რაც “ნაციონალებთან” დაახლოებულად წარმოაჩენდა. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ შეძლო დამოუკიდებელი ნიშის დაკავება, ახლა ცდილობს, მაგრამ არ ვიცი, მოასწრებს ან მოახერხებს? “ლელოს” სერიოზული პრობლემები აქვს პოლიტიკურ მენეჯმენტში, იმიტომ, რომ ამ პარტიაში ფულის გამო უფრო მიდიოდნენ, ვიდრე იდეოლოგიის. მელია და გვარამია ერთად თუ ცალ-ცალკე, ისევე როგორც ხოშტარია და ზურა “გირჩი” ჯაფარიძე, თავიანთი წარსულიდან გამომდინარე ყველა შემთხვევაში “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველზე იქნებიან ორიენტირებული. ეს ხალხი დღეს მხოლოდ პიროვნული შეუთავსებლობის გამო არ არის “ნაცმოძრაობაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“მათ მხარს დაუჭერს ელექტორატი, რომელსაც მოსწონს “ნაცმოძრაობის” იდეოლოგია, მაგრამ არ მოსწონს ხაბეიშვილი და კეზერაშვილი. მათ ძირითადად, ის ხალხი დაუჭერს მხარს, ვინც ადრე “ნაციონალების” ამომრჩეველი იყო. “ევროპული საქართველო” არა მარტო აკრიტიკებს “ნაციონალებს”, ბევრი სხვა პარტიისგან განსხვავებით, თავის პლატფორმის შექმნას ცდილობს. თუმცა საზოგადოებას უჭირს ყოფილი “ნაციონალებისგან” კრიტიკის მოსმენა, იმიტომ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს იმავე პრობლემებზე ხმას არ იღებდნენ. შესაბამისად, “ევროპულ საქართველოს” უჭირს იმის დამტკიცება, რომ სააკაშვილი ადრე კარგი იყო და ახლა გახდა ცუდი. ამას გარდა, მათ არც კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ტელევიზიები, არც სახელისუფლებო მედია აშუქებს და საზოგადოებამდე საკუთარი აზრის მიტანაც უჭირთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

”ძალზე უაზრო ცნებად მიმაჩნია “დამოუკიდებელი დეპუტატი”. ნეტავ რისგან არის დამოუკიდებელი? ყველა ნორმალურ ქვეყანაში ნებისმიერი დეპუტატი რაღაც პლატფორმას წარმოადგენს. დეპუტატი, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება სურს, ახალი საარჩევნო (პროპორციული) სისტემიდან გამომდინარე, შეეცდება საკუთარი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი რომელიმე პარტიას შესთავაზოს. მე არ ვიცნობ დამოუკიდებელ დეპუტატს, რომელსაც ქვეყანაში სერიოზული გავლენა ჰქონდეს და ძალიან სჭირდებოდეს რომელიმე პარტიას. საქართველოში ავტორიტეტული ლიდერების დეფიციტია... რაღაც იცვლება მაშინ, როცა ოპოზიცია უკეთესის იმედს აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი პერმანენტულად უშვებს შეცდომებს, ოპოზიცია საზოგადოებაში ვერ ქმნის განწყობას, რომ ცვლილების შემთხვევაში ქვეყანა უბედურებაში არ გაეხვევა”, - ამბობს ექსპერტი.

“ნაცმოძრაობა” გვეუბნება, რომ სააკაშვილს დააბრუნებს ხელისუფლებაში. “ნაციონალები” ამბობენ, საზოგადოების 60% “ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგიაო, მაგრამ იქნებ ისიც კარგად დათვალონ, რამდენია სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების მომხრე?! სანამ საზოგადოების თავზე სააკაშვილი დამოკლეს მახვილივით კიდია, `ქართულ ოცნებას~ ხელისუფლებაში დარჩენის დიდი შანსი აქვს... სააკაშვილის შეწყალება ნიშნავს აბსოლუტურ პოლარიზაციას, ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწევს ბრძოლის ველიდან გასვლა, სახლებში არ წავლენ, მაგრამ ხმებს ვერ მიიღებენ. ერთმანეთის პირისპირ ისევ “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” დარჩება და “ოცნება” ისევ ორით ერთს მოიგებს. ზურაბიშვილს კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს დღეს სააკაშვილის ციხიდან გამოშვება. სხვათა შორის, ეს სააკაშვილის შვილმაც კარგად დაინახა, მან თქვა, მამაჩემი უნდა გავიდეს პოლიტიკიდანო, მაგრამ ეს არ აწყობთ “ნაციონალებს”. საკმარისია სააკაშვილი მოაშორო “ნაცმოძრაობას” და პარტია მაშინვე განულდება თავისი ხაბეიშვილიანად. ამიტომაც არიან ჩამოკიდებულები ამ ერთ კაცზე. სააკაშვილის გარდა, თემა არა აქვთ”,- დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.

“მმართველი პარტია, წინასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლებო ბერკეტებს იყენებს და ზოგან წყალი გაჰყავს, ზოგან გზა და ა.შ. - “ოცნების” მთავარი იარაღი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება. არჩევნების დღეს გაყალბების მოლოდინი არა მაქვს. ახალი საარჩევნო სისტემა მთლიანად არ ხურავს გაყალბების შესაძლებლობას, მაგრამ დიდწილად ამცირებს. “ნაციონალები” და სხვა ოპოზიციური პარტიები ასე ვერ გააკეთებენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მათ თავიანთი სათქმელი სწორად მიიტანონ საზოგადოებამდე. როდესაც “ნაციონალები” ისევ სააკაშვილის საკითხით აპირებენ თემის აწევას, ეს ნიშნავს, რომ სათქმელი არაფერი აქვთ! ბოლო დროს წამოწეული სოციალური თემები არადამაჯერებელია. ხაბეიშვილი თურქეთში დარბის იმის საჩვენებლად, რომ წამლები და პროდუქტი იქ გაცილებით იაფია. ხალხმა მასზე უკეთ იცის ეს. ხაბეიშვილმა ის უნდა გვითხრას, როგორ აპირებს კორუფციასთან ბრძოლას. რაც შეეხება პენსიების გაზრდას - ტყუილია, რომ ამბობენ, კორუფციის შემცირების ხარჯზე გავზრდით პენსიებსო. საქართველოში კორუფცია არის, მაგრამ არა იმ ხარისხის, რომ მისმა აღმოფხვრამ პენსია ოთხჯერ გაზარდოს”, - განმარტავს ექსპერტი და შეკითხვაზე - “შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში გადავიდეს...” - პასუხობს:

სალომე ზურაბიშვილი არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებს “ქართულ ოცნებას” საჩუქარს პრეზიდენტის პოსტის დატოვებით და ოპოზიციაში წასვლით. არანაირ პარტიას ან გაერთიანებას არ ჩაუდგება სათავეში. მან მშვენივრად იცის, რომ დიდი ლოკომოტივი ვერ გახდება პარლამენტში ვინმეს შეყვანით. საამისოდ არა აქვს არც ფინანსური რესურსი და არც ადამიანური. მან შეიძლება მხარი დაუჭიროს ისეთი ძალების გაერთიანებას, რომლებიც არც “ნაცები”არიან და არც “ქოცები”.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო