მინდა, მათ ჩემი იურიდიული კომპანიის ოფისიდან გამოვეხმაურო, თუ მათ ჰგონიათ, რომ უზენაესი სასამართლოს კიბეებიდან ჩატარებული ბრიფინგი უფრო მომგებიანია, ან მეტად შემაშინებელია ვინმესთვის, ძალიან ცდებიან, - ასე გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის მწარიაშვილს სასამართლოში უჩივის.
მწარიაშვილის განმარტებით, აღნიშნულს მხოლოდ მოსამართლეების დაშინების მიზანი აქვს.
როგორც ყოფილი პროკურორი განმარტავს, მიქაუტაძემ სასამართლო დავა თავისსავე სასამართლოში დააანონსა, „სადაც დამოუკიდებელი აზრის გამოხატვა მოსამართლეებისთვისაც კი დასჯადია“.
„ძალიან მეპარება ეჭვი, მათ მოლოდინი ჰქონდეთ, რომ ამგვარად შემაშინებენ, მაგრამ ცალსახად დარწმუნებული ვარ, მათ ამოცანა აქვთ, სხვა კოლეგები დააშინონ, რომლებმაც არ უნდა გამოთქვან დამოუკიდებელი და განსხვავებული აზრი, კითხვები არ უნდა დასვან მათი ქონების დასაბუთებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოგეხსენებათ, სისტემა ერთიანია.
ჩემთვის ცალსახაა, რომ გუშინდელი ბრიფინგი სწორედ დამოუკიდებელი პროფესიონალების დაშინებას ემსახურებოდა, რაც რამდენად გამოვა, ვნახოთ.
ახლა რაც შეეხება ბრიფინგის შინაარს, ეს არ იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურის ინიციირება ერთ-ერთი მოსამართლისგან, ამ ბრიფინგის ამოცანა იყო სწორედ სასამართლოში სარჩელის შეტანით მუქარა. ასეთ სარჩელებს, ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში აზრის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სარჩელებს ეძახიან. განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებში ასეთ სარჩელებს სასამართლო არ იღებს. ჩვენს შემთხვევაში, მიქაუტაძემ დააანონსა სასამართლო დავა თავისსავე სასამართლოში, იმ სასამართლოში, სადაც დამოუკიდებელი აზრის გამოხატვა დასჯადია მოსამართლეებისთვისაც კი.
ეს სარჩელი კეთილსინდისიერების დადასტურებას არ ემსახურება, ეს მიქაუტაძემ ძალიან კარგად იცის. ამ სარჩელის ამოცანაა, ციფრების მანიპულირების გზით, თითქოს, პატივისა და ღირსების შელახვისათვის იდავოს. სინამდვილეში, სამართლებრივად ამ სასამართლოს განხილვის საგანი არ იქნება მისი ქონების კანონიერების დასაბუთება, ეს სასამართლო ამას არ განიხილავს. რატომ ვთქვი, რომ მიქაუტაძემ განგებ აირჩია ეს გზა, რომელიც მისი ქონების კანონიერების დადასტურებამდე არ მიიყვანს, მან კარგად იცის რომ მისი ქონების კანონიერების დადასტურების სხვა გზა არსებობს სამართალში და სხვა ინსტიტუციები. ეს არის პროკურატურა და ანტიკორუფციული ბიურო. ჩვენთვის უცნობია, ანტიკორუფციული ბიურო რა მასშტაბით იკვლევს და რა შეფასებებზე გავა, ან საერთოდ ქონების დასაბუთებაზე გავა თუ არა. ამ პროცესებმა, გუშინდელი ბრიფინგის ჩათვლით აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების, გადაზღვევის, კონტროლის ეფექტური და სანდო სისტემა“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
ის პროკურატურასა და ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს.
„პროკურატურას და ანტიკორუფციულ ბიუროს მივმართავ, რომ მათ გამოიკვლიონ ეს საკითხები, ეს არის შანსი, ამ დავის ფონზე, მათ აჩვენონ, რომ ამ ქვეყანაში მინიმალური გარანტიების მქონე ინსტიტუციები მაინც არსებობს, ვინც შეიძლება იმის მიღმა ჩაიხედოს დოკუმენტებში, ვიდრე ეს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ.
ფინალში, მაინც მინდა მიქაუტაძეს ვურჩიო, სასამართლოში წასვლა, იმ სარჩელით, რომელიც არ ამოწმებს მისი შემოსავლების დასაბუთებულობას, არამედ მას ეს დოკუმენტი სჭირდება სწორედ იმიტომ, რომ მისი შემოსავლები არავინ შეამოწმოს, სინამდვილეში, სასამართლო მისი შემოსავლების კანონიერებას არ ამოწმებს. შეუძლია დრო არ დაკარგოს პირველ, მეორე ინსტანციაში სიარულით, რადგან იმ ტემპით, რა ტემპითაც სასამართლო რიგითი მოკვდავების სარჩელებს იხილავს, ეს არის ძალიან ბევრი წლის [საქმე], ამიტომ ტყუილად დრო რომ არ დაკარგოს, შეუძლია, პირდაპირ, თავის სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში თავის კოლეგებს მიმართოს სარჩელით“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
კითხვაზე, რატომ შეიძლება ხელისუფლებას არ აწყობდეს მოსამართლეთა კეთილსინდისიერება არ შემოწმდეს, მწარიაშვილი პასუხობს, რომ „სასამართლოში სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ დავები განიხილება“.
„ზოგადად ვისაუბროთ. სასამართლოს კონტროლის ბუნებრივი ინტერესი ვის აქვს ქვეყანაში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში - სასამართლოში დავები იხილება სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოების წინააღმდეგ, ასევე საარჩევნო დავები. ვის შეიძლება ინტერესი ჰქონდეს? თავისთავად ცხადია, ხელისუფლებას. ვის შეიძლება კონტროლის ბერკეტები ჰქონდეს? ბუნებრივია, კონტროლის ეს მექანიზმები ისევ იქ დევს, ვისაც შეიძლება ინტერესი ჰქონდეს, ამიტომ ამის უკან რაღაცების გამოცნობას არ შევუდგები, მაგრამ მოცემულობა ერთია, ევროკავშირი ყოვლისმომცველი სამართლებრივი რეფორმის ფარგლებში მაღალი თანამდებობის პირი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ეფექტური მექანიზმის არსებობას ითხოვს.
ვეტინგის სისტემა ერთ-ერთი გზა არის სასამართლოს გაჯანსაღებისთვის, მაგრამ არა ერთადერთი და საბოლოო, ამას შემდეგ არაერთი ნაბიჯი უნდა მოჰყვეს. ვეტინგის სისტემა ძალიან ბევრ პრობლემას გამოააშკარავებს. ვეტინგი გამჭვირვალობაა, ანუ საზოგადოება დაინახავს, ყოველი თეთრი რამდენად დასაბუთებულია, რამდენად სწორი და კანონიერი წარმომავლობა აქვს დედის, მამის ნაჩუქარს, ნათესავის ნასესხებს და ასე შექმნილ ქონებებს, ამ პროცესში რამდენად დასაბუთებულია ხარჯები, რამდენად რეალურია ნასყიდობის გარიგებები, რამდენად რეალურია სესხი... რაც არ უნდა გაბრაზებული ბრიფინგი ჩაატაროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, მოაზროვნე საზოგადოებას მისი ქონების შეძენის კეთილსინდისიერებაში ეს ვერ დაარწმუნებს“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მიქაუტაძე თბილისის ყოფილ მთავარ პროკურორს, მაია მწარიაშვილს სასამართლოში უჩივის. მიქაუტაძე მწარიაშვილს მის ქონებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, ამიტომ სარჩელით მწარიაშვილისგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.