ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ლევან ხაბეიშვილიც გააძევა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა.

ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილი კომიტეტის სხდომიდან მას შემდეგ გააგრძელა, რაც დეპუტატმა გამორთული მიკროფონის მიუხედავად საუბარი განაგრძო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ეს რეგლამენტის დარღვევაა.

იქამდე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვინც მიკროფონის გარეშე ისაუბრებდა, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი მექანიზმი.

საკომიტეტო დარბაზის დატოვებისას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა ანრი ოხანაშვილს „ჟანდარმი“ უწოდა. როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, მას ანრი ოხანაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ სურდა, თუმცა ის იქცევა, როგორც „ჟანდარმი“. „თქვენთვის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი არ არის. 30 წამსაც არ იძლევით კითხვის დასმისთვის. ყველა ჯერზე ველოდები ჩემს რიგს, რომ კითხვა დავსვა. მაძლევ სიტყვას და არ მაცდი რომ კითხვა დავსვა. მაშინ სხდომა დახურეთ. თქვენ რაც გენდომებათ იმ კითხვას არ დასვამს ოპოზიციონერი. მერე გწყინთ, „რუსულ კანონს“ რატომ უწოდებთო. რუსულად იქცევით და იმიტომ. კითხვის მოსმენა არ გინდათ 30 წამით. ამას აკეთებთ მიზანმიმართულად და პროვოკაციულად. [ოხანაშვილს] დილიდან უნდა, რომ როგორმე 12 საათზე მორჩეს [სხდომა]. ძალიან ცუდია რასაც აკეთებთ ქვეყნისთვის. ხომ იძახდი ანრი, რომ მუხლობრივი განხილვა გინდა? ვინმემ რამე ზედმეტი გაკადრათ? კითხვაზე შეიძლება რომ პარლამენტარი გააგდო? ჟანდარმი ხარ და ეგ არის უბედურება. არ მინდოდა შეურაცხყოფის მოყენება, მაგრამ ჟანდარმივით იქცევი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა კომიტეტის დატოვებისას.

აღსანიშნავია, რომ ლევან ხაბეიშვილი მე-8 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა დეპუტატებს: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი და ანა წითლიძე.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024