ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024

გია ხუხაშვილი - “პარტიები არიან ვაგონები, რომლებიც არსად მიდიან - ორთქლმავლის ფუნქცია პრეზიდენტმა უნდა იკისროს”

რაზე იმსჯელებს 24-ში ევროკავშირის საგარეო საბჭო და უნდა ველოდოთ თუ არა სანქციებს ამჯერად ბრიუსელიდან?

ვახტანგ ძაბირაძე - “ლელო”-გახარიას ფრონტზე თუკი შეძლებენ ძველი წყენის დავიწყებას და გაერთიანდებიან, ეს იქნება ერთ-ერთი უძლიერესი დაჯგუფება”

“შეიქმნა დიდი მტერობა...” - გინებისა და ცემა-ტყეპის გრადუსი მატულობს, რასაც მხარეები ერთმანეთს აბრალებენ

“დარწმუნებული ვარ, რუსები ცხინვალში არავის შეუშვებენ” - ზაქარეიშვილი

* * *

გია ხუხაშვილი - “პარტიები არიან ვაგონები, რომლებიც არსად მიდიან - ორთქლმავლის ფუნქცია პრეზიდენტმა უნდა იკისროს”

“დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე - ჩვენ ან უნდა გავაგრძელოთ დასავლეთისკენ სვლა და შესაბამისი განვითარება, ან უნდა დავბრუნდეთ რუსეთის იმპერიაში. სხვა პერსპექტივა ამ უგუნურმა პოლიტიკამ არ დაგვიტოვა. რასაც `ქართული ოცნება~ ბოლო წლებში ეწევა, ეს არის უტიფრობა და კვლავაც კატათაგვობანას გაგრძელების მცდელობა, როდესაც მმართველობის წესით, საკანონმდებლო ცვლილებებითა და ადმინისტრაციის მოქმედებით სრულად ემსგავსება რუსულ მოდელს და ამასთანავე, აცხადებს, რომ ჩვენი გზა ევროკავშირისკენ მიდის. ფაქტობრივად, “ქართული ოცნება” ევროკავშირის დროშას ამოფარებული რუსეთია. ამგვარი თამაშით ისინი ხალხის პროდასავლურ განწყობას უხდიან ხარკს და თან პარალელურად აშენებენ რუსეთის მსგავს სახელმწიფოს, რაც შეუთავსებელია ევროპასთან. მოკლედ, ამ კატათაგვობანას თამაშით შიდაპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას ცდილობენ. ევროპაში ადრე იბნეოდნენ ამათი ორმაგი თამაშით, არ ესმოდათ, რა ხდებოდა, მაგრამ ახლა ყველა ყველაფერს კარგად ხვდება”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პარტიები არიან ვაგონები, რომლებიც არსად მიდიან - ორთქლმავლის ფუნქცია პრეზიდენტმა უნდა იკისროს”.

“დღეს ხელისუფლების ამოცანაა, როგორმე ტვინი გამოურეცხონ პროევროპულად განწყობილ იმ ამომრჩეველს, რომელიც აქამდე მისი მხარდამჭერი იყო. ცდილობენ დაარწმუნონ, რომ თან ევროპას მუდმივად გალანძღავენ და თან ევროკავშირშიც შევლენ, თან ამბობენ, რომ თურმე ოკუპანტი რუსეთი კი არა, ევროპა გვართმევს სუვერენიტეტს, რომ ევროპასა და ამერიკას აქ მეორე ფრონტის გახსნა სურთ და ა.შ., რაც აბსურდია. დასავლეთს არ ემეტება საქართველო გადასაგდებად, რადგან პარტნიორად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებსაც აქვთ თავიანთი ინტერესები, შესაბამისად, ფრთხილობენ... გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე თვეში არჩევნებია, ჯერ კიდევ რჩება ფანჯარა რამეს შესაცვლელად, ამიტომაც, ვფიქრობ, მანამდე დასავლეთში ხიდების დაწვას არ აპირებენ, თუმცა ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდება. ამ ვითარებაში გერმანიაში კობახიძის ვიზიტი კიდევ უფრო დიდი უტიფრობაა. ლამის ტერაქტში დასდო ბრალი ერთ-ერთ ევროკომისარს, ამტკიცებს, რომ ვარჰეი ლამის მკვლელობით დაემუქრა, თანაც კობახიძის რიტორიკა აგრესიულად ანტიდასავლურია და ამ დროს ჩავიდა გერმანიაში, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გარდა, არავის შეხვედრია, კიდევ ჩინელებს შეხვდა... სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს სახელისუფლებო პოლიტიკური კლასი, რომელსაც ხელს აღარ ართმევენ.”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და გრძელვადიანი განვითარებისთვის საქართველოს მოსახლეობას ფუნდამენტური არჩევანი აქვს გასაკეთებელი. ვფიქრობ, რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნება. ჩემი შეფასებით, იქნება მინიმუმ 4 პოლიტიკური ცენტრი: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, კარგი იქნება, თუ “ლელო” და “ახალი” დაჯგუფდებიან, იმიტომ, რომ ერთ ტალღაზე არიან და მათ ერთობას ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის გაერთიანება შეუძლია. საჯარო სექტორსა და ყოფილი “ქოცების” სეგმენტზე მუშაობა წარმატებით შეუძლია გიორგი გახარიას. ჩემი აზრით, გვექნება აი, ეს ოთხი პოლიტიკური ცენტრი, რომელთაც ბარიერის გადალახვის რეალური შესაძლებლობა ექნებათ. დროულად უნდა დახურონ ერთიანი სიის თემა, არ შედგება და რომც შედგეს, მხოლოდ დამაზიანებელი იქნება. სავსებით ცხადია, ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი არასწორი იქნება, რადგან ეს ივანიშვილის თამაშია. მან ერთადერთი ტექნოლოგია იცის - შუის გაკრეფა, როდესაც ამბობს, რომ ვინც მასთან არ არის, ყველა მტერია. ამის საწინააღმდეგოდ ყველაზე სწორი იქნება ფრონტის ხაზის არათუ კონცენტრირება ერთ პოლუსზე, არამედ ფრონტის ხაზის გაშლა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამომრჩეველი ახლა პოლიტიკოსებთან დიალოგს ელოდება, ინტერაქტივი უნდა შედგეს პარტიებსა და მათ შორის. ფაქტია, ოპოზიციამ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ჯერ ვერ ააწყო, ამასობაში კი არჩევნები ახლოვდება. ერთი საათიც კი არ არის დასაკარგი, წესით, უკვე ქალამნები უნდა ეცვათ და სოფელ-სოფელ დადიოდნენ. უნდა აუხსნან და გააგებინონ ხალხს, როგორ აპირებენ მათი პრობლემების გადაწყვეტას. ამის ნაცვლად ვირტუალურ პარტიებად გადაიქცნენ, ჩაიხარშნენ ამ ყალბ თემებში და “სიბრძნეებს აფრქვევენ” ეკრანებიდან, მაშინ, როდესაც ამომრჩეველი ითხოვს პირდაპირ კომუნიკაციას, დიალოგს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ოპოზიციურ პარტიებს ჰგონიათ, რადგან ხელისუფლება ცუდია, მე ავტომატურად შინ მომართმევენ ძალაუფლებას ხონჩითო. ბატონებო, ასე არ ხდება პოლიტიკაში, ხალხში უნდა გახვიდეთ! ფორმალურად კი არა, საკუთარ აქტივს რომ ხვდებიან და ფოტოებს იღებენ, რეალურ ადამიანებს უნდა ელაპარაკონ, კრიტიკაც უნდა მოისმინონ, ქვას რომ ესვრიან, ესეც აიტანონ. ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა. 2012-ში ქვებს ჩვენც გვესროდა მიშას ხელისუფლება, მაგრამ არ შეგვშინებია, მაინც დავდიოდით”, - განმარტავს ექსპერტი.

“ჩემი აზრით, ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილს ცენტრალური როლი აქვს. დღეს პარტიების სახით გვყავს ვაგონები, რომლებიც არსად მიდიან, მათ ორთქლმავალი სჭირდებათ, რომელიც ვაგონებს ჩაიბამს და გაიყვანს სამშვიდობოს. სწორედ ამ ორთქლმავლის როლი უნდა იტვირთოს პრეზიდენტმა. ამის საფუძველი უკვე შექმნილია. როდესაც ვამბობთ, რომ ერთიანი სია ვერ შედგება, ეს არ ნიშნავს, რომ ერთიანობა არ არსებობს, მაგრამ ამას აქვს თავისი ლოგიკა. ერთიანობა არის ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების თემის ირგვლივ გაერთიანება, ამ ერთობის საფუძველი კი პრეზიდენტმა შექმნა ქარტიის სახით. მიუხედავად იმისა, რომ პარტიებს შორის კონკურენცია იარსებებს, ამ გრძელვადიანი მიზნების ირგვლივ სრული კონსოლიდაცია ამომრჩეველს კარგად გამოუკვეთს არჩევანს, რომლითაც უნდა გადაწყვიტოს, ხელისუფლებასთან ერთად მიდის რუსეთში თუ რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად რჩება ევროპულ გზაზე. ქარტიამ ამ თემაში სიცხადე შეიტანა. ვიმეორებ, ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მან ასევე ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ოპოზიციას საკუთარი თავი შესთავაზა საპრეზიდენტო კანდიდატად. ამით ის იქცა ამ ერთიანობის პერსონალურ შემკვრელად, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს იყო ძალიან გონივრული ნაბიჯი”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ერთი მხრივ, ის ვერ მონაწილეობს არჩევნებში იმიტომ, რომ კონსტიტუციური შეზღუდვა აქვს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ის იქნება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი და ოპოზიციაში ყველა დათანხმდება მისი კანდიდატურის მხარდაჭერას, ამით, ზურაბიშვილი, ფაქტობრივად ისე, რომ არჩევნებში არ ერთვება, ოპოზიციურ ფლანგზე მაინც გახდება საარჩევნო ფიგურანტი და გარკვეულწილად, ორთქლმავლის ფუნქციას შეითავსებს. გარდა ამისა, დიდი უხერხულობა ექმნება “ქართულ ოცნებას”. თუ სალომე ზურაბიშვილი არის წინასწარ გაცხადებული ერთიანი კანდიდატი, “ოცნებას” უჩნდება საჭიროება, რომ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი “გამოაგოროს” როგორც ალტერნატივა და ამაში დიდი პრობლემა აქვთ - არა ჰყავთ სალომე ზურაბიშვილის თანაზომადი ფიგურა. თუ არ დაასახელებენ კანდიდატს, დაზარალდებიან, თუ დაასახელებენ რიგით პოლიტიკოსს, ესეც დააზარალებთ. ერთადერთი, ვინც კონკურენტული შეიძლება იყოს, ბიძინა ივანიშვილია და ამას აქვს გარკვეული პოლიტიკური ლოგიკა - ბიძინას სამომავლოდ სჭირდება პოლიტიკური იმუნიტეტი, რადგან საკუთარი უსაფრთხოება და კეთილდღეობის შენარჩუნება ძალიან აშფოთებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პოზიცია მისთვის კომფორტული იქნება, მაგრამ თუ ჩაება პერსონალურ ბრძოლაში, ეს დაანგრევს მისი უძლეველობის, ზეადამიანის მითოლოგიას, რაზეც დგას სისტემა”, - ამბობს რესპონდენტი.

“მას ხომ პერსონალურად არასდროს მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, ყოველთვის პოლიტიკის ზემოთ იყო და ახლა მის გარდა სხვა კანდიდატი არა ჰყავთ, ვინც სრულფასოვან კონკურენციას გაუწევს ზურაბიშვილს. თუ ბიძინა შემოვიდა ამ თამაშში, მაშინ ან სალომე ადის “ოლიმპზე”, ან ბიძინას მოუწევს მიწაზე ჩამოსვლა, რითაც მისი უძლეველობის მითოლოგია დაინგრევა. ეს კი შეიცავს იმის ხიფათს, რომ ხელისუფლებაში სისტემური რყევები დაიწყოს. ასე რომ, ხელისუფლება ზურაბიშვილის ამ განაცხადით საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. ახლა მთავარია, ოპოზიციამ მოახერხოს და ეს ეგზისტენციალური არჩევანი ამომრჩევლამდე მიიტანოს ისე, რომ ტემპერატურამ არ დაიკლოს. ხელისუფლებამ ვერ უნდა მოახერხოს ეს უტიფარი რიტორიკა, როდესაც რეალურად რუსეთში მიდის, მაგრამ ისე ფუთავს, თითქოს ევროპისკენ აქვს გეზი. ეს თამაში უნდა დასრულდეს. საჭიროა სრული სიცხადე _ ოპოზიციამ უნდა აუხსნას მოქალაქეებს, რომ ეს ვირეშმაკული თამაშია”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

რაზე იმსჯელებს 24-ში ევროკავშირის საგარეო საბჭო და უნდა ველოდოთ თუ არა სანქციებს ამჯერად ბრიუსელიდან?

“24 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო იკრიბება და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოა. როგორც უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა მაისში თქვა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე “გავლენების კანონის” საპასუხოდ “ყველაზე შესაბამის ნაბიჯებზე” იმსჯელებენ. ანალიტიკოსთა აზრით, ამ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი პერსონალურ და ფინანსურ შეზღუდვაზე გაკეთდება, და ეს იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი სანქციები, რასაც უფრო გაამკაცრებენ, თუ ხელისუფლება პოზიციას არ შეიცვლის. კერძოდ, ოქტომბერში, არჩევნების წინ, შეიძლება უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაც დაისვას დღის წესრიგში. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელიც ჯერ კიდევ 27 მაისს, ევროკავშირის სამიტის შემდგომ მომზადდა, წერია, რომ თუ სიტუაცია არ შეცვლება, მაშინ ახალი შეზღუდვები დაწესდება, რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს, ფინანსური დახმარებების შეწყვეტას და უკიდურეს შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის დროებით, 9 თვით შეჩერებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაზე იმსჯელებს 24-ში ევროკავშირის საგარეო საბჭო და უნდა ველოდოთ თუ არა სანქციებს ამჯერად ბრიუსელიდან?

“მათივე ცნობით, ევროკომისია განიხილავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება შემოდგომაზე გამოცხადდეს, მეშვიდე შესაბამისი წლიური ანგარიშის წარდგენისას. ანგარიშის წარდგენის თარიღი ჯერ დადგენილია არაა, თუმცა, როგორც წესი, ის ოქტომბერში ქვეყნდება. ამდენად, სავარაუდოა, რომ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე გამოაცხადებს. “ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი ტიპის სანქციები. ფაქტობრივად, ეს ამერიკის სანქციების ანარეკლი იქნება”, - უთხრა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ “რეზონანსს”, რომელიც ფიქრობს, რომ ევროკავშირი ამ ეტაპზე გამაფრთხილებელ სანქციებს გამოაცხადებს, მათი გამკაცრება კი უშუალოდ არჩევნების წინ მოხდება ოპოზიციის დასახმარებლად. “შეიძლება საგარეო საბჭოზე დაისვას ლოგიკური კითხვებიც - რადგან ისინი ჩვენ მტრებად გვთვლიან რატომ უნდა მივცეთ მათ ფული? ალბათ ასეთი მიმართულება იქნება: თუ თანხას გაძლევ და მე ვითვლები უცხო ძალის გამტარად, მაშინ მე არ მოგცემ და ჩემზე მაგას ვეღარ იტყვი”, - ამბობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მოელის, რომ სავიზო შეზღუდვა შესაძლოა ოქტომბერში დაწესდეს.

“მე რაც თვალში მომხვდა, არის ის, რომ ისინი მკაცრი სანქციების გამოცხადებას არჩევნების წინ აპირებენ. მე ამას განვიხილავ არჩევნებზე გარე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად. როგორც ჩანს, ამით სურთ, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ. მათ შორის “ოცნების” მხარდამჭერებიც, რადგან ვიზალიბერალიზაციაზე გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ კონკრეტულ პირებს ეხება და თუ შემდგომ ეს უბრალო მოქალაქეებზეც გავრცელდება, ამან შეიძლება ანტისახელმწიფოებრივი განწყობებები გააღვივოს. ეს არის წინასაარჩევნო პროცესზე ზემოქმედება, რადგან “ოცნების” პოზიციები დაასუსტონ და პროდასავლურ ოპოზიციას ხელი წაუკრან, რომელიც მიაჩნიათ საკუთარ მოკავშირედ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ალბათ ამ შეხვედრაზე იმსჯელებენ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ. მაგალითად, საჭიროა თუ არა ახლა ვიზალიბერალიზაციის დროებით გაუქმება. ასევე ილაპარაკებენ იმაზე თუ რა ფორმით უნდა იყოს არაპერსონალური სანქციები. მე მეეჭვება ამ შეხვედრაზე უვიზო მიმოსვლაზე რამე გადაწყვეტილება მიიღონ. სავარაუდოდ, ხელისუფლებას პირობებს წაუყენებენ, თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობაზე და სხვა. ხოლო უვიზო მიმოსვლის შეჩერევა უფრო მოგვიანებით, ოქტომბერში მოხდება, ესეც დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. რაც შეეხება ამ სამიტს, ჩემი აზრით, იქნება პერსონალურ და ფინანსურ შეზღუდვებზე მსჯელობები. არჩევნებამდე ისინი ეცდებიან, რომ მაქსიმალურად კორექტულები იყვნენ და ქართველ ხალხს ჩარევის გარეშე მისცემენ არჩევანის საშუალებას”, - გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - “ლელო”-გახარიას ფრონტზე თუკი შეძლებენ ძველი წყენის დავიწყებას და გაერთიანდებიან, ეს იქნება ერთ-ერთი უძლიერესი დაჯგუფება”

“ერთიან სიაზე ლაპარაკის მთავარი მოტივატორი სააკაშვილია, რომელიც ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც ამას ამბობს, რადგან “ნაცმოძრაობას” ასეთი დიდი გაერთიანება აწყობს. თუმცა ეს უპირველესად “ქართული ოცნებისთვის” იქნება მომგებიანი. ჩემი აზრით, არ არის საჭირო დიდი გაერთიანება. ყველამ ვიცით, რომ ელექტორატი სამ ძირითად ჯგუფად არის გაყოფილი - “ქართული ოცნების” მომხრეები, “ნაცმოძრაობის” მომხრეები და ისინი, ვისაც არც ერთი უნდა და არც მეორე. შესაბამისად, როგორც კი ხდება ორად გაყოფა, მესამე ნაწილი, რომელიც “ოცნებაზეა” გულაცრუებული, არ წავა “ნაცმოძრაობასთან”. ასეთი ცხადი არჩევანი არც ერთი არჩევნების დროს არ მახსენდება. ამიტომ პირველი რიგის ამოცანაა, თუ როგორ დაჯგუფდება პოლიტიკური სპექტრი, რათა ამომრჩევლისთვის გახდეს ნათელი, ვინ ვინ არის, ვინ ვისთან არის, როგორ არის და ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი ხედვებზე. მე ერთიანი სიის არგუმენტები, გარდა იმისა, რომ აბა, სხვას ხმას ვის მისცემენ, თუ ერთიანი სია იქნება, არ მომისმენია”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ ვისთან, ანუ რა შანსი აქვს ოპოზიციას?!

“როგორც წინა გამოცდილება გვიჩვენებს. როგორც კი “ქართული ოცნება” და “ნაცმოძრაობა” რჩებიან ერთი ერთზე, “ოცნება” იგებს. დღეს ოპოზიციური ამომრჩეველი 60-70%-ს შეადგენს და ამოცანა მარტივია - ეს პროცენტი სუფთად უნდა აითვისოს ოპოზიციამ, ერთიანი სია კი ამ 70%-ს ვერ აითვისებს. ძირითადი დაჯგუფებების გარდა, არჩევნებში უამრავი პარტია მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, მაგრამ ჯამში რაღაც პროცენტი ხომ დაგროვდება? `ოცნება~ კი ამ მიმართულებით იმუშავებს, რადგან აწყობს, რაც შეიძლება დიდი პროცენტი დარჩეს ბარიერს მიღმა, რათა ეს ხმები თავად წაიღოს, საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე... სააკაშვილი ამბობს, ერთიან სიაში 50%-ს ჩვენ წავიღებთ და 50%-ს დანარჩენიო. სპექტრს გადაავლეთ თვალი და ნახავთ, რომ ასეთ შემთხვევაში “ნაცმოძრაობას” გარანტირებული აქვს პრემიერის თანამდებობა. კი ამბობენ, უარს ვიტყვით პრემიერის თანამდებობაზეო, მაგრამ ეს თამაშია - სააკაშვილს ისევ ხელისუფლება უნდა. “ნაცმოძრაობა” კი დაიშალა, მაგრამ დაშლილმაც კი, ვინც სააკაშვილს აუმხედრდა, ვერ გაბედა ეთქვა, რომ ის ცხრა წელი ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობა იყო. ეს ვერ აღიარა არათუ “ნაცმოძრაობამ”, არამედ მათმა განაყოფმა პარტიებმაც კი. ამბობენ, რაღაც პლუსები გვქონდაო - კი, ასეც იყო, - მაგრამ იმხელა უარყოფითი შლეიფი ჰქონდათ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის `ნაცმოძრაობა~ კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ, რომ გითხრათ, “ნაცმოძრაობის” რაიმე ნათქვამის მჯერა-მეთქი, ტყუილი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ოცნებას” რომ საყვედურობენ, ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას ყველაფერზეო, “ნაცმოძრაობაც” ასე არ არის, სააკაშვილი არ იღებს ყველაფერზე გადაწყვეტილებას? ერთი საავადმყოფოშია ჩაკეტილი, მეორე - თავის სახლში და ისე იძლევიან დირექტივებს. ეს ორი პარტია ერთი მედლის ორი მხარე კი არა, ერთი მედლის ერთი მხარეა. “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის ჩანაცვლება ვერაფერსვერ შეცვლის. ხაბეიშვილი გარდამავალი თავმჯდომარე იყო, ახლა “ნაცმოძრაობა” ცდილობს ფასადი შეცვალოს. ხაბეიშვილი თავად პარტიის დიდი ნაწილისთვისაც მიუღებელი იყო, პარტიის ელიტას ვგულისხმობ და არა ამომრჩეველს. ბოკუჩავა რესპექტაბელური და ამ ელიტისთვის მისაღებია, მაგრამ რეალურად ვერაფერს შეცვლის. ის ისევე იქნება დამოკიდებული სააკაშვილსა და კეზერაშვილზე, როგორც ხაბეიშვილი იყო. უბრალოდ, უფრო განათლებულია, შეუძლია პარტნიორებთან ურთიერთობა და ის უარყოფითი შლეიფი, რის გამოც ხაბეიშვილს იწუნებდა “ნაცმოძრაობის” ელიტა, არა აქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხაბეიშვილი “ახლებისთვის” და დეკანოიძე-გოცირიძისთვის, ასევე ჯაფარიძე-ხოშტარიასთვის მიუღებელი იყო. ეს პრობლემა იხსნება, ესენი შეიძლება გაერთიანდნენ. თუ ძველი “ნაცმოძრაობა” აღდგება და მე ამას “ევროპულ საქართველოსაც” დავუმატებდი, ეს იქნებოდა ერთ-ერთი კარგი გუნდი და ამ შემთხვევაში ამომრჩეველს არ დაკარგავს. თუ ერთიანად არა, ორ გუნდად მაინც უნდა გამოვიდნენ - კონკრეტულად “ნაცმოძრაობა” და “ახლების” ირგვლივ დაჯგუფება... “ლელო”-გახარიას ფრონტზე კი გაურკვეველი სიტუაციაა. არ ვიცი, ვის ვისთან აქვს კონსულტაციები, მაგრამ თუკი შეძლებენ ძველი წყენის დავიწყებას და გაერთიანდებიან, ეს იქნება ერთ-ერთი უძლიერესი დაჯგუფება. თუკი ვერ შეძლებენ, აღმოჩნდებიან ერთმანეთის დაპირისპირებაში და მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რომელი ჯგუფი შეძლებს ელექტორალურად გაძლიერებას - ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს 2 პატარა პარტია - ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფი. თუ გახარია შეძლებს ამ ხალხის თავისკენ გადაქაჩვას, “ლელო” მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და პირიქით: ვგულისხმობ ბარიერის გადალახვას”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “დავუშვათ, ამ ოთხმა სუბიექტმა მოახერხა ბარიერის გადალახვა და ოპოზიციური ხმები გადანაწილდა მათზე. “ოცნებას” რა შანსი ექნება, რომ დამოუკიდებლად შეძლოს მთავრობის ფორმირება?” - პასუხობს:

“ოცნება”, ალბათ პირველ ადგილზე გავა, მაგრამ 50%-ს ვერ აიღებს, საკონსტიტუციო უმრავლესობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ოთხად გაყოფილი ოპოზიციიდან თითოეული 10-15%-ის ფარგლებში იმუშავებს, ცხადია, პირველ ადგილზე `ოცნება~ გავა და კონსტიტუციით მასვე ექნება მთავრობის ფორმირების უფლება. თუ არ ექნება საკმარისი ხმები, დაიწყებს ამ ხალხთან ვაჭრობას. თუ ეს ვერ მოახერხა, მერე უკვე ოპოზიციას შორის დაიწყება მოლაპარაკებები და აქაც გადამწყვეტი იქნება, თუ ვის რა გავლენა აქვს... ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მყარი დეპუტატები საქართველოში იშვიათია, ამიტომ იმის თქმა, რომ `ქართული ოცნება~ ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, მთლად ასე მარტივი არ არის. არც ის არის გამორიცხული, ოპოზიციამ შეძლოს მათგან ვინმეს გადაბირება... არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვაჭრობა ნორმალურია საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, სხვანაირად კოალიცია ვერ შეიქმნება. ამ პროცესში კი ვის რა გავლენა ექნება პარლამენტში, ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც, როდესაც რიხით ამბობენ, უმრავლესობას არ შევუქმნით `ქართულ ოცნებასო~, ძალიან არადამაჯერებელია, რადგან თუ “ოცნებამ” ვინმეს თუნდაც საკვანძო ფიგურების ნაწილი მისცა, რატომ არ შეუქმნის?”

“შეიქმნა დიდი მტერობა...” - გინებისა და ცემა-ტყეპის გრადუსი მატულობს, რასაც მხარეები ერთმანეთს აბრალებენ

“სიტყვიერი დაპირისპირება, შეურაცხყოფა და გინება უშუალოდ, ვირტუალურ სივრცეში და ტელეფონით, ცემა, “დაპადიეზდება” და მუქარა არ ცხრება - “ოცნება” და ოპოზიცია ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საპროტესტო მუხტის კლებასთან ერთად გაძლიერდა ოპოზიციის მხრიდან თავდასხმები. ოპოზიციაში კი ირწმუნებიან, რომ ხელისუფლების არაფორმალური დაჯგუფებები ტერორსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. ძალადობრივ ფაქტებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება საშიშია, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ხელისუფლება მოძალადეებს ახალისებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “შეიქმნა დიდი მტერობა...” - გინებისა და ცემა-ტყეპის გრადუსი მატულობს, რასაც მხარეები ერთმანეთს აბრალებენ.

“არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება - მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა მელია კი ამბობს, რომ “სახელისუფლებო ჯგუფების შეიარაღებული არაფორმალური დაჯგუფებები” 90-იანებში გვაბრუნებენ. ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის შეფასებით, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს. კითხვაზე, ამ დრომდე რატომ არავინ არის გამოვლენილი და დაკავებული, ვინც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ცემაში მიიღო მონაწილეობა, მან განაცხადა, რომ საგამოძიებო პროცესი დაწყებულია - “რამდენადაც ვიცი, საქმე აღძრულიც არის და გამოძიებაც მიმდინარეობს”, - ამბობს ვოლსკი. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე კი თავდასხმებში “ნაცმოძრაობას” სდებს ბრალს და მოუწოდებს “შეწყვიტონ ორგანიზებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა “ოცნების” პარლამენტარების, საკრებულოს წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ და დაასრულონ ის სამარცხვინო ისტერია, რაც სოციალურ ქსელებში ხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარასკევს საღამოს “ოცნების” დეპუტატს ბექა ოდიშარიას ორთაჭალის ერთ-ერთ სუპერმარკეტში აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა “რუსეთის მონა” ეძახა. მოგვიანებით კი ფოტოები გავრცელდა, სადაც პაპაშვილი ნაცემია. “ფრესკოში" ვიყავი, სადაც შემოვიდა ბექა ოდიშარია. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ვკითხე, რუსულ კანონზე ხელი რატომ მოაწერა. დაცვა ახლდა თან და დაცვა და ეგ ერთად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. გარეთ რომ გავედი, 3 კაცი დამესხა თავს. ერთ-ერთი როგორც ამბობდა, ბექს ოდიშარიას შვილია. მარტო ვიყავი, ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს. დაზიანებები ზურგის და თავის არეში მაქვს მიღებული”, - ამბობს პაპაშვილი. ბექა ოდიშარიას განმარტებით კი, ამ სიტუაციაში “სიმშიდე შეინარჩუნა”. “როგორც კი მან “რუსეთის მონა” დამიძახა პირდაპირ მივანიშნე, რომ აქ რუსული მხოლოდ ერთი სიტყვაა და ის რუსული სიტყვა მე მას ვუთხარი, რისი განსახიერებაც არის თავად. არავინ დამიწყოს, რომ თმენის ვალდებულება მაქვს. საბოლოო ჯამში, მას ეტყობა ჩემი სიმშვიდე ყელში ამოუვიდა”, - აღნიშნა ოდიშარიამ. “ნაცმოძრაობის” იურისტის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, “ოცნებამ” ტიტუშკები შეუშვა ციხეში, რათა აქციის დროს დაკავებულებზე ეძალადათ”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსულმა ხელისუფლებამ თავისუფალი ახალგაზრდები ტყვედ აიყვანა და გლდანის ციხეში გამოკეტა, მაგრამ ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და უკვე ახალგაზრდებთან კრიმინალი ტიტუშკები მიაგზავნა ციხის დაწესებულებაში და თვითონ საკანში, სადაც იძალადეს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და უნდოდათ მათზე განეხორციელებინათ ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ იქვე მყოფებმა გადაარჩინეს ეს ახალგაზრდა, ვერ მოხდა ამ ადამიანზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ე.წ. ბადრაგი, დაგვიანებით მივიდა, როდესაც ეს “ტიტუშკა”" კრიმინალი გაჰყავდათ საკნიდან, მას პირველი კითხვა დაუსვა - სად მიგყავართ, ტელეფონთან? აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული და ე.წ. “აჩოტების” ჩაბარება უნდოდა დამკვეთთან”, - ამბობს ტყეშელაძე... ხოლო ფონდ “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, ჩამოფრენისას აეროპორტში “ოცნების” მომხრე აქტივისტები დახვდნენ და “მონა-მონა” უძახეს”, - დასძენს გამოცემა.

“დარწმუნებული ვარ, რუსები ცხინვალში არავის შეუშვებენ” - ზაქარეიშვილი

“ჩინეთიდან ინვესტორები ოკუპირებულ ცხინვალში ბიზნესის დაწყებას გეგმავენ. როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, დაინტერესებულია ორი კორპორაცია, მათგან ერთი ჩინური მანქანათმშენებლობის ქარხნის აგებას, მეორე - კვაისის ტყვია-თუთიის საბადოს ამუშავებას აპირებს, რის გამოც აპრილ-მაისში ჩინური დელეგაციები ცხინვალში უკვე ორჯერ ჩავიდნენ. ჩინეთი, რომელიც გასული წლის ივნისიდან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორადაა აღიარებული, ამ ვიზიტებითა და ბიზნესგეგმებით “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონს არღვევს, რის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტიც და უფრო მეტიც, ბიზნესის კეთება აკრძალულია, მით უფრო, როგორც ქართველი პოლიტოლოგები აცხადებენ, ჩინეთში დამოუკიდებელი ბიზნესი არ არსებობს, ყველა სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული და ამდენად, სტრატეგიულმა მოკავშირემ უნდა აგვიხსნას, სინამდვილეში რა მოხდა ცხინვალში - ვინ ჩავიდა, რატომ და როგორ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “დარწმუნებული ვარ, რუსები ცხინვალში არავის შეუშვებენ”.

“მაისში ჩვენთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ორი დელეგაცია ჩამოვიდა. ერთი დაინტერესებული იყო კვაისის ტყვია-თუთიის საბადოთი, მეორე ჩამოვიდა შემოთავაზებით, რომ სამხრეთ ოსეთში გაეხსნათ ქარხანა ჩინური ავტომობილების ასაწყობად”, - განაცხადა პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ჩასულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინე ჯუსოევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში. ჯუსოევის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის დელეგაცია ჩინეთში ჩასვლას ამ წლის ოქტომბერში აპირებს და მოლაპარაკება უფრო დაწვრილებით გაგრძელდება. ოკუპირებულ ცხინვალს ესტუმრა ასევე ირანის დელეგაციაც, რომელთანაც თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. “სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ასევე აპირებს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტით ჩასვლას და ვფიქრობ, ჩვენ გავაფართოებთ საერთაშორისო თანამშრომლობას”, - დასძინა ჯუსოევმა. რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, “გაეროში რეზოლუციაზე თავშეკავებით ჩინეთმა დაამტკიცა, რომ არ ადარდებს საქართველო”... - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩინეთთან გაფორმებულია თითქოსდა სტრატეგიული ურთიერთობების დოკუმენტი, მაგრამ ჩინეთმა უკვე დაამტკიცა, რომ სულაც არ ადარდებს საქართველო და ეს დაამტკიცა არა ცხინვალში ბიზნესმენების ჩასვლით, არამედ გაეროში რეზოლუციაზე თავის შეკავებით. სტრატეგიული ურთიერთობა ნიშნავს, რომ ითვალისწინებ შენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებს და ჩინეთს ხმა უნდა მიეცა რეზოლუციისთვის. ბუნებრივია, იბადება მრავალი კითხვა ცხინვალთან დაკავშირებითაც. ყოველთვის თავს ვარიდებ სოხუმიდან და ცხინვალიდან წამოსული განცხადებების კომენტირებას, როდესაც უცხო ქვეყნებს შეეხება საქმე, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩინეთი თავად დაადასტურებს ან უარყოფს ამ ფაქტს. ჩინეთის საელჩოს განცხადება არ გაუკეთებია. კარგი იქნება, მას მოვთხოვოთ პასუხი: ვინ ჩავიდა, რას წარმოადგენდა ის ხალხი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ის, რომ ჩასული იყო დამოუკიდებელი კომპანიის დელეგაცია ვითარებას არსებითად არ ცვლის. ჩინეთი ისეა მოწყობილი, რომ ბიზნესსაც სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს, თურქეთისგან განსხვავებით, სადაც ნამდვილად საბაზრო ეკონომიკაა და ნამდვილად დამოუკიდებელი კომპანიებია, რომლებიც არ ეკითხებიან ჭკუას მთავრობას. ამიტომ ჯობს მთავრობამ დაადასტუროს, სინამდვილეში რა მოხდა. რაც არ უნდა დამოუკიდებელი კომპანია იყოს, ის მაინც აფელირებული იქნება ჩინეთის ხელისუფლებასთან. რადგან ოფიციალური განცხადება არ მოგვისმენია, მაინც მგონია, რომ უფრო რუსულ-ჩინური კომპანია იქნებოდა, სადაც რუსული მმართველობა იქნება და ვინაიდან ჩინური კომპონენტიცაა, ცხინვალის დე ფაქტო მმართველობამ თავი მოიწონა, აი, ჩინელებიც კი ჩამოდიანო. მათ აღიარების პოლიტიკისთვის ფსევდონაბიჯების გადადგმა სჭირდებათ და ამას ვხედავთ ახლა. დარწმუნებული ვარ, რუსები ცხინვალში არავის შეუშვებენ. თუმცა ეს არ უხსნის ჩინეთს პასუხისმგებლობას, მაინც უნდა გაკეთდეს განცხადება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ჩინეთი ვალდებულია, სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, მკაფიოდ განაცხადოს, სინამდვილეში რა მოხდა ცხინვალში - ვინ ჩავიდა, რატომ და როგორ. საქართველოს მთავრობისგან მე ადეკვატურსა და კარგს არაფერს ველოდები. რომელი ინსტიტუტი მუშაობს საქართველოში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობდეს?! ამის მიუხედავად, უნდა ვკითხოთ. მე არ ვენდობი მათ, მე უფრო ჩინეთის საელჩოს განცხადებას ველოდები”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “ირანიდან დელეგაციის ჩასვლაზეც იყო საუბარი. ცხინვალში ირანელთა ბიზნესაქტიურობასაც უნდა ველოდოთ?” - პასუხობს:

“ჯერ არაფერი მომხდარა და წინასწარ ნუ ავკიდებთ ცოდვას. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჯობს ჯერ რამე მოხდეს. ირანი მაქსიმალურად ცდილობს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ეს ჩანს რეზოლუციაზე ხმის მიცემითაც. მხოლოდ რაღაც მოსაზრებებით ჩრდილს ნუ მივაყენებთ, თუმცა კითხვები არის”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა