შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში სამეცნიერო პროექტის „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ პრეზენტაცია გაიმართა.
სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში ვიზიტი განხორციელდა, სადაც საერთაშორისო აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და მეცნიერებს ქართული მწერლობა გააცნეს.
პროექტი მიზნად ისახავდა ქართული ლიტერატურის ინტერნაციონალიზაციასა და პოპულარიზაციას. ასევე, სამომავლოდ ერთობლივი ტრანსნაციონალური პროექტებისა და კვლევების წარმოებას, საერთაშორისო საგრანტო პროექტებში სამომავლო პარტნიორობას, კოლაბორაციის გაღრმავებას, პარტნიორთა ქსელის გაფართოებასა და ლიტერატურის, როგორც უმნიშვნელოვანესი შემოქმედებითი ინდუსტრიის კომერციალიზაციას.
კერძოდ, პროექტის ფარგლებში სამეცნიერო ვიზიტი ოთხი სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში განხორციელდა: 1) საფრანგეთში (პარიზი - ახალი სორბონას უნივერსიტეტი 2) გერმანიაში (ოდერის ფრანკფურტი, პოტსდამი - ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, პოტსდამის უნივერსიტეტი; 3) აზერბაიჯანში (ბაქო - ხაზარის უნივერსიტეტი) - აზერბაიჯანის კომპარატივისტული ლიტერატურის ასოციაცია) ბულგარეთში (სოფია - ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, ბულგარეთის ლიტერატურის ინსტიტუტი.
წაკითხული მოხსენებების თემატიკა მასპინძელი მხარის სამეცნიერო ინტერესების გათვალისწინებით შეირჩა და ქართული ლიტერატურის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდები მოიცვა.
როგორც შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტმა, პროფესორმა ირმა რატიანმა განაცხადა, ქართული ლიტერატურის წარდგენამ ევროპული სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან უდიდესი ინტერესი გამოიწვია.
მისი განმარტებით, გაჩნდა მნიშვნელოვანი ინიციატივები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე, დაიგეგმა ერთობლივი კვლევები და პროექტები.
„მგონი გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს არის ნამდვილად საქვეყნო მნიშვნელობის პროექტი. მისი საშუალებით ჩვენ შევძელით ქართული ლიტერატურის სხვადასხვა პერიოდებზე საჯარო ლექციების წაკითხვა მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვან საუნივერსიტეტო და კვლევით ცენტრებში. მოვიარეთ 6 სხვადასხვა ქვეყანა. შესაბამისად, სხვადასხვა საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია. წავიკითხეთ ლექციები ქართული მწერლობის სრულიად განსხვავებულ პერიოდებზე. ასევე, ქართველ მწერლებზე, რომლებიც ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ. ამ საჯარო გამოსვლების მთავარი მიზანია, ვაჩვენოთ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურულ საზოგადოებას, თუ როგორი ძლიერია ქართული ლიტერატურის ბმა ევროპულ და მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მას ძალიან ხანგრძლივი, მდიდარი კულტურული და ლიტერატურული ისტორია აქვს. თავისი ლიტერატურის განვითარების ყველა ეტაპზე ის საერთაშორისო ლიტერატურული საზოგადოების აქტიური წევრია. აუდიტორიის მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალი იყო. ამან სასიამოვნოდ გაგვაოცა. რაც მთავარია, ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ყველა ვიზიტის შემდეგ უკუკავშირი მიგვეღო იმ უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან, სადაც ვიმუშავეთ. აღსანიშნავია, რომ ეს მართლაც ასე მოხდა და ყველა ცენტრიდან უკუკავშირი მიღებულია. ეს არის შესანიშნავი ამბავი. მათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ საკმაოდ ვრცელი შეფასებები გამოეგზავნათ. ეს შეფასებები ზუსტად ასახავს იმ მნიშვნელობას, რაც ამ პროექტს ჰქონდა. ამ ლექციებს ესწრებოდნენ პროცესორები, მეცნიერები, ასევე, სტუდენტები, მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლებიც. ლექციების ძალიან საინტერესო და პრაქტიკული გამოძახილი არის ის, რომ მივიღე წინადადება ორი ამერიკული და ერთი ფრანგული გამომცემლობისგან, რომ წარვადგინოთ წიგნი ქართულ ლიტერატურაზე. მათ ასეთი წიგნების გამოცემა მოისურვეს“, - განაცხადა ირმა რატიანმა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა პროექტის განხორციელების პროცესის ამსახველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რომელიც პრეზენტაციაზე აჩვენეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, კანცლერის მრჩეველმა, ნინო ჭალაგანიძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
ნინო ჭალაგანიძის განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაციას.
„ეს არ არის პირველი პროექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობით შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად შეიქმნა, ეს უკვე რიგი მეხუთე პროექტია. ჩვენი მიზნები ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენთვის პატივი და პასუხისმგებლობაც იყო, ჩავრთულიყავით ასეთი სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებაში და დავხმარებოდით ინსტიტუტს არა მხოლოდ აკადემიური კონტრიბუციით, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით, არამედ იმითაც, რომ პროექტის გაშუქებას ვახდენთ. ამისთვის სპეციალურად დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, სადაც ასახულია, როგორ ჩადიოდნენ ჩვენი პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა დიდ აკადემიურ ცენტრებში, უნივერსიტეტებში და ქართული ლიტერატურის შესახებ ლექციებს ატარებდნენ“, - განაცხადა ნინო ჭალაგანიძემ.
მისი განმარტებით, აუდიტორიის მხრიდან ქართული ლიტერატურის მიმართ დაინტერესება ძალიან დიდი იყო.
„უკვე გვაქვს გამოხმაურებები სხვა ქვეყნებიდანაც. ჩამოდით ჩვენთანაც, ჩაატარეთ ლექციები, სიამოვნებით მოვისმენთ და ჩავერთვებით ასეთ მნიშვნელოვან პროექტშიო. ალბათ, ამ პროექტს გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება და ამით არ დასრულდება“,- განაცხადა ნინო ჭალაგანიძემ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, კანცლერი, ვახტანგ წივწივაძე მიიჩნევს, რომ ფასდაუდებელია ის შრომა და ძალისხმევა, რაც ქართული ეროვნული ტრადიციების აღორძინებისა და ქართული მწერლობის პოპულარიზაციისთვის პროექტის ორგანიზატორებმა გასწიეს.
„ეს არის ქართული ეროვნული ტრადიციების აღორძინებისა და გაცნობის უდიდესი ძალისხმევა და შესაძლებლობა, აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანების შემოქმედებით. იმ ჯგუფის, რომელმაც ასეთი გრანდიოზული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. დღეს რომ შედეგები შეაჯამეს, ეს არის ბრწყინვალედ გაკეთებული საქმე. წარმატებებს ვუსურვებ, თუკი ისინი ამ კუთხით მუშაობას გააგრძელებენ, მათ მომავალში ჩემი მხარდაჭერა ექნებათ“,- განაცხადა ვახტანგ წივწივაძემ.