ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2024

გიორგი კობერიძე - ბლიცკრიგი უკრაინულად ანუ გამოაცხადებს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას?!

აშშ-ის მხარდაჭერა და პრეზიდენტის რეიტინგი - რატომ დებს დასავლეთი ფსონს სალომე ზურაბიშვილზე

ირაკლი მელაშვილი - “დღეს პარტიები მოწყვეტილი არიან რეალობას”

იგორ კვესელავა - “საქართველოში ფრთები გაშალა “ქართული ოცნების” დიქტატურამ”

ვახტანგ კაპანაძე - “უკრაინამ სამ დღეში აიღო იმაზე გაცილებით მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთმა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში“

* * *

გიორგი კობერიძე - ბლიცკრიგი უკრაინულად ანუ გამოაცხადებს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას?!

“თავიდან ცოტა ბუნდოვანი იყო, რა ტიპის სამხედრო მოქმედებებთან გვქონდა საქმე, თითქოს უფრო რეიდს ჰგავდა. გახსოვთ, წინა წელსაც რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული სამხედრო ჯგუფები საკმაოდ ღრმად შევიდნენ, მაგრამ ეს ოპერაცია იმჟამად 24 საათში დასრულდა. ახლა კი ვხედავთ მასშტაბურ ოპერაციას, რომელშიც რეგულარული არმიის ნაწილები მონაწილეობენ. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება იყოს ამ შეტევის მიზნები, ამას აქვს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მხარე. ყველაზე მარტივი სამხედრო-ტაქტიკური მიზანი შეიძლება იყოს მოწინააღმდეგის დემორალიზება და შოკში ჩაგდება. ჩემი შეფასებით, დემორალიზება უკვე მიღწეულია, რადგან რუსეთის არმია უკვე საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვის და საკუთარ ტერიტორიას ბომბავს, რაც შოკია რუსული სამხედრო ნაწილებისთვის. ასევე შოკია ის, რომ წვევამდელები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იყვნენ, ფაქტობრივად, უომრად ჩაბარდნენ უკრაინელებს მას შემდეგ, რაც მათი ხელმძღვანელობის ნაწილი გაიქცა, ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა. ამის შემდეგ რუსებმა იარაღი ძალიან მალე დაყარეს, რაც ასევე ძალიან დიდი დარტყმაა”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბლიცკრიგი უკრაინულად ანუ გამოაცხადებს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას?!

“აქვე უნდა აღვნიშნოთ რუსეთის სპეცსამსახურების ჩავარდნაც, ფაქტობრივად, შეტევა, რომელიც, დიდი ალბათობით, კარგა ხნის განმავლობაში მზადდებოდა, გამოეპარათ. გარდა ამისა, უკრაინელებს ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ დონეცკის ოლქში და ახლა გადავდივართ ამ ოპერაციის მეორე მიზანზე, რომელიც ასევე მიღწეულად უნდა ჩაითვალოს, რადგან ამ ოპერაციის დაწყების შემდეგ დონეცკზე დაწოლა შემცირებულია. რუსები იძულებული გახდნენ, მოეხსნათ ნაწილები და საკუთარ ტერიტორიაზე დაებრუნებინათ უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიების დასაცავად. ამ ოპერაციის კიდევ ერთი სამხედრო მიზანი, სავარაუდოდ, არის სუმის ოლქისთვის ერთგვარი ფარის შექმნა. უკრაინის ეს ოლქი თვეების განმავლობაში იბომბებოდა, განსაკუთრებით მისი სასაზღვრო რაიონები, ბოლო დღეებში კი უკრაინელებმა მოახერხეს რუსეთის საცეცხლე პოზიციების სრული განადგურება და რუსული არმიის საყრდენი პუნქტების არა მარტო აღება, არამედ ახლა თვითონ იყენებენ მათ მტრის წინააღმდეგ. მოკლედ, სუმს გაუკეთეს ერთგვარი ფარი, ფაქტობრივად, მოსპეს ის ბაზები, სადაც რუსები წვრთნიდნენ ახალწვეულებს. გარდა ამისა, ამას შეიძლება ჰქონდეს სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მიზანიც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“როგორც ცნობილია, სუჯის გაზგამანაწილებლის მართვა უკრაინელებმა მალევე აიღეს საკუთარ ხელში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ახლა მათ ხელშია გაზის მიწოდების რეგულატორი, რუსებს კი დაკარგული აქვთ მნიშვნელოვანი ობიექტის კონტროლი, რაც რუსეთის უსაფრთხოებისთვის ასევე დიდი დარტყმაა. ჩვენი ინტერვიუს ჩაწერის დროს ბრძოლები მიდის კურჩატოვისთვის, სადაც ატომური ელექტროსადგურია. თუ უკრაინელებმა შეძლეს მისი ხელში ჩაგდებაც, ისინი მთელი საზღვრისპირა რეგიონების ელექტრომომარაგებას გააკონტროლებენ. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზნებს, ეს შეიძლება ყოფილიყო მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე სავსებით შესაძლებელია, თანაც ოკუპანტის ტერიტორიაზევე. რა გამოდის, რუსეთი მილიარდებს ყრის უკრაინის წინააღმდეგ ომში, იმავდროულად კი საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია?! ჩვენი ინტერვიუ 10 აგვისტოს იწერება და დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთი უკვე მეოთხე დღეა იძულებით თავდაცვაშია, ვერ ახერხებს უკრაინის შეტევების მოგერიებას საკუთარ ტერიტორიაზე”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“კიდევ ერთი პოლიტიკური მიზანი ისაა, რომ გადაილახა წითელი ხაზი, რომელსაც რუსეთი ავლებდა, როდესაც აცხადებდა, რომ თუ მის ტერიტორიაზე შესვლას გაბედავდნენ, განკითხვის დღეს მოუწყობდა მოწინააღმდეგეს. არადა, ვხედავთ, რომ რუსეთი ვერც ვერაფერს აკეთებს საპასუხოდ. კიდევ ერთი პოლიტიკური მიზანი შეიძლება იყოს ტერიტორიების გაცვლა, პრინციპით: ყველაფერი ყველაფერზე... ეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელებმა ამ ტერიტორიების შენარჩუნება მოახერხეს. ეს რთული ამოცანა იქნება, რადგან ერთია შეტევითი ოპერაცია და მეორე - მისი შენარჩუნება. ამ ყველაფრის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე ის არის, რომ რუსეთის მოსახლეობამ უკვე თავად იწვნია, რა არის ომი, რომელიც მათ სახლში მივიდა. დევნილების ტალღა მიაწყდა სხვადასხვა დიდ ქალაქს, ზოგი მოსკოვამდეც კი ჩავიდა, ითხოვენ დახმარებას და ა.შ. რაც არ უნდა ინფორმაცია აკონტროლოს რუსეთმა, ფაქტია, რუსებმა გამოცადეს ომის უბედურება და ამაზე სახალხოდ ლაპარაკობენ”, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“გარდა ამისა, გვახსოვს რუსეთის განცხადებები, რომ შეწყვეტილიყო ცეცხლი და გაყინულიყო ყველაფერი ისე, როგორც არის. დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთი ცეცხლს ვეღარ შეწყვეტს, აბა, კონფლიქტს საკუთარ ტერიტორიაზე როგორ გაყინავს?! ვფიქრობ, ამ ვითარებამ შეიძლება უბიძგოს რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისკენ. მოკლედ, ჩვენ ვნახეთ უკრაინელთა ბლიცკრიგი, რომელიც შეიძლება ითქვას, პირდაპირ სახელმძღვანელოდან არის გადმოტანილი. რუსეთს მებრძოლი ნაწილები საკუთარ ტერიტორიაზე აღარ ჰყავს, მათი დიდი ნაწილი გადასროლილია უკრაინაში და ამასთანავე, ამ არმიაში უკიდურესად დაბალია მორალური სული მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარ ტერიტორიას იცავენ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსეთმა თავისი ყველაზე ძლიერი, ელიტური ნაწილები დაკარგა ომის პირველივე თვეებში კიევთან, მარიუპოლსა და ხარკოვთან ბრძოლებში. ჰო, კიდევ ერთ ბაქიბუქს დაესვა წერტილი, რომ თითქოს კადიროველები საოცარი მებრძოლები არიან - როგორც კი უკრაინელები სუჯას მიუახლოვდნენ, პირველად სწორედ კადიროველები გაიქცნენ და შეატოვეს უკრაინელებს რუსები და ახლა სწორედ მათ აბრალებენ სუჯის დაცემას”, - განაგრძობს გიორგი კობერიძე.

“რაც შეეხება პოლიტიკურ გავლენას, რა თქმა უნდა, არ ველი, რომ ამ პროცესების გამო ერთბაშად ჩამოიშლება რუსეთის პოლიტიკური მმართველობა. თუმცა იმედია, რუსეთის არმიასა და მოსახლეობაში გაჩნდება პროტესტი იმის გამო, რომ მსოფლიოში მეორე არმია საკუთარი ტერიტორიის დაცვას ვერ ახერხებს. ასევე პროტესტი გაჩნდება მთავრობის მიმართ, რომელმაც ქვეყანა ასეთ მძიმე ომში ჩაითრია და ახლა საკუთარ მოსახლეობას ვერ იცავს. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს ინფორმაციის გაკონტროლებას. ბოლო დღეებში რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმა დაბლოკეს, მაგრამ რას უზამს ხალხს, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ეს ყველაფერი?! ამ ორიოდე დღის წინ, როდესაც უკრაინელებმა გაანადგურეს რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელსაც 400-მდე ახალწვეული გადაჰყავდა და მათგან ნახევარი დაიღუპა, ამ ადამიანებს ხომ ჰყავთ ახლობლები, მათ ინფორმაციას ვერ დაუმალავენ. სხვათა შორის, ამის გადამღები რუსი მოქალაქე დააკავეს. რუსეთის ხელისუფლებას აშკარად ეშინია პანიკის. იმედია, იქნება რუსეთში პროტესტი, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას გადახედოს პრიორიტეტებს და იფიქროს ომის დასრულებაზე”, - თვლის რესპონდენტი.

“პუტინმა ახსენა მასშტაბური მობილიზაციის აუცილებლობა, მაგრამ მან მშვენივრად იცის, ეს რამხელა პრობლემაა, მათ შორის პოლიტიკურად. უკრაინაში შეჭრას ომსაც კი არ უწოდებს და ამ დროს მასშტაბურ მობილიზაციას როგორ აუხსნის მოსახლეობას. გარდა ამისა, ამას უამრავი სხვა პრობლემა ახლავს. ჩვენ გვახსოვს, ომის დაწყებიდან მოყოლებული, რამდენი ადამიანი გავიდა რუსეთიდან, დაახლოებით 6-დან 9-მილიონამდე, განსაკუთრებით სწორედ ომში გასაწვევი ასაკის ხალხი. მათი დიდი ნაწილი მიაწყდა ყაზახეთს, კვიპროსს, საქართველოს, თურქეთს და ა.შ. მობილიზაცია რომ გამოცხადდეს, დარწმუნებული ვარ, ერთი ამდენი კიდევ გაიქცევა. რუსეთში კორუფცია მეფობს, რომც აკრძალონ გასვლა, კორუფციის წყალობით მაინც უამრავი რუსი გააღწევს ქვეყნიდან. ვიღაც იტყვის, ეს 140-მილიონიანი ქვეყანააო, მაგრამ ისედაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას მობილიზაციამ შეიძლება სულ მოუთავოს ხელი. ვიღაცამ ხომ უნდა იმუშაოს, ამდენ მილიონიან ქვეყანაში რაღაც ხომ უნდა აწარმოონ... ამასთანავე, მობილიზაციას სჭირდება დიდი რესურსი: იარაღი, საჭმელი, საწვავი, მომზადება. ამ ყველაფერს კი სჭირდება დიდი დრო. მხოლოდ საზარბაზნე ხორცით ომი არავის მოუგია”, - დაასკვნის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“ჩვენმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, არასწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადო - ეს იყო დიდი შეცდომა. ვფიქრობ, რუსეთის ულაპარაკო გამარჯვების სჯეროდა ერთ კონკრეტულ პირს, რომელიც პოლიტიკურ გარემოს არის მოწყვეტილი და არასწორ გათვლებს აკეთებს. მას არა აქვს საკმარისი პოლიტიკური ცოდნა და მისი გათვლები, ჩემი აზრით, მცდარია. ივანიშვილის რუსეთის უძლეველობის რწმენა გახდა იმ პოლიტიკის ქვაკუთხედი, რასაც “ოცნება” 2022 წლის თებერვლიდან აწარმოებს. ეს ომი დიდი წყალგამყოფია საერთაშორისო ურთიერთობებში. თუ რუსეთმა წარმატებას მიაღწია, რაც წარმოუდგენელია, ამ ომის შემდეგ ვიხილავთ საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის სრულ კოლაფსს, დედამიწა გაეხვევა ქაოსში, ომში, კონფლიქტებში და რუსეთის იმპერია აუცილებლად ჩვენც მოგვწვდება. თუ რუსეთი დამარცხდება, მივიღებთ ძალიან მძიმე რეალობას რუსეთისთვის და პრორუსული ძალებისთვის მთელ მსოფლიოში”, - ამტკიცებს გიორგი კობერიძე.

“არადა, საქართველოს შეეძლო დაეკავებინა სულ სხვა პოზიცია, ეთქვა, ვინაიდან რუსეთისგან დაცვის მექანიზმები არა გვაქვს, არა ვართ ნატოს წევრი, არ შეგვიძლია უკრაინას დავეხმაროთ მასშტაბურადო, და ლანძღვის ნაცვლად, ვერბალურად ყველგან და ყოველთვის დაგვეჭირა მხარი, ისე, როგორც მოლდოვამ, და ამას ყველა გაგვიგებდა უკრაინაშიც და დასავლეთშიც. “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგად მივიღეთ უკიდურესად გართულებული ურთიერთობა დასავლეთთან და იქამდე მივედით, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ რუსეთზე მეტად ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აკრიტიკებს, ხშირად შეურაცხყოფის ზღვარზე. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აწარმოებს სიმხდალის კამპანიას და ამას მშვიდობის პოლიტიკას ეძახის. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გამარჯვების იმედზეა”, - დასძენს კობერიძე.

აშშ-ის მხარდაჭერა და პრეზიდენტის რეიტინგი - რატომ დებს დასავლეთი ფსონს სალომე ზურაბიშვილზე

“როგორ აღიქმება ქართულ საზოგადოებაში დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის ღია მხარდაჭერა და ხშირი კონტაქტები? ანალიტიკოსთან შეფასებით, აშშ და ზოგადად დასავლეთი საპარლამენტო არჩევნების წინ ფსონს უკვე ღიად დებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ არჩევნებზე ექნება. გასულ კვირას, საქართველო-რუსეთის ომის მე-16 წლისთავზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო წერილი სწორედ სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა და მასში გამოთქმულია იმედგაცრუება საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ამის შემდეგ კი თბილისს ამერიკელი კანონმდებლები ეწვივნენ, რომელთაც ოფიციალური შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყეს. ეს ყველაფერი საზოგადოებაში გარკვეული თვალსაზრისით აჩენს აღქმას, რომ სალომე ზურაბიშვილის უკან აშშ დგას. ანალიტიკოსები, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, თანხმდებიან, რომ დასავლეთისთვის ახლა ქვეყანაში მთავარ დასაყრდენ ძალას სახელისუფლებო ვერტიკალიდან სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს. მასზე ფსონს ღიად დებენ და დიდი ალბათობით, არჩევნებზეც მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აშშ-ის მხარდაჭერა და პრეზიდენტის რეიტინგი - რატომ დებს დასავლეთი ფსონს სალომე ზურაბიშვილზე.

“გაზრდის თუ არა ეს ზურაბიშვილის რეიტინგს და გაიზრდება თუ არა მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, ამის პროგნოზირება უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ მას 2022 წლიდან პრეზიდენტს, მისი პოლიტიკური განცხადებების შედეგად, რეიტინგი ნამდვილად გაეზარდა. “იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ”, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამ წერილის შემდეგ კი 9 აგვისტოს თბილისში ამერიკელი კანონმდებლები ჩამოვიდნენ. სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს ორბელიანების სასახლეში სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ჰქონდათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას “მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს მუდამ ჰქონდათ და ექნებათ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, რაც მთლიანად ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს... მათ მწვავე შეფასება მისცეს მმართველი ძალის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიც “რუსული კანონია”, რომელიც აზიანებს ქართულ დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ გზას და ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დამაზიანებელ ანტიდასავლურ რიტორიკას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. საუბარი ასევე შეეხო ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი სტუმრები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ისინი ასევე იმყოფებოდნენ ოკუპაციის ხაზთან, შეხვდნენ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. საქართველოდან გამგზავრების წინ კი ვრცელი პრესკონფერენცია მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ მათ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთანაც სურდათ შეხვედრა, თუმცა უარი მიიღეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია. აშშ ამით დაინტერესებული არ არის და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს ჩვენს ურთიერთობებში. ამდენად, კვლავ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი მხარდაჭერა”, - აღნიშნა სენატორმა ჯინ შაჰინმა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის წერილი ბევრ რამეზე მეტყველებს დ პირველ რიგში იმის დასტურია, რომ დასავლეთი ფსონს ზურაბიშვილზე დებს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლებიდან ზურაბიშვილია ერთადერთი ფიგურა, რომელსაც პროდასავლური პოზიცია უკავია. ამიტომ ბუნებრივია, რომ მასთან კომუნიკაცია აქვთ”, - დასძენს გამოცემა.

“პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება, რომ ის იმედგაცრუებულია გამჭვირვალობის კანონით და რომ ეს კანონი პრორუსულია, ფარსია. მთავარი პრობლემა, რაც აშშ-ს ამ ხელისუფლებასთან აქვს, დამოუკიდებლად წარმართული საგარეო პოლიტიკა და ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობაა. ეს არის ის მთავარი ფაქტორები, რის გამოც ბაიდენის ადამინისტრაცია „ოცნებაზე“ განაწყენებულია ყველანაირად ცდილობს დასჯას. ამ ფონზე კი ზურაბიშვილი მოკავშირედ ესახებათ. როგორც ჩანს, ზურაბიშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირებამ მას პროდასავლელი ლიდერის იმიჯი შესძინა. ის ხომ ოპოზიციის გაერთიანებასაც ამ სტატუსით ცდილობს, რომ დასავლელი ლიდერია და ა.შ. ამ ფონზე, რადგან ის პრეზიდენტიც არის, რა თქმა უნდა, დასავლეთი მასზე იმედს ამყარებს. სამწუხარო ისაა, რომ ბაიდენის წერილი ასევე ეჭვებს აჩენს, რომ 27 ოქტომბერს შესაძლოა, არ მოხდეს არჩევნების აღიარება, თუკი “ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რისი ალბათობაც არსებობს. ზურაბიშვილს ერთგვარ მოკავშირედ მიიჩნევენ, თუმცა ის როგორც კი თავის სტატუსს დაკარგავს, არცთუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდება და მასზე ამხელა იმედის დამყარება ცოტა გაზივიადებული მგონია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“პრეზიდენტის განცხადებები ერთ-ერთში ემთხვევა იმ მოთხოვნებს, რასაც ჩვენი პარტნიორები “ოცნების” ხელისუფლებას უყენებენ. ამიტომ ეს თანხვედრა ბუნებრივია. მეორე მომენტია ისიც, რომ პრემიერისთვის გაგზავნილი წერილი, დიდი ალბათობით, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩებოდა. ის დეტალები, რაც ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა, ალბათ არც გახმოვანდებოდა. ამიტომ ჩვენი პარტნიორები, რომლებიც საუბრობენ, რომ მთავრობასთან პრობლემები აქვთ, მაგრამ ქართველ ხალხს დაეხმარებიან, ამის განსახიერებას პრეზიდენტში ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იციან - პრეზიდენტს აღმასრულებელი ფუნქციები ნამდვილად არ გააჩნია. მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოების განწყობის რეალური სურათი შეიქმნას და ითქვას, რომ საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი, ამისთვის არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს. კიდევ ერთი მომენტია, რომ შეერთებული შტატები ცდილობს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გზა ბოლომდე არ დაწვან. რეალურად ამბობენ, რომ ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩაატარებენ არჩევნებს. როგორც ჩანს, დასავლეთი ამ შემთხვევაში ზურაბიშვილის როლს მნიშვნელოვნად აღიქვამს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მოსაზრება, რომ აშშ და ევროპა ზურაბიშვილზე ფსონს არასწორად დებს, რადგან მას ქვეყნის შიგნით რეიტინგი არ აქვს, მცდარია. თავიდან შესაძლოა ასეც იყო, მაგრამ როგორც კი პრეზიდენტი “ოცნების” ჩრდილიდან გამოვიდა და დამოუკიდებელი მოქმედება დაიწყო, მას ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა გაეზარდა. საქართველოში ისეთი რეალობა შეიქმნა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში პრეზიდენტრი არის ერთადერთი პირი, რომელიც პროდასავლურ აქცენტებს აკეთებს. პრინციპში, მხოლოდ ის აღიქვამს რეალობას და ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლები საერთოდ აცდენილები არიან ჩვენი საზოგადოების მოთხოვნას. გასაგებია, რომ ხელისუფლება ცდილობს ამ ფონზე მისი რეპუტაცია დააგდოს და არ სურს, რომ მას საზოგადოებაში მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ 2022 წლიდან ზურაბიშვილმა შეძლო და ეს მხარდაჭერა მისი პოლიტიკური განცხადებებითა და მოქმედებებით აწია. რაც უფრო დრო გადის, ეს სიტუაცია მით უფრო იცვლება. დღეს პრეზიდენტს საზოგადოებაზე და მისი აზრის ფორმირებაზე დიდი გავლენა აქვს. მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთა ევროპული და ევროატლანტიკური კურსია, რასაც ზურაბიშვილი სწორად ახმოვანებს. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და გამოჩნდება ზურაბიშვილს რა რეიტინგი აქვს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

ირაკლი მელაშვილი - “დღეს პარტიები მოწყვეტილი არიან რეალობას”

“მე ქარტიის მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ხელმომწერ სუბიექტებს განსხვავებული პოლიტიკური მიზნები ჰქონდათ, გახარიამ კი ხელი არც მოაწერა. ბუნდოვანი იყო ფორმულირებებიც, თუ როგორ ჩამოვაყალიბებთ ტექნიკურ მთავრობას, როგორ უნდა იყოს შეზღუდული უფლებამოსილებები მაშინ, როდესაც მთავრობის უფლებამოსილება კონსტიტუციით არის განსაზღვრული - ვერც ერთი პოლიტიკური დეკლარაცია ვერ შეცვლის კონსტიტუციას და ვერ დადგება კონსტიტუციაზე მაღლა. გარდა ამისა, საკითხავია, როდესაც ამდენი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას ამარცხებ, რატომღა გჭირდება მთავრობის შეზღუდული უფლებამოსილება. რაც მთავარია, ქარტიაში არ არის ნახსენები თვითმმართველობა - თუკი თვითმმართველობას არ განავითარებ და არ გახდი მრავალპარტიულს, ძლიერს და დამოუკიდებელს ცენტრალური ხელისუფლებისგან, შეუძლებელია ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის დამყარება. არადა, ერთ წელიწადში თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს პარტიები მოწყვეტილი არიან რეალობას”.

“ჩემთვის ძალიან საეჭვოა ის მუხლიც, რომ მოსამართლეები საპარლამენტო უმრავლესობას უნდა დაენიშნა. ამით რა, უკეთეს რამეს მივიღებდით? ეს ხომ იმავეს გაგრძელებაა? საპარლამენტო უმრავლესობით მოსამართლეებს ის ნიშნავს, ვინც ხელისუფლებაშია და ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია? რაც მთავარია, დოკუმენტი ერთია, მეორე კი ის, რომ პრეზიდენტს არა აქვს აღმასრულებელი, რეალური ძალაუფლება. არადა, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველა პარტია ცდილობდა გამოეყენებინა პრეზიდენტის ავტორიტეტი სათავისოდ, მაგრამ პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ გაერთიანება ვერ ხერხდებოდა, რადგან ამისთვის მას, სამწუხაროდ, არც ძალაუფლება გააჩნია და არც ფინანსები. როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა მომხიბლავი იდეა ბევრი პარტიისთვის. კარგი იქნებოდა ისეთი გაერთიანების შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემდა ყველას, არანაც-ქოცური ამომრჩევლის ასი პროცენტი მიეზიდა, მაგრამ “ლელოსა” და გახარიას შეთანხმება ვერ მოხერხდა, ეს კი მიუთითებს, რომ დავრჩებით იმ კონფიგურაციაში, რაც არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“თავად პრეზიდენტის გარშემო თავმოყრილ პირებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ პრეზიდენტის გარშემო მოხდებოდა გაერთიანება და ამაში იპოვიდნენ საკუთარ თავს, მაგრამ მათი სურვილი ილუზია აღმოჩნდა და არანაცურ ფლანგზე ორი მოთამაშე გვეყოლება - “ლელო” და გახარია. საუკეთესო კონფიგურაცია არ არის ოპოზიციისთვის, მაგრამ იმას ნამდვილად სჯობს, რაც მანამდე იყო, როდესაც ყველა ცალ-ცალკე ცდილობდა თავისას. თუმცა მე არა ვარ დარწმუნებული, რომ “ლელო” და გახარია გადალახავენ ბარიერს. ოპოზიციის გამოკითხვებით, დღეს “ქართულ ოცნებას” 30-35% აქვს. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით 40-45%-ზე თავისუფლად ავა და, თუკი ამ ოთხიდან ერთმა მაინც ვერ გადალახა ბარიერი, “ქართული ოცნება” უპრობლემოდ გაიმარჯვებს ანუ მთავრობას დააკომპლექტებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეყოლება თუ არა “ოცნებას” ამ არჩევნებზე ე.წ. სპოილერი პარტიები, რომლებიც ოპოზიციის ველზე ითამაშებენ და რეალურად კი “ოცნების” მხარდამჭერები იქნებიან და ოპოზიციას წაართმევენ ხმებს, ჯერ ეს არ ჩანს, რადგან “ოცნებას” დღეს იმის რესურსი არა აქვს, რომ ოპოზიციაში ვინმე გააძლიეროს. თუმცა, მეორე მხრივ, ოპოზიცია რეგიონებში ძალიან სუსტია. ადგილზე ვერ პოულობენ ისეთ პირებს, ვისაც ადგილობრივ მოსახლეობაში ავტორიტეტი ექნებათ და თან ამ პარტიისთვის ბრძოლა მოუნდებათ. სამწუხაროდ, პარტიების ლიდერები, საქართველოს მოსახლეობაში მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტით არ გამოირჩევიან. ჩვენი პარტიები ლიდერებზეა აწყობილი, არადა, ყველას დაბალი რეიტინგი აქვს - დაახლოებით 15%-ია იმ პარტიის რეიტინგი, ვინც შეიძლება ბარიერი გადალახოს, ლიდერების უფრო დაბალია. თანაც თავად ლიდერებს აქვთ უცნაური პოლიტიკა, ცდილობენ პარტიაში მოიზიდონ ადამიანები, რომლებიც უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან, და არა საკუთარი აზრის მქონე ძლიერი პიროვნებები. ეს არის ქართული პოლიტიკური სისტემის უბედურება და ეს განსაკუთრებით გამოჩნდება ამ არჩევნების შემდეგ, რადგან პირველად სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“მაჟორიტარულ სისტემას კი აქვს თავისი მინუსები, მაგრამ ადგილზე პარტიის გაძლიერებას, ასე თუ ისე, უწყობდა ხელს. ახლა სიას სრულად პარტიის ლიდერი დააკომპლექტებს და ვინც პარლამენტში შევა, თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევს ლიდერის წინაშე, რადგან სიაში მან ჩასვა. ამიტომ სანამ გვექნება ეს საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური პარტიების შესახებ ისეთი კანონმდებლობა, როგორიც გვაქვს, პარტიული ცხოვრება არ გვექნება, რადგან პარტიები მოწყვეტილი არიან რეალობას. კი დადიან რეგიონებში, ხალხს ხვდებიან, სინამდვილეში კი ეს პარტიის აქტივის ნათესავ-მეგობრებთან შეხვედრაა. ათწლეულებია ვუყურებ და კარგად ვხედავ, რას დაემსგავსა ეს შეხვედრები. ტრადიციად იქცა, პარტია რამდენიმე კაცის კოოპერატივია და არა მისი წევრების აზრებისა და იდეების გამომხატველი. ისინი გამოხატავენ რამდენიმე ლიდერის აზრს და ამით, სხვათა შორის, ხელისუფლება სარგებლობს”, - განმარტავს ირაკლი მელაშვილი და შეკითხვაზე - “როცა არჩევანი უნდა გაკეთდეს დასავლეთს და რუსეთს შორის, ეს არ არის საფუძვლიანი ფაქტორი საიმისოდ, რომ გადაელახათ პირადი ამბიციები?” - პასუხობს:

“ვერც გადალახავენ, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ლიდერები პარტიის წევრების აზრებსაც კი არ გამოხატავენ, მათთვის უპირველესია საკუთარი თავი, საკუთარი ადგილი და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. სხვანაირად რომ იყოს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გავლენა, უკუკავშირი უნდა არსებობდეს პარტიებსა და საზოგადოებას შორის, როგორც არის დემოკრატიულ სამყაროში. ამის კარგი მაგალითია ის, რომ გახარია და “ლელო” რომ გაერთიანებულიყვნენ, მათ ჰქონდათ მეორე ადგილის დაკავების შანსი და დაემთავრებინათ ის დიქოტომია, რაც არსებობს ქართულ პოლიტიკაში 2012 წლიდან - “ოცნება” თუ “ნაცმოძრაობა”. ეს იყო საზოგადოების ინტერესში, ყველა ხედავდა, რომ თუ გაერთიანდებოდნენ, მეორე ადგილის დაკავება შეეძლოთ”.

“ყველა ხედავდა, რომ პარტიების ლიდერები არ გრძნობენ ვალდებულად თავს ამომრჩევლის წინაშე. ჰგონიათ, ამომრჩეველმა უნდა დაიჯეროს იმის, რასაც ისინი ეუბნებიან, და არა საზოგადოების მოთხოვნები შეასრულონ. ეს არის დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სისტემებს შორის განსხვავება. ჩვენ 35 წელია, არადემოკრატიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არადა, გავიძახით, დემოკრატიულ სისტემას ვაშენებთო, მაგრამ გვაქვს აბსოლუტურად არადემოკრატიული ცენტრალიზებული სახელმწიფო მართვის სისტემა. ზუსტად იგივეა პარტიების ცენტრალიზებული მართვის სისტემაც. ჩვენი პარტიები ავტორიტარული ორგანიზაციებია, რომელთა სათავეში დგას რამდენიმე კაცი, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას და არაფერს ეკითხებიან პარტიის წევრებს. ჩვენ კი გვინდა დემოკრატიული სისტემა ავაშენოთ ამ მასალით, მაგრამ როგორც შეუძლებელია ცუდი მასალით კარგი სახლის აშენება, ასევე შეუძლებელია ცუდი პარტიებით დემოკრატიის დამყარება... იმისდა მიუხედავად, ოპოზიცია კარგია თუ ცუდი, ცვლილება აუცილებელია”, - თვლის რესპონდენტი.

“2003 წელსაც, როდესაც სათავეში შევარდნაძე იყო, ცვლილება იყო აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციით მაშინაც არ ვიყავი აღფრთოვანებული. 2012 წელსაც ცვლილება იყო აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია რაც იყო და როგორიც იყო, ვიცოდი. ხელისუფლება, რომელიც რაღაცას აშავებს, უნდა შეიცვალოს, ამ ჩამყაყებული გარემოდან უნდა გამოვიდეთ, თორემ თუკი ამ ხელისუფლებით მივედით 2028 წლამდე, გვეყოლება ბევრად უარესი ხელისუფლება, ვიდრე ახლა გვყავს და გვეყოლება ბევრად უარესი ოპოზიციაც. რადგან ეს პოლიტიკური სისტემა არ იძლევა ნორმალური პოლიტიკური პროცესის განვითარების საშუალებას. მეორე მხრივ, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში არის შანსი, რომ ეს ჩამყაყებული სიტუაცია შეიცვალოს. თუკი მოხერხდა კოალიციის შექმნა, მას არ ექნება ისეთი ყოვლისმომცველი ძალაუფლება, რაც აქვს დღეს “ქართულ ოცნებას”, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას, გაჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალები, რისი მოთხოვნაც და რესურსიც არის საზოგადოებაში. ჯენზის თაობა დღეს თითქოს პატარები არიან, მაგრამ საზოგადოებაში მეტი თავისუფლების პირობებში რამდენიმე წელში მათ ექნებათ საშუალება ნელ-ნელა დაიწყონ პოლიტიკურად ფორმირება, ისევე, როგორც დაიწყო პოლიტიკის ფორმირება იმ თაობამ, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს გამოვიდა და დამოუკიდებლობა მოითხოვა”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

“დემოკრატიული სისტემის შესანარჩუნებლად ზოგადად, აუცილებელია ხელისუფლებების ცვლილება, თორემ რას იზამს ოპოზიცია, ამაზე არც დიდი ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს და არც ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის ბევრ კარგ რამეს გააკეთებენ. საქართველოში რომელიმე პარტიამ თუ იცის, რომ შრომის ნაყოფიერებით უკიდურესად ჩამოვრჩებით არა მარტო ევროპას, არამედ ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს? ვინმე გვთავაზობს, როგორ უნდა შევცვალოთ ეს? ამ პარტიებს მხოლოდ ის აინტერესებთ, რაც გვესმის - მიშა გავათავისუფლოთ-არ გავათავისუფლოთ, ანაკლია ავაშენოთ-არ ავაშენოთ! არავინ ამბობს, რომ იმ დღის წესრიგით, რასაც ოპოზიცია გვთავაზობს, არც ქვეყნის წინსვლაა შესაძლებელი და არც ამ პარტიებს აქვთ წარმატების საფუძველი. “ლელო” რომ გვეუბნება, ანაკლია აშენდება და ქვეყანაც აშენდებაო, სასაცილოა, რადგან ქვეყნის აშენება მხოლოდ ერთი პორტის აშენება ხომ არაა?! ეს ხომ ხაზარაძის პირადი ინტერესია! ასევეა “ნაცმოძრაობა”, რომლის მთავარი სალაპარაკოა “მიშა-ფრი” - რა `ფრი~, კარტოფილია მამაცხონებული?! ასე რომ, ოპოზიციაშიც დიდი პრობლემებია, მაგრამ მათ აღარ ექნებათ საშუალება, აკეთონ ის ცუდი რაღაცები, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.

იგორ კვესელავა - “საქართველოში ფრთები გაშალა “ქართული ოცნების” დიქტატურამ”

“ხელისუფლებაში ერთადერთი, რაც შეიძლება მათ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სიტუციის განსამუხტად გააკეთონ, ეს არის უკან დახევა, შეცდომების აღიარება და რაც მთავარია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ამერიკასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია რამის გამოსწორება, გულახდილი საუბარი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ თუ სიმართლეს ვიტყვით, ეს გაგვაკეთებინებს საქმეს, თორე თუ ტყუილს ავურევთ, მდგომარეობა ვერ გამოსწორდება. სიმართლე ყოველთვის მწარეა, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას. თუ ხელისუფლებას რაიმე გეგმა აქვს და მე ვიცი დაახლოებით რაც, ეს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები არ იქნება”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამ სიტუაციაში ევროკავშირის წევრობაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ეს საკითხი არ დგას” - იგორ კვესელავა.

“პარტიების საარჩევნო სიების შედგენას რაც შეეხება, აუცილებელია გამოცდილი და განათლებული ხალხი მოხვდეს სიაში. მათ უნდა ესმოდეთ საერთაშორისო პოლიტიკა, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობების საკითხები და სხვა. არადა პარლამენტში ბევრია ისეთი, ერთხელ რომ არ გამოსულა - უბრლოდ ფული გადაიხადეს, იქ “დადეს” და არიან ისე, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ჩვენ ვიცით, რომ ოთხი პოლიტიკური ჯგუფია, აქედან სამი ოპოზოციიდან და ერთი “ოცნება”, რომელსაც “ხალხის ძალა” ჰყავს. ბუნებრივია, როდესაც “ხალხის ძალას” 10 კაცის შეყვანა მოუნდება, ვიღაც ნაწყენი დარჩება, შეიძლება 5 შეიყვანონ, ეს მათი გადასაწყვეტია. პარლამენტის დღევანდელი წევრები, ხელისუფლებიდან ვგულისხმობ, ყველას იქ მოხვედრა უნდა, რასაკვირველია ყველა ვერ შევა და ისინი განაწყენებულები დარჩებიან. თუ ეს მაღალი დოზით იქნება, ისინი განცხადებებს გააკეთებენ, პარტიიდან გავლენ და თავიანთი ქმედებებით “ოცნებას” “ომს” გამოუცხადებენ. ასეთი მდგომარეობა იქნება დანარჩენ პარტიებში, თუმცა, ჩემი აზრით, ოპოზიციაში უკვე გამოკვეთილია ვინ შეიძლება პარლამენტში მოხვდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

“არჩევნები ჩატარდება და იქნება დაპირისპირებები. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ეცდება მეტის გაყვანას. მათ კოალიცია არ უნდათ და არ მესმის, რატომ. მათ ერთპარტიული სისტემა უნდათ, ეს არის პირდაპირი დიქტატურა, საქართველოში ფრთები გაშალა “ქართული ოცნების” დიქტატურამ. მე ადრეც ვამბობდი, რომ აუცილებელია კოალიციური მთავრობის შექმნა - გუნდი, სადაც იქნება ხალხი როგორც ოპოზიციიდან, ასევე მმართველი პარტიიდან და უნდა იმუშაონ, ოღონდ საკუთარი თავებისთვის კი არა, საქართველოსთვის”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “სერგეი შამბას დაბრუნება შეცვლის თუ არა საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის დალაგების პერსპექტივებს?” - პასუხობს:

“მოგეხსენებათ, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვინც იყო, გაერიდა სიტუაციას და აფხაზეთიდან წავიდა. აქ შამბა დაინიშნებოდა თუ ვინმე სხვა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხს ვერ წყვეტს, ვერც ჩვენს ქვეყანაში და ვერც სხვაგან. ესენი არიან პოლიტიკის განმახორციელებლები. რასაც ხელისუფლება ღებულობს, ვთქვათ ამერიკაში ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც, იმას მერე ახორციელებენ პოლიტიკური თვალსაზრისით საგარეო საქმეთა მინისტრები”.

“შამბა გახლავთ შედარებით ლოიალური საქართველოს მიმართ, მაგრამ აქ აფხაზეთის საკითხზე ვერაფერს იზამს, რადგან ეს რუსეთის და აფხაზეთის პოლიტიკური საკითხია, თუ ეს პოლიტიკა შეიცვლება, მაშინ სხვა ამბავია. შამბას პიროვნულად არაფერი არ შეუძლია და არავინ არ თქვას, რომ ამ მიმართულებით ის რამეს გადაწყვეტს. საკითხი უნდა დადგეს ისე, რომ მოლაპარაკებაზე წავიდნენ და ეს შეიძლება უფრო ნეიტრალურ მხარეს გაიმართოს, მაგალითად, ბაქოში ან ჟენევაში და აქ უნდა გადაიდგას დასაახლოებელი ნაბიჯები. ცნობილია, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში დასხდებიან თუ აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებენ, თუ ეს არ მოხდა და საქმე ამ კუთხით არ წავა, მაშინ არავითარი შეხვედრები არ შედგება. ეს უნდა განსაზღვროს საქართველოს მთავრობამ და ამის მიხედვით უნდა გააკეთოს ყველაფერი. ურთიერთობის დალაგების მთავარი კოზირი საქართველოსა და აფხაზეთს აქვს, რა თქმა უნდა, რუსეთის გათვალისწინებით”, - დასძენს კვესელავა.

ვახტანგ კაპანაძე - “უკრაინამ სამ დღეში აიღო იმაზე გაცილებით მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთმა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში“

“უპირველეს ყოვლისა, დასადგენია, თუ რა არის ამ ოპერაციის მიზანი - ეს რეიდია თუ მოწინავე რაზმის მოქმედება. ეს ორი განსხვავებული საკითხია. სარეიდო მოქმედება არის მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შესვლა, კონკრეტული ამოცანის შესრულება და გამოსვლა, ხოლო მოწინავე რაზმის ფუნქციებია შესვლა, ტერიტორიის, გარკვეული ობიექტის დაკავება და ძირითადი ძალების დალოდება. ეს როგორ იქნება, ჯერ არ არის გარკვეული და ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა საინფორმაციო დუმილს ინარჩუნებს. არავინ ამბობს, რომ ეს უკრაინის სამხედრო ნაწილების გაკეთებულია. რაც შეეხება იმას, თუ რას ცვლის, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, კარგი მაგალითი უკრაინის მეგობრებისთვის, რომ უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია ბრძოლა, მათი საბრძოლო სულისკვეთება არ განელებულა. რა თქმა უნდა, ეს რუსებისთვის სილის გაწვნა და იძულებაა, რომ გადაისროლონ ამ მიმართულებაზე გარკვეული რეზერვები”, - აცხადებს “ჯეოქეისის” მკვლევარი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უკრაინამ სამ დღეში აიღო იმაზე გაცილებით მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთმა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში“.

“უკრაინამ სამ დღეში აიღო იმაზე გაცილებით მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთმა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში. მე პირადად ომს არც პესიმისტურად ვუყურებდი და არც ძალიან ოპტიმისტურად, მიმაჩნდა, რომ უკრაინას ძალუძს რუსეთის შეჩერება და რუსეთს არ ჰქონდა ფრონტის ხაზზე გარღვევის ძალა. არც დასავლეთშია პესიმიზმი, პირიქით, მუდმივად იყო საუბარი, რომ უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის გენშტაბი ძალიან ბრიყვულ მდგომარეობაში ჩააგდეს ოპერატიული ფანდის, ოპერატიული სამხედრო ხერხის გამოყენებით. როგორც გახსოვთ, მუდმივად იყო საუბარი. ბუდანოვიც, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, ხშირად ამბობდა, რომ უკრაინელები ელოდებოდნენ შეტევას ჩრდილოეთიდან, სუმის ოლქიდან, და იძულებული იყო რეზერვები გადაესროლათ ამ მიმართულებაზე. ამის გამო რუსები გახარებული იყვნენ, ჩვენმა მოქმედებებმა უკრაინა იძულებული გახადა, რეზერვები იქით გადაესროლაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეზერვები­ არა რუსეთისგან თავდასაცავად, არამედ შეტევისთვის გადაისროლეს. არ ვიცი, გერასიმოვმა კიდევ რა უნდა გააკეთოს, ალბათ, დედა უნდა აგინოს პუტინს ღია ეთერში, რომ ამ თანამდებობაზე აღარ დარჩეს. მეტი რაღა უნდა შეეშალოს გენშტაბის უფროსს?”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“უკრაინა ამ შეტევაზე რომ არაფერს ამბობს კარგია იმით, რომ დასავლეთს არ აგდებს იმ მდგომარეობაში, ვინმემ უსაყვედუროს, უკრაინელებმა რატომ გამოიყენეს მათი ტექნიკა შეტევისთვისო. გარდა ამისა, უკრაინა ამით გადაჭარბებულ მოლოდინს არ ქმნის. რაც მთავარია, როგორც ჩანს, ოპერაცია არ არის დამთავრებული და აქვს მიზეზები, რატომაც დუმს კიევი. რა თქმა უნდა, ეს შეტევა ამ ვითარებაში, როცა გააქტიურდა ლაპარაკი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკების დაწყებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქმნის გარემოებას, რომ უკრაინას მოლაპარაკებაზე უპირატესობა ჰქონდეს. მას ხელთ ექნება ძალიან მნიშვნელოვანი რამ სავაჭროდ. ჩვენ ხომ არ ვიცით, ეს რითი დამთავრდება და კიდევ რა ამოცანები აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე 35 კილომეტრზე შეჭრილ უკრაინულ ძალებს? გზაზე კიდევ ატომური ელექტროსადგურია. გაზგამანაწილებელი სადგური კი აიღეს, მაგრამ შემდეგ ამ ტერიტორიას უკრაინელები კიდევ რისთვის გამოიყენებენ, ჩვენ ხომ არ ვიცით, არ ვიცით, გენშტაბს რა გეგმები და ამოცანები აქვს, რა დგას ამ ოპერაციის უკან. ის, რომ ნებისმიერი სამხედრო წარმატება მოლაპარაკების წინ ამ მხარეს აძლიერებს, უდავოა”, - განაგრძობს გენერალ-მაიორი.

“რაც შეეხება შეჭრაზე პასხუს,ასე მარტივად და სწრაფად არ ხდება სხვა ტერიტორიებიდან ძალების გადასროლა. სხვა თუ არაფერი, ამას დრო სჭირდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ ტერიტორიებზე რუსები არ ელოდნენ შეტევას. ვიმეორებ _ ამაზე პასუხი კრემლმა გერასიმოვს უნდა მოჰკითხოს, რატომ იყვნენ იქ მხოლოდ მესაზღვრეები და ახალწვეულებით დაკომპლექტებული საზღვრის დაცვის ნაწილები. “ახმატი”, კადიროვის დანაყოფი, როგორც მას სჩვევია, “გმირულად” გაიქცა პირველივე გასროლის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ გერასიმოვმა ორი კვირით ადრე იცოდა უკრაინული დაჯგუფებების შესახებ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. ეს არ არის რკინის ხაზი, სადაც შეიძლება მთელი ტერიტორია იყოს დანაღმული. საკუთარ ტერიტორიას ხომ არ დანაღმავდნენ? იქ არც ფორტიფიკაციების მოწყობას აპირებდნენ, რადგან ეგონათ, უკრაინელებს ამის არც ძალა და არც გამბედაობა არ ეყოფოდათ. არადა, მწარედ შეცდნენ. რუსები ყოველ ნაბიჯზე შეცდომებს უშვებენ”, - მიიჩნევს “ჯეოქეისის” მკვლევარი.

“ რაც შეეხება კრემლში რაღაც დაპირისპირებას, ჯერ მე ვერ ვხედავ რუსეთში ასეთ არეულობას და გამიჭირდება ამაზე საუბარი, მით უმეტეს, არც ეს ოპერაცია დამთავრებულა და არც ისეთი დიდი დროა გასული, რომ ამას რაღაც მნიშვნელოვანი რეაგირება მოჰყვეს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, გამორიცხული არაფერია. როდესაც რუსეთზე გვაქვს საუბარი, ნურასდროს ვიტყვით ნურასოდეს. ჯერჯერობით რაც ვნახეთ, ის იყო, რომ გერასიმოვი ენის ბორძიკით ელაპარაკებოდა პუტინს, რომლის გამომეტყველებას ვინც შეხედა, დასკვნას თვითონ გამოიტანდა”, - დასძენს ვახტანგ კაპანაძე და შეკითხვაზე - “უკრაინის გამარჯვებად რა ჩაითვლება, რა შემთხვევაში ვიტყვით, რომ რუსეთი დამარცხდა?” - პასუხობს:

“ამ ეტაპზე, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპზე, და არა საბოლოოდ, უკრაინისთვის გამარჯვება იქნება, თუკი დაბრუნდება 2022 წლის საზღვრებამდე, ყირიმისა და ლუგანსკი-დონეცკის გარდა, ხერსონის და ზაპოროჟიეს ჩათვლით. თუ ამ სტატუს-კვოს აღადგენენ, ეს უკრაინის დიდი გამარჯვება იქნება. უკვე შემდგომისთვის მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. ეროვნულ-სტრატეგიულ დონეზე ასეთი ერთი ბრძოლა გამარჯვებას არ ნიშნავს. ისიც გასათვალისწინებელია, ქვეყანა რას მიიჩნევს გამარჯვებად. ფაქტია, რუსეთი უკვე დამარცხებულია, ეს ტერიტორიები რომც შეინარჩუნოს, პოლიტიკურ-სტრატეგიულ და სამხედრო დონეზე ეს მისთვის ძალიან წამგებიანი ომია. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის, რომ 1200 კილომეტრი ნატოს საზღვარი დაიმატა, ეს მისი დამარცხებაა”.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა