მამუკა არეშიძე - რატომ აანონსებს “ქართული ოცნება“ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას?!
მმართველმა პარტიამ 30 რჩეული დაასახელა - რისთვის სჭირდება “ოცნებას” პროპორციულ არჩევნებში პარტიული სიის დელეგატები
ზურა ბატიაშვილი - “პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი კურსკის მოვლენების ერთგვარად გადაფარვის ცდა იყო”
იგორ კვესელავა - “დღეს რომ არჩევნები იყოს, “ოცნება 30%-ზე მეტს ვერ აიღებს, მერე არ ვიცი რა იქნება...”
ვახტანგ ძაბირაძე - “თუ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის უკანა პლანზე გადაწევა სურს, ეს იქნება კატასტროფული შეცდომა!”
* * *
მამუკა არეშიძე - რატომ აანონსებს “ქართული ოცნება“ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას?!
“მე სრულ ინფორმაციაზე არ მიმიწვდება ხელი, თუმცა გარკვეული ცნობები მაქვს, რაც საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ხელისუფლებას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით შესაძლოა რეალურადაც ჰქონდეს რაიმე ხელჩასაჭიდი. პირადად მე ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ნაწილს ვეთანხმები, ნაწილსაც - არა, მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკას თანამიმდევრულობა აკლია. ჩვენ ხშირად ვჩივით, რომ რუსეთი რბილი ძალით გვებრძვის, მაგრამ ჩვენ ამ რბილი ძალის გამოყენებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე არ ვმუშაობთ. უფრო სწორად, ისე ეფექტიანად ვერ ვმუშაობთ, რომ ამან შედეგი მოგვცეს. არ ხდება იქაური მოსახლეობის მასობრივად დარწმუნება, რომ ცხოვრების წესი და პოლიტიკური ორიენტაცია უნდა შეიცვალონ. არადა, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები ამის ფართო საშუალებას იძლევა. სოციალურ ქსელებში სისტემური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ აანონსებს “ქართული ოცნება“ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას?!
“მე ვიცი 2-3 ქართველი, მათ შორის ერთი ცნობილი ჟურნალისტი, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ აფხაზურ სოციალურ ქსელებზე. პირველად მათ მიმართ იყო დიდი აგრესია, თუმცა ახლა იკლო და აფხაზები უფრო მეტად და მშვიდად უსმენენ მათ მოსაზრებებს. მუშაობა უნდა ყველაფერს. ამას სჭირდება სისტემური მიდგომა და არა ინდივიდუალური აქტივობები. ამის გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია. სამედიცინო პროგრამა, რომლის ფარგლებში არაერთმა აფხაზმა იმკურნალა, წლებია მოქმედებს, თუ ამ რამდენიმე წლის წინ ისინი საჯაროდ ამის აღიარებას და მადლობის გადახდასაც კი ვერ ბედავდნენ, ახლა შედარებით შეიცვალა ვითარება, აქა-იქ უკვე ბედავენ ამაზე ლაპარაკს. მეტიც, ზოგიერთი აფხაზი აქ რჩება საცხოვრებლად. ტენდენცია არის, სისტემა კი არა გვაქვს... რაც შეეხება იმას, რომ ამ სისტემის შექმნას და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, ეს ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. არა მგონია, იმდენად ხელიდან წასული იყოს ოპოზიცია, მისი ნაწილი მაინც, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ დადგა დღის წესრიგში, თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო ამას ხელი შეუშალოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ის, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობა პოლიტიკურად არ შეფასდა, გახდა მიზეზი იმისა, რომ 2014 წელს მე “ქართული ოცნებიდან” წამოვედი. იქ ვიყავი და კარგად ვიცი, რა ზეწოლა იყო დასავლეთიდან იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრობის” ქმედებები პოლიტიკურად არ შეფასებულიყო. იყო რამდენიმე ადამიანი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა, ესეც დასავლეთის ნებართვით, საზოგადოდ პარტიის საქმიანობა კი არ შეფასებულა. ამას სხვა მიზეზიც ჰქონდა - კერძოდ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” სწორუპოვარი წევრი იყო და ძალიან სწრაფად დაპორტირდა “ქართულ ოცნებაში”. პოლიტიკური თამაშის წესები ასეთ რამესაც ითვალისწინებს - კომპრომეტირებული ადამიანი უფრო მორჩილი და ერთგულია, შესაბამისად, ისინი ყველა ხელისუფლებას სჭირდება. ეს აწყობდა “ქართულ ოცნებასაც” და ამიტომაც მოხდა ეს მასობრივი გადმობარგება. მოკლედ, იყო დასავლეთის ზეწოლა და ასევე იყო მტრის ბანაკიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადმობირების ცდა... ახლა სხვა ვითარებაა, როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” დასავლეთის მიმართ ის ვალდებულებები, რაც 2012 წელს ჰქონდა, აღარ აქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რეპრესიები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების პოლიტიკური შეფასება კვლავინდებურად აუცილებელი მგონია. მე არ ვამბობ, რომ ეს ანგარიშსწორებად უნდა იქცეს. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რათა ანალოგიური შეცდომები კვლავაც არ იქნეს დაშვებული. თუნდაც გასარკვევია ის, თუ როგორ მივედით 2008 წლის ომამდე და მერე როგორ მივატოვეთ ბრძოლის ველი. კიდევ ბევრი სხვა საკითხია... შეფასება აუცილებელია, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია. როგორც ამბობენ, “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, მაგრამ ამ საკითხის საარჩევნო კამპანიის ნაწილად ქცევა, ვფიქრობ, არასწორია, რადგან გაცილებით სხვა რამ არის სათქმელი... ვიმეორებ, საჭიროა პოლიტიკური შეფასება და არ უნდა გავმართოთ სასამართლო... ოღონდ შეფასება უნდა იყოს იურიდიულად კარგად გამართულ ფაქტებზე დაფუძნებული. საარჩევნო პროცესში ამაზე აპელირება რამდენად შედეგიანი იქნება, არ ვიცი...” - მიიჩნევს ექსპერტი.
“კი, არიან ადამიანები, ვინც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პასუხი არ აგო, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი რაოდენობა. გადამწყვეტია ახალი ამომრჩეველი, ანუ ახალგაზრდები, რომლებსაც სულ სხვა შეხედულებები და ფასეულობები აქვთ. მათ ახალი მიდგომები და განსხვავებული დაპირებები სჭირდებათ... სიმართლე გითხრათ, მეც ვერ ვხედავ ახალგაზრდებზე მორგებულ, გამართულ კამპანიას. არადა, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ განათლების სისტემა კვლავ დიდი პრობლემაა. ჩვენ უნდა შევუქმნათ ახალგაზრდებს პირობები, რათა მაქსიმალურად ღრმა ცოდნა მიიღონ. ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში არჩევს სწავლის გაგრძელებას და მათგან ძალიან ცოტა თუ ბრუნდება სამშობლოში. თუ ქვეყანაში არ იქნა განვითარებული ეკონომიკა შესაბამისი ინდუსტრიით, სადაც შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები მაღალი ცოდნისა და ინტელექტის ახალგაზრდებისთვის, ისინი აქ არ გაჩერდებიან”, - ამბობს მამუკა არეშიძე.
“დემოგრაფიული სურათიც კატასტროფულია. მისი გამოსწორება ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა. ვერც ვერავინ გამოასწორებს, თუ არ განვითარდა საქართველოს სამრეწველო პოტენციალი. მშენებლობა, დეველოპერული საქმიანობა და სხვა სფეროები, რომლებიც დღეს ქართული ეკონომიკის ბურჯებია, ვერ ქმნის ძლიერ ეკონომიკას. დღეს მთავარია ინდუსტრიული და ტექნოლოგიური განვითარება. ამის პოტენციალი დიდია ქვეყანაში, მაგრამ არავინ იყენებს. ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რის გამოც, ალბათ, გავილანძღები, მაგრამ არა უშავს - ჩემი აზრით, დღეს ტერიტორიულ მთლიანობაზე მეტად მნიშვნელოვანია საკუთარი ერის ინტელექტუალური პოტენციალის სწორად გამოყენება და ძლიერი ინდუსტრიული სისტემის შექმნა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ტვინებს და ამის მერე ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრაც უფრო გაიოლდება. უმთავრესია სწორი სისტემის შექმნა, რომლის უპირველესი კომპონენტი ერის ინტელექტუალური პოტენციალია”, - დაასკვნის ექსპერტი.
“რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ჩემი აზრით, ომი ჩიხში შედის და მხარეები იძულებული იქნებიან მის დასრულებაზე იფიქრონ. უკრაინის კურსკში შეჭრით ძალიან დიდი იმიჯური დარტყმა მიიღო რუსეთმა. პუტინი კი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს ისეთი არაფერი ხდება, რომ ეს დივერსიული ჯგუფების ნამოქმედარია და არა მნიშვნელოვანი სამხედრო შეტევა. ამის სადემონსტრაციოდ დადის უცხოურ ვიზიტებში, თუმცა, რა თქმა უნდა, სერიოზულად არის საქმე. ჩემი აზრით, მხარეები ცდილობენ დასასრულისკენ წაიყვანონ ვითარება და მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება უკეთესი პოზიციით დასხდნენ. რა თქმა უნდა, ეს ომი მოქმედებს მთელ მსოფლიოზე, მსოფლიო წესრიგი ჩამოშლილია, ახლის მშენებლობის დაწყებას კი ჯერ პირი არ უჩანს. შესაბამისად, ყველა ცდილობს რაც შეიძლება კარგ მდგომარეობაში შეხვდეს იმ მომენტს, როდესაც დაიწყება ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა... ჩვენ ამ ეტაპზე გაცხადებული გვაქვს, რომ ვზრუნავთ სუვერენიტეტის გაძლიერებაზე და ვლაპარაკობთ დასავლურ ინტეგრაციაზე, მაგრამ ბოლო ხანს პრობლემები შეიქმნა. რა თქმა უნდა, ამაში წვლილი შეიტანა დასავლეთმაც...” - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “ერთი შეხედვით, ხელისუფლება ცდილობს მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებას, მაგრამ აშკარაა, რომ უჭირს ბალანსის დაცვა. შედეგად, ვხედავთ თითქმის უკვე ღია კონფრონტაციას დასავლეთთან...?” - პასუხობს:
“სამწუხაროდ, ბალანსი კარგა ხანია დარღვეულია. შეიძლებოდა ამგვარი პოლიტიკის წარმოება, მაგრამ უფრო მოქნილად. პატარა ქვეყანა კი ვართ, მაგრამ ჩვენი სათქმელი უნდა გვეთქვა. კარგია, რომ ვთქვით, მაგრამ შეიძლებოდა ეს უფრო დიპლომატიურად გაკეთებულიყო. მესმის, რომ საქართველოში დასავლეთს უზარმაზარი თანხები აქვს ჩადებული, დიდი ძალისხმევა აქვს დახარჯული, რომ არ მომხდარიყო სეპარატისტული რეგიონების აღიარება და ა.შ. ეს დასაფასებელია. ისიც ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მოკავშირისა და სამოკავშირეო სისტემის გარეშე ამ რეგიონში ძნელად თუ შეინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ტიპის სამოკავშირეო სისტემების შექმნას გეგმავს საქართველოს ხელისუფლება და რა იქნება ხვალ; როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა ისე, რომ თან ქვეყანა იყოს დაცული”.
მმართველმა პარტიამ 30 რჩეული დაასახელა - რისთვის სჭირდება “ოცნებას” პროპორციულ არჩევნებში პარტიული სიის დელეგატები
“ოცნებამ” საქართველოს მასშტაბით 30-ივე დელეგატი უკვე დაასახელა. 23 აგვისტოს გაირკვა მათი ვინაობაც, ვინც საარჩევნო პროცესს თბილისის ოლქებში გაუძღვება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე და “საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს”. უკვე ცნობილია ისიც, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური გაერთიანებები თავისი დელეგატების დანიშვნას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში პირველად ტარდება სრულიად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიცია კი საარჩევნო პროცესში დელეგატის ცნების შემოღებას მაჟორიტართა ინსტიტუტის რემინირების მცდელობად მიიჩნევს. ისინი მმართველი პარტიის დელეგატებს “ფეოდალებს” და “გაქსუებულ ფულის ტომრებსაც” უწოდებენ. ანალიტიკოსთა შეფასებით კი, დელეგატების დასახელებაში უჩვეულო არაფერია, რადგან ეს პირველ რიგში პარტიის საარჩევნო კამპანიის კოორდინირებასთანაა დაკავშირებული.”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მაჟორიტარების შემდეგ დელეგატები - მმართველმა პარტიამ 30 რჩეული დაასახელა / რისთვის სჭირდება “ოცნებას” პროპორციულ არჩევნებში პარტიული სიის დელეგატები და როგორ იმუშავებს ეს ამომრჩეველზე.
“ვფიქრობ, რომ ეს ამომრჩეველზე დადებითად იმუშავებს და ჩემი აზრით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით შემოიღეს დელეგატის თანამდებობა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, “დელეგატები ამომრჩევლისთვის გარკვეული სატყუარაა”, რომელიც რეალურად საარჩევნო პროცესზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს და “მით უმეტეს შედეგებზე”. “თუმცა, თუ სახელს თავს დავანებებთ, თითოეულ რაიონს რომ სიიდან თითო კანდიდატი ჰყავდეს მიმაგრებული, ეს სრულიად ბუნებრივია, რათა მან კოორდინირება გაუწიოს კონკრეტულ რაიონს და საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელოს”, - თქვა ძაბირაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ რეგიონებში 22 დელეგატი 15 აგვისტოს დაასახელა, მისი თქმით, ეს ადამიანები გაუძღვებიან რეგიონებში საარჩევნო კამპანიას და საბოლოოდ, მოხვდებიან საარჩევნო სიაში. 23 აგვისტოს კი პრემიერისგანვე გახდა ცნობილი თუ ვინ გაუძღვება თბილისის 8 ოლქს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თბილისში დელეგატებად დასახელდნენ: გია ვოლსკი (პარლამენტის ვიცე-სპიკერი); დავით კაჭარავა (პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი რაგბისტი); ზუკა რურუა (წყალბურთის ნაკრების მწვრთნელი); აკაკი ალადაშვილი (თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი); ირაკლი ხელაძე (თბილისის საკრებულოს დეპუტატი); ლადო ბოჟაძე (თბილისის საკრებულოს დეპუტატი); ნიკა ელისაშვილი (ისნის რაიონის გამგებელი); ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდოისტი, მრავალგზის პრიზიორი). 22 რეგიონალური ოლქიდან დელეგატები არიან მოქმედი დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ზაურ დარგალი, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, დიმიტრი ხუნდაძე, ზაალ დუგლაძე, ზაზა ლომინაძე, გივი ჭიჭინაძე, პაატა კვიჟინაძე, გიორგი ხახუბია, ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა ენუქიძე, ანზორ ბოლქვაძე; საჯარო მოხელეები: დავით შერაზადიშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, ზვიად შალამბერიძე, დათო კოდუა; ბიზნესმენები: ილია ინჯია, გია ჭყონი და ასევე ანსამბლ “ალილოს” სოლისტი, მუსიკოსი არჩილ ბერიძე”, - განაგრძობს გამოცემა.
“ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივან პეტრე ცისკარიშვილის თქმით, “ეს ადამიანები ე.წ. დელეგატებად გაამწესეს რეგიონებში იმისათვის, რომ არა მხოლოდ პარტიის ძალისხმევა იყოს არჩევნებში, არამედ ამ ადამიანებსაც ფული დაახარჯვინონ, ასევე ამ ადამიანების მაქსიმალური ჩართულობა მოიპოვონ. ამ მიზნებისთვის კანონმდებლობა შეცვალეს, საკუთარ თავს მოარგეს იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ასეთი რესურსი”. “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ “ერთიანობა” კანონის დარღვევას არ აპირებს და შესაბამისად, ისინი დელეგატების დანიშვნას არ აპირებენ. “საქართველოში მაჟორიტარული სისტემა აღარ არსებობს, ამიტომ ჩვენ, “ერთიანობა”, კანონს არ და ვერ დავარღვევთ. ასევე, კანონს არ არღვევენ სხვა ოპოზიციური პარტიები. ერთადერთი, ვინც ჟონგლიორობს, მანიპულირებს, ეს არის “ქართული ოცნება”, თქვა მან. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის აზრით, დელეგატების თანამდებობის შემოღება ამომრჩეველზე დადებითად იმუშავებს და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა “ოცნების” ინიციატივის მიზეზიც”, - დასძენს გამოცემა.
“ეს ამომრჩეველზე დადებითად იმუშავებს და ჩემი აზრით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით შემოიღეს დელეგატის თანამდებობა. წლების განმავლობაში რეგიონებისა და გარკვეულწილად თბილისის მოსახლეობის ნაწილიც მიეჩვია, რომ გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად ისინი ამ რეგიონის დეპუტატთან მიდიოდნენ, თუ საკითხს ადგილობრივ დონეზე სხვა სტრუქტურებში ვერ წყვეტდნენ. ესაა დამკვიდრებული ტრადიციის ერთგვარი შენარჩუნების მცდელობა ისე, რომ არ დაირღვეს საყოველთაო პროპორციულობის პრინციპები. ერთის მხრივ ეს, ხალხი ჩვეულებრივ პროპორციულ სიაში არიან, მაგრამ კონკრეტულ რეგიონებს წარმოადგენენ და შესაბამისად, უფრო მეტად იქნებიან ამ რეგიონებზე მიბმული. მათი ძირითადი ფუნქცია იქნება სწორედ ამ რეგიონების და მუნიციპალიტეტების პრობლემებზე ზრუნვა. ჩემი აზრით, ამომრჩევლისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ეს უფრო დადებითად იქნება აღქმული, ვიდრე უარყოფითად. ამ პოზიციის შემოღების ერთ-ერთი მიზანი ეს იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“მეორე მიზანი შესაძლოა იყოს ის, რომ რადგანაც ეს ადამიანები იმ რეგიონებში ცხოვრობენ და მოსახლეობასთან რაღაც ბმა აქვთ, მაგალითად, იგივე დიმიტრი ხუნდაძე უკვე კარგა ხანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარი იყო და მას კარგად იცნობენ, ეს “ქართულ ოცნებას” გარკვეულწილად გაუადვილებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებასაც”, - დაასკვნის ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის თქმით კი დელეგატები გარკვეული სატყუარაა, რათა “ოცნებამ” ხმები მოიზიდოს. თუმცა, მისი თქმით, არჩევნებსა და მის შედეგებზე ეს დიდ გავლენას არ იქონიებს. “სატყუარაა იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ამ დელეგატს ხმას არავინ არ აძლევს, ხმას საერთო სიას მისცემენ და ამით, როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ რაღაცნაირად ამომრჩეველი მოიზიდოს და თითქოს ეს ადამიანი მაჟორიტარის ფუნქციას შეასრულებს და ა.შ. რეალურად რაიონში მაჟორიტარებიც ფაქტობრივად არაფრის გამკეთებლები არ არიან, მით უმეტეს დელეგატი”, ამბობს ძაბირაძე, რომლის მტკიცებით, ეს “პროპაგანდისტული ხერხია იმისთვის, რომ არჩევნებში მეტი ხმა მიიღონ. რეალურად არჩევნებზე ეს დიდ გავლენას ვერ იქონიებს და მით უმეტეს შედეგებზე”, - წერს სტატიის ავტორი.
ზურა ბატიაშვილი - “პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი კურსკის მოვლენების ერთგვარად გადაფარვის ცდა იყო”
“პუტინის აზერბაიჯანში ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის ეჩვენებინა, თითქოს კურსკის ოლქში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ამ დროს კი ხდება, ბოლო 80 წლის განმავლობაში პირველად სხვა ქვეყნის ჯარი შედის და იკავებს რუსეთის ტერიტორიებს და რუსეთის ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. სახელმწიფო მმართველობაში ქაოსია, გაგზავნილ ჯარისკაცთა უმრავლესობა ტყვედ ჩავარდა. კურსკმა დაგვანახა, რომ რუსეთს რეზერვის არც სტრატეგიული და არც ოპერატიული რესურსი არ გააჩნია. ამიტომ პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი ერთგვარად გადაფარვის ცდა იყო. პუტინს ბევრგან აღარ ჩაესვლება, ევროპის ან ჩრდილოეთ ამერიკის რომელიმე ქვეყნის ლიდერები აღარ შეხვდებიან, ამიტომ ნებისმიერი შეხვედრა სჭირდება, რათა მოსახლეობას აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ ლეგიტიმურია. პუტინის ეს ცდები განწირულია. ამ ვიზიტმა ვერ მიჩქმალა კურსკში არსებული ვითარება”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი კურსკის მოვლენების ერთგვარად გადაფარვის ცდა იყო”.
“ქვეყნებს შორის ორმხრივი შეხვედრების შემდეგ მემორანდუმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებების გაფორმება ერთგვარი სტანდარტია. ამიტომ არ ვფიქრობ მათი განცხადებებით, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა რეგიონში უსაფრთხოების გარანტიაა და ერთად ძლიერები არიან, რომელიმე ქვეყანა დამფრთხალიყო. თუ სომხეთი იგულისხმება, არა მგონია, ფაშინიანმა, იმის გამო, რომ პუტინი ჩავიდა ბაქოში, ქვეყნის საგარეო მიმართულება შეცვალოს და პრორუსი გახდეს. სომხეთში ვითარება შეცვლილია, საზოგადოება, რომელიც პრორუსი იყო, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რუსეთის ქმედებების გამო ევროპულ ორიენტაციაზე გადავიდა. დასავლეთს რაც შეეხება, ალიევი ჭკვიანი პოლიტიკოსია და კარგად ხვდება, როდესაც აზერბაიჯანის ნავთობი თუ გაზი ევროპაში გადის და აქვს დიდი შემოსავალი, ომის დამნაშავესთან ერთად გეოპოლიტიკურ თავგადასავლებში არ უნდა გადაეშვას, ბაქოს დასავლეთთან დაპირისპირება არ აწყობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურა ბატიაშვილი.
“თურქეთს თავისი დღის წესრიგი აქვს, რომელიც აზერბაიჯანთან ახლო თანამშრომლობას გულისხმობს. თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა ჰეიდარ ალიევის პრინციპით - “ერთი ერი, ორი სახელმწიფო” ვითარდება. ამის შედეგი იყო ის, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომებში მოიპოვა. საქართველოსთვის კი აზერბაიჯან-რუსეთის მჭიდრო ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. განსაკუთრებულს არაფერს შეცვლის აზერბაიჯანის ბრიკსში გაწევრებაც. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა ორიენტაციას იცვლის, პროდასავლურიდან პრორუსულზე გადადის. როდესაც მტერს და მოყვარეს ვერ არჩევ, მაშინ მტერი ადვილად ჩაგიგდებს ხელში... არავითარი კონფლიქტი საქართველოს აზერბაიჯანთან არა აქვს და არც აწყობს ჰქონდეს. საქართველოსთვის საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება 26 ოქტომბერი, როდესაც საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რუსეთისკენ უნდა წასვლა თუ დასავლეთისკენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
”ბრიკსს არა აქვს საერთო თამაშის წესები. ევროკავშირისგან განსხვავებით, არც საერთო ბაზარი აქვს, არც საერთო ვალუტა, არც საერთო ეკონომიკური პოლიტიკა. ბრიკსში შედიან როგორც მემარცხენე ჩინეთი, ბრაზილია, რუსეთი, ისე სხვა ქვეყნები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ამ ქვეყნებთან - არც ფასეულობები, არც პოლიტიკური წყობა და არც ეკონომიკური დღის წესრიგი. ეს არის სხვადასხვა ქვეყნის ერთგვარი ჯამი. აზერბაიჯანი მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან თანამშრომლობს. ნავთობსა და გაზს, რომელსაც ევროპაში ყიდის იმ ფასად ვერ გაყიდის აღმოსავლეთში. დოლარით და ევროთი ვაჭრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, ვთქვათ, ჩინური ან ინდური ვალუტით. ამიტომ აზერბაიჯანი ითანამშრომლებს იმ ქვეყნებთან და იმ სფეროებში, რომლებიც მისთვის მოგებიანი იქნება”, - ამბობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ყოველდღიურად ველოდებოდით, რომ ირანი ცეცხლს გაუხსნიდა ისრაელს... რატომ იკავებს თავს ირანი?” - პასუხობს:
“ახლო აღმოსავლეთში ბევრი რამ კარს მიღმა ხდება. როგორც ჩანს, ირანი დაარწმუნეს, რომ მისთვის მოგებიანი არ იქნებოდა ეს ნაბიჯი. ირანი კარგად ხედავს, რომ ისრაელი არ არის ხელწამოსაკრავი ძალა, მით უმეტეს, როდესაც შეერთებული შტატები უმაგრებს ზურგს, მათ შორის სამხედრო კომპონენტითაც და დაეხმარება პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაშიც.
“როგორც ჩანს, ირანმა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან. პასუხი იქნება, მაგრამ არა განსაკუთრებული, როგორც თავიდან იყო გაცხადებული, თითქოს მიწასთან გაასწორებდნენ და ა.შ. ირანმა ჩათვალა, რომ მის პასუხს მოჰყვებოდა პასუხის პასუხი, თან ძალიან ძლიერიც, რაც თეირანისთვის შესაძლოა დამღუპველიც ყოფილიყო. ირანის გაჩერებას ვუკავშირებ არა შიშს, არამედ პრაგმატულ გათვლას. როგორც ჩანს, “ჰამასის” ლიდერი არც ისეთი მძიმეწონიანი იყო, რომ მის გამო ომი დაიწყოს ახლო აღმოსავლეთში. რუსეთი ძალიან იყო მოწადინებული, რომ ირანს ეპასუხა, რაც დიდწილად გადაიტანდა ყურადღებას რუსეთ-უკრაინის ომიდან ახლო აღმოსავლეთზე, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთმა ირანი ვერ დაიყოლია გახვეულიყო ამ დიდ ავანტიურაში. პასუხს უნდა ველოდოთ, თუმცა ის არ იქნება გამანადგურებელი, ალბათ, ზრდილობისთვის გასცემენ პასუხს”, - დასძენს ზურა ბატიაშვილი.
იგორ კვესელავა - “დღეს რომ არჩევნები იყოს, “ოცნება 30%-ზე მეტს ვერ აიღებს, მერე არ ვიცი რა იქნება...”
“ეს გახლდათ წინასაარჩევნო პროპანაგანდის ნაწილი, რომელიც მაგონებს სწორედ კომუნისტურ პერიოდში ჩატარებულ რეგიონალურ შეხვედრებს, სავარაუდოდ, ისინი გააგრძელებენ სხვა რეგიონებში ხალხთან შეხვედრებს. თუმცა მთავარი ის არის, რომ მე ვერ მოვისმინე რაიმე კონკრეტული მიზანი, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია. ხელისუფლების მხრიდან მოწოდებები, თითქოს ისინი არჩევნებში 60%-ს აიღებენ, რეალისტური რომ არ არის, ამ შეხვედრამ დაადასტურა. ამიტომ ისინი იძულებული არიან ასე მოიქცნენ. აქ ბრძოლა იმაზე კი აღარაა, რომ 60% აიღონ, არამედ გარკვეული ხმები მოიპოვონ. ყოველ შემთხვევაში დღეს ან ხვალ რომ ტარდებოდეს არჩევნები, მათ ამდენი ამომრჩეველი ვერც ერთ ვარიანტში ვერ ეყოლებათ და 30%-ზე მეტს ვერ აიღებენ, არ ვიცი შემდეგ რა იქნება”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს რომ არჩევნები იყოს, “ოცნება 30%-ზე მეტს ვერ აიღებს... მერე არ ვიცი რა იქნება”, - იგორ კვესელავა.
“უსაფრთხოების განსაკუთრებული დაცვით გამოსვლა, როგორც ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ამომრჩევლებთან წარსდგა, მსოფლიო პრაქტიკაში იშვიათია, ხოლო ქართულ ისტორიაში ასეთი რამ არც გვინახავს. მას არავინ დასდევს. ადრე ვთქვი, მის მკვლელობაზე რომ გავრცელდა ინფორმაცია, ეს შემოგდებული საკითხი იყო-მეთქი. მერე შეჩერდა ამაზე საუბარი და არც გამოძიება გაგრძელებულა, რადგან არაფერი არ იყო და რას გამოიძიებდნენ. ივანიშვილი იმხელა დონის ფიგურას არ წარმოადგენს, რომ მისი ფიზიკური განადგურებით დაინტერესდნენ. უბრალოდ რაში სჭირდებათ? თუ დასჭირდებათ, ეს სირთულეს არ წარმოადგენს. მსოფლიო პრესას გავეცანი და ყველასთვის გასაკვირი და გაურკვეველია, თუ რა აუცილებელი იყო უსაფრთხოების ამხელა ზომა. ივანიშვილის ამ პროპაგანტისტულმა დაფარულად გამოსვლამ ვერაფერი შემატა მათ, პირიქით - უკანაც დაწია და შეუმცირდა ამომრჩევლები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.
“ოცნება” იბრძვის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ბუნებრივია, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, ეს შეხვედრებიც ამაზე მიუთითებს. ხოლო ოპოზიცია იბრძვის ძალაუფლების მოსაპოველად. ეს არის განსხვავება. ბრძოლა მოპოვებისთვის უფრო რთულია, რადგან ყველა ბერკეტი ხელისუფლების ხელშია. ადმინისტრაციული სტრუქტურებიდან მათ გარანტირებული 8-10% აქვთ, საბოლოოდ ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ მათ პოლიტიკის არაფერი გაეგებათ. მათ მიერ ჰაერში გამოკიდებული განცხადებების უკან რა დგას, ჩვენ არ ვიცით, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს თბილისის მერის, კახა კალაძის ჰაერში მიმოფანტული განცხადებები... ბიძინას გარკვეული ავტორიტეტი აქვს და მან გააკეთა ის, რაც შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ ვერ გააკეთა, რასაც საზოგადოებას შეჰპირდა, ამიტომ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ - რა იყო ამის მიზეზი. ზოგადად, წინასაარჩევნო დაპირებები ხშირად არ სრულდება და ეს ჩვეულებრივი მომენტია, თუმცა რაღაც ხომ უნდა გაკეთდეს? 80-100%-ით არა, მაგრამ მიახლოვებული ხომ მაინც უნდა იყოს...”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მშვიდობის საკითხი ყოველთვის დგას დღის წესრიგში და ასეც გაგრძელდება, მაგრამ არის იმის საშიშროება, რომ ვიღაცამ ომი გამოგვიცხადოს? მშვიდობაზე აპელირება ესეც საარჩევნო აგიტაციის ნაწილია. მათი მიზანია მოსახლეობამ თქვას, რომ არაფერი არ გვინდა, მთავარია მშვიდობა იყოს. ახლა მსოფლიოს საქართველოსთვის არ სცალია, მათ შორის არც რუსეთს, მან თავის წასაღები წაიღო. “ოცნების” მიერ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” გაუქმების შესახებ განცხადებები აბსოულუტურად წამგებიანია მსოფლიოში. ხელისუფლებას შეუძლია პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, ეს გაკეთებულა ევროპაშიც და აზიაშიც და გამოაცხადოს ქვეყანაში ერთპარტიულობა. პარტიების გაუქმება ნიშნავს აზრის ჩამორთმევას, თავისუფლების დაკარგვას, დემოკრატიული ღირებულებების უარყოფას და საერთოდ, ამის შემდეგ საითკენ უნდა წავიდეთ? დიქტატორული რეჟიმი უნდა დამყარდეს? ამას აკეთებენ იმისათვის, რომ სწორედ ამ რეჟიმის დასამყარებლად ეს პარტიები ხელს უშლიან? პირდაპირ თქვან რა უნდათ”, - მიიჩნევს პოლიტილოგი.
“ოცნების” მხრიდან ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის შეცვლა ისევ და ისევ წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია. აბა, ხომ არ იტყვიან აფხაზეთის საკითხს ვერ გადავწყვეტთო. თუ ასეა ნამდვილად და შეუძლიათ ამ მიმართულებით რამის გაკეთება, თქვან, როგორ იზამენ. გეგმა წარადგინონ, კონკრეტულად როგორ აპირებენ, თორემ ეგრე ოპოზიციასაც შეუძლია ილაპარაკოს და ალბათ ამაზეც ისაუბრებენ. აფხაზებს კი საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენთან ურთიერთობის დალაგება. უფრო მეტს გეტყვით - აფხაზები მალავენ, რომ ისინი მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობენ. მაგალითად თურქეთთან, რომელსაც მათთან მჭიდრო ეკონომიკურ-ტურისტული ურთიერთობა აქვს. ასეა ბევრი ქვეყანა, მიდიან-მოდიან, აშენებენ რაღაცებს, ერთ ამბებში არიან. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. დადგა საკითხი, რომ ამ მიმართულებით წინ წავიწიოთ, აქ მსოფლიომ უნდა თქვას სიტყვა, მარტო საქართველო ვერ გადაწყვეტს, თუმცა მნიშვნელოვანია თავად აფხაზეთის პოზიცია, თორემ ეს პროცესი გაიყინება და ამ მიდგომით საქართველო აფხაზეთს ვერასოდეს დაიბრუნებს”, - ამტკიცებს იგორ კვესელავა და შეკითხვაზე - “რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის აქტიურად ჩართვა საარჩევნო კამპანიაში” - პასუხობს:
“ბიძინა ივანიშვილი ასე აქტიურად ჩართული საარჩევნო პროცესებში 2012 წლის მერე არ ყოფილა. ახლა უჭირს და ჩაერთო ისევ. მაშინ მან ქართველი ინტელიგენციის მოსყიდვა დაიწყო. დღემდეა ფონდი, საიდანაც ათასობით ლარს ურიცხავს კულტურის წარმომადგენლებს. ეს პირადად მისი ფულია და ამიტომ იმის შიშით, რომ ეს თანხები არ დაიკარგოს, ხმას მისცემენ. ამიტომ “ბიძინა მაინც ბიძინობს” და საზოგადოებაში მის მიმართ ნდობა მაინც არის. ეს ქართული საზოგადოების 10%-ია. ესაა “ოქროს 10%” და ამის იმედი აქვთ. 2012 წელს 10% კი არ იყო, არამედ გაცილებით მეტი - 70-80% და ახლა კი ამდენი დარჩა. ამრიგად, ივანიშვილი „ოცნების” “გმირია”, რომელსაც ჯერჯერობით პატივს მიაგებენ, მას უნდა მოუარონ და ეფერონ...”
ვახტანგ ძაბირაძე - “თუ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის უკანა პლანზე გადაწევა სურს, ეს იქნება კატასტროფული შეცდომა!”
“პოლიტიკური ძალა საარჩევნო კამპანიას იწყებდეს იმ დაპირებებით, იქნება პოლიტიკური რეპრესიებიო, არ ვიცი, ასეთი რამ სადმე თუ ყოფილა. ამით რიგითი ქართველი რას მოიგებს? მისი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება თუ ეკონომიკური? დასაქმდება და სამართლებრივ სახელმწიფოში იცხოვრებს თუ რა? ეს პათოსი ძალიან მაგონებს გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ბოლშევიკების განცხადებებს, რომლებმაც მთელი ციმბირი გაავსეს პატიმრებით, იმ პირებით, ვინც მათ არ ემხრობოდნენ. ამასთან, მაშინაც დასავლეთი ითვლებოდა ერთ-ერთ მტრად, რომელიც ვითარებას ურევდა და ხელს გვიშლიდა სოციალისტურ ქვეყანას სოციალიზმის შენებაში, მაგრამ რაც ააშენეს, ვნახეთ... ამ შეხვედრიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძალიან ცუდ დღეში არიან. 60% კი არა, მგონი, 30%-ის აღების იმედიც კი აღარ აქვთ,” - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის უკანა პლანზე გადაწევა სურს, ეს იქნება კატასტროფული შეცდომა!”
“მათი მუქარა და ტონიც შერჩეული იყო არა იმისთვის, რომ საზოგადოებაში ახალი ელექტორალური ფენა გაეჩინათ, არამედ იმისთვის, თავიანთ მომხრეებში გაეჩინათ რწმენა, რომ “ქართული ოცნება” ისევ დარჩება ხელისუფლებაში, რათა არ დაიწყოს სახელისუფლებო ვერტიკალის რღვევა, გვერდზე არ დაიწყოს ყურება ბიზნესმა, რომელსაც “ქართული ოცნება” გრანტებითა და ტენდერებით კვებავს... ამ შიშების გამო ჰქონდათ ასეთი აგრესიული განცხადება - ვამთავრებთ დემოკრატიას და ვიწყებთ დიქტატურასო. თუ “ნაცმოძრაობის” რეპრესირებას ცდილობენ, იმ ხალხიდან დაიწყონ, ვინც სახელისუფლებო პარტიაშია შეფარებული... უფრო სერიოზულად რომ მივუდგეთ, კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მშვენივრად არის ჩამოყალიბებული რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს აკრძალვის საკითხი. ამას რად უნდა კონსტიტუციური უმრავლესობა? არის უკვე ეს ჩაწერილი და შეუძლიათ აამოქმედონ. თუ გააუქმებენ პარტიას, ისინი დაირქმევენ პირობითად “ნაციონალურ რაღაცას” ანუ სხვა სახელს და ისევ იქნებიან. 12 წელი ებრძვიან და არათუ გააქრეს, უფრო გააძლიერეს. ახლა მათ გაცილებით მეტი უჭერს მხარს, ვიდრე 2016 წელს. მათ დღეს დაახლოებით ნახევარი მილიონი მხარდამჭერი ჰყავთ და ამ ხალხს რას უშვრებიან?!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“რომ გაიძახიან, ნიურნბერგის პროცესიო, რა ნიურნბერგის პროცესის მომწყობები არიან ეგენი?! ვიმეორებ - კატასტროფაა, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა საარჩევნო კამპანიას იწყებდეს იმის განცხადებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში დავიწყებ რეპრესიებსო. ყოველივეს მიუხედავად, შეგვიძლია თამამად თქმა, რომ საქართველოში დიქტატურის რესურსი არ არის. ერთადერთი ვარიანტია, უცხო ძალა უნდა შემოიყვანონ. არსებული შიდა რესურსებით დიქტატურის დამყარება გამორიცხულია, ამას დიდი რესურსი სჭირდება. იმან, რაც 30 წლის განმავლობაში გამოვიარეთ გამოაჩინა, რომ ჩვენთან დიქტატურას ვერ დაამყარებ. ჩვენთან ადამიანური ურთიერთობები სხვანაირად არის აწყობილი. დიქტატურის დამყარებისთვის ხალხი უნდა დააშინო, მაგრამ ეს არ გამოვა საქართველოში. ამიტომ მგონია, რომ ყოველივე ეს ბლეფია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“უკვე ყველა ხედავს, რომ “ნაცმოძრაობა” იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რომ მთავრობა დააკომპლექტოს. იმასაც ვხედავთ, რომ ოპოზიციიდან მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი გადალახავს 5%-იან ბარიერს. ამიტომ ცდილობენ გაღმა შეედავონ, თქვან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სურთ და იმუშაონ იმისთვის, რომ მიიღონ უბრალო უმრავლესობა... ოპოზიციაში რამდენიმე გაერთიანება რომ შედგა, კარგია, მაგრამ მე რომ მკითხოთ, უკეთესი იქნებოდა “ევროპული საქართველო” “ნაცმოძრაობასთან” კი არა, “ახლებთან” ყოფილიყო, ნაყოფია და დეკანოიძეც ამ ფრთაზე ყოფილიყვნენ - ეს მანევრირების მეტ საშუალებას მოგვცემდა. ახლა “ქართული ოცნება” ისევ იძულებული იქნება დაიწყოს არა მარტო “ნაციონალების” განადგურებასა და გასამართლებაზე კამპანია, არამედ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შესაძლებლობაზეც...” - თვლის ანალიტიკოსი.
“მაგრამ მაინც სწორი მიმართულებაა, რომ “ნაცმოძრაობაში” გაჩნდა ორი პოლუსი. ეს მათი მხარდამჭერების 99%-ს აითვისებს ანუ ხმა არ დაიკარგება. ორივე დაჯგუფებას აქვს შანსი, რომ გადალახოს 5%-იანი ბარიერი. “ლელომ” თავისი გამსხვილებით, ყველაზე მეტი ბენეფიტი მიიღო. დღეს ის გაცილებით ძლიერია, ვიდრე გახარიას პარტია. რამდენიმე თვის წინ კი პირიქით იყო. ყველაზე კარგი იქნება, თუ “ლელო” და გახარია შეძლებენ გაერთიანებას. ეს იქნება გარანტია იმისა, “ქართულმა ოცნებამ” რომც მოინდომოს, არჩევნებს ვერ გააყალბებს. “ქართულ ოცნებას” დღეს თავისი სახელისუფლებო რესურსით აქვს იმის დიდი შანსი, რომ პირველი ადგილი დაიკავოს. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას იმის ძალა არა აქვს, რომ პირველი ადგილისთვის იბრძოლოს. მაგრამ თუ “ლელო”-გახარია გაერთიანდნენ, სახელისუფლებო პარტიას სერიოზულ ბრძოლას გაუმართავენ პირველი ადგილის მოსაპოვებლად. პირველი ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციურად, მათ მთავრობის ჩამოყალიბების პრიორიტეტი ეძლევათ”, - განმარტავს ძაბირაძე.
“ამჟამად ხელისუფლება 800 ათას ხმას აკონტროლებს. თუ არჩევნებზე მილიონ-ნახევარი ამომრჩეველი მივა, “ქართულ ოცნებას~ აქვს შანსი, სადღაც 40% მიიღოს. ამიტომ არის აუცილებელი, რომ მოსახლეობა მივიდეს არჩევნებზე, მაგრამ მივა იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ ხელისუფლების ცვლილება რეალურია, თუმცა გამწევი ძალა არ იქნება “ნაცმოძრაობა”. თუ მოხერხდა, რომ შუაშისტი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ეს კარგი იქნება, მაგრამ “ქართული ოცნება” იმუშავებს, რომ არ მივიდეს. თავისას მიიყვანს, ოპოზიციისას კი არა და აი, ზუსტად აქ მოიგებს “ოცნება”. “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი კი მივა, მაგრამ სახიფათოა შუაშისტი ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე, თან ცოტა პრეტენზიულია და მერყევი”, - დაასკვნის ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “სალომე ზურაბიშვილის როლზეც ვისაუბროთ. მისი გავლენა ხომ არ შესუსტდა?” - პასუხობს:
“ეს მოსალოდნელი იყო. მას ან უნდა დაეტოვებინა პოსტი და წასულიყო ოპოზიციაში, ან თუ რჩებოდა თანამდებობაზე, მოსალოდნელი იყო, რომ მისი როლი ამ ეტაპზე შესუსტდებოდა, მაგრამ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მისი პერსონით დაინტერესება გაიზრდება როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც პრეზიდენტი უკრაინაში სამიტზე არ წავიდა, მაგრამ თქვა, რომ ჩაერთვებოდა და სიტყვითაც გამოვიდოდა. რომ წასულიყო, “ქართული ოცნება” გამოიყენებდა ამას თავისი პროპაგანდისთვის. ზურაბიშვილი სიფრთხილეს იჩენს და სწორ ნაბიჯებს დგამს. თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ მისი როლი უკანა პლანზე უნდა გადაიწიოს, ეს იქნება კატასტროფული შეცდომა. სალომე ზურაბიშვილი დღეს ჰაერივით სჭირდება ოპოზიციას, იმიტომ, რომ მას ჩვენი პარტნიორებისა და მოსახლეობის ნაწილის ნდობა და რეიტინგიც აქვს. ის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელია, მის ნათქვამ სიტყვას სხვა წონა აქვს ჩვენს პარტნიორებში”.