რა როლი ექნება პრეზიდენტს არჩევნებამდე და მის შემდეგ - არის თუ არა ზურაბიშვილი ოპოზიციის მაკონსილიდირებელი მთავარი ძალა
იქნება თუ არა ეს საარჩევნო პერიოდი განსხვავებული - წინასაარჩევნო აგიტაცია-კამპანია ოფიციალურად დაიწყო
რა შეუძლია უკრაინის პირველ ბალისტიკურ რაკეტას - “500 კილომეტრის რადიუსში ხვდება თვით მოსკოვი და კრემლიც კი”
* * *
რა როლი ექნება პრეზიდენტს არჩევნებამდე და მის შემდეგ - არის თუ არა ზურაბიშვილი ოპოზიციის მაკონსილიდირებელი მთავარი ძალა
“პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 2024 წლის 26 ოქტომბერს უკვე ოფიციალურად დანიშნა. შესაბამის განკარგულებას სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც მანვე აღნიშნა, ოქტომბრის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, “საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან”. როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანა უნდა მოემზადოს არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - “ევროპა თუ რუსეთი”. მან “ქართული ოცნება” და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, “დღეს პრეზიდენტი არა მარტო ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის ორიენტირია, რომელიც მკაფიოდ და ცალსახად აფიქსირებს იმას, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის განვითარების, სოციალური თუ კულტურული მიღწევების ერთადერთი სწორი გზა ევრკავშირსა და დასავლეთში ინტეგრირებაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა როლი ექნება პრეზიდენტს არჩევნებამდე და მის შემდეგ - არის თუ არა ზურაბიშვილი ოპოზიციის მაკონსილიდირებელი მთავარი ძალა.
“დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი. უნდათ, რომ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა და არავინ ამზადებს... უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი. გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი - ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა. წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ მონობა, დიქტატურა თუ დემოკრატია, ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალპარტიული ხელისუფლება”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თქმით, “ოცნება” ქართველ ხალხს ერთპარტიულ დიქტატურას დაჰპირდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაჰპირდა შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანთა დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ დიქტატურას. არჩევანი გვექნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის. ეს არჩევნები მეორედ არ დაგვიდგება. ეს არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდება, უკვე გვესმის ხელისუფლების ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა, გვაშინებენ ხან კანონით, მახვილით, დაჭერებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რამეთუ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს...” - განაცხადა პრეზიდენტმა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ პრეზიდეტი ორიენტირია არა მხოლოდ ოპოზოციური ძალების, არამედ მთელი საზოგადოების და არჩევნებამდე და მის შემდეგაც მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი თვლის, რომ არჩევნებამდე ზურაბიშვილის მკაფიო როლს ვერ ხედავს, მის შემდეგ კი, ოპოზიციას შესაძლოა წაადგეს იმაში, რომ “ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში, გააკეთოს განაცხადი, როგორც პრეზიდენტმა უფრო ოფიციალურ დონეზე, რომ - “არჩევნები გაყალბდა”, - დასძენს გამოცემა.
“მიუხედავად იმისა, ამას ვინმე იზიარებს თუ არა, დღეს მთელი ჩვენი საზოგადოების ორიენტირი პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტს არჩევნების დროსაც და მის შემდეგაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ იქნება შუამავალი ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის. ასევე, ოპოზიციასა (ზოგადად პოლიტიკურ სპექტრსა) და ჩვენს პარტნიორებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს “ქართული ოცნება” პრეზიდენტს წყევლა-კრულვას არ აკლებს, ის დღეს სახელმწიფოს წარმოადგენს და მთლიანობაში, სახელმწიფო ფუნქციის მატარებელია. ამიტომ როცა საჭირო გახდება, პრეზიდენტი ამ რთულ მისიას შეასრულებს. წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, სადაც პრეზიდენტს მკაფიოდ გამოკვეთილი ფუნქცია აქვს. ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებაში, პრეზიდენტი უნდა იყოს და არის დღეს ნეიტრალური, მათ შორის პოლიტიკური პარტიების თვალსაზრისით”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ოპოზიციას დღეს გამაერთიანებელი ძალა არ ჰყავს და ამ პირობებში სიტუაციურად ვინც გამოადგება ოპოზიციას იმაზე აიღებს ორიენტაციას და გამოაცხადებენ, რომ ეს არის ლიდერიო, იმისდა მიუხედავად, იქამდე რა აქვთ ნათქვამი, ნაფიქრი და გაკეთებული. შესაძლოა ოპოზიციურ ფლანგს დასავლეთთან დიალოგისთვის დასჭირდეთ ისეთი წონიანი ფიგურა, როგორიც უდაოდ არის ქვეყნის პრეზიდენტი. ოპოზიცია პრეზიდენტის სიტყვას უფრო ყურადღებით მოეკიდება, თუკი ზურაბიშვილი კრიტიკულ მომენტში განაცხადებს იმას, რაც ოპოზიციას უნდა. მაშინ ოპოზიცია იმ მომანტში იტყვის, რომ ესაა ჩვენი სახელით მოლაპარაკე და ჩვენი ლიდერი. უცხოელებთან რეიტინგის მხრივ, პრეზიდენტი წონიანი ფიგურაა, თუნდაც იმიტომ, რომ მას პრეზიდენტი ჰქვია. არჩევნებამდე ვერ ვხედავ ზურაბიშვილის მკაფიო როლს, მაგრამ არჩევნების დადგომისა და შემდგომი დღეებისთის, ბევრი ვარაუდობს და მათ შორის მეც, რომ შესაძლოა განაცხადოს ის, რასაც იტყვის ოპოზიცია კეროდ - “არჩევნები გაყალბდა”-ო და ამითი არჩევნების მიმართ უცხოეთის დამოკიდებულება გარკვეული თვალსაზრისით ჩამოაყალიბოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
იქნება თუ არა ეს საარჩევნო პერიოდი განსხვავებული - წინასაარჩევნო აგიტაცია-კამპანია ოფიციალურად დაიწყო
“არჩევნებამდე ზუსტად ორი თვეა დარჩენილი და წესისამებრ, წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია უკვე ოფიციალურად დაიწყო. რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში ამას “საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრავს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური მხარეები ამ არჩევნებს განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, დაძაბულობა მოსალოდნელია, ასევე არ გამორიცხავენ ფიზიკურ დაპირისპირებასაც. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იქნება თუ არა ეს საარჩევნო პერიოდი განსხვავებული - წინასაარჩევნო აგიტაცია-კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
“წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება, რა დროიდანაც არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია და საარჩევნო სუბიექტი თანასწორი უფლებებით და თანაბარი ვალდებულებებით სარგებლობს. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საარჩევნო კოდექსი” იმ პირთა წრეს განსაზღვრავს, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიაში/აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება. კანონის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა შემდეგი პირებისა: საარჩევნო კომისიის წევრისა; მოსამართლისა; პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელისა; გენერალური აუდიტორისა; სახალხო დამცველისა; უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; მარეგულირებელი კომისიების წევრებისა. გარდა ამისა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოსამსახურეებს, სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლებს, სკოლამდელი აღზრდის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებსა და აღმზრდელ-პედაგოგებს სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებენ”, - განაგრძობს გამოცემა.
“წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ ეზღუდებათ: პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს, აგრეთვე, საკრებულოს წევრებს, გამგებლებსა და მერებს, სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სასამართლოები და სამხედრო ნაწილები. “საარჩევნო კოდექსის” თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში. მათ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, - დასძენს გამოცემა.
“გარდა ამისა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა აკრძალულია - აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება. ასევე, აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მათი ღირებულების მიუხედავად), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, ასევე, აკრძალულია ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულობის გადაცემის დაპირება. “საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან საკუთარი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით აკრძალულ საქმიანობას ეწევა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, რეგისტრაცია გაუუქმდება”, - წერს სტატიის ავტორი.
“წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე თანამდებობის პირებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ეკრძალებათ. მათ შორის იკრძალება: - სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა არა აქვთ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ იკრძალება სახელმწიფო დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე თანამდებობის პირებს ეკრძალებათ: სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ისეთ საქმიანობაში ჩაბმა, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენასა და არჩევას; სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვება და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა; წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება. საარჩევნო კანონი ასევე კრძალავს საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების, სკოლამდელი აღზრდის, განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრებას”, - დასძენს სტატიის ავტორი.
“ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია გველის. მისი თქმით, მოსალოდნელია ძალადობის ინსპირირება და წაქეზება ოპოზიციის მხრიდან. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიდი დაძაბული იქნება, მისი თქმით, “ოცნების” ლოზუნგები ძირითადად შავ პიარზეა აგებული, რადგან ხალხთან სათქმელი სხვა არაფერი აქვთ, რასაც თავის მხრივ დაძაბულობა მოაქვს ხოლმე”, - თვლის სტატიის ავტორი.
“ზოგადად არაფერი შეიცვლება იმ თვალსაზრისით, რომ “ქართული ოცნება” იმ კამპანიას გააგრძელებს, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის პასუხისმგებლიანი პარტია ახორციელებს-ხოლმე. ამასთან, საზოგადოება კვლავ იხილავს დესტრუქციულ და აწ უკვე გამრავლებულ ნაცოპოზიციურ პარტიებს, საიდანაც სიცრუის, მუქარის, ძალადობისა და უმდაბლესი პოპულიმზის გარდა, არაფერი მოდის. სამწუხაროდ, წინა სხვა არჩევნების მსგავსად, რადიკალების მხრიდან მოსალოდნელია ძალადობის ინსპირირება, წაქეზება და გარკვეულწულად ექსტრემისტული გამოხტომების ორგანიზება. თუმცა, ამას როგორც წინა შემთხვევებში იყო, ოსტატურად აპოლიტიკური ქართველი სამართალდამცველები აღუდგებიან წინ და არ დაუშვებენ, რომ ომისა და ღალატის პარტიამ და მისმა განშტოებებმა, გარე ძალების დაკვეთით, საქართველოში დაამკვიდრონ ქაოსი, განუვითარებლობა და აგენტოკრატიის მიმართ მონა-მორჩილობა. არჩევანი ძალიან მარტივია - მშვიდობიან განვითარებასა და აგენტოკრატიის მონა-მორჩილობა-სიბნელეს შორი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“შედეგი იქნება ის, რაც საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის იქნება მისაღები. შესაძლოა დეკლარირებულად ენმ-ს, “ლელოს” თუ სხვათა მხარდამჭერი იყო, მაგრამ როცა მშვიდობა-განვითარებასა და შემდგომ პროგრესზეა საუბარი, აქ ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ადამიანები თანხმდებიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ რადიკალური “ნაცმოძრაობის” პირობებში, პოლიტიკური ორიენტაციები აბსოლუტურად მორღვეულია - მემარჯვენეობა, მემარცხენეობა თუ სხვა. აქ არის არჩევანი განვითარებასა და ექსტრემიზმს შორის. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური რადარებიდან გაქრებიან, სააკაშვილის მიერ შექმნილი და საქართველოს ე.წ. საგარეო მეგობრების მხრიდან განვრცობილი ეს ექსტრემისტული ძალები, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ კონკურენტულ გარემოზე, რაც მმართველ პარტიას ასე ჟანგბადივით სჭირდება, ამას თავადაც აღიარებენ. მანამდე, ქვეყანაა გადასარჩენი, რომ არ გადავარდეს ქაოსისა და უბედურების დიდ უფსკრულში”, - ამტკიცებს გია აბაშიძე.
“წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებით დაძაბული იქნება. “ქართული ოცნების” საარჩევნო ლოზუნგები ძირითადად დაფუძნებული იქნება შავ პიარზე. მათ ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა ვერ მოაგვარეს. თავის დროზე ხალხს ას ქარხანას დაჰპირდნენ და თითო სოფელს ხუთი მილიონს, ოღონდაც ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ. დღეს კი, ამ მიმართულებით არაფერს არ ჰპირდებიან და უკვე შავი პიარით მოქმედებენ, რომელსაც დაძაბული მომენტები ახლავს ხოლმე თან. 2012 წელს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია უფრო მემარცხენე პოპულიზმზე იყო დაფუძნებული, უფასო ფული, ტარიფების გაიაფება თუ სხვა. ახლა “ოცნების” პიარ-კამპანიაში უფრო მემარჯვენე პოპულიზმია გავრცელებული. საუბარია, თითქოს ეროვნული და სხვა ღირებულებების დაცვაზე. ამ პოპულზმსა და შავ პიარზეა აგებული “ოცნების” სტრატეგია. ახლა დაპირებებს აღარ გასცემენ, რადგან თავადაც იციან, რომ ხალხი ამას აღარ დაუჯერებს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“დაძაბულობები მოსალოდნელია, მით უმეტეს თავდასხმები უკვე იყო, მაგალითად მელიაზე. აქ მხოლოდ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი არაა, უფრო მწვავე შავი პიარი იქნება, რომ “ეს ურწმუნოები”, “უსამშობლოები” და სხვა ტერმინები. მათ შორის ომის თემაც იქნება წამოწეული. რაც შეეხება ოპოზიციას, მგონია, რომ ის უფრო თეთრ პიარზე იქნება ორიენტირებული - აუხსნიან მოსახლეობას თუ რუსეთი რა საფრთხეს წარმოადგენს და უშუალოდ “ოცნება”, რომელიც საქართველოში რუსეთის დასაყრდენია. ვისურვებდი, რომ ოპოზიციამ როგორმე გამონახოს საერთო ენა იმ ადამიანებთან, ვინც ოპოზიციას მხარს არ უჭერს, რეგიონებში ჩადიან და ახალ ფილიალებს ხსნიან, რასაც მივესალმები, მაგრამ ბევრ ადამიანს და იგივე საჯარო მოხელეებსაც უნდა აუხსნან, რომ ისინი თანამემამულეები არიან და არავითარი ანგარიშსწორება მათზე არ იქნება, პირიქით, აქ საყოველთაო შერიგებასა და ერის კონსოლიდაციაზე იქნება საუბარი”, - დასძენს ნიკა ჩიტაძე.
რა შეუძლია უკრაინის პირველ ბალისტიკურ რაკეტას - “500 კილომეტრის რადიუსში ხვდება თვით მოსკოვი და კრემლიც კი”
“უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელება იმიტომ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებამ “ჩვენი ხალხი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში საწარმოებში მუშაობენ”, დააფასოს. “სხვა რა მიღწევები აქვს უკრაინას? ვიფიქრე, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა განახორციელდა. ვულოცავ ჩვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს”. - განაცხადა ზელენსკიმ. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ უკრაინელებმა შექმნეს ბალისტიკური რაკეტა, რომლესაც შეუძლია 500 კილომეტრზე იფრინოს. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ ამის შემდეგ უკრაინელები მათ მიერ გადაცემული რაკეტების გამოყენების უფლებას ვეღარ შეუზღუდავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შეუძლია უკრაინის პირველ ბალისტიკურ რაკეტას - რა მანძილზე მისწვდება სამიზნეებს / “500 კილომეტრის რადიუსში ხვდება თვით მოსკოვი და კრემლიც კი”.
“ის რაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, სპეციალისტებისთვის მანამდე ცნობილი იყო, რადგან უკრაინამ ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო თავისი სამამულო ბალისტიკური რაკეტის შექმნის პროცესი, თუმცა, შემდეგ ეს პროცესი შენელდა და უკვე 2016 წელს საუდის არაბეთის დაინტერესება გამოჩნდა ამ პროგრამაში და ფინანსური დახმარებაც. 2018 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში პირველად აჩვენეს “გრომ 2” ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, ეს იყო პირველი საცდელი ეგზემპლარი. მას შემდეგ 6 წელი იყო გასული და საქმე წინ დიდად არ იყო წასული, რასაც ალბათ 2022 წელს რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე ხელი შეუშალა, მაგრამ დღეს ეტყობა უკრაინას უკვე აქვს თავისი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსი, იმ ბალისტიკური რაკეტებით, რომლებსაც შეუძლიათ არანაკლებ 500 კილომეტრზე იფრინონ. 500 კილომეტრში კი ხვდება უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან თვით მოსკოვი და მის ცენტრში კრემლიც კი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.
“ეს ერთი და მეორე - უკრაინას თავისი ბალისტიკური რაკეტა ექნება და ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები უკრაინელებს ვეღარ დაუშლიან იმ 300 კილომეტრზე მფრენი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას, რომელიც თავად გადასცეს და მისი გამოყენების უფლებას რუსეთის სიღმეში არ აძლევენ”, - მიიჩნევს ირაკლი ალადაშვილი. საგარეო ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული მოვლენა ფრონტის ხაზზე ვითარებას უკრაინელების სასარგებლოდ უფრო მეტად შეცვლის. “ჩემი აზრით, ეს ომში არსებულ ვითარებას გარკვეულწილად შეცვლის, რადგან უკრაინას შეეძლება 500 კილომეტრის მანძილზე რუსული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება. გუშინდელი რუსული მასშტაბური დაბომბვის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთმა მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყნების უფლება უნდა მისცეს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათი პოზიცია უცვლელია და უკრაინას შეუძლია მხოლოდ რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში გამოყენება”, - აცხადებს ჩიტაძე, რომლის თქმით, “უკრაინა უფრო მეტ დრონს აწარმოებს, ვიდრე რუსეთი, შესაბამისად, აღნიშნული ეტაპობრივად ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის”, - წერს სტატიის ავტორი.