მაშინ, როდესაც საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოება უკვე ჩართულია ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში, ეს ჩვენ უფრო ხელშესახებად გვაფიქრებინებს, რომ არსებობს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზანი იმისა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვის ელაპარაკებიან, ვისთან აქვთ მათ ურთიერთობა, - ამის შესახებ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ განაცხადა.
კუპრავას თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების უფლება წარმოადგენს ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც აღიარა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.
„დღეს ბევრჯერ იყო ნახსენები 9 - პუნქტიანი გეგმა. საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად ევროკომისიის მიერ გაცემული 9 პუნქტიანი გეგმა და ჩვენთვის საინტერესო არის მე-9 პუნქტი, რომელიც ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უნდა იყოს ჩართული. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში უკვე გადაიდგა ნაბიჯები. დღეს პირიქით იყო მცდელობა იმის წარმოჩენის, რომ თითქოს ამ ნაწილს არ ვასრულებთ, მე კი კონკრეტულ კანონებს მიგითითებთ, სადაც ამ მხრივ გადაიდგა ნაბიჯები და არა ერთ მნიშვნელოვან პროცესში არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოება - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი. მოგეხსენებათ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიაში წარმოდგენილია სახალხო დამცველის მიერ კონკურსის წესით შერჩეული არასამეწარმეო იურიდიულ პირთა წარმომადგენელი და მსგავსი დათქმები კომისიებთან მიმართებით გვხვდება: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დაცვის შესარჩევ კომისიაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შემთხვევაში, საერთო სასამართლოების კანონი, ორგანული კანონი და პარლამენტის რეგლამენტი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონი და ა.შ.
რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს გამჭვირვალობის ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფასთან - მაშინ, როდესაც საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, ისინი უკვე ჩართულები არიან ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში, როგორებიც არის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი, იუსტიციის საბჭოს წევრის შერჩევის პროცესი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს მაგალითები ჩვენ უფრო ხელშესახებად გვაფიქრებინებს, რომ არსებობს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზანი იმისა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვის ელაპარაკებიან, ვისთან აქვთ მათ ურთიერთობა, ვინაიდან მათ გადაცემული აქვთ ისეთი უფლებამოსილებები, რომელიც მნიშვნელოვანია და მათი მხრიდან ინფორმირებულობას ექვემდებარებოდეს", - განაცხადა ქრისტინე კუპრავამ.
მან სასამართლოს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებაა, თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია მასზე, ვისაც ის ელაპარაკება, ვინც სამოქალაქო საზოგადოების სახელით მნიშვნელოვან პროცესებში არის ჩართული.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ არსებობს ლოგიკური კავშირი და ბმა იმასთან დაკავშირებით, აღნიშნულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების უფლება ნამდვილად წარმოადგენს ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზანს და ეს ლეგიტიმური მიზანი აღიარა როგორც ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“, - დასძინა ქრისტინე კუპრავამ.