იქნება თუ არა ივანიშვილი პრემიერობის ან პრეზიდენტობის კანდიდატი
ზურაბიშვილი პრეზიდენტობის მეორე ვადაზე თანახმაა - რა შანსები აქვს მას საარჩევნო კოლეგიის პირობებში
“კრემლი ეჭვობს, რომ კიევმა “ატაკამსით” რუსეთზე შეტევის უფლება მიიღო - “მოსკოვის სიღრმეში დარტყმა შეეძლება”
* * *
იქნება თუ არა ივანიშვილი პრემიერობის ან პრეზიდენტობის კანდიდატი
“რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა სიის პირველი ნომერი ყოფილიყო და რას შეცვლის ივანიშვილის ფაქტორი “ოცნებისთვის” საპარლამენტო არჩევნებზე? მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა, ან რაიმე სხვა თანამდებობა არ სურს და “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მისი პირველ ნომრად დასახელება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ეფუძნება. ეს მნიშვნელობა კი საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებაშია. “ოცნებაში” ამბობენ, რომ ივანიშვილის ფაქტორს მათ ამომრჩეველში და საზოგადოების დიდ ნაწილში გავლენა აქვს, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება გუნდმა ერთხმად მიიღო. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ “ოცნებას” იმდენად გაუჭირდა, იძულებულები გახდნენ მაშველ რგოლად ბიძინა ივანიშვილი გამოეყვანათ. მათი აზრით, თავად ივანიშვილმა ვერ ნახა ვერავინ ისეთი, ვისაც სიის პირველ ნომრად დაასახელებდა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად არ იყო მომგებიანი დაესახელებინა სიის პირველ ნომრად პრემიერი, რომელიც საჯაროდ სცენიდან სტვენით გააძევეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით, იქნება თუ არა ივანიშვილი პრემიერობის ან პრეზიდენტობის კანდიდატი.
“რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ”, - ირწმუნება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში მესამეჯერ შემობრუნებულ ივანიშვილს “აბსოლუტურად არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს” და საარჩევნო სიაში საპატიო თავმჯდომარის პირველ ნომრად ჩაწერა ერთადერთ მიზეზს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ემსახურება. “ეს არჩევნები არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ სიის პირველი ნომერი იყოს. პირდაპირ გეუბნებით, ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის, მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს. დიახ, ამიტომ არის სიის პირველი ნომერი, რომ ჩვენ მყარი გარანტია ავიღოთ ამ ქვეყანაში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის”, - ამბობს მდინარაძე. “ოცნების” ყოფილი წევრი და “სამართლიანობის” ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ მმართველ პარტიას დღეს ძალიან უჭირს და ეს “ოცნების” პარტიულ ღონისძიებამაც ცხადყო. ივანიშვილმა ვერ ნახა ადამიანი, ვისაც სიის პირველ ნომრად დაასახელებდა, ამასთან, სიაში ის ადამიანები შეიყვანა, ვინც ყველაზე მეტად მორჩილები არიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ძალიან ცხადად ჩანს, როგორ უჭირს დღეს მმართველ პარტიას. არავინ არ ჰყავს “ქართულ ოცნებას” ლიდერი, ვერავის ვერ ჩაუყენებდა ამ სიას, იმიტომ, რომ მეორე ნომერი ამ სიის არის ადამიანი, რომელიც თავისუფლების მოედანზე ხალხმა სტვენით გააჩერა. ძალიან სევდიანად და საბრალოდ გამოიყურება 12 წლის შემდეგ ეს ყევლაფერი, იმიტომ, რომ ივანიშვილის გვედით როდესაც დგება კობახიძე, მდინარაძე და ოხანაშვილი, ის ხალხი, რომლესაც არასდროს უბრძოლია არანაირი ღირებულებებისთვის, არასდროს არაფერი ამ ქვეყანაში არ გაუკეთებია ღირებული და ქვეყის სასიკეთო, ამ ადამიანების გვერდით რომ დგება, რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკულია. საერთოდ, ვინ როგორ, რა ნიშნით ხვდება, ამას ერთი ახსნა აქვს: ვინ როგორი მორჩილია. ყველაზე მეტად მორჩილი და ყველაზე ცუდი საქმეების შემსრულებლად ვინც მიაჩნია მათ გუნდში, ისინი დარჩნენ და ამიტომაც შეიძლება არ იყო იქ თალაკვაძე”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.
“ანალიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პირველ ნომრად დასახელება ემსახურება იმ მიზანს, რომ ის კვლავ აჩვენებს საზოგადოებას, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს. ის არის გარანტორი ქვეყანაში არსებული სიმშვიდის და სტაბილურობის. ამასთანავე საყვარელიძის აზრით, მას ქართულ საზოგადოებაში კვლავ აქვს იმხელა გავლენა, რომ მისი მეშვეობით “ოცნებამ” დამატებით ელექტორატის მოზიდვა შეძლოს. მისივე თქმით, თუკი ხელისუფლებაში ოპოზიცია დაბრუნდა და მითუმეტეს ნაციონალური მოძრაობა, რაც ლოგიკურად ასე იქნება “ოცნების” წაგების შემთხვევაში, მაშინ ქვეყანაში რეპრესიები და ქონების მიტაცება დაიწყება. სწორედ ამ საფრთხეს ხედავს ივანიშვილი, რომელმაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და სიის პირველ ნომრად დასახელდა”, - დასძენს გამოცემა.
“ვხედავთ დასავლეთიდან რამხელა და რა დონის ზეწოლა მოდის იმაზე, რომ “ოცნება” ხელისუფლებაში არ დარჩეს. ამიტომაც მის გუნდს გამაგრება და თუნდაც მაშველ რგოლად მისი სიაში პირველ ნომრად ჩაწერა სჭირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომლის წაგების შემთვევაში, ივანიშვილსაც და მის გარემოცვასაც საფრთხე დაემუქრება. აქ ფიზიკურ არსებობაზეა საუბარი. ანაგრიშსწორება წავა არა მხოლოდ პოლიტიკურ ფიგურებზე, არამედ ჟურნალისტებზე, ანალიტიკოსებზე და “ოცნების” მხარდამჭერებზე. სიტუაცია ძალიან რთულია, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია.. ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი გამოწვევა დგას. მით უმეტეს არსებობს ომში ჩართვის რისკები და ამაზე არაერთხელ ყოფილა საუბარი... ივანიშვილის პირველ ნომრად დასახელება გამოიწვევს თუნდაც იმ ელექტორატის მიმხრობას, რომლებიც ადრე “ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ და რაღაცაზე განაწყენებულები განუდგნენ. არც ის არის გამორიცხული, რომ ამით “ოცნებამ” გადაუწყვეტელ ამომრჩეველზეც იმუშაოს. ივანიშვილის ფაქტორი ცხადია ბევრ რამეზეა ერთდროულად გათვლილი და ამაში უცნაურს და არასწორს ვერაფერს ვხედავ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ზურაბიშვილი პრეზიდენტობის მეორე ვადაზე თანახმაა - რა შანსები აქვს მას საარჩევნო კოლეგიის პირობებში
“სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყანა მომავალ პრეზიდენტს უკვე 300-კაციანი კოლეგიით აირჩევს. თავად ზურაბიშვილი თანახმაა, რომ მეორეჯერაც იყაროს კენჭი. უნდა აღინიშნოს, რომ შანსები მას ეძლევა საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, თუმცა აქაც პრობლემაა, რადგან ენმ-ში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიდგომა - “ჯერ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და მერე მომაკითხეთ”, გამართლებული არაა. ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ზურაბიშვილს შანსი აქვს, ნაწილი კი აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი ვადით მოუწევს მას პრეზიდენტობა. საპრეზიდენტო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება, 300 კაციან კოლეგიაში შედიან, საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი და წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან. პრეზიდენტი არჩეულად ითვლება თუ მიიღო ხმების ორი მესამედი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზურაბიშვილი პრეზიდენტობის მეორე ვადაზე თანახმაა - რა შანსები აქვს მას საარჩევნო კოლეგიის პირობებში.
“როგორც ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნები თუნდაც პირდაპირი წესით რომ ტარდებოდეს და კანდიდატს ხალხი ირჩევდეს, სალომე ზურაბიშვილი მეორე ვადით ვეღარ მოვა, რადგან მას რეიტინგი არ აქვს საზოგადოებაში. მას 2018 წელსაც არ ჰქონდა ხალხში მხარდაჭერა და ამიტომაც “ოცნება” იძულებული გახდა, საარჩევნო პლაკატებზე პარტიის ლიდერები დაებეჭდათ. “მაშინაც არ ჰქონდა რეიტინგი და ეს კანდიდატურა მაშინაც შემოგდებული იყო. მე მიკვირდა და მუდამ იმას ვლაპარაკობ, მაშინ “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად ეს უბადრუკი დედაკაცი რატომ დააყენა. წარმოუდგენელი სიტუაცია იყო, როცა ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის სახე გამოსახული არ იყო. ადამიანებს ამ ქალბატონზე ალერგია ჰქონდათ, მისი დანახვა არ უნდოდათ. ახლა მასზე უარესად აქვთ ალერგია. ვურჩევდი, რომ როგორც კი საპრეზიდენტო ვადას დაასრულებს, ადგეს, ჩაალაგოს ბარგი და წავიდეს იქ, სადაც მისი ადგილია”,- განაცხადა გვენეტაძემ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ახალი სისტემის პირობებში, ზურაბიშვილს შანსები აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.
„ვიღაცას უნდა თუ არა, ზურაბიშვილს გარკვეული შანსები აქვს, შესაძლოა ოპოზიციაში გარკვეული კრიტიკა არის, მაგრამ მის კანდიდატურას მხარს მაინც უჭერს. აღნიშნულის შესახებ მათ განაცხადეს კიდეც. მოსახლეობა რომ ირჩევდეს, მას ნაკლები შანსები ექნებოდა, 2018 წელს ივანიშვილის მხარდაჭრით აირჩიეს”, - განმარტავს ნიკა ჩიტაძე. “მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემს მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”, -ამბობს სალომე ზურაბიშვილი “ლე ფიგაროსთან” ინტერვიუში. ამბობს, რომ ქვეყანა ახლა “ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით”. მისი თქმით, “ქართული ოცნება” გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონით ცდილობს, “ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები კი სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ. ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა, ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა. ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაქინაციებს, როგორიცაა დაბრკოლებების შექმნა, რათა ხელი შეეშალოს დიასპორას ხმის მიცემაში, რომელიც ამომრჩეველთა დაახლოებით, მესამედს წარმოადგენს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქართველების შიშებზე გათვლილი პროპაგანდა - ომი თუ ლგბტ საკითხი” - განაცხადა ზურაბიშვილმა, რომლის აზრით, “ოცნება” დასუსტებულია და 25%-ზე მეტს ვერ იღებენ”, - დასძენს გამოცემა.
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, ოპოზიციის მხარდაჭერა პრეზიდენტობის იმ კანდიდატს ექნება, რომელსაც კარგი გეგმა და სხვადასხვა პარტიებთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნება. ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და რეალობას მოწყვეტილია. “ადრე ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მხარი დავუჭირეთ, როგორც არაპარტიულ კანდიდატს. მაშინ გავიხსენოთ განცხადებები, რა განცხადებებს აკეთებდა ეს ქალი, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ა.შ. ხომ გახსოვთ ეს მძიმე განცხადებები. ეს არ იყო ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მისი მხრიდან? რომელი ერთი ჩამოვთვალო... როგორ წარმოგიდგენიათ, გერქვას ქვეყნის პრეზიდენტი, უცხოურ მედიაში საუბრობდე და ამბობდე, რომ სამშობლო, სადაც დაიბადე, გაიზარდე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორი დამოკიდებულება გაქვს პრემიერ-მინისტრთან, ხელისუფლებასთან, ყველაფრის მიუხედავად, გამოდიოდე და ამბობდე, რომ შენი საკუთარი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს” ... ამბობს კალაძე,რომლის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა 26 ოქტომბერს “ამ რადიკალურ დაჯგუფებას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შესაბამის პასუხს გასცემს”, - წერს სტატიის ავტორი.
“კრემლი ეჭვობს, რომ კიევმა “ატაკამსით” რუსეთზე შეტევის უფლება მიიღო - “მოსკოვის სიღრმეში დარტყმა შეეძლება”
“რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთზე “ატაკამსის” რაკეტებით დარტყმის გადაწყვეტილება დიდი ალბათობით, უკვე მიღებულია. მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ცდილობენ, დისტანცირება მოახდინონ უკრაინის კონფლიქტში ჩართულობისგან, თუმცა, კრემლი არ ფიქრობს, რომ ეს გამოვა. „სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ყველა ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ეს დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოდ ამ მომენტში, უბრალოდ, მედიაში მიმდინარეობს ასეთი საინფორმაციო კამპანია უკვე მიღებული გადაწყვეტილების ფორმალიზაციისთვის”, - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც მან კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, კიევში ვიზიტის დროს, შესაძლოა, უკრაინას ნება დართოს, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის “ატაკამსის” რაკეტები გამოიყენოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “კრემლი ეჭვობს, რომ კიევმა “ატაკამსით” რუსეთზე შეტევის უფლება მიიღო - “მოსკოვის სიღრმეში დარტყმა შეეძლება”.
“სამხედრო ანალიტიკოს და საგარეო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ თუ უკრაინამ “ატაკამსის” იარაღი გამოიყენა, შეეძლება მოსკოვის სიღრმეებში დარტყმა, რასაც წესით, რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია უნდა ჰქონდეს და ბირთვული ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს. როგორც მან აღნიშნა, ამ ომში ყველა ომის კანონზომიერება დაირღვა. “ატაკამსის” რაკეტების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდეს უფრო მიზანმიმართული დარტყმები, თუმცა, რუსეთს ახლა ზომების მიღების საშუალება აქვს. სამხედრო ანალიტიკოსის ლაშა ბერიძის აზრით კი, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ თუ უკრაინამ რუსეთს “ატაკამსის” რაკეტით შეუტია, მათ ბირთვული ტაქტიკური იარაღი გამოიყენონ. გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის აზრით, “ატაკამსის” რაკეტა არ იქნება ომში გამარჯვების იარაღი, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარებაა”,- აღნიშნავს გამოცემა.
“გამორიცხული არაა რუსეთმა განახორციელოს უფრო ინტენსიური დარტყმები და მეტად გააძლიეროს თავისი შეტევები. ამ იარაღით 500 კილომეტრზე შეუძლიათ დარტყმა, ამ მანძილში მოსკოვი ჯდება. თუ “ატაკამსით” მოსკოვს დაარტყეს, რუსეთმა წესით ბირთვული ტაქტიკური იარაღი უნდა გამოიყენოს, ასეთი რთული სიტუაციაა. რუსეთს უწერია, რომ თუ მისი ტერიტორია მოირღვევა, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და ვლადიმერ პუტინი ჯერ ვერ იყენებს ამ იარაღს. ვერ გეტყვით როგორი სიტუაცია იქნება, როცა უკრაინელები “ატაკამსებით” დაარტყამენ მოსკოვსა და მის შემოგარენს. ეს ომის სერიოზული გამოცხადებაა. ამ ომმა საერთოდ გადახაზა ყველა კანონზომიერება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ატაკამსით" დარტყმა იმას შეცვლის, რომ უკრაინას გაეზრდება პოტენციალი, რუსეთის სტრატეგიული ობიექტები “ატაკამსის” რადიუსის ფარგლებში დაუცველი გახდება და უფრო იოლად დააზიანებს. რუსეთის საოკუპაციო ჯარებს მოუწევს კიდევ დამატებითი ძალების გაყვანა და გადაჯგუფება მათივე ტერიტორიაზე. ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი არსებობს, მაგრამ, ჩვენ ხშირად მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან მუქარა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მუქარაა, თავისი ბირთვული პოტენციალის შეხსენება სხვებისთვის და ა.შ. ასე რომ, არამგონია თუ უკრაინამ “ატაკამსის” რაკეტით შეუტია, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ეგრე რუსებიც ყოველდღიურად უტევენ უკრაინას აღნიშნულ იარაღით”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.
“გააჩნია რა მანძილის რაკეტებს მისცემენ უკრაინელებს, თუმცა, ზოგადად, რაც გააჩნია ახლა უკრაინას, უკვე აღარ სწვდება იმ სტრატეგიული დანიშნულების აეროდრომებს. ვერ ვიტყოდი, რომ ამას რაღაც კარდინალური ცვლილებების მოტანა შეუძლია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანობას გაზრდის. ეს არ იქნება ომში გამარჯვების იარაღი, თუმცა, ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან ვახტანგ კაპანაძე.