საია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საია-ში განმარტავენ, სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენება არ არის პატიმრობის შეფარდებისთვის შესაბამისი სტანდარტით
დასაბუთებული, რადგან „აბსტრაქტულად არის შეფასებული საფრთხეები და შესაბამისი მიზნების მიღწევა სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითაც შეიძლებოდა“.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს. სხვა საქმეებს შორის, საია, ასევე, აკვირდება რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეს. 2024 წლის 23 სექტემბერს მათი სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომა გაიმართა. სახელმწიფო ბრალდება მათ სისხლის სამართლის კოდექსის (‘სსკ’) 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მათ ბრალი რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებისთვის აქვთ წარდგენილი, რომლის ღირებულებაც 400 ლარადაა შეფასებული და, როგორც სასამართლო სხდომაზე გაჟღერდა, აღნიშნული ზიანი უკვე ანაზღაურებულია.
23 სექტემბრის სხდომაზე დაცვის მხარემ კვლავ იშუამდგომლა გამოყენებული პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვლაზე, კერძოდ, სასამართლოს შესთავაზა პირადი თავდებობა ან ალტერნატივის სახით გირაოს მინიმალური (1000 ლარი) ოდენობა ყოფილიყო გამოყენებული. დაცვის მხარემ სასამართლოს 66 პირის ხელმოწერა წარუდგინა, რომლებიც თავდებში უდგებიან საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილს, ხელმომწერებს შორის არიან მოქმედი და ყოფილი პარლამენტის წევრები და ყოფილი სახალხო დამცველი. დაცვის მხარის არგუმენტაციით, არ არსებობდა მიმალვის საფრთხე, ბრალდებულებს საქართველოს საზღვრის კვეთაც კი არ უფიქსირდებათ, ასევე, არ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, ვინაიდან, ძირითადი მოწმეები სამართალდამცავები არიან. ადვოკატებმა ბრალდებულების ასაკზეც გაამახვილეს ყურადღება, ისინი 19 და 23 წლის ახალგაზრდები არიან, ასევე ბრალდების არსზე და იმაზე, რომ ზიანი ანაზღაურებულია. საფრთხეები კი არ არის იმგვარი, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების აუცილებლობა არსებობდეს. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია და პატიმრობაში დატოვა ბრალდებულები.
საია-ს პოზიციით, აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იყო უფრო ნაკლებად მკაცრი ზომითაც და სასამართლომ ამ საქმეშიც გააგრძელა ის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც საიას 13 წლიანი სასამართლო მონიტორინგი რეგულარულად ავლენს.
კერძოდ, სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე. პირის თავისუფლების უფლებაში ჩარევის ხარისხის გათვალისწინებით, პატიმრობა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახეა, რადგან მისი მეშვეობით ხდება საზოგადოებისგან ბრალდებულის იზოლირება. ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატიმრობა არის პირისგან მომდინარე გრძელვადიანი საფრთხეების განეიტრალების ერთადერთი საშუალება. ამ რისკების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ყველა ჯერზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით უნდა ამტკიცოს პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობა.
საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენება არ არის პატიმრობის შეფარდებისთვის შესაბამისი სტანდარტით დასაბუთებული, რადგან აბსტრაქტულად არის შეფასებული საფრთხეები და შესაბამისი მიზნების მიღწევა სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითაც შეიძლებოდა.
საყურადღებოა ისიც, რომ სასამართლო სხდომა თვენახევრის შემდგომ - 11 ნოემბერს ჩანიშნა. მოსამართლემ სხდომის დიდი დროით გადადების მიზეზად, ოქტომბერში ამნისტიას დაქვემდებარებული საქმეების მოლოდინი და წარმოებაში არსებული არაერთი საქმე დაასახელა, რომელთაც განხილვის ვადებთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვის დროისათვის, 23 სექტემბრის მონაცემებით, კანონი ამნისტიის შესახებ ჯერ ძალაში არ არის შესული, შესაბამისად, გაურკვეველია მოსამართლის მიერ ამ საქმეებისთვის პრიორიტეტის მინიჭების კანონისმიერი საფუძვლები. საიას 13 წლიანი სასამართლო მონიტორინგი, ასევე, ცხადყოფს, რომ საქმეთა გაჭიანურებას, სხვა მიზეზებს, შორის, სწორედ, სხდომების დაგვიანებით დაწყება ან/და გადადება იწვევს, რაზეც სასამართლო ყოველთვის ადეკვატურად ვერ რეაგირებს.
აღსანიშნავია, რომ საქმეზე არსებითი განხილვა ახალი დაწყებულია და ამ ეტაპამდე მხოლოდ 2 მოწმეა დაკითხული. საია გააგრძელებს აღნიშნული საქმის მონიტორინგს.
საია 2011 წლიდან წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიისა და კითხვარების გამოყენებით ახორციელებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს, ამ დრომდე ორგანიზაციამ მოამზადა სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის 18 ანგარიში, გამოსცა 2 სპეციალური ანგარიში, და, ასევე, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის სახელმძღვანელო. მონიტორინგის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, სისხლის სამართლის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.