პრეზიდენტის არჩევანი და ნიკა გილაურის მოულოდნელი გამოჩენა ათონელზე ელზა პაპოშვილი
გადამწყვეტი ტესტი საქართველოსთვის - რა ჩაითვლება 26 ოქტომბერს „გამოცდის ჩაბარებად“
***
პრეზიდენტის არჩევანი და ნიკა გილაურის მოულოდნელი გამოჩენა ათონელზე ელზა პაპოშვილი
"ჰყავს თუ არა რეალურად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი და როდის დაასახელებს მას? პრეზიდენტი ამის გაკეთებას საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ 10 დღეში გეგმავს, თუმცა მისი ამ გადაწყვეტილებას „ქართული ქარტიის“ ხელმომწერთა ნაწილი სკეპტიკურად აფასებს. სამშაბათს ექსპრემიერ ნიკა გილაურის მოულოდნელი სტუმრობა ათონელის რეზიდენციაში, შესაძლოა, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, პრეზიდენტის არჩევანი და ნიკა გილაურის მოულოდნელი გამოჩენა ათონელზე ელზა პაპოშვილი
"გასულ კვირას პრეზიდენტსა და „ქართული ქარტიის“ ხელმომწერმა პოლიტიკურმა ძალებს შორის უშედეგო კონსულტაციების შედეგად გაჩნდა მოსაზრება, რომ ოპოზიციამ დაიწუნა ზურაბიშვილის მიერ შერჩეული ე.წ. ტექნიკური მთავრობის მეთაური და ამიტომაც პრეზიდენტი ახლა იძულებულია პრემიერობის ახალი კანდიდატი მოძებნოს. 15 ოქტომბერს ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური პრეზიდენტს ათონელის სასახლეში შეხვდა. ამან კი გააჩინა ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შერჩეული ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი სწორედ გილაურია. ნიკა გილაურს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, მანამდე კი ენერგეტიკის და ფინანსთა სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ არჩევნებამდე დაასახელებს მის მიერ შერჩეული პრემიერობის კანდიდატის ვინაობას და ტექნიკურ მთავრობის შემადგენლობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა სალომე ზურაბიშვილისა და ნიკა გილაურის შეხვედრის ფაქტი, თუმცა, მათივე ინფორმაციით, გილაური პრემიერობის კანდიდატი არ არის. თუმცა, ძნელი სათქმელია სხვა რა თემაზე შეიძლებოდა შეხვედროდნენ პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერი. „პრეზიდენტი შეხვდა ნიკა გილაურს. არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში", - აღნიშნავს გამოცემა.
"ოპოზიციაში გილაურთან დაკავშირებით პოზიციები ორად იყოფა. „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მსგავს საკითხებზე არჩევნების შემდეგ შედგება დისკუსია. „შესაძლებელია ნიკა გილაურიც იყოს, სხვა კანდიდატებიც არსებობდეს, მაგრამ ამის განხილვისთვის შესაფერისი დრო იქნება 26 ოქტომბრის შემდეგ. ახლა „ერთობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ თანამდებობისა და კონკრეტული პორტფელების შესახებ განხილვებში არ შედის. ყველა კანდიდატურა, რომელსაც პრეზიდენტი წარმოადგენს ამ „ქარტიით“, იქნება განხილული, იქნება დისკუსია და მსჯელობა“, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლელა ჯეჯელავამ. რაც შეეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ნიკა გილაურის კანდიდატურა მათთვის მიუღებელია. „ჩვენ არანაირი ინფორმაცია, არც პრეზიდენტისგან და არც სხვა ფორმით, არ გვქონია, რომ შესაძლებელია ის იყოს ტექნიკური მთავრობის კაბინეტში წარმოდგენილი თუ განსახილველი კანდიდატურა. თუ ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი მისი წარსულიდან გამომდინარე. ჩემთვის მისი ბიოგრაფია უკავშირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავრობაში ყოფნას. თუ ეს იქნება სიმართლე და დაადასტურებს თავად პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ,“ - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ. „ჯერ სალომე ზურაბიშვილი არ არის საინტერესო, მერე ნიკა გილაური არ არის საერთოდ საინტერესო, რომელიც თავის დროზე სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს გილაურისა და ზურაბიშვილის შეხვედრაზე, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ნიკა გილაური თავის დროზე აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს. „ასეთი გამონათქვამი არსებობს - იყავი და გაგეკეთებინა. ის იყო და აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს. მან როცა დატოვა საკუთარი თანამდებობა, მაშინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი ლარიც არ იყო, როცა ჩვენ 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ჩვენი ეკონომიკა. აქედან ჩანს, რამდენად უსუსურები არიან ეს ადამიანები. „რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თქვენ იცით, რომ მას უწევს იმპიჩმენტის წესით თანამდებობის დატოვება ნოემბრის ბოლოს, ან მაქსიმუმ დეკემბრის დასაწყისში. ეს ქალბატონი არის სრულიად არარელევანტური, ერთ თვეში ტოვებს იმპიჩმენტის წესით თანამდებობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ", - განაგრძობს გამოცემა.
"ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის, რასაც ახლა პრეზიდენტი აკეთებს, პირველ რიგში არის საერთოდ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა. მისივე თქმით, ოპოზიცია იძულებულია, რომ, რადგან ზურაბიშვილს ისევ პრეზიდენტი ჰქვია, მასთან შეხვედრაზე მივიდეს და უარი საჯაროდ არ თქვან. თუმცა ცდილობენ ყველა მხრიდან მიახვედრონ, რომ მათთვის ბევრი რამ ამ „ქარტიაში“ მიუღებელია. „ახლა სერიოზულია იმაზე საუბარი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს და რა მასკარადებსაც ათონელის სასახლეში აწყობს? ამას აკეთებს ყურადღების მისაქცევად და საკუთარი მნიშვნელობის გასაზრდელად. ფაქტი სახეზეა, რომ თავად მისი „ქარტია“ და იქ მოცემული პუნქტები ოპოზიციას სასაცილოდაც არ ჰყოფნის. მიუხედავად ამისა, იძულებული არიან საჯაროდ ამაზე თავი შეიკავონ. „ახლა წარმოვიდგინოთ ოპოზიციის ადგილას თავი - ამდენ რესურს ხარჯავენ, ამხელა ფულს და ენერგიას დებენ ამ არჩევნებში; დავუშვათ მოიგეს. ზურაბიშვილი მათ ეუბნება, რომ მიუხედავად ამისა, მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი უნდა დაუთმოთ ჩემს მიერ შერჩეულ პირებს. პრემიერიც მე უნდა დაგინიშნოთ. მიუხედავად თქვენი მოგებისა, ყველაფერზე უარი უნდა თქვათ. მერე კიდევ ერთ წელიწადში არჩევნები უნდა დანიშნოთ, სადაც ან მოიგებენ, ან არა. აი, ასეთ აბსურდზე შესაძლოა თავად ოპოზიცია თანახმა იყოს? „(პრეზიდენტს) ეუბნებიან, რომ მიუღებელი ე.წ. ტექნიკური მთავრობა, მიუღებელია ერთ წელიწადში არჩევნების ჩატარება. ასევე გაუგებარია, რატომ უნდა იყოს პრემიერი აპოლიტიკური ფიგურა. ან ვინ ეკითხება პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას? მე მგონია, რომ ამ ყველაფერს უკვე ერთი სახელი აქვს - ეს არის რევოლუციური სცენარი. თან პრეზიდენტი ამბობს, რომ ამაში მხარს დასავლეთშიც უჭერენ. ის არის რამდენიმე თვეში წარმავალი პრეზიდენტი. დეკემბერში აღარ იქნება ამ სტატუსის მატარებელი და აი, დასავლეთშიც ვინ შეიძლება მას სერიოზულად აღიქვამდეს?“ - ამბობს საყვარელიძე. რაც შეეხება გილაურის პრემიერობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას, საყვარელიძე ამბობს, რომ ეს ზურაბიშვილის „ქარტიაში“ მოცემულ პუნქტებს პირდაპირ ეწინააღმდეგება - თუ აპოლიტიკური უნდა იყოს პრემიერი, მაშინ ყოფილი პრემიერი რატომ უნდა გახდეს ამ ე.წ. ტექნიკური მთავრობის მეთაური? მეორეც საყვარელიძე ეჭვობს, რომ ოპოზიციაში გილაურის კანდიდატურას მხარდაჭერა არ ექნება. ამის მიზეზი კი მისი წარსულია. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი თამაში აქვს წამოწყებული და ამის კონკრეტული მიზანიც აქვს. ჩიტაძის აზრით, ზურაბიშვილის სურვილია ისევ პრეზიდენტად დარჩეს. ამიტომ ცდილობს შექმნას განცდა ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, რომ ის ოპოზიციის ლიდერი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა. „მე მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილს საკუთარი თამაში აქვს წამოწყებული. ის ძალაუფლების მოყვარული ქალბატონია. მე მასთან პირადი ურთიერთობა მქონდა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მისი გულწრფელობის არ მჯერა. დიდი ალბათობით, ოპოზიციაშიც არ არის „ქარტიასთან“ დაკავშირებით ერთიანობა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საბოლოო ჯამში ამ ე.წ. ტექნიკურ მთავრობასაც და მის მეთაურსაც პარლამენტი ამტკიცებს. ზურაბიშვილი კი წარადგენს, მაგრამ ამ კაბინეტს პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომაც ამბობენ ოპოზიციის ლიდერები, რომ მოდი, ჯერ არჩევნებში გავიმარჯვოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ რა ვქნათ. სადღაც სამი კვირაა მერე ამისთვის საჭირო, რომ პრემიერობის კანდიდატი დასახელდეს. „ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილის ეს მცდელობა მხოლოდ პირადი მიზნებით და ინტერესებით არის განპირობებული. მას სურს ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც საკუთარი პოლიტიკური მომავალი დააზღვიოს. ამიტომაც ცდილობს წარმოაჩინოს თავი, თითქოს ის არის პირი, რომელსაც შეუძლია ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაცია და რაღაცას თაობს. „მე მის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ამომრჩეველზე და ფუჭ მოლოდინებს ქმნის. ამიტომ მეც ვეთანხმები ოპოზიციას, რომ სჯობს არჩევნების შემდეგ იყოს ამაზე საუბარი“, - ამბობს ჩიტაძე. რაც შეეხება ნიკა გილაურის კანდიდატურას, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ის კარგი პრემიერი იქნება და მისი მენეჯერული თვისებები ქვეყნისთვის ნამდვილად გამოსადეგია, თუმცა ფიქრობს, რომ მისი კანდიდატურას გიორგი გახარია და მისი პარტია არ დაუჭერენ მხარს", - წერს სტატიის ავტორი.
გადამწყვეტი ტესტი საქართველოსთვის - რა ჩაითვლება 26 ოქტომბერს „გამოცდის ჩაბარებად“
"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, 14 ოქტომბერს საქართველოსთვის მთავარი გზავნილი გაჟღერდა - რომ ოქტომბრის არჩევნები „გადამწყვეტი გამოცდა იქნება". არჩევნებამდე კი ევროკავშირი თავს იკავებს რაიმე მკვეთრი გადაწყვეტილებისაგან. ბოლო ინფორმაციით, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადაიდო, 17-18 ოქტომბერს კი ევროკავშირის საბჭოს სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა „ქვეყნის ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის". ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა 14 ოქტომბრის შეხვედრის შემაჯამებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ოცნების" ქმედებები, განცხადებები და დაპირებები საქართველოს აშორებს ევროპული გზიდან, თუმცა არჩევნებს უნდა დაველოდოთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, გადამწყვეტი ტესტი საქართველოსთვის - რა ჩაითვლება 26 ოქტომბერს „გამოცდის ჩაბარებად“
"რა ჩაითვლება „გამოცდის ჩაბარებად"? ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ პირველ რიგში ეს იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში და სამართლიანად ჩატარება, რის შემდეგაც, „ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ევროკავშირი იძულებული გახდება ურთიერთობა გააგრძელოს საქართველოსთან, თუმცა არა ძველებურად. ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში „ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია. გარდა ამისა, ანალიტიკოსთა ნაწილი ასევე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი ხიდებს ბოლომდე მაინც არ წვავს და არაა გამორიცხული, რომ გაფართოების ანგარიშის არჩევნების მერე გამოქვეყნებაც ამას უკავშირდებოდეს, რათა ეს „ოცნებას" ქართველ ამომრჩევლებზე ზემოქმედების მცდელობად და შიდა საქმეებში ჩარევად არ აღექვა - „ალბათ ფიქრობენ, რომ თუ ახლა რამეს გადაწყვეტენ, ეს ბიძგი იქნება იმისთვის, რომ "ოცნება" საერთოდ ყოველგვარ ზღვარს გადავიდეს". ჯოზეფ ბორელის თქმით, მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. „საქართველო უფრო დამთრგუნველ სურათს წარმოადგენს. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. „თქვენ იცით, რომ ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გადაწყვეტილებას კომისია იღებს. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. „როიტერსის" ცნობით კი, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში გასამართი ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებული დასკვნების პროექტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის და გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს". „ევროპული საბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოელის, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები უზრუნველყოს", - ნათქვამია სამიტის დასკვნების პროექტში. სააგენტო წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან", - აღნიშნავს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, მისი გადასახედიდან, ერთის მხრივ, არჩევნების სამართლიანად და სერიოზული ხარვეზების ჩატარება და მეორეს მხრივ, „ოცნების" დამარცხება არჩევნებში - ეს ერთი და იგივეა. „ჩემი შეფასებით, ეს ერთი და იგივეა - თუ არჩევნები სამართლიანად და ყოველგვარი გაყალბების გარეშე ჩატარდა, „ოცნება" დამარცხდება. დამარცხებაში ვგულისხმობ, რომ 76 მანდატს ვერ მოიპოვებს, ექნება დაახლოებით 60 მანდატის ფარგლებში. არ ვიცი ბორელი რას გულისხმობს, მაგრამ მე ასეთი შეფასება მაქვს. „საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით მშვიდად მიდის, რაც იმას არ ნიშნავს რომ ასე გაგრძელდება. ალბათ დაძაბულობა უფრო მოიმატებს და ბოლო ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, თუ რა და როგორ იქნება. „პარტნიორები ცდილობენ, რომ გადაწყვეტილება არჩევნებამდე არ მიიღონ. თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, პირველ ადგილზე მაინც „ქართული ოცნება" გავა და არსებობს სხვადასხვა ვარიაციები, რომ შეიძლება მან ძალაუფლება შეინარჩუნოს. ასეთ შემთხვევაში წინასწარ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარება, ჩემი აზრით, სწორი არ იქნება. შემდეგ, თუ „ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება და იგივე პოლიტიკას გაგრძელებს, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მაგრამ ეს იქნება ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და არა არჩევნებთან. „ოცნებას" შანსს უტოვებენ, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატაროს, რაც მათთვისაც და ჩვენთვისაც პრინციპულია. შედეგებზე და პოლიტიკაზე მსჯელობა უკვე შემდგომ იქნება. რა თქმა უნდა, შეუძლიათ ახლავე მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ ალბათ ფიქრობენ, რომ თუ ახლა რამეს გადაწყვეტენ, ეს ბიძგი იქნება იმისთვის, რომ „ოცნება" საერთოდ ყოველგვარ ზღვარს გადავიდეს და ამიტომაც აძლევენ შანსს, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს. „მათაც ალბათ აინტერესებთ, არჩევნების ნორმალურად ჩატარებისას საქართველოში რა მოხდება და მოსახლეობის განწყობა როგორი იქნება. გამოკითხვის გარდა, ესაა რეალური შეფასება იმისა, თუ რას ფიქრობს ამომრჩეველი და ქართველი ხალხი", - განაცხადა ძაბირაძემ", - განაგრძობს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „გამოცდის ჩაბარებად" ჩაითვლება არჩევნების სამართლიანად ჩატარება. „ჩემი აზრით, არჩევნების სამართლიანად ჩატარება იქნება მთავარი ინდიკატორი. ევროკავშირსა და აშშ-ს „ქართული ოცნება" როგორც არ უნდა არ მოსწონდეს, ისინი ვერანაირად ვერ აღუდგებიან წინ ამომრჩევლის ნებას, თუ ეს იქნება გამოხატული თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ეს ისეთი პრინციპია, რომ მას უბრალოდ ვერავინ ვერ დაარღვევს. „2012 წელს, როცა ამომრჩეველმა ენმ-ს ხელისუფლებაში დარჩენაზე უარი უთხრა, დასავლეთს ძალიან კი უნდოდა, რომ ისინი ხელისუფლებაში შეენარჩუნებინა, მაგრამ მერე იძულებული გახდა, რომ არსებულ გარემოებებს დამორჩილებოდა. მივიდნენ სააკაშვილთან, დაარწმუნეს და აიძულეს, რომ არჩევნების შედეგები ეღიარებინა. „თუ არჩევნები სუფთად ჩატარდა და ამაში ყველაფერი იგულისხმება, დასავლეთი იძულებული იქნება, რომ ხალხის არჩევანს შეეგუოს. ახლა კი ყველაფერი კეთდება - ინგლისის ელჩის ბოლო განცხადებაც ერთ-ერთი ბოლო აკორდი იყო და დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე ასეთი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლის მაგალითები კიდევ იქნება. მაგრამ თუ ხალხმა სამართლიან არჩევნებში მხარი ისევ „ოცნებას" დაუჭირა, დასავლეთი იძულებული იქნება ამას შეეგუოს, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვს, მაშინ უნდა ადგეს და საერთოდ საქართველოზე უარი თქვას. სხვა რა ბერკეტი გააჩნია მას აქ სიტუაციაზე ზემოქმედება რომ მოახდინოს, თუკი უმრავლესობამ თქვა, რომ მე მინდა ხელისუფლებაში ეს პოლიტიკური ძალა იყოსო?! „მგონია, რომ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების გადადება სწორედ იმასთანაა დაკავშირებული, რომ არ უნდათ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავონ. მაინც არჩევნების შედეგებს ელოდებიან. როგორც ჩანს, მაინც იმედი აქვთ, ან საკუთარ თავს არწმუნებენ იმაში, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს", - განაცხადა ანჯაფარიძემ", - დასძენს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დასავლეთისთვის „ოცნება" თავისი რიტორიკით გარკვეულწილად მიუღებელია, თუმცა მაინც არჩევნების შედეგებს ელოდება და ხიდებს ბოლომდე არ წვავს. „ოცნება" კი რიტორიკას არ შეცვლის, რადგან ეს თავად მას კატასტროფულ შედეგს მოუტანს არჩევნებზე. „ოცნება" ახლა რიტორიკას ვეღარ შეცვლის, ალბათ ეცდება, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბოს. ახლა იმ რიტორიკის შეცვლა, რასაც მთელი წელი მიუძღვნა თუ მეტი არა, მისთვის ამ არჩევნებზე კატასტროფის მომტანი იქნება. ამიტომ ეს რიტორიკა გაგრძელდება. თუმცაღა, ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთი დაელოდება არჩევნების შედეგებს. პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, თუ, რამდენად ჩათვლის დასავლეთი ამ არჩევნებს ლეგიტიმურად. „მეორე მომენტია, რომ შესაძლოა მთავრობა ამ არჩევნების შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, იმ პირობებშიც კი, თუ „ქართული ოცნება" გამარჯვების მოპოვებას შეძლებს (რაც ნაკლებ სავარაუდოა, მიზერული შანსია და ფაქტიურად გამორიცხულია). თუ პოლიტიკა შეიცვლება, მისთვის (დასავლეთისათვის) სულერთია რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში. თუ რიტორიკა შეიცვლება, თუ დასავლურ ვექტორს დავუბრუნდებით და ის პრობლემები, რასაც დასავლეთი „ქართული ოცნების" პოლიტიკაში ხედავს, აღმოიფხვრება და შეიცვლება, ყველაფერი ნორმალურად გაგრძელდება. „ისინი „ოცნების" წინასწარ ჯვარზე გაკვრას არ აპირებენ და ჩემი აზრით, ეს სწორია, მაგრამ აფრთხილებენ იმაზე, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატარონ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ „ოცნებამ" არჩევნებში ლეგიტიმურად გაიმარჯვა, დასავლეთი იძულებული გახდება მასთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდეს, თუმცა, ეს ისეთი აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. „ეს ძალიან დელიკატური საკითხია - თუ „ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა და მისი შედეგები ლეგიტიმურად იქნა ცნობილი, არჩეულ ხელისუფლებასთან, უნდათ თუ არ უნდათ, რაღაცნაირად ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. მაგრამ მეორე საკითხია, ეს ურთიერთობა რა მასშტაბით და რა დონეზე ექნებათ. ვიცით ქვეყნები, რომელთაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ათწლეულების მანძილზე ჰქონიათ და წინ ვერ წასულან. „ჩემი ვარაუდით, ურთიერთობები რა თქმა უნდა იქნება, შესაძლოა რაღაც საკითხებზე დალაგდნენ, მაგრამ არ მგონია ევროკავშირი დათანხმდეს თავისი პრინციპული მიდგომების შეცვლას. მაშინ რა გამოდის - რომ ის არჩევნების შედეგებს ელოდებოდა და თუკი მისთვის არასასურველი შედეგი დადგა, მოთხოვნებს უკან წაიღებს? ეს ევროკავშირის პოლიტიკის სტილი არ არის. იქნება ურთიერთობები, ოღონდ არა ისეთი, როგორიც უნდა იყოს მაგალითად კანდიდატის სტატუსის შემდგომ ეტაპზე გარდამავალ ქვეყანასთან. „შესაძლოა სურათს ვამუქებ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ევროპარლამენტის ახალი არჩევნების შედეგად ევროსტრუქტურების ხელმძღვანელობაში მოვიდნენ, თავიანთ პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ მკაცრად და ნეგატიური კუთხით აფიქსირებდნენ და არ მგონია, რომ ეს მიდგომები მკვეთრად შეცვალონ. ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი პროგნოზი პესიმისტურია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ", - წერს სტატიის ავტორი.