ზუსტად იმისთვის, რომ სპეკულაციები იყოს, ISFED პარალელური დათვლის შედეგებს მალავს, რაც არის არა მხოლოდ ISFED-ის, არამედ უპირველეს ყოვლისა მისი დონორის პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ISFED თავის პარალელურ დათვლას გამოაქვეყნებს, რომელიც აჩვენებდა, რომ წესრიგში იყო ოქმები და მისი დაჯამება, ეს სპეკულაციები დასრულდებოდა.
„ამ დღეებში გამოჩნდა მიზეზი, თუ რატომაც მალავენ ისინი [ISFED] პარალელური დათვლის შედეგებს. თქვენ ნახავთ სოციალურ ქსელებში დროდადრო სკანდალები ოქმებთან დაკავშირებით [ვრცელდება], ხან რაღაც ქვითარი არ ემთხვევა რაღაცასო, ხან რომელიღაც ოქმში შესწორება არისო და ა.შ. აი, ზუსტად ამის დამზღვევია პარალელური დათვლა. ისინი თუ თავის პარალელურ დათვლას გამოაქვეყნებენ, რომელიც აჩვენებდა, რომ წესრიგში იყო შესაბამისად ოქმები და მისი დაჯამება, ეს სპეკულაციები დასრულდებოდა. ზუსტად იმისთვის, რომ ეს სპეკულაციები იყოს, ISFED მალავს პარალელური დათვლის შედეგებს, რაც არის არა მხოლოდ ISFED-ის, არამედ უპირველეს ყოვლისა მისი დონორის პასუხისმგებლობა. მათ შორის, NDI-ის პასუხისმგებლობა, რომლის მეთოდოლოგიითაც პარალელური დათვლა ტარდება. NDI-ის მისიის ხელმძღვანელმა არჩევნების მეორე დღეს, ბრიფინგის დროს თქვა, რომ „დაველოდოთ გამოქვეყნდება პარალელური დათვლის შედეგები“. 12:00 საათზე უნდა გამოქვეყნებულიყო, შემდეგ გადაიწია 1-2-3 საათით და არ გამოქვეყნდა. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სუბიექტმა მოიკითხა - „ამ მხრივ რა ხდება?“, ბოლოს ქართველ ხალხს განცხადება გვაღირსეს. როგორც ISFED-ის, ისე მისი დონორების პასუხისმგებლობაა. 2020 წელი განმეორდა. 2020 წელს ყალბი რიცხვებით შეეცადნენ, რომ ხალხი აეღელვებინათ და ახლა მიხვდნენ, რომ ამას ვეღარ გააკეთებდნენ იმიტომ, რომ პარალელურ დათვლას სხვებიც ატარებდნენ. მათ შორის, პარალელური დათვლა ოპოზიციურმა პარტიებმაც და ჩვენც ჩავატარეთ, ასე ადვილად ეს სიყალბე აღარ გამოდიოდა. როგორც ჩანს სხვა მეთოდი მოიფიქრეს, რომ საერთოდ არ აქვეყნებენ და ამით აძლევენ საკვებს სოციალურ მედიაში სიცრუის გავრცელებაში.
ამასთან, ორი ორგანიზაცია - FactCheck და „მითების დეტექტორი“, რომელიც ევროკავშირის და აშშ-ს ბიუჯეტიდან მილიონებს იღებს და ასევე, სხვადასხვა დონორისგან იმისთვის, რომ დეზინფორმაცია ამხილონ, გასუსულები არიან, ხმა არ ამოუღიათ საერთოდ, ამდენი დეზინფორმაცია ვრცელდება - ხან ოქმებთან დაკავშირებით, ხან არითმეტიკასთან დაკავშირებით და ა.შ. ისინი გასუსულები არიან, იმიტომ, რომ შეკრულები არიან საერთო ჯამში. ერთი „ენჯეო“ ავრცელებს დეზინფორმაციას, მეორე რომელმაც ეს უნდა ამიხილოს და გააჩეროს, ის ჩუმად არის. ამით აძლევს საშუალებას, რომ ქართველი ხალხი მოატყუონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.