ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ, რათა არჩევნების არალეგიტიმურობა დაამტკიცონ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ისინი ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ, რათა არჩევნების არალეგიტიმურობა დაამტკიცონ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა საზოგადოებას მოგაწოდოთ ფაქტები იმის შესახებ, როგორ გამალებით მალავს შეშინებული ხელისუფლება 26 ოქტომბერს ჩადენილი დანაშაულის მთავარ სამხილებს. ჩვენ გითხარით, რომ ე.წ. შავი ყუთი ინახავს უტყუარ ინფორმაციას ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის შესახებ, რაც არის არჩევნების მიტაცება. ეს არის ამომრჩეველთა სიები, რომლებშიც რეგისტრირებულები არიან, როგორც 26 ოქტომბერს ხმის მიმცემი მოქალაქეები და ეს სიები ინახება ერთი მხრივ ვერიფიკაციის აპარატებში და მეორე მხრივ ე.წ ჩეკების ჩეკებში, ანუ ძველი ტერმინოლოგიით, რომ ვთქვათ, სამაგიდო სიებში. ჩვენ არაერთი დღეა, ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, საარჩევნო ადმინისტრაციებისგან მოვითხოვთ ამ სიების გასაჯაროებას. სწორედ იმიტომ, რომ სწორად გვაქვს დაიდენტიფიცირებული სად არის მთავარი სამხილები, ხელისუფლება გამალებით ახლა უკვე საარჩევნო ადმინისტრაციის და სასამართლო ხელისუფლების სრული დანაშაულებრივი თანამონაწილეობით, გამალებით მალავს და ჩქმალავს ამ სიებს. "ძლიერმა საქართველომ" 73 ოლქში შეიტანა საჩივარი, სადაც ჩვენ მოვითხოვდით ამ სიების გასაჯაროებას. 73-ვე ოლქმა იმოქმედა ცენტრალიზებული უკანონო ინსტრუქციით, დამოუკიდებლად კი არ განიხილა საჩივრები, არამედ ცენტრალიზებული უკანონო ინსტრუქციის მიხედვით უარი გვითხრა ამ სიების გასაჯაროებაზე. ამის შემდეგ "ძლიერი საქართველო" წავიდა სასამართლოში. ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლომდე ჩართულები არიან „ოცნების“ დანაშაულებრივ სქემაში, არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით. თანაც ამას აკეთებენ მძიმე საპროცესო დარღვევების ფონზე. მაგალითად, თბილისსა და გორში მოსამართლემ არც კი განიხილა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ისე მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ყველა სამართლებრივ მეთოდსა და გზას, მიუხედავად იმისა რა მდგომარეობაშია ქართული სასამართლო და საარჩევნო ადმინისტრაციების მიმართ ჩვენი ნულოვანი ნდობისა, ამოვწურავთ. საერთაშორისო დელეგიტიმაციისთვის ჩატარებული არჩევნებისა და შედეგისთვის ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ თანმიმდევრულად განუხრელად გადავდგამთ, იმისთვის, რომ უტყუარად დავამტკიცოთ, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით