მსოფლიო ლიდერები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხმაურებიან

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უზრუნველყოფს ლიბანში სიმშვიდის დასაბრუნებლად საჭირო პირობებს და საფრანგეთი და შეერთებული შტატები იმუშავებენ ცეცხლის შეწყვეტის სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას მიესალმება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელიც.

„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში არსებული დამანგრეველი სიტუაციის შემსუბუქებაა. მინდა შევაქო საფრანგეთი და აშშ შუამავლობისთვის. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცეცხლის შეწყვეტას, როგორც ლიბანის, ასევე ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დევნილთა დაბრუნების უზრუნველყოფისთვის“, - აცხადებს ბორელი.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტა ძალიან დამაიმედებელი ამბავია, უპირველეს ყოვლისა კი, ლიბანელი და ისრაელელი ხალხისთვის.

„ლიბანს ექნება შესაძლებლობა, გაზარდოს შიდა უსაფრთხოება და სტაბილურობა „ჰეზბოლას“ შემცირებული გავლენის წყალობით“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გარკვეულ შვებას მისცემს ლიბანისა და ჩრდილოეთ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებმაც დამანგრეველი კონფლიქტისა და სისხლისღვრის დროს წარმოუდგენელი შედეგები განიცადეს.

ამასთან, მისი თქმით, საჭიროა პროგრესი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის კუთხითაც.

„ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ყველა მძევლის გათავისუფლებისა და უკიდურესად საჭირო ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვების მოხსნის კუთხით“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერი.

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონიც და აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშვიდობისკენ. ამასთან, მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის სასწრაფოდ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ღაზაშიც.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ შოფიც.

„ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა ღაზაშიც, რათა შესაძლებელი გახდეს ყველა მძევლის გათავისუფლება, ჰუმანიტარული დახმარების მეტი ხელმისაწვდომობა და რეგიონში ძალადობის დეესკალაცია“, - აცხადებს ნიდერლანდების პრემიერი.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა