საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს; ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად ცუდი ამინდისა ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიკრიბა რუსთაველზე პარლამენტის წინ. შედეგი ასეთი გვაქვს - უმძიმესი დღე საქართველოს დემოკრატიისა და ჟურნალისტებისთვის. ყველაზე უცნაური ის იყო თუ როგორი სისასტიკით ექცეოდნენ სამართალდამცავები კონსტიტუციის დასაცავად ქუჩაში გამოსულ ადამიანებს. სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ასეთი ფორმა აირჩია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ ქცევას გამარჯვებული საერთოდ არ ჰყავს.
28-29 ნოემბრის ღამე უმძიმესი იყო და უამრავი სამართლებრივი და პოლიტიკური ხასიათის კითხვები გააჩინა. თქვენთვის რა პასუხები არსებობს ამ ღამის სამართლებრივ-პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით?
- როცა მოვისმინე კობახიძის განცხადება, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ზუსტად მაშინ მქონდა ინტერვიუ და ინტერვიუში ვთქვი - ამას, მაღალი ალბათობით მოჰყვება დიდი საპროტესტო ტალღა და რეაქცია. ეს პროტესტი არ იყო მთლად სპონტანური, არ მოჰყოლია მხოლოდ ამ განცხადებას. მაგრამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იყო ორგანიზებული აქცია. ამ პროტესტის დროს რა ითქმოდა და გაკეთდებოდა, ამას ჩვენ ყველა თვალს ტელევიზორში ვადევნებდით.
ის რეაქცია, რა რეაქციაც ჰქონდა პოლიციას, ყველაზე მარტივად კანონის ენაზე რომ ვთქვათ, შეიძლება შეფასდეს ასე - ეს არ იყო ძალის პროპორციული გამოყენება, არ იყო აუცილებელი. იმ დროს, როცა ხალხი დგას და ლაპარაკობს, თუნდაც ისეთ რამეს, რაც ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. და მთავარი - ეს ხალხი კანონსაწინააღმდეგო არაფერს აკეთებს, ასეთ შემთხვევაში არანაირი პოლიციური ღონისძიება არ შეიძლება იყოს გამოყენებული.
29 ნოემბრის ღამეს გვქონდა მთელი თაიგული კანონსაწინააღმდეგო ქმედებისა პოლიციელების მხრიდან, არადა, ხალხი ქუჩაში ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის დარღვევას აპროტესტებდა
ვიდრე პირველად წყალს გამოიყენებდნენ, იყო გაფრთხილება და წყალიც მომენტალურად გამოიყენეს. რისთვის იყო საჭირო წყლის გამოყენება, ისევე როგორც წიწაკის სპრეის გამოყენება. ის ღონისძიებები კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად გამოიყენება. არადა, თავიდან ხალხი პოლიციის წინ ჭიჭინაძის ქუჩაზე უძრავად იდგა. ადამიანი, როდესაც გარბის, და მას პოლიციელი ეწევა, თუ ამ ადამიანმა რამე დააშავა, პოლიციელმა ის უნდა დააკავოს. მაგრამ, არ უნდა სცემოს. ცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ყველა პოლიციელი ქუჩაში ნიღბებში იყო და არცერთს არ ჰქონდა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, ან ნომერი, რაც ასევე კანონის დარღვევაა. ვინც დარბევის დროს ზიანი მიიღო, ასეთი ცოტა ხომ არ იყო, ეს დაზიანება კონკრეტულმა პოლიციელმა ჩაიდინა კონკრეტულ შემთხვევაში.
მაგრამ, ამ კონკრეტული პოლიციელის ვინაობას ჩვენ ამას ვერ დავადგენთ. თავად პოლიციას შეუძლია ამის დადგენა, მაგრამ, ამას არ გააკეთებს. ეს ხომ კარგად ვიცით.
29 ნოემბრის ღამეს გვქონდა მთელი თაიგული კანონსაწინააღმდეგო ქმედებისა პოლიციელების მხრიდან, არადა, ხალხი ქუჩაში ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის დარღვევას აპროტესტებდა.
- დიახ, ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო, დღეს პრემიერმა კობახიძემ გუშინ ნათქვამი გაიმეორა, მაგრამ დაამატა - „არავის დავუტოვებთ შანტაჟის ინსტრუმენტებსო“. რა უნდა ვიფიქროთ, ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას „შანტაჟის ენით“ ესაუბრებოდა? - რა არის ევროკავშირი, ვინც ამით დაინტერესებულია, ყველაფერი იცის. ამ თემაზე ინტერნეტში უამრავი მასალაა და ყველაფრის ნახვა შეიძლება. ეს იცის ხელისუფლებამაც. ხელისუფლებამ კონსტიტუციაში შეიტანა ნორმა, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა, იმისათვის რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრები გავხდეთ. როცა ეს ნორმა ჩაიწერა კონსტიტუციაში, „ქართულმა ოცნებამ“ ხომ მაშინაც იცოდნენ ევროკავშირი რა იყო? იმის შემდეგ ევროკავშირი შეიცვალა? არსებითად არ შეცვლილა.
რაში გვაშანტაჟებს ევროკავშირი გაუგებარია? ევროკავშირი გვეუბნება
- კი ბატონო, მე მზად ვარ მიგიღო ევროკავშირში, თუ თქვენ შეასრულებთ იმ პირობებს, რომელიც მე თქვენ შარშან წინ მოგეცით. თქვენ ეს რეკომენდაციები იმიტომ უნდა შეასრულოთ, რომ თქვენი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ერთად მოქმედება კი საჭიროა იმისთვის, რომ თქვენ თქვენი მოქმედება იმ პრინციპებს დაეყრდნოს, რაც ევროკავშირშია დადგენილი და რასაც ეყრდნობიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
მათ გვითხრეს - შეასრულეთ ეს მოთხოვნები და შემდეგ კი ბატონო, მიგიღებთ. შევასრულეთ ჩვენ ეს მოთხოვნები? არ შეგვისრულებია. მე უფრო მეტსაც ვიტყვი - „ქართული ოცნება“ სიტყვით ამბობდა - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ ჯერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო, მერე უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ოპოზიცია უშლის ხელს იმას, რომ ჩვენ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ყველაფერი გვახსოვს, არა, მათი კონკრეტული მოქმედებები, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება კი არა დაშორება. ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცა და თქვა - ამას გაძლევთ არა იმიტომ, რომ ხელისუფლება თავისი მოქმედებით დაიმსახურა ეს სტატუსი. ხელისუფლებას ეს სტატუსი არ დაუმსახურებია, მაგრამ, ჩვენ ვითვალისწინებთ ქართველი ხალხი დიდ სურვილს და გადაწყვეტილებას გახდეს ევროკავშირის წევრი და ამიტომ, წინმსწრებით გაძლევთ ამ სტატუსს. მეტიც, გვითხრეს, რომ ვიმედოვნებთ თქვენ შეასრულებთ ჩვენს რეკომენდაციებს და ჩამოაყალიბეს მოთხოვნები.
- ევროკავშირის კომისიას საქართველოს საკითხზე წლის ბოლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება. არა მარტო არჩევნებზე, ზოგადად შეეფასებინა ახლა საქართველო სადაა.
ევროკავშირთან ურთიერთობა ხელისუფლებას ისედაც შეზღუდული ჰქონდა, გამოდის ჩვენმა ხელისუფლებამ დაასწრო მოვლენების მისთვის არასასურველი სახით წარმოჩენას და თუ რა უნდა ვიფიქროთ? დღეს ამ თემაზე განცხადებები პრემიერმა ისევ გაიმეორა, მაგრამ, როცა საპროტესტო ტალღა მინავლებული იყო, მაინც გაუგებარი დარჩა „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ თემის აქტუალიზაცია. რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს?
- ერთი წუთით გავიხსენოთ არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ბანერები. „ევროპისკენ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით“ და ასე შემდეგ. ამ ერთ თვეში ევროპაში შეიცვალა რაიმე არსებითად? ვგულისხმობ ევროკავშირის მოქმედებას. 26 ოქტომბრამდე ევროკავშირი კარგი იყო და „ოცნებას“ უნდოდა და ახლა არ უნდა? ახლა ვამბობთ რომ ევროკავშირი იმდენად ცუდი გახდა, ახლა ჩვენ ვამბობთ უარს 2030 წლამდე ევროკავშირზე. ეს წინასაარჩევნო ბანერები იყო ფარსი. „ოცნებამ“ კარგად იცოდა რომ მათ მხარდამჭერებს შორის ძალიან ბევრი იყო ევროკავშირის მომხრე და ეს ხმები რომ არ დაეკარგა, ელემენტარულად მოიტყუა. ახლა რატომ გააკეთა ეს? აქ შეიძლება ყოფილიყო ორი მიზეზი, ერთი პირდაპირი დავალება რუსეთიდან, მაგრამ, შეიძლება იყოს მეორე მიზეზი - რადგან სრულიად აშკარად ჩანს ევროკომისია როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მხრიდან, წინმსწრებად განაცხადეს, რომ იმათ კი არ გვითხრეს რამე ცუდი, ჩვენ თვითონ თავად ვთქვით უარი. ან შეიძლება იყო ორივე ერთად.
აქ შეიძლება ყოფილიყო ორი მიზეზი, ერთი პირდაპირი დავალება რუსეთიდან, მაგრამ, შეიძლება იყოს მეორე მიზეზი - რადგან სრულიად აშკარად ჩანს ევროკომისია როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მხრიდან, წინმსწრებად განაცხადეს, რომ იმათ კი არ გვითხრეს რამე ცუდი, ჩვენ თვითონ თავად ვთქვით უარი. ან შეიძლება იყო ორივე ერთად
- არჩევნებამდე „ოცნება“ ამბობდა“, რომ ჩვენ ევროპა გვინდოდა განვითარებისთვის, კანონმდებლობის დახვეწისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა გამოდის ეს თემები 2028-2030 წლისთვის უნდა გადაიდოს? ეს გადაწყვეტილება არანაირად არ ჯდება სტრატეგიულ ამოცანაში და არც ევროპული განვითარების მოდელში, თუ რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობა ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა...
- „ევროპა გვაშანტაჟებ“-ზე მეცინება, რადგან ევროპა გეუბნება - თავი დაანებეთ კაციჭამიობას, თორემ, მე თქვენთან დაახლოებას აღარ განვიხილავ. ეს შანტაჟია? რა თქმა უნდა, არ არის შანტაჟი. ევროპა გვეუბნება ჩაატარეთ სამართლიანი არჩევნები, ნუ გააყალბებთ, ნუ დაარღვევთ კანონს, დაიცავით ადამიანის უფლებები, გადადგით ნაბიჯების იმისკენ, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი, ანუ გვთხოვენ იმას, რაც კონსტიტუციაში ისედაც გვიწერია.
კონსტიტუციის ნორმების შესრულების მოთხოვნაა, შანტაჟია?
თუ კონსტიტუცია არ დავიცავით, თავად ქაღალდზე დაწერილი ტექსტი ვერ დაგვიცავს. ახლა კონსტიტუციას სჭირდება დაცვა და მისი დაცვა შეუძლია მხოლოდ ხალხს
„ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ. - 28-29 ნოემბრის ღამეს „ოცნებამ“ საზოგადოებასთან ურთიერთობის უცნაური ფორმა აირჩია. როგორც საუბრის დასაწყისში ვახსენე, გაუგებარია არჩევნების შემდეგ ისეთ მყოფი სიტუაციაში როგორშიც ახლა ვართ, რაში დასჭირდა „ოცნებას“ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილთან კონფრონტაცია...
- კონსტიტუციები იწერება იმიტომ რომ კონსტიტუციამ დაიცვას ქვეყანა და ქვეყნის მოქალაქეები. მათი უფლებები და თავისუფლება. უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა.
თუ კონსტიტუცია არ დავიცავით, თავად ქაღალდზე დაწერილი ტექსტი ვერ დაგვიცავს. ახლა კონსტიტუციას სჭირდება დაცვა და მისი დაცვა შეუძლია მხოლოდ ხალხს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი