ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024

თენგიზ ფხალაძე - “ქართველი საზოგადოება მესიანიზმიდან გამოვიდა, ლიდერს კი არ მიჰყვებიან ბრმად, არამედ იდეისთვის იბრძვიან”

ტერორი და ქაოსი თბილისის ქუჩებში - რა პროცესებამდე მივდივართ და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

ირაკლი მელაშვილი - “ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომ სისხლი არ დაიღვაროს”

დაძაბული მოლოდინი მწვავე პროტესტის ფონზე - როდის იქნება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა და რა ეფექტი ექნება მას

დავით ზურაბიშვილი - “არა მგონია, საგანგებო მდგომარეობა რომც დანიშნონ და ამის გამო აქციები არ ჩატარდეს”

* * *

თენგიზ ფხალაძე - “ქართველი საზოგადოება მესიანიზმიდან გამოვიდა, ლიდერს კი არ მიჰყვებიან ბრმად, არამედ იდეისთვის იბრძვიან”

“ბოლო 2 წლის განმავლობაში ხშირად ვსვამდით კითხვას, რატომ დგამდა “ქართული ოცნება” სრულიად აუხსნელ ნაბიჯებს საკუთარი საზოგადოებისა და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ? ამაზე პასუხად დღემდე არაერთი ვერსია განიხილება, ზოგი ამბობს, რომ ეს შეგნებულად ხდებოდა, ზოგის აზრით, არაკომპეტენტურობის ბრალი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ არასათანადოდ შეაფასეს პოლიტიკური მოცემულობა და ა.შ. მაგრამ უბედურება ის არის, რომ არც ერთი არ ამართლებს ხელისუფლების ქმედებებს. რა ვერსიაც არ უნდა განვიხილოთ, საბოლოოდ მივდივართ დასკვნამდე, რომ ყოველივე ხელისუფლების არასწორი მოქმედებების ბრალია. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ხელისუფლება ყოველდღე გვაყვედრის თავის მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, მაშინ გამოდის, ასეთ ინტელექტუალებს შეუძლებელია არ ესმოდეთ, რასაც აკეთებენ, და ეს უფრო უარეს მოცემულობას ქმნის. თუ ესმით, რასაც აკეთებენ, გამოდის, განზრახ აზიანებენ ქვეყანას. თუმცა პირადად მე მგონია, რომ სრულიად მოწყვეტილი არიან რეალობას, ვერ აცნობიერებენ, რა ხდება”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი შეცდომები და...”

“წარმოუდგენელია, რაც დღეს თბილისში ხდება. და არა მხოლოდ თბილისში. 8 დეკემბერს ვწერთ ამ ინტერვიუს და ეს არის საყოველთაო პროტესტის მე-11 დღე. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ პროტესტს კი არ ვუყურებდით, არამედ პროტესტანტების პირდაპირ ვიდეოკამერების წინ დასჯას. ეს არ არის მხოლოდ მანიფესტანტების დარბევა, ეს არის პროტესტანტების, მედიის, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დასჯა. ზოგიერთს მაინც განსაკუთრებული სისასტიკით ექცევიან, როგორც ჩანს, სამაგალითოდ, სხვების დასაშინებლად, მაგრამ, ფაქტია, არ დაშინდა ხალხი. შეუძლებელია ადეკვატური ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობასთან მხოლოდ მხუთავი აირით, წყლის ჭავლითა და რეპრესიებით ურთიერთობდეს და ამის გარდა ვერ ხედავდეს საშუალებას ახალგაზრდებთან, ქვეყნის მომავალთან სალაპარაკოდ. ქუჩაში დგანან სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები, რომელთაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევროპული მომავალი სურთ! როგორ შეიძლება გერქვას ხელისუფალი და აი, ამ ხალხთან ურთიერთობის გზად რეპრესიების გარდა, ვერაფერს ხედავდე... ვითარება მართლაც კრიტიკულია და აქამდე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ქვეყნის დამაზიანებელი პოლიტიკით მივედით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც რეალობას მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისტული საშუალებებით აღიქვამს და არა აქვს შესაძლებლობა უშუალოდ ნახოს და ობიექტურად შეაფასოს, რაც ხდება, შეიძლება იმოქმედოს ამ პროპაგანდამ, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენი თუ არა, ჩვენი ახლობლის შვილი, ძმა, მეუღლე და ა.შ. დგას იმ აქციებზე და ხდება ძალადობის სამიზნე. შესაბამისად, ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანებიც დაეჭვდებიან ხელისუფლების სიმართლეში. როგორ შეიძლება დაიჯერო, რომ ბალერინა ნათია ბუნტური ტერორისტია, ან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, უწესიერესი, უპატიოსნესი ადამიანი, რომლის აგრესია არავის ახსოვს, მოძალადეა. კიდევ რამდენი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ვიმეორებ, საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს რეპრესიები საბოლოოდ ყველას შეეხება. ჩემი აზრით, სულ უფრო ცოტავდება იმ პირთა რიცხვი, ვინც შეიძლება დაიჯეროს ის აბსურდული კონსპიროლოგიური თეორიები, რომელთაც დღეს ხელისუფლება ავითარებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არ გამოვრიცხავ აქციებისას რაიმე ტიპის პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ამ მანიფესტაციებში ბევრი შეგზავნილიც მონაწილეობს, მაგრამ დიდწილად იქ დგანან სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ადამიანები. შეუძლებელია ეს პროცესი გაასაღონ გარედან მართულ პროვოკაციად. ხელისუფლება ამ მოვლენების სათავეს პოლიტიკურ პარტიებში ეძებს, მათ ოფისებს ჩხრეკს, საიდანღაც იარაღს იღებენ და ა.შ., მაგრამ სათავე იქ არ არის. ეს არის მართლაც საზოგადოების პროტესტი და მეტყველებს, რომ ქართველი საზოგადოება მესიანიზმიდან გამოვიდა, ისინი ლიდერს კი არ მიჰყვებიან ბრმად, არამედ იდეისთვის იბრძვიან. მათ პოლიტიკური პარტიები არ აინტერესებთ, მათთვის მთავარი იდეაა, რომელსაც იცავენ. რასაკვირველია, ნაწილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერიცაა, მაგრამ ეს პროცესი პარტიების მართული ნამდვილად არ არის. მოვლენათა განვითარება გვაჩვენებს, თუ როგორ იზრდება პროტესტის არა მხოლოდ მუხტი, არამედ გეოგრაფიაც. პროტესტი არ არის მხოლოდ თბილისში, ეს ხდება სხვა ქალაქებში, რეგიონებში. ამიტომაც დღეს რასაც ხელისუფლება საკუთარ თავს უკეთებს, არის პოლიტიკური სუიციდი”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“ხელისუფლება იმდენად გათამამდა იმით, რომ მათ გადაწყვეტილებებს სერიოზული პოლიტიკური წინაღობა არ ხვდებოდა, გადაწყვიტა, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. შესაბამისად, მიიღეს ის მძიმე გადაწყვეტილებები, რამაც აქამდე მიგვიყვანა. მოკლედ, ოპოზიცია ისეთი სუსტია, შეუძლებელია ეს პროცესები მისი დაწყებული და მართული იყოს. მეორე საკითხია, ამ პოლიტიკური პროცესის შედეგად რა იქნება - ოპოზიციის ტრანსფორმაცია, გახდება ის უფრო ძლიერი თუ ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდება. აქსიომაა, რომ პოლიტიკური კრიზისი ყოველთვის შობს ძლიერ ლიდერებს, ვნახოთ... ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, და ამ ნიღბიანი პირების თარეში უფრო და უფრო მასობრივ ხასიათს იღებს. მთავარი კითხვა ის არის, როგორ ხდება პოლიციელებით სავსე პერიმეტრზე ამ ტიპის დანაშაულები? ფაქტობრივად, პოლიციის თვალწინ ხდება ყველაფერი, რატომ არ აპატიმრებენ მოძალადეებს?! ეს ხდება იქ, სადაც გადატენილია ქუჩები პოლიციელებით და ეს არის ხელისუფლებისთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. არ გამოვრიცხავ საპროტესტო მასაშიც იყვნენ პროვოკატორები, მაგრამ მათი განეიტრალებაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.

“ძალიან საშიშად თამაშობენ, სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება არავის შერჩება, ამიტომ მორჩნენ “გლობალურ ომის პარტიაზე” ლაპარაკს და რეალურ საფრთხეებს მიხედონ. ამას წინათ პრემიერმა მოგვახსენა, რომ თურმე აქციებზე დააკავეს რუსეთის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. დიდი ბოდიში, მაგრამ, როდესაც საზოგადოება აპროტესტებდა რუსეთის მოქალაქეების უკონტროლოდ შემოსვლას, მაშინ მათ კობახიძე ქსენოფობებს ეძახდა, ახლა კი ძალიან რთულია რუსების ამხელა ნაკადში იმის გარკვევა, რამდენია მათში პროვოკატორი და ვინ რის გაკეთებას ცდილობს. დასავლეთს საქართველოში სტაბილურობა სურს და ამისთვის წლების განმავლობაში უამრავი რამ გააკეთა. ჩვენ საფრთხე უნდა ვეძებოთ ჩრდილოელ მეზობელში, თუმცა ხელისუფლება ამ საფრთხეებზე ყურადღებას არ ამახვილებს და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას სულ სხვა მიმართულებით ცდილობს. ვფიქრობ, პროვოკაციები კიდევ იქნება და ამაში განსაკუთრებით რუსეთია დაინტერესებული - ეს საიდუმლო არავისთვის არის. პროტესტანტებსა თუ პოლიტიკოსებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ის, რომ ტრამპი ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს, ამტკიცებს იმ აზრის უნიადაგობას, ძველი ადმინისტრაცია წავა, ახალი მოვა და ყველაფერი შეიცვლებაო - ამაზე ლაპარაკი ტყუილია. ასეთ რამეები არ ხდება პოლიტიკაში. თან ლაპარაკია დონალდ ტრამპზე, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ყველგან და ყოველთვის დაიცავს აშშ-ის ინტერესებს, ასევე ყველგან და ყოველთვის დაიცავს ამერიკის გაღებულ ინვესტიციებს. ამერიკას რამხელა ფინანსური თუ პოლიტიკური ინვესტიცია აქვს ჩადებული საქართველოში, სიახლე არავისთვის არის. ისე, ესენი ევროპარლამენტის არჩევნების წინაც გაიძახოდნენ, კუბილიუსების დრო წავა, ახალი ხალხი მოვა და ურთიერთობები გადაიტვირთებაო. რეალურად კი ახალი ევროკომისია შეუდგა მოქმედებას და ის გაცილებით მკაცრად აფასებს იმ დარღვევებს, რაც საქართველოში ხდება. მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს საკითხის განხილვაა. საშინელი წასაკითხია ის ანგარიში, რაც ახლახან გამოაქვეყნა ევროკომისიამ. ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ ვიზალიბერალიზაციას არაფერი დაემუქრებოდა, მაგრამ მას რეალურად ემუქრება საფრთხე. ეს არის ევროკომისიის ანგარიში და არა ექსპერტებს ნათქვამი”, - ამბობს ექსპერტი.

“ამასთანავე, ჰოლანდია პირდაპირ აყენებს დღის წესრიგში ამ საკითხს. როდესაც ამ თემაზე ბრიუსელში მიმდინარეობდა მსჯელობა, იქ იყვნენ როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები, რომელთაც თავ-თავიანთი არგუმენტები ჰქონდათ. ჩვენი პარტნიორები მუდამ ცდილობენ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც მიიღებენ, რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს ქართველი ხალხისთვის. იგივე შეეხება ვიზალიბერალიზაციის თემას. ერთ-ერთი ვარიანტი, რომელზეც იქნება ამ კვირაში მსჯელობა, არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე პირებისთვის. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ამას რა აზრი აქვსო, რადგან მათ ჩვეულებრივი პასპორტებიც აქვთ, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს იქნება ძლიერი პოლიტიკური გზავნილი. ევროკავშირს ასევე აწუხებს ის, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და ადამიანების დევნის ფონზე იზრდება რისკი იმისა, რომ გაიზარდოს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. ვიზალიბერალიზაცია ამ საკითხზეც არის მიბმული. როგორც კი კრიტიკულ ზღვარს ასცდება მიგრანტთა რაოდენობა, დღის წესრიგში დგება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ყველა კატეგორიისთვის. ჩვენ მაღალი რისკის ზონაში ვართ, ამის მიზეზი კი ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებებია”, - განმარტავს თენგის ფხალაძე და შეკითხვაზე - “თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განიმუხტოს ეს უაღრესად მძიმე ვითარება?” - პასუხობს:

“ხელისუფლების ადეკვატური წინადადება ჯერ არ მოგვისმენია. ვითომ დებატების შეთავაზებაც არაადეკვატურია იმის ფონზე, რაც ქუჩაში ხდება, მით უფრო დაწყებული რეპრესიების გათვალისწინებით. თუ პრემიერს ან ხელისუფლების სხვა წევრებს საზოგადოებასთან ლაპარაკი სურთ, ეს ვინმემ აუკრძალა? რატომ არავინ ცდილობს მივიდეს რუსთაველის გამზირზე და მოსახლეობას დაელაპარაკოს, ეს ხომ მათი სამსახურია! არავის დაავიწყდეს, რომ ისინი ჩვენ დავიქირავეთ და ხელფასებს ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებენ”...

“როცა მოქალაქეთა ნაწილი გამოთქვამს უკმაყოფილებას, მათი ვალდებულებაა მივიდნენ და დაელაპარაკონ. ხელისუფლების დამოკიდებულება ამ რეპრესირებულების მიმართ კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. არაერთი ადამიანია დაშავებული, მათ შორის მანიფესტანტები და ჟურნალისტები და ხელისუფლებაში იმდენი მორალური ვალდებულება არავინ იგრძნო, რომ მივიდნენ და კლინიკებში ეს ადამიანები მოინახულონ. მახსოვს, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საბჭოთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი როგორ დადიოდა საავადმყოფოებში და ზრუნავდა თითოეულ დაშავებულზე. კომუნისტების დროს, კომუნისტური ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებდა ამას, ამათ რა სჭირთ?! ხელისუფლების არც ერთი ნაბიჯი არ მაფიქრებინებს, რომ სურთ ვითარების დეესკალაცია. ამიტომ ძნელია ივარაუდო, რომ ეს ვითარება მალე განიმუხტება. იმედია, თუ ხელისუფლებაში კიდევ დარჩა რაციონალურად მოაზროვნე ხალხი, დაეჭვდებიან მაინც და დასვამენ კითხვას, მათი გადაწყვეტილებები და არჩეული გზა რამდენად აზარალებს ქვეყანას?.. კარგი იქნება, ხელისუფლებამ გააცნობიეროს საკუთარი შეცდომები, შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს დაკავებულები და დაიწყოს ლაპარაკი, როდის გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუკი ხელისუფლება საკუთარ ხალხთან ურთიერთობისთვის აირჩევს მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიებს, ვაფრთხილებ, ამას კარგი არც ერთი ხელისუფლებისთვის არ მოუტანია”, - დასძენს ფხალაძე.

ტერორი და ქაოსი თბილისის ქუჩებში - რა პროცესებამდე მივდივართ და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

“7 დეკემბერი თბილისში მიმდინარე მწვავე საპროტესტო გამოსვლების ფონზეც კი განსაკუთრებულად დრამატული გამოდგა. ბრუტალურმა თავდასხმამ ჟურნალისტებზე, რომელიც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, ვითარება კიდევ უფრო დაძაბა და საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ხელისუფლება გადაჭრით უარყოფს ამ თავდასხმაში ძალოვნების, ან მმართველი პარტიის მხარდამჭერების მონაწილეობას. ოპოზიცია ხელისუფლების ჩამოშლაზე საუბრობს. საპატრიარქოში კი მიიჩნევენ, რომ პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს. ანალიტიკოსებიც რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ და ამბობენ, რომ თუ არ შეწყდება დაპირისპირებები, ქვეყანაში სერიოზული ქაოსი დაიწყება. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ნელ-ნელა ქუჩებში ტერორისა და ქვეყანაში ქაოსისკენ მივდივართ. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ხელისუფლებას კი გადაწყვეტილი აქვს საგანგებო კანონის მიღება, რომლითაც ქუჩის პროტესტების დროს აქციის და კონტრაქციის მონაწილეების მიერ სახის დაფარვა აიკრძალება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტერორი და ქაოსი თბილისის ქუჩებში - რა პროცესებამდე მივდივართ და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.

“ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა ბესიკის #4-თან 7 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს შავებში ჩაცმული ნიღბიანები როგორ აგდებენ ძირს გიორგი შეწირულს და როგორ ურტყამს რამდენიმე კაცი წიხლებს თავში. ასევე კადრში ჩანს, რომ მაკა ჩიხლაძეს უცნობი ნიღბიანი უკნიდან თავში ურტყამს, ძირს აგდებს და გარბის. თავად ჩიხლაძე ამბობს, ბესიკის ქუჩაზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი ნიღბიანი პირები არ აძლედნენ აქციაზე ჩასვლის უფლებას. თავმდამსხმელებმა ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა წაიღეს. კადრებს მობილურით თვითმხილველი იღებდა, რომელზეც ასევე, განხორციელდა ძალადობა. “ვიღებდი მე. თქვენი ოპერატორი წააქციეს, წიხლებით ხომ შედგნენ, შემდეგ 6 კაცი წაქცეულ ადამიანზე ზედ ხტუნაობდა და უბრალოდ, თმებში ხელი წამავლო და დამაგდო ძირს. დიდი წინააღმდეგობა არ გავუწიე. იცით, როგორი სიტუაცია იყო? ეს ამხელა ჯგუფი, 30 კაცი იქნებოდა დაახლოებით, ერთ ადამიანის ბრძანებას ემორჩილებოდა. ანუ მისი ხელის მოძრაობაზე მოძრაობდნენ, იხევდნენ უკან, როცა ანიშნებდა და მიდიოდნენ წინ, როცა ის მიუთითებდა”, - ამბობს თვითმხილველი, რომლის თქმით, “ესენი არიან სპეცრაზმელები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჟურნალისტების თავდასხმას საპატრიარქო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მათი შეფასებით, ჟურნალისტებზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. საპატრიარქო მოუწოდებს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში. ”ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია... მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში. ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად...” - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მომხდარზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დააკისრა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ შემთხვევაში, იქ რაც ხდებოდა, ამაზე პასუხისმგებელი არის ის საპოლიციო დანაყოფები, ვინც იქ იმყოფებოდნენ. ამაზე კითხვის ნიშნის დასმაც ზედმეტია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ სასწრაფოდ აღკვეთონ ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და რა კადრებიც ვრცელდება. გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი, არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ასე რომ, ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით. ამ არაფორმალური ჯგუფების, თუ ვინც არიან, შავებში ჩაცმული ადამიანების თარეში უნდა აღიკვეთოს და აუცილებლად ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელები არ არიან პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები და მათი აქტივის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, თავდასხმა განახორციელა მან, ვისაც არეულობა და ქაოსი უნდა. მომხდარი დაგმო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც. მისივე ცნობით, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს კანონის მიღება, რომლითაც “აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა”, - დასძენს გამოცემა.

“ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ძალადობის პრევენციისთვის ჩვენთანაც ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება”, - განაცხადა კობახიძემ. ოპოზიცია თავის მხრივ, ხელისუფლებას აბრალებს. “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტებზე პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ “დღეს ბიძინა ივანიშვილმა სცემა ჟურნალისტები”. “რეჟიმი “ტიტუშკების” გამოყენებას იწყებს მაშინ, როდესაც პრობლემა აქვს პოლიციაში, სპეცრაზმში და უნდა, რომ სხვა ჯგუფები ჩართოს იმისათვის, რომ როგორმე ფსიქოლოგიურად გადატეხოს და შეაშინოს ვინმე პროტესტში მონაწილე”, - აღნიშნა ვაშაძემ. რამაზ საყვარელიძე მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიას განიხილავს”, - წერს სტატიის ავტორი.

“რასაკვირველია, გამორიცხული არაა, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ორგანიზატორობით მომხდარიყო. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ხალხზე გაბრაზებულ პოლიციელებს გული მოეოხებინათ, რადგან აგრესია ყოველთვის აჩენს საპასუხო აგრესიას. შესაძლოა აქ ყაჩაღობასთანაც გვქონდეს საქმე. როგორც მახსოვს, თავდამსხმელებმა ტექნიკა წაიღეს. შეიძლება ამის მოტივიც ზუსტად ეგ იყო, რომ ეს ტექნიკა წაეღოთ გაყიდვის მიზნით. იმდენად პოლიტიზირებულები ვართ, რომ ყველგან პოლიტიკას ვხედავთ, შესაძლოა ეს არც იყო და ძალადობა ქურდობისთვის მოხდა. ქვეყანა როცა ირევა, ყველა კრიმინალური პროცესი უფრო ხშირდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი პოლიტიკური კითხვებიც ჩნდება იმ მხრივ, რომ მაგალითად ვინ გადაიღო ეს კადრები, როგორ ან რატომ და ა.შ. ამიტომ მე თავს ვერ დავდებ იმ ვერსიაზე, რომელზეც აქცენტი გავაკეთე, მაგრამ აქცენტი გავაკეთე სწორედ მაგიტო, რომ მაშინ გავათანაბროდ ვერსიები, თორე მეტისმეტი პოლიტიზირება ისევ ერთმანეთის აგრესიაში გადადის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ედიშერ გვენეტაძე კი ვარაუდობს, რომ ეს ოპოზიციის მიერ მოწყობილი სცენაა, რადგან სიტუაცია უფრო დაიძაბოს. “რა თქმა უნდა, ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ განხორციელდება, იქნება ეს ჟურნალისტი, მოქალაქე თუ სხვა. თუმცა, მეორე ამბავი მინდა გითხრათ - ჩემი დიდი გონივრული ეჭვით, ეს ხომ არ არის გაკეთებული იმ ძალების მიერ, რომლებსაც ქვეყანაში დაძაბულობა უნდათ და როდესაც ვერ მიაღწიეს “ნაცმაიდანს”, გააკეთეს ახლა ამ ჟურნალისტების მიმართ თავდასხმა? ჩემი აზრით, ეს არის საზოგადოების მოსინჯვა, თუ რა რეაქცია ექნებათ ამაზე. ისინი პოლიციას იწვევდნენ იმისათვის, რომ მათ გაესროლათ და ვინმე მათგანი დაღუპულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა. ამიტომ ახლა უნდათ ერთი ან მრავალი გვამი, რომ შემდეგ ამაზე ააწყონ თავიანთი გეგმები, ამის გამოცდილება აქვთ. ვფიქრობ, საქართველოს სახელმწიფო იმდენად ძლიერია, რომ რამდენიმე დღეში, შესაძლოა საათში ალბათ, უნდა გაირკვეს ვინ ჩაიდინა ეს. ჩემი გონივრული ეჭვით, ეს არის დაკვეთით გაკეთებული და ვფიქრობ, ამის დამკვეთი უნდა იყოს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც აღმა-დაღმა დადის ყოველ საღამოს, 11 საათიდან დილის 5 საათამდე”, - მიიჩნევს გვენეტაძე”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“მე მინახავს ასეთი შემთხვევები. ეს ხელოვნურად ხდება. ნახეთ რა ხდება, იქაურობას როგორც კი პიროტექნიკა მოსცილდა, მაშინვე ეს ამბავი დაიწყო. რატომ არ ხდებოდა ეს პიროტექნიკის გამოყენების დროს? დაფიქრდეს მკითხველი ამის შესახებ. ეტყობა ხოშტარიასთვის მოსკოვიდან ჩარიცხული ფული არ ჰყოფნით. ტყუილს ხომ არ ვლაპარაკობ? ელენე ხოშტარიას რუსეთიდან ფული ჩაერიცხა, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოქვეყნდა. ამიტომ ახლა სჭირდებათ კიდევ ერთი საკრალური მსხვერპლი, შესაძლოა ბავშვიც მოკლან. არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ეს, რაც ახლა საქართველოში ხდება, სპეცსამსახურების ლაბორატორებშია დამუშავებული. დაზუსტებულად, რასაკვირველია, არ ვიცი, თუმცა მე ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ. რა თქმა უნდა, ამასთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ ისეთი საშინელი ძალაა, ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას ოჯახში სათითაოდ მიაკითხავენ და შესაძლოა მცირეწლოვანი ბავშვებიც დახოცონ, უფროსებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ესენი არიან “ნეოტროცკისტები”, ტროცკის თავის დროზე, როცა რუსეთში გადატრიალება მოახდინეს, გაცხადებული ჰქონდა - მოდი, დავხოცოთ ყველა 15 წელს ზემოთ და დანარჩენები კომუნისტური სულისკვეთებით აღვზარდოთო. ახლა ამათ უნდათ დანარჩენები ლგბტ სულისკვეთებით აღზარდონ. ხომ ხედავთ იქიდან რას გველაპარაკებიან? ვაღიარებთ არჩევნებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკან გაიწვევთ ორ კანონს, უპირველეს ყოვლისა, “ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონსო”, - დაასკვნის ედიშერ გვენეტაძე.

ირაკლი მელაშვილი - “ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომ სისხლი არ დაიღვაროს”

“ტერორის ეტაპზე გადავდივართ. ეს არის სადღაც 200-250-კაციანი ჯგუფი. შეყარეს სპორტსმენები, მათი ძალიან ერთგული ხალხი და მათ აძლევენ დარბევის დავალებას და უფლებას, რადგან, როგორც ჩანს, მაინც ბევრი პოლიციელი და სპეცრაზმელი უარს ამბობს ამის გაკეთებაზე. ძირითადად, ამ მიტინგებზე სწორედ ეს ჯგუფები მოქმედებენ, გამოცვივდებიან, დაარბევენ და ვიღაცას გაიტაცებენ. ხელისუფლება ცდილობს ამით დაატეროროს ხალხი. ივანიშვილი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ შიშით, დაშინებებით შეძლებს ამ კრიზისის გადაგორებას. მისი ამოცანაა რამენაირად აირჩიონ პრეზიდენტი და შემდეგ უკვე, როდესაც ყველა ორგანო მის აბსოლუტურ კონტროლში იქნება, დაიწყოს ვაჭრობა დასავლეთთან “ბარტყების გადაყრაზე”. ისიც ფაქტია, რომ ქუჩას ვერაფერს უხერხებს, წარმოდგენა არა აქვს ამ ადამიანების მოტივაციაზე. დღესაც აბსოლუტურად სჯერა, რომ ამას ამერიკელები უწყობენ და იმედი აქვს, რომ ამ რეპრესიებითა და პოლიტიკური ოპონენტების დაჭერით, ჟურნალისტების გაჩერებით შეძლებს ამერიკელებს დაუმტკიცოს, რომ არ მისცემს მისი ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას და მასთან უნდა ილაპარაკონ, თუკი რაიმეს გადაწყვეტა უნდათ”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომ სისხლი არ დაიღვაროს”.

“ახლა ივანიშვილისთვის მთავარი ამოცანაა ყველას დაუმტკიცოს, რომ ის სრულად აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში და მას უნდა ელაპარაკონ გარანტიებზე. როდესაც ქუჩაში გაურკვეველი ფორმირებები დათარეშობენ, პოლიცია კი დგას და უყურებს რეალურად ეს პრობლემაა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი ამერიკამ მოუწყო, რომ ეს ჟურნალისტებიც ამერიკელების ნაყიდია. ფიქრობს, თუკი ამათ დაიჭერს, გააჩუმებს, დააშინებს, პროცესი ქუჩაში გაჩერდება. რეალობის აბსოლუტურად არაადეკვატური აღქმა აქვს და ვერ ხვდება, რომ უკუშედეგის გარდა, ეს არაფერს მოუტანს. ხალხის გამწარება იზრდება და ამან შეიძლება გაცილებით მძაფრად იფეთქოს. ყველაზე ცუდი ის არის, ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომ სისხლი არ დაიღვაროს და ადამიანები არ დაიღუპონ. ივანიშვილს თავის ცხოვრებაში პროტესტი არაფერზე გამოუთქვამს. მის გვერდით არ არის არც ერთი ის ადამიანი, რომელიც თუნდაც მაშინ, როდესაც ქვეყანა თავისუფლდებოდა, ან მერე, 2003-ში ან 2007-ში აპროტესტებდა უსამართლობას, კანონისა და ადამიანის უფლებების დარღვევას. მას არ ესმის, რომ ამ ადამიანებს დამოუკიდებელი მოტივაცია აქვთ. პირიქით, ფიქრობს, რა უნდათ, დასავლეთში დადიან, ხელფასებს იღებენ და რატომ უნდა იდგნენ აქციაზე, თუ ამერიკამ არ იყიდა ჩემს ჩამოსაგდებადო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“მას ისიც არ ესმის, ადამიანი, რომელიც დასავლეთში სწავლობს და კარგად არის, შეიძლება თბილისში ჩამოვიდეს და აქციაზე დადგეს. ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია, დასავლეთს ეს ხალხი ნაყიდი ჰყავს და ჰგონია, თუკი დავაშინებ, გავლახავ და დავასისხლიანებ, დაიშლებიანო. ასეთ არაადეკვატურ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე... ზურაბიშვილი ნოტრდამის ტაძრის გახსნაზე იმყოფება, საქართველოს მთავრობიდან სხვა არც არავინ მიუწვევიათ, მაკრონი კი ზურაბიშვილს მეუღლესთან ერთად დახვდა. ეს უკვე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, კეთროვანია ცივილიზირებული საზოგადოებისთვის. ეს შეხვედრა კი, რაც არ უნდა არაფორმალური იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტს მიეცა საშუალება პირადად ელაპარაკა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ეს არის არსებითი. ახლა რას იტყვის “ოცნება”, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. პრეზიდენტის პარიზში ყოფნა და მისი შეხვედრები მიუთითებს, ვინ მიაჩნიათ ლეგიტიმურ ხელისუფლებად, აშკარაა, არა კობახიძე. მას დარჩენილი აქვს ადგილი ირანში, “ჰამასთან”, “ჰეზბოლასთან” - ეს ადგილი მოუზომა ივანიშვილმა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ივანიშვილი როგორც ვიცი, არავის უჯერებს და პირად მართვაზე აქვს სიტუაცია, მათ შორის ძალოვნებთან ურთიერთობაში, მინისტრს კი არ ელაპარაკება, არამედ ცალკეულ პირებს, დანაყოფების ხელმძღვანელებს. კატასტროფული სიტუაციაა... ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში გველის დასავლეთიდან პოლიტიკის საკმაოდ გამკაცრება და ამ ხელისუფლებაზე სანქციების რეალურად ამოქმედება. რაც შეეხება გამოსავალს, ჩემი აზრით, გამოსავალი ოპოზიციურ ველზე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნაა. დასავლეთს სჭირდება აქ ისეთი პარტნიორები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის მართვას, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებსა და მოსახლეობასა და ქვეყნის გარეთ ურთიერთობაზეც. დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა სერიოზული პოლიტიკური ცენტრების არარსებობა ქვეყანაში - ანუ ამ პროტესტს პოლიტიკური მდგენელი არა ჰყავს. ეს პროტესტი აბსოლუტურად სახალხოა. ერთი მხრივ, ეს რთული გასაჩერებელია, პოლიტიკური ლიდერების დაჭერა ამ პროცესს ვერაფერს აკლებს, რადგან ყველა რომც დაიჭირონ, პროტესტი მაინც გაგრძელდება, მაგრამ, მეორე მხრივ, გამოსავლის ძიების მხრივ ძალიან რთულად არის საქმე, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია”, - განმარტავს ექსპერტი.

“ერთ მხარეს არის მხოლოდ ხელისუფლება, მეორე მხარეს მომიტინგეები და პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს როგორც მოთამაშე. ამიტომ ახლა აუცილებელია მოთამაშე გაჩნდეს ველზე. პოლიტიკურმა ოპოზიციამ გადაჯგუფება უნდა მოახდინოს, დაფიქსირდეს როგორც პასუხისმგებლობიანი და ავტორიტეტული პოლიტიკური ძალა ქვეყანასა თუ მის გარეთ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ქვეყანაში შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს ცვლილებები. ოპოზიციას თავისი პრობლემები აქვს. ზოგი ცდილობს რაც ხდება, გააანალიზოს, ზოგი კმაყოფილია იმით, რომ საკუთარ თავს ხედავს ტელეეთერში. ფაქტია, ახლა ახალ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ვერსაიდან ჩამოვიყვანთ. მთავარია, არსებული უფრო გავაძლიეროთ, ახალი სული შთავბეროთ და უფრო შევუწყოთ ხელი, რომ აიღოს პასუხისმგებლობა სხვა გზა არა გვაქვს, თორემ დარწმუნებული ვარ, არც ის მოსახლეობა იყო აღფრთოვანებული ოპოზიციით, ვინც მას ხმა მისცა, მაგრამ მისცა იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ იყო. ჯერ ამ მდგომარეობაში ვართ, არც ჩერჩილი გვყავს, არც რუზველტი და არც ჰელმუტ კოლი” - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

“დღეს ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება ამ უზარმაზარი საპროტესტო მუხტის კაპიტალიზაცია, იმიტომ, რომ ამას ვერ ახერხებს ოპოზიცია. ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას რომ დათანხმდეს, საამისოდ უნდა იმუშაონ როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა დაანახოს, იციან, როგორ გავიდნენ ბოლოში. ამის თაობაზე ოპოზიციისგან რამე გაგიგონიათ? უფრო გამსხვილება, უფრო გაძლიერება, უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო, მათ შორის პოლიტიკური აქტივობები, ოპოზიცია კი ჯერჯერობით იმით შემოიფარგლება, რომ ნაწილი აქციებზე დგას და სადაც დაინახავს მიკროფონს, იქ მივარდება, რომ თქვას, აი, მე ხალხის გვერდით ვდგავარო და ა.შ., ნაწილი კი ამასაც არ აკეთებს. ასე არაფერი გამოვა. ოპოზიციას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და მათ შორის ისიც, რომ პროტესტი რეგიონებში გადაიტანოს. პოლიციური ძალები ქვეყანაში შეზღუდულია და საჭიროა მათი დაქსაქსვა. კიდევ უამრავი რამაა, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, აუცილებელი არაა, გაზეთის ფურცლებიდან გავაგებინოთ “ოცნებას”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ოცნებაში” როცა დანიშნავენ პრეზიდენტს გვეყოლება აბსოლუტურად არალეგიტიმური და უავტორიტეტო ხელისუფლება. ვინმეს როგორ წარმოუდგენია ამერიკის, საფრანგეთის პრეზიდენტების ან გერმანიის კანცლერის შეხვედრა ბატონ ყაველაშვილთან? ან თუნდაც კობახიძის ამ ხალხთან შეხვედრა ამ ვითარებაში როგორ წარმოგვიდგენია? ფაქტობრივად, ჩაიჭრება ყველა საგარეო კავშირი. ივანიშვილი ახლა ყველანაირად ცდილობს როგორმე ტრამპის ადმინისტრაციაზე გავიდეს, მაგრამ ჯერ ვერაფერს ახერხებენ და, ალბათ, საბოლოოდ იმედი მაშინ დაემსხვრევა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია საქმიანობას შეუდგება. მანამდე კი, უახლოეს დღეებში, ველოდები, რომ ამოქმედდება ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციის დაწესებული სანქციები, ცხადია, შეთანხმებული ტრამპის ადმინისტრაციასთან. “ოცნება” რა თქმა უნდა, თავს დაიმშვიდებს, მაგრამ სულ მთლად უტვინოებზე თუ აქვთ გათვლა, შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, მაგრამ არც ისეა საქართველოში საქმე, რომ ადამიანებს თეთრზე შავიაო, სჯეროდეთ. ვფიქრობ, სავსებით გასაგები იქნება, თუკი ახლა პიროვნულ სანქციებს შემოიღებენ”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ეს იქნება მხოლოდ ივანიშვილის დასანქცირება თუ მთავრობის წევრებისაც, ძნელია სათქმელია, რადგან ბევრი ვარიანტი განიხილება, მაგრამ ფაქტია, სანქციები არ ასცდებათ. ცალკე საფიქრალია, ეს როგორ გავლენას მოახდენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზე. ყოველივე ეს ერთობლიობაში ქმნის იმ პროცესს, რომელმაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე. როდის, ეგ კაცმა არ იცის, რადგან ნებისმიერ დროს ნებისმიერი სისულელე შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ. ორი დღის წინ ვიდექით აქციაზე, არაფერი ხდებოდა და უცბად დაიწყეს სასტიკი დარბევა. რატომ სცემეს ხალხს, კაცმა არ იცის, გარდა იმისა, რომ მანიაკური წყურვილი აქვს ვიღაცას ხალხი დააშინოს. შედეგად კი მიიღეს ის, რომ ხალხის რაოდენობა სულ უფრო იზრდება, მთელ რუსთაველზე ხალხის ისეთი სიმჭიდროვეა, გავლა ჭირს. რაღაც გათვლილ და დაწერილ სცენარებზე ლაპარაკს აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ რა მოუვა თავში ივანიშვილს თუ კობახიძეს, რას მოიმოქმედებენ, არავინ იცის. გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი აბსოლუტურად პიროვნულია და რომელი როგორ ხასიათზე გაიღვიძებს, როდის უმტყუნებს ნერვები და როდის დაწყნარებული იქნება, ამის გათვლა აბსოლუტურად შეუძლებელია”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი და შეკითხვაზე - “ორპრეზიდენტიანობა გვექნება თუ სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციიდან ძალით გამოიყვანენ?” - პასუხობს:

“რა თქმა უნდა, 29-ში ძალით გამოიყვანენ, თუ ეს ვითარება შერჩათ და 14-ში ჩაატარეს ვითომ არჩევნები. არ ვიცი, 14-ში თბილისში რა მოხდება, რა რაოდენობის ხალხი მოიყრის თავს და რას გადაწყვეტენ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ იმ 200 ხმას მოაგროვებენ. “ოცნებას” სულ რაღაც 20 ხმის უპირატესობა აქვს და შეძლებს ან მოინდომებს თუ არა ყველა ჩამოსვლას და ხმის მიცემას, არ ვიცი, მით უმეტეს, 14-მდე კიდევ დროა და მოვლენები როგორ განვითარდება, კაცმა არ იცის. მე არც საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გამოვრიცხავ, რადგან ინსტიტუციური მართვის სრული კოლაფსი გვაქვს, გადასული ვართ ერთი პირის მმართველობაზე”.

დაძაბული მოლოდინი მწვავე პროტესტის ფონზე - როდის იქნება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა და რა ეფექტი ექნება მას

“ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გადამწყვეტი მნიშნელობა ექნება დასავლეთის მიერ არჩევნების აღიარება-არაღიარებისათვის და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდეს. ჭიანურდება თუ არა მისი გამოქვეყნება და როგორი იქნება საბოლოო დასკვნის შინაარსი, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის მოლოდინი მასობრივ საპროტესტო გამოსვლებსა და ქვეყანაში ვითარების უკიდურესად გამწვავებას დაემთხვა, რაც, ანალიტიკოსების აზრით, გარკვეულწილად გავლენას ახდენს როგორც გამოქვეყნების ვადებზე, ისე ნაწილობრივ მის შინაარსზეც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პირველადი დასკვნის შემდეგ, ეუთო/ოდირს ვადა სამი თვე აქვს, პირველადი დასკვნა კი 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამ მოცემულობით ბოლო თარიღი იანვრის ბოლოა, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საბოლოო დასკვნა ყველა შემთხვევაში წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. თავად სადამკვირვებლო ორგანიზაციის სპიკერი კატია ანდრიუში აცხადებს, რომ ანგარიში 2024 წლის ბოლოს გამოქვეყნდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაძაბული მოლოდინი მწვავე პროტესტის ფონზე - როდის იქნება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა და რა ეფექტი ექნება მას.

“მითების დეტექტორის” წერილის საპასუხოდ ანდრიუში წერს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო ანგარიშზე მუშაობა არ დასრულებულა, არ გამოქვეყნებულა და არც ტექსტი გაუგზავნიათ ვინმესთვის. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ეუთო/ოდირი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციისა და სანდოობის მქონე ორგანიზაციაა და წინასწარ საუბრობენ იმაზე, რომ გაითვალისწინებენ საბოლოო დოკუმენტში აღნიშნულ შეფასებებს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობის თვალსაზრისით ამ დასკვნას უკვე აზრი დაეკარგა, რადგანაც მასობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლება უკვე ხალხში ჰკარგავს ლეგიტიმაციას. ანალიტიკოსებიც ასევე მიიჩნევენ, რომ ეს დასკვნა ვერც საპროტესტო მუხტს დააცხრობს ქვეყანაში, რადგანაც ახლანდელი პროტესტი პირველ რიგში უკავშირდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის ცნობილ განცხადებას და 26 ოქტომბრის არჩევნებს. თუმცა, მათივე შეფასებით, ეს დასკვნა მნიშნელოვნად შეიძლება აისახოს პარლამენტში გასული ოპოზიციონერების გეგმებზე, რომლელთა ნაწილსაც უკვე დაწერილი აქვს საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის განცხადება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გარდა ამისა, როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, ეუთო/ოდირზე ამჟამად სერიოზული ზეწოლა ხორციელდება სწორედ საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით. ამის ფონზე განსაკუთრებით ნიშანდობლივია “ქართული ოცნებისადმი” კრიტიკულად განწყობილი ზოგოერთი ევროპარლამენტარის პოზიცია, რომელიც ეუთოს მიუკერძოებლობას აქედანვე ეჭვქვეშ აყენებს. მმართველ პარტიაში საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ. “ქართული ოცნების” დეპუტატი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის პირველადი დასკვნა არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებას ადასტურებს. “რეალობა ერთია - ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა “ქართული ოცნების” გუნდის სასარგებლოდ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ბავშვების, ოჯახის ღირებულებების სადარაჯოზე და ღირსეულად ცდილობს, ქვეყანა განვითარდეს”, - განაცხადა მან. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ მწვავე ქუჩის პროტესტების ფონზე ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა, რადგან ქვეყანა კრიზისშია. ორიოდე დღის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს კითხვაზე, უნდა დაველოდოთ თუ არა ეუთო/ოდირის ანგარიშს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეუთო/ოდირი “დამთავრებულია”, - განაგრძობს გამოცემა.

“კრიზისი არ ელოდება არაფერს, კრიზისი არის ჩვენს ქუჩებში. არჩევნები მორჩა, არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში, ეს არის პრობლემა. ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, მე კი არა. არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ, პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, კრიზისია. გვინდა, არ გვინდა, კრიზისია. ეუთო/ოდირი დამთავრებულია, უკვე არის კრიზისი, არავინ აღარ ელოდება”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. დასავლეთში “ქართული ოცნების” ოპონენტები კი იმაზეც საუბრობენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის მიუკერძოებლობა უკვე საეჭვოა. “სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ “ოდირი” არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან და რაც მოიტანს სამართლიან შედეგებს და თუ დადასტურდება, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, შემდეგ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით პროცესის გაჭიანურება დიდი ალბათობით იმას უკავშირდება, რომ ეუთო/ოდირი არა მხოლოდ მათ მიერ მოპოვებულ, არამედ სხვა სადამკვირვებლო მისიების მასალებსაც სწავლობს”, - დასძენს გამოცემა.

“რადგან საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, როგორც ჩანს, ისინი არა მარტო თავიანთ მოპოვებულ მასალას სჯერდებიან, არამედ იმ მასალებსაც სწავლობენ, რაც სხვა დამკვირვებლებმაც მოიპოვეს და რაზედაც ოპოზიცია ლაპარაკობს. მთლიანობაში დოკუმენტი ორგვერდიანი ვერ იქნება. როგორც ჩანს, საკმაოდ ვრცელ დასკვნას ამზადებენ და გარკვეულწილად თავს ამიტომაც იკავებენ. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გარკვეულწილად პოლიტიკური შემადგენელიც იყოს, თუმცა, თუ ეს იქნება, იქნება ძალიან მცირე დოზით. შინარსობრივად როგორი იქნება, ამის თქმა ძნელია, რადგან პირველად დასკვნაში რაცაა, ის ერთი ნაწილია, რაზედაც დღეს ხელისუფლება აპელირებს - რომ მშვიდობიანად ჩატარდა და ა.შ. - რაც ამ დოკუმენტში აღნიშნულია, ეს გასაგებია. თუ 2020 წლის არჩევნებს შევადარებთ, თვისობრივად შესაძლოა ახლა უფრო მძიმე სურათი გვქონდეს და როგორც ჩანს, სწორედ ამის კვლევას ემსახურება, რომ ჯერ დასკვნა გამოქვეყნებული არაა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ეუთო/ოდირმა როგორი დასკვნაც არ უნდა დადოს, აქ ამ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს. აქ პროცესები თვისობრივად სხვა ჭრილში გადავიდა - არჩევნები გაყალბდა თუ არა, ეს თემა უკვე მოძველდა და ათვლის წერტილი 28 ნოემბერს კობახიძის განცხადებიდან დაიწყო, რომ ევროკავშირთან ურთიერთიობას წყვეტს. დღეს ვინც გამოდის, მათთვის არჩევნები დამატებითი არგუმენტია, რომ “ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკა შეიცვალოს და ამიტომაც ვუბრუნდებით ხელახალი არჩევნების თემას. ძირითადი პროტესტი მოჰყვა იმას, რომ ევროკავშირთან ყველანაირ ურთიერთობებს ვწყვეტთო და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ თუ ევროპასთან ურთიერთობას წყვეტ, რუსეთ-ჩინეთის ორბიტაზე მიდიხარ და ამ პროტესტის მონაწილეა ოპოზიციაც, ოღონდ არა როგორც წარმმართველი ან მაორგანიზებელი ძალა. ეს პროტესტი უცნაურია. ამ 30 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ ყოფილა. თვითორგანიზებული აქციაა, რისი ალაგვმაც ხელისუფლებას უჭირს. თავადაც უჭირს თქვას, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალები აორგანიზებენ. ამის საშუალებას პროტესტანტები ხელისუფლებას არ აძლევენ”, - ამბობს ძაბირაძე.

“არადა ათი დღეა პროტესტი გრძელდება, უფრო იზრდება და თეტრალური თუ სხვა სფეროებში შედის, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მედიცინის და სხვა სფეროები შეუერთდებიან. პროტესტი გაგრძელდება და ამის კონტროლს ხელისუფლება ნამდვილად ვეღარ შეძლებს. ზურაბიშვილი და ოპოზიცია პროტესტში მაშინ ჩაერთვებიან, როცა რეალურად დღის წესრიგში ახალი არჩევნების თემა დადგება. მინიმუმ უნდა ვივარაუდოთ, რომ იანვრის ბოლოსთვის ყველაფერი ნათელი გახდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქუჩის აქციები დროებით შეწყდება, ეს არ ნიშავს, რომ პროტესტი ჩაქრა. შესაძლოა ახალ წლებზე შეჩერდეს და გაზაფხულზე ახალი და უფრო დიდი ძალით იფეთქებს. ეუთო/ოდირის დასკვნას დასავლეთის პოზიციაზე უფრო ექნება გავლენა, ვიდრე აქ მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ პროცესზე. თუმცა, არჩევნები ახლა მეორე პლანზე გადავიდა, რადგან დღეს უკვე ყველა იმ დარღვევებზე ლაპარაკობს, რაც თბილისში ხდება. საქართველოში ესეც პირველადაა, რომ მიტინგზე ხალხი ყოველდღე მიდის. ასეთი რამ ეროვნული მოძრაობის დროსაც არ ყოფილა. ამიტომ დღეს წინა პლანზე ადამიანის უფლებები მოდის, თუნდაც იგივე დასავლეთისთვის და მერე არჩევნები. ადამიანის უფლებების დარღვევა განიხილება, როგორც არჩევნების შედეგი და არა პირიქით, აი, ამ კონტექსტშია ეს თემა და ეს “ქართული ოცნებისთვის” ძალიან მძიმე განაჩენია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“რამდენადაც ვიცი, გამოცხადებული იყო, რომ საბოლოო დასკვნა დეკემბრის შუა რიცხვებში, ან დეკემბრის ბოლოსკენ გამოქვეყნდება. პირველადი დასკვნის შემდეგ ეუთო/ოდირს სამი თვე აქვს იმისთვის, რომ საბოლოო შეფასება გამოაქვეყნოს. შესაბამისად, ვადა მას ჯერ კიდევ აქვს. როგორი იქნება შეფასება, ამას პრინციპში ყველა ელოდება - ხელისუფლება, ოპოზიცია, გარე პარტნიორები. მაქვს ეჭვი და მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ ახლა ეუთო/ოდირზე ძალიან სერიოზული ზეწოლა მიდის. ვიცით იქ პირველ ვიოლინოს ვინ უკრავს და ყველაზე უფრო დიდი გავლენა ვის აქვს იმისათვის, რომ საბოლოო შეფასებაში არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს. ეუთო/ოდირი ამ ზეწოლას რამდენად გაუძლებს, ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რომ მასზე ზეწოლა მიდის, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. შესაბამისად,ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაში საპარლამენტო არჩევნების აღიარება-არაღიარების ალბათობა დაახლოებით 50/50-ზეა”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე”,

“ვნახეთ, რომ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ ოთხეულს, მოუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა, პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. მომდევნო სესიაზე, რომელიც პარლამენტში ახლა გაიმართება, კენჭი უნდა უყაროს იმ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას, რომლებმაც განცხადებები შეიტანეს. რა განცხადებებიც ჩემი თვალით ვნახე, რამდენიმე დეპუტატმა, განსაკუთრებით “ლელოს” წევრებმა, განგებ ისე დაწერეს, რომ ისინი განხილვად დოკუმენტად მიჩნეული არ იქნას. მაგალითად, ასეთი განცხადება იყო, რომ “მივმართეთ თვითმარქვია პარლამენტსო”. ხომ გასაგებია, რომ ეს იურიდიულად გამართული დოკუმენტი არაა. მათ ამით ვირეშმაკული ხერხი იხმარეს და უკან დასახევი გზა დაიტოვეს. თუკი ეუთო/ოდირმა არჩევნები აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევებს და ა.შ., ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ამ დასკვნის წინააღმდეგ უკვე ვეღარ წავა”, - თვლის ანჯაფარიძე.

“კი ამბობენ, რომ ჩვენ ეს დასკვნა არ გვაინტერესებსო, მაგრამ საქმე ასე არაა, ვალდებული არიან გაითვალისწინონ და თუკი საზოგადოება გაიგებს, რომ არჩევნები აღიარებულია, ოპოზიციის საპროტესტო აქციებს ლეგიტიმაცია დაეკარგება. მეორეც - დასავლეთის მხრიდან მათი მხარდაჭერა, რასაც ახლა წამდაუწუმ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამასაც ლეგიტიმაცია დაეკარგება. თუკი ეუთო/ოდირმა არჩევნები აღიარა, მაშინ ვერც ერთი დასავლელი ლიდერი თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ საპირისპირო განაცხადოს. იგივე შეიძლება ითქვას სალომე ზურაბიშვილზეც, მას საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწევს. ასე რომ, ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული და იმაზე, თუ 16 დეკემბერს ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოსთან მიმართებაში რა განცხადებები გაკეთდება. მათ უკვე თქვეს, რომ საქართველო განხილვის ცენტრალური საკითხი იქნება. ეს პროცესები მოახდენენ გავლენას როგორც საპროტესტო აქციებზე, ისე ოპოზიციური პარტიის მოქმედების გეგმაზე. ამ სიტუაციაში ყველაზე პრაგმატულად გახარიას პარტია იქცევა, რომელიც ჯერ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებებს არ წერს”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

დავით ზურაბიშვილი - “არა მგონია, საგანგებო მდგომარეობა რომც დანიშნონ და ამის გამო აქციები არ ჩატარდეს”

“ამ ხელისუფლებას დაქირავებული ჯგუფები ჰყავს. ეს არ არის სპეცრაზმი ან ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურა. როგორც ჩანს, ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები არიან, ზოგი დღეს დაცვის სამსახურში მუშაობს და ა.შ. და მათგან შექმნილი აქვს ზონდერჯგუფები, “ტიტუშკებს” რომ ეძახდნენ უკრაინაში, და მიუშვებს ხოლმე ხალხის საცემად. ეს არ არის ახალი ფენომენი, დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ ამათ გააფართოეს. ეს ადასტურებს, რომ ხელისუფლება ჯერ ვერ აცნობიერებს სიტუაციის სიმძიმეს და ცდილობს დაშინებით, ტერორით, ცემით გადატეხოს სიტუაცია წელში, რაც მგონი, მარცხისთვის არის განწირული. აქციები გაგრძელდება. დიდი საბრძოლო განწყობა აქვთ მომიტინგეებს, ბოლომდე დგომას აპირებენ. მე აქციებზე ასეთი სულისკვეთება იშვიათად მინახავს”, - აცხადებს ექსპერტი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გამოცხადდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა?!

“რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, ყაველაშვილი გინდა პრეზიდენტად აირჩიე და გინდა სხვა რამედ, მისი ლეგიტიმაცია ყველა ვარიანტში ნული იქნება. საერთოდ, საპარლამენტო რესპუბლიკაში ირჩევენ პირს, რომელიც ავტორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, ეს წესია. თუ მას დამოუკიდებელი ავტორიტეტი არა აქვს, ვერ შეასრულებს თავის ფუნქციებს და იქნება ბუტაფორია. ყაველაშვილს თავის პარტიაში არა აქვს ავტორიტეტი, ფეხბურთშიც კი, პოლიტიკაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ, და ოპოზიციასა და ფართო საზოგადოებაში რა უნდა ჰქონდეს? ამიტომ მას აირჩევენ თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს. შეუძლიათ სადმე შეიკეტონ და იქ აირჩიონ, მაგრამ ნულოვანი ლეგიტიმაცია ექნება. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ყველა ვარიანტში გამწვავებისკენ წავა. რაც შეეხება სალომეს განცხადებას, რომ ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება, ლეგიტიმური პრეზიდენტი ის არის და წასვლას არ აპირებს, არ არის გამორიცხული, მართლა არ გამოვიდეს იქიდან, მერე ამბავი ატყდეს. არ ვიცით, რა მოხდება, რადგან რაღაცები არ არის ჩვენზე დამოკიდებული...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“საერთოდ, მე ვერ ვხედავ ამ ლეგიტიმურობაზე ჭიდაობაში აზრს და დიდად მნიშვნელოვანი არა მგონია. ნებისმიერ ვარიანტში საჭიროა ახალი არჩევნები. თუ რიგგარეშე არჩევნები გვინდა, სამართლებრივად შეუძლებელია ამ პარლამენტის გარეშე დაინიშნოს. სხვა მექანიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღარ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოს რომ არ გამოეტანა ეს ისტორიული გადაწყვეტილება, მაშინ რაღაცის გაკეთების შანსები რჩებოდა, ახლა კი ეს შეუძლებელია. ამიტომ ახლა, ვადის გასვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა რომ თქვას, მე ვარ ლეგიტიმური და არ გამოვდივარ რეზიდენციიდანო, ამან შესაძლოა სიტუაცია ძალიან გაამწვავოს. პირადად მე ამაში აზრს ვერ ვხედავ. არა მგონია, ყაველაშვილის პრეზიდენტობა ლეგიტიმაციას აძლევდეს ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას“, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “თუკი მოახერხეს ყაველაშვილის ინაუგურაცია, დაანიშვნინებენ საგანგებო მდგომარეობას, აკრძალავენ აქციებს და ასე შეეცდებიან სიტუაციის თუნდაც დროებით ჩაქრობას...” - პასუხობს:

“არა მგონია, საგანგებო მდგომარეობა რომც დანიშნონ, და ამის გამო აქციები არ ჩატარდეს, ესეც კიდევ ერთი გამამწვავებელი ფაქტორი იქნება და ხალხი შეეწინააღმდეგება”.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა