ბრიტანულ–ქართული აკადემიის (BGA) დამფუძნებელი და დირექტორი ნათია ჯანაშია თანამდებობაზე რჩება. 12 თებერვალს ბრიტანულ–ქართული აკადემიის პარტნიორთა კრება არ შედგა. მიუხედავად ამისა, სს „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილმა კომპანია შპს „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ნათია ჯანაშიას დირექტორის პოზიციიდან გადაყენება მაინც სცადა.
მიუხედავად იმისა, რომ კრება მრავალი დარღვევის ფონზე ჩაიშალა, „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ მაინც შეადგინა კრების ოქმი, სადაც ნათია ჯანაშიას დირექტორის პოზიციიდან გადაყენება და მის ნაცვლად სასკოლო საზოგადოებისათვის უცნობი იოჰან ვან ლილის დანიშვნა დააფიქსირა. ამის შემდეგ მათ განცხადებით საჯარო რეესტრს მიმართეს.
13 თებერვალს, საჯარო რეესტრმა შეაჩერა „საქართველოს კაპიტალის“ უფლებამონაცვლე შპს “საქართველოს განათლების ჯგუფის” მიერ 12 თებერვალს წარდგენილი განცხადება ახალი დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომლის პროცედურაც წესების დარღვევით წარიმართა. შესაბამისად, არშემდგარ კრებაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ვერ დააკმაყოფილა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა სკოლისთვის გადამწყვეტ პროცესებში.
მე, როგორც დირექტორი და დამფუძნებელი პარტნიორი, ვაგრძელებ ბრძოლას არაკეთილსინდისიერი ინვესტორის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი ღიად გაცხადებული მიზანი ნებისმიერ ფასად მაქსიმალური მოგების მიღებაა.
ჩვენი მიზანი სკოლის დაარსების დღიდან უცვლელია: მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს საუკეთესო საერთაშორისო განათლება აქ, საქართველოში. ფინანსური ინტერესი არასდროს ყოფილა და ვერ იქნება ჩვენთვის მთავარი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ სკოლის დაფუძნების დღიდან მე და დავით ცეცხლაძეს არც ერთხელ გაგვიტანია დივიდენდი, ხოლო 19 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგება 100%-ით მოხმარდა ჩვენი სასკოლო საზოგადოების განვითარებას.
მჯერა გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა.“ – აცხადებს ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, ნათია ჯანაშია.
(R)