რამაზ საყვარელიძე - სანამ ძველ სახეებს, იდეებს და საქციელს არ შეცვლიან, ოპოზიციისკენ არ წავა საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა, ეს კი უმეტესობაა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ დაძაბული და ზამთრისთვის დამახასიათებელი სუსხიანი ურთულესი ზამთარიც გადავაგორეთ.

გამოზაფხულდა და თითქოს გამოცოცხლდა ქვეყანა. სოფლად ხალხი საგაზაფხულო სამუშაოების ბეჯითად შესრულებას შეუდგა, ასევე დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას. თუ შეიძლება ასე ითქვას, ახლა ქვეყნის დიდი ნაწილი გაზაფხულისთვის დამახასიათებელი რიტმით აგრძელებს ცხოვრებას.

მაგრამ, ვერ ვიტყვით რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების რიტმი პოლიტიკური რეალობის შესაბამისია. როგორც ჩანს, ასეა იმიტომ, რომ კარგა ხანია ქვეყანა განსხვავებულ რეალობასა და რეალობის განსხვავებულად გაგებული აღქმებით ცხოვრობს.

28 ოქტომბერს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებამ საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ზამთრის სუსხიან დღეებშიც კი პროტესტანტების აქტიურობა დიდი იყო.

ხელისუფლება ამბობდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არაა, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებს ჩვენთან ჩატარებული არჩევნების მიმართ სერიოზული პრეტენზიები აქვს. ეს პრეტენზიები იმაში ითარგმნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საკმაოდ დიდ ნაწილს უწევს ევროპის ქვეყნებში არადიპლომატიური პასპორტებით გადაადგილება. აღარაფერს ვამბობ ბევრისთვის სანქციების დაწესებაზე და ასე შემდეგ.

ფაქტია, რომ ხელისუფლება არც ერთ დათმობაზე პროტესტანტებთან არ წასულა და იმედოვნებდა, რომ ყველაფერი თავისით ჩაწყნარდებოდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დაკავებულებისა და ნაცემების რიცხვი, ასევე დაკავებულების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ვითარება მეტ ნაკლებად მშვიდად გამოიყურება, მაგრამ, ეს სიმშვიდეც რომ ილუზორულს ჰგავს, თუ ცხადად არა, კარგად მაინც ჩანს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ოქტომბრის თვიდან დღემდე განვლილ პერიოდს და იმ მდგომარეობას, რომელშიც ახლა ვიმყოფებით?

- კარგა ხანია ქვეყანა იმყოფება მდგომარეობაში, რომელსაც შეიძლება დაერქვას პოლიტიკური ორთაბრძოლა, ბრძოლა, სადაც ფიზიკური დაპირისპირება კი გაჩნდა მაშხალების და დაპატიმრებების სახით, მაგრამ გამარჯვებისთვის მთავარი იყო „ხერხის მოგონება“ - „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსაო“.

კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ორთაბრძოლა ოქტომბერში არ დაწყებულა. პროტესტის დიდი ტალღა გაზაფხულზეც იყო „რუსული კანონის“ საბაბით, რომელიც ხელისუფლებამ ჯერ შემოიტანა და გაიტანა, ხოლო შემდეგ ხელახლა შემოაბრუნა. ივანიშვილმა მისთვის დამახასიათებელ გულწრფელ სტილში ახსნა კიდეც კანონის შემობრუნების მიზეზი - ჩვენი ოპონენტების, შინაურის და გარეულის პროვოცირება მოვახდინეთ, რომ დაეხარჯათ რესურსებიო.

თუ ადამიანი დააკვირდებოდა, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ხელისუფლება მუშაობდა ოპოზიციური მუხტის დაგდებაზე, მორიგ საპროტესტო საბაბს იძლეოდა სპეციალურად, რადგან ემოციური მუხტი განმეორებისას კლებულობს. თუ ოპოზიცია მხოლოდ ემოციების იმედად იქნებოდა, მისი მხარდამჭერების რიცხვი დაიკლებდა დროში გაწელილ პროტესტში.

ემოციური მუხტის დაგდების ილეთზე წამოეგო თავად ოპოზიცია. ოპოზიციისგან მხოლოდ ემოციური მოწოდებები ისმოდა, რასაც რაციონალური მხარე არ ჰქონდა. ოპოზიციონერები მოქმედების გეგმასაც კი ვერ ამბობდნენ, იმასაც ვერ ეუბნებოდნენ თავის მხარდამჭერებს, დასავლეთის სანქციებით ან საპროტესტო აქციებით რატომ ჩამოშლებოდა ხელისუფლება. ოპოზიცია ვერ ამბობდა იმასაც, თუ რატომ იყო მისთვის მიუღებელი საპარლამენტო ბრძოლა არგუმენტებით, რაც ხდება მთელ დასავლეთში.

ემოციების ჩაქრობის მერე გაჩენილი ეს ზოგადი საკითხები აჩენდა უნდობლობას ოპოზიციის მიმართ, რაც გამოვლინდა საპროტესტო აქციების გამეჩხერებაში. ანალოგიურად არარაციონალური იყო ოპოზიციის მიერ კონკრეტული საკითხების წამოყენებაც.

ვიღაც დაიჯერებდა, რომ „რუსულ კანონს“ რუსეთისკენ მიჰყავს საქართველო, უცხოეთიც ბეჯითად იძახდა ამას, მაგრამ მოსახლეობის ნაკლებად ემოციურ ნაწილში გაჩნდებოდა ეჭვი, რომ რუსეთისკენ წასვლას არ სჭირდება ქაღალდზე დაწერილი კანონი, როცა რუსული ტანკები თბილისიდან რამოდენიმე კილომეტრში დგანან...

ხელისუფლებამ ოპოზიციის ხარვეზების პროვოცირება მოახდინა, შეუმცირა ოპოზიციას ემოციური საყრდენი მოსახლეობაში და ამით უზრუნველჰყო საპროტესტო აქციების მილევადობა. შემცირებული პროტესტი ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მასზე რეაქცია არ აქვს

ემოციის გარეშე გააზრებისას ბევრი ივარაუდებდა, რომ „კანონი“ მხოლოდ სატყუარა იყო მხარდამჭერების მოსაზიდად. ასევე ნაკლებად დამაჯერებელი იყო, რომ რუსეთისკენ კურსის აღებაა 2030 წლამდე ხელისუფლების გაბუტვა იმ ევროპასთან, რადგან დასავლეთი გამუდმებით სანქციების ჯოხს გვიქნევდა. მოქნეული ჯოხის თავის არიდება ბუნებრივია. მხოლოდ ისინი, ვისთვისაც დასავლეთი ჭეშმარიტების და სამართლიანობის ეტალონია, აჰყვნენ ხელისუფლების რუსეთუმეობის ვერსიას, რადგან სხვა ვერაფრით ახსნეს ხელისუფლების კრიტიკული დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ.

რა გასაკვირია, ამავე ნაწილმა ამერიკის დღევანდელი ელიტა -ტრამპი, ვენსი და მასკიც პუტინის აგენტებად შერაცხა. ამასთანავე, არსებობს საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც რუსეთისკენ საქართველოს მოძრაობის რაციონალურ ახსნას თუ ვერ მიიღებს, ემოციებზე „ავარდნა“ არ სურს. ესენიც აკლდებიან საპროტესტო აქციებს.

და ბოლოს - ამჟამად რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს ოპოზიცია ყოველღამე. სკეპტიკოსები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ვერ გაუგიათ, ახალ არჩევნებს რატომ უნდა მოყვეს ახალი შედეგი. ხოლო თუ ისევ „ოცნება“ გაიმარჯვებს, რა აზრი აქვს ამ მოთხოვნის დაყენებას. ჩამოთვლილი საკითხები და კიდევ ბევრი სხვა აჩენს ეჭვს, აქვს თუ არა ოპოზიციას იმის ინტელექტუალური რესურსი, რომ მართონ სახელმწიფო.

საბოლოოდ, ზემოთქმულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის ხარვეზების პროვოცირება მოახდინა, შეუმცირა ოპოზიციას ემოციური საყრდენი მოსახლეობაში და ამით უზრუნველჰყო საპროტესტო აქციების მილევადობა. შემცირებული პროტესტი ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მასზე რეაქცია არ აქვს.

- შეიძლება ითქვას, რომ თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც გამართლდა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი - ცოტა კიდევ გავიჭიროთ და ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „ყველაფერი კარგად იქნება“.

ტრამპის ინაუგურაციის, ანუ 20 იანვრის შემდეგ საკმაოდ ბევრი დრო გავიდა. ფაქტია, რომ ამ პერიოდში მსოფლიო წარმოუდგენლად შეიცვალა. წარმოუდგენლად შეცვლიც მსოფლიოში გვიწევს ცხოვრება. ხელისუფლებას იმის იმედი აქვს რომ ტრამპი დიფ სთეითს დაამარცხებს და უკრაინა „რუსულ მშვიდობას“ მიიღებს. ოპოზიცია კი იმედებს იმაზე ამყარებს, რომ ევროპა უკრაინასაც დაეხმარება და საქართველოსაც.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კარგა ხანია დასრულებულია, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას. აცხადებს, რომ ებრძვის ოპოზიციას, რომელზეც ამბობს, რომ ისინი დასავლეთის აგენტები არიან. ოპოზიციის თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

ხელისუფლება თვლის, რომ არჩევნების შემდეგ არსებული რთული, მაგრამ არა კრიზისის პერიოდი დასრულებულია და ახლა ქვეყანა ახალ ეტაპზეა გადასული. რჩება შთაბეჭდილება რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის სისტემათა კოორდინატების რეჟიმში მოქმედებს. ხან მოსწონს ტრამპის ბრძოლა ლიბერალების წინააღმდეგ, ხან იმედგაცრუებას ვერ მალავს ლიბერალების წინააღმდეგ არასაკმარისი ბრძოლის გამო.

თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება, ადგილობრივ პრობლემებზე უნდა იყოს საუბარი და არა ტრამპის მსგავსად ლიბერალებსა და დიფ სთეითს წინააღმდეგ ბრძოლაზე.

რაში სჭირდება ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიის რეჟიმის მარათონში ყოველდღიურად ყოფნა?

- მართვის ადგილობრივი ორგანოების არჩევნები ლოგიკურად კავშირშია საპარლამენტო არჩევნებთან. ვისაც მეტი გავლენა ექნება ადგილობრივ ორგანოებზე, ის მეტ მანდატს მოიპოვებს საპარლამენტო არჩევნებში.

გარდა ამისა, ხელისუფლებას ოპოზიციასთან რა კოზირებიც აქვს მოსახლეობის თვალში, ეს გარე გავლენებს უკავშირდება. მოსახლეობას არ უნდა ომი. ხელისუფლება ამბობს, რომ ომისკენ საქართველოს ექაჩება გარედან ლიბერალები და შიგნიდან ოპოზიცია. ამაში ხალხის დაჯერება არაა ძნელი, რადგან უკრაინის ომსაც მხარს უჭერენ ლიბერალები და ოპოზიცია.

მეორე მომენტია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნდა ნაცების დაბრუნება ხელისუფლებაში. მათ დაბრუნებასაც მხარს უჭერენ დასავლეთის ლიბერალები და საქართველოს ოპოზიცია.

მოსახლეობას არ უნდა ომი. ხელისუფლება ამბობს, რომ ომისკენ საქართველოს ექაჩება გარედან ლიბერალები და შიგნიდან ოპოზიცია. ამაში ხალხის დაჯერება არაა ძნელი, რადგან უკრაინის ომსაც მხარს უჭერენ ლიბერალები და ოპოზიცია

ბუნებრივია, მისთვის მომგებიან ამ თემებზე გაამახვილებს ხელისუფლება ყურადღებას, რაც საერთაშორისო საკითხებსაც გააქტიურებს ამომრჩეველთან საუბარში. რაც შეეხება ადგილობრივ პრობლემებს, ალბათ მათზე სალაპარაკოდაც ხელისუფლებას უფრო მეტი მასალა ექნება, ვიდრე ოპოზიციას, უმეტესად ასეა ხოლმე.

- იმის გამო, რომ აშშ-ს ახალ პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს ევროპისაგან „განსხვავებული ღირებულებები“ აღმოაჩნდა, აშშ და ევროპა ახლა კოლექტიურ დასავლეთად ნამდვილად არ აღიქმება. ასე არა მარტო იმიტომ რომ ევროპა უკრაინასა და თავის თავს იცავს რუსული აგრესიისგან, ხოლო აშშ ეხმარება კრემლს, რომ უკრაინამ რუსული პირობებით მიიღოს „რუსული მშვიდობა“.

- თქვენი ინტერპრეტაცია გვერდს უვლის იმას, რომ ტრამპიც ბრძოლაშია. პირველი პრეზიდენტობის შემდეგ დემოკრატებმა სასამრთლო პროცესებით სცადეს ტრამპის ამოგდება პოლიტიკიდან. მაინც ჩაერთო საპრეზიდენტო ბრძოლაში ტრამპი. ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ტყვია ესროლეს და შემთხვევით გადარჩა. ტრამპმა ვიცე პრეზიდენტად ვენსი მოიყვანა, რითაც დაიცვა თავი, რადგან ტრამპის მოკვლა აზრს ჰკარგავს, ვენსი ტრამპზე უფრო ანტილიბერალია. თავდაცვის შემდგომი საშულება ტრამპისთვის არის ლიბერალების ფინანსური წყაროების გადაკეტვა, რისი გამოვლენაც მიანდო მასკს.

მასკმა ნახევარტრილიონიანი ორმო იპოვნა ბიუჯეტში, ასევე გამოავლინა იუესაიდის მრავალმილიარდიანი პოლიტიკური ან კორუფციული ოპერაციები. ამას უკვე მოჰყვა შედეგი იუესაიდისთვის. ლიბერალებისთვის ფინანსების არალეგალური წყარო იყო უკრაინის ომიც, რაც თქვა კიდეც ზელენსკიმ. ტრამპმა მიზნად დაისახა ომის შეწყვეტა, რათა ომისგან მიღებული შემოსავლები ჩაეკეტა ლიბერალებისთვის, რასაც ეწინააღმდეგებიან ევროპელი ლიბერალები. გასათვალისწინებელია, რომ ტრამპს ეჩქარება სანამ ლიბერალები მომძლავრდებიან და ვერ დაუცდის იმას, რომ უკრაინამ თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს ომის ბედი, დღეს იგი წაგებულია, რაც უთხრეს კიდეც ზელენსკის თეთრ სახლში.

გასათვალისწინებელია, რომ ტრამპს ეჩქარება სანამ ლიბერალები მომძლავრდებიან და ვერ დაუცდის იმას, რომ უკრაინამ თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს ომის ბედი, დღეს იგი წაგებულია, რაც უთხრეს კიდეც ზელენსკის თეთრ სახლში

დასავლეთში მიმდინარე პროცესები ჩვენთვის უფრო გასაგები იქნება სსრკ-სთან ანალოგიით. მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის მქონე მემარცხენე იდეოლოგიის სსრკ პატიოსნებაზე, თანასწორობაზე თუ მშვიდობაზე ლაპარაკობდა და კორუფციას, ომებს თუ ავტორიტარიზმს იყენებდა მოქმედებაში.

გლობალისტური პრეტენზიის მქონე მემარცხენე იდეოლოგიის ულტრალიბერალებთანაც ვლინდება კორუფციისკენ, ომისკენ და პარტიული ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა, რაზეც მიანიშნა მათ ვენსმა. ამიტომ გაჩნდა ნაპრალი ულტრალიბერალურ ევროპასა და კონსერვატულ ამერიკას შორის. ეს გლობალისტური კავშირი ებრძვის ტრამპს და მასაც სხვა გზა არა აქვს - უნდა იბრძოლოს გამარჯვებამდე... რაც ძალიან რთული იქნება.

მონათხრობიდან მგონი ცხადია, რომ ტრამპს რუსეთისთვის კი არ სჭირდება მშვიდობა, არამედ საკუთარი თავის გადასარჩენად. ტრამპის პუტინისტობა მხოლოდ ლიბერალური იარლიყია. ამას გვაფიქრებინებს, რომ ლოგიკა უარყოფილია, არაა ახსნილი რა სარგებელი ექნება პრაგმატულ და თვითკმაყოფილ ტრამპს პუტინის მონობისგან. ისიც საეჭვოა ტრამპს რუსული კომპრომატის ეშინოდეს, იმდენი დაუგროვდა, რომ უკვე შეჩვეული იქნება.

ცხადია, რომ ტრამპს რუსეთისთვის კი არ სჭირდება მშვიდობა, არამედ საკუთარი თავის გადასარჩენად. ტრამპის პუტინისტობა მხოლოდ ლიბერალური იარლიყია. ამას გვაფიქრებინებს, რომ ლოგიკა უარყოფილია, არაა ახსნილი რა სარგებელი ექნება პრაგმატულ და თვითკმაყოფილ ტრამპს პუტინის მონობისგან. ისიც საეჭვოა ტრამპს რუსული კომპრომატის ეშინოდეს, იმდენი დაუგროვდა, რომ უკვე შეჩვეული იქნება

- უდავოა, რომ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება.

ოპოზიციის მტკიცებით, ამ არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ საარჩევნო კანონმდებლობაში ახორციელებს ცვლილებებს, რომლითაც საარჩევნო კომისიებზე „ქართული ოცნების“ კონტროლი კიდევ უფრო მკაცრი იქნება.

საუაბრია იმაზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ახლა ჩაიწერა ის, რამაც ბოლო „არჩევნებზე აპრობაცია წარმატებით გაიარა“. საუბარია იმაზე, რომ ახლა კანონმდებლობით განისაზღვრა ის, რომ საარჩევნო კომისიების წევრებს შორის ფუნქციები ერთი კვირით ადრე იქნება განსაზღვრული. ოპოზიციის მტკიცებით, ეს სუს-ს საშუალებას აძლევს წინასწარ გააკონტროლოს კომისიის წევრები.

ოპოზიციის მტკიცებით, იმის გამო რომ არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე პრობლემური თბილისი იყო, მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში 10 მაჟორიტარი კი არ იყოს, არამედ 25.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით ხელისუფლების პროპაგანდას ემსახურება საუბარი იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონმდებლობას და იწყებს ნარკომომხმარებლების წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას. მათი მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ ცვლილებები შეიტანა კანონში და კარგა ხანია დეპუტატებს აღარ ეკისრებათ ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება.

გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ხელისუფლებამ, რომელმაც არჩევნებზე უბნებში ნარკოტიკებისადმი მიდრეკილი ხალხი სათავისოდ გამოიყენა, გაუგებარია, მათ როგორ უნდა ებრძოლოს. მეტიც, ისინი მოითხოვენ იმ სიის გასაჯაროებას, რომლითაც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ამნისტიით ნარკოდანაშაულებისთვის მსჯავრდადებულები შეიწყალა.

კანონმდებლობაში ცვლილებების სია საკმაოდ გრძელია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წინა არჩევნების ჩამტარებელ ცესკო-ს შემადგენლობისთვის კანონებში ცვლილებებია შესული, რომლითაც ისინი საკმაოდ დიდი პრივილეგიებით ისარგებლებენ.

თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება, თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არა მხოლოდ მკაცრდება, არამედ არჩევნებში ჩართული ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ სპეცსამსახურებზე დამოკიდებული?

- მაპატიეთ, ვერ ჩავერთვები საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, არ ვარ კურსში. ამიტომაა საჭირო, რომ ოპოზიცია იყოს პარლამენტში, მიუწვდებოდეს ხელი დოკუმენტებზე და ჩვენ ვუყურებდეთ არგუმენტირებულ კამათს მხარეებს შორის, როგორც სასამართლოში ხდება.

ვთვლი, რომ ქვეყნის გულშემატკივრებმა უნდა მოვუწოდოთ ოპოზიციას, რომ დაანებონ თავი საზოგადოებისთვის უსარგებლო ბოიკოტს და დაიწყონ იმის კეთება, რისთვისაც მათ ხმა მისცეს.

- ვხედავთ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება, აბსოლუტურად გაუგებარია, რისთვის ემზადება ოპოზიცია. ეს ყველა იმ ოპოზიციურ ჯგუფს ეხება, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა.

როცა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილმა ქუჩის აქციების გამართვა დაიწყო, ოპოზციციას არც ერთ ჯგუფსა და ლიდერს არ უცდია აქციების ლიდერობა. ამ აქციებმა აჩვენა რომ მასში განსხვავებული და საინტერესო ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას და მათთვის აქტიურობის მთავარი მიზანი იყო ქვეყანა დაბრუნებოდა ევროპულ გზას.

შესაძლოა, აქციების ახლა იმის გამოც ჩაწყნარდა, რომ ევროპულ პოლიტიკურ მოედანზე დიდი გაუგებრობაა მას შემდეგ, აშშ-მ უარი თქვა ერთი მხრივ ევროპის უსაფრთხოების თავის თავზე აღებაზე, ხოლო მეორე მხრივ აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უკრაინის დახმარებაზე.

არც იმის თქმა შეიძლება, რომ პროტესტანტ საზოგადოებასა და ოპოზიციას ტაიმ-აუტი აქვთ აღებული. სხვისი არ ვიცი და მე არც იმის მჯერა, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი, როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, დასავლეთის აგენტია. რომ ყველა ისინი თუ როგორ იმოქმედონ დასავლეთიდან იღებენ რეკომენდაციებს.

„ქართული ოცნება“ კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის გამოყენებით დასავლეთის დიფ სთეითის მიერ ორგანიზებული რევოლუცია საქართველოში 4 ჯერ თუ 5 ჯერ აღკვეთა. თუ „ქართული ოცნების“ ამ ლოგიკას გავყვებით, ოპოზიციის ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა რევოლუციას შეიძლება ნიშნავდეს. თუ ასეა, და თუ ტრამპის მოსვლამდე დიფ სთეითს ყველგან ამარცხებდა, გაუგებარია, ამის გაკეთება საქართველოში როგორ ვერ შეძლო.

პროტესტანტი საზოგადოებისა და ოპოზიციის დიდი ნაწილი თვლის, - „თუ შეერთებული შტატები მიიღებს „ქართული ოცნების“ მმართველობას, მილიარდერს მხოლოდ გაუხარდება. თუ არადა, „წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია“ - „ქართული ოცნება“ რუსეთის ორბიტაზეა“.

თუ ოპოზიცია თვლის, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ორბიტაზეა“, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციამ ახლა ვერ ახერხებს თავისი ისეთი დღის წესრიგის განსაზღვრას და მოქმედებას, რომელიც მას ამომრჩევლის თვალში ხელისუფლების ალტერნატივად ჩათვლის შესაძლებლობას მისცემდა?

- ამ კითხვაში ბევრმა საკითხმა მოიყარა თავი. სოციალურ ქსელში თორნიკე შარაშენიძემ იკითხა რაში სჭირდება ივანიშვილს რუსეთისკენ მოძრაობა, რისთვის უნდა ჩააბაროს თავის ძალაუფლება სხვასო. არადა, თორნიკეს ხელისუფლების სიყვარულს ვერ დააბრალებ, მაგრამ მას ლოგიკური აზროვნება უყვარს.

ვეთანხმები მის ლოგიკას, მეც არ მესმის რატომ ვვარაუდობთ ხელისუფლების რუსეთით დაინტერესებას, ისევე როგორც ტრამპთან არ მესმოდა, როგორც მოგახსენეთ. ფაქტებსაც ვერ ამბობენ.

რიშმა გიგაურს ჰკითხა - რით ასაბუთებთ, რომ “ოცნება“ რუსეთისკენ მიდისო? გიგაურის პასუხი იყო - დასავლეთს აკრიტიკებენო. ეს შოუ არ მიმაჩნია ყურადღების ღირსად, დასავლეთს ბევრი აკრიტიკებს დასავლეთშიც... მაგრამ რიში დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება ოპოზიციის არაეფექტურობას, მისი მიზეზები უკვე მოგახსენეთ. ერთს დაგიმატებთ - სანამ ძველ სახეებს, იდეებს და საქციელს არ შეცვლიან, ოპოზიციისკენ არ წავა საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა, ეს კი უმეტესობაა. ეს ოპოზიციონერებმაც იციან და მგონია, მათ ურჩევნიათ პოლიტიკური შემოსავლები პოლიტიკურ თანამდებობებს.

სანამ ძველ სახეებს, იდეებს და საქციელს არ შეცვლიან, ოპოზიციისკენ არ წავა საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა, ეს კი უმეტესობაა

ამიტომ, ქართულ პოლიტიკაში პერიოდულად ატეხილი ქარიშხალისგან სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

- კარგა ხანი „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა, რომ მას ქვეყანა კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად ევროკავშირში მიჰყავდა. სხვათა შორის კონსტიტუციაში ეს მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ცვლილების დროს შეიტანა.

მერე გაირკვა, რომ „ოცნების“ ლიდერ ივანიშვილს ანაკლიასთან დაკავშირებით ჰქონდა ნათქვამი - „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“? გაუგებარი ისაა, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერი ივანიშვილი ასე ფიქრობდა, საკონსტიტუციო ცვლილებებში როგორ მოხვდა 78-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.

ძნელად დასაჯერებელია, რომ ამ მუხლის შეტანა, ივანიშვილთან შეთანხმებული არ იყო. ასევე ძნელი დასაჯერებელია, რომ ბატონ ივანიშვილს სასკოლო პროგრამის გეოგრაფიის ცოდნაში აქვს პრობლემები.

ყველაფერ ამის ფონზე ვხედავთ, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა არა აგრესიის მსხვერპლს, ანუ უკრაინას, არამედ აგრესორ რუსეთს მეტად გულშემატკივრობს. არადა, რუსეთს, ისევე აქვს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები, როგორც საქართველოს ტერიტორიები. მეტიც, ამ ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას აშშ და ევროპის ქვეყნები ატარებენ.

აშშ-სა და ევროპის წამყვანი ქვეყნებისაგან განსხვავებით გვახსოვს უნგრეთის ლიდერმა ორბანმა საქართველოს „რუსეთის ჩრდილის ქვეშ ყოფნა გვისურვა. ახლა ვხედავთ, რომ ევროკავშირში ორბანის გამო უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ.

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკაზე კიდევ ბევრი გაუგებარის გახსენება შეიძლებოდა, მაგალითად, ევროკავშირის რეკომენდაცია იყო ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე ექნებოდა, თან მას საგამოძიებო სამსახურიც ეყოლებოდა. ჩვენ ეს სამსახური კი შევქმენით, მაგრამ, კორუფციის არც ერთი ფაქტი მის მიერ გამოძიებული არ გვახსენდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას?

თუ ახლა „ქართული ოცნება“ რუსეთის ორბიტაზე“ არაა, სად შეიძლება მოვიაზროთ?

იმედია არ მეტყვით, რომ ჩინეთის ორბიტაზე, რადგან კიდევ გაურკვეველია აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში რა მოხდება...

- მე არ მიმაჩნია, რომ მართებული იყოს საკითხის დაყენება - თუ რუსულ ორბიტაზე არაა საქართველო, მაშ სადაა? საქართველო არის მსოფლიოს კონსერვატიულ ძალების გვერდით, მათ შორის, ორბანთან, რომელიც მტრად ჰყავს გამოცხადებული ულტრალიბერალებს. კონსერვატიულ ძალებთან ჩვენი სიახლოვე არის იმის მიზეზი, რომ ულტრალიბერალები უტევენ საქართველოს.

ლიბერალებს არ აწყობთ კონსერვატიული ორიენტაციის ხელისუფლება ქვეყანაში, სადაც შეიძლება გაიარის მსოფლიო მნიშვნელობის სატრანზიტო ხაზებმა. თუ ლიბერალები დამარცხდებიან, ჩვენც დაგვანებებენ თავს.

ლიბერალებს არ აწყობთ კონსერვატიული ორიენტაციის ხელისუფლება ქვეყანაში, სადაც შეიძლება გაიარის მსოფლიო მნიშვნელობის სატრანზიტო ხაზებმა. თუ ლიბერალები დამარცხდებიან, ჩვენც დაგვანებებენ თავს

ზემოთქმულიდან არ მგონია, რომ ევროკავშირის პოზიცია სანდო იყოს და ნიშნავდეს ობიექტურ შეფასებას, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა და შორს წაგვიყვანს. ისე, ორბანი არჩევნების მეორე დღეს საქართველოში ჩამოვიდა და, ალბათ, ამიტომაა მიუღებელი ოპოზიციისთვის.

- ინტერნეტში თვალი მოვკარი თქვენი მონაწილეობით ერთ გადაცემას, სადაც თქვენ საერთაშორისო პრობლემატიკაზე მსჯელობისას ნახევდარ ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად ასეთი აზრი გამოთქვით - „არ გამოვრიცხავ ოლიგარქებს ინფორმაციის თავისი წყაროები აქვთო“.

იმგვარ ტურბულენციაში ახლა სამყარო, მათ შორის ჩვენც, ბუნებრივია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თქვენს ამ გამოთქმულ აზრს ჩემზე დადებითად არ ემოქმედა.

მაგრამ, ვხედავთ, რომ ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება. არც ისაა გამორიცხული, რომ უკრაინის საკითხში პრეზიდენტმა ტრამპმა „ძალთა ბალანსმაც“ დააფიქრა, და იმანაც იმოქმედა, რომ მისი გარემოცვის ოლიგარქებმა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ 3 ტრილიონი დოლარი დაკარგეს.

რადგან ჩვენ არც ტრამპის გარემოცვის ტრილიონებზე მეტად, საქართველოს პერსპექტივა უფრო გვადარდებს, იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა მსოფლიოა, საქართველოსთვის საუკეთესო ქცევა როგორი შეიძლება იყოს?

- საქართველოსთვის სასურველია, რომ იყოს საჭირო დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ამისკენ მივდივართ, მაგრამ დასავლეთის პოლიტიკური ქარიშხლები გვატორმუზებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ხიდის ფუნქციაა ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეა და ის უნდა გამოვიყენოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა