თენგიზ ფხალაძე - სერიოზულ დისონანს ვხედავთ კრემლისა და თეთრი სახლის განცხადებებში - რუსეთის ფედერაცია სრულიად საპირისპიროს იღებს იმისგან, რასაც ითხოვს

სერიოზულ დისონანს ვხედავთ კრემლისა და თეთრი სახლის განცხადებებში - დღეს რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება კარგი პოზიცია დაიკავოს მოლაპარაკებისთვის, - ამის შესახებ ჯიპა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინის სატელეფონოს საუბარს გამოეხმაურა.

ფხალაძის თქმით, აღნიშნული საუბარი მოლაპარაკეების პირველი, პატარა ეტაპია, საბოლოო ზავი კი უკრაინის ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება. ამასთან, ფხალაძე არ ფიქრობს, რომ „ამერიკაში ვინმე განიხილავდეს ამ საკითხის უკრაინის გარეშე გადაწყვეტას“.

„შედგა მოლაპარაკებების პირველი, ძალიან პატარა ეტაპი, რადგან ეს ნამდვილად არაა საბოლოო და მომავალში, ასეთი კონტაქტები კიდევ გაგრძელდება, რაზეც ორივე მხარე აღნიშნავდა. ამ შედეგებში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს თავისი მოლოდინების მაქსიმუმი და აქვს ასევე, რეალისტური მოლოდინები. რეალისტური მოლოდინია ის, რაც შეიძლება დღეს მართლა განხორციელდეს - ეს არის ტყვეების გაცვლა, რაც ორივე მხარემ დაადასტურა- უკრაინამაც და რუსეთმაც; ასევე არის დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გადაცემა. ანუ, ძირითადად ჰუმანიტარული თემებია. რაც შეეხება უფრო სერიოზულ თემებს, ვხედავთ სერიოზულ დისონანს განცხადებებში. საუბრის ხანგრძლივობის დროსთან დაკავშირებით თეთრი სახლი ამბობს საათნახევარს, რუსეთი - ორსაათნახევარს, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი არაა. აქ არის სხვა რამდენიმე ძალიან სერიოზული საკითხი: რუსეთის განცხადებაში წერია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა; თეთრი სახლის განცხადებაში კი - ენერგეტიკული ობიექტები და ინფრასტრუქტურა. ეს ორი სხვადასხვა რამაა.

მეორე საკითხია ის, რომ კრემლის განცხადებაში ჩანს ის მოთხოვნა, რაც ცნობილი იყო - უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტა. პირადად ტრამპმა კი თქვა, რომ ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა მაშინ, როდესაც კრემლი ამბობს, რომ ამაზე საუბარი იყო. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ის, ძალიან მყიფე შეთანხმებაც კი, რეალურად, არ სრულდება. თუ დავეყრდნობით თეთრი სახის განცხადებას - ენერგეტიკული ობიექტები და ინფრასტრუქტურა, გუშინ სწორედ ინფრასტრუქტურა დაიბომბა, მათ შორის სამოქალაქო. ასე რომ, რთული პროცესი იქნება და საბოლოოდ, მაინც რამდენიმე კომპონენტია გასათვალისწინებელი: ზავი უკრაინის გარეშე ვერ მოხდება. რაღაც მომენტში აუცილებლად დადგება უკრაინის ჩართულობის საკითხიც და ევროპელების ჩართულობისაც. დღეს, რაც შეიძლება ითქვას შედეგებზე, რაც შეიძლება დღეს ან ხვალ დადგეს, ტყვეების გაცვლაა“,- განაცხადა ფხალაძემ.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, ცეცხლის შეწყვეტა და პროცესის იმგვარად ტრანსფორმაცია მოხდეს, როდესაც ვითარება არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან წყდება.

„თეთრი სახლის განცხადებებს თუ ვნახავთ, ისინი საუბრობენ, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა კი არ უნდათ, არამედ გრძელვადიანი მშვიდობა უსაფრთხოების გარანტიებით. საკმაოდ რთული საკითხია რუსეთთან ამის მიღწევა. ამიტომ არ ხსნის სანქციებს დასავლეთი. ეს იყო პირველი კონტაქტი და შემდეგი კონტაქტები შემდეგ ნაბიჯებს გვაჩვენებს. ეს არ არის მარტივი საკითხი და ეს ტრამპმაც იცის. ახლა ყველაზე მთავარია, რომ მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და რაღაცნაირად პროცესის ტრანსფორმაცია ისე, რომ ვითარება განიხილება და წყდება არა ბრძოლის ველზე, არამედ უფრო ცივილიზებულ ფარგლებში, მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ამას მიაღწიეს, უკვე სხვა პროცესი დაიწყება. მაგრამ დღეს მეჩვენება, რომ რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება კარგი პოზიცია დაიკავოს მოლაპარაკებისთვის. ამისთვის მას მტკივნეული თემა აქვს - კურსკი. კურსკიდან მცირე უკან დახევის ფონზე, უკრაინას წარმატება აქვს სხვა მიმართულებით, ამიტომ, ახლა პოზიციების მომზადება მიდის შემდგომი მოლაპარაკებისთვის“,- განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება რუსეთის მოთხოვნებს, ფხალაძის შეფასებით, „რუსეთის ფედერაცია სრულიად საპირისპიროს იღებს იმისგან, რასაც ითხოვს“.

„რუსეთის მოთხოვნაა: "დამიტოვეთ მე უკრაინა, იქ გავაკეთებ იმას, რაც მინდა. არანაირი შეიარაღება მას არ უნდა ჰქონდესს. მისი სახელმწიფოებრიობა ჩემს ხელში უნდა იყოს და აქეთ მხარეს საერთოდ არ გამოიხედოთ". ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას, რუსეთს პრეტენზია აქვს იმ სივრცეზე, რომელსაც მოიხსენიებენ პოსტსაბჭოთა სივრცედ. ამ ყველაფერზე მოსკოვმა არაერთხელ მიიღო პასუხი. მოსკოვის და თეთრი სახლის განცხადებებში კიდევ ერთი დისონანსი ესეცაა, რომ თეთრ სახლში ამაზე არაფერია ნახსენები, შეიძლება პუტინმა ეს კი თქვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე დაეთანხმა. არ მგონია, ევროპაში ვინმე განიხილავდეს ან ნატო-ს უკან დახევას, ან შემდგომ არ გაფართოებას. პირიქით - ევროპის თავდაცვაში ახლა მარტო 8 მილიარდიანი პროგრამა იქნა წარდგენილი, მსგავსი რამ არ ყოფილა. რეალურად, ტრამპის პოლიტიკის შედეგად ვხედავთ, რომ იზრდება ევროპის თავდაცვის ხარჯები. რუსეთის ფედერაცია სრულიად საპირისპიროს იღებს იმისგან, რასაც ითხოვს“,- განაცხადა ფხალაძემ.

თენგიზ ფხალაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებზე და პარტნიორებთან „ქართული ოცნების“ ურთიერთობაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში აშშ-ის ელჩსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრაზე და განაცხადა, რომ „ასეთი შეხვედრა უბრალოდ პიროვნული სურვილით არ იმართება და საელჩოს განცხადებაშიც ჩანს, რომ ეს იყო დავალება, რომელიც წამოსული იყო ვაშინგტონიდან“.

მისივე თქმით, საინტერესოა, რომ შეხვედრა გაიმართა როგორც მაკა ბოჭორიშვილთან, ისე სალომე ზურაბიშვილთან. მისი თქმით, „ელჩი ასე არ მოქმედებს, თუ მას ინსტრუქციები არ აქვს“.

ასევე, ფხალაძე არ ეთანხმება შეფასებას, რომ რადგან აშშ-ის საელჩომ მაკა ბოჭორიშვილი არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად, არამედ უბრალოდ, საგარეო საქმეთა მინისტრად მოიხსენია, „ივანიშვილის მინისტრად“ არის ნაგულისხმები.

„დიპლომატია მოქმედებს თავისი კანონებით. საქართველოსთან დიპლომატია არავის გაუწყვეტია. ის, რომ ამ ხელისუფლებასთან პარტნიორობა შეჩერებულია, არ ნიშნავს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს და ისინი ესაუბრებიან იმ პიროვნებებს, რომელიც წარმოადგენენ ძალას, რომელიც ხელისუფლებაშია. ეს მეტს არაფერს ნიშნავს. დიპლომატიას თავისი კანონები აქვს და სხვა შემთხვევაში, თუ ემოციურ ნაწილში გადავალთ, გამოდის, რომ საელჩო უნდა დაიკეტოს“, - განაცხადა ვახტანგ ფხალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ