გია ხუხაშვილი - “ივანიშვილი დღეს აბსოლუტურად ტრაგიკული ფიგურაა, საკუთარი შეცდომების და შიშების მძევალია და ვერ ხედავს ამ ვითარებიდან გამოსავალს”
24 რეისი კვირაში - რუსებმა სოხუმში ფრენებზე ოფიციალური ნებართვები გასცეს
დავით ზურაბიშვილი - “თუ გადაწყდა, რომ ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, აქ ძალიან მძიმე პროცესები დაიწყება”
ლეგიტიმური ეჭვები, თუ დისკრედიტაციის მცდელობა - გახარია შეიძლება კომისიაზე მივიდეს
მირიან მირიანაშვილი - “რა ისაუბრეს საქართველოზე რუბიომ და მაკრონმა?!”
* * *
გია ხუხაშვილი - “ივანიშვილი დღეს აბსოლუტურად ტრაგიკული ფიგურაა, საკუთარი შეცდომების, ამბიციებისა და შიშების მძევალია და ვერ ხედავს ვითარებიდან გამოსავალს”
“ჩვენი ხელისუფლების ტაქტიკად იქცა საქართველოში ანტიდემოკრატიულ პროცესებზე დასავლეთის რეაქცია გაასაღოს მტრულ ნაბიჯებად. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას თვითკრიტიკულობის ნასახი არ გააჩნია და მუდმივად ცდილობს იქით გადავიდეს შეტევაზე. თუ ასე გააგრძელეს, საბოლოო შედეგი იქნება სრული ბუნკერიზაცია და იზოლაცია იმ სამყაროსგან, რომლისკენ სწრაფვაც ქვეყანაში კონსტიტუციით არის გარანტირებული. ნაცვლად დიალოგისა და იმისა, აღიარონ თამაშის ის წესები, რასაც ცივილიზებული სამყარო გვთავაზობს, მუდმივად უცხადებენ, თქვენი საქმე არ არის ჩვენ აქ რას ვიზამთ - განუკითხაობა გვექნება, პოლიტპატიმრები გვეყოლება და თუ კანონმდებლობას მოვჭრით რუსულ თარგზეო? ცდილობენ ჩვენი დასავლური არჩევანი წარმოაჩინონ გეოგრაფიულ არჩევანად, არადა, სინამდვილეში ეს ფასეულობითი არჩევანია. ნებისმიერ სამყაროს, სადაც გინდა ინტეგრირება, თავისი თამაშის წესები აქვს. ხომ ჩვენი სურვილია ევროკავშირში გაწევრება, ამიტომ არ ჩავწერეთ კონსტიტუციაში? ისინი კი არ გვექაჩებიან, ეს ჩვენ გვინდოდა...” - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიახ, ქართველებს ახლაც უცხო ძალა გვაპირისპირებს, მაგრამ...”
“ევროპელების პოზიცია ასეთია, მათთვის საქართველო საინტერესოა, მიიჩნევენ, რომ შეგვიძლია გავხდეთ მათი ნაწილი, მაგრამ, ბუნებრივია, მოითხოვენ ვაღიაროთ თამაშის გარკვეული წესები. ჩვენი ხელისუფლება კი თან ავტორიტარიზმს ამყარებს, თან 2030 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე ლაპარაკობს. ბუნებრივია, ისინი ამაზე რეაგირებენ, გვეუბნებიან, რომ ასე არ გამოვა. ის პირები, ვინც დაასანქცირეს, მიუღებელია მათთვის. ისინი სანქციებით ამბობენ, არ გვინდა ეს ადამიანები ჩვენს სამყაროში რაიმე ფორმით იყვნენ. ეს მათი სუვერენული უფლებაა, რა შუაშია ამ გადაწყვეტილებების კანონიერებაზე ლაპარაკი? ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახი ავიღოთ. თუ მივიჩნევთ, რომ კონკრეტული ადამიანი ცუდად იქცევა, უზრდელი და ავყიაა, ბუნებრივია, არ გვინდა ჩვენს სახლში შემოვიდეს. სანქცია ამას ნიშნავს, მეტს კი არაფერს. აქედან გამომდინარე, მის უკანონობაზე ლაპარაკი სრული აბსურდია. სამწუხაროდ, რომელიღაც ეტაპზე ეს პერსონალიების საზღვრებს გასცდება. უკვე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად გაცდენილიც არის. კონფრონტაცია დასავლეთსა და ამ ხელისუფლებას შორის სახელმწიფოს დაზიანების პროცესშია გადასული. ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ პერსონალური სანქციები მხოლოდ ამ პირებს შეეხება, ასე არ არის. ეს გვეხება ყველა ჩვენგანს და, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დეგრადაციის პროცესის ანარეკლია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“საბედნიეროდ, ამას ჯერ შეუქცევადი ხასიათი არ მიუღია, მაგრამ გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რასაც ხელისუფლება ატარებს, ბუნებრივია, საბოლოოდ კარგი არაფერი გველოდება. სახელმწიფოებრიობის სტერილიზაციამდე მიდის ყველაფერი, თუ ხელისუფლებამ არ შეცვალა თავისი პოლიტიკა და არ აღიარა ის თამაშის წესები, რაც დამახასიათებელია ევროპისთვის, ან არ შეიცვალა ეს ხელისუფლება. რადგან კონსტიტუციაში ჩავწერეთ ქვეყნის ევროპული არჩევანი, ამით ქვეყნის ძირითადი კანონით ვაღიარეთ ევროპული დემოკრატიისთვის დამახასიათებელი თამაშის წესები, ხელისუფლება კი ამბობს, სულ ფეხზე მკიდია, რა წერია კონსტიტუციაში, არ ვაღიარებ ამ თამაშის წესებსო. ფაქტობრივად, დღეს ვართ სახელმწიფო გადატრიალების ფაზაში, როდესაც ხელისუფლება თვითონ თელავს ფეხქვეშ კონსტიტუციას და მიდის სულ სხვა გზით. ეს მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებს კი არ აზიანებს, შიდა პოლიტიკასაც. ეს კონსტიტუციის ღალატის ტოლფასი ქმედებებია. ხელისუფლების გეზი და მიმართულება გასაგებია - ისინი აშენებენ ავტოკრატიულ სისტემას და ამით სულ უფრო და უფრო აშორებენ ქვეყანას ევროპული განვითარების გზას. სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, უკვე ხიდების დაწვამდე მივდივართ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ამ ხელისუფლებას ვითარების შემობრუნების პოტენციალი თითქმის აღარ აქვს და რომ დაუბრუნდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ გზას, ამას სჭირდება ისეთი გადაულახავი ძალის ფორმირება, რომელიც მათ უკან დაახევინებს. ისინი ხომ მხოლოდ ძალას აღიარებენ, დიპლომატია, დიალოგი მათთვის არ არსებობს. ძალის ფორმირებისთვის მხოლოდ საგარეო ზეწოლა არ არის საკმარისი, ამისთვის უმნიშვნელოვანესია შიდაპოლიტიკური წნეხიც, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი პროტესტი ძლიერია, ეს პროცესი დაქსაქსული და გაბნეულია სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოძრაობაა ბოლო თვეების განმავლობაში, ამას სჭირდება თავის მოყრა, რათა ამ ძალის ფორმირება მოხდეს, ეს კი პოლიტიკოსების საქმეა. თქვენ გინახავთ რომელიმე არმია, რომელმაც ომი სარდლის გარეშე მოიგო? ჩვენ სწორედ სარდლობის პრობლემა გვაქვს. წესით, სარდლობა, რომელიც მოახდენდა ამ ძალიან მასშტაბური საპროტესტო ენერგიის კონსოლიდაციას, უნდა იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მაგრამ დღეს არმიასა და სარდლობას შორის კომუნიკაცია არ არსებობს; არ არსებობს შემდგომი მოქმედებების ერთობლივი სტრატეგია და ტაქტიკა, შედეგად კი ასეთ სტაგნაციაში ვართ. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები თითქმის ვერაფერს აკეთებენ საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ხელისუფლების მიზანია საპროტესტო მუხტი დაშალოს და სამზარეულოებში გამოკეტოს. საამისოდ მეთოდურად მუშაობენ, მეორე მხარეს კი ოპოზიცია თვითიზოლაციაშია მოქცეული, მათ შორის მე-5 პრეზიდენტიც კი ჯერ არსებითს ვერაფერს აკეთებს. 31 მარტის საპროტესტო აქცია გავიხსენოთ. საზოგადოება ელოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი რამე კონკრეტულს იტყოდა, თუმცა ისევ იგივე მოვისმინეთ, რომ სადღაც შეიკრიბებიან და რაღაცას გადაწყვეტენ. ბუნებრივია, ამან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მაშინ, როცა ხალხი ოპოზიციისგან მოქმედების სტრატეგიასა და ტაქტიკას ელის, ის ხალხს არ ეუბნება, რეალურად რა უნდა გაკეთდეს. დღეს პოლიტიკოსები კომენტატორებად იქცნენ. ამ ვითარებაში ხელისუფლება ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. თქვენ ევროპის საბჭოს რეზოლუცია და სანქციები ახსენეთ და ამაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ისმის კითხვა, რატომ არ გადადის დასავლეთი უფრო მძიმე, სისტემური სანქციების პოლიტიკაზე? საქმე ის არის, დასავლეთიც აკვირდება ვითარებას. მათ ერთ დღეში შეუძლიათ ისეთი სანქციების დაწესება, რაც ამ სისტემას სტაბილურობას დაუკარგავს, მაგრამ აქ ხომ უნდა იყოს ძალა, რომელიც შეძლებს ამის გამოყენებას და ძალაუფლებისთვის რეალურ ბრძოლას. მათ ეშინიათ, რომ ეს ტყუილად გასროლილი არ აღმოჩნდეს. დასავლეთშიც ებადებათ ეს კითხვები, იქაც ფიქრობენ, კი, ივანიშვილი და ეს ხელისუფლება ცუდია, მაგრამ ვის შეუძლია ძალაუფლების ხელში აღებაო”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.
“ის სისტემა, რომელსაც ივანიშვილი აშენებს, პირდაპირ არის რუსეთიდან დაკოპირებული. ასეთი ტიპის ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია ასეთი ე.წ. რუსული სუვერენული დემოკრატია, როდესაც არსებობს ერთი დომინანტური პარტია და არსებობენ ფორმალური, ფასადური, ვითომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ფსევდოდემოკრატიულ ფონს ქმნიან. პარლამენტში ამის ერთი ვერსია ვიხილეთ უკვე, როდესაც გათვალეს და თავისივე წიაღიდან გამოჩეკეს ვითომ ოპოზიციური პარტია, რაც სრული აბსურდია. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს და მომავალ არჩევნებზე ახალი ფსევდოოპოზიციური პარტიები შეიქმნას. თუმცა არა მგონია, ამ ეტაპზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს ხელისუფლება. მას დანიშნავენ იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი უკიდურესად გამწვავდა. თუ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია მოახერხებენ, რომ ქვეყანაში არსებულმა პროტესტმა ისინი აღიაროს ლიდერებად და მოხერხდა ამ განწყობების კონსოლიდაცია, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას გაუჩნდება ძალიან დიდი პრობლემები”, - თვლის რესპონდენტი.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ ეს პრობლემები გამძაფრდეს, არის სისტემური რყევების რისკები, რაც არსებობს. ნუ წარმოვიდგენთ, რომ სისტემაში ყველანი მონები არიან. ე.წ. მეორე-მესამე რგოლში, სადაც პროფესიონალები მუშაობენ და რაზეც დგას სისტემა, დიდი უკმაყოფილებაა, მაგრამ ამ ადამიანებსაც ის პრობლემა აქვთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე - ისინიც ვერ ხედავენ ზურგს მეორე მხრიდან, ვერ ხედავენ პოლიტიკურ ალტერნატივას. თუ პროცესი დაიძვრება, თუ მოხერხდება ქვეყანაში საპროტესტო განწყობის კონსოლიდირება, მერწმუნეთ, სისტემაში რყევები პირდაპირპროპორციულად გაძლიერდება”, - ამტკიცებს ექსპერტი და შეკითხვაზე - “წლის ტრაგიკული 9 აპრილის 36-ე აღნიშვნის ღონისძიებებზე. წელს პირველად მოხდა, რომ ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დღე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სხვადასხვაგვარად და ცალ-ცალკე აღნიშნეს. საზოგადოების ნაწილის აზრით, უცნაური იყო ისიც, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში მომხდარში დამნაშავედ მოხსენიებული იყო “უცხო ძალა” და არა საბჭოთა კავშირი ან რუსეთი...” - პასუხობს:
“იმდენად შორს მიდიან, ისეთი ბინძური და ბოროტი რიტორიკა აქვთ, არც იცი, რა უნდა უპასუხო, თუმცა ესეც საზოგადოების დათრგუნვაზეა გათვლილი... სამწუხაროდ, მაქვს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენებზე ლაპარაკი არც ღირს, სრულიად არის ჩამოშორებული ქვეყანაში პოლიტიკის წარმოების სტრატეგიისა და ტაქტიკის დაგეგმვას და პირდაპირ ეფ-ეს-ბეს ბრიგადები მუშაობენ. პირდაპირ ერთი-ერთში მეორდება ის ისტორია, რაც ხდებოდა რუსეთში, თან შემჭიდროებულ ვადებში - კანონმდებლობის შეცვლა, რიტორიკა, რომ რუსეთის ცუდ კონტექსტში ხსენება არ შეიძლება. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც 9 აპრილთან დაკავშირებით რუსეთის იმპერია არც უხსენებია ხელისუფლებას. 9 აპრილს მშვიდობიანი პროტესტანტების სასტიკად დამრბევი “უცხო ძალა” გაათანაბრეს დასავლეთთან, ანუ ოკუპანტი ქვეყანა გაათანაბრეს ცივილიზებულ სამყაროსთან. ესეც კაგებეშნიკური რიტორიკის ნაწილია”.
“რაც კობახიძემ თქვა, მეც ვიზიარებ. დიახ, მაშინაც უცხო ძალა იდგა რუსთაველზე და ახლაც უცხო ძალა აპირისპირებს ქართველებს, მაგრამ მაშინაც და ახლაც ეს უცხო ძალა რუსეთია. ამ რიტორიკით კონსტიტუციასაც არღვევენ. თან გვეუბნებიან. 2030 წელს შევალთ ევროკავშირშიო, კი, მაგრამ, თუ ასეთი მამაძაღლები არიან ეს ევროპელები და სულ საქართველოს ხელისუფლების გადატრიალებას ფიქრობენ, როგორც ესენი აბრალებენ, აბა, სად მიჰყავთ ეს ქვეყანა 2030 წლისთვის? ფაქტია, დღეს ხელისუფლებაში გვყავს კრიმინალური აზროვნების დაჯგუფება, თუმცა შავ სამყაროსაც აქვს თავისი წესები, აი, ამათთვის კი წითელი ხაზები აღარ არსებობს, ერთადერთი ფასეულობა მათთვის ძალაუფლებაა. ჩემი შეფასებით, კიდევ უფრო რთულად არის ბიძინა ივანიშვილის საქმე. დღეს ის აბსოლუტურად ტრაგიკული ფიგურაა. ის დიდი ხანია უკვე საკუთარი შეცდომების, ამბიციებისა და შიშების პატიმარი და მძევალია, მათ შორის სიკვდილის შიშის და ვერ ხედავს ამ ვითარებიდან გამოსავალს. რა თქმა უნდა, ამათგან განსხვავებით უფრო ჭკვიანი და ნიჭიერია, მაგრამ დღეს არის ძალიან არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობაში. ეს ის ადამიანი აღარ არის, რომელსაც მე ვიცნობდი, საღი აზრი დაკარგული აქვს და ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გადარჩეს”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
24 რეისი კვირაში - რუსებმა სოხუმში ფრენებზე ოფიციალური ნებართვები გასცეს
“რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით ფრენებს 2 სანქცირებული ავიაკომპანია შეასრულებს. ამის შესახებ რუსეთის საჰაერო ავიაციის ფედერალურ სააგენტო “როსავიაციის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ “ფრენები ტყუილად არ დაინიშნა” და სეპარატისტების ამ დიდი ხნის ოცნების ასრულების შემდეგ, კრემლი უფრო აქტიურად მოითხოვს მისთვის სასურველი მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას. “ამ კონტექსტში აპარტამენტების მშენებლობის გააქტიურება ხდება. არ მგონია აფხაზეთში ძალიან უხაროდეთ ეს ამბავი და ალბათ მალე დავინახავთ იქ უკმაყოფილებას. თუ საქართველოს ხელისუფლებას რეაგირება არ ექნება, არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზების პრინციპულობა გატყდეს”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. “როსავიაციამ” ოფიციალურად გასცა ორ რუსულ ავიაკომპანიაზე სოხუმში ფრენების ნებართვა. მოსკოვი-სოხუმის მარშრუტზე ავიაკომპანია “აიფლაი” კვირაში 14 რეისს შეასრულებს, ხოლო “ნორდსტარი” კვირაში 7 რეისს და კიდევ 3 რეისს კრასნოიარსკი-სოხუმის მიმართულებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 24 რეისი კვირაში - რუსებმა სოხუმში ფრენებზე ოფიციალური ნებართვები გასცეს.
“ორივე ოფიციალურად კერძო ავიაკომპანიაა. ორივე სანქცირებულია და აკრძალული აქვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ფრენა. ისინი ასრულებენ ძირითადად სამგზავრო რეისებს, თუმცა ზოგჯერ სატვირთოსაც. მათი ავიაპარკი შედგება ძირითადად “ეარბას-330” ტიპის თვითმფრინავებისაგან. ამაზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (იკაო) ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ასევე, არც საქართველოს მთავრობას უთქვამს რამე. წელს, 7 თებერვალს რუსულმა ავიაკომპანია UVT Aero-მ მოსკოვიდან სოხუმში პირველი სატესტო ფრენა განახორციელა. 1-ლ აპრილს სოხუმში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კრიენკომ, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებას კურირებს, განაცხადა, რომ “1-ლი მაისიდან რუსეთიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყება”. პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდით, აფხაზეთში რუსები გადასული არიან “მსუბუქ შეტევაზე” და მათ გადაწყვეტილი აქვთ იმ მიზნების მიღწევა, რაც დროებით გადადებული იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსებმა აეროპორტი ტყუილად არ გახსნეს. მე მაინც მგონია, რომ მისი ძირითადი ფუნქცია სატვირთო იქნება, რათა სანქცირებული ტვირთები აფხაზეთისა და თურქეთის გავლით რუსეთში შეიტანონ, მაგრამ დამატებით იფრენენ იმისათვის, რომ ტურისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩაიყვანონ. უფრო მეტიც, ამ კონტექსტში აპარტამენტების მშენებლობის თემის გააქტიურება ხდება, რადგან შესაძლოა იმ ხალხმაც დაიწყოს ფრენა, რომლებიც დაინტერესებული არიან აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენით. ეს იქნება რუსული ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება. არ მგონია აფხაზეთში ძალიან უხაროდეთ ეს ამბავი და ალბათ მალე დავინახავთ იქ უკმაყოფილებას. ამას შემთხვევით არ დაემთხვა ახალი კურატორის, კირიენკოს დანიშვნა, რომელიც მგონი აფხაზეთში რუსულ პოლიტიკას წარმართავს ყოველგვარი მოფერების გარეშე, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ აფხაზებთან ფერებას ახალი არაფერი მოაქვს. აფხაზები იჯერებენ, რომ დამოუკიდებლები არიან და მერე კიდევ უნდა უხსნა, რომ ასე არაა. ამიტომ, როგორც ჩანს, რუსები ჯერჯერობით გადავიდნენ მსუბუქ შეტევაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“აპარტამენტების შესახებ კანონი არც წასულა სადმე, უბრალოდ წინა ე.წ. პარლამენტმა არ მიიღო, თორე არ გაუქმებულა, დღის წესრიგშია და დაბრუნდება. ყველა ელოდება რა ფორმით დაბრუნდება. შესაძლოა უფრო შერბილებული ფორმით დაბრუნდეს. თუ საქართველო ხმას არ ამოიღებს და განაგრძობს ასე ჯიუტად სტრატეგიულ დუმილს, მგონი რუსეთი მოახერხებს საბოლოო ჯამში აფხაზების პრინციპულობის გატეხვას. ამის იმედი რომ არ ჰქონდეთ, ასე არ იმოქმედებდნენ. აშკარაა, რომ ვიდრე უკრაინის თემა არ დასრულებულა, რაღაც-რაღაცები უნდა მოასწრონ. საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადებები, რათა მსოფლიომ ნახოს, თუ როგორ განაგრძობს რუსეთი ტერიტორიების ანექსიას. განცხადების გაკეთებით შეიძლება ბევრი არაფერი კეთდება, მაგრამ როცა არ კეთდება, ფუჭდება. თუ ჩვენი ქვეყნის მხრიდან ყურადღება არ იქნება, რუსეთი აფხაზეთს ეტყვის - "საქართველოს ხმა არ ამოუღია თქვენ ვინ გკითხავთ?”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“იკაო-ს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ეს არის შიდა ფრენები - მოსკოვი, კრასნოდარი და ასეთი ქალაქებია. ამიტომ არ მგონია, რომ ეს იკაო-ს ეხებოდეს. იმედია საქართველოს ხელისუფლება იკაო-ში ფორმალურად მაინც იჩივლებს, ჩივილს რა უდგას წინ. თუმცა ამით არაფერი შეიცვლება. ასეთი ფრენები უკვე ხორციელდება, მაგალითად, თურქეთიდან კვიპროსზე, ანუ სტამბოლი-ნიქოზია. კვიპროსის ბერძნული ნაწილი ამას ეწინააღმდეგება, მაგრამ ფრენები მაინც ხორციელდება. ბევრი ადამიანი მიდის თურქეთიდან ჩრდილოეთ კვიპროსში. ასე რომ, ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რომელიც გაფორმებულია, როგორც შიდა ფრენები... რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველები მოინდომებენ თავისი ინტერესების რეალიზებას, თუმცა აფხაზები ამ მიმართულებით ძალიან ყურადღებით არიან და შეიძლება შიდა აფხაზური დაპირისპირება დაიწყოს, თუ ეს ადამიანები იფრენენ აფხაზეთში”, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.
“შესაძლოა რუსეთმა ხელი არ შეუშალოს და ნება დართოს, რომ იქ ჩავიდნენ, თუმცა იქ ჩასულებს რუსეთი ვერ დაიცავს. თუ ვიღაც აფხაზი მიუვარდება ამ ეთნიკურად ქართველს, ოღონდ რუსეთის მოქალაქეს და პირობითად, მოკლავს, რუსეთი აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს, მაგრამ მის მომავალ თაობას თუ მოუნდება ჩასვლა აფხაზეთში, აღარ ჩავა. ალბათ ყველა მოქალაქე ინდივიდუალურად მოიქცევა. სიფრთხილე მაინც შენარჩუნდება. სოხუმის აეროპორტში ასე პირდაპირ ჩასვლა უფრო საშიშია. საზღვარზე კი შემოვა, ჩვეულებრივად გაატარებენ, რადგან რუსეთის მოქალაქეობა უწერია, მაგრამ როცა გარეთ გამოვა, უამრავი ხალხია და შესაძლოა ნაცნობი შეხვდეს. ვიღაცას თუ ნაცნობი ჰყავს, ალბათ ჩავა იმ იმედით, რომ არაფერი მოუვა. თუმცა დიდი ნაწილი ჩათვლის, რომ საშიშია და ძველებურად ჩუმად ჩავლენ”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
დავით ზურაბიშვილი - “თუ გადაწყდა, რომ ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, აქ ძალიან მძიმე პროცესები დაიწყება”
“საკადრო ცვლილებებით აშკარაა, რომ კობახიძე ძლიერდება, მას მისცეს ბევრად მეტი უფლებამოსილება, ვიდრე ოდესმე ჰქონია რომელიმე პრემიერ-მინისტრს, გარდა თავად ივანიშვილისა. მას ჩააბარეს სუს-იც, რომლის უფროსადაც მისი კადრი გაუშვეს. ამის მიზეზად დასახელდა ორი ვარიანტი: თითქოს კობახიძე ობიექტურად ძლიერდება და ჩემი აზრით, ფანტასტიკური ვარაუდიც, რომ რუსეთი აქაურობის პირდაპირ მართვაზე გადავიდა, კრემლმა ივანიშვილი გასწია და კობახიძე წამოსწია, რაც მე ფანტასტიკის სფერო მგონია. პირველი ვარიანტი კი სიმართლესთან უფრო ახლოს მგონია, რომ ეს არის თავად ივანიშვილის გადაწყვეტილება, კობახიძეს მიანდოს ბევრი ბერკეტი, რადგან კარგად ესმის, რომ რამდენი სახელისუფლებო ბერკეტიც არ უნდა მისცე კობახიძეს, ის მაინც კობახიძეა. ის ვერ გახდება რეალური ლიდერი თვით “ოცნებაშიც”, არათუ ხალხში. ის არის ძალიან არაპოპულარული საზოგადოებაშიც და თავად “ოცნებაშიც”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჩატარდება თუ არა საქართველოში 2026 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები?! / “თუ გადაწყდა, რომ ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, აქ ძალიან მძიმე პროცესები დაიწყება”.
“ის არ არის ის, ვინც შეიძლება აღიარონ ივანიშვილის ჩამნაცვლებლად. ამიტომ იმის შიში, რამე რომ იყოს, ივანიშვილი ვერ შეძლებს კობახიძის მოთოკვასო, არა აქვს. ჩემი აზრით, ივანიშვილი ფიქრობს, რადგან გადაწყვეტილი აქვს აქ მოახდინოს სრული კონსოლიდაცია, მოსპოს ოპოზიციური ველი და ჯერჯერობით ამას საკმაოდ უხეშად აკეთებს. ეს სჭირდება არა იმისთვის, თითქოს ველს ასუფთავებს, რომ მერე რუსეთში შევიდეს. მას აქ სრული დიქტატურის დამყარება სჭირდება ევროკავშირსა და საერთოდ, დასავლეთთან ურთიერთობისთვის. დემოკრატიული რეფორმების გატარება არ უნდა და მგონი, უკვე აღარც შეუძლია. რომც მოინდომოს და თუ ვერ დალაგდა ამერიკასა და ევროკავშირთან, ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ჩამოშლა დაემუქრება. რაც მთავარია, სანქცირებული ივანიშვილი არ იქნება ანგარიშგასაწევი ფიგურა არც რუსებისთვის, არც ჩინელებისთვის, საერთოდ, არც არავისთვის. ფსონი სხვაზე გაკეთდება და, ადრე თუ გვიან, მას ეს ეკონომიკური კოლაფსი გადაიყოლებს. ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა არ ჩამოინგრეს და რომ არ ჩამოინგრეს, მინიმალურ დონეზე მაინც სჭირდება შეინარჩუნოს ეკონომიკური ურთიერთობები დასავლეთთან”- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ამიტომ, როდესაც ის დიქტატურის კონსოლიდაციას ახდენს, იმავდროულად, ფრთხილობს, რომ ამ პროცესში ისეთი რაღაცები არ ჩაიდინოს, რის შემდეგაც დასავლეთი მასთან ურთიერთობას უკვე არც ერთ ვარიანტში აღარ მოინდომებს და სანქციები უკვე პირადად მასზე წამოვა. როგორ უნდა მოახერხოს ეს? მისი სტილიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ამ საქმეს კობახიძეს აბარებს, ის კი “ხაზეინი” რასაც ეტყვის, ყველაფერს გააკეთებს. ასე რომ, თუ კობახიძე მოახერხებს დიქტატურის კონსოლიდაციას ისე, რომ დასავლეთთან სავაჭრო ურთიერთობები შენარჩუნდეს, ხომ კარგი. თუ ვერ მოახერხებს და მაშინ თვალის დაუხამხამებლად გაწირავს. თუ ამასაც ვერ მოახერხებს და საერთოდ აირევა სიტუაცია, მაშინაც გაწირავს. ერთი სიტყვით, შავ საქმეს აკეთებინებს ისე, რომ მისი პატივმოყვარეობა სრულად დააკმაყოფილა და თან პასუხისმგებლობაც აჰკიდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ეკონომიკური პროგრესი უკრაინასთან ომის ხარჯზე გვაქვს. რუსეთის არასაკმარისად სანქცირებისა და ხვრელების ხარჯზე, რაღაც პროდუქცია შედის საქართველოს გავლით. სანქცირებული პროდუქცია, ძირითადად, თურქეთიდან და ყაზახეთიდან შედის და ამით საქართველოს ხელისუფლება ძალიან ხეირობს. ამის პარალელურად, რაც არ არის სანქცირებული, იმ სფეროში პირდაპირ გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობა. რეალურად ეკონომიკური მონაცემები სწორედ ამ ორი რამის ხარჯზეა. დასავლეთიც ამას მაინცდამაინც მკაცრად არ უყურებს, მაგრამ თუ ივანიშვილი გახდება დასავლეთისთვის მიუღებელი, მაშინ ყველაფერი შეიცვლება. ჯერ ერთი, საბანკო სისტემა დადგება კრიზისის წინაშე და ბიზნესმენთა ის წრე, რომელიც ხელისუფლების გარშემოა, ასევე დადგება სანქცირების წინაშე. ყველაფერი აირევა და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება იმ მდგომარეობამდეც კი მივიდეთ, 1990-იანი წლების პირველ ნახევარში რომ იყო. ეს ჯერ არ ჩანს, მაგრამ თუ გადაწყდა, რომ ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, აქ ძალიან მძიმე პროცესები დაიწყება”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“მართალია, სანქციები ჯერ პირადად ივანიშვილსა და მის ბიზნესგარემოცვას არ შეხებია, მაგრამ ესეც შეიძლება მოხდეს და ამასობაში წამოგვეწიოს “მეგობარი აქტიც”. ეს ორი რაღაც იმდენად მძიმე დარტყმა იქნება ივანიშვილისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცევა... რაც შეეხება კახიშვილის ვარაუდს მომავალ წელს ვადამდელ არჩევნებზე, ივანიშვილს წარმოდგენაც არა აქვს, დანიშნავს თუ არა არჩევნებს. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დანიშნავს, და არც იმის, რომ არ დანიშნავს, მაგრამ ის ახლა ამაზე არ ფიქრობს. ის ახლა ფიქრობს, როგორ მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია, როგორ მოსპოს ოპოზიცია ისე, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეინარჩუნოს დასავლეთთან და არ დასანქცირდეს. ოპოზიციის აკრძალვაზე კი ლაპარაკობენ, მაგრამ არ ვიცი, სამართლებრივად ეს როგორ უნდა გააკეთონ. კარგი, გადასცენ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ გაუგებარია, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რა ან ვინ უნდა აიკრძალოს? პარტიის დასახელება გასაგებია, მაგრამ რაღაც მიზნები რომ ჩაწერეს კანონში, რა მიზნებზეა ლაპარაკი, ეს მიზნები სად უნდა იყოს დეკლარირებული?”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.
“ნაცმოძრაობის” წესდებას რომ ჩახედო, ყველაფერი ნორმალურად წერია და რა მიზნებზეა ლაპარაკი? როგორ უნდა გადაწყვიტო, რომ მათ ეს მიზანი კი არა აქვთ, რაც იქ უწერიათ, არამედ რაღაც სხვა და ეს სხვა რა არის? ალბათ, თავიდან დაიწყებენ ნიადაგის მოსინჯვას კონკრეტულ დანაშაულებზე აპელირებით, მაგრამ როგორ გინდა ეს დანაშაულები გაავრცელო კონკრეტულ პირებზე, თუნდაც მათზე, ვისაც ამ დანაშაულებთან შეხება არც ჰქონია? დავუშვათ, თავზე ხელი აიღეს და მაინც გააკეთეს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება დასავლეთის რეაქციაზე. თუ იქიდან ჩაითვალა ისეთ სითავხედედ, რომლის მერეც ივანიშვილს არავისთან დალაგების შანსი არ ექნება, მაშინ მგონია, ამაზე არ წავა. თუ არადა, მოსინჯავს ჯერ “ნაცმოძრაობაზე” და მერე მიაყოლებს დანარჩენსაც”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“სამწუხაროდ, ჯერ ქვეყანაში არ გვყავს ისეთი ძალა, ვისიც ივანიშვილს შეეშინდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი ამდენი ხანია გრძელდება, მით უმეტეს, სწორედ ეს პროტესტია დასავლეთში მთავარი არგუმენტი, რომ ივანიშვილს სთხოვენ დემოკრატიას და ევროინტეგრაციის გზაზე მობრუნებას, რადგან ეს ხალხს სურს. თუმცა, თუ ეს აქციები პოლიტიკურ ალტერნატივაში არ გადაიზარდა და, თუ აქამდე არ გადაიზარდა, ახლა როგორ უნდა გადაიზარდოს? რაც მთავარია, ეს არ კმარა, რომ ბიძინაზე ზეწოლა გაიზარდოს დასავლეთიდან. ვნახოთ, პარტიების აკრძალვა თუ გამოაფხიზლებს დასავლეთს და თუ აიძულებს მათ, უფრო ქმედითი ბერკეტები აამუშაონ”, - დასძენს ზურაბიშვილი და შეკითხვაზე - “წულუკიანმა კომისიის ანგარიშის პარლამენტში წარდგენა სექტემბრისთვის გადაიტანა. როგორც ჩანს, დროის გაწელვაზე გადავიდნენ...” - პასუხობს:
“რა თქმა უნდა, გაწელავენ, უყურებენ რეაქციებს. ეს ყველაფერი ხომ შიდა პოლიტიკისთვის სჭირდებათ და რაში აწყობს ბიძინას, რომ ამაზე დასავლეთთან დაწვას ხიდები? სექტემბერი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდია, მაშინაც ან გაიტანენ სხდომაზე ან არა, და რომც გაიტანონ, უკვე არჩევნები იქნება მოახლოებული და ამისთვის ვიღას ეცხელება, თანაც, თვითმმართველობის არჩევნებისთვის პროცესები ისე მიდის, რომ მისწრებაა “ოცნებისთვის”. თუ შენარჩუნდა ოპოზიციის ახირება, რომ ამ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, ეს იქნება სერიოზული არგუმენტი ხელისუფლებისთვის, რომ არჩევნები ჩაატაროს წყნარად, გაყალბების გარეშე და მერე დასავლეთს უთხრას, ეს ხალხი არასერიოზულია და რა მნიშვნელობა აქვს ამათ აკრძალავ თუ იქნებიანო. დასავლეთიც ვეღარაფერს ეტყვის. ნათელია, რომ ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ “ოცნებას” აწყობს და სამწუხაროდ, ოპოზიციაშიც ძალიან ცოტაა ის ხალხი, ვინც ამას აცნობიერებს და ისინიც ხმას ვერ იღებენ. თუ შენ არჩევნები აჩუქე, ჩათვლის, რომ შენ დამთავრდი და აქეთ აღარც კი გამოიხედება”.
ლეგიტიმური ეჭვები, თუ დისკრედიტაციის მცდელობა - გახარია შეიძლება კომისიაზე მივიდეს
“ნაცმოძრაობის” შემსწავლელი კომისია ამჯერად პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარია გამოკითხვას აპირებს. მას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით იბარებენ. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თქმით, შექმნილია სამართლებრივი და კონვენციური საფუძველი, რომ გახარიას კითხვები დაუსვან. სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, რომელთაც კომისიისათვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, ექსპრემიერის პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ გახარია სხდომაზე მივიდეს. “2012 -2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან”, - განაცხადა კომიისის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა. გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ტატა ხვედელიანმა “რადიო თავისუფლებასთან” თქვა, რომ შესაძლოა გახარია კომისიაზე გამოცხადდეს: “შესაძლოა, თუმცა საბოლოოდ ეს არის გიორგი გახარიას გადასაწყვეტი, მივა თუ არა კომისიის სხდომაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ლეგიტიმური ეჭვები, თუ დისკრედიტაციის მცდელობა - გახარია შეიძლება კომისიაზე მივიდეს.
“ოპოზიციის ნაწილი კომისიაზე გახარიას შესაძლო მისვლას და იმ ფაქტსაც, რომ მისი თანაპარტიელები ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს გახარიას მხრიდან “ოცნების” ხელისუფლებისა და ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის აღიარება იქნება. კომისია წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობას იკვლევს და აქედან გამომდინარე, გახარიას დაბარება გარკვეული თვალსაზრისით მოულოდნელიც იყო. მით უმეტეს, რომ მას იბარებენ ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” პერიოდში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, კონრეტულად კი 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე, როდესაც გახარიას შს მინისტრის თანამდებობა ეკავა. “ოცნებაში” ეჭვობენ, რომ ამ აქციის დარბევა განსაკუთრებულად ბრუტალური ფორმით მიზანმიმართულად მოხდა, რათა “ქართული ოცნების” რეიტინგი დაცემულიყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ დარბევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გახარია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი გახდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
„გიორგი გახარია გახლდათ შსს მინისტრი, ამ დროს არის მომხდარი 20 ივნისის აქციის დაშლა და ამ საქმეზე, რომელსაც ჰქვია “ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, სტრასბურგის სასამართლომ შარშან გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც ბატონი გახარიას მიერ ნაწარმოები დაშლის ოპერაცია სტრასბურგის სასამართლომ, ერთი მხრივ, უარყოფითად შეაფასა და თქვა, რომ ამ დაშლის ოპერაციის სათანადო გამოძიება არ მომხდარა. დაადგინა იმ მუხლის დარღვევა, რომელიც არის მესამე მუხლი და გულისხმობს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოში გახარიას მიერ ჩატარებული ამ ოპერაციის შედეგად დადანაშაულდა.. შესაბამისად, ჩვენ უკვე გვაქვს შექმნილი სამართლებრივი და კონვენციური საფუძველი, რომ ბატონ გახარიას კითხვები დავუსვათ. კერძოდ, ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს მოუწევთ, გახსნან 20 ივნისის საქმის გამოძიება თავიდან და გამოიძიონ ნულიდან...”, - განაცხადა წულუკიანმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, კიდევ რა საკითხებს შეისწავლის კომისია და ხომ არ ეხება ეს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებს, რაზეც გამოძიება უკვე მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და საბოტაჟზე, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ როდესაც სახელმწიფოს ზიანს აყენებენ ის პოლიტიკოსები, ვინც დღეს დესტრუქციულ ოპოზიციაშია გაწევრიანებული, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით კომისიას ექნება შეკითხვები, თუ რამდენად აზიანებენ ისინი ქვეყნის ევროპულ მომავალს”, - განაგრძობს გამოცემა.
“რატომ ხდება, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები და საჯარო მოხელეები მუშაობენ იმ კონსტიტუციური ჩანაწერის იმპლემენტაციისთვის, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია, ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში “ქართულმა ოცნებამ” შეიტანა და არა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომ ჩვენი მთავარი გეზი არის ევროპისკენ და სახელმწიფოს, ჩვენს საჯარო მოხელეებს და სახელმწიფო უწყებებს ეს ოპოზიციური პარტიები, დესტრუქციული ძალები, საერთაშორისო ასპარეზზე ბორბლებში ჯოხებს ურჭობენ, ხელს უშლიან, აზიანებენ და უმძიმეს ზიანს აყენებენ? რა თქმა უნდა, კითხვები ამ თემებზეც იქნება არაერთ მათგანთან. მაგალითად, ასეთი კითხვები მოაზრებული იყო, რომ დაგვესვა ბატონი “გირჩისთვის” (ზურაბ ჯაფარიძე), რომელიც დაემალა კომისიას. მან უარი თქვა მობრძანებაზე და, სავარაუდოდ, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ამას პროკურატურა შეაფასებს” - განაცხადა წულუკიანმა. რამაზ საყვარელიძის შეფასებით, გიორგი გახარიას მოღვაწეობასთან დაკავშირებით კითხვები მართლაც არსებობს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის თქმით, “ოცნება” ცდილობს გიორგი გახარიას დისკრედიტაციას”, - დასძენს გამოცემა.
“ხელისუფლება უკვე დიდი ხანია იძახის, რომ გიორგი გახარია “ნაცმოძრაობასთან” კავშირშია. მაშინ, როცა მან დატოვა თანამდებობა, გაცხადდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ მყოფმა. ამიტომ არ არის გამორიცხული ახლა იბარებდნენ სწორედ მაგ მოტივით. თან იყო ფაქტი, როცა ნიკას მელიას თემაზე ორჭოფობდა. ამაზე თვითონ ისაუბრა, რომ მელიას დაპატიმრებას არ ვემხრობოდი და ამან გამოიწვია რაღაც შედეგებიო და ამ საკითხზე რომ ორჭოფობდა, შესაძლოა ეს გახდეს კითხვის გაჩენის მიზეზი. გახარიას მოღვაწეობაში არის კიდევ მეორე ეპიზოდი, როცა მან სადამსჯელო ოპერაცია ისე ჩაატარა, რომ ამან “ქართული ოცნების” რეიტინგზე იმოქმედა. ანუ იმ მიტინგების ძალისმიერმა დაშლამ, რასაც ადგილი ჰქონდა. “ოცნების” წარმომადგენლებს გაუჩნათ ეჭვი, რომ ეს გახარიამ სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ პოლიტიკური დაკვეთა შეესრულებინაო. ასე რომ, მგონია გახარიასთან დიალოგისას ძირითადად ეს თემები იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“აქ არის გახარიაზე ზეწოლა და მისი დისკედიტაციის მცდელობა. მეორე მხრივ, პირიქით, შეიძლება “ქართული ოცნების” დისკედიტაცია უფრო მოხდეს, რადგან ჩნდება კითხვა - როცა გახარია შს მინისტრი იყო და ოპერაციას ხელმძღვანელობდა, მაშინ ეს “ოცნებისთვის” მიუღებელი თუ იყო, რატომ დაწინაურდა და რატომ გახდა ქვეყნის პრემიერი? თვითონ გახარიამ უნდა განაცხადოს, ვინ მისცა (დარბევის) ბრძანება, იყო თუ არა ამაში ბიძინა ივანიშვილი გარეული, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. ყოველ შემთხვევაში გახარიას დაბარება ოპოზიციას მისცემს საფუძველს თქვას, რომ თუ ასე აწუხებდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს 20 ივნისი, მაშინ რატომ მოხდა მისი დაწინაურება. ეს არის მთავარი კითხვა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
რამაზ საყვარელიძის აზრით, გახარია თუ ფიქრობს, რომ დამნაშავე არაა, კომისიის სხდომაზე უნდა მივიდეს. “თუკი გახარია პოლიტიკაში ყოფნას აპირებს, უნდა მივიდეს, მით უმეტეს თუ ფიქრობს, რომ დამნაშავე არაა და აქეთ აქვს “ოცნებისთვის” ბრალდება წასაყენებელი, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა გამოცხადდეს და იბრძოლოს იმ ტრიბუნის გამოყენებით, რასაც კომისია ჰქვია. გაბუტვა და გვერდზე გასვლა შესაძლოა მისთვის, როგორც არჩევნებში მონაწილე ადამიანისთვის, მომგებიანი არ იყოს. თუ მივიდა შეიძლება ვიხილოთ ბრალდებები ორივე მხრიდან და იქ მყოფი კომისიის წევრების ძალიან მკაცრი რეაქციები გახარიას მიმართ”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. ნიკა ჩიტაძის აზრით, გახარია უნდა მივიდეს კომისიაზე და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, თუმცა, თუ არ მივა, ესეც არ იქნება არასწორი. ჩიტაძეც ასევე დაძაბულ საუბარსა და ურთიერთბრალდებებს ელის. “ე.წ. კომისიის წევრები ეცდებიან ბრალდებები წაუყენონ - ვითომ ახლა შესტკივათ გული 20 ივნისის ამბებზე და თავის დროზე არანაირი შეშფოთება არ გამოუხატავთ”, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ, თუმცა მისი აზრით, “ამით თავიანთ თავს უქმნიან პრობლემას არასანდოობის თვალსაზრისით”, - წერს სტატიის ავტორი.
მირიან მირიანაშვილი - “რა ისაუბრეს საქართველოზე რუბიომ და მაკრონმა?!”
“როგორც ვხედავ, იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ხელისუფლებას მკაცრად აქვს არჩეული, შემოძახილები დასავლეთიდან რეალობას ვერ შეუცვლის. ევროპულ პოლიტიკურ წრეებში საქართველოსთან დამოკიდებულებაში ერთხანს პაუზა იყო, ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებამ ტურბულენტობა წარმოშვა ევროამერიკულ ურთიერთობებში, ამიტომ საქართველოსთვის იქ არავის ეცალა. ახლა გაირკვა, რომ საქართველოსა და საზოგადოდ, ამიერკავკასიის ქეისს, ამერიკის ადმინისტრაციაში რუსოფობები ხელმძღვანელობდნენ, ეს კი გარკვეულწილად დამაიმედებელი ფაქტორია. ევროსაბჭოს რეზოლუცია მორიგი ზეწოლის სტარტია. ცოტა ხანში უნდა ველოდოთ გარე კონტურიდან საქართველოს ხელისუფლებაზე უფრო სერიოზულ, პირდაპირი მნიშვნელობით მოწოლას. ევროპულ ელიტაში ჩამოყალიბდა კონსოლიდირებული აზრი, რომ `ქართულ ოცნებას~ არა მარტო პრორუსული პოლიტიკის გატარება სურს, არამედ რუსეთთან პოლიტიკური ინტეგრაცია აქვს გეგმაში”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი: გაზეთ "კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ისაუბრეს საქართველოზე რუბიომ და მაკრონმა?!
“ეს თვისებრივად სხვა რანგის ბრალდებაა, იმიტომ, რომ რუსეთთან სიტუაციურ “პოლიტიკურ ტანგოს” ევროპელები პატიობენ აზერბაიჯანსაც, შუა აზიასაც და ერევანსაც. ფაშინიანსაც ძალიან ბევრ რამეს უყრუებენ, საქართველოს შესახებ კი მყარად სჯერათ, რომ ეს სიტუაციური პოლიტიკური მანევრები კი არ არის, “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს რუსებთან პოლიტიკური ინტეგრაცია აქვთ გადაწყვეტილი - რუსეთის ტერიტორიაში სახელმწიფოებრივად ინტეგრაციას არ ვგულისხმობ, არამედ ფართო სამეკავშირეო ფორმატის ორგანიზებას. ამიტომ არავინ არ უნდა იქონიოს იმედი, რომ ხელისუფლების თუნდაც პატარ-პატარა დანაშაულებს თვალს დაუხუჭავენ. დასავლეთიდან შემდეგი ნაბიჯები შეიძლება იყოს ევროპულ-ამერიკული კონსოლიდაცია საქართველოს საკითხზე, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ტრამპის დაბრუნებამ გარკვეულწილად დაშალა ეს გეგმა, მაგრამ რუბიოს ადმინისტრაციის პირობებში განახლდება. დაახლოებით 3 კვირის ამბავია, საბოლოოდ შეთანხმდებიან სამოქმედო გეგმაზე და ამის შემდეგ უნდა ველოდოთ კონსოლიდირებულ “მოწოლას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“დასავლეთიდან ლეგიტიმაცია არ იქნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდა, ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ იქნება იმის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებელია მისი ლეგიტიმაცია რუსეთთან ინტეგრაციისთვის გამოიყენოს. თავის დროზე, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტს მარკო რუბიო ჩაუდგა სათავეში, მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტთან საქართველოს შესახებ და სწორედ ეს საკითხები განიხილეს. ისინი იტოვებენ ბერკეტს, რომ ნებისმიერი პრორუსული ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადადგას “ქართულმა ოცნებამ”, უკანონოდ გამოაცხადონ, რადგან თავად ხელისუფლებაა არალეგიტიმური. სიტუაცია ჩიხში შედის, მაგრამ ამის ადეკვატურად გააზრებას ვერც ხელისუფლებაში და ვერც ოპოზიციაში ვერ ვხედავ. “ქართული ოცნება” ვერ იაზრებს იმ პრობლემების სიმძაფრეს, რომლებიც დასავლეთთან დაპირისპირებით შეიძლება მიიღოს, ოპოზიციაში კი არ ჩანს დასავლეთის გეგმასთან შედეგიანი ინტეგრაციის პროცესი”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ დემოკრატების ადმინისტრაციის დროს, მხედველობაში მაქვს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდი, როდესაც მზადდებოდა პოლიტიკური რეაქცია არჩევნების შეფასებაზე და მიმდინარეობდა მსჯელობა “ქართული ოცნების” არჩევნების შედეგების პრეზენტირებაზე, თუ რა იქნებოდა ამერიკის პასუხი. მაშინ “ოცნებას” მოსთხოვეს მყარი გარანტიები, რომ რუსეთთან ინსტიტუციური ინტეგრაციის გეზზე უარს იტყოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ მათ მყარ გარანტიას მისცემდნენ, დასავლეთი გაცილებით ლოიალური იქნებოდა მთელი რიგი შემთხვევების შეფასებებში. ისიც ფაქტია, დასავლეთი ქართულ ოპოზიციას, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, არ აღიარებს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს სერიოზული კომუნიკაცია არც ერთ ევროპელ ლიდერთან, ეს არის ჯგუფი, რომელსაც ფუნქცია არ გააჩნია. ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა საპროტესტო აქტივობა რომც შეანელოს, დასავლეთი მაინც არ მისცემს “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციას, რადგან ეშინია მისი პრორუსული კურსის და ამ კურსის სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის ლეგიტიმაციის გამოყენების”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“რაც შეეხება ბრიტანეთის სანქციებს, ლონდონში ქართული ფინანსური დაჯგუფების სერიოზული ბუდეა. ლაპარაკია არა მარტო ივანიშვილზე, მის ბიზნესპარტნიორებსა და პროპაგანდისტებზეც. ამიტომ მათთვის ბრიტანეთის გადაკიდება ძალზე “მტკივნეული” იქნება. ახლა რაც კეთდება, სიგნალებია ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის. ეს არის მინიშნება, რომ თუ “ოცნებამ” ეს სვლაგეზი გააგრძელა, დარტყმა ძალზე მძიმე იქნება. ეს კეთდებოდა პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ, ასე მოარჯულეს ალიევი, როდესაც სომხეთზე შეტევა და ზანგეზურის კორიდორის დაკავება უნდოდა. მას 40 მილიარდ დოლარამდე აქვს ოფშორებში “დაძინებული”, სანქციების შიშით კი დატკბა და მშვიდობისმოყვარე გახდა. მანამდე, თურქეთისგან წაქეზებული, სხვა პოზიციაზე იყო. თუმცა ივანიშვილის სიტუაცია ცოტა განსხვავებულია. აშშ-ის საგარეო კომიტეტში, როდესაც საქართველოს შესახებ დისკუსიები მიმდინარეობდა, “ქართული ოცნების” ქმედებები - ჯარიმები, კანონების გამკაცრება, აქტივისტების დაკავება ჩაითვალა როგორც მომზადება და არა როგორც სერიოზული ანტიდასავლური ქმედებები. მათ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილზე რუსეთი დიდ ზეწოლას ახდენს, რომ ხელისუფლების დღევანდელი კურსი კრემლის ზეწოლის შედეგია”, - დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.
“დასავლეთს მიაჩნია, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან ინტეგრაცია არ უნდა, ამიტომ არის მოლოდინი, რომ ამ სიგნალებით ივანიშვილს შეაჩერებენ. ჩვენ მითურ “დიფ სთეითს” ვებრძვით. დონ კიხოტის ქარის წისქვილებს ემსგავსება ეს ყველაფერი. უბრალოდ, დონ კიხოტს რეალობა უფრო მეტი ჰქონდა - აბჯარიც ჰქონდა, ცხენიც ჰყავდა და მეაბჯრეც, მხოლოდ ქარის წისქვილები ეგონა დემონი. ამ შემთხვევაში “დიფ სთეითთან” ომში ყველაფერი ილუზიაა, გაუგებარია, ვინ არის, რატომ გვებრძვის ასე დაუნდობლად ან ვინ იყო “გლობალური ომის პარტია”, რომელიც “დიფ სთეითმა” ჩაანაცვლა. “ოცნების” გათვლით, ის ამერიკული სტრუქტურაა, “გლობალური ომის პარტია” კი საერთაშორისო სტრუქტურა. ახლა გამოჩნდა “უცხო ძალა”. როგორც ჩანს, ეს იქნება ტერმინი რუსეთის შეფასება-მოხსენიების დროს. აშკარად ვერ ბედავენ ქვეყნის დასახელებას. რუსეთის სახელის ხსენებასაც ხომ ვერ ბედავენ, ამიტომ როდესაც გარკვეულ სიტუაციებში რუსეთი აქტიური იქნება, მას “უცხო ძალად” მოიხსენიებენ”, - ამბობს რესპონდენტი.
“ქართულ ოცნებას” ეგონა, როგორც კი ტრამპი მოვიდოდა, მაშინვე გაუმჯებესდებოდა ამერიკასთან ურთიერთობა. გახსოვთ, ალბათ, 20 იანვარს პანაცეასავით ელოდებოდნენ. რაკი იმედი გაუცრუვდათ, “ოცნებას” ჩამოუყალიბდა აზრი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებიდან ჩამოშორებას უპირებს. ამიტომაც ცდილობენ გარე პერიმეტრის გამაგრებას. “ოცნებას” ჰქონია, შტატები გადატრიალებას, სახალხო აჯანყების ორგანიზებას გეგმავს, სწორედ ამიტომ კეტავს დაფინანსებებს, სურს ქუჩის აქციები განელდეს, აქტიური მონაწილეები დააპატიმროს. დასავლეთი ცდილობს “ოცნების”’ პოლიტიკური კურსის კორექციას, მის სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებას, ამათ კი საპირისპირო ჰგონიათ. როგორც კი დასავლეთი რუსეთს მოარჯულებს და ეს მოხდება, როცა უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკისთვის მისაღები ფორმატი დადგება, ამის შემდეგ დაიწყება საქართველოზე ზეწოლა და ეს იქნება არა პირდაპირ, არამედ რუსეთის გავლით - უნდა მოარჯულონ რუსეთი, რათა “ქართულ ოცნებას” რუსეთის მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდეს. მერე ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა დასავლეთისა და ამერიკის გზისა ამიერკავკასიაში. აშკარაა, რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკისა და ევროპის თანამედროვე ელიტა აღარ ურიგდება” - დასძენს ანალიტიკოსი.