მსოფლიო პატრიარქი - გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ - კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები

გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს. სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, ვამბობ, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ, - ამის შესახებ კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I-მა სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მსოფლიო პატრიარქმა საზოგადოებას მიმართა, რომ მწუხარებას ნუ მიეცემიან და კრძალვით დაიცვან კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის რჩევები და სწავლებები.

„იგი ცოცხლობს იქ, სადაც არის უხრწნელი ნათელი და ნეტარ სახილველნი. ყოველივე წმინდა და უხილავი არს. ე.ი. ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლად ნათელ სასუფეველში, რომლის პატივსაცემად თბილისში წინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღმართა. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად, მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ ასი ათას მოწამესთან, ვიდრე მის თანამედროვე და მეგობარ ღირს გაბრიელ სალოსამდე. მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი. გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული. იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენს შორის იყო. მას აქვს კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მაშ, მოწიწებით ეამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას. გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ლიტურგიულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ მწუხარებაში სიხარულიც სრულად შესაფერისია. მრავალხმიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე: „ქრისტე აღდგა!, რომელს არს ჩვენის ყოვლის დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება, ამინ!“, - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ