ანა დოლიძე - რატომ დახურეს აბასთუმნის ცა ახლა და არა მანამდე? ახლა ფრენები ზეაქტიურია, მათ შორის ირანის კონფლიქტის გამო და სავარაუდოდ, ეს ხელს უშლის ბიძინა ივანიშვილს, სალომე ზურაბიშვილი კი არათანმიმდევრული პოლიტიკოსია

„ქართული ოცნება“ მზად არის ურთიერთობა დაათბოს დასავლეთთან. ეს იქნება ივანიშვილის მხრიდან გადარჩენის მცდელობა... ამიტომაც იყო, რომ დიდი თავდასხმა არ მომხდარა „ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო უწყებების წარმომადგენლებზე, - ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაციის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, რუსეთი არასანდო მოკავშირეა, ამიტომ „ივანიშვილს სჭირდება აქეთა ფლანგის“ ხიდების გახსნა.

“ზოგადად, ბოლო 2 თვე რაც ხდება, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ჩამოსვლაც. უნდა შევხედოთ დაახლოებით 7-8 თვის შემდეგ ამერიკელების გააქტიურებასაც. ასევე ევროპის, რუსეთის წარმომადგენლების განცხადებები...

წინა არჩევნების დროს, ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 35% მაინც ჰქონდა მხარდაჭერა, ამ რეპრესიების გამო, რაც გაკეთდა, მათი მხარდაჭერა ჩამოვიდა 20%-ზე. თავისი თავი ძალიან დაიზიანეს. „ქართული ოცნება“ ამბობს კიდევაც, რომ მზად არის ისევ დაახლოვდეს, დაათბოს ურთიერთობა დასავლეთთან რაღაც ფორმით. ამაში გულწრფელი არაფერია, თუმცა ეს იქნება ივანიშვილის მხრიდან გადარჩენის მცდელობა. ყველაზე კარგი მაგალითი აქ არის სომხეთი - რუსეთის მთავარი მოკავშირე, რომელიც გადამწყვეტ მომენტში, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი დასუსტებულია, ყარაბაღთან მიმართებაში რუსეთმა სომხეთს დახმარება არ აღმოუჩინა. რუსეთი არასანდო მოკავშირეა, ამიტომ ივანიშვილს ახლა სჭირდება ისევ აქეთა ფლანგის ხიდების გახსნა. ამიტომაც იყო, რომ ამ შემთხვევაში, დიდი თავდასხმა ამ დასავლურ დელეგაციაზე არ მოხდა. ეს ის მთავრობაა, რომელიც ფინეთის პრემიერი დააჯარიმა, რადგან რუსთაველის გამზირზე მივიდა“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ამასთან, კითხვაზე, რამდენად იზიარებს ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებას, რომ „ქართული ოცნებაზე“ საგარეო წნეხი შესუსტებულია, დოლიძე განმარტავს, რომ შეიძლება დღეს ბრიუსელიდან აღარ გამოდის „სასტიკი განცხადებები, თუმცა ეს არაფერია“.

„ეს არ შეესაბამება სიმართლეს. პირდაპირი წყაროებიდან ვამბობ, რომ შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა. როდესაც საუბარია, რომ შენ აპირებ მეორე მხარეს, თუნდაც დაპირისპირებულ მხარეს, დაელაპარაკო, თავდასხმები უნდა გააჩერო. შეიძლება დღეს აღარ გამოდის ბრიუსელიდან სასტიკი განცხადება, თუმცა ეს არაფერია. ეს იმიტომ, რომ მათი მინისტრები აქ არიან ჩამოსულები, რათა რაღაც გზა იყოს ნაპოვნი. არაფერი არ არის შესუსტებული. ვინც ახლა ჩამოვიდა, არ იყვნენ უბრალოდ საქართველოს საკითხის კოორდინატორები, ევროკავშირის 3 ძალიან დიდი ქვეყნიდან მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. ეს იყო გაფრთხილება“, - აღნიშნა დოლიძემ.

გარდა ამისა, ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „მძიმე დარტყმას“ მიაყენებს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და მოსკოვს „მოუწევს“ ის „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანოს. როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, მუქარა ისმის რუსეთის მხრიდან, რომ თუ დასავლეთისკენ გადავდგამთ ნაბიჯს, მათგან პრობლემები შეგვექმნება. ანა დოლიძის თქმით, „რუსეთს მადა შეიძლება აქვს, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა, მადას მიჰყვეს“.

„რუსეთი არის არასანდო პარტნიორი. ის სცენარი, რომელიც დაიწერა „კაგებეს“ მეხუთე განყოფილებაში და მიეცა ივანიშვილს, არ გამოვიდა. სცენარი იყო შემდეგი: 2022 წლიდან თქვენ გადაუხვევთ, დაარტყამთ, ჩაეხსნებით, ამასობაში პუტინი დაალაგებს უკრაინას, ვიცხოვრებთ ერთად, „ჭირი იქა და ლხინი აქა“. ახლა არის მუქარა, რომ თუ დასავლეთისკენ გადადგამთ ნაბიჯს, ჩვენგან პრობლემები შეგექმნებათ. რუსეთს მადა შეიძლება აქვს, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა, მადას მიჰყვეს“,- აღნიშნავს დოლიძე.

გარდა ამისა, მან ოპოზიციურ სპექტრზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის სახალხო პოლიტიკის მომხრეა, თუმცა ოპოზიცია „ისეთ საკითხებზე საუბრობს, რომელიც ხალხს არ ეხება“.

„მე თავიდანვე სახალხო პოლიტიკის მომხრე ვარ. მათივე მომხრეები არიან უკმაყოფილოები, მე ყოველთვის ამას ვამბობდი, ოპოზიცია გამოდის და ისეთ საკითხებზე საუბრობს, რომელიც ხალხს არ ეხება. [რაც შეეხება „ოპოზიციურ ალიანსს“] „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობასთან შეხება არ მაქვს, სააკაშვილის ერთობაა, რაც უნდა ის გააკეთონ. მე იმ ხალხთან ვმუშაობ, ვინც საკუთარ თავს ხედავს ქართული პოლიტიკის მომავალში...

გაგვიძვირდა ცხოვრება და ოპოზიციური ლიდერი არავინ იყო, ვისაც ხალხი ცნობდა. მიუსაფარი ძაღლების პროტესტი გრძელდება.. ეს არის ძველი პრობლემა. სნობიზმი ქართულ ოპოზიციაში არის ძველი პრობლემა“, - აღნიშნავს ანა დოლიძე.

გარდა ამისა, მან პერსონალურად სალომე ზურაბიშვილიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე არათანმიმდევრული პოლიტიკოსია.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ახალი პარტიები უნდა შეიქმნას. მე არ ვიზიარებ, რომ ახალი პარტიები უნდა შემოვიდნენ. უზენაესი საბჭოს წევრი, რომელიც ქართული რესპუბლიკის დაფუძნებასთან არის კავშირში, ახალი რომ არ არის, უარი უნდა ვთქვა?! ასევე, სალომე ზურაბიშვილი დასაწყისშივე ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა, მან თქვა: „ვინცა პარლამენტში შევა, ის რუსეთში შევა“. მაგრამ, პარალელურად, პროტესტი იმ გზამდე, რაც მოიტანდა შედეგს, ვერ მიიყვანა. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა... ის არ ჩაება სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში, მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობაა, რასაც 2 წელია პროტესტი აკეთებს. თურმე, არ იზიარებს, იძახის რომ არჩევნების, ინსტიტუტების გარდა სხვა გზას არ ვიზიარებო. მაშინ, რას ვაკეთებთ ამდენი ხანი რუსთაველზე?!- აღნიშნავს დოლიძე.

გარდა ამისა, ანა დოლიძე გამოეხმაურა მთავრობის დადგენილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩნდება ფრენისთვის შეზღუდული, ახალი დახურული ზონა „აბასთუმანი-2”.

„რატომ ახლა?! რატომ არა აქამდე. ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია იქ გადასახლდა, შესაბამისად, თუ საუბარი იყო მეცნიერულ შედეგებზე, აბასთუმნის ობსერვატორია იმპერიული დროიდან არსებობს, ეს პრობლემა მანამდეც აღმოჩნდებოდა, ახლა ეს უკავშირდება იმას, რომ ფრენა საქართველოს ცის თავზე არის ზეაქტიური, მთელი დასავლური, თუ აღმოსავლური ავიაკომპანიები დაფრინავენ, მათ შორის, ირანში მიმდინარე ომის გამო საქართველოს გავლით. სავარაუდოდ, ეს გააქტიურება ხელს უშლის ჩვენს ერთპიროვნულ მმართველს. მესმის, ხალხის გაღიზიანება.

სასულთნოების წინააღმდეგ გავილაშქრეთ, არ შეიძლება, ჩვენ ისტორიულად გვაქვს პრობლემა ერთპიროვნული მმართველობის მიმართ. უფრო ძლიერი მმართველები გვყოლია და მათ აუჯანყდნენ ქართველები. ეს არის ჩვენი გენი, ჯიში და ჯილაგი“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში